ქართლის ცხოვრება

ლეონტი მროველი

ნაწილი პირველი: ცხოვრება ქართველთა მეფეთა

ვიწყო მოთხრობად
ცხოვრებასა ქართუელთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა

თავი მესამე

შემოსლვა ალექსანდრესი [და მეფენი ფარნავაზიანნი]

მეთერთმეტე მეფენი ბარტამ და ქართამ, ძენი ადერკი სომეხთ მეფისა. არშაკუნიანნი

და მეფობდეს შემდგომად მისსა ძენი მისნი. ხოლო ამათსა მეფობასა უესპასიანოს ჰრომთა კეისარმან წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძუელთა-ვე ურიათა თანა, რომელთა თანა ერთნეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯუარ-ცმასა უფლისასა განუტევეს ურიათა უფლისა ჩუენისა იესოს წილ.

და მეფობდა ესე ბარტომ და ქართამ მშჳდობით და სიყუარულსა ზედა ერთმან-ეთისასა. ესუა ძე ბარტომს, რომელსა ერქუა კაოს, და ქართამს ესუა ძე სახელით ფარსმან. და მოკუდეს ადერკის ძენი ბარტომ და ქართამ. და შემდგომად მათსა მეფე იქმნეს შვილნი მათნი: არმაზს - ფარსმან და შიდა ქალაქსა - კაოს.

 

მეთორმეტე მეფენი ფარსმან და კაოს, ძენი ბარტოსი და ქართამისა, არშაკუნიანნი

ხოლო ადერკისითგან ვიდრე ამათ მეფობამდე იყვნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა. და უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდეს სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა. მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი იგი მეფე იარვანდ. და დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა, და მოუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკურამდე და დასხნა წუნდას შინა კაცნი მჴეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდა წუნდასა სახელად ქაჯატუნი, რომელი-ესე ითარგამნების დევთა-სახლად. და ვერ იძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღვარი, და მოკუდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს.

და დასხდეს მეფედ შემდგომად მათსა შვილნი მათნი, არმაზს აზორკ და შიდა ქართლსა არმაზელ.

 

მეცამეტე მეფენი აზორკ და არმაზელ, ძენი ფარსმანისი და კაოსისა, არშაკუნიანნი

ხოლო ესე მეფენი არმაზელ და აზორკ იყვნეს კაცნი მჴნენი და შემმართებელნი. და შეითქუნეს ესენი, და განიზრახეს ძიება საზღვართა ქართლისათა. მაშინ მოკლა სუმბატ ბივრიტიანმან იარვანდ, მეფე სომეხთა, და დასვა მეფედ ძმა იარვანდისი, რომელსა ეწოდებოდა სახელად არტაშან. მაშინ ამათ მეფეთა ქართლისათა აზორკ და არმაზელ მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და გარდამოიყვანნეს ოვსთა მეფენი ძმანი ორნი გოლიათნი, სახელით ბაზუკ და აბაზუკ, სპითა ოვსეთისათა. და მათ გარდამოიტანნეს თანა პაჭანიკნი და ჯიქნი. და გარდამოვიდა მეფე ლეკთა და გარდამოიტანნა დურძუკნი და დიდონი. და ამათ მეფეთა ქართლისათა შემოკრიბნეს სპანი თჳსნი და შეკრბა ესე ყოველი სიმრავლე ურიცხჳ. და სიმარჯჳთ ფარულად შეკრბეს, ვიდრე შეკრბებოდეს სპანი სომეხთანი. და შევიდეს ესენი სომხითს და უგრძნეულად წარმოსტყუენეს შირაკუანი და ვანანდი ბაგრევანამდე და ბასიანამდე, და შეიქცეს და ჩატყუენეს დაშტი ვიდრე ნახჭევანამდე, და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და აღივსნეს ყოვლითა-ვე ხუასტაგითა, და გამოვლეს გზა ფარისოსისა.

მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან მოუწოდა სპათა სომხითისათა, და შეკრბეს მსწრაფლ სომეხნი და დევნა უყვეს. ხოლო ესე ყოველნი ჩრდილონი განსრულ იყვნეს მტკუარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩოანს, და დაებანაკათ იორსა ზედა, და განიყოფდეს ტყუესა და ნატყუენავსა. მაშინ სუმბატ წარავლინა მოციქული და რქუა: „რომელი აღგიღიათ ნატყუენავი სომხითით, პირუტყჳ, ოქრო, ვეცხლი და ნაქსოვი, ყოველი მომინიჭებია თქუენდა; და რომელი დათხეულ არს სისხლი სომეხთა თქუენ მიერ, იგი-ცა უძებნელ იყოს თქუენ ზედა; გარნა რომელი აწე გყავს კაცი ტყუედ, განუტევეთ და წარვედით მშჳდობით, განმდიდრებულნი და აღსავსენი ყოვლითა-ვე. ხოლო მათ პასუხი მიუგეს ესრეთ ვითარმედ: „არა სხუად შემოვედით სომხითს, არამედ ძიებად შენდა და ვერა გპოვეთ შენ. და აწ მოვედ ჩუენდა, მიიღე ნაწილი შენი, თუ-არა მოვიდეთ შენდა, სადა-ცა იყო და ვერ განერე ჴელთაგან ჩუენთა ცოცხალი“. მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან განვლო მტკუარი. და ბაზოკ ოვსთა მეფემან სთხოვა მუქარა, მიუგზავნა მოციქული და ითხოვა თავის-თავ ბრძოლა. ხოლო სუმბატ აღიჭურა და აღჯდა ვარსამატსა თჳსსა და განვიდა განწყობილთა შორის. და მუნით გამოჴდა ბაზოკ. და აღიზახნეს ორთა-ვე და მიეტევნეს. და სცა სუმბატ ჰოროლნი სარტყელსა ზედა, და განავლო ზურგით წყრთა ერთი, აღიღო ცხენისაგან და დასცა ქუეყანასა ზედა. მაშინ მიეტევა ანბაზუკ შუელად ძმასა თჳსსა, ხოლო მოსწუადნა სუმბატ ჰოროლნი იგი, მიეგება და ეგრეთ-ვე მას-ცა სცნა და განავლო, აღიღო და დასცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: „ესე სომეხთა დედათა და მამათა, ყრმათა ჩჳლთათჳს, რომელნი თქუენ მოსრენით“. მაშინ სპათა მათ ყოველთა ოვსთა, ლეკთა და ქართველთა, და ყოველთა მათ ჩრდილოთა ნათესავთა ერთ-პირად აღიზახნეს და თქუეს: „ვინათგან მოკლნეს ძმანი ისი ორნი, თავნი გოლიათობისა ყოვლისანი, სიკუდილი ჩუენი არად შესარაცხელ არს“.

და უფროჲსად განბოროტნეს და შეკრბეს ყოველნი სპასალარობასა ქუეშე არზოკ და არმაზაელისსა, ქართველთა მეფეთასა, და ყოველნი მიეტევნეს სუმბატს და სპათა სომხითისათა. მაშინ იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი მათ შორის, და გაგრძელდა მათ შორის
ბრძოლა სამ ჟამითგან ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ, და აღჴდა მტუერი, და დღე ბნელ იქმნა ვითარცა ღამე. და აღრეულ იყვნეს ერთგან და ვერ-ღა-რა იცნობდეს ერთმან-ერთსა მტუერისა მისგან.

მაშინ იძლია ბანაკი ჩრდილოჲსა სომეხთაგან, მეოტ იქმნეს და დაიფანჩნეს ყოველნი-ვე, მიუდგა სუმბატ, მრავალთაგან მრავალთა მოწყლული, და სდევნა ღამემდე და მოსრნა ყოველნი ოვსნი და ლეკნი, რომელთაგან მცირედნი დაურჩეს; ხოლო ქართველნი უფრო დარჩეს სამეოტოთა გზათა მეცნიერებისაგან და შემოიხუეწნეს ორნი-ვე მეფენი ქართლისანი მცხეთას, მოწყლულნი.

მაშინ სუმბატ გამარჯუებული შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი, რომელი პოვა ციხეთა და ქალაქთა გარე; ხოლო ციხე-ქალაქთა არა ჰბრძოდა, რამეთუ არა მზა იყო მსწრაფლ გამოსლვისაგან. არამედ აღაშენა ციხე ქუეყანასა ოძრჴევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა, რომელსა ჰქჳან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა. და დაუტევნა მას შინა ლაშქარნი შემწედ წუნდელთა და მაბრძოლად ოძრჴეველთა და წარვიდა.

ხოლო მეფენი ესე ქართლისანი, არზოკ და არმაზელ, სიფიცხლითა გულისა მათისათა არა შეუშინდეს, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი თჳსნი, განწირნეს ყოველნი ველნი ქართლისანი და არა დასცხრეს კირთებისაგან სომეხთა ზედა.

და იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გარდამოვიდოდეს ქართლად და დაემეგობრნეს ქართველთა, და აღერივნეს ერთად ოვსნი და ქართველნი. და მარადის ბრძოდეს სომეხთა.

და იყო ოძრჴეს ქალაქსა შინა ერის-თავი მეფისა არმაზელისი, აზნაურთაგანი, და იგი დადგრომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისსა, და მას შეეწეოდეს მეგრელნი. ხოლო წუნდელნი და დემოთელნი შეეწეოდეს ერთმან-ერთსა, და დაუცხრომელად იბრძოდეს და უფროსი ბრძოლა მათი იყვის მდინარესა ზედა, რომელსა ჰქჳან ნოსტე.

და იყო კლარჯეთს ერის-თავი არზოკ მეფისა, აზნაურთა-ვე-განი. და იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა, ქუეყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაო, და ვერა-ვინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს. რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, და მკჳდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკჳრცხნი და მჴედარნიცა.

ხოლო თჳთ მეფენი ქართლისანი მცხეთით გაემართოდიან სომხითს გზასა აბოცისსა, და მარადის ესრეთ ჰკრფებოდეს ქართველნი. მაშინ წარმოემართა ძალითა თჳსითა ყოვლითა არტაშან, მეფე სომეხთა, და სპასპეტი მისი სუმბატ ბივრიტიანი. ხოლო ქართველთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი, და მოირთეს ძალი ოვსეთით და განავსნეს ციხენი და ქალაქნი და მოვიდეს სომეხნი და დადგეს მცხეთას, და ჰბრძოდეს ხუთ თუე. და დღეთა ყოველთა იყვის ბრძოლა ბუმბერაზთა. მაშინ შესჭირდა ქართველთა და ოვსთა, ითხოვეს მშჳდობა, და აღუთქუეს მორჩილება და არღარა ძიება სისხლისა და ზღვარისა. მაშინ ისმინა სომეხთა მეფემან ვედრება მათი. და ქმნეს ფიცი და აღთქმა, და დაიმონნა ქართველნი და ოვსნი სომეხთა მეფემან, და წარვიდა.

ხოლო გარდაჴდეს ამას შინა წელნი რა-ოდენნი-მე. და აღშენდა ქართლი მოოჴრებული სომეხთაგან. მაშინ უცალო იქმნეს სომეხნი, რამეთუ იწყეს ბრძოლა სპარსთა და ბერძენთა. და პოვეს მას შინა ჟამი მარჯუე ქართველთა და ოვსთა, იწყეს კირთებად სომეხთა. რამეთუ სპანი სომეხთანი ყოველნი და ორნი ძენი მეფისანი და სუმბატ იყვნეს ბრძოლად სპარსთა. და ვითარ განამრავლეს ქართველთა და ოვსთა ვნება სომეხთა, მაშინ არტაშან მეფემან შეკრიბნა სპანი, რომელნი შინა დარჩომოდეს, და მისცნა ძესა თჳსსა ზარენს, და წარმოგზავნა ქართველთა ზედა.

ხოლო შეკრბეს ქართველნი და ოვსნი, და მიეგებნეს ქუეყანასა ჯავახეთისასა. და ეწყუნეს და სძლიეს ქართველთა და ოვსთა, და აოტეს ზარენ, ძე სომეხთა მეფისა, და მოსრეს სპა მისი ყოველი და სდევნეს საზღვარამდე სომხითისა; მიეწივნეს ზარენს, ძესა მეფისასა, და შეიპყრეს იგი ტბისა მის პირსა, რომელსა რქჳან ცელი, და უკმო-იყვანეს.

