ქართლის ცხოვრება

ჟამთააღმწერელი

მესამოცდაერთე მეფე, რუსუდან, ძე თამარ მეფისა,
დაი ლაშა-გიორგი მეფისა, ბაგრატოანი

ესრეთ, რა დააწყუნა შვილნი, მივიდა თურანს და წარმოავლინა შვილი მისი უმრწმესი თული ხუარასნისა მოთუალვად. გამოვლო ჯეონი და მივიდა ნიშაბურს, სადა ნიშაბურელთა სამგზის წობა ყვეს ბრძოლისათჳს. პირველსა ომსა ჴელად იგდო ქალაქი, სადა-იგი მოკლა სამასი ათასი კაცი თავ-დაკუეთითა, ხოლო მეორესა ჯერსა ასი ათასი და მესამესა ომსა ოცდათორმეტი ათასი. უკეთუ არა ჯერ ხართ, სამართლადცა არს: დიდისა სიბდივნისა ხოჯა შამშადინის ძმა თანადამხუდარი იტყოდა ამას ნიშაბურისა მოოჴრებასა. წარმოვიდა ესე თული, გამოვლო ხუარასანი, მაზანდარანი, მოეახლა ერაყის ქუეყანასა.

ცნა ესე სულტანმან ჯალალდინ, აიყარა ტფილისით დედაწულითა და ბარგითა, წარმოემართა ბრძოლად თათართა და მოვიდა ადარბადაგანს. წარმართა მოციქული ხლათის სულტანსა და ხალიფას, ბაღდადის მპყრობელსა, რათა შეეწივნენ მასცა და თავთაცა და მათთაცა. ეგრეთვე ერაყისა სულტანსა მიუმცნო: „უკეთუ თჳთ თავითა არა გნებავს ბრძოლა თათართა, ლაშქარნი წარმოავლინენით და ვბრძოდე, რამეთუ ვიცი წყობა მათი. თუ არა ისმენთ ჩემსა, ვიდრე მე წინა არა აღუდგები, თქვენ ვერ შემძლებელ ხართ“. ვითარ მივიდა მოციქული სულტანისა და არა ინებეს ბრძოლა თათართა.

ცნა ესე სულტანმან და გულისჴმა ყო, რომელ სპანი მისნი და ადარბადაგანისანი ვერ წინააღუაგებიან, დაუტევა ადარბადაგანი და წარმოემართა მეორედ ტფილისს. და ესმა რა ესე მეფესა რუსუდანს, მოუწოდა ყოველთა სპათა თჳსთა, იმერთა და ამერთა, შანშეს მანდატურთ-უხუცესსა, ავაგს ამირსპასალარსა, ვარამს მსახურთუხუცესსა, ჰერ-კახთა, სომხითართა, ჯავახთა, მესხთა, ტაოელთა, დადიანსა ცოტნეს, კაცსა წარჩინებულსა და სათნოებიანსა, აფხაზთა, ჯიქთა და ყოველსა იმერსა სამეფოსა, რომელთა თჳთოეულად არა არს ჟამი თქმად, და განუხუნა კარნი დარიალისანი და გარდამოიყვანნა ოსნი, დურძუკნი, ამათ თანა ყოველნი მთიულნი. შეკრბეს ნაჭარმაგევს სიმრავლე ურიცხჳ, და წარავლინა მეფემან ბრძოლად ხუარაზმელთა.

ხოლო თჳთ დროშა სეფე არა წარგზავნა საქმისათჳს ივანე ათაბაგისა. წარემართნეს და განვლეს ტფილისი. ხოლო სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს, ჴევსა ბოლნისისასა.

და ვითარ იხილეს დარაჯთა სულტნისათა, აცნობეს სულტანსა. ხოლო იგი აღიჭურა, რამეთუ იყო უშიში ბრძოლათა შინა, წინა განეწყო და იქმნა ომი სასტიკი, და პირველსავე შეკრებასა სძლევდეს ქართველნი. ხოლო ვითარ შენივთდა ბრძოლა, მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ კაცი, მოხედნა ღმერთმან რისხვით ნათესავსა ქართველთასა, რამეთუ არა დასცხრა გულისწყრომითა უფალი, არამედ ჴელი მისი მაღლადვე არს და მოიჴსენა უსჯულოება ჩუენი, და იძლივნეს სპანი მეფისანი და ხუარაზმელთა მიერ ივლტოდეს. ხოლო სულტანი კუალად მივიდა ტფილისად, თუღა სადა ვინმე პოვნა დარბევად, [არბევდა] ქუეყანათა მათ ზემოჴსენებულთა.

