იოანე ფონ გარდნერი
(რუსული საეკლესიო მუსიკის სპეციალისტი)

საეკლესიო გალობა და საეკლესიო მუსიკა

ეს ორი ცნება - „საეკლესიო გალობა“ და „საეკლესიო მუსიკა“ საუბარშიც და ლიტერატურაშიც პარალელურად, ზოგჯერ კი ურთიერთმონაცვლეობით იხმარება. იმ საგუნდო ნაწარმოების პარტიტურაზე, რომელიც ღვთისმსახურებაზე შესასრულებლად არის განკუთვნილი, გამუდმებით უცვლელადაა მითითებული „მუსიკა ამისა და ამისა“.

როდესაც საღვთისმსახურო გალობასთან მიმართებაში გამოყენებულია სიტყვა - მუსიკა, აქ იგულისხმება მეტნაკლებად სწორად ორგანიზებული გუნდის გალობა, რომლის თანხლებითაც სრულდება ის საგალობლები, კომპოზიციის შესახებ მუსიკალური მეცნიერების წესების მიხედვით რომ არის დაწერილი და რომლებიც, შესაბამისად, ექვემდებარება ყოველგვარი მუსიკისათვის საერთო ჰარმონიის, კონტრაპუნქტის, ფორმათა შესახებ სწავლების კანონებს.

ეკატერინე დიდის დროში ასეთი გამოთქმაც კი არსებობდა „სადილის ჟამნი მუსიკის თანხლებით “ ანუ გუნდის მიერ გალობის იმ შესრულებით, რომელსაც მაშინდელი დიდი მაესტროები - გალუპი, სარტი, ბარტნიანსკი და მათი მიმდევრები წარმოადგენდნენ ხოლმე. ეს იყო სრულიად განსხვავებული მეფსალმუნის გალობისაგან, რომელიც ერეთწოდებულ ტიპიკონურ, არა სამუსიკო მეცნიერების მიერ დადგენილ, უძველესი დროიდან არსებულ გალობას აღასრულებდა. ტაძარში ღვთისმსახურებაზე გამოიყენებოდა როგორც პირველი, ისე მეორე ტიპის გალობა.

ჯერ კიდევ მაშინდელი თანამედროვენი განასხვავებდნენ „მუსიკას“ „საეკლესიო გალობისაგან“. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტიპის გალობა - ორი განსხვავებული ტერმინით გამოხატული - ენაცვლებოდა ერთმანეთს და ამგვარად ღვთისმსახურების კუთვნილებას წარმოადგენდა. გუნდური საეკლესიო გალობის, როგორც მუსიკის აღქმა ბევრი რეგენტისთვის დღესაც არ არის უცხო.

სულ ახლახანს პარიზში სახელგანთქმული ფ.ს. პოტორჟინსკის ერთ-ერთი გუნდის წევრი ქალბატონი მიამბობდა, თუ როგორ შეისწავლიდა მათი გუნდი „მამაო ჩვენოს“. პოტორჟინსკიმ გუნდს გალობის დაწყება ანიშნა: ზოგიერთმა მგალობელმა პირველივე აკორდზე მკვეთრად გამოთქვა: „მამაო ჩვენო“. პოტორჟინსკიმ მგალობლები შეაჩერა და ნერვიულად იკითხა - ვინ თქვა „მამაო ჩვენო?“ სიტყვები არ არის საჭირო. მუსიკა, მუსიკა მომეცით, აკორდი! სიტყვები არაფერია, მხოლოდ მუსიკა... ტალღები... ტალღები.

ყოველივე ეს გვაიძულებს, წამოვჭრათ საკითხი: განა შესაძლებელია, რომ „მუსიკასა“ და „საეკლესიო გალობას“ შორის იგივეობის ნიშანი დავსვათ?

იმისათვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, საეკლესიო გალობის არსში ჩაწვდომას შევეცადოთ, - მისი ფორმისა და შემსრულებელთა შემადგენლობისაგან დამოუკიდებლად.

საეკლესიო გალობა როგორც ნებისმიერი სიმღერა და ნებისმიერი იმგვარად წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც მკაფიოდ განისაზღვრება ტონის სიმაღლე და ხმოვანი ბგერების შეფარდებითი ხანგრძლივობა (მაგალითად ასამაღლებელები, კითხვა ჩასართავებზე, გალობა) მუსიკალური კანონზომიერების გამოვლინებას წარმოადგენს.

მასში მოქმედი კანონები შეიძლება, შევისწავლოთ სამუსიკო კვლევის სამეცნიერო მეთოდებით.

ამიტომ მღვდლის ასამაღლებლები, დიაკვნის თხოვნითი მუხლები და მედავითნის მიერ მონოტონურად წაკითხული ფსალმუნები, ან ერთი მედავითნის გალობა ისევე, როგორც - საკათედრო ტაძრის ორი დიდი, იდეალურად განსწავლული გუნდის გალობა ორ კლიროსზე, შეიძლება, მუსიკად ჩაითვალოს, იმიტომ, რომ ეს ყოველივე მუსიკალური გამოვლინებებია.

მუსიკალური გამოვლინებაა ასევე ზარების რეკვა, საყვირზე დაკვრა და ორკესტრის ხმოვანება.

თუმცა პროტოდიაკონის მიერ წარმოთქმულ „მოიხსენენსა“ და ერთი მედავითნის ფსალმუნებას მუსიკას არავინ უწოდებს.

ამავე დროს ერთი მედავითნის გალობას, თუნდაც მას არც კარგი ხმა ჰქონდეს და შესაძლოა, ყალბადაც ჟღერდეს, ჩვენ „საეკლესიო გალობას“ ვარქმევთ ისევე, როგორც დიდი და კარგად გაწვრთნილი გუნდის გალობას ღვთისმსახურებაზე, იმ გუნდისა, რომლის შესრულებასაც თავისუფლად შეიძლება, მივუსადაგოთ ტერმინი - „ვოკალური საგუნდო მუსიკა“.

შესაბამისად, ძირითადი ნიშანი საეკლესიო გალობისა, რომელიც მას ვოკალური საგუნდო მუსიკისაგან განასხვავებს, არის არა „მუსიკა“, არამედ ამ მუსიკალური გამოვლინების მიკუთვნება საეკლესიო ღვთისმსახურებისათვის.

მუსიკა, თუნდაც საგუნდო-ვოკალური, თუნდაც - არა მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით, თავისუფლად შეიძლება, სიტყვების გარეშე არსებობდეს.

ის იქნება სიმღერა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მუსიკალური წყობის ხმოვანების გამომცემ ინსტრუმენტად ადამიანის ხმა მოგვევლინება. მაგრამ ტერმინში „გალობა“ ხომ სიტყვების მუსიკალური გადმოცემა იგულისხმება?!

აქვს კი აზრი საეკლესიო გალობას უსიტყვოდ? რა თქმა უნდა, არა! მართლმადიდებლური ღვთისმსახურება სიტყვებისაგან შედგება (მნიშვნელობა არა აქვს, ახლავს თუ არა მას რომელიმე საღვთისმსახურო ქმედება). ეს სიტყვები წარმოითქმის ან ასამაღლებლის, ან წართქმით კითხვის, ან მეტნაკლებად განვითარებული მელოდიის ფორმით. ანუ - გალობის ფორმით. საქმის არსისათვის მნიშვნელობა არ აქვს, საღვთისმსახურო ტექსტები ერთი მედავითნის მიერ იგალობება, თუ - გუნდის: გალობის შესანიშნავმა მცოდნე ერთმა მღვდელმთავარმა ეს ძალიან გონებამახვილურად გამოხატა, როდესაც თქვა „გუნდი ეს გამრავლებული მედავითნეა“. გასაგებია, რომ „გამრავლებულ მედავითნეს“ გაცილებით მეტი ბგერითი (მუსიკალური) შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ერთს - „გაუმრავლებელს“.

მართლმადიდებელ ეკლესიაში საზოგადო ღვთისმსახურება გალობის გარეშე არ არსებობს. მრავალ რუსულ ეკლესიაში თანამედროვე პრაქტიკის მიხედვით ტიპიკონით ნაჩვენები გალობის შეცვლა კითხვით (ყოველი ტექსტი, რომელზედაც „ხმა“ არის მითითებული სწორედ საგალობლად არის განკუთვნილი, რამდენადაც „ხმა“ ნიშნავს წყობას - ტონალობას, რომელზედაც მოცემული ტექსტის გალობაა განსაზღვრული) წარმოადგენს თანამედროვე სიახლეს. XVII საუკუნეში თვით ფსალმუნებაც კი გალობით სრულდებოდა. თუკი ასამაღლებლის (წართქმის) ინტონაციას გალობის კეტეგორიას მივათვლით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ლიტურგიაც, მწუხრიც, პარაკლისიც და საერთოდ ყოველგვარი მსახურებაც - ამა თუ იმ ფორმით გადმოცემული, ერთი მუსიკალური მთლიანობაა. ამიტომ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ საეკლესიო გალობა თავად ღვთისმსახურების ერთ-ერთი ფორმაა. ეს გარემოება მკაფიო ზღვარს ავლებს საეკლესიო გალობასა და სიმღერას შორის. საეკლესიო გალობა, როგორც თავად ღვთისმსახურების ფორმა, პირველ რიგში საერთო ლიტურგიკულ კანონებზეა დამოკიდებული.

