აღდგომის ხატი - ქადაგება ფერებით და ხაზებით

ქრისტეს აღდგომის მისტიკური მნიშვნელობა და მისი სოტეროლოგიური (მხსნელი) არსი უადრესი დროიდან გახდა ქრისტიან ღვთისმეტყველთა განხილვის და განმარტების საგანი. ქრისტიანული ხელოვნებაც, თავისი ეკლესიური ფუნქციიდან გამომდინარე. უძველესი დროიდან ქმნიდა და ავითარებდა უმთავრესი ქრისტიანული დოგმების შესატყვის გამოსახულებებს. აღდგომა კი მათ შორის უპირველესი იყო.

უფლის საფლავიდან სხეულებრივი აღდგომის უშუალო მოწმე არავინ არის. სახარებაში მხოლოდ დაბნეული და თავზარდაცემული მცველების მონათხრობია გადმოცემული და აღდგომის შემდეგ მოსული მენელსაცხებლე დედებისა და მოციქულების გამოცხადებები და საქმეები მოწმობენ აღდგომის ჭეშმარიტებაზე. ამიტომ ადრექრისტიანულ ხანაში(რომაული კატაკომბების მხატვრობაში, ქვის სარკოფაგების და სპილოს ძვლის ფირფიტების რელიეფებზე) აღდგომას სიმბოლური და ალეგორიული სახეებით გამოსახავდნენ (ლაზარეს აღდგინება, სამი ყრმა სახმილსა შინა და სხვ.), რომელთაგან ყველაზე გავრცელებული იყო წინასწარმეტყველ იონას ამბავი: „ამასვე სახესა მჴსნელისა ჩუენისასა აღასრულებდა იონა წინასაწარმეტყუელი მუცელსა შინა ვეშაპისასა... დაღათუ მუცელისა ვეშაპისასა იყო, ჯოჯოხეთსავე შინა იტყჳს თავსა თჳსასა, რამეთუ სახე იყო ქრისტესი, რომლისა იგი ეგულებოდა შთასლვად ჯოჯოხეთსა“ (კირილე ალექსანდრიელი, აღდგომის საკითხავი).

გარდა ამისა, ადრექრისტიანულ ხანაში აღდგომის ხატად გაიაზრებოდა ახალი აღთქმის იმ ადგილების დასურათება, სადაც აღდგომის უწყება და განცხადება არის აღწერილი: ანგელოზის გამოცხადება მენელსაცხებლე დედათა წინაშე, მაცხოვრის გამოცხადება მარიამ მაგდალინელის წინაშე, თომას დარწმუნება და სხვ. (მათე XXVIII,1-7; მარკ. XVI,1-6; ლუკა XXIV,1-10; იოანე XX,1,8; და სხვ.). მათ შორის ყველაზე შესაფერის გამოსახულებად მიჩნეული იყო „მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან“: „ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული და ანგელოზისაგან ესმა ჴმა საწადელი: ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას, მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი, წარვედით და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკუდილი მოკლა მჴსნელმან ჩუენმან და აღდგა დიდებით, ვითარც იგი ძე ღმრთისაჲ და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა“ (პასექის ჟამნი, იპაკო, ხმა 4).

ეს გამოსახულებანი ადრექრისტიანული დროიდან გვხვდება, მაგ., V-VI სს. სპილოს ძვლის ფირფიტებზე, VI ს-ის რაბულას სახარების დასურათებაში და სხვ. ეს ხატი შემდგომში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქრისტიანულ სახვით ხელოვნებაში. საქართველოში მის ერთ უმშვენიერეს ნიმუშს ყინცვისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის  XIII ს-ის მოხატულობაში ვხედავთ, რომლის შუალა მონაკვეთი - უფლის საფლავის გადაგორებულ ლოდზე მჯდომი ანგელოზი - შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის სიმბოლოდ იქცა. საგულისხმოა, რომ ყინცვისის მოხატულობაში ამ კომპოზიციის საპირისპირო კედელზე გამოსახულია „თომას დარწმუნება“, ხოლო იმავე დონეზე, დასავლეთ კედელზე „სამი ყრმა საჴმილსა შინა“ - ორივე აღდგომის თემის განსახიერებაა და, შესაბამისად, მთელი მოხატულობის საღვთისმეტყველო შინაარსს სწორედ განკაცებული უფლის აღდგომა წარმოადგენს.

ანგელოზის ფრესკა
ყინცვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარი

ამ გამოსახულებებში აისახა აღდგომის პირველუწყებანი, მაგრამ მათ მაინც უფრო თხრობითი ხასიათი ჰქონდა, კონკრეტულ ამბავს ასახავდა, ქრისტიანული ხელოვნება კი მოვლენათა ღრმა მისტიკური არსის გახსნას და გადმოცემას ესწრაფვოდა. ამიტომ დროთა განმავლობაში შეიქმნა აღდგომის შესაფერი გამოსახულება - „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა“, რომელშიც სრულად არის განცხადებული უფლის აღდგომის საღვთისმეტყველო შინაარსი და მნიშვნელობა ადამიანთა ხსნისათვის, ქრისტეს ჯვარცმის არსი, როგორც სიკვდილზე და ჯოჯოხეთზე გამარჯვებისა: „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“ ხატში მხატვრულ ფორმებში განასხიერებულია აღდგომის კონდაკი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი“.

„ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“ ხატი არის აღდგომის დოგმის თეოლოგიური არსის განმარტება და არა ამ ამბის თხრობითი ილუსტრაცია. აქ ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა მართლმადიდებლური ხელოვნების სახისმეტყველებითი ხასიათი, „ქადაგება ფერებით და ხაზებით“.

ჯვარზე აღსრულების მერე ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის და იქიდან მამამთავართა და მართალთა გამოყვანის და ხსნის ამბავი კანონიკურ ტექსტებში არ არის მოთხრობილი, სამაგიეროდ, აპოკრიფულ ტექსტში, ეკლესიის ტრადიციით აღიარებულ „ნიკოდიმეს წიგნში“ საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი, რომელიც, თავის მხრივ, კანონიკურ ტექსტებში არსებულ მითითებებს ემყარება (იობი 42,17; დანიელი 13,23; მათე 27,52-53; I პეტრე 3,19, ებრაელთა 2,4 და სხვ.). „ნიკოდიმეს წიგნში“ ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის ამბავი თვითმხილველების - სიმეონ მიმრქმელის მკვდრეთით აღდგომილი ვაჟების კარინისა და ლევკიოსის მიერ არის მოთხრობილი: იმ დროს, როცა ქრისტემ სული განუტევა ჯვარზე, ჯოჯოხეთის უკუნეთი წყვდიადი თვალშეუდგომელი ნათელით განათდა. წყვდიადში მყოფი მამამთავარნი, პატრიარქნი, წინასწარმეტყველნი და მართალნი აღივსნენ სიხარულით, ვინაიდან მიხვდნენ, რომ აღსრულდა მათი მიერ ნაწინასწარმეტყველები ხსნა ადამის მოდგმისა და გამარჯვება სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე. დავით მეფის ფსალმუნთა გალობით („აღახუენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, აღეხვენით ბჭენი...“) ეგებებიან მართალნი მაცხოვარს. წინასწარმეტყველები იხსენებენ თავიანთ წინასწარმეტყველებებს (წმ. ესაია, წმ. ოსია, წმ. დანიელი), ხოლო მამამთავარ ადამს თვით წმ. იოანე წინამორბედი გამოეცხადა და ახარებს ქრისტეს გამარჯვებას. შეძრწუნებული ჯოჯოხეთის ბატონი სატანას საყვედურობს, რომ ქრისტეს დაღუპვის მცდელობა ჯოჯოხეთის და თავად მისი დაღუპვის მიზეზი გახდა და რაც ადამის ხით ცდუნებით მოიპოვეს, ქრისტეს ძელზე გაკვრით დაკარგეს. ჯოჯოხეთის ძალები ვერ აჩერებენ ძლევამოსილ ღმერთს და ნათელით მოსილი, იგი შელეწავს ჯოჯოხეთის ბჭეებს, ფეხით დათრგუნავს სიკვდილს, შეიპყრობს სატანას, გაანათებს წყვდიადს, ხელს გაუწვდის ადამს და სხვებთან ერთად გამოიყვანს მას ჯოჯოხეთიდან საუკუნო სასუფეველში დასამკვიდრებლად. ამგვარია მოკლედ „ნიკოდიმეს წიგნში“ მოთხრობილი ამბავი. ქრისტიანულმა ხელოვნებამ - თავისი სახისმეტყველებითი ბუნებიდან გამომდინარე - შექმნა გამოსახულება, რომელშიც ხილულ მხატვრულ ფორმებში განცხადებულია ამ მოვლენის საღვთისმეტყველო შინაარსი.

„ჯოჯოხეთის წამოტყვევნის“ ჩვენს დრომდე შემოჩენილი უადრესი ნიმუშები VIII ს. თარიღდება, მათ შორის არის ქართული ხელოვნების ნიმუშიც - მარტვილის კარედის სევადით შესრულებული გამოსახულება. საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამ ხატის რამდენიმე იკონოგრაფიული ვერსია: უფრო ლაკონური, როდესაც გამოისახება მხოლოდ ადამისა და ევასკენ დახრილი ჯოჯოხეთიდან გადაჭდობილ ბჭეებზე მდგომი მაცხოვარი ჯვრით ხელში (მაგ., X ს-ის მარტვილის პანაღიის ტიხრული მინანქრის ხატი) და უფრო გავრცობილი და საზეიმო, შემდეგი იკონოგრაფიული სქემის მიხედვით: მთიანი პეიზაჟის ფონზე კომპოზიციის ცენტრში გამოისახება მაცხოვრის დიდი ფიგურა, დიდი ჯვრით ერთ ხელში (რაც ჯვარცმაზე მიუთითებს, ხით დაღუპული - ხითვე (ძელით) იხსნა), მეორეთი კი მის წინ ცალმუხლმოდრეკილ, სარკოფაგიდან ამოზიდულ ადამს ეჭიდება: ის ხან მისკენ დახრილია, ხან ფართოდ მიაბიჯებს წინ და თან გაიყოლებს ადამს, თანაც ზეიმურად და დიდებულად, ფრონტალურად დგას, თითქოს ზევითკენ მიმართული, რითაც ხაზი ესმება არა მხოლოდ მამამთავრის ხსნას, არამედ სხეულებრივ აღდგომასაც. მისი სამოსი (ზოგჯერ ტრადიციულად ოქროსფერი-მოწითალო ქიტონი და ცისფერი ან ლურჯი ჰიმატიონი: ზოგჯერ ის წითელიც კი არის) დაფარულია ოქროს (ხატებზე) ან ოქროსფერი ასისტით - ღვთაებრივი ნათელის და ენერგიის განსახიერება. ქრისტეს ფეხებზე და ხელებზე, როგორც წესი, აღნიშნულია ნალურსმნალები - კიდევ ერთი მითითება ჯვარცმასა და მსხვერპლზე.

ჯოჯოხეთის წამოტყვევნა

აღდგომის ხატის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს ადამის და ევას ფიგურები. მათი გამოსახვით მითითებულია და მკაფიოდ აქცენტირებული ქრისტეს ჯვარცმის სოტეროლოგიური არსი, რომელიც სწორედ ადამის „ამოყვანაში“ არის განცხადებული.

ჯოჯოხეთის უკუნეთი წყვდიადის ღვთაებრივი ნათლით განგმირვის ამსახველია ოვალური მანდორლა - დიდება - მაცხოვრის ფიგურის გარშემო. „წყუდიადი იგი ქუესკნელისაჲ“ / განათლდა უფროჲს ნათლის მზის, / რაჟამს სულითა შთავიდა მუნ / სამ დღე საფლავსა შინა მდებარეჲ, / ხოლო ჯოჯოხეთი შეიწუებოდა და / ზარგანჴდილმან მოჰგუარა მას / ადამისითგან პყრობილნი სულნი“ (იოანე მინჩხი).

მანდორლა თეთრი, ოქროსფერი, ცისფერი ან წითელი ფერისა შეიძლება იყოს, ზოგჯერ (მაგ., საფარის XIV ს-ის მხატვრობა) სხივების აღმნიშვნელი რადიალურად გაშლილი თეთრი ან ოქროსფერი (ხატებზე - ოქროს) ხაზებით. „და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათი განხეთქნა, ... რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა“ (ფს. 106,14,16).