ხოლო თათართა უმთავრესი თული მივიდა ერაყს ვიდრე ყაზვინაიმდე, მოაოჴრა ქუეყანა, მოსწყჳდნა ურჩნი წარვიდა და განვლო ხუარასანი, ჯეონი, და მივიდა მამასა მისსა ჩინგიზ-ყაენს წინაშე და ძმათა მისთა თანა. ვითარ ცნა სრულიად ლტოლვა სულტან ჯალალდინისა, მოუწოდა ოთხთა ერისმთავართა, რომელთა ქართველნი ნოინობით უჴმობენ, სახელით: ჩორმაღანსა უპირველესსა და მეორესა ჩაღატას, იოსურსა, ბიჩოსა. და ამათ ათი ათას-ათასი კაცი მისცეს დედაწულითა მათითა და წარმოავლინეს ძებნად სულტნისა. ესე ოთხნივე ნოინნი ყაენის შვილები იყვნეს. თჳთოეულსა აცნობეს, რათა სადაცა მივიდოდენ და ზენარსა ითხოვდენ, შეიწყალებდენ, და ურჩთა მოსრვიდენ, და ხარაჯასა მის ქუეყანისასა ოთხად იყოფდენ და თავის ჴელმწიფეთა გაუგზავნიდენ.

წარმოვიდეს ესე ოთხნი ნოინნი - ჩორმაღანი, ჩაღატა, იოსური და ბიჩოი - , გამოვლეს ჯეონი და ხუარასანი ვითარ ორმოცი ათასისა კაცითა და დედაწულითა, მივიდეს ქუეყანასა ალმოთისასადა წინა განეწყენეს, და დიდად ავნეს. და წარვიდეს მიერ ქუეყანად ერაყისა და მოაოჴრეს. რომელი მივიდის, შეიწყალიან. და მერმე მოვიდეს ადარბადაგანს, რომელ არს თავრეჟი, წინ მიეგებნეს ყოველნი ადარბადაგანელნი ძღუნითა ურიცსჳთა მიერ მივიდეს ქალაქად არდავლისა, იგინიცა მოეგებნეს. გავლეს რაჴსი და მივიდეს განძად, რომელი-იგი მტკიცედ განმაგრებულ იყო, და სამთა დღეთა რა შინა ბრძოლა უყვეს თათართა, მყის ჴელთი იგდეს და შიგან ქალაქსა შევიდეს, მოაოჴრეს, და მრავალი სული მოსწყჳტეს, რამეთუ საძაგელ უჩნდათ სჯული მოამედის მიერ ქადაგებული.

ამისი მცნობელი სულტანი მსწრაფლ აიყარა დედაწულითა და ივლტოდა საბერძნეთად. ხოლო თათართა დევნა უყვეს და მიეწივნეს ბასიანს; იხილეს რა, განიბნივნეს. ესოდენ სულტანი მარტო დაშთა, სადა-იგი მიიწია სოფელსა რომელსამე შეურაცხსა და დაიძინა ხეთა ძირსა. იხილა იგი კაცმან ვინმე შეურაცხმან და მოაკუდინა, რომლისა სარტყელი და უნაგირი და კაპარჭი უფასოთა თუალთა მიერ შემკული იყო და მის ძალითა მოიკლა კაცი იგი მაღალი და სახელოვანი ჴელმწიფე. ვინა დაუდგრომელ არს მინდობა სოფელსა ამის ამაოსა, ვითარ იტეჳს ბრძენი ეკლესიასტე: „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს“. ამისთჳს ამაო იქმნეს სპანი და სიმტკიცე ქედისა, წყობათა შინა მძლეობა და გარდარეული სიმდიდრე. და ყოველივე ამაო არს, გარნა საუკუნო იგი უკუდავი ცხოვრება დაულევნელი.

