წმ. გრიგოლ ნოსელი

სიტყვა სულიწმინდის შესახებ ანუ სულთმოფენობისათვის

ყოველი დღესასწაულის შინაარსს უფრო ცისკროვანს ხდის თვით დავით წინასწარმეტყველი, რომელიც მარადჟამს, საჭიროების მიხედვით, შეაწყობს თავის მრავალშეწყობილ ქნარს.

დაე, ამავე წინასწარმეტყველმა გაგვიცისკროვნოს სულთმოფენობის ეს დიადი დღესასწაულიც, სიბრძნის სიმებზე სულიწმინდის თითით აგვიჟღეროს საგალობელი და ამ ღვთიური მელოდიით აღმოთქვას, რაც დღევანდელ მადლს ეთვისება:

„მოდით, ვილხენდეთ უფლის მიერ“ (შდრ. ფს. 94. 1).

უპირველესად, გვმართებს ვიცოდეთ, რა არის ეს მადლი, რომ შემდეგ მის შინაარსს ჯეროვნად შევუწყოთ წინასწარმეტყველების ხმა.

ამიტომ, ნება მომეცით, ყოველივე ამის შესახებ თანამიმდევრული რამ წესით, ძალისამებრ, ცხადად გაუწყოთ სათქმელი:

ღვთის შემეცნების გზას ასცდა დასაბამში კაცობრიობა. ადამიანებმა მიატოვეს ქმნილების მეუფე. ერთნი ქვეყნიერების სტიქიონებს დაემონენ შეცდომით, მეორენი დემონთა ბუნებას ეთაყვანენ, უმრავლესობას კი ღმერთად ესათნოვა კერპების ხელითქმნილი გამოსახულებაც კი, რის გამოც ბომონები, ტაძრები, იდუმალქმედებანი, მსხვერპლშეწირვები, სერტყები, სავანეები და სხვა ამგვარნი განუკუთვნეს ამ ცრუ ღმერთებს, რომ ემსახურათ მათთვის.

იხილა ბუნების მეუფემ თავისი კაცთმოყვარე თვალით ადამიანური ბუნების გახრწნა. ამიტომ, თანამიმდევრული წესით, ცთომილებიდან ჭეშმარიტების შეცნობისაკენ წარმართა მან კაცთა ცხოვრება.

იმ ექიმთა მსგავსად, რომლებიც ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ დაუძლურებულთ გარკვეული რამ საექიმო ხელოვნებით გამოამჯობინებენ და არათუ ერთბაშად მიაძალებენ საჭმელს, არამედ უფრთხილდებიან რა მათ სისუსტეს, ზომიერი საზრდოთი აღუდგენენ ძალას და მხოლოდ შემდყგ მისცემენ უფლებას, რომ ნებისამებრ მიეცნენ სიმაძღრეს, ასევე უფლისმიერი განგებითაც იმგვარად მოხდა, რომ საშინელი შიმშილით დაუძლურებულ ადამიანის ბუნებას დაეზოგა საიდუმლოთა საზრდოს მიღება, რომ თანამიმდევრული რამ წესით მიწყივ იმას დაუფლებოდა, რაც სრულია და ამ სახით სრულყოფის მიჯნისათვის მიეღწია.

ჩვენი მხსნელია ცხოველმყოფელი ძალა, მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით რაც ვირწმუნეთ.

ისინი, რომელთა სულებიც შიმშილობამ დააუძლურა, ვერ დაიტევენ ყველაუერს ერთად. ამიტომ, ჯერ მრავალღმერთიანობას განუდგებიან წინასწარმეტყველთა და რჯულის შეწევნით და მიეჩვევიან ერთი ღმრთეების ჭვრეტას, თუმცა კი ერთ ღმრთეებაში მამის ძალას შეიმეცნებენ, რადგანაც გერ დაიტევენ, როგორც ვთქვით, სრულყოფილ საზრდოს. შემდეგ, ასეთებს, რომლებიც უკვე სრულიქმნენ რჯულში, მხოლოდშობილი ძე ეცხადებათ სახარების გზით. ამის შემდეგ კი მოგვებოძება ჩვენი ბუნების სრულყოფილი საზრდო, წმინდა სული, რომელშიც არის სიცოცხლე.

სწორედ ესაა დღევანდელი დღესასწაულის შინაარსი.

