მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ქ. იერუსალიმი და მისნი სიწმინდენი

გარდმოცემისაებრ ყოველთა აღმოსავლეთის ერთა, ქ. იერუსალიმი აღაშენა დიდმა მღვდელ-მთავარმა ღმრთისა მაღლისამ და მეფემ სალიმისა მელქისედეკმა. წოდება „სალიმი“ , განმარტებისაებრ წმ. პავლე მოციქულისა, ნიშნავს მშვიდობას. ამავე გარდმოცემისაებრ, მელქისედეკმა გადმოასვენა იერუსალიმში გვამი პირველ-მამისა ჩვენისა ადამისი, რომელიცა იყო დაცულ ნოეს მიერ კიდობანში წარღვნის დროს და დაფლა იგი გოლგოთაზედ. შემდეგ, დაეფუძნება-რა შემდგომს მუხლზედ შექმნათა წიგნისა: და ცხონდა სემ (იცოცხლა) ხუთას წელ და შვნა ძენი და ასულნი (შექმ. ია, ია), გარდამოცემა ამტკიცებს, რომ სემ, ძე ნოესი, ცხოვრებდა კვალადცა აბრაამის დროსაც და რომ ეს სემ იგივე მელქისედეკია, ვინაიდგან სიტყვა მელქისედეკ აღნიშნავს „მეუფესა სიმართლისა“ (ებრ. 7, 2) და ესე არს იგი სახელწოდება, რომელც შესძინა თავსა თვისსა სემმა თვისის მართალის ცხოვრებითა. ხოლო რომელ დროიდან იწყო წმ. ქალაქის წოდება იერუსალიმად, არა არს უწყებულ. საღმრთო წერილში სახელი იერუსალიმ პირველად მოიხსენება ისუ ნავეს წიგნში (10,23): „და გამოიყვანეს მისდა ხუთნი მეფენი ქვაბით და მეფე იერუსალიმისა“ ... იებუსელნი, შთამომავალნი ქანაანისანი, ძისა ქამისნი, ფლობდენ სალიმით ძველის დროიდან ისრაიტელთა მოსვლამდის ქანაანის ქვეყანაში; მქთ აღაშენეს ციხე სიონის მთაზედ. შემდეგ დავითის გამეფებისა მან გამოდევნა იებუსელნი იერუსალიმით 1050 წელსა ქრისტეს შობის უწინარეს. მან თვისი სამეფო ტახტი გარდმოიტანა აქ და უწოდა ამ ქალაქს „დავითის ქალაქი“.


იერუსალიმი

რავდენი საიდუმლო, საკვირველ-დიდებული შეერთებულია სახელწოდებაში იერუსალიმ! მელქისედეკ, მეუფე სიმართლისა, და ძველი აღთქმის მღვდელ-მთავარი, პირველ-მომასწავებელი ქრისტე მაცხოვრისა, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა დავითისა, „შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა ზედა მელქისედეკისსა“ (ფსალმუნი 109, 4), აშენებს „ქალაქსა მშვიდობისასა“ და დაჰფლავს მას შინა გოლგოთაზედა დაცემულს ადამსა. ახალის აღთქმის საუკუნო მღვდელ-მთავარი - ძე ღუთისა ამ ქალაქსა მშვიდობისას გოლგოთაზედვე თვისის ნებსითის სიკვდილით შეარიგებს შემოქმედთან დაცემულს ქმნილებას ღვთისას და მესამე დღეს აღღგომითა თვისითა მშვიდობას სოფელსა მოანიჭებს! იერუსალიმ, ქალაქო წმიდაო! განგსწავლა (დაგსაჯა) შენ უფალმან საქმეთა შინა ხელთა შენთასა, და კვალად შეიწყალნეს შვილნი მართალთანი. წარმართნი შენდამი შორით მოვიდენ და, ძღუენთა მტვირთველნი, თაყვანის-ცემდენ შენ შორის უფალსა ღმერთსა (ტობ. 13,11). ეს წინასწარმეტყველება იერუსალიმზედ აღსრულდა და სრულდება დღეინდელადმდე. გარნა წარსულითა და აწმყოთი არ განისაზღვრება მნიშვნელობა იერუსალიმისა. არს ყოველგან გავრცელებული აზრი, რომელ მეორე მოსვლა უფლისა - განსჯად ცხოველთა და მკვდართა იქმნება აქვე, სადაც მან სათნო იჩინა მიღება ჯვარცმითის სიკვდილისა ჩვენისა ცხოვნებისათვის. ეს აზრი დაფუძნებულია იოველ წინასწარმეტყველის სიტყვებზედ, რომელიც უფლის პირით ამბობს: „აღდგედ და აღვიდოდედ ყოველნი ნათესავნი ღელედ მიმართ იოსაფატისსა, რამეთუ მუნ დავსჯდე განსჯად ყოველთა ნათესავთა გარემოთა“ (იოვ. 3,12).

