წმინდა მამები... ჩვენს თანამედროვეს ეს სიტყვები ანაფორიან ჯვარითმოსილ კაცთა წყებას ახსენებს. ზოგჯერ სამღვდელონი უტიფარი ღიმილით გამოცრილ სიტყვებსაც ისმენენ: „ძვირფასი წმინდა მამები“. არა და ეკლესია წმინდა მამებად მოიხსენიებს იმ ძველ მოღვაწეებს, რომლებმაც ქრისტიანულ სრულყოფილებას ცხოვერბაშივე მიაღწიეს, ხოლო მათი სიტყვა ისეთი ძალმოსილი იყო რომ ადამიანები სულიერ ცხოვრებაში ხელახალ შობას განიცდიდნენ. ამ მოღვაწეთაგან ყველა არ იყო სამღვდელო პირი ანდა ბერ-მონაზონი, თუმცა ესენი მაინც დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ეკლესია აღაშენა იმათთვის, ვინც ჯვარს აიღებს, ანდა შეიმოსება კაბით, ანდა ერთისა და მეორის მტვირთველი, საკუთარი ნებით შეუდგება ქრისტეს გზას და მუდმივად სიწმინდის მსახურებაში ჩადგება. მრავალნი არიან ჩინებულნი და მცირედნი რჩეულ, ყველა ვერ აღწევს სამეუფო სერამდე, რადგან ზეთი შემოელევათ და კანდელები უქრებათ. სამღვდელო ხარისხის მიმღებთაგან ყველა როდი ხდება მწყემსი კეთილი, ასეთნი რჩებიან მამები სახელდებით და არა მსახურებით. ქრისტეს ეკლესია წმიდა მამებად მხოლოდ ერთეულებს აღიარებს. ისინი თითოოროლა არიან და ჰგვანან იმ მაღალმხატვრულ ნიმუშებს, რომლებიც მხოლოდ ცალობითაა და უნიკალფრ ქმნილებებს წარმოადგენენ, სადაც თავად მოღვაწის სულიერი შემოქმედებითი სარბიელი ერწყმის სულიწმიდის მოქმედებას: მამისაგან გამომავალს და მაცხოვრის მიერ მოცემული მცნებების აღსრულების გზით, იესო ქრისტესაგან მოვლენილს. ნამდვილი ქრისტიანები ყოველთვის ეძიებდნენ გონიერ მარგალიტს, მუდმივად იხვეჭდნენ ზეციურ საუნჯეს და საზრდოობდნენ მხოლოდ იმ საზრდელით, რომელიც მარადიულ ცხოვრებაში დამამკვიდრებელი იყო, ამიტომაც წმიდა მამათაგან გამოთქმულ ყოველ სიტყვას ზედმიწევნით იმახსოვრებდნენ, ხელმძღვანელობდნენ სულიერ ცხოვრებაში, ათასგზის გადაწერდნენ და ინახავდნენ. საბედნიეროდ მაშინ ქრისტეს მოშურნეთ დასთა-დასები ისწრაფოდნენ მამათა სწავლების საკუთარ ცხოვრებაში განხორციელებას, სწორედ ამგვარად მათმა სიტყვებმა ასწლეულები გაარღვია და იმ დრომდე მოვიდა, როცა წიგნების ბეჭდვა განხორციელდა. სულიერმა საუნჯემ ჩვენამდეც მოაღწია.
ადამიანი დღეს სიტყვიერ სივრცეში ცხოვრობს, რომელშიც უხამსი და მწირი ლექსიკის კუთრი წონა მეტისმეტად მაღალია. ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, მით უფრო ძვირფასია წმიდა მამათა ნამდვილი სიტყვიერი რძე.
ჩვენი მცირედმორწმუნეობის და განრღვეულობის გამო უბრალოება და პირდაპირობა დავკარგეთ. ბოლო ქრისტიანებს აღარ შეგვიძლია წმიდა მამათა მცნებების აღსრულება, მაგრამ როცა ვკითხულობს მათ ნაწერებს, შეგვიძლია შევიგრძნოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების გასაოცარი არომატი და სინანულით საკუთარი უძლურება ვიგლოვოთ. მამათა გამოცდილების ამ ჭვრეტამ, რომლიც მათ ცეცხლოვან სიტყვებში იხსნება, შეიძლება ჩვენს სუსტ სწრაფვას სინათლისაკენ ახალი იმპულსი მისცეს, როგორც ეს ხდება თითქმის მიმქრალ ნაღვერდალზე. შეუბერავ და შესაძლოა მცირე ხნით, მაგრამ მაინც ის აალდება. ასევე ჩვენი ჩამქრალი გულებიც ინთება. ეს არ არის ის ძველი სიძლიერე, მაგრამ ღვთიური მადლის სწორედ ის ცეცხლია, რომელიც ძველი მამების გულში მოქმედებდა, იწვოდა და დუღდა.
ამ გზაზე ზოგიერთი ცდუნებაც გველის და აი როგორი: ადამიანი რასაც კითხულობს, წარმოიგენს კიდეც. ბავშვობაში ხშირად ჩავენაცვლებოდით საყვარელი წიგნის გმირს და ნაწილობრივ კითხვის დასრულებამდე მასთან ერთად ვაგრძელებდით ცხოვრებას. ეს მექანიზმი ბევრს ჩვევადაც ექცევა. ამიტომ მრავალი ქრისტიანი როცა ჩაღრმავებით ეცნობა წმიდა მამათა ნააზრევს ვერ ახერხებს, რომ არ გააიგივოს საკუთარი თავი, თავისი გამოცდილება, ის ეპოქა, რომელშიც ცხოვრობს - ძველ, ოქროს ხანის მონაზონებასთან და იქმნება უცნაური, ფანტასტიური, რომ არ ვთქვათ უაზრო, სიტუაციები. ადამიანი, რომელმაც კომუნისტური სისტემის აღზრდა მიიღო, ცდილობს VI საუკუნის ეპოქის სამონაზვნო კუნკული მოირგოს. მაგალითად, ის აბბა დოროთესთან კითხულობს: „ანათემა მეც და ჩემს შეხედულებასაც“. ანდა ის, რომ კურთხევის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეიძლება. ჰოდა, თავის მოძღვარს შეკითხვებით არაქათს აცლის. მაგალითად, აინტერესებს ნამდვილ ქრისტიანს რა ფერის კბილის ჯაგრისი უნდა ჰქონდეს. ხშირად, მოძღვარი, ამ დროს, გაქცევით შველის თავს. ე.წ. „მოშურნე“ კი უკან მისდევს.