ამგვარად, ვართ რა მემწყობრენი სულიწმინდისა, ვერწმუნოთ ამ სულიერ მწყობრის კორიფეს, დავითს, რომელიც ამბობს:

„მოდით, ვილხენდეთ უფლის მიერ“, ხოლო უფალი არის სული, როგორჩ თქვა მოციქულმა (II კორ. 3.17).

დღეს, თანახმად წლის საწელიწდო ციკლისა, სრულიქმნა ორმოცდაათეული. სწორედ ამ ჟამს (რადგან დღის დაახლოებით მესამე ჟამია) გამოვლინდა გამოუთქმელი მადლი, რამეთუ კვლავ შეეზავა ადამიანებს სულიწმინდა, რომელიც ადრე გაშორებული იყო ჩვენგან, მას შემდეგ, რაც ხორცი გახდა [1] ადამიანური ბუნება. მისი მძლავრი მობერვით ჰაერიდან განიდევნა ეკუთურების ყველა სულიერი ძალა, ყველა უწმინდური დემონი.

ცეცხლის სახით სულიწმინდის გადმოსვლისას საღვთო ძალით აღივსნენ მოციქულები, რომლებიც იმ დროს ზედაქორედში [2] იმყოფებოდნენ, რადგან სხვაგვარად არავის ძალუძს წილმქონე იყოს სულიწმინდისა, თუკი არ მკვიდრობს იგი ამ ცხოვრების ზედაქორედში. ვისაც ზევითკენ აქვს გულისყური, მიწიდან ცისკენ ანაცვლებს იგი თავის ღვაწლსაც, უზენაესი მოღვაწეობის ზედაქორედის მოსახლე ხდება და თანაეზიარება სულიწმინდას.

სწორედ ამას გვაუწყებს „მოციქულების საქმეთა“ წიგნი: იყვნენ რა ისინი ზედაქორედში, ის, წმინდა და უნივთო ცეცხლი, მათი რიცხვისამებრ დაიყო ენათა სახეებად. მოციქულები გაეზრახნენ პართელებს, მიდიელებს, ელამიტელებს და დანარჩენ ხალხებს, ნებისამებრ შეუწყვეს რა საკუთარი ხმა ყველა სხვა ხალხის მეტყველებას.

მოციქული ამბობს:

„ხოლო მე ვისურვებ, ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით ეკლესიაში, რომ სსვებსაც ვარგო, ვიდრე ენით - ათასი სიტყვა“ (I კორ. 14.19).

იმჟამად სასარგებლო იყო სხვა ენებზე მოციქულთა ამეტყველება, რომ მქადაგებელთა სამეტყველო ენა დაბრკოლებად არ ქცეულიყო და მათ მიერ ნაქადაგევი უქმად არ ჩავლილიყო უმეცართათვის. აწ კი, არსებობს რა სამეტყველო ერთხმოვანება, გვმართებს ვეძიოთ სულიწმინდის ცეცხლოვანი ენა, რომ გავანათლოთ ცთომილებაში დაბნელებულნი.

დაე, აქეთაც დავითი წაგვიძღვეს, ვინც მოციქულსაც წაიმძღვარებს თანამემწყობრედ, რადგან ფსალმუნი, რომლის სათავეც უფლისადმი ლხენას გვანიჭებს (ამბობს რა: „მოდით, ვილხენდეთ უფლის მიერ“), შემდეგ და შემდეგ სულიწმინდის სადიდებელს როდი გვიცხადებს, არამედ, უფრორე მეტად, მისი ღმერთობის შესახებ გვმოძღვრავს. აქვე გადმოგცემთ დავითის სიტყვებს, მოციქულიც რომ ეთანხმება. აი ეს სიტყვები:

„თუკი დღეს მის ხმას გაიგონებთ, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც იმ ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც გამომცადეს მე თქვენმა მამებმა“ (ფს. 94.8-9).

გაიხსენა რა ზემორე სიტყვები, საღვთო მოციქულმა ასე თქვა:

„ამიტომ, როგორც ამბობს სულიწმინდა...“ (ებრ. 3.7).

რაჟამს წარმოთქვა ეს დიდმა პავლემ, იქვე წინასწარმეტყველის ნათქვამიც დაურთო, განუკუთვნა რა იგი სულიწმინდის პირს.

ამრიგად, ვინ არის იგი, გინც გამოსცადეს უდაბნოში მათმა მამებმა, ვინ არის იგი, ვინც განარისხეს?

ისწავლეთ იმავე წინასწარმეტყველისაგან, რომელიც ამბობს:

„გამოსცადეს ღმერთი უზენაესი“ (ფს. 77.56).

მოციქული კი, წარმოგ იდგენს რა სულიწმინდის პირს, მას განუკუთვნებს ამ სიტყვებს და ასე ამბობს:

„ამიტომ, როგორც ამბობს სულიწმინდა... უდაბნოში გამოცდის დღეს... გამომცადეს მე თქვენმა მამებმა“ (ებრ. 3.7-9).

ამრიგად, ვისაც უზენაესი ღმერთი უწოდა წინასწარმეტყვვლმა, მას სულიწმინდად ამბობს საღვთო მოციქული.

ვინც არ ირწმუნებს, კვლავ განჭვრიტოს ნათქვამი:

„ამიტომ, როგორც ამბობს სულიწმინდა... ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებსმ როგორც იმ ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც გამომცადეს მე თქვენმა მამებმა“ (ებრ. 3.7-9).

ამგვარად, თუკი სულიწმინდა ამბობს, რომ „გამომცადეს მე უდაბნოში თქვენმა მამებმა“, ხოლო თუ წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ვინც უდაბნოში გამოიცადა, უზენაესი ღმერთია, ცხადია, ამით ეხშობათ ღვთის წინააღმდეგ უსამართლოდ მეტყველი პირი სულისმბრძოლებს, რადგან მოციქულიც და წინასწარმეტყველიც ზემოთქმულთა მიერ აშკარად ქადაგებენ სულიწმინდის ღმერთობას. მართლაც, ერთი მხრივ, წინასწარმეტყველი გვაუწყებს, რომ „გამოსცადეს ღმერთი უზენაესი“, ამასთან, იგი ზემომოტანილ სიტყვებს (კერძოდ, სიტყვებს „უდაბნოში გამომცადეს თქვენმა მამებმა“) წარმოგვიდგენს, როგორც ღვთისგან თქმულს ისრაელთა მიმართ, მეორე მხრივ კი დიდი პავლე სულიწმინდას აკუთვნებს ამავე სიტყვებს, რითაც ცხადად მტკიცდება, რომ უზენაესი ღმერთია სულიწმინდა.

ხედავენ კი სულიწმინდის დიდების მტრები საღვთო სიტყვათა ცეცხლოვან ენას, დაფარულთა გამაცხადებელს, თუ, პირიქით, დაგვცინიან კიდეც, ვით მაჭრით მთვრალებს?

მართლაც, ასე ამბობენ ჩვენს შესახებ, მაგრამ, ძმანო, იმას გირჩევთ, ნუ შეგაშინებთ მათი ძაგება, ნურც ის დაგძლევთ, რომ დაგვცინიან.

ნეტამც ოდესმე მათაც ეღირსოთ ეს მაჭარი, ეს ღვინო ახალდაწურული, საწნახელისგან რომ იღვრება, რაც სახარებით ჭნიხა უფალმა, რომ საკუთარი მტევნის სისხლი მოეცა შენთვის. ნეტამც ისინიც აღივსონ ამ ახალი ღვინით, რაც მაჭრად ითქვა, რასაც ერეტიკული წყლის შერევა არ განუცდია მოვაჭრეთაგან. ნეტამც ისინიც ყოვლითურთ სავსე იყვნენ სულიწმინდისგან, რომ ამ სულით მდუღარეებმა სულის მიერ ამოაქაფონ მათი თავიდან ურწმუნოების ლექი და ჭუჭყი. მაგრამ ასეთებს მაჭრის მიღება არ შეუძლიათ, ატარებენ რა კვლავაც ძველ ჭურჭელს, რაც ამგვარ ღვინოს ვეღარ დაიტევს და მწვალებლურად გასკდება კიდეც.

ჩვენ კი, ძმანო, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი, „მოდით, ვილხენდეთ უფლის მიერ“, შევსვამთ რა კეთილმსახურების სიტკბოებასაც, ვით ბრძანებს ეზრა (III ეზრ. 9.52); გავცისკროვნდეთ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მწყობრში, სულიწმინდის ნიბისამებრ ვილხენდეთ და ვიხარებდეთ ამ დღეს, რაც ქმნა უფალმა, ვიხარებდეთ იესო ქრისტეს, ჩვენი უფლის მიერ, დიდება მისდა უკუნისამდე, ამინ!

თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“ II
თბილისი, 2004 წ.

 


[1] - იგულისხმება ხრწნადი და მოკვდავი ხორცი

[2] - ე.ი. ზედა სართულში