იერუსალიმის პატრიარქი დამიანე

რომაელთა მფლობელობის დროს, იმპერატორ ადრიანმა (136 წელსა), რათამცა ამოეფხვრა ურიათა ხსოვნიდან ძველი იერუსალიმი, შეუცვალა ეს სახელი, და უწოდა წმიდა ქალაქსა „ელია-კაპიტოლია“, საკუთარის თვისის გვაროვნობითის სახელწოდებისაებრ და აღშენებულსა იერუსალიმში ტაძარსა ზებეს კაპიტოლიისაებრ. სამასის წლის განმავლობაში, ვიდრემდის იერუსალიმი წარმართთა მფლობელობაში იმყოფებოდა, აქაურნი ეპისკოპოსნი იწოდებოდენ ელიის ეპისკოპოსებად; მხოლოდ კონსტანტინე დიდმა დაუბრუნა მას ძველი თვისი ისტორიული სახელი - იერუსალიმი.

მეორე დღეს, 11 საათზედ, წარვემართენით ქრისტე მაცხოვრის აღდგომის ეკკლესიად. სამწუხაროდ, კარები დახშული დაგვხვდა.

ამ დღეს მოვილოცეთ წმ. აბრამის მონასტერი, რომელიც არის აღშენებული ქართველ მეფეთაგან და მოღვაწეობდნენ იქ ქართველნი მამანი და შემდეგ ამ მონასტერს დაჰპატრონებიან ბერძენთა მონაზონნი მამანი. აქ უჩვენებენ ადგილსა, სადაც აბრაამ შესწირვიდა მსხვერპლად ღმერთსა ძესა თვისსა ისააკსა. ამ მონასტერში აღმოუჩენიათ ხუთის წლის წინად წყლის საცავი, წმ. ელენე დედოფლისაგან აღშენებული თაღებით, 15 საჟენი სიგძით და 6 საჟენი სიღრმით. შიგ ეხლაც ბევრი წყალია კლდიდან ნაჟონი; შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზედ მარტის გასვლამდის წვიმებისაგან უფრო ემატება, და იგი შეადგენს წყლის საგზალს ამ სავანეში მცხოვრებთათვის, რადგანაც მდინარე და წყაროები იერუსალიმში არ მოიპოვება და ჭეებში წვიმისაგან შეკრებილ წყლით კმაყოფილდებიან, ვითარცა საქართველოს წმ. სავანეთა შინა დავით გარეჯელისა და იოანნე ნათლის-მცემელისა.

ერთს მდიდარს ინგლისელს ქალს ამ ორის წლის წინად უთხოვნია ნება-რთვა ოსმალთა მთავრობისათვის თავის საფასით წყალის გამოყვანისა იერუსალიმში, მხოლოდ იმ პირობით-კი, რომ გამგებლობა ამ წყლის სარგებლობისა მის ხელში ყოფილიყო. ოსმალთა მთავრობას არ შეუწყნარებია მისი თხოვნა, უარი გამოუცხადებია და უთქვამს მისთვის: ჩვენ მოგვეცი ოცი ათასი თუმანი და ჩვენ გამოვიყვანთ წყალსაო. ეს ქალიც არ დათანხმებულა ამ წინადადებაზედ. ეხლა აღუშენებია ამ ქალს იერუსალიმში ორი დიდი ვრცელი სამ-სართულიანი სახლი, და ჯერ არ გამოუცხადებია, რა დანიშნულებას მისცემს ამ სახლებს.

