ქართლის ცხოვრება

ჟამთააღმწერელი

მესამეოცდაორე მეფენი დავით, ძე მეფის ლაშა-გიორგისა,
და დავით, ძე მეფის რუსუდანისა, ბაგრატოანნი

და ორნი დასხდეს ტახტსა ზედა და აზომ, რომელ მრავალი სიგელი იპოვების, და თჳთ მე მინახავს, რომელ სიგლებისა თავსა სწერია: „მეფენი ბაგრატოანნი“, და „ნებითა ღ(მრ)თისათა, დავით და დავით“. და ჴელიცა ორთავესი რთავს: „ჩემ დავითისგან მტკიცე არს, და ჩემ დავითისგანცა მტკიცე არს“. ხოლო დასხდეს ორნივე მტკიცედ მეფედ, ვითარ ვთქუ, რომლისათჳს საეჭუელ იქმნა შანშესგან ლაშას ძისა დავითის სიყუარული, და ავაგისგან რუსუდანის ძისა დავითის მიმდგომობა. და ვერ განაცხადეს, რამეთუ ორნივე დავით და დავით სიყუარულსა ზედა ეგნეს და არა წინააღუდგებოდეს ერთმანერთსა, და მოჩილობდეს ულო ყაენსა და ხარაჯას მისცემდეს. ხოლო უპირატესი პატივი და ზემოჯდომა ლაშას ძესა დავითს ეპყრა ლაშას-ძეობისათჳს, დაღაცათუ უხუცესობისათჳს.

ვინათგან თათარნი არა დამშჳდნეს ყოველთა ნათესავთა სრვად და ოჴრებად, და თანამბრძოლ აქუნდეს ქართველნი წყობათა შინა სიმჴნისა მათისათჳს, ამისთჳს დიდსა ჭირსა შინა იყვნეს მეფენი და მთავარნი, დაუცხრომელად ებრძოდეს ურჩთა და უმეტეს ალმუთს მყოფთა. რამეთუ შჳდისა წლისა ჟამთა განგრძელდა ბრძოლისა ყოფა მათი, ამისთჳს წარავლინნა ულოცა ნოინნი, და მათ თანა მეფე, გიორგის ძე დავით, ქართველთა სპითა რათა ბრძოდენ ალმუთს ხოლო იგინი ამისნი მცნობელნი და მრავალთა ომთა მიერ შეიწრებულნი, ყოვლისა ღონისძიებისაგან უღონო-ქმნილნი, ივლტოდეს ეგჳპტედ, რომელ არს მისრეთი. რამეთუ აიღეს დედაწული და ხუასტაგი და ყოველი სიმდიდრე მათი, და მუნ დაამკჳდრნა სულტანმან მისრეთისამან, და აწ რომელ მულიმნი მისრეთით გამოვლენ, იგივე ალმუთელნი არიან, მუნ დამკჳდრებულნი.

და ესრეთ რა ჴელთ იგდო ულო ალმუთი და ყოველი ხუარასანი, ინება ამჴედრება ყოველთა ნათესავთა ურჩთა, და მოსრვიდა კაცთა ესოდენ, რომელ ათორმეტი დღე ოდენ დაყვეს ერთსა ადგილსა ზედა, ამისთჳს რომე მოკლულითა კაცითა აღყროლდის ადგილი იგი, რომელ დგის, ხოლო უმეტეს სპარსთა მოსწყუეტდის, რამეთუ საძაგელ უჩნდის რჯული მუსულმანთა. ხოლო ამას თანა აქუნდა სამართალი განმკითხველობისა, და ამას ულოსა თანა იყვნიან მარადის მეფენი ორნივე, დავით და დავით.

ხოლო იყო ესე ლაშას ძე დავით ტანითა დიდ და ახოვან და სხჳლ და მოისარი მაგრითა მშჳლდითა, უმანკო, წრფელი, და მალე-მრწმენ, და შემნდობელ ბოროტის მყოფთა. და რუსუდანის ძე დავით იყო ტანითა ზომიერ და თხელ, ფერითა ჰაეროვან და შუენიერ, და თმითა თხელ, ფერჴითა მალე, მონადირე რჩეული და კეთილად მსროლელი ნადირთა. ენა-ტკბილ და სიტყჳერ, უხუ და მდაბალ, ცხენსა ზედა მჴნე, და ლაშქრობათა შინა გამგონე, და სამართლის მოქმედ, უმეტესობის მოღუაწე. ესენი უმრავლესსა ჟამსა ულო ყაენს წინაშე იყვნენ, და ულო ლაშას ძისა დავითისთჳს უმეტეს მოყუარულ იყო, და რუსუდანის ძისა დავითისთჳს მოძულე. ხოლო ვითარ იყო რუსუდანის ძე ალატაღს, ულოს წინაშე, დაიპყრეს და წარმოავლინეს საზამთროსა ადგილსა ბარდავს. და ვითარ მოიწივნეს ნახჭევანს მიერ წარვიდა რუსუდანის ძე ორითა ოდენ კაცითა, რომელი იყო გურკლელი ამირეჯიბი, და სურამელი ბეგაი, რომელსა თათარნი სალინბეგობით უჴმობდეს, ესე იგი არს კარგი ბეგაი, წარვიდა აფხაზეთს. რამეთუ ლაშას ძე დავით ტფილისს იყო მას ჟამსა, და ვითარ მოიწია ნარინ დავით ქუეყანად ავაგ ათაბაგისა, შეურაცხითა შესამოსლითა, იხილა იგი მომავალი ნადირობას მყოფმან სუმბატ ორბელმან.

რამეთუ მოწყუედასა მას ორბელთასა მეფისა მიერ ლტოლვილი წარსულ იყო ნახჭევანს, სახელით ლიპარიტ ესე მიიწია ქუეყანად ელიგუნისად. ხოლო ელიგუ იხილა რა ლიპარიტ ორბელი, სიძედ შეიყვანა და ასული თასი იქორწინა რომელმან შვნა ორნი ძენი, რომელსა უწოდეს ერთსა ელიგუნ და ერთსა სუმბატ. და შვილად მიიყვანა ელიგუნ სემბატ. ამის სუმბატის შვილის შვილი სუმბატ შეემთხჳა დავითს, და წარიყვანა სახლად თჳსად, ხოლო დავით ევედრა სუმბატს, რათა არა განაცხადოს, და წარავლინოს აფხაზეთს, და თუალიცა მისცა იგი სახელოვანი, რომელ წარეტანებინა დედასა მათსა რესუდანს, და მან წარმოავლინა უნდოთავე შესამოსლითა შიშისათჳს თათართასა. და მოიწია თორს, ლიპარიტ თორელისასა, რომელსა დევის-ყურცა ეწოდებოდა, და მან უძღუნა ცხენი და შესამოსელი, და წარჰყვა ქუთათისს, ხოლო ვითარ ცნეს აფხაზთა, სუანთა, დადიანთა, ბედიანმან, რაჭის ერისთავმან და სრულიად ლიხთ-იმერთა, შემოკრბეს სიხარულითა დიდითა, და მეფე ყვეს დავით რუსუდანის ძე აფხაზთა, ვიდრე ლიხთამდე.

და აქა შინა შეიქმნა სამეფო ესე ორ სამთავროდ, გარნა ეგრეთცა იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა, დავით და დავით, და დარჩა ლიხთ-აქათი ლაშას ძესა დავითს და ლიხთ-იმერი რუსუდანის ძესა. და მოიწყო ყოველი ქუეყანა, და მოიგო სიმდიდრე უზომო ლაშას ძემან, და წარმართა სახლი სამეუფო კეთილად, და მონებდა ყაენსა.

მაშინ წარმოავლინა ელჩი დიდმან ყაენმან, რომელსა ეპყრა ყივჩაყეთი და ოვსეთი, ხაზარეთი, რუსეთი და ბორღალეთი, ვიდრე სერბთამდე, დარუბანდამდე და ხატაეთამდე და მოუწოდა მეფესა დავითს. მაშინ წარვიდა წინაშე ბათოსა მეფე დავით, ნიჭითა უზომოთა, და დაუტევა განმგებელად სახლისა სამეუფოსა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ და მესტუმრე ჯიქურ. რამეთუ იყო ესე ჯიქური ერთგული მეფეთა, უმეტეს ყოველთა კაცთა (რამეთუ ჟამსა შინა ამისსა სრულიად სამეფოსა შინა მპარავი და ავაზაკი არა იპოვებოდა, და თუ სადა გაჩნდის, ძელსა ჩამოჰკიდიან), და სხუად არარა ნიჭთა მქონებელი. ესე განდიდნა მეფისა დავითის მიერ დიდად ერთგულობისათჳს, და ჴელთ უდვა სამეფოსა და სახლისა განგება, და დაუტევა ტფილისს, დედოფალს წინაშე, რომელმან აღაშენა ისანთა პალატი, განგებითა დიდითა, და ფხოელნი მოხარკე ყვნა. და მეჯორედ ყვნა კაცნი იგი მჴეცისა ბუნებანი.

და წარვიდა მეფე წინაშე ბათოსა, ხოლო მან პატივითა შეიწყნარა, და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და იყოფოდა მეფე წინაშე ბათოსა ჟამთა მრავალთა, და თჳთოეული თემის-თემისა ადგილი თჳთოეულსა კაცსა შევედრის, რომლისათჳს კახეთიცა პანკელსა თორღუას შევედრა, და ამცნო რათა ბრძანებასა დედოფლისასა ერჩდეს. ჰგონა თორღუამან არღარა მოსლვა მეფისა, უკუდგა პანკისსა ციხესა, და თჳსად დაიჭირა კახეთი, და არღარა მორჩილდებოდა დედოფალსა, და მესტუმრესა ჯიქურსა.

მაშინ შეიწყალა ყაენმან დავით მეფე, და მოსცა სუქური საჩრდილობელი, რომელი სხუასა არავის აქუნდის, თჳნიერ ყაენთა და ნათესავსა ყათსა, და მოუმცნო ულოს, რათა თჳნიერ ულუსისა ნოინისა კიდე ურდოს შესლვასა მეფის ზედათ არავინ დადგებოდის, რამეთუ ესე იყო წესი თათართა, რომელ ყაენს წინ არავინ დაჯდებოდის, არცა პურისა ჭამასა შინა. ესრეთ პატივ-სცა მეფესა, და წარმოავლინა სამეფოდ ქართლად. და ვითარ მოიწია ჰერეთს, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსა მისისანი, ხოლო თორღუა შეშინებული უკუდგა პანკისს, ხოლო მეფე მოიწია ტფილისს, და იყო სიხარული ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა. ხოლო თორღუას მოუწოდა მეფემან, და არა მოვიდა კარვად მეფის შიშსათჳს და მრავლგზის უწოდა, და ვერ ეძლო გულპყრობად მოსლვად. მაშინ განზრახვით ჯიქურისათა წარვიდა ხორნაბუჯელი, და მივიდა თორღუას სახლსა, რათა მას მიენდოს, ფიცითა მტკიცითა. ხოლო თორღუა რქუა: „წარვალ ალავერდს გიორგის წინაშე და მუნ შემომფიცე, და მუნ მიმინდევ“. და წარვიდეს ორნივე. ხოლო თორღუა გამოება ფესუსა სამოსლისა ალავერდის მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელი, შეჰფიცა და გამოჴსნა ფესჳსაგან. ხოლო თორღუამან რქუა: „რა იგი ჰყო ჩემ ზედა, ამან წმიდამან გიორგი გიყოს შენ. რამეთუ მარტო ვარ, და სიკუდილითა ჩემითა უმკჳდრო იქმნების მამული ჩემი, ეგრეთვე უმკჳდრო ჰყოს წმიდამან მთავარმოწამემან სახლი შენი“. და წარმოიყვანა ხორნაბუჯელმან, ფიცთა მტკიცეთა მიერ შეკრულმან ტაბაჴმელას, და შეურაცხ-ჰყო აღთქმა და ფიცი იგი, და შეიპყრა ჯიქურმან, განზრახვითა დედოფლისათა, თჳნიერ მეფისა ცნობისა, და წარიყვანეს კლდე-კართა, და გარდამოაგდეს.

ხოლო ვითარ მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა ალავერდის მთავარმოწამისა აღთქმისა და ფიცისა გატეხისათჳს, იხილეთ, რამეთუ ესუა შვილი ხორნაბუჯელსა, სახელით შალვა, სიკეთე-აღმატებული. ამას შალვას ესხნეს შვილნი, და მყის დაიჴოცნეს, და ეგრეთ ბერი ხორნაბუჯელი მოკუდა მწუხარებითა და ჰხედავთ უმკჳდრობასა სახლისა მისისასა. და დარჩა მათი შვილი, სახელით შალვა, რომელი უკანასკნელ თათართა მიერ მოიკლა, და უმკჳდრო იქმნა სახლი მისი. და ესრეთ შური იგი ალავერდისა მთავარმოწამემან.

ხოლო ვითარ მოიწყო მეფემან სამეფო, წარვიდა ყაენს ულოს წინაშე ნიჭითა დიდითა, რომელი იხილა რა ულო ყაენმან, პატივითა შეიწყნარა, და ნოინთა თანა დააწესა წინა-სადგომად და ჯომად, და განმკითხველად და ბჭედ.

ამათ ჟამთა ინება ულო ყაენმან აღმჴედრება ბაბილოვანს ზედა, რომელ არს ბაღდადი, და ჴელმწიფესა ბაბილოვნელთასა ხალიფას ზედა, და მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, და წარემართა ბაღდადს, ბრძოლის ყოფად ხალიფასა. მივიდა ქუეყანასა ბაბილოვნისასა, და ვერ წინააღუდგა ხალიფა, არამედ შეივლტოდა ბაღდადს, ხოლო ყაენი გარე მოადგა, და მოიცვა იგი ერთ-კერძო თჳთ ყაენი მოადგა წყალს აქეთ, და წყალს იქით ელგონ ნოინი, და ერთ-კერძო დავით მეფე, რამეთუ მის წინაშე იყვნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი.

და ბრძოდეს ძლიერად, არა მრავალთა დღეთა, არამედ ათორმეტ დღე, აღიღეს ბაღდადი. მეფემან დავით უბრძანა ლაშქართა მისთა, რათა შეთხარონ ზღუდეთა ქუეშე. და შეთხარეს ზღუდესა შიგან, შევიდეს ქართველნი, და იქმნა ძლიერი ბრძოლა, და მოსრვიდეს სპარსთა ბაღდადელთა და შიში ფრიადი აქუნდა ბაღდადელთა და ესრეთ განახუნეს კარნი ქალაქისანი ქართველთა და თათართა და შევიდეს. ამისი მცნობელი ხალიფა, რომელ შევიდეს ქალაქად თათარნი, ივლტოდა ნავითა, წყალსა მას ზედა, რომელი ქალაქსა სდის. და ვითარცა იხილა ელგონ ნოინმან, რომელი იყო წყალსა იმიერ კერძო, მოუჴდა, და ვერ უძლო წარსლვად, არამედ უკუნ იქცა პალატად თჳსად. ესრეთ ადვილად რა ჴელთ იგდეს სახელგანთქმული იგი ქალაქი ბაბილოვანი, ვინ-მე მიუთხრნეს განსაცდელნი და ჭირნი, რომელ მოიწივნეს ბაღდადს ზედა მოსრნეს. მახჳლითა ესოდენი სიმრავლე, რომელ არა იყო რიცხვი, და სავსე იყვნეს უბანნი, ფოლოცნი და სახლნი მკუდართა მიერ, ხოლო სიმდიდრისა და ალაფისა მაშინ პოვნილთა ვინ-მე მიუთხრნეს? რამე, აღივსნეს თათარნი და ქართველნი ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, პატიოსნითა ლარითა და შესამოსლითა, სამსახურებელითა ჭურჭლითა, ოქროსა და ვეცხლისათა, რომელ არავინ აიღებდა, თვინიერ ოქროსა და ვეცხლისა, თუალსა და მარგალიტსა, და შეამოსელთაგან კიდე. სხუანი ჭურჭელნი ჩინეთით და ქაშანით მოხმულნი, და მუნ შექმნილნი, სპილენძი და რკინა უპატიოდ იბნეოდა. და ესრეთ აღივსნეს ლაშქარნი, რომელ უნაგირი, კურდანი და ყოველი შეურაცხი სამსახურებელი თუალითა და მარგალიტითა და წყლითა ოქროთა განტენიან, და ზოგთა ჴრმალი ვადის პირსა მოსტეხდიან, და ქარქაში წითლითა განტენიან, და ზედა ნატეხნი ჴრმლისა ჩააგნიან, ზოგთა მკუდარი კაცი ბაღდადელი გამოწლიან და წითლითა ოქროთა, თუალითა და მარგალიტითა განტენიან, და ვითარ თჳსი მკუდარი განიყვანიან გარეშე ქალაქსა. და ესრეთ რა აოჴრებდეს, ჰჴოცეს და ტყუე ჰყოფდეს, მიიწინეს პალატად ხალიფისა. გამოიყვანეს ხალიფა და ძენი მისნი, ცოლნი და ყოველი სიმდიდრე მისი განსაკჳრვებელი, და მოიყვანეს ხალიფა წინაშე ულო ყაენისა. და ვითარცა წარადგინეს წინაშე მისსა, ეტყოდეს ხალიფას, რათა თაყუანის-ცეს ყაენსა. ხოლო მან არა თავს-იდვა, დადგა და ეტყოდა: „ჴელმწიფე ვარ, თჳთმპყრობელი, და მონებასა ქუეშე არა ვის მყოფი. უკეთუ განმიტეოთ, დაგემორჩილები; თუ არა განმიტეოთ, არღარავის მონებასა ქუეშე მყოფი მოვკუდები“. ხოლო იგინი აიძულებდეს თაყვანისცემად, გამოუხუნიან ფერჴნი მისნი, და იგი პირდაღმა დაეცის, და არა თაყუანის-ცა. ბრძანა განყვაება გარე და წარავლინა ელგონ ნოინ რათა მოკლან ხალიფა და შვილნი მისნი, და რქუა ხალიფას: „ყაენმან შეგიწყალა“, და იგი მხიარულ იქმნა და ეტყოდა: „ვითარ შემიწყალებს, განმიტეოს, და ბაბილოვანი მომცეს“. ხოლო ელგონ რქუა: „არა, არამედ ყაენი თჳთ მისითა ჴელითა და ჴრმლითა მოგაკუდინებს, და ყაენის შვილი აბაღა შენსა შვილსა მოჰკლავს“. და ხალიფა განკჳრვებული ეტყოდა: „უკეთუ მომკლავთ, გენებოს ძაღლმან და გენებოს კაცმან მომკლას“. და ესრეთ მოიკლა ხალიფა, ყოვლითა სახლეულითა მისითა. და შეიწყალნეს სხუანი დაშთომილნი ბაღდადელნი. და ბრძანა შენება, და დაყარნა შანანი, და ესრეთ სავსენი ტყუე-ალაფითა მივიდეს საიგურს.