საეკლესიო გალობის მაფორმირებელ ფაქტორებად გვევლინებიან: 1. საღვთისმსახურო ტექსტი (ანუ - სიტყვები). 2. ღვთისმსახურების ტიპი. 3. მუსიკალური ელემენტი. ამასთან, მუსიკალური ელემენტი მასში უბრალოდ კი არ შედის, არამედ სრულიად არსობრივია მისთვის - მისგან გამომდინარე სიტყვა იყენებს მუსიკის ფენომენს - ტექსტის აზრისა და ხასიათის უფრო მკაფიოდ გამოსახატავად. მუსიკალური ელემენტი აქ სიტყვასთან განუყოფელია.

ტექსტისაგან მოწყვეტილი მუსიკალური ელემენტი (შესრულების ტიპისა და ხარისხისაგან დამოუკიდებლად) კარგავს თავის ლოგიკურ მნიშვნელობას, რომელიც მისთვის ღვთისმსახურების არსთანაა დაკავშირებული და სიტყვით განუსაზღვრელ ემოციურ ელფერს ინარჩუნებს მხოლოდ.

საეკლესიო გალობა, რომელიც სიტყვებთან და ღვთისმსახურებასთან განუყოფელადაა დაკავშირებული, თავისი ფორმით და შესაბამისად - მასში მოქმედი მხატვრული კანონებით საზოგადო მუსიკისაგან სრულიად განსხვავებულია.

ასე მაგალითად, საერთოდ მუსიკისათვის აუცილებელი სიმეტრიული რიტმის კანონი („რიტმი მუსიკის სულია“) უმრავლეს შემთხვევაში საეკლესიო გალობისათვის მიუღებელია. ეს თავისუფალი ტექსტური რიტმითაა განპირობებული, სადაც არ არსებობს სწორი თანამიმდევრობა მახვილიანი და უმახვილო მარცვლებისა (როგორც ამას ლექსებში ვხედავთ) და სადაც გალობა არ არის დაკავშირებული რიტმულ მოძრაობასთან (როგორც იმ საერო მუსიკასა და საერო სიმღერაში, ცეკვას რომ უკავშირდება).

საღვთისმსახურო ტექსტის არამეტრულობა ხშირად შესაძლებლობას არ იძლევა, ჩავტიოთ ის ტექსტის სიმეტრიულ ჩარჩოში, პერიოდებად დავაჯგუფოთ მუსიკალური ფრაზები და ა.შ. ამან გამოიწვია ძველად მხოლოდ საეკლესიო გალობისათვის დამახასიათებელი „წართქმის“ სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც რიტმის საკუთარი კანონები აქვს. ცალკეული ნაწილების დაჯგუფება და შეხამება ტექსტის სტრუქტურასა და ლოგიკურ შედგენილობაზეა დამოკიდებული.

რუსული ლიტურგიკულ-სამგალობლო ხელოვნების განვითარება, რომელიც მუსიკით უგუნური ტკბობის გზაზე გადავიდა და რომელიც თვითკმარ ხელოვნებად აღიქმება, ღვთისმსახურებაში შეტანილია, როგორც მხოლოდ მისი თანამდევი (და არა - როგორც არსობრივი მისი აღსრულებისათვის). ამის შედეგად დაიკარგა შეგნება იმისა, რომ საეკლესიო გალობა ღვთისმსახურების ერთ-ერთი ფორმაა. სწორედ ამას მოჰყვა საზღვრების მოშლა „მუსიკასა“ და „საეკლესიო გალობას“ შორის.

