წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეათე

რომ მთელი საღვთო ბუნება მის ჰიპოსტასთაგან ერთში მთელ ადამიანურ ბუნებას შეუერთდა, და არა ნაწილი - ნაწილს

ის, რაც ზოგადია და ყოვლადი, ნიშანდებაა მისდამი დაქვემდებარებული ნაწილედისა. ამიტომ ზოგადია არსება, ხოლო ნაწილედია ჰიპოსტასი, მაგრამ ნაწილედია იგი არა იმიტომ, რომ მთელი ბუნების ნაწილი აქვს და ნაწილი - არა, არამედ ნაწილედია იგი რიცხვით, როგორც დაუყოფელი, რადგან ითქმის, რომ ჰიპოსტასები რიცხვით სხვაობენ და არა ბუნებით. ხოლო არსება ნიშანდებაა ჰიპოსტასისა, რადგან თანასახოვან ჰიპოსტასთაგან თითოეულში სრული არსება ჰგიეს. ამიტომ, არათუ არსობრივად ურთიერთსხვაობენ ჰიპოსტასები, არამედ - შემთხვევითთა1 შესაბამისად, რაც არის გამოხატულებითი თვისებები (გამოხატულებითი - ჰიპოსტასისა და არა ბუნებისა). ამიტომ, ჰიპოსტასს განსაზღვრავენ, როგორც არსებას შემთხვევითი [თვისებებითურთ]. ამრიგად, ჰიპოსტასს ზოგადი აქვს კერძოობითთან ერთად, ხოლო არსება თავისთავად არ არსებობს, არამედ იგი ჰიპოსტასებში განიჭვრიტება. ამიტომ, როდესაც ვნებულია ერთი ჰიპოსტასი, მთელი არსებაც, თუკი იგი ვნებულების მიმღებია2, შესაბამისად იმისა, რომ ივნო ჰიპოსტასმა, თვითონაც ვნებულად ითქმის მის ჰიპოსტასთაგან ერთში. ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ ყველა თანასახოვანი ჰიპოსტასიც თანავნებული იყოს ვნებულ ჰიპოსტასთან.

ამგვარად, ვაღიარებთ, რომ ღმრთეების მთელი ბუნება სრულად არის მის ყოველ ჰიპოსტასში, მთელი - მამაში, მთელი - ძეში, მთელი - წმინდა სულში. ამიტომ, სრული ღმერთია მამაც, სრული ღმერთია ძეც, სრული ღმერთია სულიწმინდაც.

ამგვარადვე ვამბობთ, რომ წმინდა სამებისგან ერთის, ღვთის სიტყვის განკაცებისას ღმრთეების მთელი და სრული ბუნება მის პიპოსტასთაგან ერთში შეუერთდა მთელ ადამიანურ ბუნებას, და არა ნაწილი - ნაწილს. მართლაც, საღვთო მოციქულმა თქვა, რომ „მასში მკვიდრობს ღმრთეების მთელი სისავსე ხორციელად“ (კოლას. 2,9), ესე იგი - მის ხორცში. ხოლო ამ მოციქულის მოწაფე, ღმერთშემოსილი და საღვთოთა დიდად [მცოდნე] დიონისე ამბობს, რომ „მთლიანად გვეზიარა ჩვენ თავის ჰიპოსტასთაგან ერთში“ 3. რა თქმა უნდა, ეს არ გვაიძულებს ვთქვათ, რომ წმინდა ღმრთეების ყველა ჰიპოსტასი (ანუ სამივე) ადამიანობის ყველა ჰიპოსტასს შეუერთდა ჰიპოსტასურად, რადგან არანაირი ნიშნით არ ზიარებია მამა და სულიწმინდა ღვთის სიტყვის ხორცშესხმას, თუ არა სათნოჩენითად და განზრახვითად. ამასთან, ღმრთეების მთელი არსების მთელ ადამიანურ ბუნებასთან შეერთებას ვამბობთ, რადგან იმათგან, რაც ჩვენი შექმნისას ჩვენეულ ბუნებაში დასაბამიდან შთანერგა ღმერთმა-სიტყვამ, არაფერი დაიკლო მან, არამედ ყოველივე მიიღო: სხეული, გონისმიერი და მოაზროვნეობითი სული და მათი თვისებები (რამეთუ ამათგან ერთერთს მოკლებული ცოცხალი არსება ადამიანი არ არის). მართლაც, მან, მთლიანმა, მთლიანი მიმიღო მე და მთლიანი შემიერთდა მთლიანს, რომ ყველასთვის მიემადლებინა ხსნა, რადგან „არმიღებული უკურნებელი იქნებოდა“ 4.

ამიტომ, ღვთის სიტყვა შეუერთდა ხორცს გონების შუამავლობით, რომელიც მესაშუალეობს ღვთის სიწმინდესა და ხორცის განხშოებას, რადგან მეწინამძღვრეა სულისა და ხორცისა გონება (სულის უწმინდესი ნაწილი), ხოლო ღმერთი - გონებისაც. და როცა ნებართვა ეძლევა უპირატესისგან, თავის მეწინამძღვრეობას აჩვენებს ქრისტეს გონება, ამასთან ძლეული ხდება და მიჰყვება იგი უპირატესს, და იმას მოქმედებს, რასაც საღვთო ზრახვა განიზრახავს.

გონება სავანე გახდა მასთან ჰიპოსტასურად შეერთებული ღმრთეებისა (ისევე როგორც, ცხადია, ხორცი), და არა - თანამკვიდრი, როგორც ცდება ამ მხრივ მწვალებელთა ცოდვილი თავდაჯერებულობა, რადგან ამბობენ, რომ „ვერ დაიტევს ერთი საწყაო ორ საწყაოს“, სხეულებრივად განსჯიან რა უნივთოებს. როგორღა უნდა ითქვას ქრისტე სრულ ღმერთად და სრულ ადამიანად, აგრეთვე, თანაარსად მამისადმი და ჩვენდამი, თუ მასში საღვთო ბუნების ნაწილი შეუერთდა ადამიანური ბუნების ნაწილს?

ამასთან, ვამბობთ, რომ ჩვენი ბუნება მკვდრეთით აღდგა, ზეავიდა და დაჯდა მამის მარჯვნივ, თუმცა არა ისე, რომ ადამიანთა ყველა პიპოსტასი აღდგა და დაჯდა მამის მარჯვნივ, არამედ - მთელი ბუნება ქრისტეს პიპოსტასში. მართლაც, საღვთო მოციქულმა თქვა: „თანააღგვადგინა და თანადაგვსხა ჩვენ ქრისტეში“ (ეფეს.2,6).

ხოლო ამასაც ვიტყვით, რომ ზოგად არსებათაგან მოხდა შეერთება, რადგან ყველა არსება საერთოა მის მიერ გარემოცული ყველა ჰიპოსტასისთვის და არ არის შესაძლებელი ნაწილედი და კერძო ბუნების (ანუ არსების) პოვნა, რადგან მაშინ იძულებული ვიქნებოდით გვეთქვა, რომ ერთი და იგივე პიპოსტასები თანაარსნიც არიან და სხვაარსნიც, და წმინდა სამებაც ღმრთეების შესაბამისად - თანაარსიც და სხვაარსიც.

ამრიგად, თითოეულ ჰიპოსტასში ერთი და იგივე ბუნება იხილვება და როდესაც, ნეტარი ათანასესა და კირილესებრ, ვამბობთ, რომ სიტყვის ბუნება განხორციელდა, ამით ღმრთეების ხორცთან შეერთებას გამოვთქვამთ. ამიტომ არ ძალგვიძს ვთქვათ: სიტყვის ბუნება ევნო, რადგან არ ვნებულა მასში ღმრთეება; ვამბობთ კი, რომ ადამიანური ბუნება ევნო ქრისტეში (თუმცა ამით, რა თქმა უნდა, ადამიანთა ყველა ჰიპოსტასს არ წარმოვაჩენთ) და ვაღიარებთ ადამიანური ბუნებით ქრისტეს ვნებულებას. ამგვარად, როდესაც სიტყვის ბუნებას ვამბობთ, თვით სიტყვას აღვნიშნავთ ამით, ხოლო სიტყვა არსების ზოგადობასაც ფლობს და პიპოსტასის კერძოობითობასაც.

 

1. შდრ. κατά τά συμβεβκότα, 1001 c (ლათ. accidentium). ეფრემი: „შემთხუევითითა წესითა“ 84v1; არსენი: „შემთხუევითისაებრ“. - ტერმინი „შემთხვევითი“ გულისხმობს კერძოობითს, არასაზოგადოს.

2. სიტყვ. „ვნებულად მყოფი“, ე.ი. ვნებულებითობის თვისების მქონე (შდრ. მინის გამოც. და არსენის თარგმანი).

3. საღვთო სახელთა შესახებ, თავი 2.

4. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ეპ. 10.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი