მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

დაბრუნება პალესტინიდგან

ივნისის 16 შესრულდა სწორედ ერთი თვე ჩემის სამშობლოდგან გამომგზავრების შემდეგ და სწორედ ამ დღეს ვესალმები პალესტინასა, წმ. ქვეყანად წოდებულსა. შუადღის 12 საათზედ ვსხდებით ნავებში, რომლითაც ცეცხლის გემზედ უნდა გადავიდეთ სამის ვერსის მანძილზედ. დიდი ღელვა და ფრთონაა. როდესაც ნაპირზედ მოაყენეს ნავი გადასასვლელად, მე გადავდგი ფეხი ნავში ჩასაჯდომელად; ამ დროს ის ტალღამ უეცრად მოიტაცა ნავი ნაპირიდგან და ერთი ფეხით ზღვაში შევრჩი; გადმოვიქნიე ხელი უკან და იქ მდგომმა კავასმა, ნიკოლოზ შავმთიელმა, რომელიც იერუსალიმიდგან გამოგვაყოლეს, მტაცა მარდად ხელი თითის წვერებზედ და დამიხსნა ზღვის უფსკრულისაგან. დიდი ტირილი შეიქმნა ნავებში მამრთა და მდედრთა ზღვის ფრთონისა გამო. შიშის ზარმა მოიცვა ყოველნი, რადგანაც ტალღები ორის-სამის საჟენის სიმაღლეზედ ისროდნენ ნავებსა. ერთმა მოხუცმა პოლკოვნიკმაც-კი, რომელიც უკანასკნელ რუს-ოსმალთა ბრძოლის დროს ზარბაზნების ქუხილით და კომლით იყო გამოწვრთილ, ზღვაზედ მხილველმა საშინელის ტალღებისამ და შეშინებულმა მორთო ტირილი; სამხედრო კაცი ვამხილე სულ-მოკლეობისათვის და სხვანიც გავამხნევე სარწმუნოებითა და სასოებით ღმრთისა მოწყალებაზედ. მადლობა ღმერთსა, კეთილის მყოფელსა ჩვენსა! ყოველნი მშვიდობით გადავრჩით ამ დიდს განსაცდელსა. მენავენი, ადგილობრივნი არაბნი, დიდად დახელოვნებულნი არიან ნავოსნობაში; ტალღები რომ წამოვიდოდა, დიდის შრომით და გამოცდილებით ააცილებდნენ ხოლმე ნავსა, რომ ნავში არ გადმოსულიყო წყალი. წარსულს წელს სწორედ ამ თვეში, ამ გვარისავე დიდის ღელვის დროს, ამავე ადგილს გადაბრუნებულიყო ერთი ნავი, რომელშიაც ყოფილიყო დედა ორის შვილით; დედა და ვაჟი დაირჩვნენ და პატარა ქალი-კი დაიხსნეს მენავეთა დარჩობისაგან.

17 ივნისს, დილის რვა საათზედ, მოვედით მშვიდობით ქ. ბეირუთსა. იაფფიდგან დაწყებული აქამდე არ დასცხრა ღელვა ზღვისა. ტრიპოლის ქალაქს მოვედით საღამოს რვა საათზედ. დაღამების გამო აქ გაჩერდა ორთქლმავალი, რადგანაც ბარგის მიღება და გარდაცემა არ შეიძლებოდა გათენებამდის.

18 ივნისს, დილის რვა საათზედ, გამოვედით ტრიპოლის ქალაქიდგან. ცეცხლის გემზედ, რომელსაც „როსსია“ ეწოდება, წამოვიდნენ ბეირუთის ქალაქიდამ იქაურ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელნიც მიემგზავრებოდნენ კონსტანტინეპოლს ეგზამენისათვის; ესენი საუბბრობდნენ ოსმალურად, არაბულად, ფრანგულად და ბერძნულად, და, სარწმუნოებისა და ეროვნების განურჩევლად, ერთგვარად ეცვათ და თავზედ ყველას წითელი ფესი ეხურა. სირიის ქალაქ ბეირუთში 1893 წელსა რომის პაპას ლეონ XIII-ს დაუარსებია იეზუიტების ხელმძღვანელობის ქვეშ სკოლა დიდის სახელ წოდებით „კათოლიკეთა უნივერსიტეტი“.

19 ივნისს, საღამოზედ, გემზედ შევასრულეთ მწუხრი და ცისკარი, ერთმა ათონელმა რუსის მონაზონმა მეორე ადგილს წინადვე იწყო ღვთისმსახურების შესრულება, მლოცავნი საწირავს აძლევდნენ, ხოლო როდესაც მღვდელნი შევასრულებდით ღვთის-მსახურებასა, უსასყიდლოდ იყო მოსმენა ლოცვისა, სახარების მცნებისაებრ, უსასყიდლოდ მიგიღებიეს, და უსასყიდლოდ მიჰსცემდით“ (მათ. 10,8).

21 ივნისს, ორშაბათს, დილის შვიდს საათზედ მოვედით ქ. სმირნას. ვილოცეთ აქ წმ. იოანნე ღვთისმეტყველის ეკკლესიაში, რომელშიაც კანკელი ნიგვზის ხისაა. ზედ ხელოვნურად ამოჭრილია ჩუქურთმით წმ. იოანნე ღვთისმეტყველისა, მთავარ მოწამე გიორგისა და წმ. ნიკოლოზ მღვდელმთავრის საკვირველთმოქმედის ღვაწლნი და სრული ცხოვრება. ამ ეკკლესიაში უჩვენებენ ბერძნულს სახარებას, ვითომც მოც. იოანნე მახარებელის მიერ საკუთარის ხელით დაწერილს; მაგრამ ამ ერთს წიგნშია მოთავსებული სხვა სამი სახარებაც, არცა ტყავზედ არს დაწერილი, არამედ გასანთლულ ქაღალდზედ, შიგ არიან დახატულნი ოთხნი მახარებელნი ფერადის საღებავით; სხვა რაიმე შესანიშნავი არა მოიპოვება რა მასში; უჩვენებენ ამ სახარებას იმისათვის, რომ ისარგებლონ შემოსავლით მნახველთაგან; ცხადია, რომ ეს სახარება მოციქულთ დროებისა არ არის.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>