მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით

მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

აი, რას ნიშნავს ეს სიტყვები: ნუ ეთაყვანები ხისგან, ქვისგან გამოთლილ, ლითონისგან ჩამოსხმულ კერპს, ვითარცა ღმერთს.

ამ მხრივ ჩვენ, ქრისტიანები, თითქოს არ ვცოდავთ საღმრთო სჯულის მეორე მცნების წინაშე, მაგრამ განა მართლა ასეა საქმე? განა ჩვენი ვნებები იგივე კერპები არ არიან, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვეთაყვანებით? „რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაჲ - სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ“ - ამბობს პავლე მოციქული (ფილიპ. 3,19). განა ჩვენ არ შეგვეხება მოციქულის სიტყვები? ჩვენ გვეხება, უფალო! იმიტომ, რომ უფრო მეტად ვემსახურებით სტომაქს და საერთოდ ხორცს, ვიდრე ღმერთს. ჩვენ მეტისმეტად დიდ დროსა და ძალას ვანდომებთ საკვებზე ზრუნვას, რომელიც არის არა პური არსობისა, არამედ პური „გულის სათქუმელი“. საათობით ვდგავართ რიგში რაიმე ნუგბარის, მოხდენილი სამოსლის ან ფეხსაცმლის საყიდლად, ხოლო შემდეგ ვწუწუნებთ, რომ დრო და ძალა აღარ გვყოფნის ლოცვისა და სახარების წასაკითხად.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

განა ბევრი მონანული იტყვის, რომ სიხარულით ეგებება მარხვის დაწყებას? ხოლო ზოგიერთი ალბათ სულაც არ იცავს მას, რამეთუ არა აქვს ნებისყოფა იმისა, რომ თუნდაც მცირე ხნით მაინც თქვას უარი ხორციელ საზრდოზე. მოინანიეთ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

მეორე საშინელი კერპი, რომლის ფეხთა ქვეშ უამრავი სული მოქცეულა, რომლის მისადგომებთან დაღუპულა, ვინ იცის, რამდენი ნიჭი და ტალანტი, დაღვრილა მშობლებისა და ახლობლების ცრემლი, არის ლოთობა. დღეს არაფერს ვიტყვი იმ აურაცხელი უბედურების შესახებ, რაც ლოთობას მოსდევს. იქნებ ბევრი არც კი თვდება ღვინითა და არყით, მაგრამ განა სტუმრად ყოფნისას არ შეგისვამთ ზომაზე მეტი ღვინო? მოინანიეთ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ლოთობაზე მეტი დანაშაულია, თუ ვინმე დაგითვრიათ, ან ნათესავებისგან დაფარულად მიგიტანიათ ვინმესთვის სასმელი, იქნებ ლოთისთვის გისესხებიათ მისი ოჯახის უჩუმრად ფული. თქვენ იტყვით, რომ დღეს ერთი ბოთლი არყის ფასად იყიდება ყველანაირი სამსახური, მაგრამ თქვენ, ქრისტიანებმა ისიც ხომ იცით, რა უბედურება მოაქვს ოჯახისათვის ამ ბოთლს? ნუთუ სინდისს არასოდეს შეუწუხებიხართ, რომ შხამს სთავაზობთ მოყვასს კეთილი საქმის სანაცვლოდ?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

თითქმის ყველა ვართ დამნაშავე მოყვასის გალოთებაში! ჩვენ მას სასმელი შევთავაზეთ. მანაც დალია და დაკარგა გონება, იწყო ღმრთის გმობა, ცოლ-შვილის ცემა, მოკლა ადამიანი და ჩვენ თანამონაწილენი გავხდით ამ დანაშაულისა.

