ქართლის ცხოვრება

ჯუანშერი

ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა

მეოცდათვრამეტე მეფე, ბაკურ, ძე ფარსმან მეფისა. ხოსროიანი

ესე ბაკურ იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან განამრავლნა ეკლესიანი და მღდელნი სამეფოსა შინა თჳსსა და განწმიდა ქართლი ყოვლისა ურწმუნოებისაგან.

და მოკუდა კათალიკოსი ევლავიოზ, და მან-ვე მეფემან დასუა კათალიკოსი მაკარი.

ამას-ვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს რომელსა ერქუა ურმიზდ.

და მას-ვე ჟამსა იყო სომხითს კაცი ერთი, შვილი მთავართა, სახელით ვასქენ. და ესუა მას ცოლი, მთავართა შვილი, რომელსა ერქუა შუშანიკ, ასული ვარდანისი. ხოლო ამას ვასქენს ეუფლა ეშმაკი და განიზრახა მიქცევა ცეცხლის-მსახურებად: წარვიდა წინაშე სპარსთა მეფისა, და დაუტევა სჯული ქრისტესი, და იქმნა ცეცხლის-მსახურ. ხოლო სპარსთა მეფემან წარმოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა ერის-თავად რანისა. ვითარ მოვიდა და ცნა ცოლმან მისმან შუშანიკ ქმრისა მისისაგან დატევება ქრისტეს სჯულისა, არღარა ერჩდა იგი ცოლებად. და დაივიწყა სიყუარული ქმრისა თჳსისა, და ყოვლითა გულითა შეუდგა იგი ქრისტესა აღსრულებად მცნებათა მისთა.

მაშინ ვასქენ შეუდგა მრავალ-ღონედ, პირველად ლიქნითა და ვედრებითა, და ნიჭისა მიცემითა; შემდგომად შეაგდო სატანჯველთა შინა დიდთა რომელ სიგრძისაგან ვერ დავწერენ ღუაწლნი წმიდისა შუშანიკისნი. და მოკლა იგი ქმარმან მისმან ვასქენ, ერის-თავმან რანისამან.

მაშინ ბაკურ, მეფემან ქართველთამან, მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა მისთა, და შემოკრიბნა ლაშქარნი ფარულად, და წარემართა ვასქენს ზედა პარვით. რამეთუ ვასქენ ველსა გარე დგა კიდესა მტკურისასა, სადა მიერთვის მდინარე ანაკერტისა მტკუარსა, დაესხა და შეიპყრა ვასქენ. დაჭრეს წურილად და ასონი მისნი დამოჰკიდეს ხესა. ხოლო გუამი წმიდისა შუშანიკისი წარმოიღეს დიდითა პატივითა, და დაფლეს ცორტავს.

ამან ბაკურ მეფემან წარგზავნა მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, აუწყა ესე ყოველი, და ითხოვა მისგან შენდობა. მაშინ სპარსთა მეფემან განიზრახა გონებასა თჳსსა, და თქუა: „უკეთუ შევრისხნე ქართველთა, განერთნენ იგინი ბერძენთა“. და შენდობა აღირჩია: გამოგზავნა მოციქული ბაკურისი პასუხითა კეთილითა; რამეთუ ყოველი გმობა და ბრალობა ვასქენ მოკლულისა უბრძანა, და ამართლა ბაკურ სიკუდილსა მისსა. და წარმოგზავნა რანს და მოვაკანს სხუა ერის-თავი, რომელსა ერქუა დარელ. და უბრძანა, რათა კეთილად მეგობრობდეს ქართველთა.

და მოკუდა კათალიკოსი მაკარი, და მან-ვე მეფემან დასუა სჳმონ კათალიკოსად. და მოკუდა ბაკურ, და დარჩეს შვილნი მისნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა.

მაშინ მეფემან სპარსთამან ურმიზდ მისცა ძესა თჳსსა რანი და მოვაკანი, რომელსა ერქუა ქასრე ამბარვეზი. მოვიდა და დაჯდა ბარდავს, და უწყო ზრახვად ერის-თავთა ქართლისათა: აღუთქუა კეთილი დიდი, და დაუწერა საერისთოთა მათთა მამულობა შვილითი-შვილამდე, და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა. და განდგეს ერის-თავნი და თჳს-თჳსად ხარკსა მისცემდეს ქასრე ამბარვეზსა.

და შვილნი ბაკურისნი დარჩეს მთიულეთს კახეთისასა; და ნათესავნი მირდატისნი, ვახტანგის ძისანი, რომელნი მთავრობდეს კლარჯეთს და ჯავახეთს, იგინი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა. სხუა ყოველი ქართლი, სომხითი და ასფურაგანი დაიპყრეს სპარსთა და ჰბრძოდეს ბერძენთა.

შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა იქმნნეს შფოთნი დიდნი სპარსეთს შინა, რამეთუ შევიდა თურქთა მეფე სპარსეთს შინა; მოვიდეს ბერძენნი, ეწყუნეს სპარსთა შუა-მდინარესა, აოტნეს და შევიდეს სპარსეთს, და იწყეს ტყუენვად სპარსეთისა. მაშინ ქასრე ამბარვეზმან დაუტევა რანი და ქართლი, და წარვიდა შუელად მამისა თჳსისა.

ესრეთ რა უცალო იქმნეს სპარსნი, მაშინ შეითქუნეს ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა, და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნენ ერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შეუცვალებელად. მაშინ კეისარმან აღასრულა თხოვა მათი, და მოსცა მეფედ დის-წული მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისაგან, რომელსა ერქუა გუარამ, რომელი მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს.

 

მეოცდაცხრამეტე მეფე ქართლისა, კურაპალატი გუარამ ბაგრატოანი

ხოლო ესე გუარამ იყო დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატოანი. და ესე ბაგრატოანნი შვილის-შვილნი და ნათესავნი არიან ამა გუარამისნი.

ამას გუარამს მოსცა კეისარმან კურაპალატობა, და წარმოგზავნა მცხეთას.

და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისადა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს. და დაიპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორითგან, და დასხდეს უჯარმოს და იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.

მაშინ კეისარმან წარმოსცა განძი დიდი გუარამ კურაპალატისა თანა, და უბრძანა, რათა მით განძითა გამოიყვანნეს ჩრდილოს ლაშქარნი, და შეერთნეს თანა სპანი ქართველთანი, და შეგზავნნეს სპარსეთს. ხოლო გუარამ ყო ეგრე: გამოიყვანნა ოვსნი, დურძუკნი და დიდონი, და წარუძღუანნა წინა ერის-თავნი ქართლისანი. შევიდეს ადარბადაგანს, დაუწყეს ტყუენვად. და ესე-ვითარნი ჭირნი და უცალოებანი მოიწივნეს სპარსთა ზედა.

მაშინ გამოჩნდა სპარსეთს კაცი ერთი რომელსა ერქუა ბარამ ჩუბინი. ესე ეწყო თურქთა, სპარსეთს შემოსრულთა, ვითარცა წერილ არს განცხადებულად ცხოვრებასა სპარსთასა, მოკლა საბა, თურქთა მეფე, და აოტა ბანაკი მათი. ხოლო სპანი იგი ბერძენთანი, რომელნი შესრულ იყვნეს სპარსეთს, შეიქცეს და წარვიდეს შინა. და ჩრდილონი იგი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილნი, წარმოვიდეს იგინი-ცა შინა; რამეთუ ვინათგან მოიცალეს სპარსთა თურქთაგან, შეშინდეს, და დაეცა შიში და ძრწოლა ქართველთა სპარსთაგან.

და ამან გუარამ კურაპალატმან იწყო ციხეთა და ქალაქთა მაგრებად.