ამათ ჟამთა შინა იქმნა ესეცა, რამეთუ ყაენმან ბათო, რომელი უდიდეს იყო ყოველთა ყაენთა, ინება განსწორება და აღთუალვა ყოვლისა ქუეყანისა, და პოვა კაცი ვინმე, ნათესავით ოირიდი, სახელით არღუნ, სამართლის მოქმედი და ფრიად მართლის-მეტყუელი. და ღრმად გამგონე და განმზრახი რჩეული. ესე წარავლინა ყოველსა საბრძანებელსა მას მისსა რუსეთს, ხაზარეთს, ოვსეთს, ყივჩაყეთს, ვიდრე ბნელეთამდე, აღმოსავლით ვიდრე ჩრდილოეთამდე და ხატაეთამდე, რათა აღთუალოს და განაჩინოს მჴედარი და მეომარი ლაშქრად განმავალი ნოინთა თანა, დიდთა და მცირეთა, ღირსებისაებრ მათისა ულუფა, რომელ არს ძღუენი მიმავალთა გზად და ქირა ცხენისა და საპალნისა. და ვითარ განჩინა საბრძანებელსა ბათოსსა, მიერ წარავლინა ყარაყურუმს, ყბილ ყაენს წინაშე. რათა მანცა ესრეთ განაჩინოს ჴელსა ქუეშე არღუნისასა. და მი-რა-იწია ყუბილ ყაენს წინაშე, ინება მანცა ესრეთ, ქმნად, და წარავლინა იგივე არღუნ განგებად საბრძანებელისა მათისა და განუწესა იგივე წესი. და მივიდა ტახტსა ჩაღატასსა და უშანს წინაშე, თურანს, და განაწესა და განაგო მანდაური ყოველი, და გამოვლო ჯეონი, და მოვიდა ხუარასანს, ერაყს და ყოველსა რომგუარსა, და განაგო ესრეთვე. და მოიწია ყაენს ულოს წინაშე. და მან პატივით შეიწყნარა, და წარმოავლინა საქართველოსა, მეფეს დავითს წინაშე, და საბერძნეთად, და ყოველსა საბრძანებელსა მისსა ზედა განაჩინა აღწერად და განგებად. და ვითარცა მოიწია საქართველოსა, დიდსა ჭირსა მიეცნეს ყოველნი მკჳდრნი სამეფოსა დავითისნი, და იწყეს აღწერად კაცთაგან და პირუტყუთამდე, ყანით ვენაჴამდე, წალკოტით ბოსტნამდე. და ცხრასა გლეხსა, რომლისა მიწისა მქონებელსა, ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი შეაგდიან. და გამოჴდა სამეფოსაგან დავითისა ცხრა დუმანი მჴედარი, თათართა თანა წარმავალი, რომელ არს ცხრა ბევრი და განაწესეს ძღუენი სოფლისაგან: ათასისა მჴედრისა მთავარსა კრავი ერთი და დრაჰკანი ერთი, ხოლო ბევრისა მთავარსა ცხოვარი ერთი და დრაჰკანი ორი, და მიზდი ცხენისა თეთრი სამი, დღისა ერთისა. და ესრეთ განუწესა. და წარვიდა საბერძნეთს და ბაღდადს, და ყოველგან.

ამან არღუნ განაწესა. რა იგი ჯერ იყო ოთხსავე საყაენოსა შინა, რამეთუ იყო კაცი ესე სამართლის მოქმედი. ხოლო ხუცესთა და მონაზონთა და საეკლესიოთა განწესებათა არა შეაგდო საზღავი, არცა ყალანი, ეგრეთვე შიხთა, და დავრეშთა, და ყოვლისა სჯულისა კაცნი საღმრთოდ განჩენილნი განათავისუფლნა.

და მას ჟამსა ინება ყაენმან ულო ამჴედრება ეგჳპტეს ზედა და მოუწოდა მეფესა დავითს ყოვლითა სპითა მისითა, და წარვიდა ბრძოლად სულტნისა. და მიიწია შუამდინარედ და იწყო ოჴრება ყოველსა შუამდინარესა და შამსა. და ვითარ ესმა სულტანსა ეგჳპტისასა. აღმჴედრდა წინაგანწყობად თათართა, და მოიწია მდინარესა ზედა ევფრატსა, ყოვლით მჴედრებით მისით, და მოვიდეს თათარნი და განვლეს მდინარე. რამეთუ არა მოახლებულ იყო სულტანი პირსა მდინარისასა, და წინა მიეგებნეს. სულტანი წინაგანეწყო, და იქმნა ომი ძლიერი, სადა-იგი დავით მეფე და სპანი მისნი წინამბრძოლობდეს ძლიერად, და მოსწყდეს ორგნითვე, და ივლტოდეს მეგჳპტელნი. ხოლო ერი მრავალი მოსწყდა სულტნისა, და ესრეთ ყაენმან დაიბანაკა მრავალ-დღე პირსა ევფრატისასა, სადა-იგი იყო ქალაქი მცირე, მდინარესა ზედა ევფრატისასა, ძლიერად განმაგრებული, რომელ ერთ-კერძო კლდე იყო და ერთ-კერძო მინდორისა ევფრატისა მიერ შეცვული. და ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქალაქისა, უღონო იქმნა ბრძოლად, გარნა მოიგონა საქმე საკჳრველი, რამეთუ ეტყოდა მის ქუეშე დაწესებულთა: „არა არს ღონის-ძიება ბრძოლისა ყოფად ქალაქისა ამის. მნებავს, რათა აღვმჴედრდეთ და გარე-მოვიცვათ ქალაქი ესე, და ვითარ ძაღლთა ვიწყოთ ყივილი და ყვირილი“. და ვითარ ესმა ესე, განკჳრდეს და ამჴედრდეს, და ვითარ ძაღლთა იყივლეს. და რა მიიწია ჴმა ესე ქალაქად, იქმნა საქმე საკჳრველი, რამეთუ განსქდა ქალაქი ორგან: ნახევარი წარიქცა კლდითურთ წყლისაკენ, და მოისპო სული ურიცხჳ. ესრეთ ჴელთ იგდო, და წარვიდა შამად და შუამდინარედ, და მოეგებნეს ყოველნი მკჳდრნი შუამდინარისანი და შამისანი სავსენი ურიცსჳთა ძღუნითა.

ხოლო მეფე დავით და ქართველნი იაჯნეს ყაენისაგან წარმოსლვასა, რამეთუ მრავლით ჟამითგან იყვნეს ლაშქრობათა შინა. მაშინ ყაენმან ულო მისცა თავისუფლება და წარმოემართნეს, და ესრეთ სავსენი ურიცხჳთა ნიჭითა და ალაფითა გამდიდრებულნი მეფე დავით და ქართველნი მოიწივნეს ადარბადაგანს და მოვიდეს მუნით ტფილისად, სავსენი სიხარულითა.

ამათ ჟამთა შინა მწუხარე იყვნეს წარჩინებულნი მეფისანი, რამეთუ ჯიგდამან არა შვა შვილი. ამისთჳს ინება მეფემან მოყვანა, შვილიერებისა ძლით, ალთუნ, ნათესავით ოსი, მეუღლედ, აღმთქმელმან, უკეთუ მიეცეს ყრმა-წული, არღარა შეიწყნაროს, არამედ განუტეოს. და ვითარ გამოჴდა მცირე ჟამი, მუცლად იღო ალთუნ ძე, და შვა, და უწოდეს სახელი გიორგი, რომელი აღიქუა და შეიყვანა შვილად დედოფალმან ჯიგდა-ხათუნ. და შემდგომად მცირედისა კუალად მიუდგა და შვა ასული, და უწოდა სახელი თამარ. და აქა შინა განიშორა საყუარელი თჳსი ალთუნ, ნათესავით ოვსი, რომელი ფრიად ქმნულ-კეთილ იყო. და შემდგომად მცირედისა გარდაიცვალა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ, და წარიყვანეს სამარხოსა დედოფალთასა მცხეთას, და დაკრძალეს.

მას ჟამსა წარვიდა მეფე დავით ულო ყაენს წინაშე მუღანს, რამეთუ იგი აქუნდა სადგურად საზამთროდ, და მიერ წარმოჰყვა სადგურსა საზაფხულოსა, და მუნით წარმოავლინა მეფე ქართლად, რათა მზა იყოს მეფე ლაშქრად ეგჳპტესა, რომელ არს მისრეთი. და შემოიარა ქუეყანა ავაგ ათაბაგისა, ივანე ათაბაგის ძისა, რამეთუ მას ჟამსა გარდაცვალებულ იყო ავაგ, და არა დაშთა ყრმა-წული, არამედ ქალი ერთი, სახელით ხუაშაქ. და მივიდა მეფე ბიჯნისს, ტირილად, და იხილა ცოლი ავაგისი, კახაბერის-ძეთა რაჭის ერისთავთა ასული, სახელით გუანცა, ქმნულ-კეთილი, ეტრფიალა, და შემდგომად მცირედისა მიიყვანა იგი ცოლად და დედოფლად, და წარმოიყვანა სამეფოდ თჳსად. ხოლო ქალი იგი ავაგისი დაუტევა მამულსა თჳსსა ზედა, და შევედრა მანკაბერდელსა სადუნსა, რომელი იყო კაცი ბრძენი და გონიერი, და კეთილის-განმზრახავი, და ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი, და მორკინალი რჩეული საჩინო, და მოისარი ჴელოვანი, რომელი წარდგა წინაშე და თაყუანის-ცა ულოს და ჴელპყრობილმან რქუა: „ვინათგან მოგცა თქუენ ღმერთმან ძლევა ყოველთა მტერთა, და ყოველთა კაცთა უმჯობესად გამოგაჩინა, და აწ აქა არს მჴედარ ასი ათასი, ვინცა მერკინების, გინა მედგინების, ანუ ისარსა განვასრევთ, მზა ვარ“. და არავინ იპოვა მსგავსი მორკინალი მისი, და ვინცა იპოვა, ყოველთა სძლო. ესე შეყუარებულ იქმნა ყაენ ულოსაგან. და იწყო განდიდებად, და გონიერებითა მისითა მეფემანცა დავით პატივ-სცა, და შევედრა სახლი ავაგისი. ხოლო დედოფალი გუანცა მიუდგა, და შვა ყრმა, და უწოდეს დიმიტრი, რომელი შემდგომად დავითისა მეფე იქმნა, რომელი ქუემორე სიტყვამან ცხად ყოს.

