მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

სტამბოლიდან იერუსალიმამდე

მაისის 25-ს, გემზედ გარდასვლამდე, შემხვდა სტამბოლში მღვდელი მ. იასე შელია სამეგრელოდან. ამას უკვე მოელოცნა იერუსალიმი და სხვა წმ. ადგილები პალესტინისა, სადაც მთელი ზამთარი გაეტარებინა და აწ ოდესისაკენ მიემგზავრებოდა ქალაქ კიევისა და ჩერნიგოვის სიწმიდეთა მოსალოცავად. ძვირფასია უცხო ქვეყანაში თვისის სამშობლოს კაცის ნახვა. ეს მ. შელია 1877 წელს ტყვედ ყოფილა წაყვანილი აფხაზეთიდგან, სადაც იგი ჰმსახურებდა იმ დროს მედავითნედ. ტყვეობაში გაეტარებინა ორი წელი ქ. ტრიპოლისში. შერიგების შემდეგ ოსმალთა ტყვეებში იქმნა გამოცვლილ და დაბრუნებულ სამშობლოში.

„აზოვ“-ის გემზედ იყო რამდენიმე სახლობა ურიათა, საქართველოდამ იერუსალიმს მიმავალთა და ქართულად მოსაუბრეთა. შემდეგ ვნახე იგინი იერუსალიმში, ფულს ახურდავებდნენ.

26 მაისს დილით გემზედ გარდავიხადეთ ცისკარი პასექის დღესასწაულის წარგზავნისა. ამ შემთხვევაში წარმოვიდგინე პირველ ქრისტეანობის ჟამნი, როდესაც დევნულნი სარწმუნოებისათვის ქრისტიანენი, გემზედ შეკრებილნი, შეასრულებდნენ ღვთის-მსახურებას. მერვე საგალობელი პასექისა: „აღიხილენ თვალნი შენნი გარემო, სიონ, და იხილენ, რამეთუ აჰა მოვიდენ შენდა, ვითარცა ღვთივ ბრწყინვალენი მნათობნი, დასავალით, ჩრდილოთ, ზღვით და აღმოსავალით, შვილნი შენნი, კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ“, ცხადად წარმომიდგენდა ამ წინასწარმეტყველების შესრულებასა ამა შემთხვევაშიაცა (ისაია 60 თავი, მუხლი 4). აგერ ჩრდილოეთით რამდენიმე ასი რუსი და აღმოსავლეთით ერთი მე ქართველი, მიმავალნი სიონ-იერუსალიმსა სადიდებელად ქრისტეს ცხოველს-მყოფელის საფლავისა. დღის სამ საათზედ მოვედით მიტილენის ქალაქს; იგი მშვენივრად არის გაშენებული ზღვის ნაპირზედა, ბაღებით შემკობილი. ამავე საღამოზედ ცეცხლის გემზედ შევასრულეთ მწუხრი და ცისკარი ამაღლების დღესასწაულისა.

27 მაისს, ამაღლების დღეს, ვიყავი სმირნის სამიტროპოლიტო ეკკლესიაში, შევნიშნე ტრაპეზი არა თანასწორის ზომისა ყოვლის მხრივ. ვითარცა კონსტანტინეპოლში, აგრეთვე სმირნაში, სახარება პირქვე იყო დადებული ტრაპეზზედ, ვგონებ უფრო დაუდევნელობით და არა რომელისამე საფუძველით. წინად ვფიქრობდი, რომ არაბული სახარება იქმნებოდა, რადგანაც არაბული წერა და ბეჭდვა იწყება ვითარცა ურიული მარჯვენის მხრიდგან მარცხენისაკენ, და ამისათვის, მათს ენაზედ დასტამბული თავი ანუ დასაწყისი ჩვენებურად ბოლოდ გამოჩნდება, მაგრამ სახარება გადავშალე რამდენსამე ადგილს და ბერძნული აღმოჩნდა ოდიკსაც არა ჰქონდა გარედან ილიტონი, ანუ შესახვევი ხელ სახოცი, ანუ, უკეთუ ჰქონდა, ზედ იყო მიკერებული, როგორც სარჩული.