ხოლო ოვსთა ჰნებვიდა მოკლვა მის ზარენისი სისხლისათჳს მეფეთა მათთასა, არამედ ქართველთა დაიცვეს ცოცხლებით ძიებისათჳს საზღვართა მათთასა, და დასუეს პყრობილად ციხესა დარიალანისსა. ვერ ძებნეს სომეხთა, რამეთუ უცალო იყვნეს სპარსთაგან.

მაშინ წელსა მესამესა მოვიდა სუმბატ ბივრიტიანი და ორნი ძენი მეფისანი, არტავაზ და ტიგრან, ყოვლითა სპითა სომხითისათა. მაშინ მეფეთა ქართლისათა უბრძანეს ქუეყანასა მათსა შელტოლვა ციხეთა და ქალაქთა, და მთეულეთთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი. ხოლო მოვიდეს სომეხნი და დადგეს თრიალეთს. და აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავნეს; მისცეს ქართველთა ძე მეფისა შეპყრობილი, და აღუთქუეს შეწევნა ესრეთ: „უკეთუ ვინ აღდგეს მტერი თქუენ ზედა და მოღმართ [გ]ებრძოდის, ჩუენ ორნი-ვე მეფენი თავითა ჩუენითა და სპითა ჩუენითა თანა-დაგიდგეთ და გიშუელოთ; და უკეთუ კუალად ვის-მე მიღმართ ჰბრძოდით, ათას-ათასითა მჴედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით“. და ესე-ცა აღუთქუეს ქართველთა, ვითარმედ: „ქალაქსა ამას ჩუენსა დრამა არტაშან მეფისა ხატითა დავსცეთ-ო“.

ხოლო ამისთჳს სომეხთა უკმო-სცეს საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი. და მიერითგან იქმნეს მოყუარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი. და სამნი-ვე ერთობით ბრძოდეს მტერთა.

და აღესრულნეს არზოკ და არმაზაელი, ნუგეშინის-ცემულნი დიდად. რამეთუ სიმჴნითა მათითა უკუ-მოისუნეს საზღვარნი ქართლისანი.

და შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი: არმაზს - ამაზასპ და შინა ქართლს - დეროკ.

 

მეთოთხმეტე მეფენი, ამაზასპ და დეროკ, ძენი აზორკ და არმაზელისნი, არშაკუნიანნი

და შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი: არმაზს - ფარსმან ქუელი და შინა ქართლსა - მირდატ.

 

მეთხუთმეტე მეფენი, ფარსმან ქუელი და მირდატ. ძენი ამაზასპისა და დეროკისი, არშაკუნიანნი

აქამომდე ესე მეფენი ყოველნი ორ-ორნი იყვნეს მოყურობასა ზედა: ერთგან მოყუარენი ვისნი-მე და ერთგან მტერნი ვისნი-მე. მაშინ ამან მირდატ ქართველმან მოიყვანა ცოლი სპარსი, ნათესავი მეფეთა, და წუევითა სპარსთათა მტერ ექმნეს ფარსმან ქუელსა არმაზელსა, და განიზრახა მუხთლად სიკუდილი ფარსმან ქუელისა. და მოხადა მირდატ ფარსმან ქუელსა სახლსა თჳსსა რე-ცა მიჯლიშად და განცხრომად. რომელი-ესე უთხრა ვინ-მე ფარსმანს და განაკრძალა. ხოლო იგი არღარა მივიდა.

მიერითგან იქმნეს მტერ ურთიერთას, და მირდატს შეეწეოდეს სპარსნი, ხოლო ფარსმანს სომეხნი. და ესე მირდატ იყო კაცი ურვილი და მოსისხლე, ხოლო ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მჴნე მჴედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უჴორცო და ყოვლითა-ვე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა. ესე უყუარდა მირდატის კერძთა-ცა ქართველთა და სძულდა მირდატ მესისხლეობისა და მედგრობისა მისისათჳს და გამოერთნეს უმრავლესნი მირდატისა-ცა კერძნი, ემძლავრა ფარსმან ქუელი და აოტა მირდატ მეფე. და წარვიდა მირდატ სპარსეთად.

ხოლო იყო მაშინ სპასპეტი ფარსმან ქუელისა, ეგრეთ-ვე ქუელი და გოლიათი, სახელით ფარნავაზ, ესე ფარნავაზ ძუძუს-მტე იყო ფარსმანისი, სარწმუნო, ერთ-გული და მისანდობელი. და იგი დაადგინა შიგა ქართლსა, ადგილსა მირდატისსა. და ყოვლად-ვე იყვის ფარნავაზ სპასპეტი ქართლსა შინა, ხოლო მეფე ფარსმან ქუელი იარებოდის და განაგებდის სამეფოსა თჳსსა.

მაშინ მირდატ გამოიყვანნა სპარსნი, სპანი ძლიერნი, და მომართა ფარსმანს, ხოლო ფარსმან შემოკრიბნა სპანი ქართლისანი, და მოირთო ძალი სომხითით, და მიეგება იწროთა რკინის-ჴევისათა. და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა დღეთა მრავალთა ; და უკეთუ გამოჩნდის ბუმბერაზი სპარსთა შორის, რომელსა ვერ ებრძოდიან ბუმბერაზნი ქართლისა და სომხითისანი, მას ზედა განვიდის თჳთ მეფე ფარსმან, ანუ სპასპეტი მისი ფარნავაზ, და ესრეთ აჯობიან და სძლიან. და მას ბრძოლასა შინა მოკლა ფარსმან მეფემან ჩჳდმეტი ბუმბერაზი სპარსთა, ხოლო სპასპეტმან მისმან ფარნავაზ მოკლა ოცდასამი.

მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელით ჯუმბერ, რომელი ლომსა ჴელითა შეიპყრობდა. და მან სთხოვა ბრძოლა თავის-თავ მეფესა ფარსმანს. ხოლო ფარსმან ქუელი სიხარულით აღიჭურა და განვიდა. და აღიზახნეს ორთა-ვე ჴმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ბრძოლად ჴრმლითა. და ჴმა ბრძოლისა მათისა ემსგავსა ჴმასა ქუხილისა და ტეხისასა. აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო და მოკლა, და მოიქცა სპისა თჳსისა კერძო, და ჴმა-ყო ჴმითა მაღლითა და რქუა მათ: „აჰა, ლომნო მძჳნვარენო, ცხოვარნი დასეტყჳლნი!“

მაშინ მიეტევნეს ქართველნი და სომეხნი სპარსთა ზედა, აოტნეს და მოსწყჳდნეს და ტყუე ყვნეს ურიცხუნი, და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და წელსა მეორესა კუალად მოვიდა მირდატ სპითა უძლიერესითა. ხოლო ფარსმან ქუელმან შემოკრიბნა სპანი თჳსნი, მჴედარნი და ქუეითნი, და დადგა მცხეთას ქალაქსა შინა, რამეთუ არა ჰყვნეს სპანი მირდატის სპათა ოდენნი. მოვიდა მირდატ და დადგა ჯაჭუს, და ეგრეთ ყოველთა დღეთა იბრძოდიან ბუმბერაზნი. და ბრძოლასა მას შინა მოკლა ფარსმან მეფემან თავის-თავ თორმეტი ბუმბერაზი, ხოლო სპასპეტმან ფარნავაზ თექუსმეტი ბუმბერაზი.

მაშინ ფარსმან მეფემან სიფიცხითა გულისა თჳსისათა არღარა განახა სიმრავლე სპარსთა, არამედ. განვიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თჳსითა, და დაესხა. და მოსცა სუემან მისმან ძლევა: აოტა ბანაკი მათი და მოსწყჳდნა ურიცხუნი. და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და მიერითგან განითქუა სახელი ფარსმან ქუელისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი. და წინა-მძღუარ ექმნა იგი სპათა ქართლისა და სომხითისათა. და იწყო ბრძოლად სპარსთა და შესლვად სპარსეთს. და ვერ-ღა-რა-ოდეს ვინ წინა-აღუდგა ფარსმან ქუელსა.

მაშინ სპარსთა გება-ყვეს სიმარჯუე ესე, რამეთუ მოიყვანეს მზარეული ერთი, და აღუთქუეს .მას კეთილი დიდი, და რქუეს ესრეთ, ვითარმედ: „წარვედ და შემწყნარე ფარსმან ქუელსა, და წარიტანე შენ თანა წამალი სასიკუდინე, და შეუზავე საჭმელსა თანა მისსა და შეაჭამე“. ხოლო წარვიდა მზარეული იგი და ყო ეგრეთ, ვითარცა უთხრეს სპარსთა მათ. და ესრეთ მოკლა ფარსმან მეფე ქუელი.

მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი, და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითგან ვიდრე გლახადმდე. და იტყებდეს ყოველნი თავთა თჳსთა ყოველთა შინა ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხდიან მგოსანნი გლოვისანი, და შეკრბიან ყოველნი და აჴსენებდიან სიმჴნესა და სიქუელესა, და სიშუენიერესა და სახიერებასა ფარსმან ქუელისასა, და იტყოდიან ესრეთ: „ვაჲ ჩუენდა, რამეთუ მოგჳძინა სუემან ბოროტმან, და მეფე ჩუენი, რომლისაგან ჴსნილ ვიყვენით მონებისაგან მტერთასა, მოიკლა იგი აცთა მგრძნებელთაგან, და აწ მივეცენით ჩუენ წარტყუენვად ნათესავთა უცხოთა“.

მაშინ გამოვიდეს სპარსნი, და გამოიტანეს თანა მირდატ, და დაიპყრეს ქართლი, და მისცეს მირდატს ნაწილი მისი. ხოლო ნაწილი ფარსმანისი თჳთ დაიჭირეს, და დაუტევეს ერის-თავი არმაზს. ხოლო ფარნავაზ სპასპეტმან წარიყვანა ცოლი და ძე ფარსმან ქუელისა, და ივლტოდა, და მივიდა სომხითს. რამეთუ სომეხთა მეფისა ასული იყო ცოლი ფარსმანისი. და დაიპყრეს ქართლი მირდატ და ერის-თავმან სპარსთამან. ხოლო მეგრნი დადგეს ერთ-გულობასა ფარსმანის ძისასა.

ხოლო მას ჟამსა მოყუარე იყვნეს სომეხნი და ბერძენნი. მაშინ სომეხთა მეფემან მოირთო ძალი ბერძენთაგან, და წარმოემართა ბრძოლად სპარსთა და ქართველთა. მიერთნეს მეგრნი, და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ. მაშინ მირდატ და ერის-თავმან სპარსთამან მოირთეს ძალი სპარსეთით. ხოლო სომეხნი და ბერძენნი და მეგრნი შთავიდეს შიგა ქართლს, და მუნ მიეგებნეს სპარსნი და ქართველნი მდინარესა ზედა, რომელსა ჰქჳან ლიახჳ. და მუნ იქმნა ბრძოლა მათ შორის ადგილსა, რომელსა ჰქჳან რეჴაჲ. და მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ, იძლივნეს სპარსნი და ქართველნი, და მოკლეს მირდატ და ერის-თავი სპარსეთისა, და მოსრნეს სპანი მათნი.

 

მეთექუსმეტე მეფე, ადამი, ძე ფარსმან ქუელისა, არშაკუნიანი

და დასუეს მეფედ ძე ფარსმან ქუელისა, რომელსა ერქუა ადამი. და სამ წელ ოდენ მეფობდა და მოკუდა. და დარჩა ძე მისი წელიწდისა ერთისა ყრმა; და ვიდრე აღიზარდებოდა ყრმა იგი, მეფობდა დედა ადამისი, ცოლი ფარსმან ქუელისა, რომელსა სახელი ერქუა ღადანა.

და ვითარ აღიზარდა ძის-წული ფარსმან ქუელისა, სახელით ფარსმან-ვე, მეფობდა იგი.

 

მეჩვიდმეტე მეფე, ფარსმან, ძე ადამისი, არშაკუნიანი

ხოლო მეფობდა ესე ფარსმან ყოველსა ქართლსა ზედა, და ესუა ძე, და უწოდა სახელად ამაზასპ. და შემდგომად ამისსა მოკუდა ფარსმან, და შემდგომად მისსა მეფობდა ძე მისი ამაზასპ.

