წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეექვსე

ღვთის სიტყვის ჩასახვის რაგვარობისა და მისი საღვთო განხორციელების შესახებ

უფლის ანგელოზი წარიგზავნა წმინდა ქალწულთან, დავითისეული ტომის შთამომავალთან, რადგან „ცხადია, რომ იუდასგან ამობრწყინდა უფალი“ (ებრ. 7,14), „რომლის ტომისგან არავინ მიახლოებია საკურთხეველს“ (იქვე 7,13), როგორც თქვა საღვთო მოციქულმა (ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით უფრო ზედმიწევნით).

ანგელოზი ახარებდა ქალწულს და ეუბნებოდა: .,გიხაროდეს, მიმადლებულო; უფალია შენთან“ (ლკ. 1,28). მაგრამ იგი შეშფოთდა ამ სიტყვაზე. „და უთხრა მას ანგელოზმა: ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ჰპოვე მადლი უფლის წინაშე; და შობ ძეს და უწოდებ მას სახელად იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“ (ლკ. 1,29-30; მთ. 1,21). ამიტომ, „იესო“ მხსნელად განიმარტება.

ქალწული კი ეჭვში იყო: „როგორ იქნება ეს ჩემზე, რადგან არ ვიცი მამაკაცი?“ (ლკ. 1,34). კვლავ უთხრა მას ანგელოზმა: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს შენ. ამიტომ ის, წმინდა, რაც იშვება, წოდებული იქნება ღვთის ძედ“ (ლკ. 1,35). მან კი მიუგო „აჰა, მხევალი უფლისა. იყოს ჩემზე შენი თქმისებრ“ (ლკ. 1,38).

ამიტომ, წმინდა ქალწულის თანხმობის შემდეგ, სულიწმინდა გადმოვიდა მასზე უფლის სიტყვის შესაბამისად, რაც თქვა ანგელოზმა, რომელიც განწმენდდა ქალწულს და ანიჭებდა მას სიტყვისეული ღმრთეების მიმღებლობის ძალას, თან ამავე დროს, - მშობელობითსაც.

და მაშინ ზედმოუჩრდილა მას უზენაესი ღვთის გვამოვანმა სიბრძნემ და ძალამ, ღვთის ძემ, თანაარსმა მამისამ, როგორც საღვთო თესლმა, და ქალწულის უბიწო და უწმინდეს სისხლთაგან შეუმტკიცა მან თავის თავს მოაზროვნეობითი და გონისმიერი სულით სულიერქმნილი ხორცი, სათავე ჩვენეული ცომისა, - თუმცა არა თესლოვნებითად, არამედ შემქმნელობითად წმინდა სულის მიერ, ამასთან, არათუ მცირე-მცირე შემატებებით განსრულდა სახე, არამედ ერთბაშად სრულიქმნა იგი. თვით ღვთის სიტყვა გახდა ხორცის ჰიპოსტასი1, რადგან არათუ თავისთავად წინაჰიპოსტასურ ხორცს2 შეუერთდა ღმერთი-სიტყვა, არამედ დამკვიდრდა რა იგი წმინდა ქალწულის მუცელში, ქალწულის წმინდა სისხლთაგან თავის ჰიპოსტასში გარეშემოუწერლად შეაგვამოვნა ხორცი, სულიერქმნილი მოაზროვნეობითი და გონისმივრი სულით. თვით სიტყვა გახდა ხორცის ჰიპოსტასი, ითვისა რა მან ადამიანური ცომის სათავე. ამრიგად, როგორც კი - ხორცი, მაშინვე - ღვთის სიტყვის ხორცი; როგორც კი - სულიერქმნილი ხორცი, მოაზროვნეობითი და გონისმიერი, მაშინვე - ღვთის სიტყვის სულიერქმნილი ხორცი, მოაზროვნეობითი და გონისმიერი. ამიტომ, ვამბობთ არა განღმრთობილ ადამიანს, არამედ განკაცებულ ღმერთს, რადგან ბუნებით სრულ ღმერთად მყოფი თვითვე გახდა ბუნებით სრული ადამიანი, ამასთან, არათუ ბუნება ცვალა მან, არცთუ ზმანებულჰყო განგებულვბა (განკაცება), არამედ წმინდა ქალწულისგან მიღებულ ხორცს, აზრისმიერად და გონისმიერად სულიერქმნილს, რასაც მასში (უფალში) ხვდა არსებობა, ჰიპოსტასურად შეუერთდა იგი - შეურევლად, გარდაუქმნელად და განუყოფლად. არ შეუცვლია მას თავისი ღმრთეების ბუნება ხორცის არსებად, არც თავისი ხორცის არსება - თავისი ღმრთეების ბუნებად, არცთუ ერთი შედგენილი ბუნება შეუქმნია თავისი საღვთო ბუნების და იმ ადამიანური ბუნებისგან, მან რომ ითვისა.

 

1. იგივეა, რაც „გვამოვნება“.

2. „თავისთავად წინაჰიპოსტასური“, ე.ი. წინასწარვე თავისთავად არსებული ჰიპოსტასურად, ანუ გვამოვნებითად.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი