სულიერ მოძღვართა შესახებ

ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი.

ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, ის ეშმაკისგან მარცხდება.

ვისაც უფლის ნების შეცნობა სურს, მას უპირველესად საკუთარი ნება უნდა ჩაიკლას, ილოცოს და რწმენით, არამზაკვრული უბრალოებით, შემუსვრილი გულით, უყოყმანოდ დაუსვას კითხვები მოძღვარს და ძმებს და მათი რჩევები, როგორც ღვთის მიერ წარმოთქმფლი, ისე მიიღოს, თუნდაც მისი განზრახვის საწინააღმდეგო იყოს ან თუნდაც მოპასუხე სულიერებით არ გამოირჩეოდეს, რამეთუ უფალი უსამართალო არ არის და არ დაუშვებს, რომ სულები, რომელებიც რწმენით და თავმდაბლობით დაემორჩილნენ მოყვასის რჩევას და მსჯავრდებას, შეცდნენ.

მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას. თუ თავშეუკავებელი და ავხორცობისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ მასწავლებელი შენი მესაგრე და საკვების მიღებაში ულმობელი უნდა იყოს. და არა სასწაულთმოქმედი და ისეთი, რომელიც მზადაა ყველა შეარიგოს და ტრაპეზით უმასპინძლოს. თუ ქედმაღლობით გამოირჩევი, მაშინ მოიძიე მკაცრი და არდამთმობი მოძღვარი და არა უწყინარი და კაცთმოყვარე - არ უნდა ვეძებდეთ წინასწარმეტყველ და ნათელმხილველ მოძღვარს, არამედ უწინარეს ჩვენი ზნის და სულიერი უძლურების შესაბამის თავმდაბალ და ბრძენ მასწავლებელს.

თუ შენთვის უცნობ მკურნალთან და უცნობ სამკურნალოში აღმოჩნდი, ფარულად დააკვირდი იქ მყოფთა ცხოვრებას და სულიერ გამოცდილებას. თუკი იგრძნობ შენი უძლურებისთვის სასარგებლოს ან თუ იპოვნი მათ შორის, რასაც ეძებ ანუ სულიერ ამპარტავნების მკურნალობას, მაშინ დაემორჩილე მათ და ანგელოზების თანდასწრებით გაანადგურე შენი ნების ქარტია.

ჭეშმარიტი მწყემსი ისაა, ვისაც ძალუძს დაღუპული სიტყვიერი ცხვრების დასჯა და გამოსწორება თავისი გულმოდგინებით, გულკეთილობითა და ლოცვით.

ჭეშმარიტი მასწავლებელი ისაა, ვინც ღვთისგან უშუალოდ მიიღო სულიერი გონების წიგნი, ჩაიბეჭდა გონებაში და სხვა წიგნები არ ჭირდება.

როცა სულიერი მკურნალი ასეთ სიბრძნეს ღვთისგან შეიცნობს, ის ამარცხებს ვნებებს, რომლის განკურნვა ბევრმა ვერ შეძლო.

გაკვირვების ღირსია არა ის მასწავლებელი, რომელმაც ნიჭიერი ახალგაზრდა ცნობილ ადამიანად აღზარდა, არამედ ის, რომელმაც უმეცარი და გონებაჩლუნგი გააბრძენა და სრულყოფილებამდე მიიყვანა.

მკაცრი სიტყვით, როგორც ქვით, მიმართავს მწყემსი იმ ცხვრებს, რომლებიც სიზარმაცის ან ნაყროვანების გამო ჩამორჩნენ ფარას, რადგან ესეც კეთილი მწყემსის თვისებაა.

რამდენადაც მოძღვარი თავის თავში ხედავს როგორც მორჩილთა, ასევე საერო ადამიანების რწმენას, იმდენად ის მოვალეა სიფრთხილით მოეკიდოს ყველაფერს იმას, რასაც აკეთებს ან ამბობს, რადგან იცის რომ ყველა მას უყურებს, როგორც მაგალითს და მისგან ყველაფერს იღებს, როგორც წესსა და ჭეშმარიტებას.

ღვთის სამსაჯავროზე მოძღვრის ფიქრში გავლილი ცოდვა მიიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე მორჩილის მიერ საქმით ჩადენილი ცოდვა, რადგანაც მებრძოლის მიერ ჩადენილი დანაშაული ხომ უფრო მსუბუქია, ვიდრე მხედართმთავრის ბოროტმზრახველობა.

ჭეშმარიტ მოძღვარს სიყვარული გიჩვენებს, რადგანაც სიყვარულის გამო იტვირთა ჯვარცმა უდიდესმა მწყემსმა.

ჩვენი შემომქმედის კაცთმოყვარეობა და სიკეთე არაფერში ისე არ გამოვლინდა, როგორც მაშინ, როცა მან ერთი დაკარგული ცხვრის საპოვნელად დატოვა ოთხმოცდაცხრამეტი. ყურადიღე ეს, საყვარელო მამაო, და მთელი მცდელობა და სიყვარული, სიფიცხე, გულმოდგინება და ლოცვა ღვთისადმი შესწირე გზააბნეულთ და შემუსვრილთ, რადგან ეჭვგარეშეა იქ, სადაც მძიმე სნეულება და ავთვისებიანი წყლულია, მეტი საზღაური მიეცემათ მკურნალთ.

