წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეთოთხმეტე

მეხსიერებითობის შესახებ

მეხსიერებითობა არის მეხსიერებისა და გახსენების მიზეზი და საცავი, რადგან მეხსიერება - ესაა მოქმედებაში გამოვლენილი რამ გრძნობისგან დატოვებული წარმოსახვა ანუ გრძნობისა და ცნობიერების შენარჩუნება.

სული აღიქვამს ანუ შეიგრძნობს, ერთი მხრივ, გრძნობადს გრძნობის ორგანოების მიერ და ასე ყალიბდება წარმოდგენა, მეორე მხრივ კი - გონისეულის მიერ და ასე ყალიბდება შემცნობლობა. ამიტომ, როდესაც სული შემოინახავს იმის აღბეჭდილობას, რაც წარმოიდგინა და რაც შეიცნო, ამას დამახსოვრება ჰქვია.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ გონისეულთა აღქმა ხდება მხოლოდ სწავლის ან ბუნებითი გონების გზით და არა გრძნობის მიერ, რადგან ის, რაც გრძნობადია, თავისთავად გვამახსოვრდება, ხოლო გონისეულს იმით ვიმახსოვრებთ, რაც მის შესახებ გვისწავლია, მისი არსების ხსოვნა კი არ გვაქვს.

გახსენებად ითქმის დავიწყებისგან წაშლილი ხსოვნის კვლავ მოპოვება, დავიწყება კი - ესაა მეხსიერების დაკარგვა.

ის, რაც წარმოსახვითია, ნივთების გრძნობად აღქმას გადასცემს მას, რაც აზროვნებითია ანუ განსჯითი (ერთიდაიგივეა ორივე), რომელიც, მიიღებს რა ანუ განბჭობს, მეხსიერებითს გადაუგზავნის მას.

მეხსიერებითობის ორგანოა ტვინის უკანა ღრმული (რასაც ნათხემიც ეწოდება) და მასში მყოფი მშვინვიერი სული.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი