ქართლის ცხოვრება

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი

და ამა ჟამსა შინა მომკუდარიყო დადიანი ლევან ხოლო შემოიყარა ალექსანდრე, მპყრობელმან იმერეთისამან, ჯარი, ჩავიდა ოდიშსა. და ვერა წინააღუდგენ, და დაიპყრა ოდიში და მრავალი ბოროტი მოაწივა ოდიშსა და იძია შური პირველი, რომელი ყო დადიანმან მათ ზედა, ვითარცა ბრძანებს წმიდა სახარება: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოსო თქუენ“, და ზედა დაგერთოსო. აიკლო საქონელი დადიანისა და საუნჯენი მისნი ყოველნი მისნი ყოველნივე თჳთ დაიპყრა და ტყუედ ყო მრავალნი ოდიშარნი. მრავალნი იყვნეს სრულიად ოდიშიდამ იმერელთა. და გამოართვა დიდებულთა ოდიშართა შვილები მძევლად და თჳთ დიდებულნიცა შეიპყრნა, დააჴსნევინა თავი, ხოლო ძენი მათნი მძევლად წამოასხა და დასუა მუნ დადიანად ვამიყ, ძმისწული ლევან დადიანისა და წარმოვიდა ალექსნდრე ნაშოვნითა მრავლითა და მოვიდა იმერეთს.

ხოლო განუყო ქუეყანა დადიანს: დაიპყრა უნაგირას აქეთი ალექსანდრე და უნაგირას ჩაღმართი დადიანს მისცა.

ხოლო ესე ვამიყ დადიანი იყო კაცი შეუფერებელი სიდიდისა და შეუგვანი. კუალად იყვნენ დადიანის ძმისწულები მამუკა და ლიპარიტ, ესენი არა უდებდენ თავსა დადიანსა და არცა მორჩილებდენ. რამეთუ არა თავს იდვეს დადიანობა მისი, წარვიდენ და შეეხუეწნენ ათაბაგს როსტომს ფაშასა და კუალად როსტომ მეფესაცა დაუწყეს ლაპარაკი და შემწედ იჴმიეს, რამეთუ მარიამ დედოფალი ახლოს ნათესავი იყო ამათი, და სთხოვეს ჯარი.

ხოლო როსტომ მეფემან გაატანა ავალიშვილი და ციციშვილები და სხუანი ჯარნი მრავალნი და როსტომ ფაშამანც გაატანა საათაბაგოს ჯარი. წარმოვიდნენ და ჩავიდნენ გურიას, და წაჰყვა გურიელი ქაიხოსრო თანა ჯარითა და მივიდნენ ოდიშსა და შემოყარნეს ოდიშარნიცა.

და ვითარცა სცნა საქმე ესე იმერეთის მპყრობელმან ალექსანდრე, შემოიყარა სპანი თჳსნი, წარვიდა და განვიდა ცხენისწყალსა. ხოლო მიქელაძე და ჭილაძე უწინაც ლევანს დადიანს ახლდენ და წარვიდნენ და მივიდნენ მამუკასა და ლიპარიტ[ი]სა თანა, და მოვიდნენ იგინიცა. და შეიყარნენ ბანძას და შეიბნენ მენ და იქმნა ომი ძლიერი. და გაემარჯუა მპყრობელსა იმერეთისასა. ალექსანდრეს და დაჴოცნა მრავალნი ოდიშარნი თავადნი. და მაშინ დანირჩინეს ქართლის თავადები და აზნაურ[ებ]ი და მესხნი და ყოველთავე და[ა]ჴსნევინა თავები, და, რომელნიც იყვნენ ოდიშარნი განდგომილნი, ყოველივე დაიმორჩილა და შემოირიგა. და კუალად მტკიცედ დაიპყრა ოდიში და დასუა მუნვე ვამიყ დადიანად. და მიადგა ქაიხოსრო გურიელსა და ვეღარ დაუდგა ქაიხოსრო გურიელი, მოვიდა და შემოეხუეწა იგიცა ალექსანდრეს. და შეირიგა გურიელიცა და მისცა შვილისშვილი ბატონის თეიმურაზის, ქეთევან, ცოლად გურიელს ქაიხოსროს და მოიმოყურა.

ესე ქაიხოსრო გურიელი იყო კაცი მჴნე და ახოვანი და ბრძოლასა შინა გამოცდილი.

ამას შიგან მოვიდა ბატონი თეიმურაზსა, და მას ჟამსა მიცვლილიყო ბატონი დედოფალი ხორაშან და არღარა ჰყვანდა რა, რამეთუ ერეკლე რუსეთს გაეშუა.

და ამა ჟამსა მოკუდა მეფე როსტომცა.

