მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ქართველთა მონასტერნი საქართველოს გარეთ

პალესტინაში:

  1. მონასტერი წმ. ჯვარისა.
  2. წმ. მოციქულთა, აღშენებული საქართველოს მეფის გიორგი I მიერ.
  3. მართალის მამამთავრის აბრაამისა, განახლებული თავად გიორგი აბაშიძის მიერ 17 საუკუნეში.
  4. წმ. ნიკოლოოზისა, აღშენებული საქართველოს დედოფლის ელენას მიერ.
  5. წმ. მოციქულისა და მახარებელისა იოანნესი, აღშენებული სამცხეს ათაბეგებისა მიერ.
  6. წმ. ვასილისა, აღშენებული თავად ამირინდო ამილახვარისა და თაქოს მიერ.
  7. მეორე სავანე წმ. ნიკოლოოზისა, აღშენებული პაატა და ქაიხოსრო წულუკიძეთა მიერ.
  8. წმ. თეოდორესი, აღშენებული მზრუნველობითა ბეჟან და ბაადურ თავად ჩოლოყაშვილთასა.
  9. წმ. პირველ-მოწამისა თეკლასი, აღშენებული ქრისტეფორე ზედგინიძისა მიერ.
  10. წმ. მთავარ-მოწამისა გიორგისა, აღშენებული თავად დადიანის მიერ.
  11. დედათა მონასტერი პატივად მირქმისა უფლისა, აღშენებული რაჭის ერისთავისა მიერ.
  12. წმ. მთავარმოწამისა დიმიტრისა, აღშენებული ქსნის ერისთავის შალვას მიერ.
  13. ქართველთა დედათა მონასტერი წმ. ქალწულ-მოწამისა ეკატერინას სახელზედა, აღშენებული თავად ამილბარ ციციშვილის და თავად მაჩაბლისა მიერ 17 საუკუნეში.
  14. ტაძარი ქრისტეს აღდგომისა გოლგოთაზედა.
  15. მონასტერი წმ. წინასწარმეტყველისა სამოელისა.
  16. წმ. მოციქულისა იაკობ ხებედესი, სადაც ეხლა სცხოვრობს სომეხთა პატრიარქი.
  17. ღირსისა მამისა საბა განწმედილისა.
  18. წმ. და მართლისა სვიმეონ ღმრთის მიმრქმელისა, იერუსალიმიდან 4 ვერსზედ დაშორებული, სადაც ზაფხულობით სცხოვრობს სააგარაკოდ ბერძენთა პატრიარქი იერუსალიმისა.
  19. წმ. იოანნე ნათლის მცემლისა იორდანის პირზედ.

მონასტერნი სირიაში და სხვაგან:

  1. ღირსისა მამისა სვიმვონ მესვეტისა.
  2. ყ~დ წმ. ღვთის მშობელისა - კალიპოს, მახლობლად ალეპპო ქალაქისა.
  3. მონასტერი კვიპროსის კუნძულზედ.
  4. სინას მთაზედ.
  5. ქ. ტრაპეზონში.
  6. შავმთაზედ სირიაში.
  7. ივერიის კარისა ღვთის-მშობლისა ათონის მთაზედ.
  8. წმ. ფილოთეოზისა ათონზედვე.
  9. ეკკლესია ყ~დ წმ. ღვთის მშობელისა მთასა წმიდასა ოლიმპოს საბერძნეთისასა, ქვაბსა საყოფელთა ქართველთასა.
  10. ბოლგარიაში მონასტერი წმ. მოციქულთა სწორის ნინოს სახელზედ, მთაში, ოცის ვერსას დაშორებით ქ. ფილიპოპოლიდგან, რომელსაც აქამდის უწოდებენ ქართველთა სავანედ.
  11. 1870 წელს დაფუძნებული სავანე ქართველთა ძმათაგან წმიდისა იოანნე ღვთისმეტყველისა ათონის მთაზედ, სადაც მოღვაწეობენ აწ 35 ძმანი ქართველნი.
  12. მთავარ ეპისკოპოზი ტიმოთე, რომელსაც მოუხილავს პალესტინა 1752 წელსა, ამბობს თვისს მოგზაურობაში, რომ ქართველებს ნაზარეთში ჰქონიათ ოთხი მონასტერი.
  13. მონასტერი იერისო სალთნიკის მახლობლად, სადაც ამ ოცის წლის წინად ქართული წარწერა ყოფილა ეკკლესიის კარების თავზედ, რომელიც ბერძნებს მოუსპიათ.
  14. მონასტერი კონსტანტინეპოლში, რომლის ეკკლესიაში არიან დაკრძალულ წმ. ნაწილნი ღირსისა მამისა ჩვენისა ილარიონ ქართველისა, საკვირველმოქმედისა.

განსაცვიფრებელია და საკვირველი ასრეთი სიმრავლე სავანეთა და ეკკლესიათა, ქართველის ერისაგან შენებულთა საქართველოს გარეთ. იგინი აქამომდის წარმოადგენენ დაუვიწყართა ძეგლთა ქართველის ერის ღრმა სარწმუნოებისას, კეთილმსახურებისას და ეროვნულის ძლიერებისას. ჭეშმარიტად, ამ ღმრთისა მიერ კურთხეულს ერს შეიძლება მიეწეროს წმ. მოციქულის სიტყვანი: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. რამდენი მოიპოვებიან დანგრეული სავანენი და ეკკლესიანი საქართველოს გარეთ, რომელთა სახელები არ შეგვინახა ისტორიამ. ჩემის აზრით, საეკკლესიო და სამოქალაქო ისტორია ვერ წარმოადგენს ამის მსგავსს მაგალითსა, რომ რომელსამე ერსა ჰქონდეს ეგოდენი სავანენი და ეკკლესიანი გარეშე თვისის სამშობლოისა.

„და იყვნენ უკანასკნელნი პირველ, ხოლო პირველნი იყვნენ უკანასკნელ“ (ლუკ. 13, 30). ესრედ დამართვია ჩვენს ერსა, სარწმუნოებისათვის მრავალ-წამებულსა.

25 მაისს კვლავ დავათვალიერე სტამბოლის შესანიშნავი ადგილები. ამავე დღეს წავედით რკინის გზით ქ. სან-სტეფანოს, სადაცა დაიწერა პირველი პირობა რუსთა და ოსმალთა შორის შერიგებისა 1878 წელსა. აქ ვნახე ახალი ეკკლესია, აღშენებული რუსეთის მთავრობისაგან იმ ადგილზედ, სადაც არიან დაკრძალულ ძვალნი რუსეთის ძლევა-მოსილ მხედართა, სარწმუნოებისა, მეფისა და სამშობლოსათვის მოწყვეტილთა 1877-1878 წელს. ეკკლესია სიმაგრის მსგავსად არს აღშენებული, გარს ქვითკირის გალავანი აქვს შემორტყმული, რომელშიაც დატანებულია სათოფეები მტერთა მოსაგერებლად.

ეს ეკკლესია აკურთხეს 6 დეკემბერსა 1898 წელსა, მაგრამ საკუთარი სამღვდელო დასი არა ჰყავს დანიშნულ და ირიცხება სამხედრო უწყებაში. მცველად ამ ეკკლესიისა იყო ერთი შავმთიელი ვაჟკაცი, ქართველი კი მე იქ არავინ შემხვედრია, თუმცა მითხრეს, რომ ვითომ ამ ეკკლესიის უფროსი მცველი ქართველიაო. ეკკლესია იგი შიგნით დახატულია, მხოლოდ არა ფერადის საღებავითა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>