სმირნის ნავსადგური (XIX საუკუნის ბოლო)

სმირნაში ვნახე ამაღლების დღეს მიტროპოლიტი ვასილი, ლოცვა-კურთხევა მივიღე მისგან; იგი სცხოვრობს სახლში მარტივად, ვითარცა პირველ ქრისტეანობის დროის- მწყემსმთავარი.

სმირნაში ითვლება 150 ათასი მცხოვრები. სმირნა ეკუთვნის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსა. პალესტინასა და ასურეთში, ანუ აწინდელ სირიაში, მომეტებული ნაწილი მართლ მადიდებელთა ქრისტეანეთა არიან არაბნი; ამათ მღვდელნი და ეპისკოპოსნი თვისის ეროვნობისა ჰყავთ და ისინი არაბულს ენაზედ აღასრულებენ ყოველს ღვთის-მსახურებასა. ეკკლესიებშიც და წმ. ხატებზედაც წარწერანი არაბულს ენაზედ არის. წარსულს წელს გარდაიცვალა პატრიარქი ანტიოქიისა, ამოირჩიეს ერთი არაბთა მღვდელ-მთავართაგანი პატრიარქად, მაგრამ ეს არჩევანი არ შეიწყნარეს სხვა პატრიარქთა ბერძენთა, რომელთაც ჰსურთ, რომ ბერძენთაგანი იყოს ამორჩეული, მაგრამ ანტიოქიის სამწყსოს და სამღვდელოთა უნდათ თვისის ტომის პატრიარქი, და არა უცხო ეროვნებისა, რომელსაც არ ესმის ადგილობრივი ენა და არ იცის ადგილობრივი ჩვეულებანი სამწყსოსი.

ამ გვარსავე შგვიწროვებულს მდგომარეობაში იმყოფებოდა ბოლგართა ეკკლესია 1870 წლამდის. ამათ ჰყავდათ ბერძენთა ეპისკოპოსნი, რომელთაც არ იცოდნენ თვისის სამწყსოს ადგილობრივი სლავური ენა და ერს არ ესმოდა მწყემს-მთავართა ენა. ამისათვის ბოლგართა აღიმაღლეს ხმა, მოსთხოვეს კონსტანტინეპოლის პატრიარქს განთავისუფლება ბოლგართა ეკკლესიისა. პატრიარქს არა ჰსურდა მათი განცალკევება და ბოლოს რუსთა მთავრობის დახმარებით და სულთანის თანხმობითა განთავისუფლდა ბოლგართა ეკკლესია ბერძენთა პატრიარქის დამოკიდებულებისაგან და მიენიჭა უფლება თვისის მიტროპოლიტის და ეპისკოპოსთა აღმორჩევისა.

სმირნაში გავიცანი სტუდენტი კიევის აკადემიისა, შობილი სმირნის ქალაქისა, არაბის ტომისა, უკვე კურსდამთავრებული; იგი უკვე დაენიშნა მიტროპოლიტს იეროკირიქსად ანუ საზოგადო მქადაგებელად ეკკლესიებში.

სმირნიდგან წამოვიდა სხვა სტუდენტი მოსკოვის უნივერსიტეტისა, არაბთაგანივე, შობილი იაფფის ქალაქსა, სადაც იგი მოდიოდა მშობელთა სანახავად.

სმირნაში უჩიოდნენ კრიტიდგან გამოდევნილ ოსმალთა მხედართ, რომ იგინი აწუხებენ ქრისტიანებს ამ ქალაქშიო.

ვითარცა ვნახე და მოვისმინე ზარის რეკვა სმირნასა, სტამბოლსა და საზოგადოდ პალესტინასა, ამ სახით სრულდება: ზარის ყურზედ არის მობმული თოკი და, როდესაც თოკს ჩამოსწევენ, მთელი ზარი ქანაობს და ისე ირეკება; ენას კი არა სცემენ ზარის გვერდებსა, არამედ გვერდები ქანაობის დროს ხვდება ენას და უსიამოვნო ხმა გამოდის; ამ სახედ მცირე ზარების რეკვა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ დიდი ზარებისა, რამდენისამე ათ და ას ფუთიანისა, შეუძლებელია და არც მოიპოვება დიდი ზარები აღმოსავლეთის ქვეყნებში. აქ წარმოდგენა არა აქვთ ხმაზედ განწყობილის ზარების რეკვისა, ვითარცა რუსეთის ქალაქებშია, მაგალითებრ: კიევსა, პეტერბურგსა, იაროსლავში, სადაც ზარებზედ მოწყობილის ხმით მთელი საგალობელი ატკბობს მსმენელთა ყურთა, ვითარცა ლოცვისა „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“ და სხვათა საგალობელთა.

სამოსის კუნძულზედ ითვლება 60 ათასი სული მცხოვრებელი; მათ ჰყავთ ოსმალეთის გუბერნატორი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას შინაგან მმართველობის საქმეში, მხოლოდ ხარკსა ჰკრებავს. სამოსის კუნძულზედ ქალაქ „ვიტტის“ ღვინო სახელ-განთქმულია მთელს არქიპელაგის კუნძულების ღვინოებში, ვითარცა კახეთის ღვინო სრულიად საქართველოში.

28 მაისს, საღამოს რვა საათზედ, გამოვიარეთ „როდოსის“ კუნძულთან; აქ გემი არ გაჩერებულა აქედგან იწყება შესვლა ხმელთა შუა ზღვაში. ეს კუნძული დასახლებულია ებრაელებით, რომელნიც გადმოსულან ისპანიიდგან, და ეგრეთვე ბერძენთა მცირე რიცხვით. ეს ებრაელნი არიან ტანით წამოსადეგნი და მისდევენ, როგორც ნავოსნობას, აგრეთვე მიწის მოქმედებას.

„ხიოსის“ კუნძული ითვლება სამშობლიად ჰომიროსისა. გარდმოცემაა, რომ აქ გარდაგდებულ იქმნა ზღვაში იონა წინასწარმეტყველი და შთანთქმულ ვეშაპისაგან. ხმელთა-შუა ზღვა ფერით ემსგავსება ფირუზსა და ამისათვის თვალთათვის დიდად სასიამოვნოა იმისი ყურება.

„აზოვის“ გემზედ, რომლითაც ვიმგზავრეთ ოდესიდამ იაფამდის, შემხვდა ბერძნულის ენის მასწავლებელი პეტერბურგის ერთის გიმნაზიისა. იგი მიემგზავრებოდა ქ. ათინას, ბერძენთა ძველის განათლების ბუდეში, სოკრატის, პლატონისა და არისტოტელის დედა-ქალაქში. მას ჰსურდა იქ ადგილობრივ შეესწავლა ძველი ბერძნული ენა. როდესაც დავიწყე მასთან საუბარი რუსეთის უნივერსიტეტებში მომხდარ უწესოების შესახებ, მან გამოსთქვა ის აზრი, რომ იმ არეულობაში არიან მომეტებულად ბრალეულნი ის სტუდენტები, რომელნიც დაბალის წოდებიდგან წარმოსღგებიანო. მე ამ აზრს არ დავეთანხმე, რადგანაც შთამომავლობით დაბალის წოდების სტუდენტები შეძლებით ხელ მოკლენი არიან მომეტებულად, და ამისათვის ვერ იქონიებენ იმდენს გავლენას თავისს ამხანაგებზედ, რომელნიც შთამომავლობით მაღალის წოდებიდგან წარმოსდგებიან, და ამიტომ წინამძღვრობას ვერ გაუწევენ მათ ამ არეულობაში. შემდეგ ამავე მასწავლებელმა წარმოსთქვა ის აზრი, რომ ვიღრე ხალხი გაუნათლებელია, ამ გვარი უწესოება ხშირად მოჰხდება უმაღლეს სასწავლებელთა შორისაო. ამასაც, რასაკვირველია, ვერ დავეთანხმე, რადგანაც დაბალს ერს არავითარი გავლენა არა აქვს უნივერსიტეტზედ, როგორც პირდაპირ, აგრეთვე შვილებზედ გავლენით.