შეგვიძლია, გავიხსენოთ საერო ვოკალური მუსიკის ფორმით იგივეობრივი სახეები: მრავალი კომპოზიცია, ზოგჯერ ყველაზე სახელგანთქმული კომპოზიტორების ავტორობით (მაგალითად, ჩაიკოვსკის ზოგიერთი კომპოზიცია), რომლებიც ტაძარში დანერგვის შემდეგაც წმიდა საერო, „საზოგადო“ საგუნდო მუსიკად გვევლინება და მასში სიტყვების გარდა აღარაფერი რჩება საეკლესიო. რის გამოც ეს კომპოზიციები - სხვა ტექსტით და უტექსტოდაც კი, მხოლოდ ინსტრუმენტებით შესრულებული, შეიძლება, სცენიდანაც კი ისმინებოდეს.

რუსეთში სიტყვა „გუნდი“ პირველ რიგში საეკლესიო გუნდის ასოციაციას იწვევდა. ამითაცაა განპირობებული საეკლესიო სიმღერის აღრევა საერო - არასაეკლესიო სტილთან, რომელშიც საერთოდ მუსიკის მხატვრული კანონები მოქმედებს და სანაცვლოდ მასში არ არის ლიტურგიკული, როგორც საგუნდო, ასევე ინდივიდუალური გალობის სპეციფიკური კანონები.

აქედან გამომდინარეობს დასკვნა: აუცილებელია, საეკლესიო გალობის მხატვრული კანონების იმ უმთავრეს შტრიხებს მაინც გავეცნოთ, რომელებიც მას საერო მუსიკისაგან განასხვავებენ.

ასე რომ, კიდევ ერთი რამ უნდა დავასკვნათ! ყველა კომპოზიტორისა და რეგენტისათვის, ასევე ყველა მათთვის, ვისაც რამენაირი კავშირი აქვს საეკლესიო გალობასთან, ან აინტერესებს და უყვარს ის, აუცილებელია, რომ იცნობდეს საეკლესიო გალობის მხატვრული კანონების იმ უმთავრეს შტრიხებს მაინც, რომლებიც მას საერთო ვოკალური საგუნდო მუსიკისაგან განასხვავებენ.

უფრო დაწვრილებითი საუბარი მოცემულ თემაზე აქ მოტანილი შენიშვნების საზღვრებს ალბათ შორს გასცდებოდა. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ამ სფეროში არსებობს სპეციალური ლიტერატურა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. აქ იღწვოდნენ რაზუმოვსკი, მეტალოვი, სმოლენსკი, პრეობრაჟენსკი, ვოზნესენსკი, ალემანოვი.

დასასრულს კი განსაკუთრებულად აღვნიშნავთ:

მხოლოდ განათლება, თუნდაც - უმაღლესი, საკმარსი არ არის რეგენტისა და კომპოზიტორისათვის. საერთო მუსიკალური განათლების მიღება ხომ ნებისმიერ მუსიკალურ სკოლაშია შესაძლებელი. ნებისმიერი აღმსარებლობისა და მსოფლმხედველობის პროფესორთან.

არ არის საკმარისი მთელი საგუნდო ლიტერატურის ცოდნა, ანდა - საგალობლებისა და სინოდალური კანონების დაზუთხვა.

საჭიროა ცოდნა, ზუსტი ფორმულირება იმ განსაკუთრებული, მუსიკალურ-ტექსტური საღვთისმსახურო სამგალობლო ფორმებისა, მათი იმ მხატვრული და ტონალური კანონებისა, რომლებიც მხოლოდ მათთვის და მათი განვითარების გზისთვისაა დამახასიათებლი. უამისოდ, ყოველთვის იქნება საფრთხე, რომ ტაძარში გაიჟღერებს (როგორც დღეს ჟღერს ხოლმე ზოგჯერ) იგივე მუსიკა, რომელსაც ტაძრის მიღმა სადაც გინდა, იქ მოისმენ. და თვით გალობაც ღვთისმსახურებაზე ოდენ მუსიკალური დამატება იქნება და არა - ღვთისმსახურების სრულუფლებიანი ნაწილი.

ვისწრაფი, შევნიშნო, რომ გალობის „ეკლესიურობა“ სულაც არ მოითხოვს უეჭველ უბრალოებასა და პრიმიტიულობას, უნისონურ მღერას და ა.შ. აქ მხოლთდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ საეკლესიო გალობას თავისი მხატვრული კანონები აქვს და ეს კანონები უნდა დავიცვათ. მხოლოდ და მხოლოდ „საერთო მუსიკალური“ სილამაზე სულაც არ არის „საშვი“ იმისათვის, რომ ესა თუ ის ნაწარმოები ღვთისმსახურების ნაწილად ვაქციოთ.

1971 წ.

თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა
გაზეთი „ქართული გალობა“ №1, 2006 წ.