მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ისევ სტამბოლში

მაისის 24-სა მოვილოცე ბერძენთა ეკკლესიები: საპატრიარქო, ვლაქერნისა, წყარო ყოვლად წმიდისა ღვთის მშობლისა, და რამდენიმე სხვა.

ამ დღესვე შევედი რუსთა ათონის პანტელეიმონის მონასტრის მეტოქში (სადგურში), სადაც ვისადილე; აქედგან აცილებდნენ იერუსალიმით მობრუნებულთა მლოცავთა რუსთა ორასამდე კაცსა, და ახლად მიიღებდნენ ამავე მეტოქში და ორს სხვა რუსთა მონასტრების სადგურშიაც ოდესიდამ მოსულთა „აზოვ“ ის გემით სამასამდე სულს, რომელთა შორის ერთი ქართველი მე ვიყავ. საქებელია რუსთა დაბალის ხალხის ასეთი სარწმუნოებრივი მისწრაფება წმ. ადგილების მოსალოცავად. ერი, ბერი, მღვდელი, ქალი და კაცი, მოხუცი და ჭაბუკი ერთნაირად მიისწრაფებიან სალოცავად იერუსალიმს, და იერუსალიმიდგან მობრუნების შემდეგ მამაკაცნი მიდიან წმ. ათონის მონასტრებში მოსალოცავად, ხოლო დედანი ბრუნდებიან სამშობლოში. ქართველს ერს, მე-4-ე საუკუნიდგან დაწყებული ვიდრე 16-17 საუკუნემდე, ჰქონია ამ გვარი მსვლელობა იერუსალიმს იქაურ წმ. ადგილთა მოსალოცავად. მეცნიერი ისტორიკოსი 18 საუკუნისა ბატონიშვილი ვახუშტი მოგვითხრობს შემდეგსა: სულთან სულეიმანმა წარმოუგზავნა ელჩი სამთა მეფეთა: გიორგი IX-ს ქართლის მეფესა, ბაგრატს იმერეთისას და ლევანს კახეთისას, და შემოუთვალა: „იერუსალიმი, აკვანი თქვენის სარწმუნოებისა, დაპყრობილია ურწმუნოთაგან, გარნა მე მომიცია იგი თქვენდა, წარვედით, განდევნეთ იგინი და უფლებდეთ თქვენ“. ამ გვარის წინადადების შემდეგ, ეს მეფენი, რადგანაც სცხოვრობდნენ კეთილის ურთიერთობით, დაუყოვნებლივ შეიკრიბნენ, შეჰკრიბეს ლაშქარნიცა და ზოგად წარემართნენ საბრძოლველად. მათ შეუერთდა ეგრეთგე ყვარყვარე ათაბეგიცა. როდესაც იგინი მიუახლოვდნენ იერუსალიმსა, მცხოვრებნი ამ ქალაქისა ჰკითხვიდნენ: „გამოგვიცხადეთ - უკეთუ თქვენ მტერნი ჩვენნი ხართ, მცირედნი ხართ თქვენ, ხოლო უკეთუ სტუმარნი, მაშინ ძალიან ბევრნი ხართ?“ მეფეთა რაინდულად მიუგეს, რომ იგინი საკმაო ძალით მოსულან საბრძოლველად. მაშინ დაიწყო სისხლ-მფრქვევი ომი, ქართველთ შემუსრეს იგინი, უკან აბრუნეს, შევიდნენ ქალაქში, გაცარცვეს იგი, აიღეს მრავალი დავლა-ალაფი და ტყვენი. სულთანმა ამისათვის მისცა მათ წმიდანი ადგილნი, საფლავი უფლისა, გოლგოთა, ბეთლემი და ჯვარის მონასტერი. შემდეგ ამისა სამნივე მეფენი და ყვარვარე მობრუნდნენ გამარჯვებით თითოეული თავის სამეფოში. ეს მოხდა ვახუშტისაებრ 1525 წელსა. ამ დროს ლევანს კახეთის მეფეს მოუსვენებია იერუსალიმიდან ნაწილი ცხოველ-მყოფელის ჯვარისა, რომელიც აწცა დაცულია კახეთის ალავერდის სამიტროპოლიტო ტაძარში და ჯვარი იგი შეუმკია მასვე მეფესა ფას-დაუდებლის უძვირფასესის თვლებითა.

მეჩვიდმეტე საუკუნეშიაც ასეთის ღირსებითა და პატივის ცემით მიიღებდნენ ქართველთა მლოცავთა, იერუსალიმს მიმავალთა, შეიწყნარებდნენ მათ არა ქედმოდრეკილად მაჰმადიაწთა წინაშე, არამედ პატივისცემით, ვითარცა ძლევა-მოსილსა ერსა; დროშა-ბაირაღ გაშლილნი, სრულიად შეჭურვილნი, საომარის იარაღით მოსილნი თავიდგან ფეხამდის, ხარკ-გარდაუხდელად შევიდოდნენ ქართველნი იერუსალიმს, და ესრედ დიადი იყო სახელი ქართველთა ერისა! ამავე დროს სხვათა ეროვნებათა ქრისტეანობის სარწმუნოების აღმსარებელნი ევროპიელნი, ანუ აზიელნი, საომარს იარაღს აიყრიდნენ, დაწესებულს ხარკს გარდაიხდიდნგნ ფულითა, და შემდეგ ეღირსებოდნენ იერუსალიმში შესვლას და ლოცვასა. ქართველს ერს პალესტინაში ჰქონია ოდესმე 19 მონასტერი და აწ არცა ერთისა მქონებელია.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>