 

მეთვრამეტე მეფე, ამაზასპ, ძე ფარსმანისი. არშაკუნიანი

ესე ამაზასპ იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქუელისა. და ამისსა მეფობასა გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი დიდნი გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ იგრძნა ამაზასპ მეფემან გარდამოსლვა ოვსთა ვიდრე გარდამოვლამდე მთისა. მოვიდეს ოვსნი და დადგეს ლიახუსა ზედა რვა დღე განსუენებად, და არა სადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქისა მცხეთისა შემუსრვად მოსრულ იყვნეს.

მაშინ ამაზასპ მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა. და მოვიდეს ერის-თავნი აღმოსავალისანი: ერის-თავი კახეთისა, ერის-თავი ხუნანისა, ერის-თავი სამშჳლდისა. და შემოკრბეს მჴედარნი სპასპეტისანი; და ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერის-თავისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილოთ კერძოთა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი.

მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქუეითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს; მათგან კიდე რომელი გარე მეომრად განვიდოდეს, იყო ოცდაათი ათასი ქუეითი ყოვლად-ვე. და მაშინ სხუა რომელი ჰყვა მჴედარი ათი ათასი, და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა, ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქჳან საფურცლე. და იპყრა ზურგად ქალაქი და ქუეითნი იგი, რომელ დაეყენნეს კართა შინა.

და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა. და განვიდა ამაზასპ მშჳლდითა, და იწყო სროლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა; ეზომ შორით ისროდა, რომელ დამართებითა მდგომთა ოვსთაგან არა შეიტყუებოდა და არ-ცა ინახვებოდა სიშორითა, თუ ყოვლად აქუს მშჳლდი. და მან ჰკრის ისარი, რომელსა ვერ დაუდგის სიმაგრემან საჭურველისამან. და მას დღესა შინა ამაზასპ თავის-თავითა მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი რჩეული და ცხენი მრავალი. და სხუათა-ცა ბუმბერაზთა ამაზასპისათა მოკლნეს ბუმბერაზნი მრავალნი ოვსთანი; და დასდვეს დიდი ვნება ოვსთა ზედა.

მას დღესა შინა შემოვიდა ამაზასპ ქალაქად მჴედრითა სპითა, ხოლო ქუეითნი იგი დგეს მუნ-ვე ადგილსა ზედა კართა შინა. და ღამესა მას მოემატნეს მჴედარნი, რომელნი ვერ მოეტანნეს თანა ერის-თავთა მათ სისწრაფითა.

და ვითარ განთენდა, კუალად განვიდა მუნ-ვე ამაზასპ და აღიხუნა ოროლნი. და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, რომელსა ერქუა სახელი ხუანსუა; იგი გამორჩეულ იყო სპათა შორის ოვსთასა. აღიზახნეს ორთა-ვე და მიეტევნეს ურთიერთას; და პირველსა-ვე მისლვასა სცნა ოროლნი ამაზასპ, და განავლო ზურგით, და მოკლა იგი. და აღმოიჴადა ჴრმალი, და მიეტევა სხუათა-ცა ბუმბერაზთა, და მოკლნა ორნი სხუანი-ცა, შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მჴედრებით-ურთ. ხოლო ქუეითნი დგეს მუნ-ვე კართა შინა, და მას ღამესა კუალად მოემატნეს მჴედარნი.

ხოლო განიზრახეს დასხმა ოვსთა; და განვიდა და დაესხა ოვსთა, განთიადისა ჟამსა, მჴედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი, და მოკლა მეფე ოვსთა და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი.

და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხითით, და შეკრიბნა სპანი თჳსნი ყოველნი, და გარდავიდა ოვსეთს. და ვერ-ვინ წინა-აღუდგა და მოტყუენა ოვსეთი, და მოვიდა შინა გამარჯუებული.

და შემდგომად ამისსა შეექმნა სილაღე, და იწყო მესისხლეობად, და მოსწყჳდნა მრავალნი წარჩინებულნი. და ამისთჳს მოიძულეს იგი ერმან ქართლისამან. და მტერ ექმნა იგი სომეხთა, და შეიყუარნა სპარსნი.

მაშინ განდგეს ერის-თავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერის-თავნი ეგრისისანი, ერთი ოძრჴისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა. ეზრახნეს ესე სომეხთა მეფესა, და ითხოვეს ძე მისი მეფედ, რამეთუ დის-წული იყო ამაზასპისი. მაშინ სომეხთა მეფე ძალითა მრავლითა წარმოემართა ქართლად, და მოირთო ძალი საბერძნეთით-ცა. და ეზრახნეს ოვსთა-ცა, ხოლო ოვსნი სიხარულითა წარმოვიდეს, რამეთუ მესისხლე იყო ამაზასპ მათი. და გარდამოვლეს გზა თაკუერისა, და მოვიდეს ერის-თავთა თანა ეგრისათა.

მაშინ ამაზასპ მოუწოდა სპარსთა, და მოვიდეს სპარსნი ძლიერნი. და შეკრიბნა ქართველნი-ცა, რომელნი დარჩომოდეს. მაშინ ოვსთა და მეგრთა გარდამოვლეს მთა მცირე, და შეკრბეს იგინი და ერის-თავნი ქართლისანი განდგომილნი, და მოვიდეს ესე ყოველნი წინაშე სომეხთა მეფისა.

ხოლო წარმოემართა ამაზასპ, და მოეგება იგი გუთის-ჴევს და არა-ვინ იპოვა ეგე-ოდენთა მათ სპათა შინა ბერძენთა, სომეხთა, ოვსთა, მეგრთა და ქართველთა მარტოდ-მბრძოლი ამაზასპისი, არამედ ეწყვნეს ურთიერთას სპანი იგი. და იქმნა ბრძოლა მათ შორის: იძლია ამაზასპ, და ივლტოდა სპა მისი. და მოკლეს ამაზასპ, და მოსრეს სპა მისი, და დაიპყრეს ქართლი. და დაუტევა სომეხთა მეფემან ძე თჳსი ქართლისა მეფედ, რომელსა სახელი ერქუა რევ, დის-წული ამაზასპისი.

 

მეცხრამეტე მეფე, რევ, არშაკუნიანი

ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა.

ესე რევ მეფე დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა: რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედ რა-მე სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და აქუნდა რა-მე სიყუარული ქრისტესი. და ამან მეფობასა შინა მისსა არღარა-ვის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კლვა, რომელსა-იგი ამისსა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შესწირვიდეს მსხუერპლად ყრმათა; და ვიდრე იგი იყო მეფედ, არღარა-ვინ კვლიდა ყრმათა კერპთათჳს, არამედ ცხურისა და ზროხისა შეწირვა განუწესა. ამისთჳს-ცა ეწოდა მას რევ მართალი. და მეფობდა ესე რევ კეთილად, და მოკუდა რევ.

 

მეოცე მეფე, ვაჩე, ძე რევისა. არშაკუნიანი

და შემდგომად.ამისსა მეფობდა ძე მისი ვაჩე.

 

მეოცდაერთე მეფე, ბაკურ, ძე ვაჩესი. არშაკუნიანი

და შემდგომად ვაჩესსა მეფობდა ძე ვაჩესი ბაკურ.

 

მეოცდაორე მეფე, მირდატ, ძე ბაკურისი, არშაკუნიანი

და შემდგომად ბაკურისა მეფობდა ძე ბაკურისი, მირდატ

 

მეოცდასამე მეფე, ასფაგურ, ძე მირდატ მეფისა, არშაკუნიანი

და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი ასფაგურ.

ამან ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა.

ხოლო ალექსანდრეს მეფობითგან ესე ყოველნი მეფენი მეფობდეს ქართლს და იყვნეს კერპთ-მსახურ. და ესე ასფაგურ იყო უკანასკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისა. და ამის-ზე მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან სასანიანი, რომელმან მოსრნა მეფენი აჟღალანიანნი, რომელი იცნობების არდაბირობით, ვითარცა წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა.

ხოლო სომხითს მეფე იქმნა კოსარო. და ამან კოსარო სომეხთა მეფემან უწყო ბრძოლად ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგურ, მეფე ქართველთა, და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი, და მივიდის კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა.

და პირველსა-ვე შესლვასა სპარსეთად ეწყო ქასრე, მეფე სპარსთა, და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი. და მიერითგან ვერ-ღა-რა წინა-აღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთად და ტყუენვა სპარსეთისა.

ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>