მესამე კერპი, რომელსაც ვემსახურებით, არის მომხვეჭელობის ვნება, ანუ სიხარბე, გამდიდრებისაკენ სწრაფვა, დაუცხრომელი სურვილი იმისა, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მეტი გვქონდეს. უფალო, ჩვენ ყველანი ვართ დაავადებული ამ სენით! ჩვენი გული აღგზნებულია და იწვის შეძენის წყურვილით (არა მარტო საჭირო ნივთებისა!). ავეჯი ჯერ კიდევ არ არის გამოსაცვლელი, მაგრამ ჩვენ ვნადირობთ მოდური გარნიტურის შესაძენად. სამოსელი საკმარისი გვაქვს, ჩვენ კი წინასწარ ვიმარაგებთ, ვტენით კარადებს, სკივრებსა და ჩემოდნებს ზედმეტი ნივთებით. ასე ვივიწყებთ უფლის რჩევას - მივცეთ მეორე პერანგი ჩვენს შიშველ მოყვასს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

შესაძლოა, მონანულთაგან რომელიმე ფულს აგროვებს შავი დღისათვის, ვინაიდან არა აქვს უფლის შემწეობის იმედი. მოინანიეთ უფლის წინაშე და იჩქარეთ მოიხმაროთ ავი კერპის სამსახურში ნაგროვები დოვლათი კეთილი საქმეებისათვის, ვინაიდან ბოროტი კერპი - მომხვეჭელობა განაქარვებს ლოცვას. გაიხსენეთ, რომ თვით ტაძარში, როდესაც საუფლო ლიტურგიის აღსრულებისას მოგვიწოდებენ „ყოველივე მსოფლიო დავუტევოთ ზრუნვა“, ჩვენი ფიქრი სწორედ ამქვეყნიურ საზრუნავს დასტრიალებს: ვაწყობთ ნაირ-ნაირ ამაო გეგმებს ყოფითი მიზნების განსახორციელებლად.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ!

ანგარებამ მიაჯაჭვა გულები მიწას: ვხერგავთ საკუთარ საცხოვრისს სხვადასხვა უსარგებლო ნივთით, ვკანკალებთ თითოეული ჩვრის გამო... იმ ვნებათა ჩამოთვლაც კი გაჭირდება, რაც ჩვენ სხვადასხვა საგნების გამო გვაქვს - სამოსელი იქნება ეს, ავეჯი, ჭურჭელი, ფეხსაცმელი, წიგნები, ყვავილები თუ პროდუქტის მარაგი, რომელიც შემდეგ ლპება, ჩრჩილისგან იჭმება, ჭიანდება, ობდება და აღარავის სჭირდება. ასეთი დამოკიდებულება ვლინდება თვით სეფისკვერის, ანტიდორის, არტოსის, ნაკურთხი წყლის მიმართ: რატომღაც ვაგროვებთ მათ, როგორც სუვენირებს, იმის ნაცვლად, რომ მოწიწებით და ლოცვით მოვიხმაროთ, შემდეგ ფუჭდება და იძულებულნი ვართ დავწვათ. ზოგიერთი იქნებ სულაც ყრის ამ სიწმინდეებს. მოინანიეთ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩაუფიქრდით, ქრისტიანისთვის უსარგებლო ნივთების მოვლას, თუნდაც მხოლოდ მტვრის გადაწმენდას, რამდენი დრო მიაქვს. ისე ჩავფლულვართ მომხვეჭელობის კერპის სამსახურში, რომ ჭეშმარიტი ღმრთის წინაშე ლოცვაზე ფიქრიც ზედმეტია.

მეოთხე კერპი, როემლსაც ჩვენ არანაკლები გულმოდგინებით ვემსახურებით, ამპარტავნებაა.

ამაყი ადამიანი თავის თავს აქცევს კერპად და უპირატესად მას ემსახურება. თითქმის ყოველი ჩვენგანი ფიქრობს, რომ მორწმუნე ქრისტიანები ამ დამღუპველი ვნებისაგან თავისუფალნი ვართ.

მრავალი ჩვენგანი თავის თავს უწყინარ და მშვიდ ადამიანად თვლის. მოდით, ჯვრისა და სახარების წინაშე დგომისას შევამოწმოთ, ასეა თუ არა. ვითარცა ხე მისი ნაყოფით, სიამაყე საქმით გამოიცნობა: განა თითოეულ ჩვენგანს არ სურს პატივი, ქება-დიდება?! მრავალი თქვენგანი ახლა ფიქრობს: არც პატივს ვეძებ, არც დიდებას, არც ქებასო. მაშინ რატომ ვერ დაგითმენია მცირეოდენი საყვედური, თუნდაც ერთი შენიშვნაც ისე, რომ არ გაჯავრდე და არ განრისხდე? ამის მიზეზი შემდეგია: თითოეულს სჯერა, რომ განსაკუთრებულია, როგორც წმინდა მამა თეოფანე დაყუდებულმა თქვა:

სიტყვით კი როგორი თავმდაბალნი ვართ? თითქოს არაფერი ვიცით, არაფერი შეგვიძლია, სულიერად უძლურნი ვართ, ლოცვის ძალაც კი არა გვაქვს და ა.შ. მაგრამ თუ ვინმემ, თუნდაც კეთილი ზრახვით, საქმისათვის სასარგებლოდ აღნიშნა შენი უუნარობა და უცოდინარობა, მაშინ მეყსეულად ქრება შენი მოჩვენებითი სიმდაბლე სულიდან და იწყებ დრტვინვას, მრისხანებას, ლანძღვას: რით ვარ სხვაზე ნაკლები?! ვერ გამიგეს, განგებ მამცირებენ, მე ეს არ დამიმსახურებია... აი, ასე ამეტყველდება ხოლმე ჩვენი ამპარტავნება.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ძალიან გვიყვარს ჭკუის დარიგება, მითითება, სხვის საქმეებში ჩარევა, ვინაიდან სიამაყის გამო წარმოგვიდგენია, რომ სხვაზე უკეთესნი ვართ და საღად მსჯელობა შეგვიძლია. ხოლო ზოგიერთები ურცხვად იქებენ კიდეც თავს: ასე ვქენი, ისე მოვიმოქმედე, სხვაზე უკეთესი ვარო.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

სიამაყის გამო არავის მორჩილება არ გვინდა. იმისიც კი, ვის წინაშეც ვალდებულნი ვართ: არ ვემორჩილებით მშობლებს, ხელმძღვანელებს, თვით მოქალაქეთა თანაცხოვრების საერთო წესებს. რას მიქვია ავტორიტეტი, როცა ჩვენ მხოლოდ საკუთარი აზრი მიგვაჩნია სწორად და ყველგან გვინდა მისი გატანა. თუ ვინმე სიტყვით მაინც შეეხო ჩვენს ზვაობას, რა გაგვაჩერებს, თუნდაც მოჩვენებითი სიმდაბლის გამო! იქამდე ვილაპარაკებთ, ვიდრე ბოლომდე არ ვიტყვით სათქმელს. ეს კიდევ რაა, მერეც დიდხანს ვერ დავწყნარდებით და გულიც კი დაგვწყდება, რომ საკმარისად ბევრი ვერ ვთქვით... აი, რას გვიშვება ამპარტავნება - ჩვენი კერპი უფალო! რჩევა და მხილება თვით სულიერი მოძღვრისა და უახლოესი ადამიანებისგანაც მტკივნეულად გადაგვაქვს... ცოდვათა ამ ნუსხის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ჩვენ ყველანი დაავადებულნი ვართ სიამაყის სენით და იმას კი ვივიწყებთ, რომ ყოველივე კეთილი, რაც კი გვაქვს, ჩვენი კი არა, ღმრთისაა. „არა ჩვენდა დიდება, არამედ სახელსა შენსა“. უნდა ვაღიაროთ, რომ პირიქით ვფიქრობთ: მე, ჩემს მეობას დიდება! საშინელია ყოველივე ეს, ვინაიდან ღმერთი წინ აღუდგება ამაყს, ხოლო მდაბალს მიანიჭებს მადლს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

უფალო, თვითგანდიდებაც გვახასიათებს. დიდების მოყვარული კაცი თვითონ ვერ ამჩნევს, რომ გულში მარად გუდრუკს უკმევს თავის თავს. წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი პატივმოყვარე ქრისტიანს კერპთაყვანისმცემელს უწოდებს.

თვითგანდიდება იმდენად დახვეწილი და საძაგელი სახეობაა სულიერი სიამაყისა, რომ ცდილობს თან ახლდეს ყოველ კეთილ საქმეს. ყური უგდეთ, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი და შეინანეთ უფლის წინაშე, თუ მის სიტყვებში საკუთარ თავს შეიცნობთ: „როცა ვმარხულობ, ხოტბას ვასხამ ჩემს თავს, როდესაც მსურს სხვებისგან დავფარო ჩემი მარხვა და ამიტომ ვჭამ სახსნილოს, მაშინ კეთილგონიერებით ვპატივმოყვარეობ. როცა მოხდენილი სამოსით ვიმოსები, ვმარცხდები პატივმოყვარეობით, ხოლო როცა ძველმანებს ვიცვამ, ასევე თვითგანდიდება მიპყრობს. სიტყვას ვიტყვი - პატივმოყვარეობის კლანჭებში ვექცევი, უთქმელობას ვარჩევ, ისევ მისი ტყვე ვარ. საითაც არ უნდა შევბრუნდე, მისი ეკლები მუდამ ჩემსკენ არის მოქცეული“ (სათნოებათა კიბე 22,5).

უფალო, მოგვიტევე, რამეთუ ამ სენით ყველანი ვართ დაავადებულნი!

რა კვებავს ადამიანის თვითგანდიდებას? კაცობრივი ლიქნი. ზოგჯერ, როცა პირში გვაქებენ, ყასიდად დავირცხვენთ ხოლმე, მაგრამ როგორ უნდა ჩვენს პატივმოყვარეობას, რომ ზურგს უკანაც ფიქრობდნენ ჩვენზე კარგად.

ამის ნიადაგზე ამოიზრდება კიდევ ერთი ვნება - პირფერობა, ფარისევლობა, ანუ ისეთი ადამიანის როლის თამაში, როგორიც სინამდვილეში არა ხარ, მაგალითად, როცა ანგარების მიზნით, სხვის დასანახად აკეთებ კეთილ საქმეს. ასეთი საქმე უსარგებლოა და უფლის რისხვასაც იმსახურებს. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო! შეიძლება შეიმოსო ძაძებით, ოფლი ღვარო მეტანიებით, მთელი ქონება დაარიგო და ყოველივე ეს სხვის დასანახად, ქება-დიდების მოსახვეჭად აღასრულო, რათა მით განიცადო თვითტკბობა, მაგრამ ამით სული ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. თვით უმცირესი შესაწირავიც კი გაეცი დაფარულად; თქვი თუნდაც მოკლე ლოცვა, ოღონდ არა სხვის დასანახად, თუნდაც ერთი ცრემლი სინანულისა, ოღონდ არა სხვის დასანახად გადმოდენილი, აღემატება პირფერობით ჩადენილ ქველმოქმედებასა და ღვაწლს.

არის კიდევ ერთი კერპი, რომლის მსახურების გამო ხშირად ვიმართლებთ თავს. ეს არის მედროვეობა. ამით ჩვენ მაშინ ვცოდავთ, როდესაც ღმრთისა და ეკლესიის დადგენილ კანონებს ვარღვევთ, თავს კი ვიმართლებთ იმით, რომ ახლა ამას ყველა აკეთებს. გამოჩხრიკეთ თქვენი სინდისი, შეგიცოდავთ თუ არა ამ ცოდვით.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

გაგრძელება...