თუ ჩვენ თავმდაბლური სიბრძნით განვიზრახეთ უფლისადმი საკუთარი თავის დამორჩილება და ჩვენი გადარჩენა სხვას მივანდეთ, მაშინ თუ გაგვაჩნია მცირედი მჭვრეტელობა და განსჯა, ვიდრე ამ გზას შეუდგებით, საჭიროა დავაკვირდეთ, გამოვიძიოთ და შეიძლება ითქვას გამოვცადოთ მოძღვარი, რომ არ შევხვდეთ მესაჭეს ნაცვლად უბრალო მენიჩბეს, მკურნალის წილ ავადმყოფს, უვნებო ადამიანის ნაცვლად ვნებებით სავსეს, რათა ნავსადგომის მაგივრად ზღვრის უფსკრულში არ აღმოვჩნდეთ. მაგრამ შემდგომში ღვთისმოსაობის და მორჩილების სარბიელზე მყოფთ აღარ გვმართებს ჩვენი კეთილი მოძღვრის გამოცდა ან განსჯა, თუნდაც მასში, როგორც ადამიანში დავინახოთ მცირედი ცოდვები; ხოლო თუ გავხდებით განმსჯელები, მორჩილებისგან ვერავითარ სარგებელს ვერ მივიღებთ.

ვისაც სურს მოძღვრის მიმართ ურყევი რწმენა შეინარჩუნოს, არასოდეს არ უნდა დაივიწყოს და გულში წაუშლელად შეინახოს მისი სათნოებები, რომ მათი გახსენებით ეშმაკებს ბაგეები დაუხშოს, როცა შთაგვაგონებს მათდამი ურწმუნოებას. რამდენადაც გულში რწმენა ბუდობს, იმდენად სხეული მსახურებაში წარმატებას აღწევს, ხოლო ვინც რწმენაში დაბრკოლდა, ის უკვე დაეცა, რადგან „ყოველი, რომელი არა სარწმნოებით არს, იგი ცოდვა არს“ (რომაელთა 14,23). თუ გულისთქმა გაცდუნებს გამოსცადო ან განიკითხო შენი მოძღვარი, მაშინვე უკუაგდე ასეთი გულისთქმა, შენში განმტკიცების საშუალება არ მისცე, არამედ უთხარი: „ჰეი, მაცდუნებელო! მოძღვარი ჩემი განმსჯელია და არა მე მისი: მან მიიღო ეს უფლება და - არა მე“.

უფალი, რომელიც განაბრძნობს ბრმებს, ანათლებს მორჩილთა თვალებს, რომ გაუმჟღავნოს მოძღვრის სათნოებანი და აბნელებს მათ, რომ დაფაროს მისი მანკიერებანი, ხოლო სიკეთის მოძულე კი ამის საპირისპიროდ იქცევა.

უნდა ვერწმუნოთ მათ, ვისაც უფლისგან აქვთ ჩვენზე ზრუნვის მადლმოსილება, თუნდაც მათი ბრძანებულებანი ჩვენი ხსნის საწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ. ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია უყოყმანო მორჩილება მაშინაც კი, როცა მოთხოვნა მოულოდნელია.

ვინც თავის მოძღვარს დღეს ემორჩილება და ხვალ არა, მსგავსია იმ ადამიანებისა, რომელიც თავის სნეულ თვალს ხან საკურნებელ მალამოს უსვამს, ხან კი კირს.

ღვთის წინაშე დასჯის ღირსია სნეული, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მკურნალის ხელოვნება და მიიღო მისგან სარგებელი, განკურნებამდე მიატოვა ის და უპირატესობა სხვას მიანიჭა. ნუ განერიდები მას, ვინც უფალთან მიგიყვანა. მთელი შენი ცხოვრების მანძილზე არავის წინაშე არ გმართებს ისეთი მოკრძალება და პატივისცემა, როგორც მისი.

სულს, რომელიც ქრისტესთვის, სიყვარულით და რწმენით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არის მიჯაჭვული თავის მოძღვარს, არ განეშორება მას და განსაკუთრებით, თუ მისი მეოხებით განიკურნება წყლულებისგან, ახსოვს სიტყვები: „არცა ანგელოსთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, ...არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ-არს ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა“ (რომ. 8,38-39). თუ კი სულმა არ შეიყვარა, არ დაიმკვიდრა, არ მიეკრა მოძღვარს და მოძღვართან თვალთმაქცურ მორჩილებაშია, მაშინ გასაკვირია თუ ასეთი სული ამაოდ არ იღწვის.

მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება მაშინაც კი როცა განსჯის დიდი ნიჭი გაქვს.

წმიდა მამები ფსალმუნებს იარაღს უწოდებენ, ლოცვას - კედელს, უბიწო ცრემლებს - განბანას, ხოლო ნეტარ მორჩილებას აღმსარებლობას, რომლის გარეშე ვერცერთი ვნებებით აღსავსე ადამიანი უფალს ვერ იხილავს.

მორჩილი, რომელიც მოძღვრის კეთილ განწყობას და შემწყნარებლობას შენიშნავს და თხოვს მას დაუნიშნოს მსახურება თავისი სურვილის მიხედვით, არც საკუთარ თავს იცნობს და არც საკუთარი სარგებელი იცის, იმიტომ რომ ასეთი კურთხევით ის კარგავს აღმსარებლურ გვირგვინს, რადგან მორჩილება ესაა თვალთმაქცობის და საკუთარი სურვილის უარყოფა.

მშიერი ჩვილის ბაგეთაგან პურის გამოგლეჯა ისეთივ უსამართლობაა, როგორც, თუ სულიერი მოძღვარი მოღვაწეს გვირგვინის მოპოვების შემთხვევებს არ მისცემს, რომლის ღირსიც ის შეიძლება გახდეს ყოველ ჟამს წყენის, დამცირების, შეურაცხყოფის დათმენით. მოძღვარი ამით მნიშვნელოვნად და სამმაგად ავნებს თავის თავსაც და მესაგრესაც: ჯერ ერთი თვითონ მოძღვარი კარგავს ჯილდოს, რომლის ღირსი გახდებოდა დროული დასჯის და საყვედურის შემთხვევაში; მეორე - ერთის სათნოებით სარგებელს მოუტანდა სხვებსაც, მაგრამ ეს არ მოიმოქმდა; მესამე - და ყველაზე მძიმე ზიანი ისაა, რომ ყველაზე გულითადი და დამთმენი ადამიანი, სათნოებებში დამკვიდრებული და რომელსაც მოძღვარი არც ამხელს და არც ამცირებს, კარგავს მოპოვებულ სიმშვიდეს და მოთმინებას და თუმცა მიწა კეთილი და უხვია, მაგრამ უპატიობის წყლის ნაკლებობით ის ველურდება და წარმოქმნის დიდგულობის, გარყვნილების და უშიშების ეკალს.

როცა მოძღვარი გამუდმებით გამხელს, და შენ შეიგრძნობ, რომ შენ მეტად გიყვარდება და მეტი რწმენა გიჩნდება მისდამი, იცოდე, სული წმიდა შეუცნობლად დამკვიდრდა შენში და ძალი მაღლისა გეწვია შენ.

გონიერი მორჩილი, თუ მკვდარსაც აღადგენს, ცრემლების უნარიც მიეცემა, და ცდუნებებსაც თავს დააღწევს, ყოველნაირად ფიქრობს, რომ ამას მისი სულიერი მამის ლოცვა აღასრულებს, და მისთვის უცხოა და იგი შორსაა ამაო ქედმაღლობისაგან.

მორჩილება საკუთარი თავის განკითხვისა და სულიერი სიჯანსაღის სურვილისგან წარმოიშვება.

დაცემისასაც კი ამ სარბიელისგან არ დაიხიო, რადგან ამ დროს ყველაზე მეტად მკურნალი გვჭირდება. ვინც წინამძღვრის გვერდით მავალი შებორძიკდა, ის დაუხმარებლად აუცილებლად დაიმტვრევა.

ნუ იფიქრებ, რომ უხერხულია აღსარების ჩაბარებისას შენი სულის მხსნელის, მოძღვრის, როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მინახავს, რომ მსჯავრდებულებს თავიანთი მწუხარე და საცოდავი იერით, გულწრფელი აღიარებით და დაბეჯითებითი თხოვნით შეურბილებიათ მოსამართლის სიმკაცარე და მისი რისხვა შეწყნარებით შეუცვლიათ. ამიტომაც იოანე ნათლისმცემელი მასთან მოსულებისგან ნათლისღებამდე ითხოვდა აღსარებას, რომელიც მას კი არ ესაჭიროებოდა, არამედ ადამიანების გამოხსნას.

ეშმაკი ხშირად შთაგვაგონებს, ან არ ჩავაბაროთ აღსარება სულიერ მამას, ან საკუთარი ცოდვა სხვას გადავაბრალოთ.

ვინც თავის მოძღვარს გულახდილად განუცხადებს ყველა ცოდვას, ის მის მიმართ ჭეშმარიტ რწმენას ავლენს, ხოლო ვინც რაიმეს ფარავს, ის ჯერ კიდევ უგზოუკვლოდ დაეხეტება.

გულისთქმა გადაიზრდება ქმედებაში, თუ არ ვაღიარებთ სულიერი მამის წინაშე ისევე, როგორც ფრთების ქვეშ გამთბარი კვერცხები სიცოცხლეს იძენს.

სული, რომელიც აღსარებაზე ფიქრობს, თითქოს აღვირით აკავებს ცოდვებს, ხოლო ცოდვები, რომლებიც მოუნანიებელი რჩება, სიბნელეში ითრევს ადამიანს. თუ მოძღვრის არყოფნის დროს თვალნათლივ წარმოვიდგენთ მას და განვეშორებით იმისგან რაც მისთვის მიუღებელია; ლაპარაკისთვის თუ სიტყვისთვის, საკვების თუ ძილისთვის თუ კიდევ სხვა რამისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად შევიცანით ჭეშმარიტი მორჩილება. ეს არაჭეშმარიტ მოწაფეებს უხარიათ მოძღვრის გამგზავრება, თორემ ჭეშმარიტნი გლოვობენ ამას.

დიდია, ვინც ღვთისთვის თავის ქონებაზე უარი თქვა, ხოლო წმიდანია, ვინც საკუთარი ნება უარყო. პირველი სხვადასხვა ნიჭით გამდიდრდება, ხოლო მეორე მარადიული ცხოვრების ღირსი გახდება.

უმჯობესია მორჩილი თავის ადგილსამყოფელიდან გაიდევნოს, ვიდრე მას თავის ნების აღსრულების უფლება მიეცეს, რადგან განდევნილი ხშირად თავმდაბლობას იჩენს და მზადაა ნება მოიკვეთოს, ხოლო ის ვინც მის მიმართ კაცთმოყვარეობას და შემწყნარებლობას გამოიჩენს, მიზეზი ხდება იმისა, რომ მორჩილი ამ ქვეყნიდან გასვლისას ჰგმობს მას, რადგან გააწბილა ის და არავითარი სარგებელი არ მოუტანა.

ნეტარია, ვინც თავისი ნება სრულიად მოაკვდინა და თავის თავზე ზრუნვა უფალს მიანდო; ის ჯვარცმული იესოს მარჯვნივ იდგება.

ვინც სინდისი განიწმიდა თავისი მოძღვრის მორჩილებით, მას უკვე სიკვდილის არ ეშინია და ყოველდღე, როგორც ძილს ან უკეთ რომ ვთქვათ, როგორც სიცოცხლეს, ელოდება მას და ზუსტად იცის, რომ სხეულიდან სულის გასვლისას, მოძღვარს და არა მას მოეთხოვება პასუხი.

ეს კარგადაა ცნობილი იმათთვის, ვინც გადაუსვიეს ამ (მორჩილების) გზას და მოგვიანებით მიხვდნენ, თუ სად იმყოფებოდნენ.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

შენს მოძღვარზე საყვედურს ნუ მიიღებ და ნუ წააქეზებ მას, ვინც სახელს უტეხს, რათა უფალი არ განარისხო და არ აგხოცოს მიწისაგან პირისა.

ღირსი თეოდორე სტუდიელი

მე ცოდვილისთვის რა უნდა იყოს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, თუ არა თქვენი, ჩემი სამწყსოს, ჩემი ნაწილის, შთამომავლობის კეთილმოწყობა.

ღვთის ნებითა და ღვთის მადლით თქვენ ჩემი შვილები ხართ, რატომ მეუფლება ესოდენ სიხარული, როცა თქვენ წესიერებას და მხსნელ ცხოვრებას ვხედავ. მაშინ ფრთებასხმული და კეთილი იმედებით აღსავსე როგორც მეფე ისე დავაბიჯებ და სხვა არაფერი ასე არ მახარებს. ხოლო როცა საწინააღმდეგოს ვხედავ, თითქოს ჩემს სულს მთა აწვება, მაშინ გულმოკლული, თავდახრილი და მწუხარე დავიარები, ვსაყვედურობ ჩემს თავს, რომ ვერ შევძელი თქვენი დამოძღვრა და როგორც ოდესღაც ნაზარეთზე ამბობდნენ, ჩემს თავს ვეუბნები: იქნება კი რამე სიკეთე ასეთი მოძღვრისგან.

რაოდენ დიდ სიხარულს ვგრძნობ, როცა ვფიქრობ თქვენს ხსნაზე და ამის საზღაფრზე; დიდი შიში და თრთოლა მეუფლება გაფიქრებაზე, თუ როგორი პასუხი უნდა გავცე თითოეულ თქვენგანზე. ჩემო შვილებო, თქვენი მოძღვრის უკეთურობის და სიბრმავის მიუხედავად დამეხმარეთ, რომ თქვენთან ერთად მეც გადავრჩე, მე საცოდავი - თავს უშველეთ, იღვაწეთ და თქვენი მოშურნეობით აღასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობა.

აღსარებარე ნურაფერს დამალავთ, რომ უკურნებელი სენი არ შეგეყაროთ.

რადგან ურჩობის გამო განვიდევნეთ სამოთხიდან, ამიტომ ყოვლად მოწყალე ღმერთმა ინება, რთმ სამოთხე კვლავ, ჩვენი მორჩილებით დავიბრუნოთ.

ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება.

ედესის ეპისკოპოსი მღვდელმთავარი თეოდორე

არასდროს განსაჯო შენი მოძღვრის საქმენი, არამედ ყოველთვის მისდიე მის მოძღვრებას, მისი მცნებები აღასრულე. დემონები ჩვეულებისამებრ მიგითითებენ მოძღვრის ნაკლზე, რათა დაგიხშონ ყურები მისი გაკვეთილებისთვის, რომ გახდე უძლური და მოშიში მებრძოლი ბრძოლის ველზე ანდა ურწმუნოების გულისთქმებით დაგასუსტონ და სიზარმაცე მოგგვარონ, რომ რაიმე სათნოება ვერ აღასრულო.

ბერი სიმეონ კეთილმორწმუნე

შენი სულიერი მოძღვრის წინაშე ყოველი გულისთქმა აღიარე და ყველაფერი, რასაც გეტყვის მიიღე ისე, როგორც ღვთის მიერ თქმული (ამ ჭეშმარიტების) ღრმა რწმენით; სხვას კი არავის გადასცე თქვენი საუბარი და მით უფრო ნურავის გამოკითხავ კარგი ნათქვამია თუ არა მისი ესა თუ ის სიტყვა და თუ როგორ მოიქცე განკურნებისთვის. რადგან ესაა საკუთარი მოძღვრისადმი ურწმუნოების არსი და სულისათვის დამღუპველი.

ყურს ნუ დაუგდებ მტრის შთაგონებას, რომ ხშირი მისვლით მოძღვარს თავი მოაბეზრე, ანდა რომ უხერხულია ერთი და იგივე გულისთქმის მრავალჯერ აღიარება, ანდა რომ უნდა შეწყვიტო მასთან სიარული და სხვა მოძღვართან გადაინაცვლო. სხვასთან მისვლა არ გმართებს და თუ არ ავყვებით ასეთ შთაგონებას და მივენდობით ჩვენ მოძღვარს, მაშინ მეტი რწმენით აღვიჭურვებით მის მიმართ და მეტ სარგებელს მივიღებთ ცხოვრებიდან და მისი სიტყვებიდან; ჩვენ ასეთი ცხოვრებისათვის არავინ განგვსჯის, არამედ შეგვაქებს, რომ ასე მტკიცედ გვჯერა მხოლოდ მისი. თუკი დაუდევრობის გამო გულისთქმებს ხშირად არ ვაღიარებთ, მეტ ვნებებში აღმოვჩნდებით, შემდგომ კი მათი აღიარების მოგვერიდება და მოულოდნელ ორმოში გადავეშვებით. თუ სხვა მოძღვარს მივმართავთ (რაც არაა ნებადართული), ყველა განგვკიცხავს და ამისთვის ღმერთი მკაცრად განგვსჯის. ის მოძღვარიც, ვისთანაც გადავალთ, იფიქრებს, რომ საბოლოოდ მასაც ასევე მოვექცევით. ჩვენ კი ალბათ ასეც მოვიქცევით; და ამგვარად მივეჩვევით რა ერთი მოძღვრიდან მეორესთან გადასვლას, ვეღარ შევჩერდებით: დავიწყებთ გარკვევას, თუ სად რომელი მესვეტეა, რომელი დაყუდებული და მდუმარე და აღსარებებით ხან ერთთან ვირბენთ და - ხან მეორესთან. ბოლოს რწმენას ყველას მიმართ დავკარგავთ, ურწმუნო და წარმატებამიუღწეველი შევიქნებით და რაც ყველაზე უარესია, საერთო განკითხვას და გმობას დავიმსახურებთ. ამიტომ ვისთანაც თავიდან აღსარებით მიხვედი, ეცადე სიკვდილამდე ერწმუნო მას, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, თუკი სხვასთან მიხვალ ცდუნების მსხვერპლი შეიქმნები, განიკითხავ სხვებსაც და ამით დაღუპვის გზას გაიადვილებ.

ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ვინც ღვთის შიშით თავის ნებას მოიკვეთს, მას ღმერთი მისთვის შეუცნობლად თავის ნებას უბოძებს და მის გულში წარუშლელ მოქმედებას მოახდენს, რაც გულის თვალს აუხელს რათა შეიცნოს ღვთის ნება და მისი აღსრულების ძალასაც მიანიჭებს. ამას კი სულიწმიდის მადლი აკეთებს, რის გარეშეც არაფერი არ ხდება.

ვინც თავის ნებით მოქმედებს - თუნდაც მცირედში - მისთვის შეუძლებელია ღვთის ნების აღსრულება (ჯვრის ტვირთვის გზით) და მისი მცნებების დაცვა.

თუ გსურს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის მიგნება, ნუ მიენდობი საკუთარ თავს, შენს ჭვრეტას, რადგან ეს შეძლებელია. მოიქეცი ასე: აღასრულე სათნოებანი, გაეცი მოწყალება, ილოცე და გამუდმებით ევედრე ღმერთს. დე, შეგეწიოს ღმერთი (შენს ძიებაში). ხოლო ღვთის შემწეობით და ღვთის მადლით როგორც კი ასეთ მოძღვარს მოიძიებ, მის მიმართ ზედმიწევნით ყურადღება და კეთილმოსურნეობა, დიდი მორჩილება, წმიდა და ეჭვგარეშე რწმენა გამოიჩინე. რისთვის? იმისათვის, რათა საზღაურის ნაცვლად, სამწუხაროდ, წამება და ტანჯვა არ დაიმსახურო.

სულების მკურნალი და ბრძენნი მწყემსნი მართლაც რომ იშვიათია და განსაკუთრებით ახლა. შესაძლოა, მრავალია, ვინც მარხულობს, მღვიძარებს და მოჩვენებითად ღვთისმიერი იერი გააჩნია, კიდევ უფრო მეტნია, ვისაც მრავალმეტყველების და სიტყვიერი სწავლების უნარი აქვთ, მაგრამ იშვიათია, ვინც ცრემლებით ვნებები მოიკვეთა და უმთავრესი სათნოებანი მოიხვეჭა, ასეთს კი მორჩილებს ვწოდებთ, რომელიც ვნებებს აკვდინებს და ციურ და ანგელოზებრივ უვნებობას გვაძლევს და სიყვარულს, რომელიც მარად ჩვენთანაა და არ განგვეშორება. სიყვარული კი სრულყოფილ განსჯას ბადებს, რომელიც თავის თავსაც და მიმდევართაც წარმართავს და დაუბრკოლებლად გადალახავს ფიქრების ზღვას. სწორედ ახლა ამას უნდა ევედრებოდე ღმერთს, რომ ღვთისთვის სათნო ყოფილიყოს შენი განსჯა და ქმედება; ეცადე მოიხვეჭო მორჩილება და სიყვარული, ისევე, როგორც თვით ქრისტე, რომელიც ამ საუკუნეში და მომავალშიც გიბოძებს შენი განათლებით განცხრომას. მწყემსის წილ მგელს ნუ გაჰყვები და ნურც სნეულთა ფარას მიეკედლები, ნურც შენ თავთან ერთი ერთზე დარჩები, რათა სულის დამღუპველმა მგელმა არ გაგიტაცოს ანდა დაავადებულმა სნეულებით სნეულებისადმი სულიერად არ მოკვდე, ანდა მარტო დარჩენილი არ დაეცე, რომ შენზე არ თქვან: „მაგრამ ვაი, მარტომყოფს, თუ დაეცა“ (ეკლესიასტე 4,10). ხოლო ამაზე არ იზრუნებს ვისაც კეთილი მასწავლებელი ჰყავს და ვინც მას მთლიანად მიენდობა და გამოიხსნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, დიდება მას უკუნითი უკუნისადე.

ღვთის წინაშე გულმოდგინედ ილოცე, რომ გამოგიჩინოს ისეთი ადამიანი, რომელიც კარგად დაგიფარავს; და ვისაც ღმერთი გამოგიჩენს უხილავად ან ხილულად მიდი მასთან, ესაუბრე, პატივი მიაგე ისევე, როგორც ქრისტეს, მოუსმინე, როგორც ღმერთს და სასარგებლოს შეისწავლი. ეჭვგარეშე აღასრულე რასაც გეტყვის, თუნდაც შენთვის მიუღებელი იყოს და შენი აზრით მავნებელიც, რადგან უმჯობესია მოწაფის მოწაფე გიწოდონ, ვიდრე თვითნებურად იცხოვრო და უსარგებლო ნაყოფი მიიღო.

ჰოდა, თუ - მისგან მოისმენ: „წადი შენი ქვეყნიდან....იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ“ (დაბ. 12,1) ამპარტავნებით მოცული ეჭვს ნუ გაიჩენ და ნუ დაიმორცხვებ. თუ კი გეტყვის „წადი მორჩილების მიწაზე, მე გიჩვენებ“, - რაც შეიძღაება იჩქარე, ძმაო ჩემო. თვალს ნუ მილულავ, ნუ მიეცემი ძილს და უძლურების გამო სიზარმაცისა და მწუხარების წინაშე მუხლს ნუ მოიდრეკ... თუ მამა შენი აღგიყვანს მთასა მაღალსა (მათე 17,1) გულმოდგინედ აჰყევი და მტკიცედ იცოდე, რომ ქრისტეს იხილავ, გარდაქმნილს და მზეზე მეტად გაბრწყინებფლს, ღვთიური ნათლით განათებულს, და შესაძლოა პირქვე დაემხო, რადგან არ ძალგიძს იმის გადატანა, რაც ადრე არასოდეს გინახავს და ზევიდან ზეციური მამის ხმას მოისმენ და დაინახავ მოციქულებს, წარდგომილებს და დამმოწმებლებს იმისა, რომ ეს არის ღმერთი და უფალი ცოცხალთა და მკვდართა. თუ მოძღვარი შენი მოგიხმობს, გაბედულად გაყევი მას და თუ მხოლოდ მას მიაპყრობ მზერას, უდიდეს სარგებელს მიიღებ. თუ იხილავ, რომ მეძავებთან, მეზვერეებთან და ცოდვილებთან ერთად ღებულობს საკვებს (მათე 9,11), ნუ იფიქრებ ვნებით და ადამიანურად, არამედ აზრად მხოლოდ არა ვნებიანი და წმიდა გქონდეს: „ყოველთა ვექმენ ყოვლად: რათა ყოველნი ვაცხოვნე“ (1 კორ. 9,22) ხედავ რა მის მოწყალებას ადამიანური უძლურებისადმი. საკუთარ მზერასაც ნუ მიენდობი და ნუ ერწმუნები, რადგან ისიც იხიბლება, როგორც ეს საქმით გამოვცადე.

გაჰყევი მას და მორჩილად მიიღე, რასაც გეუბნება. მათ, ვინც შენთან ცხოვრობს. ნუ უყურებ და ნურავისზე იტყვი: „უფალო, ამისათვის რაი სთქუ (იოანე 21,21). ხოლო ყოვლთვის შენს თავს გულისყურით მოეპყარი, თვალწინ სიკვდილი გქონდეს, გონებით გამოსცადე, თუ რომელი სათნოებით განადიდო ღმერთი. თუ შენი მასწავლებლის ან მისი სახელის გამო პატივს მოგაგებენ, ნუ აიმაღლებ თავს, არამედ გიხაროდეს, თუ სახელი შენი დაიწერება მორჩილების ცაზე (ლუკა 10,20), თუ დაინახავ, რომ ეშმაკები შენს ჩრდილზედაც თრთიან, ნუ მიაწერ შენს თავს, არამედ შენი მოძღვრის ლოცვას და ამით კიდევ უფრო მეტად დააფრთხობ მათ.

თუ ტრაპეზზე თავის გვერდით მოგიპატიჟებს მადლიერებით და მოკრძალებული მდუმარებით მიიღე ეს: მისი კურთხევის გარეშე ნურაფერს შეეხები, ნუ გაკადნიერდები და ნურვის შესთავაზებ რაიმეს მოძღვრის ნებადაურთველად და თუ სხვების შემდეგ მოგიხმობს, ნუ ეტყვი „დავჯდები მარჯვენით ან მარცხენით შენსა“ (მათე 20,21). იცოდე, რომ ეს სხვისთვისაა განკუთვნილი. ხომ მოგისმენია, რომ უკანასკნელი პირველი იქნება (მათე 20,27). მაშ დაიკავე ბოლო ადგილი და მიიღებ პირველს და შეიყვარე მოძღვარი შენი, რომელიც მცირედით დიდის მომცემია. მასთან ერთად კადნიერად ნუ ჩაყოფ ხელს „პინაკსა ამას“, შენთვის ხომ კარგადაა ცნობილი ვინ გაკადნიერდა ამდენად (მათე 26,23).

თუ შენი ფეხის განბანას მოინდომებს, მოგერიდოს მისი, როგორც უფლისა და მასწავლებლის და ნურც დაეთანხმები: მაგრამ თუ მოისმენ „უკეთუ არა დაგბანნე ფერხი შენნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემთანა“ (იოანე 13,8), მთელი გულმოდგინებით განაბანინე მთელი სხეულიც, რომ შედეგად შეიცნო ღვთისადმი მორჩილების დიადი სიმაღლე და მაშინ მოუხმე სინდისს შენსას და უფრო მეტ სარგებელს მიიღებ, ვიდრე შენ რომ მისთვის ფეხი განგებანა.

თუ იესუ იტყვის: „ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“ (იოანე 13,21) ან „საცდურ ჩემდა ხარ“ (მათე 16,23) - პირფერობას ნუ დაფარავ, მაგრამ თუ სინდისი გქენჯნის, აღიარე აღსარებაში. და თუ არა, მაშინ დაემხე მის წინაშე და ცრემლებით შეეკითხე „ნუუკუე მე ვარ, უფალო“ (მათე 26,22), რადგან უმეცრების გამო არც თუ იშვიათად ვცოდავთ. თუმცა იოანემ ქრისტესადმი უზომო სიყვარულის გამო ეს კადნიერება გამოავლინა, როგორც ადამიანის მიმართ (იოანე 13,25), მაგრამ სხვებთან ერთად მანაც მცნება მიიღო: „თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი: რომელი თანაგუედვა ყოფათ, ვყავთ“ (ლუკა 17,10). თუ იხილავ რომ მოძღვარი შენი სასწაულმომქმედია და განდიდებული, ირწმუნე და გაიხარე, განიმსჭვალე ღვთის მადლიერებით, რომ ასეთი მოძღვარი შეიძინე. თუ ვინმე შეეცდება მის უპატივობას, ან განკითხვას, ან მის ცდუნებას, ნუ შეცდები, არამედ დაემსგავსე მხურვალე პეტრეს, მოიმარჯვე მკაცრი სიტყვის მახვილი (26,51) და შენ მოძღვარზე თავდამსხმელს ან მის განმკითხველს მოკვეთე არა მხოლოდ ყური, არამედ ენაც; მაშ, შენი მოძღვრის შესახებ უკეთურის მოსმენას და ლაპარაკს ნუ დაუშვებ. შესაძლოა, როგორც მას, შენც აგიკრძალოს მოქმედება, მაგრამ იცოდე, დიდი რწმენისა და სიყვარულის გამო, შექება ს დაიმსახურებ, და თუკი როგორც ადამიანი შეშინდები და იტყვი: „არა ვიცი კაცი იგი“ (მათე 26,72), შემდგომ მწარედ იტირე, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე და მტკიცედ მწამს, რომ მოძღვარი შენი პირველი გამოგიწვდის ხელს. თუ იხილავ, რომ მას ჯვარს აცმევენ, როგორც ბოროტმოქმედს და ბოროტნი მას აწამებენ, თუ ძალგიძს, იტანჯე მასთან ერთად; თუ არა, ნუ მიემხრობი ბოროტმომქმედთ, როგორც მოღალატე, და უმანკო სისხლის დანთხევის თანამონაწილე ნუ გახდები და თუ შიშისა და სულმოკლეობის გამო, შენ კეთილ მწყემსს, თუნდაც მოკლე დროით, დატოვებ, შეინარჩუნე რწმენა მისდამი. თუ იხილავ, რომ განთავისუფლდა ბორკილებისგან, მიდი მასთან, როგორც მოწამესთან და მეტად მიაგე პატივი.

თუ კი ტანჯვისას გარდაიცვლება, გაკადნიერდი, გამოითხოვე მისი სხეული და კიდევ უფრო მეტად მიაგე პატივი, აცხე ზეთი, მოწიწებით მიაბარე მიწას; რადგან მესამე დღეს თუ არა, ბოლოს ყველასთან ერთად აღდგება, ირწმუნე, რომ კადნიერებით წარდგება ღვთის შინაშე, თუმცა მისი სხეული მიწას შენ მიაბარე, და ეჭვმიუტანლად მოიხმე მისი ლოცვა; აქაც შეგეწევა და ყოველგვარი ბოროტებისაგან დაგიცავს და შენი სხეულიდან განსვლისას მიგიღებს და განგიმზადებს მარადიულ სამყოფელს.

ჭეშმარიტი რწმენაა: მთლიანად მიენდო სულიერი მოძღვრის ნებას, როგორც უფლისას.

თუ მღვდლებს წმინდანებად არ ვაღიარებთ და ცოდვილებად მივიჩნევთ, მაშინ იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ მათი შემწეობით ცოდვათა სრულ შენდობას მივიღებთ. რამეთუ უფალი ამბობს „სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავნ თქვენ“ (მათე 9,29). სწორედ ჩვენი რწმენის მიხედვით, თუ რამდენად ვირწმუნებთ მათ, მოგვეცემა ცოდვათა შენდობა.

ღირსი პეტრე დამასკელი

უწიმაძღვროდ ადამიანის გონებას არ ძალუძს ზეცაში აღსვლა.

ყველა ხანში შესულს წინამძღვრობის უნარი არ გააჩნია, არამედ მხოლოდ მას, ვინც ვნებებისაგან განთავისუფლდა და განსჯის ნიჭი მიეცა.

როგორ დავიცავთ ქრისტეს მცნებებს, თუ საკუთარ სურვილებს და თავდაჯერებულობას არ განვეშორებით?

მღვდელმთავარი გრიგოლ პალამა

თუკი გვმართებს ხორციელი მამის სიყვარული და მათთვის პატივის მიგება, რაოდენ მეტად უნდა გვიყვარდეს და პატივი მივაგოთ სულიერ მამას, რომელმაც ყოფიერებიდან კეთილყოფიერებაში გადაგვიყვანა, ცნობის სინათლე განგვიცხადა... განგვაახლა ბანვითა მეორედ შობისათა, აღდგომისა და უკვდავების სასოება ჩაგვინერგა.

შეეცადე მთელი სიცოცხლე გყავდეს სულიერი მამა, რომ ყველა შენი ცოდვა და გულისთქმა აღიარო მის წინაშე, მიიღო შენდობა და განიკურნო, რადგან მას მიეცა სულების შეკვრისა და გასსნის მადლი: „რაოდენი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა; და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათე 18,18).ეს მადლი და ძალა მან ქრისტესგან მიიღო, ამიტომ დაემორჩილე მას და არ შეეწინააღმდეგო, რომ სული არ დაიღუპო და თუ ხორციელი მამის წინააღმდეგ მომქმედი იქ, სადაც ღვთის კანონი არ კრძალავს, სიკვდილით ისჯება, განა არ განდევნის ღვთის სულს და არ დაიღუპება ის, ვინც სულიერი მამის წინააღმდეგ გამოვა? ამიტომ რჩევისათვის ყოველთვის შენ სულიერ მამას მიმართე და დაემორჩილე მას, მაშინ გადაირჩენ სულს და შეიძენ მარადიულ, უხრწნელ მადლს.

ღირსი გრიგოლ სინელი

ზოგიერთი, ცდუნებას აყოლილი, ამპარტავნებისა და თვითნებობის გამო ისჯება; ხოლო ის, ვინც მორჩილებით და თავმდაბლობით ეძიებს ღმერთს, ქრისტეს წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელში არ ჩავარდება.

ყველას კი არ უნდა მიმართო რჩევისათვის, არამედ მხოლოდ მას, რომელსაც განგებით ერგო სხვების მწყემსვა, რომელიც ცხოვრებით გამორჩეულია, კი გლახაკია, მაგრამ ბევრს გაამდიდრებს, ასე სწერია წმინდა წერილში (2 კორინთელთა 6,10). მრავალმა გამოუცდელმა მიაყენა ზიანი ბევრ უგუნურს, რისთვისაც დაისჯება იმ ქვეყნად. ყველა კი არ არის ღირსი იმისა, რომ იყოს სხვათა წინამძღოლი, არამედ ის, ვისაც მიეცა ღვთიური განსჯის უნარი მოციქულის თანახმად (1 კორინთელთა 12,10), სწორედ სულიერი განსჯა განასხვავებს უკეთესს უარესისგან სიტყვის მახვილით. თითოეულს გააჩნია თავის გონება და განსჯის უნარი, ბუნებრივი, შემოქმედებითი თუ მეცნიერული, მაგრამ ყველას როდი აქვს სულიერი განსჯის ნიჭი, აი ამიტომაც ბრძენი ზირაქი ამბობს: მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მომცემნი კი - ათასიდან ერთი (ზირ. 6,6). დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ იპოვო წინამძღოლი, რომლის სიტყვაც, საქმეც და განსჯაც ჭეშმარიტია. არ ცდება მხოლოდ ის, ვინც იმოწმებს წმიდა წერილს საქმეშიც და მსჯელობაშიც, თავმდაბლად განსჯის და ამაოდ არა მბრძნობს. ძალიან ძნელია მიაგნო ჭეშმარიტებას, განიწმიდო მადლის მისაღებად, მით უმეტეს, რომ ეშმაკს ჩვევია, განსაკუთრებით ახალდამწყებთათვის, წარმოუდგინოს თავისი ხიბლი ჭეშმარიტებად და ბოროტება კეთილად წარმოაჩინოს.

ღირსნი კალისტე და ეგნატე ქსანთოპულები

მთელი გულმოდგინმებით ეძიე და ჰპოვე მასწავლებელი, მოძღვარი, არა ხიბლში მყოფი, არამედ სულიერების მატარებელი, რომლის ცხოვრება მის სიტყვებს ესადაგება, მაღალზნეობრივი და გონებრივად სრულყოფილი, თავმდაბალი, მოკრძალებული და კეთილმოსურნე, ისეთი, როგორიც ღვთის სიტყვით უნდა იყოს, ქრისტესმიერი მასწავლებელი.

ჰპოვებ რა ასეთ მასწავლებელს, მიენდე მას, როგორც მამას ერთგული შვილი, იყავი მისი გამგებლობის ქვეშ და ყველაფერი მას შეუთანხმე. მიიღე იგი, როგორც თვით ქრისტე და, არა როგორც ადამიანი და განაგდე შენგან ყოველგვარი ეჭვი და ურწმუნოება, ისევე, როგორც შენი საკუთარი განსჯა და სურვილები: ფეხდაფეხ მისდიე შენს მოძღვარს, უსმინე მას, როგორც შენს საკუთარ სინდისს და მთელი არსებით, ყოველგვარი მერყეობის გარეშე დაემორჩილე.

ჭეშმარიტ მორჩილს, უპირველეს ყოვლისა, მოეთხოვება შემდეგი ხუთი სათნოების ასრულება: უპირველესად უნდა სწამდეს და სჯეროდეს საკუთარი მოძღვრის, ისევე, როგორც სწამს იესო ქრისტე და როგორც ქრისტეს, ისე ემორჩილებოდეს მას... მეორე: იყოს მართალი ე.ი. მისი საქმე და სიტყვა უნდა იყოს ჭეშმარიტი და გულწრფელად აღიაროს გულისთქმები... მესამე: არ იმოქმედოს თვითნებურად, რადგან მორჩილს, როგორც იტყვიან, დიდ ზიანს მოუტანს ასეთი ქმედება; მას მართებს თავის ნების მოკვეთა ნებაყოფლობით და არა მოძღვრის ძალისხმევით... მეოთხე: არასოდეს არ უნდა შეეპასუხოს და ეკამათოს ვინმეს, რადგან შეპასუხება და კამათი უცხოა ღვთის მოსავისათვის... თუ ეს ყველა ქრისტიანისთვის მიუღებელია, მით უფრო მონაზვნისათვის, რომელიც ყველაფერში მორჩილების აღთქმას დებს. შეპასუხება და კამათი თვითდაჯერებულობის, ურწმუნოებისა და ქედმაღლობის შედეგია: და პირიქით, არ შეპასუხება, კამათში არჩაბმა მორჩილებისა და თავმდაბლობის ნაყოფია. და ბოლოს, მეხუთე: ყოველივე ზუსტად და გულწრფელად უნდა აღიაროს თავისი მოძღვრის წინაშე.

შეიძლება კი, რომ საკუთარ ცხოვრებას უწოდო ღვთის სიტყვით ცხოვრება, თუ არ გყავს მოძღვარი და თვითნებურად ცხოვრობ? რა თქმა უნდა, არა.

რუსულიდან თარგმნეს
მარინა მაჭავარიანმა და ნანა ბოკუჩავამ

1  2  3