რა თქმა უნდა, როგორც წესი, არავინ ფიქრობს, რატომ აარიდა პასუხს თავი მოძღვარმა? ხშირად, იგი იმიტომ კი არ გარბის, რომ ზარმაცია ანდა დრო არ აქვს. უბრალოდ მას არ უნდა, ჩაებას თამაშში, რომელსაც პირობითად „ძველისძველი მონაზონობანა“ შეიძლება ეწოდოს. ისიც ხდება, რომ ზოგიერთი სამღვდელო პირი „აღვა მთასა და, აღაღებს პირსა თვისა“ და ხმას შეუწყობს სამწყსოს, თანაც ითავსებს „ძველი მოღვაწე ბერის“ სანუკვარ ვაკანსიას. და თუკი ასეთი „მოძღვარი“ სულიერი ცხოვრების წილ, მრევლის ერთი ნაწილის კოლექტიური ნააზრევით შექმნილი მითების სამყაროში გადაინაცვლებს, მაშინ ამ მდგომარეობას სამღვდელო იერარქიამ უნდა მიხედოს.
ძნელი სათქმელია რა ხდება სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენი ხალხი ნამდვილად მოწყურებულია სულიერ ცხოვრებას. მას შემდეგ რაც ჩვენი ეკლესია გათავისუფლდა, მას მოაწყდა ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანთა დიდი ნაკადი. მათ წიგნებიდან შეიტყვეს ისიც, რომ სულიერი წინამძღოლის გარეშე ვერ ცხონდები. თანამედროვე ნეოფიტთაგან ერთნი გარშემო მყოფ სინამდვილეში ცდილობენ ძველი საგანძურის მოძიებას, რომელიც შეიძლება „ფუტურო“ აღმოჩნდეს, ანდა ცდილობენ სპილენძს ოქროს ბზინვარება მიანიჭონ, მაგრამ სპილენძი სპილენძად რჩება. ჩვენთან ეკლესიური ადამიანების გზისგამკვალავთა მძაფრი დეფიციტი შეიგრძნობა, მეორე მხრივ კი გაჩნდა სასულიერო პირთა საკმაოდ დიდი რიცხვი, რომელთაც წმიდა მამათა პატივი მიეგება.
არც თუ ისე იშვიათად ვაწყდებით ყველაზე სამწუხარო მოვლენას ახალ მონასტრებში, სადაც ახალ ბერმონაზონს, რომელსაც ერთი-ორი სასულიერო ხასიათის წიგნი შეუსწავლია, და უარეს შემთხვევაში ისიც არ აქვს წაკითხული, შეხვდება წიგნიერ სულიერ ცხოვრებას მოწყურებული მოშურნე. რასაც მოჰყვება მკაცრი ეპიტემიების დადება უკვე დიდი ხნის მონანიებულ და შენდობილ ცოდვებზე და რიგორისტული მითითებები ლოცვითი კანონების შესრულებაზე და მარხვის თუ წლის გაბმავლობაში მისაღებ ზიარებათა რაოდენობაზე. დამოძღვრის ამგვარი დოზის მიღების შემდეგ მომლოცველი, სრულიად თავგზააბნეული საკუთარ მოძღვარსა და მრევლს უბრუნდება. იწყება სრული გაურკვევლობა: ვინ არის მართალი? ის ბერი მონასტრიდან თუ აქაური მოძღვარი: ამან ყველაფერი იცის ჩემს შესახებ, იმან კი პირველად მნახა! რა უნდა მოუხერხდეს ურთიერთგამომრიცხავ რეკომენდაციებს?
სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამღვდელო პირის რჩევა არ უნდა მივიღოთ, როგორც ბოლო ინსტანციიდან გამოსული ჭეშმარიტება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს რჩევა თვითნებურად ითქვა და სულიერი ხედვის ფლობის ანთებული შეგრძნებით იყო ნაკარნახევი და განა არ არსებობს ხელახალი ნათლობის, თავიდან ჯვრისწერის შემოთავაზებანი, იმიტომ, რომ რაღაც „არასწორად“ გაკეთდა.
იმისათვის, რომ ადამიანი ფანტომებისა და მითების გარემოცვაში არ აღმოჩნდეს, საჭიროა თავმდაბლობითა და ძალიან ფხიზელი თვალით განსაზღვროს რას ნიშნავს მისთვის სულიერი ცხოვრება და რა უნდა გააკეთოს მის მოსაპოვებლად და მაშინ თავად ეს ცხოვრება გახდება საჩუქარი მისთვის, ვინც მას მიაღწევს... ახლა კი მივუბრუნდეთ ღვთივგანბრძნობილ ბერებს!
ეკლესიაში ღვთივგანბრძნობილი ბერია სულიწმიდის მადლით სავსე ადამიანი, რომელსაც ღვთისგან მონიჭებული აქვს წინასწარმეტყველების ნიჭი. ეს არ არის სამყაროს აღსასრულზე ღაღადება, არამედ ის, რომ ადამიანებმა გაარკვიონ როგორია მათზე ღვთის ნება. ეს ითქმება მხოლოდ მათთვის, ვისაც ამის მიღება და აღსრულება შეუძლია, თანაც იმ მოცულობით, რისი დატევაც ძალუძთ. ვნებათაგან განწმენდილი და სულიწმიდის მადლით აღვსებული ბერ-მონაზონი თავად ხდება წყარო მოწყალებისა, როგორც თავად ღმერთი იმათთვის, ვინც მიეკედლება მას და ირწმუნებს მისას. ასეთები წმიდა, ყოფით საკითხებშიც კი უჩვეულოდ ფხიზლები, მომთმენნი და გამოცდილები არიან: მათ ყოველ გამოვლინებაში საღი აზრია. ისინი ვერ იტევენ ვერაფერს, რაც გარეგნულია: აქ იგულისხმება რაღაც განსაკუთრებული სამოსი, ანდა პოზა, ან ღრმააზროვანი ფრაზები. ისინი არასოდეს დაჟინებით არ ითხოვენ არაფერს, უხვად გასცემენ სიყვარულს და ყოველთვის შემწყნარებელნი არიან.
სულიერი მამა - ეს რამდენადმე სხვა მოვლენაა და სხვა მსახურება. ხშირად ეს ის მღვდელია, რომელმაც შეძლო შენ ხელახლად შობილიყავი იესუ ქრისტეში, ვინაც შენ „სულიერ გზაზე“ დაგაყენა. სულიერი მამა ეს ხელშესახები ქრისტიანული ავტორიტეტია, რომელთანაც საკუთარი სულიერი ძიებების გადამოწმება შეგიძლია. ის არ მბრძანებლობს შენს სულიერებაზე, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელმაც განვლო გაცილებით გრძელი ანდა მეტად ნაყოფიერი ეკლესიური გზა. თავად ტერმინი „სულიერი მამა“ ძალიან ტევადია და მეტყველი. „სულიერი“ განიყოფება „მშვინვიერისაგანაც“ და „ხორციელისაგანაც“ და ამ უკანასკნელთა ჩატევა სულიერი მამისა და სულიერი შვილის ურთიერთობაში ეკლესიური თვალსაზრისით დანაშაულად ითვლება.
მატერიალური და მშვინვიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება სულიერ მამას არც შეუძლია და არც მოეთხოვება: მას არ შეუძლია დედობრივი ფუნქციის შეთავსება, არც ძმობის და არც ქმრობის გაწევა არ ძალუძს. როგორც კი მამობრივ მიმართებას რაღაც სხვა შეერევა, მაშინ ეს ურთიერთობა კალაპოტიდან ამოვარდება, უკუღმართდება, მამობრივ-შვილობრიეი მიმართება იკარგება და სულიერება ქრება. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მეგობრობის, გულითადი საუბრების, ოჯახური სითბოს, ნათესაური ურთიერთობების დეფიციტი განიცადოს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კანონზომიერია, რომ მან თავისი ნაკლულობის შევსება ეძიოს მასთან, ვინც „სულიერ მამად“ აირჩია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძიება ცოდვაა, ცდუნებაა, ეს არის სულიერი ერესი, ჭეშმარიტების გაყალბება და ხიბლი.
სულიერი ურთიერთმიმართებები არ შეიძლება აირჩიო, ანდა ვინმემ დაგიდგინოს, ისინი ამოიზრდებიან რაღაც ხელშეუხებადი სახით და ყოველ ჯერზე განუმეორებადი რჩებიან, ისევე, როგორც თავად ყოველი სულია განუმეორებელი და მაინც, რაში მდგომარეობს ის? ძალიან მოკლედ რომ მოვჭრათ, ეს არის ერთობლივი ლოცვა ღვთისმსახურებაზე, ერთობლივი მონაწილეობა ეკლესიის საიდუმლოებებში: აღსარებისას, ზიარებისას, ზეთისკურთხევისას, ჯვრისწერისას, ნათლობისას... ეს არის სამრევლო ცხოვრების ერთობლივი აგება, მიყურადებული ყოფნა მამის რჩევებისადმი და სულთან თანხმობაში მოსული სიტყვების შეძლებისდაგვარი განხორციელება. უგუნურებაა სულიერი მამისაგან მოითხოვო იყოს ღვთივგანბრძნობილთა შორის. როგორც არ უნდა მოითხოვო იყოს მისგან, ის დარჩება იმად, რაც არის და შეძლებს გააკეთოს მხოლოდ ის, რაც შეუძლია. რაც შეეხება მის რჩევას, უნდა გახსოვდეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას და არა იმას, ვინც გამოთქვა თავისი აზრი. მოძღვარი კი - არის ის მღვდელი, ვისთანაც სისტემატფრად ამბობ აღსარებას და ვინც შენ გიცნობს იმ ზომამდე, რამდენადაც შენ მასთან გაიხსენი. ეს ურთიერთობა ძმურ ურთიერთობას წააგავს, რომელთაგან ერთი უფროსია, მეორე კი უმცროსი. აქ ორივე მხარისათვის არსებობს საცდური, დააჩქაროთ ამ ურთიერთობის გადაზრდა უფრო ღრმა ურთიერთობაში. ისეთში, როგორიცაა სულიერი მამისა და შვილის დამოკიდებულებები. მოძღვარმა შეიძლება რჩევების გაცემა ისე დაიწყოს, რომ მას არც კი ეკითხებოდნენ. ხოლო ერისკაცმა მღვდლისაგან სამონასტრო დონის სულიერი ხელმძღვანელობა მოითხოვოს. საკმარისი გამოცდილების უქონლობის შემთხვევაში ამათგან ნებისმიერი სახის დაჩქარება უკიდურესად კატასტროფულია. ამ ურთიერთობის დარღვევა ორივესათვის ტრამვის გამომწვევია და არათუ ხანგრძლივ, არამედ ზოგჯერ სამუდამო დაღად რჩება. მოთმინებას და მორჩილებას მოჰყვება ღვთის საჩუქარი იმისათვის, ვინც ეძებს ცათა სასუფეველს. მთავარია არ დაუშვა შურის არსებობა იმის მიმართ, ვინც რაღაც უფრო მეტს ფლობს და არ დაუშვა „სულიერი“ ამბიციების დაკმაყოფილებისაკენ სწრაფვა.
წმინდა მამები... არა, ჩვენ არ ვართ წმინდები, უბრალოდ აქ ძნელია ფეხი ჩაატიო. როდესაც ერმიტაჟში მიმოდიხარ, არ უნდა იფიქრო, რომ შენც შეგეძლო ზამთრის სასახლეში გეცხოვრა, თანამედროვე მხატვარს თუკი უჭირს ძველ ოსტატთა გამომსახველობის მიღწევა, ამის გამო ხელოვნება არ უნდა მიატოვო. მან უნდა ჭვრიტოს, ეძიოს, ეცადოს... მიმბაძველობა ყოველთვის როდია მაიმუნობა, არამედ ეს არის საზომისამებრ მიღწევა, დაწაფება და ზიარება სულიერ მშვენიერებასთან...
დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი
მღვდელმოწამე კიპრიანე კართაგენელი
ჩვენ (მოძღვრები) სინდისის ხმის მოთხოვნის თანახმად უნდა ვიღწვოდეთ, რათა ჩვენს გამო ეკლესიისთვის არავინ დაიღუპოს.
ღირსი მამა ანტონი დიდი
თუკი ადამიანი არ ტოვებს გულში დაბუდებულ საკუთარ ნებას, და ყველაფერში საკუთარ თავს არ უარყოფს, თუ არ ჩამოშორდება თავის სიმდიდრესა და ქონებას და არ დაემონება ღმერთს სულიერი მამასთან მორჩილების გზით, იგი ვერც შეიტყობს და ვერც აღასრულებს ღვთის ნებას.
მე ვიცნობდი ბერებს, რომლებიც მრავალი ღვაწლის მიუხედავად დაეცნენ, შეშლილობის ზღვარს მიაღწიეს იმიტომ, რომ საკუთარ თავზე დაამყარეს იმედი და მოიძულეს იმის მცნება, ვინც თქვა: ჰკითხე მამაშენს და გაგაგებინებს (მეორე რჯული 32,7).
ადამიანი, რომელიც რჩევის გარეშე უძღვება თავის საქმეებს, წააგავს დაუცველ ქალაქს, რომლის საუნჯე ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომია.
თუ სული კაცისა შეეცდება იპოვოს ღვთის ერთგული მსახური, რომელიც დახელოვნებული სულიერი მკურნალიც იქნება, მაშინ სულს მასთან დაცილება აღარ შეუძლია, ის მიეკვრება მას, ის კი თავდაპირველად ვნებათაგან განკურნავს, შემდეგ აღადგენს და ასწავლის ღვთის შეშევნით როგორ მიიღოს ის სიხარულიც, რომელიც საზრდელად იქცევა მისთვის. სწორედ მაშინ შეძლებს იგი წინააღმდეგობა გაუწიოს თავის მტრებს, ბოროტ სულებს, დასძლევს მას და მათ რჩევებს გააცამტვერებს და სრულყოფილი სიხარული დაეუფლება.
თავდაპირველად აუცილებელია დარწმუნდე ღვთივგანბრძნობილი მამის საღ აზროვნებასა და გამოცდილების სიღრმეში. ამის შემდეგ კი მიენდე მის სიტყვას და უჩუმრად მიიღე მისი რჩევები. ამ შეცნობისთვის პირველი ნიშანია, რამდენად თანხვდება მისი აზრი უფლის სიტყვას. უნდა დავუკვირდეთ, რას გვავალებენ. თუკი ისეთ რჩევას მოგცემენ, რომელიც უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მცნებებს ეყრდნობა, მაშინ მორჩილად მიიღე და ეცადე დაიცვა, რათა აღსრულდეს ჩვენშივე მოციქულის სიტყვა: „დაემორჩილენით ურთიერთას, შიშითა ქრისტესითა“ (ეფ. 5,21), და „სიყუარულისა მისთვის ჰმონებდით ურთიერთას“ (გალატ. 5,13) და თუკი ღვთის მცნებათა საპირისპირო ქმედებას გთხოვენ, მაშინ გააჩერე მთხოვნელი: „უკეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენა უფროს, ანუ ღმრთისაწ (საქმე 4,19).
თუკი სულიერ მამასთან მომთმენნი: დამჯერნი და მორჩილნი იქნებით, მაშინ მშვენიერი იქნება უფლის მოსაგებელი: და გაიხარებთ იმ ღვაწლით, რომელიც მოხსენდება უფალ ღმერთს. ვინც ემორჩილება თავის მოძღვარს, ის უფალი ღმერთის ნებას აღასრულებს და ვინც ღმერთს ემორჩილება, ის თავის მოძღვრის მორჩილებაშიცაა.
ღირსი მამა ეფრემ ასური
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეფრაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მორჩილება.
შეიყვარე ღვთისმსახურნი, ისინი მრავალმოწყალე ღმერთის მეგობრებია და ღმერთთან ჩვენი და მთელი სამყაროს ქომაგები არიან.
ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.
ღირსი მარკოზ მოსაგრე
სახარებისეული ხედვის უგულვებელმყოფელი თავნება მორწმუნე, რომელიც თავის მოქმედებებში არ ხელმძღვანელობს წმიდა წერილით, ხშირად ბოროტის მანქანებისა და დაგებული ქსელის მსხვერპლი ხდება, ხშირად დაბნეული დიდ უბედურებას გადაეყრება და არ იცის ბოლო რა იქნება. მრავალ ასეთ მორწმუნეს ღვთის სიყვარულით დიდი შრომა გადაუტანია და დიდი ოფლიც დაუღვრია, მაგრამ თვითნებობას და არასწორად აზროვნებას ეს ღვაწლი არა ღვთივსათნო და ფუჭი გაუხდია.
ღირსი ესაია ეგვიპტელი
მთელს საღვთო წერილში მე ვხედავ, რომ ღმერთი ადამიანისაგან სხვას არაფერს ითხოვს გარდა იმისა, რომ მოყვასთან თვინიერი იყოს, მოიკვეთოს თვითნებობა და ღვთისგან ყოველთვის ითხოვდეს შემწეობას.
თვითნებობა ღვთის მტრობაა.
ვისაც არ შეუძლია თავისი შეხედულებების უარყოფა და მხოლოდ საკუთარ სურვილებს არის აყოლილი, მტრობას განიცდის სხვის მიმართ და გაუცხოვებულია იმ სულისაგან, რომელიც სინანულის მშობელია ადამიანში.
ღვთისმოსავ ადამიანებთან შეგუებაც კი არ შეუძლია თავნება კაცს, რადგან გულში მოუთმენლობა, რისხვა და ჩხუბის სურვილი უტრიალებს.
მუდმივად აიძულე თავი დათრგუნო თვითნებობა, რადგან მას ყველა შენი სათნოების განადგურება შეუძლია, საკუთარი ნების უარყოფა კი... სათნოებებს განავითარებს შენში.
საკუთარ სნეულებებს მამებთან ნუ დამალავ, რათა მათი რჩევებით განიკურნო.
შენს მოძღვარრან შეკითხვების დასმას არ მოერიდო.
ღვთივგანბრძნობილ მამას თუკი საკუთარ გულისთქმებზე ეკითხები, ისევე წარმოადგინე ისინი, როგორც გებრძვიან, მაგრამ გაენდე მხოლოდ იმას, ვინც საიდუმლოს შეგინახავს. მხცოვანებას ნუ დაეყრდნობი, შეარჩიე ის, ვინც სულიერი ხედვით, საქმეებით და გამოცდილებითაა შემკული, რათა სულიერი სარგებელის ნაცვლად ვნებათა გაძლიერება არ გამოიწვიო.
შენი გულისთქმების გახსნისას ნუ დაიწყებ თვალთმაქცობას, ნუ მიედ-მოედები, ისეთ სახეს ნუ მიიღებ, თითქოს ვიღაც სხვაზე საუბრობდე. გააშიშვლე სინამდვილე და მზად იყავი შეასრულო ის, რასაც გეტყვიან, სხვა შემთხვევაში თავად დარჩები მოტყუებული და არა მღვდელი, ვისთანაც მიხვედი.
მღვდელთან მისვლამდე ღმერთს შეევედრე, რათა შეგიწყალოს და მოძღვარს ის ათქმევინოს, რაც შენთვის სასარგებლო იქნება, ამის შემდეგ კი რწმენით აღასრულე ღვთივგანბრძნობილ მამათა ნათქვამი და ღმერთი სიმშვიდეს მოგმადლებს.
ღირსი მაკარი ეგვიპტელი
ურჩობით დაძირულა სული დავიწყების ზღვაში, ცდომათა ფსკერზე მოქცეული კი ჯოჯოხეთის კარიბჭის მკვიდრი შეიქმნა.
წინამძღვრებს მართებთ ყველაზე მეტი შრომა გაწიონ, როცა მითითებებს იძლევიან, ხოლო საკუთარ თავზე ფიქრისას ხელქვეითებზე მეტი თავმდაბლობა მოეთხოვებათ.
უკიდურესი მონდომებით და დიდი სიფრთხილით შეეცადე იპოვო მოღვაწე მამა, რომელიც უცოდველად წაგიძღვება და ცხოვრების მაგალითად გექცევა. რომელიც სხვებს, ღმერთისკენ მავალთ სიბრძნით უძღვება. ის სათნოებებით უნდა იყოს შემკული, მის ცხოვრებაში ღვთისადმი სიყვარული საქმით უნდა იყოს გაცხადებული, განსწავლული წმიდა წერილში არ უნდა იბნეოდეს, არ უნდა იყოს ვერცხლისმოყვარე, არც მრავალ საზრუნავში არ უნდა იყოს ჩაფლული, მდუმარე, ღვთისმოყვარე, გლახაკთშემწყალე, ურისხველი, გულღრძოობისგან თავისუფალი, მასთან მივრდომილთადმი ძალმოსილი დამოძღვრაში, არაპატივმოყვარე, არაქედმაღალი, არაპირმოთნე, უღალატო, ღმერთზე მაღლა არავის და არაფრის დამყენებელი. თუკი იპოვი ასეთს, მაშინ ჩააბარე საკუთარი თავი, ყოველგვარი ქენჯნის გარეშე უკუაგდე საკუთარი სურვილები, რათა ემსგავსო სუფთა ჭურჭელს, რომელშიც ინახება დიდი საუნჯე.
ღვთის მადლით როცა იპოვი კეთილ საქმეთა წინამძღოლს (და თუკი ეძებ, მონახავ კიდეც მას), დაუკვირდი საკუთარ თავს, რომ მოძღვრის ნებას არ გადახვიდე, რადგან ყველაფერი, რაც მის გარეშე გადაწყდება, გარკვეულწილად ქურდობა და მკრეხელობაა, რომელიც თუნდაც სიკეთედ გეჩვენებოდეს, არაფერს გარგებს და სიკვდილისაკენ კი გაგაქანებს. თუკი ის მართლაც კეთილია, რატომ აღესრულება მალულად და არა აშკარად?
მოძღვრის მიმართ ნამდვილი და სრული მორჩილება მჟღავნდება მაშინ, როცა მისი ნების გარეშე საქებარი საქმეც კი არ აღესრულება, არათუ საგმობარი და მიუღებელი.
ბრმას ჰგავს ის, ვისაც რაც სურს სასარგებლოც ის ჰგონია. ასეთი სამართლიანობის სანდო მსაჯულად ვერ გამოდგება.
გონიერ წინამძღოლს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თითოეული მორჩილის ზნე, ვნებები და სულიერი მიდრეკილებები. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ყოველ მათგანს მისთვის მისაღები მითითება უნდა მისცეს. ამავდროულად არ უნდა მოხდეს წინააღმდეგობა გაცემულ განკარგულებაზე, რადგან ყველაზე რთულია თავად უექიმო საკუთარ თავს, რადგან ადამიანი დაბადებიდან თავის თავზეა შეყვარებული და ამ მიკერძოებული დამოკიდებულებიდან ნამდვილ სამსჯავროს აწყობს. უფრო მოსახერხებელია სხვამ შეგვიცნოს და სხვამვე განგვკურნოს, რადგან მას თვითტკბობის ვნება ნამდვილ შეფასებებში ხელს არ უშლის.
მღვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი
უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობილი, ისევ მაღლა აღემაროო.
ცხვრებო, მწყემსებს ნუ მწყემსავთ და ზღვარს ნუ გადახვალთ. იკმარეთ კარგი საძოვარი, მსჯავრს ნუ დაადებთ მსჯავრმდებლებს და ნუ ასწავლით კანონმდებლებს.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი
ჭეშმარიტად არაფერია ისეთი, რასაც ძალუძს ეკლესიის რღვევა და ნგრევა ისე ადვილად, როგორც ეს შესაძლებელია თუ მრევლი და მოძღვარი, შვილი და მამა, ქვეშევრდომი და უფროსი მჭიდრო ერთობაში არ იმყოფება. ის, ვინც ავად იხსენებს ძმას, შორდება ღვთის წერილს: „რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და ადიდებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა“ - ამბობს ღმერთი და შემდგომ ასახელებს რა მიზეზს, დასძენს: „შჯი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი“ (ფს. 49,16,20). შენ კი ღირსად თვლი თავს, შეხვიდე საღმრთო რწმენაში და ამავდროულად განიკითხავ სულიერ მამას? რას უნდა ელოდე? თუ კი სიკვდილით ისჯები მამის და დედის ძვირად მხსენებელი (გამ. 21,16), რა სასჯელს დაიმსახურებს ის კადნიერი, რომელიც ავად მოიხსენიებს მას, ვინც მშობლებზე მეტად აუცილებელია და მნიშვნელოვანი.
ნუთუ ჩვენ ენა მოგვიტრიალდება მღვდლების წინააღმდეგ? ჩვენ, რომლებსაც ძმების განკითხვის ნებაც კი არა გვაქვს.
როცა ჩვენ უკეთურად ვახსენებთ მღვდლებს, ამით მათ ვერაფერს ვავნებთ, არა მარტო მაშინ, როცა ვცრუობთ, არამედ მაშინაც, როცა სიმართლეს ვამბობთ - ასევე ფარისეველმა ვერაფერი ავნო მეზვერეს, არამედ სარგებელი მოუტანა მას, თუმცა სიმართლეს ამბობდა მასზე - ჩვენ საკუთარ თავს ვაგდებთ უკიდურეს განსაცდელში. ასევე ფარისეველმა მახვილი ჩაირტყა და სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.
უღირსი მოძღვრის ძრახვა და ავად ხსენება მავნებელია და საშიში...
საჭიროა ნათლად გესმოდეს, რომ თუნდაც მღვდლები იმსახურებდნენ განკითხვას, შენ მაინც არა გაქვს ნება განიკითხო მათი ცხოვრება. აი რას ამბობს ქრისტე იუდეველი უფროსების შესახებ: „და ჰრქუა: საყდართა მოსესათა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქვენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23,2-3). როგორც ხედავ, მან არ დაამცირა და არ უარყო მათი სწავლებანიც კი, ვისი გარყვნილი ცხოვრება მართებულად იწვევდა ზიზღს მის მოწაფეებში. ამას მღვდლების განსაკითხავად კი არ ვამბობ - არა! თქვენ თვითონ ხართ მათი ქცევის და მსახურების მოწმენი - არამედ იმისათვის, რომ მათ მეტი პატივი და რიდი მიაგოთ, ამით თქვენ თავს მეტ სარგებელს მოუტანთ: „რომელმაც შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს“ (მათე 10,41).
უფალი გიგზავნის საზღაურს არა შენი ღირსებისა თუ უძლურების შესაბამისად, არამედ შენი განწყობის შესატყვისად.
თუ შენ გძულს მღვდელი, ეს მისი ხელდამსხმელის - ღმერთის სიძულვილია. იქნებ იკითხო, საიდან იცით, რომ ღმერთია მისი ხელდამსხმელი? თუ ეს არ გწამს, მაშ ამაოა შენი სასოება. თუ ღმერთი მღვდელში არაფერს აღასრულებს, მაშინ შენ არ მონათლულხარ, არც ზიარების საიდუმლოებანი და არც მღვდლის კურთხევა მიგიღია, მაშ ქრისტიანიც არ ყოფილხარ. იტყვი: განა ღმერთი ყველას ხელდამსხმელია, უღირსებისაც? არა, ღმერთი ყველას ხელდამსხმელი არ არის, მაგრამ იგი ყველა მღვდლით მოქმედებს, თუნდაც მღვდელი უღირსი იყოს.
სამღვდელოება... (ყველანაირ) ხელისუფლებაზე უპირატესია იმდენად, რამდენადაც სული უპირატესია სხეულზე.
მოღვაწე სარგებელს თავისთვის ღებულობს, ხოლო მოძღვრის ღწვის შედეგი ეფინება მთელ ხალხს.
მღვდელი უნდა იყოს მღვიძარე, წინდახედული, ჰქონდეს მრავალი თვალი ყველა მხარეს და ცხოვრობდეს არა მხოლოდ თავისთავისთვის, არამედ ხალხისთვის.
შესაძლებელია ცხვრის ფარის პატრონმა შეიწყნაროს ის, ვინც დაღუპა მისი ცხვრები, რომლებიც ან მგლებმა გაიტაცეს, ან ყაჩაღებმა გაძარცვეს, მძიმე სენი შეეყარათ ან სხვა უბედურმა შემთხვევამ გაანადგურა ისინი და თუნდაც მან პასუხი აგოს, ზარალი მხოლოდ ფულადი იქნება; მაგრამ ვისაც მიანდეს ადამიანები, რომლებიც ქრისტეს გონიერ ცხვრებს წარმოადგენენ, ის, ასეთი ცხვრების დაღუპვით, ზიანს მიაყენებს არა ქონებას, არამედ თავის სულს; და შემდეგ, მას მოუწევს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და რთული მოღვაწეობა.
მღვდელმა ყოველმხრივ უნდა შეიზღუდოს თავი, ასე ვთქვათ, ადამანტის იარაღით, გულდასმითი სიფხიზლით და გამუდმებფლი მღვიძარებით თავის ცხოვრების მიმართ, ყველგან ადევნოს თვალყური, რომ არავინ მიაყენოს მას სასიკვდილო დარტყმა ღიად და დაუცველად დატოვებულ ადგილზე, რადგან ყველა გარემომცველი მზადაა მოწყლას და დაამარცხოს იგი. ეს ეხება არა მარტო მტრებს, არამედ ბევრ მათგანს, რომლებსაც თავი მეგობრებად მოაქვთ.
მღვდლის ცოდვები გაცილებით დიდ სასჯელს იმსახურებს, ვიდრე უბრალო ადამიანებისა, ... ისინი უმძიმესია არა მარტო მათი ბუნების გამო, არამედ მღვდლის ღირსების მიხედვით, რომელიც ამ ცოდვებს ჩადის.
ღვთის დიდებული მსახურების ღირსი მღვდელი უნდა იყოს არა მხოლოდ წმიდა, არამედ უაღრესად კეთილგონიერი და გამოცდილი, კარგად უნდა ერკვეოდეს ყველა ცხოვრებისეულ საკითხებში და იყოს ყველაფრისგან თავისუფალი გაცილებით მეტად, ვიდრე მთებში მცხოვრები ბერები. რადგან მას საქმე აქვს მამაკაცებთან, რომლებსაც ყავთ ცოლები, ზრდიან ბავშვებს, ჰყავთ მსახურები, აქვთ დიდი სიმდიდრე, ასრულებენ საზოგადო საქმეებს, არიან ხელისუფალნი, ამ ყოველივეს გამო მღვდელი უნდა იყოს მრავალმხრივი; ვამბობ: მრავალმხრივი და არა მზაკვარი, არა პირმოთნე, არამედ აღვსილი თავისუფლებით და გაბედულობით და ამავე დროს დამთმობი, როცა ამას საქმის ვითარება მოითხოვს.
ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაბრკოლდებიან, და მე არა ვკურნევდი? (2 კორ. 11,30). მღვდელს მართებს ასეთი იყოს და არა მხოლოდ ასეთი; ეს მცირედია და უმნიშვნელო იმასთან შედარებით, რის თქმასაც მე ვაპირებ. მაშ რა არის ეს? „რამეთუ ვილოცევდ მე შეჩვენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვის, და ნათესავთა ჩემთა ხორციელად (რომ. 9,3).
დიდი ხელოვნებაა საჭირო, რომ განსაცდელში მყოფი დარწმუნდეს თავისი ნებით მიიღოს მკურნალობა მღვდლისგან და მეტიც, მადლიერი იყოს ამ მკურნალობისთვის.
მოძღვარს მართებს დიდი კეთილგონიერება და მრავალი თვალი, რომ ყოველი მხრიდან თვალყური ადევნოს სულის მდგომარეობას. ისევე როგორც ბევრი ხდება სასტიკი და ვარდება სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ვერ იტევს ულმობელ მკურნალობას, ასევე პირიქით, არიან ისეთებიც, რომლებიც არ დაისაჯნენ რა თავიანთი ცოდვების შესატყვისად, ხდებიან დაუდევარნი, გაცილებით უარესნი და აღმოჩნდებიან მეტ ცოდვებში. მაშ, მღვდლის მოვალეობაა - მსგავსი რამ არ დატოვოს ყურადღების გარეშე და მკაცრი განხილვის შედეგად, სათანადო ზომები მიიღოს, რათა მისი ძალისხმევა არ იყოს ამაო.
ხარ ცხვარი? დაემორჩილე მწყემსს, ნუ გაექცევი სიძნელეს, გიყვარდეს სარწმუნოება, თავს ნუ აარიდებ მოძღვრის კვერთხს. ის გამარცხებს არა მოსაკლავად, არამედ იმისათვის, რომ აგაცილოს ცდუნება.
შენ ზიანს აყენებ ჩემს ფარას და განკითხვაში ვარდები, როცა გდევნი? მე რომ ჩვეულებრივი ცხვრების მწყემსი ვიყო, შენ მე განმიკითხავდი თუ არ მოვიგერიებდი მგლების თავდასხმას. მე ვარ მწყემსი გონიერი ცხვრების; მე კი არ გიშორებ ქვით, არამედ სიტყვით მოგიწოდებ გახდე ცხვარი, მოდი ჩემს ფარაში, რატომ ავნებ ფარას, რომელიც უნდა გაზრდილიყო შენი მოსვლით? მე ვიგერიებ მგელს და არა შენ: შენ კი, თუ მგლად გადაიქცევი, მაშინ შენს თავს დააბრალე.