1820 წელსა, აპრილის 2-სა, თავადს გიორგი ავალიშვილს იერუსალიმში წმ. მამამთავრის აბრამის მონასტერს ში წაუკითხავს ქვაზედ შემდეგი წარწერა ქართულად: „მე მონამან ღმრთისა და მსახურმან ბატონისა ჩემისა თავადისა იოანნე აბაშიძისამან, გიორგი ჩიკოიძემ, წარმოვლენილმან ქართლით მის მიერ საფასეჲთა მისითა განსაახლებელად წმიდისა ამის მამათ მთავრისა აბრაჰამის ტაძრისა ხარჯსა ზედა მისსა, აღვასრულე ბრძანებული თავადისა მის, ბატონისა ჩემისა, განმაახლებელმან სამწირველოჲსა ამის, საუკუნოდ სახსენებელად სულისა მისისა, სახლეულთა და ერთ-სისხლთა მისთა, ხოლო საოხადცა ჩემ ცოდვილისათვის სულისა, გევედრებით ყოველთა მართლ-მადიდებელთა ქრისტეანეთა, აღმომკითხველთა წერილისა ამის, ლოცვათა შორის თქვენთა დაუვიწყებლობასა თავადისა იოანნე აბაშიძისა და ყმისა მისისა, აზნაურისა გიორგი ჩიკოიძისა. ჩფჟთ-სა წელსა, სეკდემბერსა ია-ს დღესა“.

კუვუკლია

ეხლა ამ მონასტერს ჰფლობენ ბერძნები და სრულიად მოუსპიათ ეს ქართული წარწერა, ვითარცა სხვა ეკკლესიებშიაც, რომელნიც ოდესმე ქართველებს აღუშენებიათ პალესტინაში.