29 მაისს მთელი დღე ხმელთა-შუა ზღვით სიარულში გავატარეთ.

30 მაისს, შუადღის შემდეგ, სამს საათზედ, მივედით ტრიპოლის ქალაქს. ეს ქალაქი განიყოფება სამ ნაწილად, რომელიც ზღვის ნაპირზედ არის გაშენებული; ამისათვის ამ ქალაქს ეწოდება „ტრიპოლი“, რაიცა ბერძნულს ენაზედ ნიშნავს: „სამს ქალაქსა“. გამოიტანეს ამ ქალაქიდგან გემზედ გასასყიდად: კიტრი, ჭერამი, არა უკეთესი ტფილისისა, ლიმონი და ფორთოხალი. ამ ქალაქის ციხეში იმყოფებიან პყრობილნი პატიმარნი დასასჯელად, როგორც რუსეთიდგან იგზავნებიან ციმბირში. აქაურნი მცხოვრებნი მომეტებულ ნაწილად არაბნი არიან; არაბულ ენაზედვე სრულდება აქ წირვა და ლოცვა და ყოველი ღვთის-მსახურება. აქვე იწყება ლიბანის მთები. უწინარეს ქრისტეს შობისა ეს მთები იყვნენ მოსილ ხშირის უდაბურის ტყეებით, ვითარცა დავით მეფე-წინასწარმეტყველი მოიხსენებს თავისს საღმრთო ფსალმუნში: „მართალი ვითარცა ფინიკი აყვავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“. ამ მთებიდგან მიეზიდებოდნენ სოლომონ ბრძენის მეფის დროს კვიპაროსისა და ნაძვის ხის მასალას ღვთისა ტაძრისა და სამეფო სახლის აშენებისათვის, ხოლო აწ ეს მთები წარმოადგენს გაშიშვლებულს გორებს, მოკლებულს ყოველს მცენარეულობას; ხოლო თითონ ქალაქ ტრიპოლში მშვენიერი წალკოტებია ფორთოხალისა, ლიმონისა და სხვათა ხილთა, და აგრეთვე ვენახები.

ქალაქი ბეირუთი (XIX საუკუნის ბოლო)

31 მაისს, დილის ექვს საათზედ, მივედით ქალაქ ბეირუთს. ამ ქალაქში მთავარ-მოწამე გიორგიმ მოჰკლა ვეშაპი და დაიხსნა მეფის ასული ვეშაპის შთანთქმისაგან. პირველად შევედით ამ დიდებულის ძლევა-მოსილის ეკკლესიაში, შემდეგ ვნახეთ ის ადგილი, სადაც წმ. გიორგიმ დასცა ვეშაპი; ამ ადგილზედ არს ეხლა მაჰმადიანთა სამლოცველო; უეჭველია, უწინარეს აქ იქმნებოდა ქრისტეანეთა სამლოცველო, მაგრამ შემდეგ მაჰმადიანთა ძალმომრეობით წარუტაცნიათ ეს ადგილი. ამ სამლოცველოში მოასვენეს საკრებულო ტაძრიდგან წმ. გიორგის ხატი, მოგვცეს ნება სამლოცველოში შესვლისა, შემდეგ ფერხთ გახდისა, აღვანთეთ სანთელნი წინაშე წმ. გიორგის ხატისა, ვიგალობეთ ტროპარი წმ. გიორგისა და ვემთხვივენით მისს ხატსა. საკვირველია ასეთი ერთობა ამ ადგილზედა ქრისტეანეთა და მუსულმანთა შორის, ვგონებ ამისათვის შეთანხმებულან იგინი ერთმანეთში, რომ ორივენი სარგებლობენ მლოცავთა საწირავით. ამ სამლოცველოსთან არს ჭა, საიდანაც ამოიღეს წყალი და შევსვით; არს პატარა მოგრძო ქვა, რომელზედაც მჯდარა მეფის ასული, როდესაც მოელოდებოდა ვეშაპის გამოსვლას ტბიდგან; ეს ტბა ეხლა დამშრალია და შიგ ჰბუდობენ მრავალნი ქვემძრომნი.

ამ ქალაქის სახელიდამ, შესაძლებელია, იყოს აღებული წოდება სოფლის ბრეთისა, რომელიც მდებარებს ქართლში; აქაურს ტაძარში, რომელიც აღშენებულია წმ. მთავარ მოწამე გიორგის სახელზედ, განისვენებენ წმ. ნაწილნი ღირსისა მამისა პიროსისა, ერთის ათცამეტთაგანის კაპპადოკიელთა მამისა, რომელნიც მოვიდნენ საქართველოში შემდეგ წმ. მოციქულთა სწორისა ნინოსი, მეექვსე საუკუნის ნახევარში.

ამ ქალაქში ირიცხება 20 ათასი მცხოვრები, არის რამდენიმე სასწავლებელი სხვა-და-სხვა სარწმუნოების აღმსარებელთათვის. რუსეთის საპალესტინო საზოგადოებას აქვს ამ ქალაქში დაარსებული ხუთი სკოლა, რომელშიაც სწავლობს 500 ყმაწვილი, ქალი და ვაჟი.

ამ სკოლებს განაგებს დიდად პატივცემული მარიამ ალექსანდრეს ასული ჩერქასოვისა, უკვე მოხუცი; 12 წელია სცხოვრობს თურმე ბეირუთში, შეუსწავლია არაბული ენა. აქაურს მართლ-მადიდებელთ უმრავლესობას შეადგენენ არაბნი. სამშობლო ენასთან რუსულსაც ასწავლიან ყმაწვილებს, მხოლოდ საღმრთო სჯულს ასწავლიან ყველა კლასებში სამშობლო არაბულს ენაზედ. როდესაც ჩემმა თანამოგზაურმა რუსის დეკანოზმა ი. სოლომინმა ჰკითხა ქ-ნ ჩერქასოვისას, რატომ რუსულს ენაზედ არ ასწავლით საღმრთო სჯულსა და საეკკლესიო გალობასაო, მან გონივრულად უპასუხა: ამათთვის უსარგებლო იქმნება უცხო ენაზედ შესწავლა საღმრთო სჯულისა, რადგანაც ეკკლესიაში თავის მშობლიურს ენაზედ ისმენენ ღვთის მსახურებასა და საზოგადოებაც ადგილობრივ არაბულს ენაზედ ლაპარაკობსო. ჭეშმარიტად, რომ ასეა და კარგი იქმნება, ყველა ასე უცქეროდეს ამ საგანს.

ქ. ბეირუთში ღვთის-მსახურებას ასრულებენ არაბულს ენაზედ და ადგილობრივი მთავარ-ეპისკოპოსი ემორჩილება ანტიოქიის პატრიარქსა. მართლ-მადიდებელთა არაბთა აქვსთ აქ ცხრა ეკკლესია.

რუსი მომლოცველები ბეირუთის ნავსადგურში
(XIX საუკუნის ბოლო)

ხმელთა-შუა ზღვის აღმოსავლეთის მხრივ, ალექსანდრეტტას და ბეირუთის ქალაქებ შორის არის პატარა ქალაქი ლოტოკია, შემკობილი მშვენიერის ლეღვის და ზეთისხილის ბაღებითა. იქ არის ერთი მართლ-მადიდებელთა ეკკლესია და რამდენიმე ნახევრად დარღვეული ციხეები, მათ შორის უჩვენებენ ერთსა, რომელშიაც ოდესმე ვითომც დამწყვდეული ყოფილა თამარ დედოფალი. ჩემის მოგზაურობის დროს იერუსალიმს და აგრეთვე იქიდან დაბრუნების შემდეგ არ გამოუვლია გემს ამ ქალაქის ნაპირზედ, და მე თვითონ არ მინახავს ეს ქალაქი. არ ვიცი, საიდგან ამოუღია ეს ცნობა თამარ დედოფალზედ რუსის მოგზაურს მღვდელს მ. ალექსანდრე ანისიმოვს, რომელსაც ორგზის მოულოცნია იერუსალიმი და სრულიად პალესტინა 1875 და 1881 წლებში. ვინ ყოფილა ეს თამარი, როდის და რად ყოფილა დამწყვდეული, ამაზედ არას მოგვითხრობს ეს ზემოხსენებული მ. ანისიმოვი თავის წიგნში, რომელიც გამოსცა 1899 წელსა.

ეს ზემოხსენებული დედოფალი თამარი იქმნებოდა ასული (ქალი) საქართველოს დედოფლის რუსუდანისა. ეს უკანასკნელი მისთხოვდა მაგიდ ედდინს, რომელიც იყო შვილი ყილიჯ არსლან III-სა, არზრუმის სულთანისა. რუსუდანს ამ გაქრისტიანებულ თათრისაგან გაუჩნდა ორი შვილი - თამარ და დავითი. ეს თამარი იყო შვენიერი სახითა და კეთილი ზნეობითა, მსგავსი თავის ბებიის დიდის თამარისა. დედა მისმა მიათხოვა იგი, წინააღმდეგ მისის სურვილისა, გაიათ-ედდინსა, ქაიხოსრო II-სა, მცირე აზიის სულთანსა. გრიგ. რჩეულიშვილი თვისს ისტორიულს რომანში, არ ვიცი, რა საფუძვლით უწოდებს თამარის ქმარს ყიასდინს სულთნად სტამბოლისა, როდესაც 1354 წელსა, ჟამსა მის ისტორიული რომანის დასრულებისა, სტამბოლი ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერატორის ტახტის ქალაქს შეადგენდა, და ოსმალთა დაიპყრეს იგი მხოლოდ 1454 წელსა. თამარ ბატონიშვილს, უწინარეს თავის გათხოვებისა გაიათ ედდინზედ, მიეცა ფიცით სიტყვა გათხოვებაზედ შალვასათვის, ქართველ თავადიშვილისა. თუმცა თამარმა გამოუცხადა ეს საიდუმლო თავის დედასა, მაგრამ რუსუდანმა იძულებით დაარღვევინა თამარს ეს ფიცით მიცემული სიტყვა, პოლიტიკურის მოაზრებითა, რათამცა სიძე მისი, ვითარცა მახლობელი მოსამზღვრე საქართველოს სამეფოსი ყოფილიყო მომხრედ და შემწედ ქართველის ერისა მტერთა შემოსევის დროს.

რომ მოცილე არა ჰყოლოდა რუსუდანის შვილს დავითსა საქართველოს ტახტის მემკვიდრეობაზედ, ამისათვის რუსუდანმა მოაშორა საქართველოს თავის ძმისწული დავით, გიორგი ლაშას შვილი, პირდაპირი კანონიერი მემკვიდრე საქართველოს მეფობის გვირგვინისა, და გააყოლა თან ეს დავითი, ჯერეთ ისევ ყმაწვილი, თავის სიძესა და ქალსა უცხო ქვეყანაში, რათამცა მისთვის მოესპოთ როგორმე სიცოცხლე. მაგრამ სიძემ და თამარმა დიდად შეიყვარეს იგი, ვითარცა ძმა და შვილი. მაინც არ დასცხრა რუსუდან თავის მზაკვარის აზრის განსახორციელებლად; მან კვალადცა მისწერა თავის სიძეს, რომ შენს ცოლს თამარს უყვარს თავისი ბიძაშვილი დავითი არა ნათესაობრივის სიყვარულითა, და შენ დაბრმავებულხარ და ვერა ჰხედავო. ამ საშინელს ცილისწამებას დაერწმუნა სიძე, და ბრძანა ჩაგდება ზღვაში დავითისა; ღვთისმშობელმა, რომლისა წმ. ხატი ყელზედ ეკიდა დავითს, დაიხსნა დარჩობისაგან; შემდეგ ჩააგდებინა იგი სიძე სულთანმა გველებით სავსე ხაროში. ყოვლად მოწყალე ღმერთმა დაიცვა უვნებელად იგი, ვითარცა ძველ აღთქმაში დანიელ წინასწარმეტყველი - ლომთა პირისაგან. შესაძლებელია, რომ ამ დროს, როდესაც დავით ბატონიშვილი იტანჯებოდა ყოვლად უსამართლოდ, თამარიც იქენჯნებოდა და ნამდვილ ამ მდგომარეობაში იქმნებოდა დამწყვდეული თავის ქმრის სულთანის ბრძანებით საკუთრად ციხეში ზღვის პირად, რომელსაც ზეპირ გარდმოცემა აქამდის უწოდებს თამარის ციხედ.

ლოტოკია შემდეგ გადარქმეულა ლაოდიკიად ასურეთის მეფის ანტიოქ II-საგან პატივსადებელად თვისის ცოლისა უწინარეს ქრისტეს შობისა. ეს ქალაქი მოხსენებულია იოანნე მახარებელის გამოცხადებაში, შვიდს ეკკლესიათა შორის მცირე აზიისა: „ვიცანი საქმენი შენი, რამეთუ არცა ტფილი ხარ და არცა გრილი. მეგულვების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა“. ესრეთ აუწყებს იოანნე მახარებელი, ქრისტე მაცხოვრის პირით, თავის წმიდა გამოცხადებაში ანგელოზსა (ეპისკოპოზსა) ლაოდიკიის ეკლესიისას (გამოცხ. იოან. 3,15-16).

ლაოდიკიის ქალაქი მდებარეობდა ფრიგიის სამფლობელოში. ეხლა წარმოადგენს ერთს ღარიბს სოფელსა, სადაც მოსჩანს 20-მდე სახლი ძველის შესანიშნავის ნანგრევებითა დიდად შვენიერთა ძველთა შენობათა.

ვითარცა ვუწყით საეკკლესიო ისტორიიდამ, ლაოდიკიაში იყო ადგილობრივი კრება წმ. მამათა 367 წელსა შემდეგ ქრისტეს შობისა, რომელზედაც დაადგინეს 60 კანონი შესახებ ეკკლესიების კეთილ წესიერებისა და სამღვდელოთა ცხოვრებისა. ქრისტეანობრივი სარწმუნოება დათრგუნვილია ეხლა აქ, დავიწყებული და არ მოიპოვება არცა ერთი ქრისტეს მორწმუნე, ხოლო მაჰმადის სჯულს ღრმად გაუდგამს ძირკვი, რის თვალსაჩინო დასამტკიცებელად მოსჩანს ხუთი მეჩეთი.

31 მაისს ღამით ზღვის ღელვა და ფრთონა იყო და გამომაჩნდა ზღვის სნეულება. კურთხეულ არს განგება უფლისა! ორის კვირის განმავლობაში სრულიად არ შემხვედრია ღელვა და უკანასკნელს ღამეს, ხმელეთს რომ მიუახლოვდით, მხოლოდ მაშინ შემხვდა.

პირველს ივნისს, დილის რვა საათზედ, მივაღწიეთ იაფფის ქალაქის კიდესთან. ნავთსადგური არ არის აქ. ცეცხლის გემიდგან ნავებით გავედით ნაპირზედ. ღელვა აქანებდა ნავს ერთის საჟენის სიმაღლეზედა. ქალებმა და ზოგიერთმა კაცებმა, ზღვის ზვირთების მნახველებმა, ტირილი დაიწყეს, მოელოდნენ ზღვაში დაღუპვას; მადლობა ყოვლად მოწყალე უფალსა, ყოველნი მშვიდობით გავედით ხმელეთზედ. ამავე დღეს პირველ საათზედ წარვედით აქედგან რკინის გზით და საღამოს ექვსს საათზედ, მადლითა ღვთისათა, შევედით წმ. ქალაქს იერუსალიმს.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>