ესე რა ხუარაზმელნი განიბნივნეს და უმრავლესნი ივლტოდეს გარმიანსა და სულტანი ჯალალდინ მოიკლა, და აქა შინა დასრულდა სრულიად ჴელმწიფობა მაღალი. ცნა რა მოკუდინება სულტნისა ხუარაზმელის ძისა, ყიასდინ სულტანმან მოიყვანა კაცი იგი, რომელმან მოიღო სარტყელი, უნაგირი და კაპარჭი სულტნისა, ძნიად საპოვნელითა თუალითა შემკული. განკჳრდეს ყოველნი მხილველნი, ხოლო კაცი იგი მომკლველი სულტნისა ცეცხლითა დაწუეს.

ხოლო მო-რა-იქცეს თათარნი ხუარაელზელთა დევნისაგან, მიერ წარვიდეს და მოაოჴრეს ქუეყანა ხლათისა და ვალაშკერტისა. და ვერ წინააღუდგა სულტანი ხლათისა, არამედ გამაგრდა ქალაქსა შინა. ხოლო თათარნი წარვიდეს ადარბადაგანს, და ზავნი იქმნეს თავრეჟელთა შორის და თათართა, და აღიღეს თავრეჟი და მიმდგომი მისი ქუეყანა. და მეორესა წელსა წარვიდეს ბარდავს, განძას და მუღანს, და მიერ იწყეს რბევად და ოჴრებად საქართველოსა; იწყეს დარუბანდით აღმომართ, ქუეყანასა შარვაშისასა, და კაბალას, ჰერეთს, კახეთს, სომხითს, და ქუეყანასა არშაკუნიანთასა დვინს და ანისსა. ხოლო ვინათგან მეზობლობით მოეახლებოდეს ქუეყანასა საქართველოსასა, უდიდესნი და უბოროტესი, ზემოჴსენებულთა მათ განსაცდელთა მსგავსთაგან უმეტესცა მძჳნვარენი განსაცდელნი აღიძვროდეს საქართველოსა საზღვართა, უკეთურებისათჳს მკჳდრთა ქართლისათა, რამეთუ ყოველი ასაკი ბერთა და ყრმათა, მეფეთა და მთავარია, დიდთა და მცირეთა მიდრკა სიბოროტეთა. რამეთუ დაუტევეს სიმართლე და ჭეშმარიტება, ვინათგან თჳთ მღდელთა მიერ იხილვებოდა არაწმიდება, ვინათგან ყოველი ერი იქმოდეს სიბილწესა, ვითარ ოდესმე ძენი ბენიამენისნი. ვითარ იგინი მიეცნეს მოსასრველად, ეგრეთვე ესენი აქა შინა მისცნა ღმერთმან ნათესავნი ქართველთანი მოსასრველად მსგავსად ძეთა ბენიამენისთა, ვითარცა იტყჳს წინასწარმეტყუელი ესაია: „უფალი, უფალი საბაოთ, უბრძანებს ნათესავსა ჭურვილსა მისლვად ქუეყანით შორით, კიდით საფუძველითგან ცისათ, უფალი და ჭურვილნი და მბრძოლნი მისნი, განრყუნად ყოვლისა სოფლისა და ცოდვათა მოსოლვად მისგან. ღაღადებდით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისა, და შემუსრვა ღმრთისა მიერ მოიწიოს“. და კუალად ჴმობს: „დღე უფლისა მოვალს უკურნებელი რისხვითა და გულისწყრომითა, დადებად ყოველი სოფელი ოჴრად და ცოდვილთა წარწყმედად მისგანი“. ვითარ იქმნაცა ყოველი სოფელი ქართლისა ოჴრად.

ხოლო ვითარ ცნა მეფემან რუსუდან მოახლება თათართა, დაუტევა ტფილისი და წარვიდა ქუთაისს, და ტფილისის [მცველად დაუტევა] მუხას-ძე, და ამცნო, რომელ უკუ[ეთუ დმა]ნისამდე მოვიდენ თათარნი, რომელ მოწუას ტფილისი თჳნიერ ნიტისა და ისანთა. რომელ არღარა იპყრან სახლად ვითარ ხუარაზმელთა.

რაჟამს ცნა მუხას-ძემან მოახლება თათართა, მოწუა სრულიად ქალაქი და თჳთ პალატი და ისანნი, და ესრეთ მოოჴრდა ქალაქი ტფილისისა.

ხოლო ნოინნი ესე ზემოჴსენებულნი შემოვიდეს ქართლს, თრიალეთს, სომხითს, ჯავახეთს, სამცხეს, შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, კოლას, არტანს, ანისს, და მოეფინეს მსგავსად მკალთა ოჴრებად და ჴოცად, და არსად იყო ლხინება, უწყალოდ მოისრვოდა ყოველი ესე ქუეყანა. მანდატურთ-უხუცესი შანშე შეივლტოდა ქუეყანად აჭარისა, და ამირსპასალარი ავაგ შევიდა ციხესა კაენისასა, და ვარამ გაგელი შეივლტოდა ქუთათისს, და ეგრეთვე ჰერნი, კახნი, სომხითარ-ქართლელნი, მესხნი, ტაოელნი, თორელ-არტან-კოლაელნი, - ყოველნი ივლტოდეს ციხეთა და მთათა, ტყეთა და სიმაგრეთა კავკასიანთასა და მთიულეთს.

და გაგრძელდა ოჴრება და მოსპოლვა ქუეყანისა სიმრავლისათჳს უსჯულოებათა ჩუენთასა, რამეთუ განრყუნა ყოველმან ასაკმან ქუეყანა, დაღათუ საქართველო, არამედ სპარსეთი, ბაბილოვანი და საბერძნეთი რამეთუ მიეცემოდეს მწარესა ტყუეობასა და უწყალოთა სიკუდილთა, რომელ არა იყო წყალობა, სავსე იყვნეს მოკლულთა მიერ ქალაქნი და სოფელნი, ველნი, ტყენი, მთანი და ჴევნი. თჳნიერ სიმაგრეთა თუღა სადმე [ვინ] დაშთომილიყო, სავსე იყო ტყეპითა, და გოდებითა მიერ შეიცვლებოდეს ყოველნი მკჳდრნი საქართველოსანი ამერისნი. ხედვიდეს მამა-დედანი შვილთა მოკლულთა, და შვილნი მამათა და დედათა მკუდართა მდებარეთა, სხუანი ძმათა და ნათესავთა და დათა თჳსთა იავარად წარსხმულთა, ცოლთა და შვილთა მათთა და ყოველსა სიმდიდრესა მათსა წინაშე მათსა განბნეულსა. და ესეოდენნი ზარნი იქმნეს თათართანი, რომელ უმრავლესნი ქართველნი ციხეთა და მაგართა ადგილთა დაუტეობდეს და ივლტოდეს კავკასიად.

ხოლო ამათ ულხინებელთა რა ბოროტთა მოეცვა ქუეყანა, ძლიერნი ერისთავთა ერისთავნი და ვაზირნი განდგეს ურთიერთას, თავთა მათთა შემწყობელნი, რამეთუ მეფე რუსუდან ყოვლადვე დამკჳდრდა ლიხთ-იქით და ვერცა ლიხთ-აქეთ გარდამოვიდის და ვერცა ამიერნი ვაზირნი მის წინაშე მივიდიან უცალოებისა ძლით, გარნა ლტოლვილნი. და ესრეთ ურთიერთას ემზრახებელ იყვნეს და შეუთქმელ რამეთუ ძლიერნი იგი საქართველოსანი და სახელგანსმენილნი უღონო იქმნეს ყოვლადვე ვერ შემმართებელნი ჴსენებადცა წყობისა მიყოფად თათართა, რამეთუ ჰერეთი და კახეთი ტყეთა მიერ ძლიერად იცვებოდეს. მაშინ მკჳდრნი საქართველოსანი, სახელოვანნი და წყობათა შინა მჴნენი ერისთავნი, სრულიადსა მოოჴრებასა მიეცნეს. ეგრეთვე აღმომართ ყოველნი მკჳდროანნი.

ამათ და ბოროტთა ხედვიდა ამირსპასალარი ავაგ, ძე ივანე ათაბაგისა, წარმოავლინა მოციქული ბარდავს, სადა დაებანაკათ ზემოჴსენებულთა მათ მთავართა, რომელთა ზამთრის აქუნდა საყოფელად ბარდავი და ზაფხულის - გელაქუნისა მთანი და არარატისანი, რამეთუ მაშინ აეღო ანისი ჩორმაღანს; ამათ წარმოუვლინა ავაგ მოციქული ზავისა თხოვად და თქუა მათ წინაშე მისლვა, ხილვა, და მსახურება, და ხარაჯის მიცემა, და დადება ქუეყანისა მისისა, და ითხოვა ფიცი და სიმტკიცე. ხოლო მათ გაიხარეს და სიხარულით შეიწყნარეს მოციქული ავაგისი, და ფიცთა მიერ მტკიცეთა გულსავსე ყვეს.

მათ აქუნდა სრულად ერთისა ღმრთისა თაყუანისცემა, და დილეულ აღმოსლვასა მზისასა მისისა აღმოსავლით სამისა ჩოქისა ყოფად და მეტი არა რა. ხოლო ფიცთა სიმტკიცედ ოქრო წმიდა სამჯერ წყალსა ჩაყონ, და განავლონ იგი და შეასუან, და მინდობილნი შეიწნარონ და ამა ფიცსა არა ეცრუვნენ სიტყუა ტყუვილი არა ამოვიდეს პირით მათით, მეკობრე და მბორგველი კაცი გაუკითხავად მოკლიან, და სხუანი მრავალნი კეთილნი წესნი განეჩინნეს ზემოჴსენებულსა მას მთავარსა ჩინგიზ-ყაენს. ამით ოქროთა საფიცრითა დაუმტიცეს მოციქულთა ავაგისთა ფიცი, რომლითა დაჯერებულ იქმნა, ამისთჳს რომელ არა იყო ტყუვილი, არცა სიცრუვე ფიცთა მათ შორის.

მოვიდეს რა მოციქულნი ავაგისნი და უამბეს ესე ყოველი, მაშინ წარვიდა ამირსპასალარი ავაგ, დამდები სულსა მისსა ქუეყანისა მისისათჳს, და მივიდა ჩორმაღანს, ჩაღატას, ბიჩუსა და იოსურს წინა, რომელთა იხილეს, და პატივ-სცეს, და შეიყუარეს, და მცველნი ქალაქისანი დაუდგინნეს, რომელთა შანად უწოდდეს სიტყჳთა მათითა.

ვითარ დამშჳდნა ქუეყანა ავაგისი და ცნა შანშე მანდატურთ-უხუცესმან ზავი ავაგისი და თათართა, უვნებელად დაცვა ინება ქუეყანისა დაცვა ზავითა მყოფელი და ავაგსცა მიუმცნო, უკეთუ მიუმცნოს და მივიდეს ხილვად თათართა. ამისნი მცნობელნი თათარნი სიხარულით შეიწყნარებდეს, რომლისათჳს მიუმცნეს მითვე ოქროსა საფიცრითა მტკიცე ფიცი უვნებლობისა. და წარვიდა შანშეცა და იხილნა იგინი, რომელთა შანშესცა ფრიადი პატივი უყვეს, და ანისი და მათ მიერ წაღებული მისი ქუეყანა ყოველი მისცნეს, და მცველნი დაუდგინნეს ქუეყანასა შინა. და ვინცა მოვიდის ქართველთა მთავართაგანი, პატივითა შეიწყნარიან, ხოლო ურჩთა ქუეყანა მოისრვოდა. ამისი მცნობელი ვარამ გაგელი ზაქარიას ძესა მიენდო და ზავითა შემწყნარებელი ქუეყანა ამისიცა დამშჳდნა.

ხოლო ჰერეთი და კახეთი, სომხითი და ქართლი, და აღმართ კარნუ ქალაქამდის, ყოველი ქუეყანა მწარესა ოჴრებასა შინა იყო: არბევდეს, ტყუე ჰყოფდეს, სრვიდეს მამაკაცთა, ვიდრე დედათა და ყრმათა ტყუედ წარიყვანებდეს.

და ქალაქი ტფილისი მათვე დაიჭირეს.

ხოლო იწყეს შენებად, და ზამთრის დაიბანაკიან ბარდავს, მტკურისა პირსა, იორის პირთა და აღმომართ გაგამდე, და მოტყუენვიდიან, არბევდიან ქართლს და სამცხეს და ჯავახეთს და აღმართ საბერძნეთამდე, კახეთს და ჰერეთს დარუბანდამდე.

ამათ ულხინებელთა ჭირთაგან შეიწრებულნი მთავარნი საქართველოსანი ყოველნი მიენდვნეს თათართა, ჰერ-კახნი და ქართველნი, თორელი გამრეკელი, თმოგუელი სარგის, კაცი სწავლული და ფილასოფოსი და მრავალღონე, ხოლო მესხნი სათნოებისათჳს. მეფისა რუსუდანისა არა მიენდვნეს. ამისთჳს განძჳნებულმან ჩაღატა ნოინ აღიმჴედრა სამცხესა ზედა, არამედ მესხნი შეიწრებულნი შიშისაგან შეივლტოდეს ციხეთა შინა. ესრეთ მოისრა და ტყუე იქმნა სული მრავალი სამცხეს, და ბევრი ერი მოიკლა. ოდეს არღარა იყო ღონე, მოაჴსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯუარელმან ჯაყელმან, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდებოდა, უკეთუ სთნდეს, რათა იჴსნას ქუეყანა სამცხისა ოჴრებისაგან, და იგიცა მიენდოს ჩაღატას, რამეთუ პატივითა იყო მეჭურჭლეთ-უხუცესი და მთავარი ქუეყანასა სამცხისასა. ინება მეფემან და წარმოგზავნა მაშინ წარვიდა ივანე და იხილა ჩაღატა, რომელმან პატივითა შეიწყნარა და დაუდგინნა მთავარნი ქუეყანისანი.

ესრეთ რა ჴელთ იგდეს ყოველი ქუეყანა, განიყვეს ოთხთა მათ ერისმთავართა ოთხად, და ეგრეთვე ერისთავნიცა თჳთეულნი, ხუედრი მისი და ხარაჯა, რომელსა აიღებდიან და წარგზავნიდიან. და ესრეთ მცირედ იწყო ქუეყანამან დაწყნარებად.

გულისჴმა ყო რა მეფემან რუსუდან, რომელ წარიღეს ქუეყანა ამიერი თათართა, განიზრახა, რათა წარმოავლინოს ძე თჳსი დავით და მოანდოს თათართა, და აღიღოს სიმტკიცე უვნებლობისა. და წარავლინეს მოციქულად თათართა შანშე, და ავაგ, და ვარამ, და ჰერეთის ერისთავი შოთაი, რომელსა მანის ფერობისათჳს კუპრობით უჴმობდეს.

ვიდრე წარმოავლენდა მეფე ძესა თჳსსა, ინება აღმჴედრებად დიდსა სულტანსა ყიასდინს ზედა, ნათესავით სალჩუქიანსა, რათა დაიმორჩილონ, რომელსა აქუნდა საბერძნეთი. და წარავლინეს ბიჩოი ნოინი, და თანა-წარიყვანნა დიდნიცა იგი მთავარნი საქართველოსანი. ვითარ მიიწივნეს ქუეყანასა სევასტიას და ეზინკისასა, იწყეს ოჴრებად. მაშინ სულთანმან ყიასდინ მოუწოდა ყოველთა სპათა და შემოიკრიბა მჴედრები თჳსი კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი, და განაჩინნა მჴედართა თავად შარვაშის-ძე აფხაზი, სახელით დარდინ, რომელი სიმჴნისა მისისათჳს პირველვე დიდსა დიდებასა აღეყვანა და მტკიცედ ეპყრა სჯული, ამას თანა ფარადავლა, თორელისა ახალციხელისა შალვას ძე, რომელი ლტოლვილი წარსრული იყო სულტანსა წინაშე, კაცი მჴნე და წყობათა შინა სახელოვანი, - ესენი მჴედართა მთავარ ყვნა და წინამბრძოლად განაჩინნა. და მოეახლა, მახლობელად მათსა დაიბანაკა.

ვითარ ესმა თათართა მოსლვა სულტნისა წყობად მათდა, ესე-ზომ განლაღებულ იყვნეს და განრისხნეს, რომელ ამისი მსმენელი ბიჩოი ნოინი მივიდა თხრობად ქართველთა, მუნ მყოფთა, მოსლვასა სულტნისასა, და იხილა ძის-წული ყუარყუარე ჯაყელისა, სახელით სარგის, კაცი მჴნე და შემმართებელი, ჴელოვანი ბრძოლათა შინა, და ჴმა უყო ბიჩოი და რქუა: „მახარობელად ვიდრემე მოვალ, ვიდრე რა იყოს ნიჭი ჩემი, რამეთუ დიდსა სულტანსა ასმიეს მოსლვა ჩუენი და ხლებულ არს, და ესერა ახლოს დაუბანაკებიეს დიდითა და უამრავითა ლაშქრითა. და ხვალე ეგულების წყობად და ბრძოლისა ყოფად ჩუენდა“.

ესმა რა ესე სარგისს, განკჳრვებულმან რქუა: „უწყი წყობათა შინა სიმჴნე და გამარჯუება თქუენი, ჵი ნოინო, გარნა სიმრავლისათჳს მათისა არას ვგონებ სახარულევანსა“. ხოლო ბიჩოი განიღიმნა და რქუა: „არა კეთილად მეცნიერ ხარ ნათესავსა ჩუენ მოღოლთასა. რათგან მოგუცა ღმერთმან ძლევა, არად შეგჳრაცხიეს სიმრავლე სპათა, რამეთუ უმრავლესთა უმჯობესად ვიდრემე ვსძლევთ და უმრავლესითა აღვივსებით ალაფითა. აწ განემზადენით ხვალისა ბრძოლად, და ვიხილოთ ვითარ ვებრძვით მტერთა“, - ეზომ განლაღებულ იყვნეს ყოველთა ნათესავთა ზედა.

ვითარ განთენა და მოვიდა სულტანი სპითა საზარელითა, რამეთუ იყო ოთხასი ათასი მჴედარი, და განაწყუეს რაზმი. აქათ თათართა განაწყუეს რაზმი, და ურჩეულესნი მათნი მარცხენასა მჴარსა დააწესნეს. ესრეთ აქუნდა წესად, უმჯობესთა ვიდრემე მარცხენასა კერძოსა დააწესებდიან, ამის ძლით, რომელ სხუანი ნათესავნი ყოველნი უმჯობესთა და უმჴნეთა მარჯუენით აქუნდა დაწესებითა, რათა ურჩეულესნი ურჩეულესთა შეემთხჳვნენ. ხოლო დროშათა მათთა სიმეწამულე მოასწავებდა სისხლისა დამოღურილობასა მტერთასა.

ამათ რა ესრეთ ყოველი ნათესავი ქართველთა წინამბრძოლ ყვეს და ვითარცა დაეახლნეს ურთიერთას. იწყეს თათართა ჴმითა მაღლითა თქმად, აჰლა, აჰლა, აჰლა, რომელი ძნელად სათარგმანებელ არს და უცნაურ, და სამსა ვიდრემე ჯერასა აქუნდა წესად თქმა ამისი: აჰლა, აჰლა, აჰლა, და მყის მიეტევნიან. ხოლო ქართველნი უპირატეს და უმჴნეს ძლიერად ეწყუნეს. და იქმნა ომი სასტიკი, და მოსწყდა ურიცხჳ სიმრავლე სპათაგან სულტანისათა, სადა სახელოვანიცა შარვაშის-ძე დარდანი, აფხაზი, მჴედართ-მთავარი მათი, მოიკლა და ივლტოდეს სპანი სულტნისანი. და დევნა უყვეს რა თათართა და ქართველთა, ურიცხჳ მბრძოლი მოსრეს, და შეიპყრნეს. ხოლო ახლციხელი სულტნისა მიერ მოიკლა, შურითა ქართველთათა. ესოდენ ეწყუნეს პირველ, ვითა განკჳრდეს ყოველნი მჴედართ-მთავარნი მათნი ძლიერად ბრძოლობასა ქართველთასა. ამისთჳს სიყვარულსა და პატივსა და ნიჭსა წინა-უყოფდეს, და ქებასა შეასხმიდეს. ხოლო აღივსნეს ქართველნი და თათარნი ყოვლითა სიმდიდრითა, ოქროთა და ვეცხლითა, სასმურითა და სამზარეულოთა ოქროსა და ვეცხლისათა, უცხოთა ლარითა და სამოსლითა. ცხენისა, ჯორისა და აქლემისა არა იყო რიცხჳ, რაზომი აღიღეს.

ესრეთ სავსენი მივიდეს საბერძნეთს, დევნად სულტნისა, და მიჰყვნეს ვიდრე იკონიადმდე, რომელ არს ქალაქი დიდად დიდი და ზღუდითა მტკიცითა მიერ განმაგრებული, სადა-იგი შელტოლვილ იყო სულტანი, და კუალად კართა ქალაქისათა იქმნა ომი ძლიერი, რომელ თჳთოეულად არა არს ჟამი მოთხრობად, რამეთუ უმრავლესთა დღეთა გამოვიდიან ჩალიბად და ესრეთ იბრძოდიან, სადა-იგი-ცა ძლიერი და სახელოვანი ჩალიბობა გარდაიჴადეს მრავალთა დღეთა მათ სახელოვანთა ქართველთა. ხოლო სულტანმან, შეიწრებულმან ომითა, ითხოვა ზავი, აღუთქუა ხარაჯა დიდი და მძიმე, და მრავალთა ძღუენთა და უფასოთა თუალთა და მარგალიტთა ძღუნად მიმცემელმან მოამშჳდნა, და ითხოვნა მცველნი, და ესრეთ ჟამ რაოდენმე არა იხილონ სულტანი, ვიდრემდის გამოარჩიონ უმჯობესი. ამისნი შემწყნარებელნი თათარნი უკმოიქცეს და მოვიდეს ხლათს. ხოლო სულტანმან ხლათისამან ითხოვა ზავი და წინა-მოეგება ძღუნითა დიდითა, რომელი კეთილად შეიწყნარეს, მცველნი ქუეყანისანი, რომელ არიან შანანი. დაუდგინნეს და წარვიდეს საზაფხულოსა ადგილსა, გელაქუნს. და არარატისა მთათა. და წარუვლინეს მოციქული მეფესა რუსუდანს, რათა ზავი იქმნას მათ შორის, და მოსცეს ძე მისი დავით, და მისცენ მეფობა, ტფილისი და ყოველი საქართველო. და ვითარ ესმა ესე რუსუდანს, სთნდა სიტყუა ესე, და გულსავსე იყო, ამისთჳს რომე ფიცსა მტკიცედ იპყრობდეს და მინდობილსა შეიწყნარებდეს.

გარდამოვიდა თჳთ მეფე და წარმოგზავნა ძე თჳსი დავით, რომელთა წინა-მიეგებნეს შანშე და ავაგ, რომელი თათართა დიდად პატივითა შეეწყნარა, არარათა ნიჭთა და ზნეთა სამამაკაცოთა მქონებელი შოთა კუპარი, გაგელილ ვარამ, ქართლის ერისთავი სურამელი გრიგოლ, სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთ-უხუცესი ყუარყუარე ციხისჯუარელი, თორელნი, თმოგუელნი, შავშ-კლარჯნი და ტაოელნი, და წარიყვანეს მეფე, ძე რუსუდანისი, დავით. ხოლო მეფემან რუსუდან თანა-წარიტანნა ყოველნი მთავარნი ლიხთ-იმერელნი, დადიანი ცოტნე, კაცი პატივოსანი და სათნოებიანი, და ბრძოლათა შინა სახელოვანი, ბედიანი, რაჭის ერისთავი, გურიელი და ყოველნი წარჩინებულნი; წარემართნეს და შევიდეს ტფილისს. და წარვიდეს მუნით ბარდავს, სადა დაებანაკათ ნოინთა, მიიყვანს დავით დიდითა პატივითა და ლაშქრითა. ვითარ იხილეს ჩორმაღან, ჩაღატა, იოსურ და ბიჩოი, განიხარეს და პატივი უყვეს მეფესა და მთავართა საქართველოსათა, და მოსცეს ყოველი საქართველო, ტფილისი, სამშჳლდე, რომელი პირველ ომითა აეღო იოსურ ნოინსა და ანგურნაგას, თანა-დახდომითა ავაგისათა. და. ესრეთ კეთილად შეიწყნარეს დავით მეფე. რომელსა ნარინ დიდებითა უწოდეს, ესე იგი არს სეფის პირი3 დავით.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>