2 ივნისს, ოთხშაბათს, შუადღის შემდეგ, სამს საათზედ, წარვსდეგით მისს უნეტარესობის წინაშე იერუსალიმის პატრიარქისა დამიანესა. ჩემთან იყვნენ სამნი სამღვდელონი, ერთი დეკანოზი, ერთი მღვდელი და ერთიც მღვდელ-მონაზონი, რუსთაგანნი. მიგვიღო ყოველნივე მამობრივის სიყვარულითა; გამოგვკითხა, ვინ რომელ ქვეყნიდგან ვიყავით. როდესაც მოვახსენე მისს უნეტარესობას, რომ ქართველი ვარ-მეთქი, მკითხა საქართველოს მღვდელმთავრების -ალექსანდრეს, გრიგორის და ბესარიონის ამბავი. არ უწყოდა, რომ უკვე შეერთებულია გურია და სამეგრელოს ეპარქიები. შემდეგ ვთხოვეთ ლოცვა-კურთხევა წირვის შესრულებისათვის იერუსალიმის ტაძრებში. მან რწმუნების ქაღალდი მოითხოვა. სხვებმა წარუდგინეს. მე არა მქონდა წამოღებული მოწმობა სასულიერო მთავრობისაგან. ამისათვის ნებას არ მაძლევდა წირვისას. დავარწმუნე მისი უნეტარესობა, რომ ქართველი ვარ, კახეთში შობილი და ვიცი ის ადგილი და სოფელი „აღდგომა“, რომელიც კახეთის მეფეს ლეონს შეუწირავს ქრისტეს საფლავისათვის მეთქი. მაშინ ბრძანა, რომ მე თვითონ ვყოფილვარ სოფელს აღდგომაშიო“. დასარწმუნებელად ჩემის პიროვნებისა კვალადცა მოვახსენე, რომ მე ვითარაცა საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრმა, ვუწყი, რომ ამ წლის დამდეგს ჩვენმა საბჭომ წინადადება მისცა თქვენს წარმომადგენელს ტფილისში, იერუსალიმის (ჯვარის მამის) ეკკლესიის წინამძღვარს არქიმანდრიტს სოფრონსა, რათამცა გაემართა ეკკლესიის ეზოში სამრევლო სკოლა; მან თვისის მოვალეობისამებრ მოახსენა ეს ჩვენი წინადადება თქვენს უნეტარესობას და წარსულს აპრილში უკვე მოვისმინეთ ჩვენს საბჭოში, რომ თანახმა არა ხართ ჩვენს წინადადებაზედ. აწცა კვალად უმდაბლესად გთხოვ, დაგვითმოთ ერთი ოთახი ჯვარის მამის ეკკლესიის ეზოში სკოლის დასაარსებლად-მეთქი. ხოლო მის უნეტარესობამ აღმითქვა, რომ კვალად განვიხილავთ ჩვენს სინოდში ამ თხოვნასა და შევასრულებ თქვენს წინადადებასაო. ამ საუბრის შემდეგ მისი უნეტარესობა დარწმუნდა ჩემს პიროვნებაზედ და ნება-დამრთო მღვდელ-მოქმედებისა, ვითარცა იერუსალიმში, ეგრეთვე გარეშე ეკკლესიებში, სადაც მოვისურვებდი. შემდეგ ჩვეულებრივის წესით პატივი გვცა შარბათითა და ყავითა. საღამოს ოთხ საათზედ, ორს ივნისს, ოთხშაბათსა, ღირს ვიქმენით პირველად თაყვანისცემას ქრისტე მაცხოვრის ცხოველს-მყოფელის საფლავისასა, რომელიც საეკკლესიო საგალობელის გამოხატვით არს „უმშვენიერეს სამოთხისა და უბრწყინვალეს სამეფო სასძლოისა, ვითარცა წყარო ჩვენის აღდგომისა“ . თითონ ქრისტეს საფლავი წარმოადგენს პატარა ეკკლესიას, დიდს ტაძარში მდებარესა. ბერძნები უწოდებენ ამ ცხოველს მყოფელ საფლავსა უფლისასა „წმიდა კუვუკლიად“, რაჲცა ჰნიშნავს: განსასვენებელსა ანუ სამეფო საუნჯესა, რადგანაც აქ განისვენა სამი დღე ხორცითა, ვითარცა მკვდარმან, მაცხოვარმა კაცთა ნათესავისამ. შესავალი კარი მისი ძლიერ დაბალია, ასე რომ შესვლის დროს თავი უნდა მოიდრიკო სრულიად მუხლებამდე. ზედ საფლავზედ არის დაფარებული მარმარილოს ქვა. ამ ადგილზედ ასვენია სამი აღდგომის ხატი, საშუალო - ბერძენთა, მარჯვნივ - რომის კათოლიკეთა და მარცხნივ - სომეხთა. ამ ქრისტეს საფლავზედ შეასრულებენ ყოველ ღამე წირვასა ღამის 12 საათის შემდეგ, პირველად ბერძენნი ანუ მართლ-მადიდებელნი, მეორედ - სომეხნი და უკანასკნელ -  ფრანგნი. ხოლო როდესაც მოისურვებენ რუსნი ანუ ქართველნი წირვის შესრულებასა ამ წმ. ადგილზედ, ამათ საკუთრად ნებას არ აძლევენ წირვისას ქრისტეს საფლავზედა და შეუძლიანთ სწირონ მხოლოდ ბერძენთა სამღვდელოებასთან ერთად. ეშინიანთ როგორღაც, რომ უფლების პირველობას არ შეეცილნენ რუსნი ანუ ქართველნი. კოპტებს გარედგან დასავლეთის მხრით მიუშენებიათ ქრისტეს საფლავის სამლოცველოზედ თვისი სამწირველო. შიგ ეკკლესიაში სცხოვრობენ სენაკთა შინა მონაზონნი მამანი ქრისტეს სარწმუნოების აღმსარებელნი, ბერძენნი, სომეხნი და ფრანგნი.