და ამა როსტომ მეფესა, ლუარსაბის შვილი რომ მოუკუდა, მას უკან მუხრანის ბატონის ვახტანგისათჳს მოეკიდნა ჴელი და ეშვილებინა, და უყუარდა როსტომ მეფეს დიდად. და იყო საქმის ჴელ-გამომავალი, მჴნე და ახოვანი და გამარჯუებული. მას. ჟამსა მოუძლურდა როსტომ მეფეცა და არღარა ეძლო შემოვლა ქართლისა და მაშინ გაგზავნა ვახტანგ მუხრანის ბატონი ყაენთანა და მისწერა წიგნი ყაენს. და უჯერებდა ყაენი დიდად როსტომ მეფესა და უშოვნა ჯანიშინობა ქართლისა.

და რა ჩავიდა ყაენთანა ვახტანგ, სცა დიდი პატივი და დიდად მიიჩნივეს. და შეუკუეთეს სჯული მაჰმადისა. და უთხრა პირველად ბევრი უარი, და არღარა ღონე ჰქონდა, მაშინ მორჩილ ექმნა. გაათათრეს და წარმოგზავნეს ჯანიშინად ქართლისა და მოვიდა ქართლსა.

მაშინ მოუძლურებულ იყო როსტომ მეფე და არღარა ეძლო და სრულიად სარეცელზედ მწოლარე იყო, ლხინობდა და განისუენებდა, ქართლს ესე არიგებდა.

ესე ვახტანგ იყო თესლი კოსტანტინე მეფისა: თჳთ კოსტანტინედამ თავი მეოთხე, რამეთუ კოსტანტინემ შვა დავით მეფე, გიორგი, მეფე ალექსანდრე, ბაგრატ და მელქისედეკ კათალიკოზი. ამან მეფემან დავით მისცა მუხრანი ძმასა თჳსსა ბაგრატს. და ამან ბაგრატ შეიპყრა ავ-გიორგი, და ამან ბაგრატ შვა ვახტანგ, აშოთან, მამა მოწამის ქეთევან დედოფლის და დედისიმედისა, რომელი იყო ცოლი ათაბაგისა, არჩილ და ერეკლე. ხოლო სამნი ესე ძმანი უძეო ესნენ, და ვახტანგ შვა თეიმურაზ და ქაიხოსრო, გამგებელი ქართლისა, ხოლო თეიმურაზ შვა ვახტანგ, რომელსა სპარსთა უწოდეს შანავაზ, და კოსტანტინე.

ხოლო როსტომ მეფემან განვლო სოფელი ესე დიდითა შუებითა და განცხრომითა, და მაშინ მოუძლურდა სიბერითა და სალმობიერ იქმნა. ხოლო ვახტანგ ჯანიშინმან წარავლინა კაცი და ამცნო ყაენსა სალმობიერება და მოუძლურება მეფისა როსტომისა.

ხოლო მას ჟამსა მომკუდარიყო შა-სეფი ყაენი და დაჯდა მის წილად ძე მისი შააბაზ. ამან შააბაზ წარმოავლინა კაცი და მოვიდა ტფილის[ს] და ნახა როსტომ მეფე მოუძლურებული და სალმობიერი.

და ამა ჟამსა შინა მოკუდა როსტომ მეფე, წაიღეს და დამარხეს ყუმსა.

ხოლო დედოფალი მარიამ შეიყვანეს ტფილისის ციხეში ქრისტეს აქათ[...] ყაენის ბრძანებითა.

მაშინ მოვიდა ზაალ ერისთავი შეყრილი და დადგა ავლაბარში.

მას ჟამსა ეპყრა კახეთი მურთუზალ ყულიხანს და ზაალ ერისთავსა. და მურთუზალ ყულიხან იმისის ზურგით იდგა: ზაალ ერისთავის შეუკითხავი არა იქნებოდა რა კახეთში, რამეთუ როსტომ მეფეს დაედგინა იგი კახეთის გამგებელად და ეპყრა ზაალ ერისთავსა ერწო-თიანეთი.

ხოლო ქართლსა განაგებდა ვახტანგ, შანავაზ წოდებული, და ესე არიგებდა საქართველოსა.

ხოლო თათართა ეპყრა მონასტერი ალავერდი ციხედ და იყვნენ შიგა და სხუაცა მრავალი ადგილი კახეთისა დაეპყრათ, ბახტრიანი ციხედ ჰქონდათ. და მრავალი ელი ცოლშვილით ჩამოსახლდენ კახეთშია და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკჳდრთა კახეთისათა, რამეთუ ენებათ სრულიად კახეთი გასათათრებლად და ელის დასახლება. და ყარაღაჯში მურთუზული-ხან იჯდა.

და მას ჟამსა იდგა ზაალ ერისთავი შეყრილი ავლაბარში, რამეთუ ესე ვახტანგ მოყუარე იყო ზაალ ერისთვისა. ამა ვახტანგის ასული ზაალ ერისთვის ძის ზურაბისათჳს თხოვილი იყო, არამედ ვერცა მოყურობით მოიყენა და დიდად შურობდა და მტერ იყო საქართველოს გამგებლისა ვახტანგისა ზაალ ერისთავი.

