წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეექვსე

წარმატების შესახებ

ამასთან, ითქმის, რომ იგი „წარემატებოდა სიბრძნით, ასაკიდა და მადლით“ (ლუკა 2,52), რადგან, ერთი მხრივ, იზრდებოდა ასაკით, და ასაკის ზრდის შედეგად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე, მეორე მხრივ კი - ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა იგი ადამიანთა წარმატებას სიბრძნეში და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა. მაგრამ ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველმყოფობიდანვე1 მოხდა შეერთება2, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს და მოთვისეობითს შეერთებასა3 და ლიტონ შთამკვიდრებას4 მეზღაპრეობს, „არ უწყის რა არც ის, რას ამბობს, და არც ის, რის შესახებ ამტკიცებს“ (1ტიმ. 1,7). მართლაც, თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი თავისი პირველმყოფობიდანვე ანდა, უკეთ, თუ ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და თუ ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, ანდა მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ - ადამიანურთა და საღმრთოთა ჰიპოსტასური ერთობის გამო, რაც აღსრულდა ერთ ქრისტეში, რადგან თვითვე იყო ერთდროულად ღმერთიც და ადამიანიც, ქვეყნიერებისათვის მადლის, სიბრძნისა და ყოველგვარ სიკეთეთა სისავსის აღმომაცენებელი.

 

1. ე.ი. ხორცის პირველგაჩენიდანვე, მისი არსებობის უკიდურესი დასაბამიდანვე, გაჩენისთანავე.

2. ე.ი. შეერთება ხორცისა ღმრთეებასთან ძე ღმერთის ჰიპოსტასში.

3. მოთვისეობითი შეერთება (ή σχετική ένωσις) გულისხმობს იმგვარ შეერთებას, როდესაც ვინმე ვინმეს უერთდება ამ უკანასკნელისადმი სიყვარულისმიერი დამოკიდებულებით, მისდამი მთვისებლობით, კეთილგანწყობითი მიმართებით, რაც პიროვნების პიროვნებასთან სიახლოვის გამოხატულებაა და გულისხმობს არა ღვთის პიროვნულ განკაცებას (ე.ი. არა ძე ღმერთის ჰიპოსტასის მიერ ადამიანური ბუნების მიღებას), არამედ ღვთის კავშირს ადამიანურ პიროვნებასთან (ე.ი. ძე ღმერთის ჰიპოსტასის შეერთებას ადამიანის ჰიპოსტასთან მოთვისეობითი ანუ კეთილგანწყობითი ნიშნით).

4. ე.ი. ღვთის შთამკვიდრებას პიროვნულ ადამიანში, რაც გულისხმობს არა ღვთის განკაცებას, არამედ ადამიანის განღმრთობას. ღმერთი მკვიდრობდა წინასწარმეტყველებში, საზოგადოდ, ყველა წმინდა ადამიანში და თუ ასევე მკვიდრობდა ღმერთი იესო ქრისტეში, მაშინ ქრისტეც ერთერთი წმინდა ადამიანი ყოფილა და არა თავად ღმერთი ბუნებით, ადამიანთა ხსნისთვის კაცქმნილი.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი