ათონის წმინდა მთა

წმინდა ათონი (ბერძნულად „აგიონ ოროს“, რაც წმინდა მთას ნიშნავს) აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილს წარმოადგენს, რომელიც ღრმად არის შეჭრილი ეგეოსის ზღვის ზურმუხტისფერ წყლებში. მთის სიგრძე დაახლოებით 80 კმ, ხოლო სიგანე 12 კმ-მდეა. სიმაღლე კი 2033 მ-ია ზღვის დონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ათონი ნახევარკუნძულია, იქამდე მიღწევა მხოლოდ ზღვით, ან საჰაერო გზით არის შესაძლებელი (ვერტმფრენით).

ათონი დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკაა. იგი განსაკუთრებული მართლმადიდებელი მონაზვნური გაერთიანების მფლობელობაში იმყოფება. ათონზე უმაღლესი ეკლესიური ძალაუფლება ეკუთვნის არა ელადის, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, როგორც ბიზანტიურ ეპოქაში იყო.

ათონის მთა, ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწად ითვლება. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით სასწაულებრივად აღდგენილი ლაზარე, რომელიც მოციქულ ბარნაბას ხელდასხმით იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და არ შეეძლო იერუსალიმში დაბრუნება, ვინაიდან იუდეველები მას მოსაკლავად ეძებდნენ. იგი ძლიერ განიცდიდა, რომ მოკლებული იყო ღვთისმშობლის ხილვის მადლს.

ყოვლადწმინდამ შეიტყო ამის შესახებ და მისწერა ლაზარეს მანუგეშებელი წერილი. იგი გამოთქვამდა სურვილს, თავად გამგზავრებულიყო კვიპროსზე და სთხოვდა ლაზარეს ხომალდი გამოეგზავნა მისთვის. ხომალდი დაუყოვნებლივ აღიჭურვა და გაიგზავნა ღვთისმშობელთან.

ეკლესიის გადმოცემის თანახმად, 44 წელს ღვთისმშობელი, მოციქულებთან ერთად, კვიპროსზე გაემგზავრა.

ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ კუნძულ კვიპროსთან მიახლოებისას, მოულოდნელი ძლიერი პირქარი ამოვარდა, მეზღვაურებმა ვერაფრით დაიმორჩილეს იალქნები და ხომალდი სხვა მიმართულებით გაქანდა. ქარმა გემი ეგეოსის ზღვაში შეიყვანა და ათონის მთის ნაპირთან მიაყენა.

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ათონის მთა წარმართთათვის წმინდა მთად იყო მიჩნეული. ძველ ბერძნებს აქ აპოლონის და ზევსის სადიდებელი მთელი რიგი წარმართული ტაძრები ჰქონდათ აღმართული.

როგორც კი ღვთისმშობლის ხომალდი ათონის ნაპირს მიადგა, წარმართული ტაძრები ერთიანად ჩამოიქცა. ყოვლადწმინდამ მოგზაურობის ამგვარ წარმართვაში ღვთის ნება დაინახა, გადავიდა მისთვის უცნობი მიწის ნაპირზე, სადაც სასწაულის მხილველი ადგილობრივი მოსახლეობა დიდი მოწიწებით შეხვდა მას. ყოვლადწმინდამ წარმართებში ღვთის სიტყვა იქადაგა და როდესაც იქაურებში ჭეშმარიტი რწმენა განამტკიცა, დატოვა ერთ-ერთი მისი მხლებელი, ხომალდზე ავიდა და კვიპროსისკენ გასცურა.

მას შემდეგ ათონი ქრისტიანული ეპოქის ისტორიაში შევიდა და ღვთისმშობლის მეორე წილხვედრი გახდა.

ათონის მთაზე მონაზვნების დასახლებასთან დაკავშირებული პირველი ცნობები VII-VIII საუკუნეს განეკუთვნება. 971 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ათონელ მონაზვნებს ნახევარკუნძულის მფლობელობა დაუმტკიცა „განუსაზღვრელი“ დროით. მონაზვნების მიერ სრული თვითმმართველობის უფლება იმპერატორის სიგელში და წმინდა მთის პირველ წესდებაში აისახა.

მიუხედვად იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე (ახალი სტილი) გადავიდა, ათონზე ძველებურად იულიუსის კალენდრით სარგებლობენ (ძველი სტილი). ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ათონის წმინდა მთაზე ქალის შესვლა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ქალიშვილი პლაკიდია რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისის შეწირულობით აგებული „ვათოპედის“ მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო, დაეტოვებინა იქაურობა, რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩაეგდო მონაზვნები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია.