ხოლო რაჟამს მიიცვალა როსტომ მეფე, გაგზავნა კაცი ვახტანგ, განმგებელმან საქართველოსმან, ყაენთანა და სთხოვა საქართველოს ბატონობა, მაშინ ზაალ ერისთავმანცა - ძჳნად შურობდა მისა, - წარგზავნა მანცა კაცი და ითხოვა თავისუფალ-ყოფა თჳსი ყაენისაგან, რამეთუ ჟამსა მას ფრიად მიემძლავრა საქართველო ყაენსა და ვერვის ძალ-ედვა თჳთფლობით პყრობა საქართველოსი, თჳნიერ ყაენისა.

ხოლო მოსცა ყაენმან ვახტანგს მეფობა საქართველოსი. ამას ჟამსა იყო ზაალ ერისთავი ფრიად განმდიდრბული და მორჭმული საუნჯითა. ამას შინა მოუვიდა ყაენისაგან რაყამი და ბატონობა ქართლისა შანავაზს. ხოლო რა ესმა საქმე ესე, წარვიდა ჴევსა არაგჳსასა, განუდგა და არა მორჩილ ექმნა მეფესა შანავაზს.

 

შანაოზ მეფე

ხოლო ამა შანავაზ მეფესა ესუა ცოლად ასული ყაფლანისა, სახელით როდამ, ქალი ფრიად პატიოსანი და შემკული ყოვლითავე საქმითა კეთილითა, სრული სწავლითა სამღთოთა და საეროთა, შუენიერი და პირის-წყალი დედათა. ხოლო ოდეს უბოძა ყაენმან ქართლი მეფეს შანავაზს, მაშინ მოსწერა შერთვა მარიამ დედოფლისა და ვერღარა ურჩ ექმნა ყაენსა და არღარა ღონე ჰქონდა: შეირთო მარიამ დედოფალი. და ქმნეს ქორწილი სახელოვანი და ესუა ორივე ცოლად. რამეთუ ესხნეს როდამთანა ძენი და ასულნი.

და გაბატონდა შანავაზ. თჳთ ესე შანავაზ მეფე იყო კაცი საკჳრველი, ძლიერი საქმითა და გამარჯუებული. და ამას სჭირდა ოთხნი ესე საქმენი: ბრძენ იყო უპოველი, ბედნიერ იყო საკჳრველი, სარდალი და მამაცი უამხანაგო, პირად შეუბედავი და გულით მოწყალე უცხოდ.

და მისცნა ღმერთმან ძენი და ასულნი მსგავსნი მისნი: არჩილ იყო უხუცესი. ესე იყო კისკას, შუენიერ, მობურთალი, მოისარი. ყოველის კაცის ისარზედ ერთი ჴელის დადება ისარი უგრძე ჰქონდა. და არა იყო მსგავსი მისი.

მეორე შვილი გიორგი ძლიერი გოლიათებრ, სამჴედროთა საქმეთა სრული და ჴელგამომავალი. და ასეთი სიტყუა ჰქონდა, მტერნი მოყურად შეცვალის.

და ალექსანდრე გაეზარდა ყაენსა. ესეთი იყო, რომ ყოველნი ყმანი ყაენისანი. ვითარცა ყაენსა, ეგრეთ პატივს სცემდენ.

ლევან იყო ბრძენი და მეცნიერი, შორდამნახავი საქმისა და განსწავლული სამეცნიეროთა წიგნითა.

ლუარსაბ იყო მჴედრობის რიგის მცოდნე და სულეიმან კაცი პატიოსანი. მაგრამ ძმათა სიკეთე ჰფარევდა ასულთაგან: ანუკა ყაენმან ცოლად წაიყვანა და სულ ერანში მისი სიკეთე ასე განფენილიყო, რაც ქალი კარგს იქმოდა რასმე, იტყოდენ, ანუკა ბატონისშვილისაგან უსწავლიაო. და შუენიერი დიდად თამარი იყო მსგავსი დედისა, მოღუაწე, მართალი, ღმრთისა და კაცთა მოსაწონი, მაკეთებელი სამღთოსა და ეკლესიათა.

მაშინ, ვითარცა ესმა შანავაზ მეფის განძლიერება და წყალობა ყაენისაგან ზაალ ერისთავსა ეწყინა ფრიად და ყაენისაგანაც გულკლებულ იქმნა და შანაოზ მეფესაც შეუორგულდა, უკუდუდგა. და იყოფებოდა დუშეთსა, ეპყრა მტკიცედ საერისთო და განაგებდა კახეთსასა. და გული უთქმიდა მხოლოდ თჳთპყრობად კახეთისა, არა მრწმუნებელი მეფობასა შანავაზისასა.

ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა მპყრობელი ალექსანდრე და მოიყვანეს ძე მისი ბაგრატ, ნაშობი გურიელის ასულისა მიერ, რომელი ცილ-წამებულ იქმნა მემრუშედ. ესე ბაგრატ იყო ოდიშს, მოიყვანეს იმერელთა და გააბატონეს.

ხოლო ბატონი თეიმურაზ დაშთა სკანდას ციხეში [...] ალექსანდრესი და დედის ნაცვალი ბაგრატისა. ამან დარეჯან მოიყვანა ძმიწული მისი ქეთევან, მამიდამან მისმან, და მისცა ბაგრატს, გერსა თჳსსა, და ისიძა.

ამას ჟამსა შინა ქაიხოსრო გურიელი მოეკლა ყმასა მისსა მაჭუტაძესა, და გააბატონა განაყოფი მისი დიმიტრი გურიელი. და ძე ქაიხოსრო გურიელისა გიორგი ლტოლვილი წარვიდა ახალციხის ფაშას თანა და მუნ შეინახა ფაშამან და მისცა ბაგრატსა გერსა თჳსსა და იყვნენ მშჳდობით.

ხანსა რაოდენსამე უკანა მაშინ იმერლებმა დასჩხუბეს დარეჯან და გერი თჳსი ბაგრატ, და ჩამოუგდეს შური დიდი ურთიერთას. და რომელ[ნ]იმე იმერელნი მიერჩდეს დარეჯანს და რომელნიმე ბაგრატს, რამეთუ პირველად იმერელნი იყვნენ გულწრფელნი და ბატონისა თჳსისა ერთგული. და რაჟამს ჩავიდნენ კახნი იმერეთს, და იყოფოდეს მრავალჟამ მუნ. ხოლო კახნი ჩუეულებისაებრ იყვნენ ერთმანერთისა მეშურნენი და მტერნი და მრავლის ზაკჳსა და ჩხუბის მოქმედნი, ლაღნი და ამპარტავანნი, ტანთ-ჩაცმისა და სილამაზის გამომკიდენი და მოყუარენი, რამეთუ ესრეთცა იყო პირველითგან ჩუეულება მათი. და წაბაძეს მათ იმერელთაცა, ისწავეს კახთა წესი და კადეც გარდაამატეს. მიერითგან დამკჳდრდა იმერეთს ჩხუბი და დაუნდობრობა.

და ესრეთ დასჩხუბეს დარეჯან და გერი მისი ბაგრატ იმერელებმა, გმო ღმერთი დარეჯან. მოიპოვა ჟამი რამე, უღალატა გერსა და სიძესა თჳსა ბარგრატს: შეიპყრა და დასწვა თუალები. მოიყვანა შორეული ტომი ბატონის ალექსანდრესი ვახტანგ, რომელსა უწოდდენ ჭუჭუნასშვილად, და იგი შეირთო ქმრად.

ხოლო მას ჟამსა მოკუდა როსტომ ფაშა და დაჯდა ძე მისი ასლან ფაშა, რამეთუ ხონთქარი მით ჰკითხევდა და მათის შეკითხულობით იპყრობდა იმერეთს. და იგინი განაგებდენ და არიგებდენ. მაშინ წარმოემართა ასლან ფაშა ლაშქრითა და ჩამოვიდა იმერეთს. ვერვინ წინააღუდგა, წარმოიყვანა თანა ჭუჭუნაშვილი, ქეთევან და დარეჯან, მამიდა და ძმისწული. ესენი წარიყვანა ასლან ფაშამან და დააყენა ოლთის[ს] პატივითა დიდითა. ხოლო ბაგრატ თუალდამწვარი გააბატონა მუნვე იმერეთს.

და გამოჰჴდა ხანი რამე, მაშინ იმერლებმა დაუწყეს მეფეს შანავაზს ლაპარაკი და დადიანმანც, რამეთუ არა მორჩილ ექმნეს ბაგრატს, იქიდამ დადიანი მოუჴდა და დაიპყრა იმერეთი. ხოლო მეფე შანავაზ წარვიდა და მივიდა ფცისწყალზედა.

და მას ჟამსა ზაალ ერისთავი არა მორჩილებდა მეფესა შანავასს და იყო განდგომილ, ამისთჳს ვერღარა წარვიდა იმერეთს. ხოლო ძენი არაგჳს ერისთვის გიორგისა ოთარი ედიშერ და იასონ ახლდენ მეფეს შანავაზს თანა. ხოლო გიორგი, მამა ამ ოთარისა, ძმა იყო ზურაბ ერისთვისა. ესე გიორგი იყო კაცი ამაყი და უარშიო და არა მორჩილებდა ძმასა თჳსსა ხოლო შეიპყრა ზურაბ ერისთავმან და ბატონმან თეიმურაზ და დაკლებულ-ყო ორთავე თუალთაგან.

ხოლო ამა გიორგის ესუა ცოლად და შანავაზ მეფის და ამა ქალისაგან ჰყვანდა გიორგის ძენი: ოთარი, ედიშერ, იასონ, პაპუა და დათუნა. ამათ მოაჴსენეს მეფეს შანავაზს: „ვინათგან ბიძა ჩუენი ესრეთ თქუენი ორგული დაურჩი არის და ჩუენთჳსაც მრავლის ავის მქნელი არის, დაგუჩაგრა და ჩუენის სამკჳდროს მამულის პური არ გუაჭამაო, გჳბოძე დასტური, წავალთ და მოვკლავთო. ხოლო მეფემან შანავაზ მისცა დასტური და მივიდნენ დუშეთს.

მაშინ უსჯულოთა აგარიანთა მიიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკჳდრთა კახეთისათა, მოაოჴრეს და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი. მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თჳსსა კახეთში, ხოლო დამთხუევით შეემთხჳვა გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა. შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხჳეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომურ და განუტევეს. ხოლო წარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს. ზოგად ისხდენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმან და შესჩივლა: „შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოჴრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედ შემიპყრეს და შემამთხჳვეს საქმე უშუერი და ჴელშეკრულ განმხრწნეს და ყვეს ჩემ ზედა საქმე სათქმელადაც უშუერი. და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან უძნდა რწმუნებულ არს კახეთი“.

ხოლო, რა ესმა საქმე ესე ზაალ ერისთავსა, დიდად მწუხარე იქმნა, და იყო მას ჟამად ზაალ ერისთავი ყაენის მომდურავი. მაშინ შემოიფიცა ქსნის ერისთავი შალვა და ელიზბარ და კახი სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყაშვილი. და შემოიფიცეს მთის კაცნი თუშნი, რამეთუ შალვა ქსნის ერისთავი სიძე იყო მისი. ამათ გაატანა თანა ზურაბ, ძე თჳსი, და წარვიდენ ღამესა ერთსა. დაესსნენ თავსა სულტანსა ბახტრიანს და ამოსწყჳტეს, და მოსრნეს ბახტრიანის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ, მიჰყვნენ იქიდამე ჴოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნენ, თათარნი და ელი, რაც ესახლა, ყოველი მოსრეს პირითა მახჳლისათა. და ამოსწყჳტეს დედაწულითურთ და, აკუანში რომელნიც ყრმანი იწვნენ, იგინიცა დაჴოცნეს. სადაც კახეთს თათარი და ელი ესახლა, ყოველივე ამოსწყჳტეს და არა სადა დაშთა, რომ ყოველივე არ მოკლეს. და რომელნიმე ივლტოდეს. წარვიდეს და განაძეს. კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდენ, თჳნიერ ყარაღაჯისა. მაშინ ყარაღაჯს იჯდა მურთუზალი-ხან, და გაემარჯუათ და იშოვეს მრავალი საშოვარი. და განათავისუფლე კახეთი თათართაგან და არა სარა იპოვებოდა თათარი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ გამარჯუებულნი ზაალ ერისთავთანა.

ხოლო ესმა რა ესე ამბავი შააბაზს ყაენსა, იწყინა დიდად. მაშინ ყაენმანცა მოსწერა წაჴდენა და სიკუდილი ერისთვისა ზაალისა და, რომელნიცა ერივნეს თათართა სისხლსა შინა, იგინიცა დაჴოცეთო.

მაშინ ოთარი და მისი ძმები იმარჯუებდენ საქმესა და ცდილობდენ ღალატსა ზაალ ერისთვისასა. დღესა ერთსა იყო ზაალ ერისთავი დუშეთს, სუბად ფანჩატურში იჯდა, არავინ ახლდა. მოიპოვეს დრო და მივიდნენ. ერისთავი ნარდს შეექცეოდა. მაშინ უღალატეს ოთარმან და ძმებმან მისმან და მოკლეს ზაალ ერისთავი, ხოლო ძენი მისნი ივლტოდეს და წარვიდენ სამცხეს. ხოლო მეფემან შანავაზ გაუყენა უკანა კაცები. მოეწივნეს ტბისყურზედა, კაცები დაუჴოცეს და ორნი ძმანი, ზურაბ და ნაბერალი, შეიპყრეს და მოჰგვარეს მეფესა, და მან გაუგზავნა ყაენსა.

ხოლო შალვა ერისთავი და ელისბარ, ძე მისი, და სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყასშვილი არა მივიდეს მეფესა შანავაზთანა, არამედ წარვიდეს ყარაღაჯში მურთუზალყულიხანთანა. მან შეიპყრა და ყაენს გაუგზავნა.

ხოლო ზურაბ ძემან ზაალ ერისთავისამან დაჰყო რამე მცირედი ხანი ისპაანს და მოკუდა. უმცროსი ძმა მისი გაათათრა ყაენმან და ამყოფა თჳსთა თანა.

მაშინ ჩოლაყაშვილი ბიძინა, სუფრაჯი შალვა და ელისბარ ესენი მისცეს მკუდრის პატრონთა, ვითარცა წესი და ჩუეულება არს თათართა, რამეთუ მკულელს ჴელში მისცემენ მოსისხარსა, და ყვეს სამართალი ჩუეულებისაებრ მათისა. ხოლო დაჰპატიჟეს სჯული მაჰმადისა ბიძინა სუფრაჯს ჩოლაყაშვილსა და შალვასა და ელისბარს. მაშინ დიდად მჴნედ გამოჩნდეს სამნივე ესე მოწამენი და უმეტესად ბიძინა ჩოლაყაშვილი სუფრაჯი წადიერად იღუწიდა წამებისათჳს: განბასრეს მათ და გინებულ ჰყვეს სჯული მაჰმადისა. მაშინ ბიძინა ჩოლაყაშვილი განამჴნობდა შალვასა და ელისბარს, და ეტყოდა: „ნუ მოვმედგრდებით და ნუ შეუშინდებით, არამედ მივსცეთ თავი ჩუენი ქრისტესთჳს სიკუდილსა, რამეთუ სიკუდილი უნებელად თანაგუაც და ვერვინ წინააღუდგების სიკუდილსა. აჰა, ჟამი ესე არს შესვლად სასუფეველსა შინა“ ერთჴმობით სამთავე აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება და უარჰყვეს სჯული მაჰმადისა, ხოლო მათ მახჳლებითა დაჭრეს იგინი ასოეულად და დაჴურიტეს რომელიმე თოფითა და რომელიმე მახჳლებითა დაჭრნეს. და აღსასრული სარბიელი წამებისა მიიღეს და იქმნეს, ვითარცა სხუანი პირველნი მოწამენი, გჳრგჳნოსან და აწ იხარებენ ზეცისა სასურველსა შინა.

ხოლო რაჟამს მოკლეს ზაალ ერისთავი, მაშინ მისცა ერისთობა ოთარსა მეფემან შანავაზ და მსაჯულობა საქართველოსი მისცა ედიშერს, ხოლო ქსნის ერისთობა მისცეს იესეს. და დაიპყრა მეფემან შანავაზ მტკიცედ საქართველო და იყვნენ დიდად ერთგულნი ოთარ ერისთავი, ედიშერ ქართლის მსაჯული, ქსნის ერისთავი იესე და სრულიად ქართლის დიდებულნი, და დაიერთგულნა სრულიად ქართველნი და მრავალსა კეთილსა უყოფდა მათ.

და ამათ ჟამთა შინა შერიგდენ მეფე შანავაზ და ვამიყ დადიანი: ამათ განიყვეს იმერეთი და დაანება ბუჯას გაღმართი დადიანს ვამიყს, და ბუჯას გამოღმართი თჳთ მეფემან დაიპყრა. და მეფობდა მეფე შანავაზ სამთავე სამეფოთა: ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა ზედა, ესრეთ განდიდნა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართველოსა შინა.

და განამდიდრნა ყოველნივე მკჳდრნი სამეფოთა თჳსთანი: უკეთუ ვინმე იყო გლახაკი და უპოვარი მონაგებთაგან, აღივსნეს უხუად წყალობითა და საჴმართა ბოძებითა მისითა, და უკეთუ იყო ვინმე ნაკლულოვან აგარაკთაგან, ანუ მონათაგან, ანუ საჭურჭლეთაგან, ყოველნივე განმდიდრდეს, და გარდაემატათ სიმდიდრე და მორჭმულობა მკჳდრთა საქართველოსათა.

და სადაცა იყო იატაკი მთათა შინა, ანუ ბართა უჴმად მყოფი, ყოველივე საჴმარად კაცთა შერაცხილ იქმნა: უშენნი აღშენდეს და მრავალნი დაბანი და დიდ-დიდნი თემნი შესძინნა სამეფოსა საქართველოსასა. და სადაცა იყვნენ თანამდებნი, მევახშეთაგან განათავისუფლნა.

და წმიდანი ეკლესიანი ზეშთა აღმატებულ-ყო შესაწირავითა აგარაკთა და ყოველთა სამკაულთა მიერ განაშშენა, გლახაკთა და უღონოთათჳს ფრიად მოწყალე და ქველის-მოქმედი იყო: ტყუენი გამოჴსნილ იქმნეს.

ქურივთა და ობოლთა მოწყალე, მართლ-მსაჯულ და ძელის-ამპყრობელ, და იყო ყოველთათჳს მოსამართლე და მოწყალე, მსჯავრსა შინა პირ-უთნებელ, უქრთამო და სწორის სამართლის მოქმედ, უხჳ, უშურველ-უტყუარ, ერთგულთათჳს უხუად წყალობის მიმნიჭებელ, ურჩთა და ორგულთა ძლიერად შემრისხველ, დიდებისა და სახელის მეძიებელ, მტერთა მიმართ უძლეველ და ახოვნად წინა-განმწყობ, წინააღმდგომთა თჳთა უშიშრად შემმართველ, რაზმთა და წყობათა შინა კეთილად განმზრახი სარდალი, რაინდობათა შინა უებროდ მორბედი და ყოველსავე სამამაცოსა ზნეობასა შინა უსწორო. და ესრეთ კეთილად მართებდა სამთავე სამკჳდროთა სამეფოთა თჳსთა და თჳთ სუე-სრულობით მეფობდა და განაგებდა განსაგებელთა თჳსთა.

და ამა ჟამსა შინა მიიცვალა კათალიკოზი ქრისტეფორე და დასუა მის წილად ბიძაშვილი თჳსი დომე[ნ]ტი, კაცი სრული საქმითა, რამეთუ ამან მატა სჯულსა და წესსა ეკლესი[ი]სასა.

ხოლო ეხსნეს ფრიად პატიოსნისა სჯულიერის მეუღლისა თჳსისა როდამისაგან ძენი ექუსნი და ასულნი ორნი. სახლი ასულთა მათ: ანუკა და თამარი, ხოლო ძეთა მათ სახელები: პირმშო და საყუარელი არჩილ, გიორგი, ლუარსაბ, ალექსანდრე, ლევან და სულეიმან.

აღზარდნა მეფემან ესენი დიდად სახელოვანნი და პატიოსანნი ძენი და ასულნი თჳსნი მრავლითა ფუფუნებითა და საჴელმწიფოსა სწავლითა და სიბრძნე-მეცნიერებითა. პირველად განსწავლნა სამღთოთა წერილთა სწავლა-თარგმანებათა და განმარტებათა მიერ, ხოლო უმეტესად საეროთა და სავაჟკაცოთა მჴედრობითა გამოცდილობითა ყოვლითურთ, სამამაკაცო ზნეობითა ესრედ სახედ, რომე არაოდეს არა აღზრდილ არს საქართველოსა შინა მათებრივ არცა ძენი მეფეთანი და არცა დიდებულთანი.

რამეთუ ჟამთა შინა მეფისა როსტომისათა ფრიად მიდრკა ქუეყანა ქართლისა სწავლისაგან სამღთოთა წერილთასა, რამეთუ კნინღა და თჳთ სამღდელონიცა კრებულნი და დასნი არღარა მზრუნველ და მეძიებელ იქმნეს სამღთოთა სწავლათათჳს, არამედ უფროსღა და უმეტეს აღმრჩეველთა საქმეთა მსოფლიოთა და ჴორციელებრთა მიერ უჴმარ და უდებ ყვეს სრულიად ღ(ვ)თივ-სულიერნი და სამღთონი სწავლანი, რომელ ესე ფრიად უმეტეს ჯერ-იყო შეწყნარებად და აჰა დატევებად, რამეთუ ამათ ჟამთა შინა კუალად იწყეს მოქცევად ბოროტისაგან და ქუეყნად კეთილისა: სწავლად და გულს-მოდგინედ წურთად ღ(ვ)თივ-სულიერთა საქმეთა მოქმედებად. და განშუენდეს წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი და ყოველნივე წესნი ეკლესიათანი განმრავლდეს საქართველოსა შინა მიზეზითა ძეთა მეფისათა შანავასისათა ვითარმედ ესე სიტყუანი ძუელითგან თქმულ არს: „ჟამნი მეფენი არიანო“. და დედოფალმან მარიამ შეამკო ეკლესიანი შესამოსლითა ხატითა, ჯუარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თუალითა. და ედვა ამა დედოფალსა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველთა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთაგან, იყო ყოვლითურთ შემკული კეთილითა, რომლისა მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ [...]

[თა]მაზ სარდალი და სხუანიცა მივიდეს და დაეგნეს ნაზარალიხანს. ხოლო ჟამსა ამას დიდად მძლავრობდეს ლეკნი კახეთს და მტერობდეს ური[ცხჳთა] ავაზაკობითა და პარვითა, ამისთჳსცა განილაშქრეს მათ ზედა კახთა. და მისცა ქალბალიხანცა ნება და შეკრა სრულიად მკჳდრნი კახეთისანი და შეუჴდეს ჭარსა, ხოლო ლეკნიცა განეწყუნეს სიმაგრეთა შინა და დიდად იზღვივნეს კაცნი ლეკთა მიერ: მოისრნეს მრავალნი თავადნი, აზნაურნი და უფროსად გლეხნი, მოსწყჳდნე[ს] პირითა მახჳლისათა და იოტნეს იგინი და იავარ-ყვეს ხვასტაგნი და ქონებანი მათნი, და ესრეთ ოტებულნი წარმოვიდეს.

მაშინ ნაზარალიხან განაზრახა ქალბალიხანს და წარგზავნეს წინაშე ყაენისა მუხრანის ბატონი პაპუა, ქსნის ერისთავი დავით და სარდალი თამაზ ძისა თჳსისა მამუკათურთ. ხოლო ოდეს შთავიდეს ისპაანს პაპუა მუხრანის ბატონი და თამაზ სარდალი დაჴსნის ერისთავი, პყრობილნი წარგზავნეს ქირმანს, ხოლო ქაიხოსროს, ძმისწულსა მეფისასა, არა კეთილად შემწყნარებელმან ნაზარალიხან მიუღო დაბანი და მამულნი, რომელნიც ეპყრა მას, და ამისთჳს აღარ დაიმდაბლა თავი და წარვიდა წინაშე ყაენისა, რამეთუ თანაშემწედ აქუნდა ქალბალიხან, და მემანდრითა და პატივითა წარგზავნა იგი. და ვითარცა შთავიდა ისპაანს ქაიხოსრო, განიხარა ყაენმან და პატივ-სცა მამასაცა მისსა და თჳთ მასცა, ხოლო ერევნის ხანი და ქალბალიხან მოშურნე იყვნეს ურთიერთას და ამისთჳს განიზრახა ერევნის ხანმან და მოსწერა წიგნი მეფესა გიორგის, რათა პირობითა და თავდებობითა მისითა დაეგოს იგი ყაენსა, რამეთუ ეტეოდა, ვითარმედ: „არარა ბოროტი გიქმნიესო სპათა მისთა ყიზილბაშთა ზედა, ამისთჳსცა მე ვიყო თავსმდები შენი, რათა არა გეყოს შენა ზღუევა, არამედ უფროსად სარგებელი და წყალობა და მრავალწილად კეთილის ყოფა ყაენის მიერ“. კუალად ამასვე პირობასა აღუთქმიდა და დიდად წადიერებით ეზრახებოდა მეფესა ქალბალიხან და იღუწიდა პირითა მისითა დაგებასა ყაენისასა, არამედ არა ინება მეფემან მის მიერ, არამედ მიერჩდა ერევნის ხანსა და იქმნა მეგობარ მისსა. ხოლო ერევნის ხანმან აუწყა ესე ყაენსა და განიხარა სიხარულითა დიდითა შაჰსულთან უსეინ ყაენმან დაგებად მეფისა გიორგისა და მისცა ერევნის ხანსა წყალობად თოფანჩგიაღასობა, რომელ არს ყოვლის მეთოფის ბატონობა და უფროსობა, და წაიყვანეს კარსა ზედა ყაენისასა მაშინ მეფემან გიორგი წარავლინა ზურაბ ზურაბიშვილი ყაენთანა და მივიდა თოფანგჩიაღასთანა. და ვითარცა შთავიდა ისპაანს, განიხარეს თჳთ მან ყაენმან და ყოველთავე დიდებულთა მისთა შთასლვა მეფის გიორგისა და მსწრაფლ აღუსრულეს ყოველივე სათხოველი მეფესა: და მოსწერეს რაყმები და წყალობა და წარმოგზავნეს მალემსრბოლი. და მოვიდა იმერეთს სახლსა შინა წერეთლისასა საჩხერეს და ერევნის ნაიბი და სხუანიცა დიდებულნი ყაენის ბრძანებითა წარმოგზავნეს, რათა მრავლითა დიდებითა და პატივითა ჴელმწიფურად ჴელისა წარმართებითა მსახურ ექმნენ მეფესა და მიართვიდენ შემსგავსებულსა ულუ[ფ]თა და სანოვაგეთა განწესებითა. და განემზადა წარსლვად.

მაშინ იყო ვინმე იმერელ ბატონის ბაგრატის ნაბიჭვარი და მას მიერთნეს რომელნიმე თავადნი იმერელთანი და აუწყეს ხვანთქრის ვეზირ-აზამსა და ქრთამითა მოიმადლეს იგი. და მისცეს ბატონობა და შეამოიყვანეს იგი და გააბატონეს, რამეთუ იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა, ხოლო არჩილ მეფე გარდააგდეს. და მისცა აბაშიძემან გიორგი ცოლად ასული თჳსი, ცოლყოფილი ალექსანდრესი. და წარვიდა არჩილ მეფე ზრამა[გ]ას.

ამას ზედა მოუვიდა მეფესა გიორგის მემანდარი ყაენისა და გარდავლო მთა და მივიდა ალს. მაშინ დაუტევა ქართლს სულაიმან ძმა თჳსი ცოლშვილითა და კათალიკოზი ნიკოლოზ, რამეთუ ჟამსა ამას შინა გარდაცვალებულიყო ამილახორი გივი, კაცი პატიოსანი ყოვლითურთ, იმერეთს, და ძე მისი ანდუყაფარ და ესენი ყაენის ბრძანებითია დააყენეს ქართლს, და წარიყვანა თანა ისპაანს არაგჳს ერისთავი გიორგი და წარვიდა მეფე და მოართუეს ყიზილბაშთა არმაღანი მრავალი და დიდისა დიდებითა შთავიდა ისპაანს.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>