ამის გუანცას დედოფლობა მძიმედ უჩნდა მესტუმრესა ჯიქურს, რამეთუ მტერ იყვნეს. ამისთჳს განზრახვითა სუმბატ ორბელისათა შესმენილ იქმნა, ვითარმედ ჯიქურ წარავლენს კაცთა არღუნს წინაშე, რათა აუწყოს ყაენს ულოს სიმდიდრე მეფისა, და ეგულების განდგომა. ხოლო ვინათგან დავით მეფე უმანკო იყო, რომლისათჳს უმანკოსა ყოველი რწამნ წარალინნა მსწრაფლ წინაშე-მდგომელნი და ბრძანა წინაშე მოყვანება მისი და სახლისა მისისა იავარ ყოფაი. და ვითარ აღასრულეს მსახურთა მეფისათა, და წარადგინეს წინაშე მეფისა ჯიქური, ღამით, რამეთუ მეფე ჯდა ისანთა მხედველი მტკურისა, და არა სიტყუა ყო მის თანა, არამედ განუკითხავად ბრძანა შთაგდებად მტკუარსა. ხოლო ვითარ განთენდა, იხილეს ჯიქური რიყესა ზედა განგდებული წყლისაგან, და განკჳრდეს ყოველნი მხილველნი ანასდათისა სიკუდილისათჳს, და არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არა ესუა შვილი. და შეკრბეს ყოველნი გლახაკნი და ობოლ-ქურივნი და ევედრნეს მეფესა, რათა მიანიჭოს გუამი ჯიქურისი, ამად რომე მრავალი კეთილი ექმნა მათ ზედა. ისმინა დავით და მისცა გუამი მისი და მრავლითა გოდებითა წარიღეს ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა ქრისტინასსა, რომელი ხუარაზმელთაგან დარღუეული ახლად აღშენებულ იყო, და მუნ დაფლეს დიდითა პატივითა, რაოდენ გლახაკთა ძალ-ედვა.

ხოლო შემდგომად ამისა, ნება ყაენმან ამჴედრება სულტანსა ზედა მისრეთისასა და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი და სპანი ძისნი, და მოუწოდა მეფესა დავითს და სპასა მისსა წარსლვად ეგჳპტედ. ხოლო შეიწრებულ იყო მეფე და საბრძანებელი მისი არღუნის აღთუალვისაგან, და რომელი-იგი განეწესა, რაცა განისყიდებოდეს ტფილისს ასსა თეთრსა ზედა სამი თეთრი საყაენოდ დაიდებოდეს. ამას ზედა ხოჯა-აზიზ ვინმე, ნათესავით და სჯულითა სპარსი, განეჩინა, და დაეტევა ტფილისს, რომელი ესოდენ უწესოებად მიიწია, რომელ თუ სამზარეულოსა მეფისასა ცხვარი, გინა კრავი ისყიდებოდის, მას ზედაცა ხარაჯა წაუღიან, რომელსა იგი ტამღად უწოდდეს. ამის მიერ შეიწრებული მეფე იგონებდა: „უკეთუ წარვიდე ეგჳპტედ, ანუ თუ განუდგე ყაენსა“, და კერას დაამტკიცებდა. გარნა წარემართა ლაშქრად მისრეთს. და ვითარ მოიწია ქუეყანად ჯავახეთისად, დაამტკიცა განდგომა, და მოუწოდა თანაგანმზრახთა მისთა, და რქუა: „უკეთუ ვისმე ნებავნ, დაუტევენ მამული და წარმოვედინ ჩემ თანა; უკეთუ არა ნებავს, წარვედინ მსახურებად ყაენისა, მისრეთს, რათა დაიცვას ქუეყანა მისი. რამეთუ ნება კაცად-კაცადსა ზედა იყვნეს, და მე არღარა მნებავს მონება თათართა, მძლავრებისათჳს ხოჯა-აზიზისა, რომელი დაადგინა ჩემ ზედა არღუნ, რამეთუ ვერ თავს ვიდებ ესოდენსა შეურაცხებასა“.

ხოლო წარჩინებულნი ამის სამეფოსანი რომელნიმე დაამტკიცებდეს და რომელნიმე არა, გარნა ეგრეთცა დაამტკიცა განდგომილება; და უმრავლესნი წარვიდეს ყაენს წინაშე: შანშეს ძე ივანე, და გრიგოლ სურამელი, და კახა ერისთავი ახალქალაქისა, თავნი და პირნი ქუეყანისანი წარვიდეს ყაენს წინაშე, და უმრავლესნი ჰერ-კახნი. ვითარ ცნა მეფემან წარსლვა დიდებულთა, მანცა ნება სცა და წარვიდა განდგომად, და მოუწოდა სარგის ჯაყელსა ციხისჯუარელსა, რომელსა აქუნდა პატივი სამცხისა სპასალარობისა, და ეზრახა, რათა განუდგენ ყაენს. ერჩდა სარგის, და წარმოიყვანა სამცხეს სახლსა მისსა, და ფრიადითა პატივითა განუსუენა უმეტეს წესისა მეფეთასა, და აძლევდა ყოველთა ციხე-ქალაქთა და ქუეყანათა მისთა, გამოსაზრდელად მეფისა და ლაშქრისა მისისათჳს. ხოლო მეფემან არა ინება, და დაჰყო ზაფხული იგი მცირე ერთგულითა, რომელნი დადგეს ერთგულებასა მისსა ზედა, და ესრეთ იყოფებოდეს სამცხესა. ხოლო დედოფალი გუანცა და ძე მცირე მისი დიმიტრი დაუტევა სახლსა ავაგისსა, ბიჯნისს.