999 წელს ათონის მთასთან ზღვით მისცურა ივერიისად წოდებულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა, რომელზეც ზეციდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. ყოვლადწმიდამ წმინდა გაბრიელი ქართველის ხელით ინება ნაპირზე გამობრძანება და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველთმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ მოექცა, ვითარცა ღმრთისმშობლის წილხვედრი.

წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით როდესაც ივერიის წმინდა ხატი ათონის ნახევარკუნძულს დატოვებს, ბერებმაც სასწრაფოდ უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ოღონდ აღთქმა მონაზნობის წმინდად შეინახონ, რამეთუ მას შემდეგ, რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღმრთისმშობელ მარიამის გაფრთხილება რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდაო ქვეყანაზე.

ათონური წინასწარმეტყველების თანახმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონს დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.

ამბობენ, ათონის მთის საიდუმლო კელიაში უძველესი დროიდან ცხოვრობს 12 ბერი-განდეგილი, რომლებიც თითქმის არასდროს ეჩვენებიან ხალხს, თვით ათონელ მონაზვნებსაც კი. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლება, დანარჩენები მას კლდეებში მარხავენ და მის ნაცვლად თავისთან ახალ მოღვაწეს უხმობენ. გადმოცემის თანახმად, ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ეს 12 ბერი თავისი სენაკებიდან გამოვა და უკანასკნელ ლიტურგიას აღასრულებს.

 

ათონის მთის მონასტრები

პირველი მონაზვნური სავანეები ათონზე ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გაჩნდა. მონასტრული ცხოვრების საუკეთესო პერიოდში წმინდა მთაზე 180 მონასტერი მოქმედებდა. დღეისათვის კი 20 მონასტერი მოქმედებს. მონასტრების გარდა ათონზე მონაზონთა მრავალი სავანე და განდეგილთა განმარტოებული სენაკებია.

ათონის მთის მონასტრები ხუთ ჯგუფად იყოფა - ყოველ ჯგუფში ოთხი მონასტერია გაერთიანებული.

ყოველი მონასტერი თავისი ტიპიკონით ცხოვრობს, მაგრამ ვინაიდან ათონი ერთგვარი სამონაზვნო რესპუბლიკაა, ამიტომ მას თავისებული თვითმმართველობის ორგანი ჰყავს. ათონის ეგრეთ წოდებულ დედაქალაში - კარეაში, განთავსებულია პროტატი, სადაც ხორციელდება უმაღლესი მმართველობა და სასამართლო. პროტატი შედგება კინოტისა და კინოტიდან არჩეული ეპისტასიისგან (ეპისტასია ერთგვარი საბჭოა, რომელიც მმართველობას ახორციელებს). კინოტში შედიან ნდობით აღჭურვილი პირები - თითო-თითო წარმომადგენელი ყოველი მონასტრიდან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველწლიურად საკუთარი მონასტრებიდან ირჩევენ.

ეპისტასია ყოველი წლის პირველ ივნისს ირჩევა (ერთი წარმომადგენელი ყოველი სამონასტრო ჯგუფიდან). პირველ პირს ამ ოთხი ეპისტასიდან პროტოეპისტასი ეწოდება. პროტო-ეპისტასი შეიძლება იყოს მხოლოდ ათონის მთის ხუთი წამყვანი მონასტრიდან, ჩვეულებრივ, რიგ-რიგობით - დიდი ლავრიდან, ვათოპედიდან, ივერთა მონასტრიდან, ქილანდარიდან და დიონისიატიდან.

ათონის მონასტრები ბიზანტიური ეპოქის ნამდვილი საოცრებებია. ისინი დიდი ციხესიმაგრეების მსგავსი, პირდაპირ კლდეების თხემებზე წამომართული, მასიური მიუწვდომელი კედლებით გარშემორტყმული ნაგებობებია.

ომიანობის დროსაც კი არც თურქებს და არც ჰიტლერის არმიის ჯარისკაცებს არ გაუბედავთ მონასტრების ხელყოფა, იმდენად მოწიწებას იწვევდნენ მათში ათონელი მონაზვნები. აი, რატომ შემორჩა დღევანდელ დღემდე მონასტრებში უნიკალური უძველესი წიგნები, დიდი ბიბლიოთეკები, საეკლესიო ძვირფასეულობები, შეუფასებელი ძველი ფრესკები და მოზაიკები. აქვე ინახება უფრო მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიქვიებიც: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, უფლის წმინდა ჯვრის ხის ნაწილები, წმინდანთა უხრწნელი ნაწილები, მოგვების ძღვენი, რომელიც მათ ახალშობილ მაცხოვარს მიართვეს ბეთლემის გამოქვაბულში და მრავალი სხვა სიწმინდე.

გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „სამრეკლო“ №7, 2006 წ.