მაცხოვრის საფლავი

თაყვანივეცით ქრისტეს საფლავსა. გამოუთქმელია მორწმუნე გულისათვის ის საღმრთო წამი, როდესაც ქრისტეანე პირველად ეღირსება ამ სულიერს ნუგეშსა და სიხარულსა. შემდეგ მივმართე ჩემს თანამოგზაურს ორენბურგელს მ. დეკანოზს ი. სოლომინს და ვუთხარი: გამოვთქვათ ჩვენი აწინდელი სარწმუნოებრივი გრძნობანი-მეთქი. მკითხა მან, რითაო? შესაბამის გალობითა, ვუპასუხე მე. შემდეგ მკითხა: ნებას მოგვცემენო? მე მივუგე: ვის შეუძლიან აღგვიკრძალოს? მაშინ ვიწყეთ ჩვენ გალობა შემდეგთა საგალობელთა: „მშვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა თვით უხრწნელი ხორცი შენი...“ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ „აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა“ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ „ანგელოსი ღაღადებს: მიმადლებულო წმ. ქალწულო, გიხაროდენ“ „განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ“ „ხორცითა მიიძინე, მაცხოვარ...“ შემდეგ გვანიშნა ხელით ბერძნის მღვდელ-მონაზონმა, იქ მდგომარემ, რომ ჟამი არს ამიერ განსვლისაო. გამოვედით რა ქრისტეს საფლავის სამლოცველოდგან, ვიხილეთ მუნ მდგომარენი ფრანგთა სამღვდელონი მონაზონნი, უკვე შემოსილნი, რომელნიც ელოდებოდნენ ჩვენს გამოსვლასა. როგორც შევნიშნეთ, სასტიკად შემოგვხედეს და ვითარცა შემდევ ვცანით, იმისათვის იყვნენ უკმაყოფილონი, რდშ ნახევარ საათის განმავლობაში ვისარგებლეთ მათთვის დანიშნულ ჟამით, შემდეგ დამშვიდდენ, როდესაც გაიგეს, რომ ჩვენ ბერძენნი არ ვიყავით, არამედ ახლად მოსულნი მლოცავნი რუსეთით და საქართველოით. უფროსი ფრანგთა სამღვდელო შევიდა ქრისტეს საფლავის სამლოცველოში, ხოლო სხვათა მონაზონთა გარეშე საფლავისა დაიჩოქეს, რადგანაც შიგნით საფლავის წინაშე ოთხის კაცის მეტი ვერ გაიმართება.

დაიწყეს ლიტანია გალობით, რამაც ნახევარ საათს გასტანა. და შემდეგ გალობის წართქმით წარემართნენ მარჯვენა მხარეს, სადაც თავისი დაჩემებული სამლოცველო აქვთ, რომელიც უწინარეს ქართველების საკუთრება იყო.

მაცხოვრის აღდგომის ეკლესია

ქრისტეს აღდგომის ეკკლესია იკეტება ოსმალთაგან დანიშნულ მეკარესაგან ყოველ საღამოს შვიდს საათზედ და განიღება მისგანვე დილის ხუთს საათზედ, შემდეგ წირვის შესრულებისა ბერძენთაგან. თვით ამ ეკკლესიაში აქვთ ბინა მცველთა ოსმალთა. ვითარცა სჩანს, აქვე აღასრულებენ იგინი თვისს ჩვეულებრივს ლოცვასა, „ნამაზად“ წოდებულსა. დადებულია ფასი ეკკლესიის კარის გაღებისათვის, ერთი კარისთვის ორი მანეთი ყოველ დღე და ორივე კარებისათვის - სამი მანეთი. როდესაც თვით პატრიარქი სწირავს დღესასწაულში, მხოლოდ მაშინ გააღებენ ორივე კარს. სამწუხაროდ ჰმოქმედებს მორწმუნე ქრისტეანიხ გულზედ, როდესაც ამ მდგომარეობაში ჰხედავს ქრისტე მაცხოვრის აღდგომის ეკკლესიასა, ყოველთა წმიდათა უწმიდესსა ადგილსა.

სამხრეთის მხრით არის დიდი შესავალი კარები ქრისტეს აღდგომის ეკკლესიაში, ხოლო მეორე კარები ამავე მხრით ოსმალთ ამოუშენებიათ.

ამავე ეკკლესიის გუმბათს ქვეშ არის გოლგოთაც სამხრეთის მხრივ, ის ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს უფალი იესო ქრისტე; აქაც აღშენებულია სამწირველო ტრაპეზი მართლ-მადიდებელთაგან. აქვე ტრაპეზს უკან აღმართულია დიდი ჯვარი, ჯვარცმულის უფლისა იესო ქრისტეს ხატითა, გარემო მისა მდგომარენი სრულის ტანით მარჯვენით დედა ღვთისა მგოდებელი და მარცხენით-საყვარელი მოწაფე ქრისტესი იოანნე მწუხარე სახით. ქვის გულიც შეძრწუნდება და მოვა ლმობიერებაში ამ სურათის ხილვით. დავვარდით წინაშე ჯვარცმულისა მეუფისა, მაცხოვრისა კაცთა ნათესავისა, თაყვანი ვეცით და ვიგალობეთ წინაშე მისსა: „ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, მუფეო“ „აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზეღა კეთილმორწმუნეს ხელმწიფესა ჩვენსა იმპერატორსა ნიკოლოოზ ალექსანდრეს ძესა მოანიჭე“, და საგალობელი პატივად იოსებ მშვენიერისა, რომელმან ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი ქრისტესი და დაფლა იგი თვისსა მტილსა შინა, თავისათვის კლდეში გამოკვეთილსა საფლავსა“. რადგანაც ეს საგალობელი არ არის ქართულს ენაზედ, ამისათვის ვთარგმნე იგი სლავურიდამ პირდაპირ: „მოვედით, ვნატრიდეთ იოსებს მარადის მოსახსენებელსა, რომელი ღამით მოვიდა პილატესსა, და გამოსთხოვა ცხოვრება იგი ყოველთა; მომეც მე უცხო იგი, რომელსა არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს, მომეც მე უცხო იგი, რომელიც ბოროტმან მოწაფემან განსცა სასიკვდილოდ; მომეც მე უცხო იგი, რომელსა დედა, ხედვიდა რა ჯვარსა ზედა დამოკიდებულსა, მგოდებელი ხმობდა და დედობრივ ღაღადებდა: ვაი მე, შვილო ჩემო, ვაი მე, ნათელო ჩემო და საშოო ჩემო საყვარელო რამეთუ სვიმეონის მიერ წინასწართქმული ეკკლესიასა შინა დღეს აღსრულდა გულსა შენსა მახვილი განვიდეს. თაყვანისვცემთ ვნებათა შენთა, ქრისტე, თაყვანისვცემთ ვნებათა შენთა, ქრისტე, თაყვანისვცემთ ვნებათა შენთა, ქრისტე, და წმიდასა აღდგომასა შენსა“.

გოლგოთა

ამავე ეკკლესიაში არის სვეტი, რომელზედაც მიბმულ იყო ქრისტე მაცხოვარი დაშოლტვის დროსა. აქვე უჩვენებენ ადგილსა, სადაც განიყვეს მხედართა საუფლო სამოსელი და კვართსა მისსა ზედა განიგდეს წილი (ფსალ. 21,18).

ადგილი ქრისტეს საფლავის ქვაბისა შეადგენს თითქმის ოთხ-კუთხიანს საჟენს (კვადრატს); მისი სიგრძე იმოდენია სივრცით, რამდენზედაც დაეტევა გაშლილი გვამი მიცვალებულისა; თავისუფალი ადგილი საფლავსა და ქვაბის კედელს შუა შეადგენს ერთსა და ნახევარსა ნაბიჯსა. კლდის სარეცელი, რომელზედაც განისვენებდა ყოვლად უხრწნელი გვამი იესო ქრისტესი, მდებარებს მარჯვენა მხარეს შესავლიდან, იგი შემოსილია მარმარილოთი არა იმოდენ შვენებისათვის, რავდენათაც დასაფარავად თაყვანისმცემელთა კეთილმსახურის წადილისაგან, რომელნიც მოსტეხავდნენ საფლავისაგან ნაწილებსა სახსოვრად. გარშემო ქრისტეს საფლავის ქვაბისა ამოჭრით წარწერილია ტროპარი წმ. იოანნე დამასკელისა: „ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშვენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნღი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა ქრისტე, ღმერთი ჩვენი, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩვენისა აღდგომისა“ . მარმარილოს ფიცარი, რომელიც ჰფარავს წმიდა საფლავსა, გახერხილია შუაზედ ორად, თითის სიღრმეზედ; ორ ნაირად ჰხსნიან ამ გახერხილს: პირველად, რადგანაც სალადინ სულთანი მარმარილოს ეზიდებოდა აღდგომის ტაძრიდან მეჩეთისათვის, ამისათვის წმ. საფლავის მონაზონთა (ბერებმა) შიშის გამო, რომ სულთანმა არ წაართვას ეს წმ. საფლავის მარმარილოს ქვაც, გახერხეს იგი ნახევრად შუაზედ, მეორე მიზეზად ამბობენ, რომ ამ მარმარილოზედ იყო მიჭედილი ნაპირებზედ რკინის ლურსმებით, ტყვიით შედუღებული, ოქროს ფიცარი, რომელიც ჰფარავდა ქრისტეს საფლავსა ზევითის მხრიდამ.

სამხრე ანგელოზისა

როდესაც გარემოადგა იერუსალიმსა ჯარითა სალადინი, მონაზონთა, შიშის ზარისაგან შეპყრობილთა, რათამცა ეს ოქროს ფიცარი, საფარებელი წმ. საფლავისა, არ ჩავარდნოდა ხელში ქალაქის დამპყრობელსა, ისწრაფეს აგლეჯა მისი მარმარილოსაგან, მაგრამ რადგანაც ვერ შესძლეს აგლეჯა ტყვიით შედუღებულის ლურსმებისა, მაშინ გახერხეს მარმარილო და ამ სახით მოაშორეს მარმარილოს ოქროს ფიცარი, და ამასთანავე მოამტვრივეს მარმარილოს ქვის ოთხი კუთხეცა.

თაღიდამ ჩამოშვებულნი ლამპარნი ანათებენ ქრისტეს საფლავის სამლოცველოსა; მათგან 13 ლამპარი ეკუთვნის მართლ-მადიდებელთა, მათ შორის ქართველ მეფეთაგანაც იქმნება შეწირული, 13 ეკუთვნის რომის კათოლიკეთა, 13 სომეხთა და 4-ც კოპტებსა. თვითონ წმ. საფლავზედ ანთია დღე და ღამე განუქრობლად დაუშრეტელნი ლამპარნი: სამი, ესე იგი თვითოეულის ეროვნობისაგან, ბერძენთა, სომეხთა და ლათინთა, როდესაც წმ. ბჭენი დახშულ არიან, და ექვსი, როდესაც წმ. ბჭენი გაიღებიან ღვთის-მსახურებისათვის. ტაძარში ორი ბერძენი მონაზონი, ლამპართა აღმნთებელნი წმ. საფლავზედ, დანიშნულ არიან სულთანის ბრძანებით და იგინი უვლიან მორიგობით „კუვუკლიას“ ანუ ქრისტეს საფლავის სამლოცველოსა.

ქრისტე მაცხოვრის საფლავის სამლოცველო განიყოფება ორ განყოფილებად: პირველი შესავალშივე - იწოდება სამხრედ ანგელოზისა, რომელიც ახარებდა სახარულევანსა ქრისტეს აღდგომასა მენელსაცხებელთა დედათა. სამხრე წმ. ანგელოზისა შეადგენს სწორე ოთხ-კუთხიანს ოთახსა, რომლის თანასწორნი მხარენი ხუთ ადლამდის არიან. საშუალ ამისა სდგას მაღალი მარმარილოს ვაზა; ამ ვაზაში შთადებულია ნაწილი იმ ლოდისა, რომლითაც დაფარულ იყო შესავალი უფლის საფლავისა, და რომელიც შემდეგ აღდგომისა გადმოგორებულ იყო ანგელოზისაგან კარისა მისგან საფლავისა. წირვის დროს ეს ვაზა იხმარება ტრაპეზად, ხოლო შიგნით განყოფილებაში წმ. საფლავის საფარებელი მარმარილოს ქვა იხმარება სამკვეთლოდ. ვაზას თავზედ არიან დაკიდებულნი დაუშრეტელნი ლამპარნი, რიცხვით ათხუთმეტნი, რომელთაგანაც 5 ეკუთვნის ბერძენთა, 5 - ლათინთა, 4 - სომეხთა და 1 - კოპტებსა.

დასავლეთის მხრივ კუვუკლიისა მიშენებულია საწყალი სამლოცველო კოპტებისა მხოლოდ ეს-ღა გადარჩენია ცეცხლსა, რომელმაც შთანთქა მთელი ტაძარი 1808 წელსა. პირველ ქრისტეანობიდამ დაწყობილი მე-18 საუკუნემდის ქართველებს პირველი ადგილი ეპყრათ გოლგოთაზედ. კუვუკლიას პირდაპირ თავზედ ადგას დიდი გაშლილი გუმბათი, ხოლო ქრისტეს აღდგომის საკრებულო ტაძარს იმაზედ რამდენადმე უმცირესი გუმბათი.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>