მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

თუში მონაზონი ათონზედ

ქალაქ სმირნიდგან გამოვედით 22-ს ივნისს, საღამოს 7 საათზედა, და სტამბოლს მოვედით 24 ივნისს, დილის ოთხს საათზედა. აქ დავდექით 26 ივნისს შაბათს ოთხს საათამდე. სტამბოლში გამოვლაზედ აღარ შევსულვარ არც ერთს რუსის მონასტრის მეტოქიაში. მეტოქიები აქვს კონსტანტინეპოლში სამ ათონის რუსთა მონასტერსა და ეს მეტოქიები წარმოადგენენ ოთხ, ხუთსართულიანს სახლებსა შინაგან მოწყობილის ეკკლესიებითა. ამ მეტოქიებში წესად აქვთ მიღებული ყოველ დილით ქალაქის გლახაკთა თეთრს პურს დაურიგებენ ხოლმე თითო გირვანქობითა, ეროვნებისა და სარწმუნოების განურჩეველად, ხოლო შაბათობით ზოგს მათგანს წვრილს ფულსაც აძლევენ მოწყალების სახით. ამ ქრისტეანულ სასიქადულო სათნოებასთან ვერ შემითანხმებია ერთი შემთხვევა, რომელიც ათონის ქართველთა სავანეში მიამბეს წარსულის წლის ენკენისთვეში. სტამბოლში მისულიყო საქართველოდგან ერთი ჩვენის ეროვნების ახალგაზდა თუშთაგანი. გემზედ ფული თურმე მოჰპარეს, დარჩა ცარიელი უცხო ქვეყანაში, უმეცარი ადგილობრივთა ენათა. ამ გაჭირვებაში მიჰმართავს თურმე რუსის მონასტრის მეტოქიას, რომელსაც ხუთ-სართულიანი სახლი აქვს სტამბოლში, სთხოვს შეწყნარებას და ღამის გატარებას მათს საფარველს ქვეშე; არ მიიღეს თურმე იგი უცხო და დაივიწყეს სახარების მცნება: „უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე“ (მათ. 25,35). არ მიიღეს იგი, ცხადია, იმისათვის, რომ არ იცოდა რუსული ენა, არ ეცვა სერთუკი ანუ კაბა მორჩილისა; არამედ ემოსა ქართული ჩოხა და ეხურა თავს თუშური ქუდი, თუმცა ის თავის მართლ-მადიდებლობას პირჯვარის გამოსახვით არწმუნებდა. როდესაც მიდიოდა იგი ქალაქ გარედ მინდვრად და აპირებდა იქ ღამის გათენებას, მაშინ ღმერთმან მოუვლინა, ვითარცა მფარველი ანგელოზი, დროებით სტამბოლში მყოფი ქართველი სილოვან ანტონის ძე, რომელმაც ძმობრივის სიყვარულით შეიწყნარა იგი, და წაიყვანა თავის სადგომში და სიამოვნებით გაატარებინა ღამე; მეორე დღეს სამგზავრო ფულიც მისცა, გემზედ აიყვანა და გაამგზავრა ათონის მთისაკენ. მე ვგონებ მისი არ შეწყნარება რუსის სავანეში მოჰხდებოდა უცნობელად უფროსთა ძმათა, მდაბალ, განუვითარებელ მორჩილთა უმეცრებითა, რომელნიც მეკარედ სდგანან.

ეს ჩვენი სამშობლოს შვილი აწ ღირსეულად ჰმოღვაწეობს ათონის ქართველთა სავანეში.

დრონი იცვალნენ! სახელოვანი ტომი ქართველთა ერისა - თუშნი, ქებულნი თვისის რაინდობითა და მამაცობით რამდენსამე საუკუნის განმავლობაში, დასახლებულნი ქართველთა მეფეთაგან კავკასიის მთის მწვერვალზედ, დაღისტნის საზღვარზედ, შიშის ზარს სცემდნენ ლეკთა, ჩაჩანთა და დიდოთა თავისის ვაჟკაცობითა და მედგარის მამაცობითა და ლომებრ ბრძოლითა შამილის დამორჩილებამდე. ერთი მათ შვილთაგანი დღეს იხსნის ლესულსა ხმალსა, თავისს ერთგულს მეგობარსა ყოველსა გაჭირვებაში მტრებთან საბრძოლველად, და ჯანითა და ღონით სავსე ახალგაზრდა, ოცის წლის ჭაბუკი, იღებს სულიერს ხრმალსა, ესე იგი, სიტყვასა ღვთისასა; დასდებს ფარსა, მტერთა მოსაგერებელსა, და იპყრობს ფარსა სარწმუნოებისასა; იხდის თავიდან რკინის ჩაფხუტსა და დაიდგამს ცხოვნებისას; განიძარცვავს წვრილ თვალთა ჯაჭვსა რკინისასა და შეიმოსს სიმართლესა; მოიხსნის ვერცხლის სარტყელსა და შემოირტყამს ჭეშმარიტებასა, ჩამოიხსნის თავის ერთგულსა თოფსა, მეხებრ მგრგვინავსა დღესა ბრძოლისასა, დასაშრეტელად განხურვებულთა ისართა ბოროტისათა (ეფესელთ. 6,13-17). ერთის სიტყვით, ქვეყნიერი უშიშარი მხედარი ხელმწიფისა შეიქმნება ზეციერის მეუფის კეთილ-მორწმუნე მხედრად! თუში მონაზონი, ისიც 19 საუკუნის დასასრულს, ეუცხოვება ყურს. აქ არის განსაკუთრებული მოწოდება ზენაით. ეს ჩვენის საყვარელის სამშობლოს შვილი საზღვარ გარედ მიისწრაფის, რათამცა დაფარულ ჰყოს თვისთაგან მიაღვაწეობა თვისი სულიერი და დაუბრკოლებელად ჰმსახუროს უფალსა იესო ქრისტესა, სიტყვისაებრ სახარებისა: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, მამა ანუ დედა თვისი, ცოლი ანუ შვილნი, ძმანი ანუ დანი, ანუ აგარაკნი, სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“ (მათ. 19,29.) ეს ჩვენი ძმა დღეს აღასრულებს ამ მცნებასა უფლისა მაცხოვრისასა. ვისურვებთ, რათა ღმერთმან მიანიჭოს მას ძალი და მადლი კეთილად მოღვაწეობისათვის ამ ახალს სასულიერო სარბიელზედ; სარწმუნოება მტკიცედ დაიცვას და დასასრულ მიიღოს აღთქმული ჭეშმარიტთა მოღვაწეთათვის დაუჭკნობელი გვირგვინი სასუფეველსა ცათასა. ამ გვარნი უმრწემესნი ძმანი უნდა შევიწყნაროთ ქრისტეს სახელით, თორემ ჯვრებითა და ორდენებით შემკობილთა ყოველგან ჯეროვანს პატივსა სცემენ.

ერთი ამ გვარი ამბავი მე შემემთხვა 1885 წელსა 13 აგვისტოს კიევის ლავრის საკრებულო ტაძარში. მივედი ცისკარზედ ღამის ორს საათზედ. მლოცავნი მრავალნი იყვნენ. შესვლა ტაძარში გამიძნელდა. ბოლოს ვნახე ერთი მორჩილი, ეკკლესიად შემავალი. ვთხოვე, როგორმე შემიყვანე-მეთქი ეკკლესიაში; მან მითხრა: „მომკიდე მაგრად ხელი ქამარში. და მომყევიო“. როგორც იყო, მიმიყვანა დიდის შრომით სამკითხველო ადგილამდის (კლიროსამდის); სიცხისაგან გული შემიწუხდა; როდესაც ავდგი ფეხი კიბეზედ კლიროსზედ ასასვლელად, მაშინ შემომხედა მკაცრად ოქროს ჯვარით მოსილმა მონაზონმა, რომელიც ჰლოტბარობდა ხოროზედ და მითხრა უპატივცემულოდ: აქ ყველასათვის ადგილი არ მოიპოვებაო; ამ დროს გადავიწიე გარე ანაფორა, რომლის ქვეშაც ვატარებ ოქროს ჯვარსა და ორდენს; ამისი მხილველი მამა იღუმენი შეკრთა, დიდის ბოდიშით მომატანა ხელი, მაშინვე ამიყვანა კლიროსზედ და დამითმო სელი შესასვენებლად.

26 ივნისს, შაბათს, ნაშუადღევის ოთხს საათზედ ცეცხლის გემით „აზოვი“-თ გავემგზავრენით წმ. ათონის მთაზედ. ამავე გემმა პირველად მიგვიყვანა ქ. ოდესსიდამ იაფფამდის და ეხლაც ამასვე შეჰხვდა, თვე-ნახევრის შემდეგ, ჩვენი წაყვანა ათონის მთამდე. გემი ძველი მოწყობილობისაა, ზღვაში მცირე ღელვის დროსაც ირყევა, მაგრამ ამ გარეგანს ნაკლულევანებას ავსებს მისი უფროსი (კაპიტანი) ბ-ნი პავლე ვიქტორის ძე ნაგორსკი, კაცი დიდათ კეთილშობილი და კეთილ-მსახური; იგი მზა იყო ყოველთვის შეესრულებინა ჩვენი თხოვნა ღვთის მსახურების შესახებ, თავისუფლად გვაძლევდა ნებას ბაქანზედ ლოცვის შესრულებისას, რომელშიაც მონაწილეობას იღებდა თვითონაც და ხელქვევითნიცა მისნი. აგრეთვე ყურადღებას აქცევდა მოგზაურთ მაშინ, როდესაც ვინმე ჩვენთაგანი გავიდოდით სტამბოლში, ანუ სხვა ზღვის პირას მდებარე ქალაქს სასეირნოდ და, უკეთუ დანიშნულს საათზედ ვერ მოუსწრობდით საუზმესა და სადილზედა, გემის უფროსი ნაგორსკი ვალდებულად ჰყოფდა მზარეულთ უხუცესსა, ჩვენთვის საუზმე ანუ სადილი შეენახა და ამისათვის განსაკუთრებული სასყიდელი არ გამოერთმევინა. სხვა გემის უფროსები კი ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. თუ ვერ მივუსწრებდით სადილს, ჩვენის ფულით უნდა გვესადილნა. ანუ კიდევ დიდის ღელვის დროს, როდესაც გემი აკვანივით ქანაობს და ამისათვის ჭამა და სმა შეუძლებელია მათთვის, ვისაც გულის ზიდება მოსდის ამ დროს, ღელვის დამშვიდების შემდეგ, თუ მოვითხოვდით სადილს, ანუ საუზმეს, ან ყავას და ჩაის, ამისათვის საკუთარი ფასი უნდა გარდამეხანდა, თუმცა მრთელის მგზავრობის დროს საზრდოს საფასე წინადვე ჰქონდათ აღებული პასსაჟირებისაგან. ოდესსიდგან სტამბოლამდის „აზოვის“ გემზედ ღვინოც გვეძლეოდა საუზმისა და სადილის დროს, ხოლო სტამბოლიდგან ოდესსამდის აღარ მოიტანეს ღვინო სხვა გემზედ.

 

წმ. ათონის მთა

შემდეგ წმ. ქალაქ იერუსალიმისა, რომელშიაც სისხლის ვნებათა მიერ და ჯვარცმითის სიკვდილით განხორციელებულმა ძემან ღვთისამან შეასრულა საიდუმლო ჩვენის ცხოვნებისა, და შემდეგ სხვათა ადგილთა პალესტინისათა, განწმედილთა ცხოვრებითა და ღვაწლითა გამოუთქმელის სიყვარულისა და მოწყალებისა უფლისა მაცხოვრისა, არის უპირველეს წმ. ადგილთა შორის ათონის მთა; აქ, ამ მთაზედ მშვიდობით მოღვაწეობენ თვისთა სენაკთა შინა კაცნი, რომელთაც უარ უყვიათ პატივი, დიდება, სიმდიდრე, საერო ცხოვრება და შეუწირავთ თავნი თვისნი განსაკუთრებით სამსახურებლად ერთისა ჭეშმარიტისა ღმრთისა მიმართ და ღვთის სათნო საქმეთათვის.

წმ. ათონის მთა ქრისტეს შობამდისაც იყო ეგრეთვე შესანიშნავი; აქ, ვითარცა ეხლა, მოვიდოდენ მრავალნი მლოცავნი, მხოლოდ იმ განსხვავებითა, რომ აქ მაშინ შეასრულებდენ წარმართობის დღესასწაულთა და შესწირვიდენ მსხვერპლთა კერპს აპოლლონსა, რომლისაც უმთავრესი სამლოცველო იყო ათონის მწვერვალზედა. გარნა განვლეს წარმართთა სიძველის საუკუნეთა და წმ. ათონის მთაზედაც, ჩქარა შემდეგ უფლის ამაღლებისა, მოეფინა წმ. სახარების ნათელი. ათონის მთა შეადგენს ნახევარ-კუნძულსა, სამის მხრით ეგეის ზღვით გარე მოცულსა; სივრცით არის ასს ვერსამდის; დასავლეთის მხრით უერთდება მაკედონიის ქალაქს სალონიკესა ვიწრო ყელითა. ისტორია გვაძლევს ცნობებს მასზედ, თუ როდის დაიწყო მონაზონობა ათონზედა. მიღებულია დასაწყისად მონაზონობისა ათონზედ მეცხრე საუკუნე. ე.ი. ის დრო, როდესაც დაბინავდა აქ ღირსი მამა პეტრე ათონელი; მაგრამ არიან ნაწყვეტნი ჩვენებანიც, რომ წმ. მთაზედ განდეგილთა სავანენი არსებობდა მეხუთე საუკუნის დასაწყისშიაც.

ათონის მთა და საქართველო ითვლებიან ღვთისმშობლის ნაწილად. ეკკლესიური გარდამოცემა მოგვითხრობს ამაზედ შემდგომსა: როდესაც წმ. მოციქულთა იერუსალიმში, შემდეგ უფლის ამაღლებისა, ღვთისმშობლის თანადასწრებითა, განიგდეს წილი მასზედ, თუ ვის რომელი მხარე ერგებოდა სახარების საქადაგებლად, მაშინ დედა ღვთისას შეხვდა საქართველო, მაგრამ ანგელოზმა უფლისამ აუწყა, რომ მის მზრუნველობას მიენდობა სხვა მხარე, ხოლო საქართველო განათლდება სახარების სწავლითა შემდგომ. ამ დროს, წმ. ლაზარეს, მეოთხე დღეს მკვდრეთით აღდგენილსა, რომელიც იმყოფებოდა ეპისკოპოსად კვიპროსის კუნძულზედა, გულით ჰსურდა ხილვა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა, მაგრამ დევნულებისა გამო ქრისტიანეთა ურიათაგან, ეშინოდა მოსულიყო იერუსალიმში. ღვთისმშობლის თანხმობისაებრ წარმოგზავნა მისთვის გემი, რომელზედაც გაემგზავრა იგი კვიპროსს მოციქულით იოანნე ღვთისმეტყველითურთ და სხვათა მოციქულთა მოწაფეებითურთ; მგზავრობის დროს დაუბერა ძლიერმა პირქარმა და გაიტაცა გემი ათონის მთისაკენ, რომელიც სავსე იყო მაშინ კერპებითა და მათ შორის იყო შესანიშნავი კერპი აპოლლონისა, რომელიც აძლევდა პასუხსა ყოველს კითხვებზედ ყოველთა მისრულთა მისდამი. მიეახლა თუ არა ყოვლად წმიდა ქალწული ზღვის ნაპირსა, კერპთა დაიწყეს ხმა მაღლა ძახილი: „ერნო შემცდარნო აპოლლონისა მიერ! წარვედით კლიმენტის სადგურზედ (სადაც ეხლა იმყოფება ივერიის საქართველოს კარისა ღვთისმშობლის მონასტერი) და თაყვანიეცით დედასა დიდისა ღმრთისა იესოსსა“. ესრეთ წინააღმდეგ თავის ნებისა, ეშმაკნი, რომელნიც იმყოფებოდნენ კერპებში, იძულებულ იყვნენ უწყებად ჭეშმარიტებისა, ძალდატანებულნი ძალითა ღვთისათა. ესმათ რა სიტყვები კერპებისა, ერი განცვიფრდა და ყოველნი გაეჩქარნენ ზღვის ნაპირად დასახელებულ ნავთ სადგურისაკენ. იხილეს რა გემი და დედა ღვთისა, მათ მიიღეს კეთილ მოწიწებით და ჰკითხავდენ, ვითარ შვა მან ღმერთი და რა არს სახელი მისი? ყოვლად წმიდა ქალწულმა აუწყა ერსა იესო ქრისტეზედ და ყოველნი დავარდენ და თაყვანი-სცეს მისგან შობილსა ღმერთსა, და უჩვენეს მას ყოველნი პატივისცემანი და შემდეგ ირწმუნეს და ნათელ იღეს. მრავალნი სასწაულნი ჰქმნა იქ ღვთისმშობელმა და დაუდგინა მოძღვრად ახალ ქრისტიანეთა ერთი მოციქულთა მოწაფეთაგანი, ხოლო შემდეგ განიხარა სულითა და სთქვა: „ადგილი ესე იყავნ ჩემდა წილად მოცემულად ჩემდა ძისა და ღმრთისა ჩემისაგან; მადლი ღვთისა იმყოფებოდეს ადგილსა ამას ზედა და აქა მცხოვრებთა ზედა, რომელნი დაიმარხვენ მცნებათა ძისა და ღმრთისა ჩემისათა სარწმუნოებითა და კეთილმოწიწებითა. ხოლო სახმარნი ცხოვრებისათვის ქვეყანაზედა კეთილნი იქმნებიან მათდა მცირედის შრომით ნაყოფიერნი და არა მოაკლდის წყალობა ძისა ჩემისა ამ ადგილსა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ხოლო მე ვიქმნები მფარველი ამ ადგილისა და წინაშე ღმრთისა მხურვალე შუამდგომელი“. სთქვა რა ესე, დედა ღვთისამ აკურთხა ერი და წარვიდა კვიპროსის კუნძულზედა ლაზარეს სანახავად.

და აღთქმათა თვისთა შესახებ ათონის მთისა ღვთის მშობელი იცავს ცხადათ ყოველთათვის. ვითარნი ქარტეხილნი არ გამოსცადა ათონმა, ვითარნი დევნულებანი არ მოითმინა? გარნა აქამომდის სდგას იგი შეურყეველად, განშვენებული თვისის სავანეებითურთ. იგი შეადგენს აღმოსავლეთში მართლმადიდებლობის გოდოლ-ბურჯსა. დაცემათა და შევიწროებათა ლათინთაგან ჯვაროსანთა ომების დროსა და ოთხის საუკუნის განმავლობაში თურქთა მფლობელობის დროს ვერ შემუსრეს ეს გოდოლი, - ეს კიდობანი სიწმიდისა, რითაც მტკიცდება, რაოდენისამე სახით, გარდამოცემა, რომ ათონი დაშთება სამკვიდრებელად მონაზონთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>