და კუალად-ცა წყალობა ყო ღმერთმან ქრისტიანეთა ზედა, და სხუა შუღლი დავარდა სპარსეთს: რამეთუ იგი-ვე ბარამ ჩუბინი გაადგა სპარსთა მეფესა, და დასწუნეს თუალნი ურმიზდ მეფესა ცოლის ძმათა მისთა, და იწყეს ბრძოლად ჩუბინმან და ქასრე. იოტა ქასრე ჩუბინისაგან, და წარვიდა საბერძნეთს. და კეისარმან მავრიკ მოსცა ასული თჳსი ცოლად ქასრეს, და მოსცა სპა მისი და წარმოგზავნა ჩუბინსა ზედა. იოტა ჩუბინი სპარსეთით, და ქასრემან დაიპყრა სპარსეთი.

მაშინ მავრიკ კეისარმან იურვა ქართველთათჳს ქასრეს თანა, და რქუა: „ვინათგან დაუტეობიათ ქართველთა კერპთ-მსახურება, მუნითგან მორჩილნი ბერძენთანი არიან; რამეთუ ჟამსა შინა მძლავრებისაგან თქუენისა იქმნის განრყუნილ ქართლი, თუ არა სამართალი თქუენი არა არს ქართლსა ზედა. აწ ბრძანებითა ღმრთისათა, ვინათგან სრულსა სიყუარულსა ზედა ვართ მე და შენ, და ქართლი ჩუენ შორის იყავნ თავის-უფალ მშჳდობით: მე ვარ მწე და მოურავი ყოველთა ქართველთა და ყოველთა ქრისტიანეთა“.

მაშინ ერჩდა სპარსთა მეფე კეისარსა, და განთავისუფლდეს ქართველნი. და ესე გუარამ კურაპალატი დადგა მორჩილებასა ზედა ბერძენთასა.

იყო კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა; და აქამომდე ჯუარი ველსა ზედა იყო, და ქმნა ეკლესია წელთამდის ოდენ.

და მეფობდა კეთილად და უშფოთველად. არამედ ერის-თავნი ქართლისანი ვერ სცვალნა საერისთვოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკჳდრობისათჳს საერისთვოთა მათთა, არამედ იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.

ხოლო ამას გუარამ კურაპალატსა ესხნეს ძენი, რომელთა ეწოდებოდა სახელად ერთსა სტეფანოზ და მეორესა დემეტრე.

და მოკუდა კათალიკოსი სჳმონ და დაჯდა სამოელ. და მოკუდა კათალიკოსი სამოელ და დასუეს სამოელ-ვე.

ამან-ვე გუარამ კურაპალატმან განაახლა საფუძველი ტფილისისა სიონისა,

რომელი შემდგომად ამის გუარამისა განასრულეს აღშენება ტფილისის სიონისა: ნახევარი ერთმან ვინ-მე ქურივმან დედა-კაცმან, და ნახევარი ყოველმან ერმან, ჟამსა პირველის ადარნასე მთავრისასა, და იგი ადარნასე-ცა შეეწია აღშენებასა მისსა.

რამეთუ ნათესავნი მორწმუნისა მირიან მეფისანი ყოველნი ეკლესიათა მაშენებელნი იყვნეს.

და მოკუდა გუარამ კურაპალატი

 

მეორმოცე ერის-თავთა-მთავარი ქართლისა სტეფანოზ.
ძე გუარამ კურაპალატისა, ბაგრატოანი

და დაჯდა ძე მისი სტეფანოზ. მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, არამედ ერის-თავთა-მთავრად ხადოდეს. და მოკუდა სამოელ კათალიკოსი, და ამან სტეფანოზ დასუა ბართლომე კათალიკოსად. ხოლო ესე სტეფანოზ იყო ურწმუნო და უშიში ღმრთისა, არა ჰმსახურა ღმერთსა, არ-ცა ჰმატა სჯულსა და ეკლესიათა.

და ამის-ზე იქმნა შფოთი დიდი საბერძნეთს: რამეთუ მავრიკ კეისარსა განუდგა ფოკას მჴედარი, და მოკლა მავრიკ კეისარი და შვილნი მისნი. და დაიპყრა საბერძნეთი ფოკას მჴედარმან. მაშინ სიძემან კეისრისამან, სპარსთა მეფემან ქასრე, იწყო ძებნად სისხლსა სიმამრისა და ცოლის ძმათა მისთასა, შესლვად და ტყუენვად საბერძნეთისა. განძლიერდა ბერძენთა ზედა, და ვერ წინა-აღუდგა ფოკას კეისარი. ხოლო სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა.

მას ჟამსა მან-ვე მეფემან ქასრე წარმოტყუენა იერუსალემი და წარიყვანა ძელი ცხოვრებისა; და. შემდგომად ამისსა აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა ქასრესგან: შეიპყრა იგი ძემან თჳსმან, შესუა იგი საპყრობილესა, და მოკუდა სენითა ბოროტითა.

ხოლო ამის სტეფანოზის-ზე მცხეთას მოკლდებოდა და ტფილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა. და ძმა სტეფანოზისი, სახელით დემეტრე, აღაშენებდა ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა. რამეთუ სენი-ცა იყო მის თანა ბოროტი, და ვერ შემძლებელ იყო განშორებად კარსა ეკლესიისასა და სტეფანოზ მთავრობდა ყოველსა ქართლსა ზედა, და დაჯდა იგი ტფილისს, და ჰმორჩილებდა იგი სპარსთა.

ხოლო შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა გამოჩნდა საბერძნეთს კაცი ერთი, თჳსი მავრიკ კეისრისა, სახელით ერაკლე. ამან მოკლა ფოკას კეისარი, და დაიპყრა საბერძნეთი. განძლიერდა იგი და მიიყვანნა დასავლეთით თურქნი, და შეკრიბნა სპანი ურიცხუნი, და წარმოემართა სპარსეთად ძებნად ძელისა ცხოვრებისასა. და მოვიდა პირველად ქართლს,

სამცხეს, და ესმა სასწაულთ-მოქმედება ხატისა მის, რომელი წმიდასა ღმრთის-მშობელსა გამოესახა და მიეცა პირველ-წოდებულისა ანდრიასთჳს, და მას მოესვენა და დაესვენებინა მცირესა ეკუდერსა შინა აწყუერს. მოვიდა კეისარი ერაკლე ხილვად და თაყუანის-ცემად ხატისა მის. მაშინ იწყო ერაკლე აწყუერს დიდისა საყდრისა საძირკუელისა ჩაგდებად და შენებად, ვიდრემდის მიერითგან განსრულდა მორწმუნეთა კაცთა მიერ, და მიერ შექმნეს საეპისკოპოსოდ.

ამან სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და დადგა ტფილისსა შინა. მოვიდა ერაკლე მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ იყო ქუელი მჴედარი და შემმართებელი; დღეთა ყოველთა გამოვიდის კართა ქალაქისათა, და ებრძოდის ბერძენთა. მაშინ უკუე მას წყობასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ და მოკლეს. და დაიპყრა კეისარმან ტფილისი.

ხოლო ციხესა კალისასა დარჩეს კაცნი, და არა მოერთნეს მეფესა; და ციხით გამოღმართ ციხის-თავმან აგინა მეფესა და რქუა: „ვაცისა წუერნი გასხენ და ვაცბოტისა კისერი გათქს“. მაშინ ბრძანა მეფემან: „დაღაცათუ კაცმან ამან ბასრობით მრქუა მე ვაცბოტობა, არა არს ცუდ სიტყუა მისი“. და მოიღო წიგნი დანიელ, და პოვა მას შინა წერილი ესრეთ: „გამოვიდეს ვაცი დასავლისა, და შემუსრნეს რქანი ვერძისა აღმოსავლისანი“. მაშინ განიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველი-ვე განემარჯუებოდა სპარსთა ზედა.

მაშინ კეისარმან მოუწოდა ძესა ბაკურისსა, ქართველთა მეფისასა, ნათესავსა დაჩისასა, ვახტანგის ძისასა, რომელი ერისთაობდა კახეთს, რომელსა ერქუა ადარნასე, და მისცა მას ტფილისი და მთავრობა ქართლისა. და დაუტევა მის თანა ერის-თავი, რომელსა ერქუა ჯიბღა, და უბრძანა ბრძოლა კალისა, და თჳთ წარემართა მეფე ბრძოლად სპარსთა.

 

მეორმოცდაერთე მთავარი ქართლისა, ადარნასე. ძე ბაკურისი, ხოსროიანი

ხოლო ამან ადარნასე, მთავარმან ქართლისამან, და ერის-თავმან ჯიბღუ უწყეს ბრძოლად ციხესა კალისასა. და კეისარი წარემართა ბაღდადს.

ხოლო მცირედთა დღეთა წარიღეს კალა და შეიპყრეს ციხის-თავი იგი. ამან ერის-თავმან პირველად პირი დრაჰკნითა აღუვსო, რომელ სიტყჳთა შენითა კეისარმან განიხარა-ო. და შემდგომად ამისსა ტყავი გაჰჴადა, და კეისარსა უკანა მისწია გარდაბანს: კადრებისათჳს მეფისა უყო ესე.

და ესე-ვითარითა სიკუდილითა წარეგნეს სტეფანოზ და მსახურნი მისნი. ამისთჳს უყო ესე ღმერთმან მთავარსა მას სტეფანოზს, რამეთუ არა მინდობითა ღმრთისათა ცხოვნდებოდა: მორწმუნეთა ემტერებოდა და ურწმუნოთა მოყურობდა. მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღჳს-პირი. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა, სხუა ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე ბაკურის ძემან მთავრობით, და მეფობისა სახელი ვერ-ცა მან იკადრა. და ერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შინა მკჳდრობდეს შეუცვალებელად, და მორჩილებდეს ადარნასე მთავარსა.

 

ჩანართი

და მოკუდა კათალიკოსი ბართლომე, და ამან ადარნასემ დასუა კათალიკოსად იოანე.

 

ჩანართი (Bbkp)

და წარგზავნეს ანტიოქიას და მის თანა მონაზონი ერთი მოციქულათა-ცა და საკურთხეველათა-ცა. რამეთუ განწესებულ იყო კურთხევა ანტიოქიით კათალიკოსისა, და ვერ-ღა-რა-ვის ჴელეწიფებოდა სლვად გზასა ანტიოქიისასა. ამისთჳს დიდი ზრუნვა აქუნდა ქართველთა. ხოლო დღეთა თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისა წარავლინნეს მოციქულნი და მივიდეს წინაშე თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისა, და მიუთხრეს ნეტარსა თეოფილაკტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა შინა არიან ქრისტიანენი, მკჳდრნი ქართველთა სოფლებისანი, რამეთუ დღითგან ნეტარისა ანასტასი მღდელ-მოწამისათა არა კურთხეულ არს სიძნელისათჳს გზათასა. ხოლო მან ჰყო საზოგადო კრება, და განაჩინა ბჭობითა კრებისათა, მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპსთა თჳსთა თანა, რათა შეკრბებოდენ ეპისკოპოსნი სამრევლოსა მისისანი და აკურთხევდენ კათალიკოსსა ჟამითი-ჟამად, რომელი-ცა საღმრთომან მადლმან უჩუენოს მათ და რომელი გამოირჩიონ და სთნდეს მეფესა და ეპისკოპოსთა, და ერსა და მოყუასთა მის ეკლესიისათა. და შეუქმნა მათ აღწერილი მოსაჴსენებელი თავისა თჳსისათჳს და მუნ შემოკრებულისა კრებისათჳს და ჴელთ-დასხმულ ჰყო ერთი ორთა მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი, სახელით იოანე, მის ჟამისა კათალიკოსად მათდა. ხოლო ამას ანტიოქიის კრებასა შინა გაპატიოსნდა და განთავისუფლდა მათგან კათალიკოსი. რამეთუ ჴელ-ქვეით აღარ არის პატრიაქთა, აღარ-ც აკურთხევენ, არამედ თჳსნი ეპისკოპოსნი აკურთხევენ და მიერითგან განეფინა ქუეყანასა ზედა, ვითარმედ განთავისუფლდა კრებასა შინა ანტიოქიისასა.

 

ჩანართი (Bbkp)

მაშინ უკუე იოანე გუთელ ეპისკოპოსი თჳსისა სამწყსოსა და ერისა მიერ მოივლინა ქართლად, და ქართლისა კათალიკოსისა იოანეს მიერ მიიღო ჴელთ-დასხმა მცხეთას, რამეთუ მას ჟამსა საბერძნეთისა კერძონი ხატთა ბრძოლისა წვალებასა დაეპყრნეს.

და შემდგომად რა-ოდენისა ჟამისად მოკუდა კუალად კათალიკოსი იოანე და ამან-ვე ადარნასემ დასუა ბაბილა.

ხოლო ერაკლე მეფე შევიდა სპარსეთს, და მოკლა ხუასრო მეფე, და წარიღო ბაღდადი, და წარმოიყვანა ძელი ცხოვრებისა. უკ-მოიარა გზა ქართლისა-ვე მეშჳდესა წელსა, რაჲთგან ჩაევლო. და ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა და სიონი ტფილისისა განესრულნეს ადარნასე ქართლისა მთავარსა.

მაშინ ერაკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერჴთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, რომელნი მოცემულ იყვნეს კოსტანტინესგან მირიანისდა.

შეწუხნა ადარნასე ქართლისა მთავარი, და ევედრებოდა კეისარსა, რათა არა წარიხუნეს ნიჭნი იგი ღმრთისა-მიერნი. არა ისმინა კეისარმან ვედრება მისი და წარიხუნა.

ხოლო ამის ადარნასეს-ზე გარდაიცვალნეს სამნი კათალიკოსნი: იოვანე, ბაბილა და თაბორ.

მოკუდა ადარნასე, და დადგა ძე მისი სტეფანოზ.

 

მეორმოცდაორე მთავარი ქართლისა, სტეფანოზ, ძე ადარნასე მთავრისა. ხოსროიანი

ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა მორწმუნე და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა. და მან მოადგნა ზღუდენი ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა, და აღაშენნა დარბაზნი, და დაუწერა კრება ყოველთა პარასკევთა, და მუნ შეკრბიან ყოველნი ეპისკოპოსნი და მღდელნი მის ადგილისა და არისანი კათალიკოსის თანა, წინაშე პატიოსნისა ჯუარისა; ადიდიან პარასკევი, ვითარცა დიდი პარასკევი ხოლო საკათალიკოსოსა არიან კრებანი ყოველთა ხუთშაბათთა და ადიდიან წმიდა სიონი, ვითარცა დიდსა ხუთშაბათსა, საიდუმლოსა თანა ჴორცითა და სისხლითა ქრისტესითა. ხოლო მცხეთას საეპისკოპოსოსა არნ ყოველთა სამშაბათთა კრება და ჴსენება პირველ-მოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, დიდისა მისგან ძლიერებისა სპარსთასა რომელ წამებულ იყვნეს, და აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა, რომელმან მოაქცივნა უმრავლესნი მთეულნი არაგუსა აღმოსავლითნი. ხოლო პატიოსანი გუამი მისი დადვეს მცხეთას, საეპისკოპოსოსა, სამარხავსა ეპისკოპოსთასა. და დღესასწაულსა მისსა უფროს ყოველთა დღესასწაულთასა შეკრბიან და ადიდებდიან ღმერთსა.

მათ ჟამთა გამოჩენილ იყო მოჰამად, ნათესავი ისმაელისი, მოძღუარი სარკინოზთა სჯულისა, და ყოველი არაბია და იამანეთი დაიპყრა. და მოკუდა იგი, და დადგა მის წილ აბობიქარ, და შევიდა სპარსეთს. რამეთუ ვინათგან შესრულ იყო ერაკლე მეფე სპარსეთს, და განერყუნა სპარსეთი; და არღარა-ვინ იყო წინა-აღმდგომი სპარსეთს. ამან აბობიქარ აგარიანმან დაიპყრა სპარსეთი, შევიდა ბაღდადს და მძლავრობით დაატეობინა უმრავლესთა ცეცხლის-მსახურება, და მოაქცივნა სარკინოზად. და მოკუდა იგი, და დადგა მის წილ ომარ, და უმეტეს განძლიერდა იგი.

უთხრეს მეფესა ერაკლეს, ვითარ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირეთად, რომელ არს შუა-მდინარე. და გამოვიდა ერაკლე ფილისტიმად, რათა-მცა ეწყო მუნ. ხოლო იყო მუნ მონაზონი ვინ-მე, კაცი ღმრთისა, და მან რქუა მეფესა: „ივლტოდეთ, რამეთუ უფალმან მისცა აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი მისი სარას ძაღლთა“. და მონაზონისა მის სიტყჳთა ესე უთხრეს ერაკლე მეფესა ვარსკულავთ-მრიცხველთა და სრულთა მისანთა. აღაშენა ერაკლე მეფემან სუეტი და დაწერა მას ზედა: „მშჳდობა შუა-მდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარჴდეს შჳდნი შჳდეულნი“. შჳდეულისათჳს ესრეთ პოვეს ჟამი განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათჳს, რომელ არს ორას ორმოცდაათი წელი.

მოჰმადის გამოჩინებამდე ალექსანდრეს წელთაგან იყო ცხრაას ოცდაშჳდი წელი ალექსანდრესი.

მაშინ ყოველნი ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდეს ქუეყანათა შინა განძთა, რათა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და არღარა ნახონ ჭირი წაღებისა და კუალად გამოღებისა.

და აღმოვლო ერაკლე კეისარმან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად, და რქუა ნათესავსა სპარსთასა, რომელნი შემოლტოლვილ იყვნეს სარკინოზთაგან: „უკეთუ უწყით, ვითარმედ დასრულდა მეფობა თქუენი; დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით ჩუენ თანა“. და მათ დაუტევეს ქუეყანა ესე, და დაფლნეს განძნი მათნი; რომელნი-მე წარჰყვეს და რომელნი-მე დადგეს, და შეიტანნეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი. და რა გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თჳსი და ქუეყანა, და დადვეს, რათა ოდეს მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯრითა მოიძივნენ ნათესავნი მათნი და თჳთოეულად განუყონ ქუეყანა და განძი.

 

ჩანართი (Bbp)

მოკუდა კათალიკოსი თაბორ და დასუეს კათალიკოსად სამოელ.

ამისა შემდგომად გარდაჴდეს რა-ოდენი-მე წელნი. ქრისტეს აქეთ ქ~ნვ იქმნა კრება მეექუსე, რ~ო წმიდათა მამათა კოსტანტინეპოლის შინა, მეათსამმეტესა წელსა პოღონატი კოსტანტინეს მეფობისასა. რომელი იყო მამა იუსტინიანესი, რომლისა წინა-მძღუარ იყვნეს თეოდორე და გიორგი ხუცესნი და იოანე დიაკონი, ადგილის-მცველნი აღათონ ჰრომთა პაპისანი, და გიორგი კოსტანტინეპოლელი, თეოფანე ანტიოქელი. ამის კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსათჳს, რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი, საპატრიაქონი. და იყოს კათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიაქთა თანა, და აკურთხევდეს, მწყსიდეს და განაგებდეს სიმართლით მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა, და სამწყსოსა თჳსსა ქართლსა გამოღმა-გაღმა კახეთსა, შაქსა, შირვანსა და მიდგმით-წამოვლით მთისა ადგილისათა, სუანეთისა და ჩერქეზის საზღვრამდის, სრულიად ოვსეთსა და ყოველსა ზემო-ქართლსა სამცხე-საათაბაგოსა. „მისთჳს მიგჳთვლია საქართველოს ეკლესიანი, მას ჰმონებდენ, და მის ჴელ ქუეშე იყვნენ, და სჯულსა მისსა ერჩდენ, და მისგან იმწყსებოდენ.და მიგჳცემია ჴელმწიფება შეკრვისა და განჴსნისა: რომელი შეკრას, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნას ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა ხოლო პირველითგან ანტიოქიის კრებისა მიერ განპატიოსნებულ იყო, და ამ კრებისა მიერ დაგჳმტკიცებია პატრიაქად, რამეთუ ნუ იქმნებინ მიტროპოლიტი, ნუ-ცა ეპისკოპოსი კათალიკოსისა შეუნდობრად. ხოლო უკეთუ ვინ-მე იკადროს კათალიკოსისა წინა-აღდგომა, მთავარ-ეპისკოპოსმან გინა მიტროპოლიტმან, ანუ ეპისკოპოსმან, ანუ დაიპყრას ხარისხი და ეკლესია ძალითა, კათალიკოსისა უკითხავად და შეუნდობელად, ანუ იკურთხოს მეფე გინა მთავარნი, ანუ მთავარ-ეპისკოპოსნი და მიტროპოლიტ-ეპისკოპოსნი, განიკუეთენ. ხოლო ოდეს-ცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა“.

რამეთუ მრავალნი მრავალ-გზის ამათ პირთათჳს გუკითხვიდეს, და დავბრკოლდებოდით ჩუენ უმეცრებით. და ესე მცირედნი სიტყუანი, ვითარცა თესლის-მკრებელმან მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან, ერთად შემოვკრიბენ ჯერ-ჩინებითა შენითა, კაცო ღმრთისაო.

ხოლო სტეფანოსს ესხნეს ორნი ძენი არჩილ და მიჰრ. და განუყო ყოველი ხუასტაგი სამეფოსა მისისა, საგანძური ოქროსა და ვეცხლისა და თუალთა პატიოსანთა: და ნახევარი წარიღო ქუეყანასა ეგრისსა და წარიყვანა ძე თჳსი პირმშო მიჰრ; და ნახევარი საქონელისა მისისა მისცა არჩილს, უმრწემესსა ძესა თჳსსა. ხოლო არჩილ დაჰფლა საგანძური უფროსი ჴევსა კახეთისასა; ხოლო სამსახურებელნი ოქროსა და ვეცხლისანი ჴევსა უჯარმოსასა, და საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი დასხნა გორს, რომელი მან-ვე ერაკლე განაჩინა სამალავად განძთა მათთჳს, რომელნი თანა ვერ წარჰქონდეს. სახელი გორისა მის არს ტონთიო, რომელ არს თარგმანებით „მთა ოქროსა“. და დასუა მას ზედა ტილისმი, რათა ვერვინ შეუძლოს გამოღებად ხოლო საგანძურნი ყოველთა ქართლისა ეკლესიათანი დაფლნა აჩრდილსა დიდისა სიონისასა მცხეთას. და შემდგომად მცირედთა ჟამთა შევიდა არჩილ-ცა ეგრად-ვე.

და მუნ ყოფასა შინა მოკუდა სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, და მის წილ მეფე იქმნა ძე მისი მირ.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>