წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეთერთმეტე

ქრისტეს მიმართ თქმულთა შესახებ

ქრისტეს მიმართ თქმულნი ზოგადად ოთხის სახისაა: პირველი ნაწილი (A) განკაცებამდეც ეთანადება მას; მეორე ნაწილი (B) - შეერთებისას; მესამე ნაწილი (Γ) - შეერთების შემდეგ; მეოთხე ნაწილი (Δ) - აღდგომის შემდეგ.

A. ის, რაც განკაცებამდე ითქმის მის შესახება ექვსი სახისაა:

პირველი სახე ცხადყოფს ბუნების ერთიანობას და მამასთან მის თანაარსობას, როგორც მაგალითად: „მე და მამა ერთი ვართ“ (იოანე 10,30); „ჩემმა მხილველმა იხილა მამა“ (იოანე 14,9); „რომელიც ღვთის ხატებით იყო“ (ფილიპ. 2,6) და ამგვარნი.

მეორე სახე ცხადყოფს ჰიპოსტასის სისრულეს, როგორც მაგალითად. „ძე ღვთისა“ (მათე 4,3), „ხატი მისი ჰიპოსტასისა“ (ებრ. 1,3), „დიდი ზრახვის ანგელოზი, საკვირველი, თანაგანმზრახი“ (ესაია 9,6) და ამათი მსგავსნი.

მესამე სახე, ერთი მხრივ, წარმოაჩენს ჰიპოსტასთა ურთიერთში დამტევნელობას, როგორც მაგალითად: „მე - მამაში და მამა - ჩემში“ (იოანე 14,10), მეორე მხრივ კი - მათ განუყრელ დაფუძნებულობას, როგორც მაგალითად: „სიტყვა“ (იოანე 1,1,14), „სიბრძნე და ძალა“ (1 კორ. 1,24) და „გამოცისკრება“ (ებრ. 1,3), რადგან სიტყვა განუყრელად დაფუძნებულია გონებაში (ვამბობ არსობრივ სიტყვას), სიბრძნეც - ასევე, ძალა კი - შემძლებელში და გამოცისკრება - სინათლეში, აღმოცენებულნი არიან რა მათგან.

მეოთხე სახე ცხადყოფს, რომ იგი არის მამისგან როგორც მიზეზისაგან. ასე მაგალითად: „ჩემი მამა ჩემზე უფრო დიდია“ (იოანე 14,28), რადგან მამისგან აქვს მას არსებობა და ყოველივე, რაც აქვს (ხოლო არსებობა შობითად აქვს მას მამისგან და არა შექმნითად), როგორც [ამბობს] „მე მამისგან გამოვედი“ (იოანე 16,27), ანდა: „მეც ვცოცხლობ მამის მიერ“ (იოანე 6,57); ამასთან, ყოველივე, რაც მას აქვს, აქვს არა წილბოძებით ანდა სწავლით, არამედ - მამისგან როგორც მიზეზისგან. მაგალითად: „არაფრის ქმნა არ ძალუძს ძეს თავისი თავისგან, თუ არ იხილავს იგი მამას რაიმეს მქმნელად“ (იოანე 5,19), რადგან თუ არ არის მამა, არ არის არც ძე. მართლაც, ძე არის მამისგან და მამაში, და არა მამის შემდეგ. მსგავსადვე, რასაც იქმს ძე, იქმს მამისგან და მამასთან, რადგან ერთი და იგივეა (ანუ იგივეა და არა მსგავსი) მამის, ძის და წმინდა სულის ნებელობა, მოქმედება და ძალა.

მეხუთე სახე ცხადყოფს მამისეული სათნოჩენის აღსრულებას ძის მოქმედების მიერ, თუმცა არა როგორც იარაღის ან მონის მიერ, არამედ როგორც მამის არსობრივი და ჰიპოსტასური სიტყვის, სიბრძნისა და ძალის მიერ, რადგან მამაში და ძეში ერთი მოძრაობა განიჭვრიტება. მაგალითად. „ყოველივე მის მიერ შეიქმნა“ (იოანე 1,3), აგრეთვე: „მოავლინა მისი სიტყვა და განკურნა ისინი“ (ფს. 106,20); კიდევ: „რათა იცოდნენ, რომ შენ მომავლინე მე“ (იოანე 11,42).

მეექვსე სახე წინასწარმეტყველურად ითქმის, რომლის ერთი ნაწილი სამერმისოა, როგორც მაგალითად: „ცხადად მოვა“ (ფს. 49,3), ანდა ზაქარიასგან თქმული: „აჰა, შენი მეუფე მოდის შენთან“ (ზაქ. 9,9); კიდევ, მიქეას მიერ ნათქვამი: „აჰა, გამოდის უფალი თავისი ადგილიდან; ჩამოვა და ავა დედამიწის სიმაღლეებში“ (მიქ. 1,3); მეორე ნაწილი მომავალს გარდასულად წარმოაჩენს. მაგალითად: „ეს ჩვენი ღმერთი ამის შემდეგ მიწაზე გამოჩნდა და ადამიანებთან იმყოფებოდა“ (ბარუქი 3,36,38); კიდევ: „უფალმა შემქმნა მე თავის გზათა სათავედ თავისი საქმეებისადმი“ (იგავ. 8,22); აგრეთვე: „ამის გამო გცხო შენ ღმერთმა, ღმერთმა შენმა“ (ფს. 44,8) და ამგვარნი.

ამრიგად, ის რაც შეერთების1 უწინარესია, მასზე ითქმის შეერთების შემდეგაც, მაგრამ ის, რაც შეერთების შემდგომია, არანაირად არ ითქმის მასზე შეერთების უწინარეს, თუ არა წინასწარმეტყველურად, როგორც გვითქვამს.

B. შეერთების2 შესახებ [თქმულნი] სამი სახისაა:

1. როდესაც უმჯობესიდან3 გამომდინარე ვმსჯელობთ, ვამბობთ ხორცის განღმრთობას, სიტყვაქმნას4 მისას, ზეამაღლებას და სხვა ამგვარს, წარმოვაჩენთ რა ამით იმ სიმდიდრეს, რაც ხორცს შეეძინა უზენაეს ღმერთ-სიტყვასთან შეერთებისა და თანაშეკავშირების5 შედეგად.

2. როდესაც უდარესიდან6 გამოვდივართ, ვამბობთ სიტყვის ხორცქმნას, განკაცებას, დაცარიელებას, სიგლახაკეს, სიმდაბლეს, რადგან ესენი და ამგვარნი ადამიანობასთან შეზავების7 შედუგად განეკუთვნება სიტყვასა და ღმერთს.

3. როდესაც ერთდროულად ორივესგან8 გამოვდივართ, მაშინ ვამბობთ შეერთებას, ზიარებას, ცხებას, თანაშეკავშირებას, თანახატებას და ამგვართ. ამიტომ, სწორედ ამ მესამე სახისთვის ითქმის ზემორე ორი სახე, რადგან შეერთების შედეგად ცხადდება, თუ რა ჰქონდა თითოეულ მათგანს მასთან თანაშეგვამოვნებულის9 კავშირით და დამტევნელობით. მართლაც, ჰიპოსტასური შეერთების გამო ითქმის, რომ ხორცი განიღმრთო და გახდა იგი ღმერთი და თანაღმერთი სიტყვისა, ხოლო ღმერთი-სიტყვა განსხეულდა, ადამიანი გახდა, ქმნილებად ითქვა და „უკანასკნელი“ ეწოდა, თუმცა ეს მოხდა არა იმგვარად, თითქოს ორი ბუნება ერთ შედგენილ ბუნებად გარდაქმნილიყოს (რადგან შეუძლებელია, რომ ერთ ბუნებაში თანადროულად იყოს ბუნებითად საწინააღმდეგონი), არამედ - იმგვარად, რომ ჰიპოსტასურად შეერთებულ ორ ბუნებას შეურევლად და გარდაუქმნელად ჰქონდა ურთიერთში დამტევნელობა, ხოლო ეს დამტევნელობა ღმრთეებისგან მოხდა და არა ხორცისგან, რადგან შეუძლებელია, რომ ხორცმა დაიტიოს ღმრთეება. პირიქით, როდესაც საღვთო ბუნებამ ერთგზის დაიტია ხორცი, მიეცა ხორცსაც გამოუთქმელი დამტევნელობა ღმრთეებისა, რასაც შეერთებად ვამბობთ. ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ შეერთების პარველ და მეორე სახეს შორის პირუკუ რამ განიჭვრიტება. როდესაც ხორცის შესახებ ვმსჯელობთ, მის განღმრთობას, სიტყვაქმნას, ზეამაღლებას და ცხებას ვამბობთ (რადგან ესენი ღმრთეებისგან არის, მაგრამ ხორცთან დაკავშირებით იხილვება). მეორე მხრივ, როდესაც სიტყვის შესახებაა მსჯელობა, მისი დაცარიელება, ხორცქმნა, განკაცება, სიმდაბლე და სხვა ამგვარნი ითქმის, რაც, როგორც ვთქვით, ხორცისგან განეკუთვნება სიტყვასა და ღმერთს, რადგან მან დაითმინა ესენი ნებსით.

Γ. შეერთების შემდეგ სათქმელნი სამი სახისაა:

პირველია ის, რაც საღვთო ბუნებას ცხადყოფს, როგორც მაგალითად: „მე - მამაში და მამა - ჩემში“ (იოანე 14,10). კიდევ: „მე და მამა ერთი ვართ (იოანე 10,30); ამასთან, ყოველივე, რასაც კი განკაცებამდე განვუკუთვნებთ მას, განკაცების შემდეგაც ვამბობთ მასზე, გარდა იმისა თქმისა, რომ არ ჰქონდა მას მიღებული ხორცი და ხორცის ბუნებითი [თვისებები].

მეორეა ის, რაც ადამიანისეულია, როგორც მაგალითად: „რად მეძებთ მოსაკლავად მე, ადამიანს, ვინც ჭეშმარიტება გითხარით თქვენ?“ (იოანე 7,19; 8,40), კიდევ: „ასევე უნდა ამაღლდეს ადამიანის ძე“ (იოანე 3,14) და ამგვარნი. ამასთან, ესენი, რაც ქრისტე მაცხოვრის შესახებ დაწერილა სიტყვის ან საქმის მხრივ, ექვსი სახისაა.

1. პირველია ის, რაც განგებულებითად იქმნა და ითქვა მის მიერ შესაბამისად ბუნებისა, როგორც მაგალითად: ქალწულისგან შობა, ასაკობრივად ზრდა, წარმატება, შიმშილი, წყურვილი, დამაშვრალობა, ცრემლი, ძილი, ლურსმნებით დახვრეტა, სიკვდილი და სხვა ამგვარი, რაც კი ბუნებისეულ და უყვედრელ ვნებულებას წარმოადგენს, რადგან ყველა მათგანში არის შეზავებულობა10 ღვთიურისა ადამიანურთან.

ამასთან, გვწამს, რომ ჭეშმარიტად სხეულისაა ეს ყოველივე, რადგან ამათგან არაფერი ღვთიურობას არ განუცდია, თუმცა კი ამათ მიერ განაგო მან ჩვენი ხსნა.

2. მეორეა ის, რაც მოჩვენებითად ქმნა ან თქვა მან. კერძოდ, შეკითხვა: „სად დადეთ ლაზარე?“ აგრეთვე ლეღვთან მისვლა, მიფარვა ანუ განშორება, ლოცვა, ანდა თავის მოჩვენება „უფრო შორს წასასვლელად“ (ლუკა 24,28).

მართლაც, არ საჭიროებდა იგი ამათ (და სხვა ამგვართ) არც როგორც ღმერთი, არც როგორც ადამიანი, თუმცა ადამიანისებრ წარმოაჩენდა იგი თავს, როდესაც ამას ითხოვდა საჭიროება და სარგებლიანობა11. მაგალითად, ილოცა მან, რათა ეჩვენებინა, რომ არ იყო იგი ღვთის მოწინააღმდეგე და რომ პატივს სცემდა მამას, როგორც თავის მიზეზს. ასევე, იკითხა მან, მაგრამ არა როგორც უმეცარმა, არამედ როგორც ცხადმყოფელმა იმისა, რომ ღმერთობასთან ერთად ჭეშმარიტად ადამიანიც იყო. ამასთან, განეშორებოდა კიდეც იგი, რათა ესწავლებინა ჩვენთვის, არ გვემოქმედა ნაჩქარევად, არცთუ ჩვენითვე გაგვეცა თავი12.

3. მესამეა ის, რაც გათავისებითად და განკუთვნითად თქვა ან ქმნა მან, როგორც მაგალითად: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რის გამო მტოვებ მე?“ (მათე 27,46), აგრეთვე: „ცოდვის არმცოდნემ ჩვენს გამო ცოდვა ქმნა“ (2 კორ. 5,21); კიდევ: „გახდა იგი ჩვენს გამო წყევლა“ (გალატ. 3,13), ანდა: „თვით ძე დაემორჩილება მას, ვინც მისდამი დაამორჩილა ყოველივე“ (1 კორ. 15,28). მართლაც, მამისგან არასოდეს ყოფილა მიტოვებული იგი არც როგორც ღმერთი, არც როგორც ადამიანი. ასევე, არც ცოდვა, არც წყევლა არ გამხდარა თვით, არცთუ მამისადმი დამორჩილებას საჭიროებდა, რადგან იგი, როგორც ღმერთი, თანასწორია მამისა (და არა მოწინააღმდეგე მისი ანდა მორჩილი), ხოლო როგორც ადამიანი, არასოდეს ყოფილა მშობლის ურჩი, რომ დამორჩილება დასჭირებოდა.

ამრიგად, ყოველივე ამას ქრისტე ამბობდა იმიტომ, რომ ითავისებდა იგი ჩვენს სახეს და ჩვენს შორის განაწესებდა თავის თავს. მართლაც, სწორედ ჩვენ ვიყავით ცოდვასა და წყევლას დაქვემდებარებულნი, როგორც ურწმუნონი და ურჩნი, და ამის გამო მიტოვებულნი.

4. მეოთხეა ის, რაც გამომდინარეობს წარმოდგენისეული გამიჯვნიდან, რადგან თუ წარმოდგენაში გავმიჯნავთ ჭეშმარიტად განუყრელთ, ე. ი. [თუ გავმიჯნავთ] ხორცს სიტყვისგან, მაშინ ითქმება იგი13 „მონადაც“ და „უმეცრადაც“, რადგან მონური და უმეცრებითი ბუნებისაც იყო14 და რომ არ შეერთებოდა ღმერთ-სიტყვას ხორცი, მონური იქნებოდა ის და უმეცარი, მაგრამ, ღმერთ-სიტყვასთან ჰიპოსტასური შეერთების გამო, აღარც მონა იყო და აღარც უმეცრებდა. ამგვარადვე უწოდა მან, აგრეთვე, მამას თავისი ღმერთი.

5. მეხუთეა ის, რაც თქვა ან ქმნა მან ჩვენს წინაშე თავისი თავის გასაცხადებლად და ჩვენი დარწმუნებისათვის, როგორც მაგალითად: „მამაო, მადიდე მე იმ დიდებით, რაც შენს გვერდით მქონდა ქვეყნიერების არსებობამდე“ (იოანე 17,5). მართლაც, თვით იგი განდიდებული იყო და არის, მაგრამ მისი დიდება არ იყო გაცხადებული და სარწმუნო ჩვენთვის. ასეთივეა მოციქულისგან თქმულიც: „...რომელიც განჩინებულია ღვთის ძედ ძალით, სიწმინდის სულისამებრ, მკვდრეთით აღდგომის გზით“ (რომ. 1,4), რადგან სწორედ საკვირველებების, აღდგომისა და სულიწმინდის გარდამოსვლის შედეგად გახდა ცხადი და სარწმუნო ქვეყნიერებისათვის, რომ ღვთის ძეა იგი. კიდევ: „წარემატებოდა იესო სიბრძნითა და მადლით“ (ლუკა 2,52).

6. მეექვსეა ის, რაც ქმნა ან თქვა მან, გაითავისა რა იუდეველთა სახე, როდესაც იუდეველთა შორის აღრიცხა თავისი თავი. მაგალითად, სამარიტელ ქალს უთხრა: „თქვენ თაყვანს სცემთ მას, რაც არ იცით, ჩვენ კი თაყვანს ვცემთ მას, რაც ვიცით, - რომ იუდეველთაგან არის ხსნა“ (იოანე 4,22).

მესამე სახეა ის, რაც ცხადმყოფელია ერთი ჰიპოსტასისა და, ამასთან, წარმომაჩენელია ორივესი ერთად15, როგორც მაგალითად. „მე ვცოცხლობ მამის მიერ და ვინც მჭამს მე, ისიც იცოცხლებს ჩემს მიერ“ (იოანე 6,57); აგრეთვე: „მივდივარ მამისკენ და ვეღარ მიხილავთ მე“ (იოანე 16,10); კიდევ: „...არ აცმევდნენ ჯვარს დიდების უფალს“ (1 კორ. 2,8); ასევე: „არავინ ასულა ცაში, თუ არა ის, ვინც ციდან ჩამოვიდა - ადამიანის ძე, ცაში მყოფი“ (იოანე 3,13) და ამგვარნი.

Δ. იმათგან, რაც აღდგომის შემდგომია, ერთი ნაწილი არის ღვთისმშვენი, როგორც მაგალითად: „ნათელსცემდით მათ მამის, ძის (როგორც, ცხადია, ღმერთის) და სულიწმინდის სახელით“ (მათე 28,19), ანდა: „აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე ვიდრე საუკუნის აღსრულებამდე“ (მათე 28,20) და სხვა ამგვარი, რადგან ჩვენთან არის იგი როგორც ღმერთი. მეორე ნაწილი ადამიანის შესაფერისია, როგორც მაგალითად: „ფერხთით შეუვრდნენ მას“ (მათე28,10), ანდა: „იქ მნახავენ მე“ (მათე 28,10) და ამგვარნი.

E. ამასთან, რაც კი აღდგომის შემდეგ ადამიანის შესაფერისად თქმულა მასზე, სხვადასხვა სახისაა. კერძოდ, ნაწილი ჭეშმარიტია, თუმცა არა ბუნებითად, არამედ განგებულებითად, რათა სარწმუნო გახდეს, რომ თვით ის ვნებული სხეული აღდგა. ასეთებია მაგალითად: „წყლულებანი“, „ჭამა“ და „სმა“ აღდგომის შემდეგ. ნაწილი ჭეშმარიტია ბუნებითად, როგორც მაგალითად. ადგილიდან ადგილზე უჭირველად გადასვლა და დახშულ კართა შიგნით შესვლა. ნაწილი მოჩვენებითია, როგორც მაგალითად, თავის მოჩვენება უფრო შორს წასასვლელად (ლუკა 24,28); ნაწილი ორივე მათგანისაა16, როგორც მაგალითად: „ავდივარ ჩემი მამისა და თქვენი მამისკენ, ჩემი ღვთისა და თქვენი ღვთისკენ“ (იოანე 20,17), კიდევ: „შევა დიდების მეუფე“ (ფს. 23,7); კიდევ: „დაჯდა იგი სიდიადის მარჯვნივ, სიმაღლეებში“ (ებრ. 1,3); ნაწილი ეხება მას როგორც ჩვენს შორის დამწესებელს თავისი თავისას ლიტონი წარმოდგენის შესაბამისი გამიჯნულობის სახით17, როგორც მაგალითად: „ჩემი ღვთისა და თქვენი ღვთისკენ“ (იოანე 20,17).

ამრიგად, გვმართებს, რომ რაც ამაღლებულია, განვუკუთვნოთ საღვთო ბუნებას, აღმატებულს ვნებულებებზე და სხეულზე, ხოლო რაც მდარეა - ადამიანურს, საზიარონი კი - შედგენილ ანუ ერთ ქრისტეს, რომელიც არის ღმერთი და ადამიანი; ამასთან, უნდა ვუწყოდეთ, რომ ორივე მათგანი ეკუთვნის ერთსა და იმავე უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს. ამიტომ, როდესაც ვიცით თითოეულის თვისება და ვჭვრეტთ, რომ ორივე მათგანი ერთისგან აღესრულება, სწორად გვწამს და არ შევცდებით. ყოველივე ამისგან შეიცნობა შეერთებულ ბუნებათა განსხვავება და ის, რომ „არ არის იგივეობრივი - როგორც ამბობს უსაღვთოესი კირილე - ბუნებითი რაგვარობის მხრივ ღმრთეება და ადამიანობა“. ერთია ძე, ქრისტე და უფალია ამასთან, არის რა იგი ერთი, ერთია მისი პირიც, რადგან ბუნებითი განსხვავების შეცნობით არანაირად არ იყოფა ჰიპოსტასური ერთობა.

 

1. ე.ი. განკაცების.

2. ე.ი. განკაცების, ხორცთან შეერთების.

3. ე.ი. განკაცებული სიტყვის ღმერთობიდან, ღვთიურობიდან.

4. ბერძ. λόγωσις (1184 B); in Verbi assumptio (შდრ. ეფრემი: „სიტყუაქმნასა“, 126v2; არსენი: „სიტყუაქმნასა“, 97v1). იგულისხმება, რომ რადგან ღმერთი-სიტყვა „ხორცი გახდა“ (იოან. 1,14), ასევე სიტყვა-ღმერთის მიერ მიღებული ხორციც, პირუკუ, „განიღმრთო“ (ე.ი. „ღმერთი“ გახდა როგორც ღვთის სხეული), „განისიტყვა“ (ე.ი. „სიტყვა“ გახდა, როგორც სიტყვის სხეული) ანუ ეს ხორცი, ღმერთ-სიტყვასთან არსობრივად შეერთებული, განიმსჭვალა, განმდიდრდა ღმერთ-სიტყვის ღვთიურობით (ბუნებითი ცვლილების გარეშე).

5. სიტყვ. „თანაშეზრდის“. შდრ. ბერძ. συμφυία (საყურადღებოა, რომ ეს ტერმინი გელათურ სკოლაში ძირთადად ითარგმნებოდა ტერმინით „თანმებუნებობაჲ“).

6. ე.ი. განკაცებული სიტყვის ადამიანობიდან.

7. ბერძ. κράσις (ლათ. mistio). აღნიშნული ტერმინი ამ შემთხვევაში პირობითია და მიემართება ძე ღმერთის ჰიპოსტასს; ე.ი. იგი გულისხმობს არა საღვთო ბუნების შეზავებას ადამიანურთან, არამედ ღმერთი-სიტყვის „შეზავებულ“ ანუ შედგენილ ჰიპოსტასში საღვთო ბუნების თვისებათა შეერთებულობას ადამიანურთან, რადგან მაცხოვრის ჰიპოსტასი განკაცების შემდეგ „შეზავებულია“ ანუ შედგენილია (ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში ტერმინი „შეზავება“ უიგივდება „შედგენას“, ხოლო „შეზავებული“ - „შედგენილს“).

8. ე.ი. განკაცებული სიტყვის ღმერთობისგანაც და ადამიანობისგანაც.

9. განკაცებული სიტყვის საღვთო და ადამიანური ბუნებანი თანაგვამოვანია ანუ ისინი ერთ გვამოვნების, ერთი ჰოპოსტასის მქონეა. შესაბამისად, ერთი ბუნება მეორესთან თანაშეგვამოვნებულია ანუ თანაშეჰიპოსტასებულია (ბერძნ. συνυφιστάμενος გელათურ სკოლაში ითარგმნებოდა, როგორც „თანაშეგუამებული“). ტერმინთქმნადობითი პარალელისთვის შდრ. ტერმინი „თანაარსი“, ე.ი. ერთი არსების მქონე.

10. ამჯერადაც ბერძნ. μίζις პირობითი ტერმინია და მაცხოვრის ჰიპოსტასის „შეზავებულობას“ გულისხმობს (შდრ. ეფრემი: „ამით ყოვლითა იქმნა შეზავებით ღმრთისად კაცობრივისა აგებულებისა მიმართ“ (128,2).

11. ე.ი. როდესაც ეს სარგებლობის მომტანი იყო.

12. ე.ი. ჩვენითვე არ ჩაგვეგდო თავი განსაცდელში. შდრ. ეფრემის გავრცობილი თარგმანი: „... არცაღა ნეფსით შთაგდებად თავთა ჩუენთა განსაცდელსა“ (127v1).

13. ქრისტე კაცობრივად.

14. ქრისტე. იგულისხმება, რომ მეუფებრივი და ყოვლისმცოდნე საღვთო ბუნების გარდა ქრისტეს ჰქონდა, აგრეთვე, ადამიანური ბუნებაც, რაც თავისთავად, ცალკე აღებული (ე.ი. წარმოდგენაში, ფიქრში ღმრთეებისგან განცალკევებული), მონურია და უმეცრებითი.

15. ე.ი. ორივე ბუნებისა ერთად (შდრ. ლათ. ambae naturae); საყურადღებოა, რომ ეფრემის მიერ ორიგინალის ეს სიტყვები („ორივესი ერთად“) გაგებულია, როგორც ორი ჰოპოსტასი, მამისა და ძისა. მოგვაქვს ტექსტი: „გუამსავე თანა ძისასა მამისაცა გუამსა წარმომაჩინებელი“ (128,1).

16. ე.ი. ცხადყოფს როგორც საღვთო, ასევე ადამიანურ ბუნებას.

17. ე.ი. თუ ჩვენს ფიქრში, წარმოდგენაში გავმიჯნავთ მის საღვთო ბუნებას მისივე ადამიანური ბუნებისგან (რომლებიც, სინამდვილეში, ყოვლად განუყოფელნი და გაუმიჯნავნი არიან), მაშინ იგი ადამიანურად ჩვენ შორის აღმოჩნდება ანუ იგი ჩვენს შორის დაიწესებს თავს.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი