ქართლის ცხოვრება

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი

მეფე გიორგი, პ~ა

ხანსა რაოდენსამე მეფობდა გიორგი და მას ჟამსა შინა იყო კათალიკოზი მელქისედეკ, ძმა მისი.

ხოლო ამას ჟამს წარმოუგზავნა კაცი ხონთქარმან მეფეს გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს, ვითარმედ: „საფლავი ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქუენისანი დაიპყრეს უსჯულოთა და შეაბილწეს, მოვედით სპითა თქუენითა და განაძეთ ესენი და თქუენდა მიმიცემიაო“.

ხოლო, რა ესმა მეფესა გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა და კახეთისასა, და ყოველთავე მორჩილთა ბრძანებისა მათისასა, განიხარეს და შეიყარეს სპა და გაემართნენ. და რა მივიდნენ იერუსალემსა და ესმა მუნა-მყოფთა მისვლა ამათი, წარმოუგზავნა კაცი და ესრეთ შემოუთუალა: „უკეთუ სტუმარი ხართ, მაშ მტერობა რა არისო, და სტუმრად ბევრნი ხართო, და უკეთუ ბრძოლად მოსრულხართ, მცირენი ხართო“. ხოლო ამათ მიუმცნეს ბრძოლად მისვლა. რა ესმა მათ საქმე ესე, გამოვიდნენ და ეწყუნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერად. და მოსცა ღმერთმან ძლევა ქართველთა და საფლავმან ქრისტესმან და გაემარჯუათ. და მეოტნი შევიდნენ ქალაქსა შინა და გაამაგრეს. ხოლო მიჰყვნეს ქართველნი და აართვეს ციხე და ქალაქი და მოსრნეს მუნა-მყოფნი მრავალნი ყოველნივე და განათავისუფლეს ქრისტეს საფლავი და ყოველნი წმიდანი ადგილნი. და მიუმცნეს ხვანთქარსა საქმე ესე და წარმოუგზავნა ხალათი და წყალობა მრავალი: და მოსცა ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯუარის მონასტერი და სხუანი მონასტერნი ყოველნივე ხონთქარმან მათ სიგლითა მტკიცითა. ხოლო განიხარა მეფემან გიორგი და ბატონმან ბაგრატ და ლევან, და წარმოვიდნენ თჳსსა ადგილსა და მოვიდნენ მშჳდობით გამარჯუებულნი და განიხარეს.

და შემდგომად ამისა ათაბაგი ყუარყუარე მიუდგა ხონთქარსა, და რა სცნა ესე მპყრობელმან იმერეთისამან ბაგრატ, შეიყარა სპა თჳსი იმერელნი და მიუვლინა კაცი კახაბერსა გურიელსა, და მოყვა იგიცა ბაგრატს, გარდავლეს მთა და მიუჴდენ ყუარყუარე ათაბაგსა მუჯახეთს. და დახუდა ათაბაგიცა და შეიბნეს და ეწყუნეს ურთიერთას, და იოტნეს ბანაკნი ათაბაგისნი. და მერიქიფემან კახაბერის გურიელისამან, ისაკ ართუმელაძემან, ჩამოაგდო ათაბაგი ყუარყუარე, დაიჭირა და მიართუა გურიელსა და გურიელმან მოართუა ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა. და დაიპყრა ბაგრა საათაბაგო ქრისტეს აქათ ჩ~ფლდ - და გარდაეხუეწა ოთარი შალიკაშვილი, და წარიყვანა შვილი ათაბაგის ყუარყუარესი ქაიხოსრო.

მას ჟამსა გამოჩნდა შაჰ-ისმაელი, ძე შიხისა. და რაჟამს გამოჩნდა ლანგ-თემურ და დაატყუევა შამი, მუნით მოვიდა არდაველს, მუნ იყო ერთი ვინმე შიხი, მოქმედი გრძნებისა, რომელსა მაჰმადიან[ნ]ი ესევდენ დიდად, უჩნდათ სასწაულად მოქმედად.

მაშინ თქუეს ქება მის შიხისა ლანგ-თემურთანა, და თჳთ მივიდა ხილვად მისდა. და ქმნა გრძნება რამე წინაშე ლანგ-თემურისა. ხოლო სათნო უჩნდა ლანგ-თემურს საქმე მისი: უბრძანა, რაცა გნებავს მოგცეო. მაშინ ჰყვანდა ლანგ-თემურს შამელნი დედაწულნი მრავალნი სულნი და სთხოვა შისმან სიმრავლენი მათნი სიტყჳთა ესევითარითა, ვითარმედ: შამელნი,“ რომელნი ტყუედ გიყოფიეს, ესენი არიან მუსურმანი; არა არს ბრძანებული მაჰმადისა, ვითარმედ მუსურმანი ტყუე ყოს მაჰმადიანმან. ესენი მომეც, რათა თავისუფალ ვყო“. მაშინ ისმინა ვედრება შიხისა ლანგ-თემურ და მისცა ყოველი დედაწული და ტყუენი იგი, და უბოძა არდაველი ქალაქი და გარემო სანახები არდაველისა ყოველივე მისი.

ხოლო შიხმან განათავისუფლნა ტყუენი შამისანი: რომელიმე დადგა თჳსთა თანა და რომელიმე წარვიდა ქუეყანასა შამისასა. ხოლო გარდაცვალებასა ლანგ-თემურისასა ქუეყანა ერანისა თჳთოეულად განიყვნენ, და დაიპყრეს მას ქუეყანისა მთავართა თჳთოეულად და რომელიმე ამბავი მათი ცხოვრებასა სპარსთასა ვრცელად წერილ არს.

ხოლო ესე შიხი იყო არდაველს და იყო ბრძოლა ყოველსა სპარსეთსა შინა.

ხოლო ამა შიხის შვილისშვილი მპყრობელმან შირვანისამან მოკლა. დარჩა ძე ერთი და მან იპერა არდაველი და იგიცა უკეთურებისათა თჳსითა მოიკლა, რომელი სპარსთა ცხოვრებასა შინა ვრცელად წერილ არს.

დარჩა ძე ყრმა თჳსი შჳდისა წლისა შაჰ-ისმაელ. და დაუწყეს დევნა სასიკუდინედ მეფემან თავრიზისამან. ხოლო შაჰ-მლუ რომელიმე იყვნენ და წარიყვანეს და დამალეს.

და, რაჟამს მოიწიფა, მოიყვანეს, და დაიპყრო სამეფო თჳსი არდაველი და მიერითგან დაუწყო ბრძოლა ყოველთავე და ყოველივე სპარსეთი დაიპყრო.

 

მეფე ლუარსაბ

ჟამსა ამას მონაზონ იქმნა მეფე ქართლისა გიორგი, და არა დარჩა ძე თჳსი, და მისცა მეფობა ძმიწულსა თჳსსა ლუარსაბს, კაცსა ღმრთის-მოყუარესა, მტერთა ურჯულოთა მომსრველსა და წყობათა შინა უშიშსა, ქრისტეს აქათ ჩ~ფმბ.

და ჟამსა ამას მონაზონ იქმნა ბაგრატცა, მპყრობელი მუხრანისა, და დარჩა ოთხი ძე: ვახტანგ, ერეკლე, არჩილ და აშოთან.

და დაიპყრა ქუეყანა ქართლისა ლუარსაბ. მას ჟამსა იყო კათალიკოზი გერმანე, ტფილელი დომე[ნ]ტი, მროველი გედევან რაჟამს დაიპყრა ქუეყანა სპარსისა შაჰ-ისმაელ, ეწადა მოსვლა ქუეყანასა ქართლისასა და მოვიდა აღჯაყალას.

რაჟამს სცნა მოსვლა შაჰ-ისმაელისა. შეიყარა სიმრავლე სპისა თჳსისა და დადგა ტფილისს, და გამაგრდა ტფილისი. და რაჟამს ესმა შაჰ-ისმაელსა წყობად მოსვლა მეფის ლუარსაბისა, წარმოავლინა სარდალი თჳსი ყარაფირი ლაშქრითა მრავლითა, და შემდგომად განიზრახა და მიაშუელა მისკარბაში ელიასბეგ ლაშქართა მრავლითა, და შემდგომად განიზრახა თჳსგან, ნუ უკუე დაუმარცხდეს ლაშქართა მისთა, თჳთცა აღიძრა და წარმოვიდა.

რა სცნა ესე მეფემან ლუარსაბ, გამოვიდა ტფილისით სპითა თჳსითა და მოვიდა ღელესა თელეთისასა და მუნ განაწყო სპა თჳსი. და რაჟამს მოვიდა ყარაფირი, ეწყუნენ. ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. ესევითარად ეწყუნენ ქართველნი, რომე სიმჴნე მათი სპარსთა ცხოვრებასა დიდად წერილ არს. მოისრა ყიზილბაში ჴელითა ქართველისათა ურიცხჳ, და სძლიეს ქართველთა და იოტნეს ყიზილბაშნი. და ოტებასა მათსა მოვიდა მისკარბაშიცა ელიასბეგ და ოტებულიცა სპა იგი დააბრუნა და თჳსითაცა სპითა შეუტივა ქართველთა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი უდიდეს პირველისა და მოსრეს კუალად ქართველთა ყიზილბაში ურიცხჳ.

და ოტებასა ყიზილბაშთასა აღმოვიდა შაჰ-ისმაილ მთასა თელეთისასა, რომელი არს კერძოთა ტაბაჴმელეთისათა, გარდმოხედა და იხილა სპა თჳსი. მოსრვილი და ოტებული, და განლაღებულნი ქართველნი მათ ზედა ვითარცა ლომნი შეწუხნა და უბრძანა სპათა თჳსთა ყარა ყოინლუსა, ჩამოვიდეს, და შემოუტივეს ყარა ყოინლუ[ს]ღა ქართველთა ზურგით კერძოთა. და ქართველნი დამაშურალ იყვნენ დიდად ომისაგან და იძლივნეს სპა ქართველთა და უკუნ იქცენ.

და წარვიდა მეფე ლუარსაბ ზემო-ქართლად და ენება კუალად შემოყრა ლაშქრისა და მოსვლა შაჰ-ისმაილზედა. ხოლო ვერღარა შეუძლო, რამეთუ დაფანტულნი იყვნენ ქართველნი და ჯარი ვეღარ იშოვნა.

მაშინ წარვიდა შაჰ-ისმაელი და შემოადგა ციხესა ტფილისისასა და აღუთქუა ნიჭი დიდი ციხისთავსა ტფილისისასა. და მოენდო ციხისთავი და მოსცა ციხე და შევიდა ციხესა შინა, და დაიპყრა ტფილისიცა შაჰ-ისმაელ. და მოაოჴრა და შემუსრნა ხატნი და ჯუარნი ჴელითა თჳსითა და აღაშენა ყურესა ჴიდისასა მეჩითი რჯულისა თჳსისა, შეიქცა და წარვიდა თჳსა და დაუტევა ციხესა მცველნი. ხოლო უკეთუ არა მიეცა ციხისთავსა ციხე და მცირესა ხანსა გამაგრებულიყო, მოვიდოდა მეფე ლუარსაბ შაჰ-ისმაელზედა და, უკეთუმცა ღმერთსა ენება, შეამთხუევდა ჭირსა დიდსა.

ხოლო შექცევასა შაჰ-ისმაელისასა მოვიდა მეფე ლუარსაბ და კუალად დაიპყრო ქართლი.

და ამა ჟამსა მოკუდა შაჰ-ისმაელ და დაჯდა მის წილად შაჰ-თამაზ. ხოლო შაჰ-ისმაელი იყო კაცი ჭკუიანი და სავსე ხონჯითა. ამან გამოაჩინა სჯული შიასი და დაუწყო სჯულთა ოსმანთასა გინება, და აღამაღლა სახელი ალიასი, და თჳთ თავი თჳსი ძედ ალისა თქუა. და მიერითგან ირწმუნეს ყიზილბაშთა ძედ იმამისა, არა ხოლო მეფობისათჳს, არამედ ძეობისა მისთჳს იმამისა სწამთ სალოცავად და პატივ-სცემენ მღთაებრ დღეინდელად დღედმდე.

ხოლო ძეთა მისთა, რაჟამს გამეფდა მის წილ ძე მისი შაჰ-თამაზ ესე გამდიდრდა ფრიად: უმეტეს დაიპყრა ქუეყანანი, რომელ[ნ]ი დაუშთა შაჰ-ისმაელს. და ამა ჟამში აეღო მეფესა ლუარსაბს ციხე ტფილისისა და გაამაგრა თჳსად. და სმენოდა ყარაბაღს მდგომსა შაჰ-თამაზსა საქმე ესე და შეეყარა იდუმალ სპა თჳსი რჩეული და წარმოემართა მეფესა ლუარსაბსა ზედა.

ხოლო მას ჟამსა მოჰკუდომოდა მეფესა ლუარსაბს ძე ყრმა მცირე და წარეღო მცხეთას დასამარხავად, და სიყუარულისათჳს მეფე და დედოფალი გაჰყოლოდა. ხოლო მას ღამესა შემოვიდა შაჰ-თამაზ ტფილისად და, უკეთუმცა არა დაეცვა განგებასა ღმრთისასა მეფე ლუარსაბ და არა. გაჰყოლოდა ძესა თჳსსა, ჴელთ დარჩებოდა თჳთ დედოფლითურთ.

ხოლო სცნა მეფემან მისვლა შაჰ-თამაზისა, წარვიდა სიმაგრესა, და ჯარი ვეღარა შემოიყარა, ამისთჳს შაჰ-თამაზ იყო ტფილისად, და ყოველნი ხიზნად განემზადნეს, ხოლო ქალაქი ტფილისისა. დაიპყრა შაჰ-თამაზ, მოსრნა ყოველნი დედაწულნი.

და რაჟამს იხილა ციხისთავმან ტფილისისამან გულბად, სცნა უგრძნობლად შესვლა შაჰ-თამაზისა, შეშინდა მეფისა ლუარსაბისგან ამისთჳს, რომე უგრძნობლად მოსვლისათჳს არა იავარ მყოს, გარდმოვიდა ზემო-ციხით და მოუვიდა შაჰ-თამაზს. რა სცნეს ციხის მცველთა საქმე და წარვიდა ციხისთავი, მათგანიცა რომელიმე წარვიდა თჳს-თჳსად, და რომელიმე მივიდეს შაჰ-თამაზთანა. და შაჰ-თამაზ მისცა ნიჭი დიდი და დაატევებინა სჯული ქრისტიანობისა და დაიპყრა ციხე ტფილისისა და გაამაგრა და თჳთ წარვიდა ყარაბაღად.

და რა სცნა მეფემან კახეთისამან ლევან, შეურიგდა იგიცა. და წარვიდა შაჰ-თამაზ ნახჩუანს სომხითისასა და ურჩნი სომხითისანი დაიმორჩილნა.

და მპყრობელი იმერეთისა ბაგრატ იყო მაშინ სამცხესა, მოვიდა მას თანა ამა მიზეზისათჳს, რომე ოთარი შალიკაშვილი და ძე ყუარყუარესი ქაიხოსრო რომ ხონთქართანა წასულიყვნენ და ამათგან ძალი და ზურგი მოეცათ, ესეცა ბაგრატ ამისთჳს მოვიდა შაჰ-თამაზთანა, რომე ამისგან ზურგი და ძალი მოეცა.

ხოლო თჳთ უცალო იყო შაჰ-თამაზ და ჯარი ვერ აშუელა, მისცა ნიჭი დიდი და გაისტუმრა და თჳთ წარჳდა ქუეით. და რა მივიდა ბაგრატ სამცხესა, ოთარ შალიკაშვილისა და ყუარყუარეს, შვილისა ქაიხოსროსათჳს ხუანთქარს მოეცა ლაშქარი დიდი, სპასპეტად გამოეგზავნა მუსტაფა ფაშა და გამოეტანებინა ზარბაზანი დიდროანი და მოვიდნენ ზემო ქართლსა.

და რა სცნა ბაგრატ, შემთუალა გურიელსა, და მოვიდა გურიელი და ეწყუნენ სპასა ხუანთქრისასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და იოტნეს ბანაკნი ოსმალთანი და მოსრნეს და ივლტოდეს ოსმალნი. და მოკლეს მუსტათა ფაშა და დარჩათ საგანძური და თოფები მათი.

და შემდგომად ამისა წარვიდნენ ხონთქართანა ოთარი შალიკაშვილი და ქაიხოსრო ყუარყუარეს შვილი, და დიდად დაუმძიმდა ხუანთქარსა დამარცხება ჯარისა თჳსისა და გამოუსია აზრუმისა დადიარბექირის ფაშა და ჯარი ურიცხჳ.

და რა ესმა ბაგრატს მპყრობელსა იმერეთისასა დაჰპატიჟა მეფესა ქართლისასა ლუარსაბს და დადიანსა და გურიელსა.

ხოლო მეფესა ქართლისასა ლუარსაბს დაღაცათუ არავინ ეშუელებოდა უსჯულოთა ზედა, არამედ თჳთ რაოდენ ძალ-ედვა არა დაზოგის თავი და წარვიდის და მიეშუელის, რამეთუ ეძჳნებოდა საქართველოსათჳს, ვითარცა მამასა შვილთათჳს, და შეიყარა სპა თჳსი და წარვიდა ბაგრატთანა.

მაშინ ბაგრატს არა შემოეყარა დადიანი, და მოსულიყო გურიელი ჯარითა თჳსითა და შემოეყარნენ იმერელნი და მესხნი. და ხუანთქრის ჯარიც მოსრულიყო ბასიანს და მივიდნენ ესენიცა.

მაშინ ქართველთ მოინდომეს მეწინავეთ მისვლა და მესხთა არა თავს-იდვეს საქმე ესე ამისთჳს, რომე პირველადცა ჩუენ ვყოფილვართ და რიგი გუაქუს მეწინავეობისაო, და აწცა მართებულია, რომ ჩუენ ვიყვნეთ.

ხოლო ქართველთა არა უსმინეს და მიეტევნეს, ქრისტეს აქათ ჩ~ფმე. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე, და მესხთა, წინა მისვლისათჳს ქართველთა, ადრიკეს ზურგი და არა მიჰყვნენ ქართველთა. და მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო. და შემუსრეს ყოველი საჭურველი და საომარი ქართველთა, და არღარა ჰქონდათ საბრძოლველი და დამარცხდა ჯარი საქართველოსი, და ივლტოდენ და წარვიდენ ყოველნივე თჳს-თჳსად. და წარვიდა ბაგრატ იმერეთს და მეფე ლუარსაბ ქართლისა.