ამას შინა მოვიდა ყაენი ულო განმარჯვებული ბრძოლისაგან სულტანისა მეგჳპტელისა, რამეთუ სძლო მათ და აოტნა. სადა-იგი მუნ დამხუდართა ქართველთა ძლიერი ბრძოლა ყვეს. ხოლო ვითარ მოიწია საზაფხულოსა სადგურსა თჳსსა ალატაღს და მიერ საქოსა, და მერმე წარვიდა საზამთროსა ადგილსა, რომელსა აწ ყარაბაღობით და მუღანობით უჴმობენ, იკითხა საქმე დავითისი, და ცნა განდგომილება მისი. მოუწოდა არღუნს და ორასთა მთავართა და აჩინა მჴედართ-მთავრად, და მისცა მჴედარი ოცი ათასი, და უბრძანა ქართველთ, რომელნი ერჩდეს მას, რათა წარჰყვენ არღუნ ოირიდსა, და მივიდენ მეფესა ზედა სამცხეს, და ბძოლა უყონ, წარმოვიდა არღუნ მჴედრითა ოცი ათასითა, შემოვლო განძა და სომხითი, და მოიწია ტფილისს. და მუნ მოერთნეს ყოველნი ესე ზემოჴსენებულნი მთავარნი საქართველოსანი, და წარმოემართნეს სამცხეს, ბრძოლა ყოფად მეფისა. და ვითარცა ესმა მეფესა დავითს მოსლვა არღუნისი და ყოველთა მთავართა ქართლისათა, მოუწოდა მესხთა, შავშ-კლარჯთა, და ვინცა დადგრომილ იყო ერთგულებასა ზედა მისსა. შეკრიბნა მცირედნი კაცნი, მჴედარი რვა ათასი, და აჩინა მჴედართ-მთავრად სარგის ჯაყელი, კაცი მჴნე და შემმართებელი, და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვან-ქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ჴელოვნად მბრძოლი ცხენსა ზედა, მჴნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცთომლად მმუსრველი, და მისა მინდობილ იყო მეფე, ერთგულებაცა დიდი აქუნდა მეფისა. და წარავლინა წინამიგებებად და წყობად არღუნისა, და წარემართნეს და დადგეს ჴევთა. ხოლო არღუნ შემოვლო ქართლი, და დადგა სურამს, და წარმოავლინნა წინამბრძოლნი მჴედარნი ექუსი ათასი, და არღუნ დადგა შინდარას, და წინამბრძოლნი მივიდეს ტაშის-კარს და დადგეს სამდინაროსა მას ზედა, რომელ არს შოლა. ხოლო აღიყარა სარგის ჴევთათ და წარავლინნა წინამბრძოლნი, კაცი რჩეული და გამოცდილი წყობათა შინა ათას ხუთასი მჴედარი. არა უწყოდეს მოახლება არღუნისი, და წარემართნეს და განვლეს ჴიდი ახალდაბისა. იყო ყინელი და ზამთარი, ვითარ წესი არს თუესა დეკემბრისასა, და განვიდეს სივიწროისაგან, წინამავალნი იხილნეს რაზმი თათართა, და წინა განეწყუნეს ქართველნიცა, და მყის ზედა მიეტევნეს მესხნი, და პირველსა შეკრებასა აოტნეს თათარნი, და მოსწყჳდნეს მრავალნი სახელოვანნი, და ესრეთ ძლიერად ბრძოდეს თათართა მათ მესხნი, რომელ მცირედნიღა განერნეს და შეიხუეწნეს რაზმსა შინა არღუნისასა შინდარას გორისასა, და სდევნეს და მოსწყჳდნეს პირითა მახჳლისათა, რამეთუ მჴედართ-მთავარი სარგის და სპა მეფისა ვერღარა მოილოდინეს, ამისთჳს რომელ თათართა რაზმი მახლობელად მდგომარე იყო. და ესრეთ ძლევითა საჩინოთა შემოქცეულნი, მრავალთა სახელოვანთა თათართა თავისა მქონებელნი მოეგებნეს სარგისს და ლაშქართა. ხოლო ვითარ იხილა სარგის განმხიარულება და უვნებელად დაცვა, განიხარა, გარნა მძიმედ აღუჩნდა, რამეთუ ვერ მიესწრა ომსა, რამეთუ იყო კაცი მძლე და შემმართებელი. კუალად სურვიელ იყო განწყობისა მესხთა. წარემართა არღუნს ზედა, გულითა ქველითა, ხოლო არღუნ სპათა მისთა მოუწოდა, და კუალად ქართველსა სპასა ზედა მისლვასა მხილველი ივლტოდა, გარნა აყენებდეს ქართველნი წარჩინებულნი, და არა უტევდეს სივლტოლად, რომელთა უპირობდა თორელი კახა და ეტყოდა, ვითარმედ: ქართველნი“ მეცნიერნი ვართ ომისა მათისანი, ჩუენ ვბრძოდით თქუენ წილ“. და ესრეთ ძლით არწმუნეს, და დადგა ადგილსა ზედა, და განაწყო მჴედარნი.

ვითარ დაეახლნეს ურთიერთას, ზედა-მიეტევნეს მესხნი განლაღებულნი, ხოლო სარგის ჯაყელი უპირველეს ყოველთასა მიუჴდა რაზმსა, და უმჴნესი მათი ჩნდა ბაადური, ჰოროლითა ცხენისაგან ქუეყანად დასცა, და იქმნა ძლიერი ომი, და მრავალნი მოისარვოდეს არღუნის სპისაგან, და სივლტოლად მიდრკეს. პირველსავე მიჯრასა სძლევდეს სპანი მეფისანი, და ვითარ არს ჩუეულება თათართა ლტოლვა და გარე-უკუნქცევნა, ანაზდად გარე-უკუნიქცეს. მაშინ სულმოკლე-ქმნულნი სპანი მეფისანი ივლტოდეს მსწრაფლ. ესრეთ განწირულნი და მიმოდაბნეულნი თათართა მიერ მოისრვოდეს, ცოდვათა ჩუენთა სიმრავლითა განწირნა ღმერთმან და მისცნა ჴელთა წარმართთასა. ხოლო უწყალოდ ჰჴოცდეს, და მრავალნი სახელოვანნი მოსრნეს თათართა, რომელ მცირედნიღა ძლით განერნეს, და სდევნეს ახალდაბის ჴიდამდე გინა უმეტესცა, ხოლო ზოგნი ტყუედ წარყვანებულ იქმნეს, გურკელელი მურვან და სხუანი მრავალნი. და ესრეთ შეიქცა არღუნ ყაენს ულოს წინაშე, განმარჯუებული, ხოლო სარგის და მესხნი მივიდეს მეფეს წინაშე, აწყუერს, მეყჳსთა თჳსთათჳს მტირალნი. რამეთუ უმრავლესნი მოესრნეს, და დაშთომილ იყვნეს მცირედნი. და დაჰყო მეფემან ზამთარი ნახევარი სამცხეს, და გარდვიდა შავშეთს და კლარჯეთს და წარვიდა ნიგალისჴევს. და ვითარ მოიწია თუე მაისი და აღმოსცენდა მდელო, ყაენმან იგივე არღუნ დევნად და ძებნად წარმოავლინა, რომელთა თანა იყვნეს ქართველნიცა, მიმდგომნი ყაენისანი, და თუესა ივნისსა მოვიდა სამცხეს. ხოლო მესხნი რომელნიმე მიეგებნეს არღუნს და რომელნიმე წარჰყვეს მეფესა. და ესრეთ იწყო ოჴრებად და ტყუენვად სამცხესა და მოადგა ციხის-ჯუარსა, და უწყო ბრძოლა ძლიერად, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო. ხოლო ციხეს მყოფნი ძლიერად ბრძოდეს, და მრავალი კაცი მოკლეს, და დიდად ავნებდეს გარეთ-მყოფთა, დღისით და ღამით განვიდიან და ადგილ-ადგილად მოსწყჳდიან. და ვითარ იხილა სიმტკიცე ციხის-ჯუარისა, რომელ არს ჯუარის ციხე, აიყარა და წარვიდა. და წიგნიცა მოუვიდა ყაენისა, მსწრაფებელი წარსლვა დვინათგან ყაენი თურანისა ქუეყანასა მყოფი ბრძოლად მოსრულ არს ხუარასანს. და ესრეთ იჴსნა ღმერთმან ჭირთა ამათგან ქუეყანა სამცხისა, რომელ ოც დღე ძლით იყო არღუნ სამცხეს.

ხოლო მეფე დავით კუალად მოვიდა შავშეთს და სამცხეს, და ვითარ იხილა სამცხე მოოჴრებული, მოუწოდა თანამზრახავთა მისთა და ჰკითხა, თუ რა ყონ, რამეთუ ომი თათართა აღარ ეგებოდა. მაშინ სარგის ჯაყელ-ციხისჯუარელმან მოაჴსენა, ვითარმედ: სამცხე“ მცირე არს და არა კეთილი სადგომი მეფეთა. აწ განგაზრახებ, რათა წარხვიდე ლიხთ-იმერეთს რუსუდანის ძისა დავითის თანა, რამეთუ სწორად ორთავე არს სამეფო იგი და ესეცა, და მე დავსდებ თავსა ჩემსა და საქონელსა ყოველსა და ლაშქარსა ჩემსა შენთჳს, ვითარ გენებოს იჴმარე. და უკეთუ კეთილად გისტუმროს დავით, კეთილ; და უკეთუ არა, აჰა სიმდიდრე ჩემი მზა არს თქუენთჳს, და ნუცა შენ სწყალობ საჭურჭლესა შენსა, და ვეზრახნეთ თავადთა იმერთა, და განვსცეთ საჭურჭლე, და ჩუენ კერძო დავიყენოთ“.

სთნდა ყოველთა განზრახვა ესე, და წარავლინეს მოციქული წინაშე რუსუდანის ძისა, რათა შეიწყნაროს თათართაგან მირიდებული, ხოლო მან აღუთქუა. და წარვიდეს და მივიდეს ქუთათისს, სადა-იგი წინა მიეგება რუსუდანის ძე, და კეთილად ისტუმრა, და დაყვეს წელიწადი ერთი. გარნა კეთილად თუ ისტუმრებდა რუსუდანის ძე, ეგრეცა კეთილადვე ლაშას ძესა დავითს, არამედ ვითარცა უცხო ვიდოდა მათ თანა.

მაშინ ეზრახნეს კახაბერის-ძესა რაჭის ერისთავს კახაბერსა, ქუაბულის-ძეთა, ფარაჯანიანთ სარგისს, რათა ლაშას ძე დავით ყონ მეფედ, რომელნი ერჩდესცა, და იქმნა განდგომილება ლიხთ-იმერით, და რომელნიმე წარმოუდგეს ლაშას ძესა, და რომელნიმე რუსუდანის ძესა. ეგრეთვე დადიანი ბედიანი, ჯუანშერის ძე, დადგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისასა, რამეთუ იყო ესე ბედიანი კაცი წარმატებული ყოვლითა ზნითა, უხჳ უმეტეს ყოველთა კაცთა, სრული გონიერებითა. ამან დააწყო ოდიში. რომელ მპარავი და ძჳრის-მოქმედი არა იპოვებოდა. და სუანნი განიყვნეს ორად. გარნა არას ავნებდეს ურთიერთას ორნივე დავით და დავით, დაღაცათუ ლაშქართა არა ენება, ამისთჳს რომელ არა გასცემდეს ორნივე მეფენი საჭურჭლესა ლაშქართა ზედა. ესრეთ იყო აშლილობა და შფოთნი მრავალნი იმერით.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>