მე განგაშორებ ცოდვას, გიცავ ძარცვისაგან, მოგიწოდებ იყო თავაზიანი, ყველასათვის სასურველი, მე გამუდმებით გიმეორებ: ხომ არ მოგიპარავს, ანგარებისკენ ხომ არ გქონდა სწრაფვა? მოდი ჩემთან და მე შეგცვლი, მტრობას მეგობრობად ვაქცევ, საფრთხეს უსაფრთხოებად; ამას აქ გპირდები, ხოლო იქ ცათა სასუფეველს, რომ უსასრულოდ არ ეწამო, რომ მადლი მიიღო, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა (1 კორ. 2,9).
განა შენ გდევნი? მე ვდევნი შენს ვნებას. განა შენ გებრძვი? მე ვებრძვი შენს მანკიერებას. მე ჭრილობას გაყენებ, შენ ყვირი, მაგრამ მე ყვირილის არ მეშინია, მე მინდა შენი გამოხსნა, რადგან მკურნალი ვარ. თუ გაქვს ჭრილობა, შენ უხმობ ექიმს და ხედავ, რომ მან მოიმარჯვა სკალპელი, განა არ ეტყვი მას: აკეთე შენი საქმე, თუმცა მე ტკივილს მომაყენებ - შენ განკურნების იმედი გაქვს. მაშ რატომ გამირბიხარ, მე ხომ არ გკვეთ, მე შენ სულს ვწმენდ.
ნუ ვდრტვინავთ როცა გვკურნავენ, უმჯობესია გვიხაროდეს, თუნდაც სწავლებამ მოგგვაროს დიდი ტანჯვა, რადგან ბოლოს ეს გამოიღებს უტკბილეს ნაყოფს.
მღვდელი მაშინ მოაგვარებს ჩვენს საქმეებს, თუ ჩვენ მას სათანადო პატივს მივაგებთ, ხოლო თუ არა, ის უძლურებაში ჩავარდება და თუნდაც გულადი იყოს, მას თქვენთან ერთად ადვილად გაიტაცებენ მგლები.
მღვდლების მიმართ გვმართებს დიდი მზრუნველობა. თუ თქვენ მათ თავს ესხმით სხვებთან ერთად, თქვენ და თქვენი საქმენი არ იქნება კარგად. სანამ მარჩენალი თავს კარგად გრძნობს, გამოკვებული უვნებელია, ხოლო თუ მას მტრულად მოექცევიან და განიკითხავენ, იგი ვერ შეძლებს განსჯას ვერც მღვიძარებას, ვერც თავის ხელოვნებას შეინარჩუნებს და უნებლიედ ათას ხიფათს გადაყრის მათ. ასევეა მღვდელი: თუ თქვენ მზრუნველობას გამოიჩენთ მის მიმართ, ის სათანადოდ წარმართავს თქვენს საქმეებსაც. თუკი თქვენ მღვდელს სასოწარკვეთილებაში ჩააგდებთ, მაშინ თქვენთან ერთად ისიც აღმოჩნდება ტალღების გავლენის ქვეშ, თუნდაც მხნეობით გამოირჩეოდეს.
თუ მე ჩემს თავზე ავიღე თქვენზე შუამდგომლობა და ამაზე პასუხი უნდა ვაგო, მით უფრო აუცილებელია ჩემთვის თქვენი ლოცვა. მე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, შესაბამისად თქვენც დიდი დახმარება უნდა გამიწიოთ მე.
მღვდლები ჩვენთვის - სწორედ ისინი არიან, რომელთაც დაეკისრათ ჩვენი სულიერი შობა და ხელახალი აღორძინება ნათლობით; მათი მეოხებით ჩვენ ვიმოსებით ქრისტეთი და ვიმარხებით ღვთის ძესთან ერთად და ამ ნეტარი მეუფების წევრები ვხდებით. ამიტომ ჩვენ, სამართლიანად, არა მხოლოდ უნდა გვეშინოდეს მათი უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფალთა და მეფეების, არამედ მეტად უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვსცემდეთ ვიდრე მამებს, რომლებმაც ჩვენ გაგვაჩინეს ამ ქვეყანაზე (ინ. 1,13), ხოლო ისინი (მღვდელნი) არიან ჩვენი ღვთისგან შობის, ნეტარი ყოფის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მადლიანი შვილობის მიზეზი.
(გიყვარდეთ მწყემსები), როგორც შვილებს მშობლები, რადგან მათი მეოხებით თქვენ მარადიული შობის ღირსნი გახდით, მათი ხელდასხმით აღესრულება ყველაფერი, მათი მეოხებით თქვენ გეხსნებათ ცათა კარიბჭენი. მაშ ნურავინ შეეწინააღმდეგება, ნურავინ შეესიტყვება მათ. ვისაც ქრისტე უყვარს, მას მღვდელიც უყვარს, როგორიც არ უნდა იყოს ის, რადგან მათი მეოხებით გახდით საშინელი საიდუმლოებების ღირსნი.
თუ გიყვარს ქრისტე, თუ გიყვარს ცათა სასუფეველი, მაშ პატივი მიაგე მათ, ვინც გიბოძებს მას.
გულწრფელად მივაგოთ პატივი მღვდლებს. ვიცოდეთ, რომ ვისაც უყვარს მეფის მეგობრები, მეფესაც ის უფრო მეტად უყვარს.
გვმართებს ღვთის შიში და მღვდლების პატივი, რომ ღვთისგან მიგვეზღვას საკუთარი ღვაწლისთვის და მათზე ზრუნვისთვის.