და მაშინ ჩამოდგნენ ურუმნი და, რომელიცა შეიპყრეს, სრვიდენ უწყალოდ. და წარვიდა გურიელი თჳსად სამყოფად და ყოველ[ნ]ივე თჳს-თჳსად წარვიდენ.

ხოლო ურუმნი დადგნენ სამცხეს და დაიპერეს ციხეები სამცხისა განზრახვითა ოთარ შალიკაშვილისათა. ესრეთ ეტყოდა ოთარი: „უკეთუ დაიპყრობთ სიმაგრეთა სამცხისათა, ესე ქუეყანა მკჳდრად თქუენდა იქმნებისო“.

და ჟამსა ამას შიგან მესხთა ათაბაგ ყვეს ქაიხოსრო ძე ყუარყუარესი. და დაემძახლა პატრონსა მუხრანისასა, და მოიყვანა ცოლად აშოთან მუხრანის ბატონისა ასული და ეწოდა სახელად დედისიმედი. და იყო ქალი ესე გლისპი და შეუპოვარ და ლაღი. და რაჟამს სცნეს საქმე ესე ათაბაგმან და ოთარ შალიკაშვილმან, რომე დაიპყრეს ოსმალთა სიმაგრენი და ციხეები სამცხისანი და ფრიად მძლავრობდენ და უსამართლობენ ქუეყანასა სამცხისასა, მაშინ განიზრახნეს ათაბაგმან და ოთარ საქმე რამე სარგებელი ქუეყანისა თჳსისა: წარავლინეს მოციქული შაჰ-თამაზთანა და ესრეთ მიუთხრეს, ვითარმედ: „ძუელითგან ქუეყანა ესე სამცხისა მკჳდრად სპარსთა მეფეთა ყოფილ არს, და აწ, თუცა გნებავსთ, გაქუს შეწევნა და უფლება საქმისა ამის, რათა თქუენდა იყოს. მოგუეც შეწევნა და ნურღარა აუფლებ ჩემ ზედა ოსმალთა და თქუენდავე იყოს ქუეყანა ჩუენი, და გმორჩილობდეთ შენ, ვითარცა პირველ“.

ხოლო ესმა რა ესე შაჰ-თამაზს, განიხარა და წარმოვიდა სამცხედ სიმრავლითა ჯარისათა.

და რაჟამს ესმა ესე სულთანს სულეიმანს, წარმოვიდა იგიცა ლაშქრითა მრავლითა და ესრეთ განიზრახა: ვინათგან შემიორგულდა ოთარიცა და ათაბაგიცა და არღარა ნებავს უფლება ჩემი მათ ზედა, აწ მეცა მუნ წარვალ და შევმუსრავ და იავარ-ვყოფ ციხესა მათსა, რომელ არს ქაჯეთი; და არა მივსცე სპარსთა ქუეყანა იგი.

და ვითარცა სცნა შაჰ-თამაზ წარმოსვლა ხონთქრისა, ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა შაჰ-თამაზს სულთან სულეიმანისა, მოიპოვა ღონე ესევითარი და შემოუთუალა ოთარსა, ვითარმედ: „ესე უწყოდე, არას კეთილისათჳს და არას საქმითა არას ფერობით მე შენ მოუკლავს არ გაგიშუებო“. და, რა ეს წიგნი ოთარს მოუვიდა, ოთარმა სულთანს გაუგზავნა და ესრეთ მიუწერა: „თქუენცა მიწყრებითო და უფროსად ყაენი მიწყრებაო: „რა ვქნა აწ მეო, მოსამართლე ღმერთი იყოს შუა თქუენსა და ჩუენშიაო“. და იპრიანა ღმერთმან. და შეიბრალა სულთანმან და უკუნ-იქცა, და არღარა წარვიდა სამცხეს და შეიქცა თჳსად.

ხოლო მპყრობელი იმერეთისა ბაგრატ რაჟამს შეიქცა საბატონოსა თჳსსა, აწჳა დადიანი ლევან ჭალასა ხონისასა, უღალატა და შეიპყრა დადიანი ლევან ამის მიზეზისათჳს, რომ მაშინ ურუმზედ დადიანმან არ ულაშქრა. და ესე რა შეიპყრა, გაუგზავნა გურიელსა კაცი და ესრეთ შეუთუალა: დადიანი“ დავიჭირე და ჴელთ მყავსო, წარვიდეთ ოდიშს, ვილაშქროთო, ნახევარი შენი იყოსო და ნახევარი ჩემიო“.

და რა ესმა ესე გურიელს, იფიქრა და თქუა ესრეთ: დადიანი“ შეუპყრია და ოდიშს დაიპყრობს და მერმე ჩემს ქუეყანასაც წამართმევსო და სულ გაიერთებსო, - და ეგრეთაცა სწადდა ბაგრატს და აღარ მიუდგა გურიელი.

და მეფემანც ასე გასინჯა; არამც გურიელი და ოდშარნი გაერთდენო და მერმე ჩემზედ ბოროტნი გაიზრახონო, დადიანის თუალების დაწვა სწადოდა, აღარ დასწვა და გელათს სამრეკლოში დაატყუევა.

სცნა რა ესე ათაბაგმან ქაიხოსრო დადიანის ტყუეობა, შემოუყვნა ჩხეიძე ხოფილანდრო, გააპარა იქითგან და მიიყვანა ათაბაგთანა. მოიმჴრო ათაბაგმან გურიელი და ჩაიყვანა ოდიშს და გააბატონა.

ამას ჟამსა გურიელი გაუწყრა ხონთქარი ამისთჳს, რომ მაშინ ბასიანს, თუ შენ ბაგრატს არ მოჰყოლოდი, იმდენს ჯარს ვერ ამომიწყუეტდაო ბაგრატო. გამოუსია ჯარი და მოვიდნენ ბათომს და დაუწყეს ციხეს შენება კატარღებითა და ნავებითა.

შეიყარა გურიელმან სპა თჳსი და წარვიდა ოსმალთა ზედა. მოუმართა ღმერთმან ჴელი და გაემარჯუა, ჴმელეთიდამ გააგდო და ზღუაში შევიდნენ ნავებითა, და აღუდგა ღელვა და ჭოროხს გაღმა გავიდნენ. მაშინ იყო წყალდიდობა და ჭოროხს ცხენით ვეღარ გავიდნენ და მივიდნენ გონიასა და ციხეს დაუწყეს შენება. დაიწყეს სიმაგრე ოსმალთა და ჭანეთი ამოსწყჳტეს, წაართუეს გურიელსა და თჳთ დაიჭირეს.

მაშინ ჰპატრონობდა ბაგრატ იმერეთს და ეპყრა იმერეთი. მიუვლინა კაცი გურიელმან დადიანს ლეონსა და როსტომს: უკეთუ ამათ მიერ წამაჴდინეს, მას უკან თქუენზედაც მოიწევა ამათ მიერ დიდი ვნება“.

მაშინ დადიანმან შემოიკრიბნა სპანი თჳსნი და აფხაზნი, წარმოვიდა, რიონის ლიმონში დაისაიგურეს.

სცნა რა ესე ბაგრატ, ვინათგან დადიანმან გურიელს უშუელა, უფროსად გაერთებიანო, გაეგზავნა ძმა თჳსი ვახტანგ ხუთასის კაცითა შემწედ გურიელისა, ესრეთ დავედრა, ამას ეცადე, რომ დადიანი გურიელს [არ] მიეშუელოსო.

და წარვიდა ვახტანგ და მივიდა საჯავასოს და მაშინ შეუთუალა დადიანს, ვითარმედ: „მე ხომ შენი ფიცი ვარო, ესე უწყოდე, რომე ჩემს ძმას ბაგრატს და გურიელს ერთი პირობა აქუსთ, და რაჟამს მოხვალ გურიას, დაგესხმიან თავსა და მოგკვლენო“. სცნეს რა ესე მეგრელთა, მოშიშართა არღარა წარმოვიდნენ რიონითგან, და მივიდა ვახტანგ გურიელთანა ბათომსა, როსტომ გურიელი და გურიელნი იქ დახუდენ. ვინათგან დადიანი ვეღარ მოეშუელა, კატარღა და ნავები ვეღარ იშოვნეს და ვერცაღა განვიდენ გაღმა. მაშინ ოსმალთა სცნეს რა ესე, აღაშენეს ციხენი და დაიპყრეს ჭანეთი.

და შემოიქცა ვახტანგ თჳსად სამყოფსა და ამას ჟამსა შინა მიიცვალა ბაგრატ. და დამარხეს გელათს. და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი.

და ეპყრა როსტომს გურია წელსა ი~ბ, და მიიცვალა იგიცა და დაეფლა შემოქმედს. და ესუა როსტომს ძე სამი, და უმრწმესსა ეწოდა გიორგი და დასუეს გურიელად. და ერთი დაჲ მისი დადიანის შვილს ჰყვანდა ცოლად, და, რა მოკუდა როსტომ გურიელი, მაშინ განუტევა ქალი მისი დადიანის შვილმან და წაართუა ბიძასა თჳსსა ცოლი და თჳთ შეირთო, და განრისხდა ღმერთი.

და გამოჴდა ხანი რამე, და კუალად გაერთდენ გიორგი გურიელი და დადიანი. შეირთო ასული დადიანისა გურიელმან, და მცირეთა ჟამთა შინა განუტევა გურიელმანცა ქალი დადიანისა ამისთჳს, რომე პირველ ამისი დაჲ იმისმან შვილმან განუტევა.

სცნა რა ესე გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, ვინათგან მტერ ექმნეს ურთიერთას დადიანი და გურიელი, ამ გიორგის ჰყვა ერთი ქურივი რძალი და მისცა გურიელსა თჳსის ქალის მაგიერად და ესენიცა ...

მაშინ იწყეს შურობად და ლაშქრობად დადიანისა და ვერ ეძლო წინააღდგომა მათი დადიანსა, გარდაიხუეწა და წარვიდა სტამბოლს, მივიდა და შეეხუეწა სულთანსა. მაშინ შემწე ეყო სულთანი დადიანსა და მისსა ჯარი აზრუმისა და ტრაპიზონისა. წარმოვიდნენ და მოიწივნეს სატყეპელას.

ხოლო, სცნა რა საქმე ესე გურიელმან, ვინათგან შემწე ეყო სულთანი და გამოგზავნა დადიანი დიდის ჯარითა, მაშინ მოიპოვა. ღონე რამე და იწყო ხუეწნად დადიანისა, და წარავლინა მოციქული, და მისი სისხლად ფლური ათასი დადიანსა. და შერიგდენ.

მაშინ გიორგი, მპყრობელი იმერეთისა, ვინათგან ახალი ბატონი იყო, სუსტად ეპყრა საბატონო თჳსი. მაშინ მოიჴმო გიორგი ჯავახ ჭილაძე. და უღალატა და მოკლა. სცნა ესე გურიელმან გიორგი, დიდად ეწყინა: შერიგდენ დადიანი და გურიელი და დაანებეს, და ნახევარი გურიელმან დაიჭირა და ნახევარი დადიანმან. ხოლო მას ჟამსა შინა დადიანი მოკუდა ესრეთ, რომე ნადირობაში ჯაიანმან ცხენი შეაძგერა და მოაკუდინა დადიანი. მაშინ დასუეს დადიანად უფროსი ძე მისი გიორგი.

სცნა რა ესე გურიელმან გარდმოიბირა უმცროსი ძმა მისი მამია, მიიყვანა გურიას. და შერთო დაჲ თჳსი ცოლად. მაშინ ულაშქრა გურიელმან და წარვიდა თჳთცა და მივიდეს ზუგდიდს. შეიბნეს და გაემარჯუა გურიელსა და გარდააგდეს. დადიანი გიორგი და დასუეს ძმა მისი მამია დადიანად, და თჳთ გურიელი წარვიდა თჳსადვე.

მაშინ დადიანმან გიორგი იშოვა ლაშქარი აფხაზისა, ჯიქისა და ჩერქეზისა. და ათხოვა კუალად გურიელმან ჯარი სიძეს. თჳსსა მამიას და შეიბნენ. კუალად გაემარჯუა მამიას და გაექცეს გიორგი დადიანი.

მაშინ დაუწმო ლაპარაკი გიორგის, მპყრობელს იმერეთისასა გიორგი დადიანმან და პატრონმან იმერეთისამან პირი მისცა შუელისა. და გიორგი დადიანმან ასე შემოუთუალა: „რათგან ჩერქეზის ქალი ერთი თქუენ გყავსო და ერთი გურიელსაო, მესამე დაჲ გაუთხოვარი, თქუენ რომ ზრდით, ეგ მე მომეცითო, თუარამ რით გენდოო“. ბატონმან გიორგი გურიელს ჰკითხა: „მივსცე, თუ ნუო“? გურიელმან ესრეთ უთხრა: „მე იმას ქალი დაუგდე და სისხლი გამომართუაო, იმან მე დაჲ დამიგდო და სისხლი მომცესო“. და ეს სიტყუა შეუთუალეს გიორგი დადიანსა. დადიანი დაჰყვა სისხლის მიცემასა, და თეთრი არა ჰქონდა - გარდავარდნილი იყო - და ხოფი, რაც გურიელს სისხლი მიეცა, იმთონის გირაოდ მისცა. და მისცეს მესამე ჩერქეზის ქალი გიორგი დადიანსა, და სამნივ ქჳსლნი შეიქმნენ და დამოყურდენ, და მამა დადიანმანც ნება დართო: რათგან უფროსი ძმა არის, მისი წესია დადიანობა და მანცა დაანება. მამია დადიანს ლომკაცი ჭილაძისეული და რევაზისეული დაანებეს და შეირიგეს, და იქმნა მიერითგან მშჳდობა სამსა საბატონოსა შუა.

სცნა რა ესე დათულიამ, ბიძამან დადიანისამან, შეიყარა საჯავახოელნი და წარმოვიდა საღალატოდ გიორგი დადიანისა. აგრძნა საქმე დადიანმან და ვეღარ უღალატა და წარვიდა თჳსად საჯავახოდ დათულია. მაშინ დადიანმან გიორგი და ძმამან მისმან მამია და ბატონმან გიორგი შეუთუალეს გიორგი გურიელსა, მიუწერეს ესრეთ: „რადგან დათულიას ღალატი შეაჩნდაო, აწ შენ მაგას უღალატე და მოკალო და საჯავახო შენ დაიპყარო“.

მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭირა დათულია და დაატყუევეს ოზურგეთს, და საჯავახო თჳთონ დაიპყრა. კუალად შეუთუალეს გურიელსა, რომე მოკალო, და გურიელმან არა მოკლა. და მას უკან ამათ გაგზავნეს კაცი და მოაშთუეს დათულია.

ჟამსა ამასა შინა მიიცვალა გიორგი დადიანი, და დაიპყრა კუალად დადიანმან მამია ოდიშს და გადადიანდა. მაშინ დაშთა დადიანს ესეთი შვილი ვაჟი და ეწოდა ლევან. და განარისხა ღმერთი გურიელმან გიორგი, და წაართუა დედასა მისსა და წარმოიყვანა ყრმა იგი და შხეფის ციხეში დაატყუევა. და ვეღარ გასძლო ყრმამან მან ტყუეობა და გალავნიდან გარდმოვარდა და მოკუდა. და იყო იმერეთისა მპყრობელსა და დადიანსა და გურიელს შუა მშჳდობა და ერთობა.

და რაჟამს შეიქცა სულთანი სულეიმან, მაშინ შაჰ-თამაზ ქუეით იყო, უწყეს ქართველთ მეფემან კახმან ბატონმან და ათაბაგმან რბევა ადრაბაგანსა და ოჴრება.

მაშინ განუდგა შაჰ-თამაზს მპყრობელი შაქისა, ძე ასან-ბეგისა. სახელით დავრიშ მაჰმად. და რაჟამს გაბრუნდა სულთან სულეიმან, შემოიყარა ჯარი ყარაბაღს შაჰ-თამაზ. რამეთუ მორჩილებდა ასანბეგ შაჰ-თამაზსს. ხოლო ძემან მისმან დავრიშ მაჰმად არღარა მორჩილ ექმნა და უკუდგა. ამისთჳს შემოიმარა ჯარი შაჰ-თამაზ ყარაბაღს და მოუგზავნა კაცი კახ-ბატონს ლევანს და ითხოვა მისგან შეწევნა.

წარმოვიდა და მოვიდა ლევან, და დაემორჩილა შაჰ-თამაზს, რამეთუ ოდეს მორჩილობდა ასან-ბეგ დევრიშ მაჰმადის მამა შაჰ-ისმაილს, მაშინ ეს ლევან მიუჴდა ასან-ბეგს შაქის და მოკლა ასანბეგ, და მოარბია შაქი, შემდგომად ამისა მოიყვანეს შაქელთა ძე მისი დევრიშ მაჰმად და დასუეს ბატონად. და მიერ ჟამითგან მტერ იყვნენ ბატონი ლევან და დევრიშ მაჰმად. და რა შეიყარნენ ესენი, მაშინ წარავლინა შაჰ-თამაზ ლაშქარი თჳსი შირვანს.

რა სცნა დევრიშ მაჰმად, დაესსა თავსა და მოსრა ლაშქარი მრავალი. ხოლო, სცნა რა ესე შაჰ-თამაზ დევრიშ მაჰმადისაგან საქმე ესე, ქრისტეს აქათ ჩ~ფმვ, შეიყარა და წარვიდა შირვანს. რა სცნეს შაქელთა მისვლა შაჰ-თამაზისა, შეშინდეს ფრიად. მაშინ მისწერა შაჰ-თამაზ წიგნი დევრიშ მაჰმადს, ვითარმედ: „მოდი ჩემ თანა და მიპატივებია დანაშაული შენი“. და მან არა ისმინა, და გაამაგრნა ციხენი და სიმაგრენი თჳსნი და დადგა მტკიცედ.

და ესმა შაჰ-თამაზს საქმე მისი, წარავლინა ბატონი ლევან და სხუა ხანნი, ორი თჳსი სარდალი და სპა. და, რა მივიდნენ შაქის, მოაოჴრეს შენი და უშენი, და მოადგნენ ციხესა მას, რომელსა შინა იყო დევრიშ მაჰმად. ვერღარა ეძლო ხანსა რაოდენსამე გამაგრება ციხისა მის და განვიდა ღამე და ენება იდუმალ განრინება. და რაჟამს განვიდა დევრიშ მაჰმად, სცნა ბატონმან ლევან, წარვიდა და მიეწია, შეიბნენ და გაემარჯუა ბატონს ლევანს: და მოკლეს ლაშქართა ლევანისათა დევრიშ მაჰმადი. და მოართუა თავი მისი ლევან შაჰ-თამაზს და მისცა მრავალი წყალობა ბატონს ლევანს შაჰ-თამაზ და წარავლინა ბატონი ლევან თჳსსა ალაგსა და თჳთ წარვიდა ყარაბაღს.

და რაჟამს მივიდა ყარაბაღად, არა დაცხრა მტერობად მეფისა ლუარსაბისა და მოიქცა კუალად ტფილისად და ააოჴრა ტფილისი და გარემონი ტფილისისანი, და აღიღო ციხე ტფილისისა, და შეაყენნა მცველნი თჳსნი.

ხოლო ლუარსაბს ვერარა უყო, და ენება მტერობა ქართლისა ამისთჳს, რამეთუ მეფემან ლუარსაბ ჟამსა თჳსსა არცა ჰმონა ყაენსა და არცა ხონთქარსა ამისთჳს, რომე თუცა დამორჩილებოდა, სხუანი ყოველნი მონობდენ და, თუმცა ესეცა დამორჩილებოდა ქუეყანა გათათრდებოდა და სახარკოდ შეიქნებოდა; ამისთჳს მრავალჯერ ამოსწყჳტა ხუანთქრისა და ყაენის ჯარი მეფემან ლუარსაბ.

ხოლო ამას ჟამსა შინა მოიპოვა ღონე ესე შაჰ-თამაზ: ეზრახა ათაბაგს ქაიხოსროს და სთხოვა ცოლად ტომისაგან თჳსისა. ხოლო ათაბაგს თჳსი არა ჰყვანდა რა, და ენათესავებოდა ოთარი შალიკაშვილი ათაბაგსა, ამისთჳს ნებამყოფლობით გამოართუა ქალი და ნათესავად თჳსად გაუგზავნა ყაენს და ყაენმან შეირთო ცოლად.

და რაჟამს შეირთო, ესე იყო საყუარელ ყაენისა, შეიქმნა წყობა შაჰ-თამაზსა და ათაბაგს შუა. რა სცნა ლუარსაბმეფემან ათაბაგის შაჰ-თამაზის დამორჩილება, ეზრახა ლუარსაბ იჯუსა და შერმაზენს, შეიყარა ესენი და მიუჴდა ათაბაგს ქაიხოსროს, და წაუღო თემი მრავალი და აუოჴრა. ხოლო ქაიხოსრომ მიუწერა შაჰ-თამაზს, ვითა: „მოვიდა მეფე ლუარსაბ და ააოჴრა ქუეყანა ჩემი, და ისკანდარ ფაშა აზრუმისაც მომავალი არის“.

რა სცნა ესე შაჰ-თამაზ, შაქისი რომ დაიპყრა, ჯარი ისევ ჰყვანდა მოუშლელად, წარმოემართა. და მოეგება ათაბაგი ქაიხოსრო წინა წარუძღუა და მიიყვანა სამცხედ. ხოლო შაჰ-თამაზ ძე მისი მირზა-ისმაილ გაგზავნა კარსა. და მივიდა მირზა-ისმაილ და დაიპყრნა სიმაგრენი და ამოსწყჳტა კარი და, რაოდენნი ოსმალნი იყვნენ, განსდევნა. და შევიდა სამცხეს შაჰ-თამაზ და დაიპყრა ციხენი და განასხნა ოსმალნი. და რომელნიმე განდგომილნი ათაბაგისნი ციხესა შინა იყვნენ, აღიღო ციხე და ტყუე ყვნა, და ეკლესია, რომელი იყო მას შინა, ააოჴრა, ხატნი და ჯუარნი დაამტვრივნა. და რაჟამს სცნეს ომან და შერმაზან, შეშინდენ და მივიდნენ შაჰ-თამაზისა თანა, ივჯუზაცა მივიდა. და შეაბეზღეს ივჯუშ და შერმაზან შაჰ-თამაზს, ვითარმედ ესენი არიან უარისმყოფელნი თქუენნი. მოაკულევინა შაჰ-თამაზ ივჯუზ და შერმაზ. ან და მამული მათი მისცა ათაბაგს ქაიხოსროს.

და რაჟამს განაგო ყოველი საქმე ზემო ქართლისა. წარმოემართა მეფესა ლუარსაბზედა, ჩამოვლო თრიალეთი და მოაოჴრა და წარმოვიდა საბარათაშვილოზედა და იგიცა ააოჴრა, მივიდა და მოადგა ციხესა ბირთჳსისასა. და დადგა ხანსა მცირესა და, რა სცნა სიმაგრე ციხისა, ეზრახა ციხეს მყოფთა ბარათიანთა და აღუთქუა ნიჭი და გამოინდო ისინი. ხოლო არღარა დაინდო: რომელნიმე ტყუე ყო და რომელნიმე დაადგინნა თჳსსა მამულსა ზედა.

ხოლო მეფისა ლუარსაბისა ჩუეულება ესრეთ იყვის: უკეთუ ჰყვანდის ჯარი, პირდაპირ არ დარიდის, რაგინდ რომ დიდი ჯარი იყვის, და, უკეთუ ჯარი არა ჰყვანდის, დააცალოს და უყურებდის და, სადაც რომ დააჴელის თარეში, ანუ მცირე რამე ჯარი, შემართის და ეწყჳს, და ბრძოდა ძლიერად და ამოსწყუეტდა მცირითა კაცითა ფრიადსა ჯარსა თათართასა.

მაშინ გარდავიდა შაჰ-თამაზ და ჩავიდა გორსა და აღიღო ციხე გორისა, და ციხე ვერისა და გარემონი ციხენი ყოველივე, და მიადგა ციხესა ატენისასა, რომელ არს თავსა საცივისასა, რამეთუ მას შინა დედა ლუარსაბისა და მრავალნი თავადთა ჯალაბნი და თავადნი იყვნენ, და ამისთჳს იწყო ბრძოლა ძლიერად. და ხანსა რაოდენსამე შინა აღიღო და ტყვე-ყო დედა ლუარსაბისა, ქრისტეს აქათ ჩ~ფნვ, და მრავალნი თავადთა ჯალაბნი და მრავალნი სხუა ტყუენი ყოველნივე ტყუე ყვნა და წარვიდა.

ხოლო, რა სცნა მეფემან ლუარსაბ ტყუეობა დედისა მისისა და თავადთა მისთა, განუდგა კუალსა მისსა, დაეწია უკანა ჯარსა და მოსრნა მრავალნი ყიზილბაშნი და წარუღო მრავალნი ბარგნი, ხოლო დედა თჳსი ვერღარა იჴელთა.

და რა მივიდა ერევანს შაჰ-თამაზ, მასინ სცნა დედამან ლუარსაბისამან გაუპატიავება თავისა თჳსისა; და შესუა წამალი სასიკუდინე, და მოიკლა თავი თჳსი, და არა შეიმთხჳა უპატიობა თავსა თჳსსა.

მაშინ მოიქცა მეფე ლუარსაბ მწუხარედ დატყუეებისა დედისა თჳსისათჳს და ქუეყნის აოჴრებისათჳს.

ხოლო შაჰ-თამაზცა წარვიდა ადგილსა თჳსსა და ციხესა ტფილისისა ეპყრა შაჰ-თამაზს. და მაშინ დასუა ყაზახის ადგილსა და შამშადილუსა ხანი თჳსი, ხოლო პირველად ეწოდა რანი ქუეყანასა ამას. და დასუა სულთანი განძას, ბარგუშათს და შაქისს, და უთავა სულთანი განძისა. და ამცნო მათ: „უკეთუ ემტეროს ლუარსაბ ციხესა ტფილისისასა, რათა ესენი მწე ექმნებოდეს ტფილისის ციხესა შინა მყოფთა თათართა“.

და შემდგომად ამისა ეძჳნდბოდა ლუარსაბს პყრობა ციხისა თათართა მიერ და გარემოს ქუეყნებისა, შეიყარა სპა და წარმოემართა მას ზედა, რაოდენიცა ეპყრათ თათართა კერძონი საბარათაშვილოსანი, ქუეყანა და ციხე, ყოველივე წაართუა და თჳთ დაიპყრა თჳნიერ ტფილისის ციხისა.

და რა ესმა ესე სულთანს შავერდის განძისასა, შეიყარა სპა ყარაბაღისა და, რომელიცა ჩინებულ იყო შაჰ-თამაზისა მიერ, ყოველგვე შემოიყარა და წარმოემართა მეფესა ლუარსაბსა ზედა. და რა დაახლოვდენ პირისპირ, მეფემან ლუარსაბ პირისპირ მინდვრად ომი არა ინება და მივიდა გარის[ს].

ხოლო ესხნეს მეფესა ლუარასბს სამ ძე: სჳმონ დავით და ვახტანგ.

და გაუდგნენ ყიზილბაშნი კუალსა მისსა. მაშინ ლუარსაბ მოუძლურებულ იყო დღითა, და ძე თჳსი სჳმონ თან მოიყენა. მაშინ აახლნა სპანი თჳსნი სჳმეონს და თჳთ უკანა დადგა, და იახლნენ თან ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისგანნი. მოვიდნე ყიზილბაშნი და რა იხილა ბატონიშვილმან სჳმონ და ქართველთა, შემოუტივა ვითარცა ლომმან ჯოგთა კანჯრისათა. მიეტევნენ და ბრძოდენ ფიცხლად ქართველნი, და მოსრეს ყიზილბაში ურიცხჳ, და იოტეს ბანაკი მათი. და ივლტოდა სულთანი შავერდი და სხუანი სპანი ყიზილბაშისანი და დაიფანტნენ ტყეთა შინა. ხოლო მაჰმად სულთან დაიარებოდა შეშინებული ტყეთა შინა, მაშინ იხილა მეფე ლუარსაბ მცირედითა კაცითა მდგომარე; და უღონო იქმნა სულთან მაჰმად, ხოლო არღარა ჰქონდა გზა წარსვლისა, შემოუტივა მეფესა ლუარსაბს. მაშინ განმჴნდენ ეპისკოპოზნი და მჴცოვანნი იგი ერის-კაცნი, რომელნიცა ახლდეს მეფესა, და ვითარცა იქმნენ წლისა ოცდაათისა, და მიეტევნენ ყიზილბაშთა, და შეიქმნა ომი ძლიერი. და იოტნეს ბანაკნი მაჰმად სულთნისა და მოსრნეს მრავალნი მათგანნი.

და იხილა მეფემან ლუარსაბ მაჰმად სულთანი. მაშინ შუბი გატეხილი ჰქონდა მეფესა ლუარსაბს. და ყოველი საბრძოლო იარაღი დაემტვრია, შეუტია ცხენითა და შეაძგერა ცხენი მაჰმად სულთნისა ცხენსა და ქუე დაახეთქა ცხენ-კაცითურთ. შემდგომად ამისა სხუასა შეუტივა და გზასა ზედა შეხუდა თხრილი რამე და ჩავარდა ცხენის ფეჴი დანახეთქსა მიწისასა და წაექცა ცხენი მეფესა ლუარსაბს. მოუჴდა ყიზილბაში ერთი, რომელსა ერქუა ზაქირ, და სცა მახჳლი და სწელა სასიკუდინოდ მეფე ლუარსაბ, და შეჯდა თჳთ მეფის ლუარსაბის ცხენსა და ივლტოდა. მაშინ დევნა დაუწყეს ქართველთა და მიეწივნენ; და მოკლეს იგიცა და სულთან მაჰმადცა და, რაოდენნიცა იხილეს ყიზილბაშნი, მოსრნეს პირითა მახჳლისათა.

მაშინ სჳმონ სდევდა ყიზილბაშთა და სრვიდა. და მიართუეს ამბავი ბატონიშვილი და მოვიდა მამისა თჳსისა თანა, ხოლო ყიზილბაშნი წარვიდნენ განძას.

ხოლო ლუარსაბ იცოცხლა დღენი რაოდენნიმე და მიიცვალა მეფე ლუარსაბ მოწამე, მსგავსი ვახტანგ გორგასალისა. უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არა ექმნა, ახალამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და, რაოდენნიცა დღეს. სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ჴრმლისა მისისაგან არიან: რამეთუ ესე ლუარსაბ იყო კაცი ბრძენი და გონიერი მოშიში ღმრთისა და მორწმუნე სჯულიერად, ღუაწლ-მრავალი და ბრძოლასა შინა მჴნე და ახოვანი და მბრძოლი, ლომებრ ძლიერი და სარდალი კეთილი. და აღიღო პატიოსანი გუამი მისი და დაფლეს სამარხოსა მისსა მცხეთას ღვთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა. და იქმნა გლოვა დიდი და მწუხარება ქართველთა მიერ. მიიცვალა მეფე ლუარსაბ ქრისტეს აქათ ჩ~ფიზ.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>