მაცხოვრის ორსავ მხარეს სარკოფაგებში (გარდაცვალების ნიშანი) დგანან ძველი აღთქმის მართალნი და წინასწარმეტყველნი, მაცხოვრისკენ მიმართულნი აღიარების და განდიდების ჟესტებით. მათ შორის, უმეტესწილად გამოისახებიან წმ. იოანე ნათლისმცემელი, წმ. მეფენი დავით და სოლომონი (ზოგჯერ მელქისედეკიც), მართალი აბელი (პირველი მსხვერპლი სიკვდილისა და თვით პირველი მსხვერპლშემწირველი), წმ. წინასწარმეტყველი ესაია და სხვ. „აჰა ესერა მე აღვაღო საფლავები თქუენნი და აღმოგიყვანნეთ თქუენ საფლავებით თქუენით“. წმ. მეფე დავითის გამოსახვით თითქოს აჟღერებულია ფსალმუნთა ტექსტები, რომლებშიც ნაწინასწარმეტყველები იყო ჯოჯოხეთის და სიკვდილის დამარცხება (ფს. 15, 23, 29, 67, 106). ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და მართალთა გამოსახვით ხაზი ესმება ქრისტეს მხსნელი მსხვერპლისა და აღდგომის კავშირს ძველ აღთქმასთან.

ასევე თითქმის აუცილებელია წმ. იოანე ნათლისმცემელის გამოსახვა, ვინაიდან „ნიკოდიმეს წიგნის“ ტექსტში იგი მრავალგზის არის ნახსენები და ამავე დროს დამაკავშირებელია ძველი და ახალი აღთქმისა, ქრისტეს მოსვლის უშუალო მაუწყებელია და მისი წინამორბედი მიწაზეც და ჯოჯოხეთშიც.

კომპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქრისტეს ფეხქვეშ, დამსკდარ კლდეებში (ჯვარცმისას მომხდარი მიწისძვრა) გამოსახული ჯოჯოხეთის ბნელი (შავი) სკნელი. შავი ფერი იმ წყვდიადის (ღმერთთან დაშორების) გამოხატულებაა, რომელშიც იმყოფებოდა ცოდვით დაცემული ადამის მოდგმა მაცხოვრის განკაცებამდე. მუქ ფონზე ჩანს ჯოჯოხეთის შელეწილი ბჭეები, კლიტეები, ჯაჭვები - სიმბოლო ჯოჯოხეთის დამარცხებისა (ფს. 23,7-10; 106,14-16), აგრეთვე ჰადესი - ჯოჯოხეთის პერსონიფიკაცია, მუქი, უშნო, გაბურძგნული, შებორკილი ფიგურის სახით (ზოგჯერ ჯოჯოხეთის ბატონიც). ხშირად ქრისტეს მაცხოვნებელი ჯვარი ჰადესის ხახაში არის ხოლმე ჩარჭობილი (სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი).

სხვადასხვა ნიმუშებში ჯოჯოხეთის სკნელის გამოსახულება ზოგჯერ გადატვირთულია დეტალებით, ზოგჯერ კი - საკმაოდ ლაკონური. ქართული ხელოვნების ნიმუშებში ვხედავთ როგორც გავრცობილ თხრობას სატანის შებორკვისა და ეშმაკების განგმირვისა ანგელოზების მიერ (ვარძიის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრის XII ს-ის მოხატულობა, ზაქარია ვალაშკერტელის სვინაქსარის XI ს-ის მინიატურა), ასევე უფრო ლაკონურს, სადაც მხოლოდ ქრისტეს ფეხქვეშ განრთხმული შებორკილი ჰადესია გამოსახული (მეფის მხატვარ თევდორეს XI-XII სს-ის მოხატულობანი ზემო სვანეთში) ან სულაც მხოლოდ ჯოჯოხეთის შელეწილი ბჭეები (ყინცვისის XIII ს-ის მოხატულობა). ყველა შემთხვევაში ჯოჯოხეთის სკნელის გამოსახვით სიკვდილზე და ცოდვაზე ქრისტეს გამარჯვება არის გადმოცემული: „რამეთუ გამოვიდა სიძეჲ იგი ჯოჯოხეთით, შემოსილი დიდებითა, და მოიქცა მკუდრეთით, შემოსილი ძლიერებითა და ჰყარა ტყუეჲ იგი და დაუდგა მას ფერჴი თჳსი ცოდვასა ზედა და დაუტკებნიეს სიკუდილი ფერჴითა თჳსითა“ (იოანე ოქროპირი, აღდგომის საკითხავი).

იკონოგრაფიული თვალსაზრისით ძალზე საინტერესო არის ლაკლაკიძის ხატის ჩარჩოს კომპოზიცია. მართალთა შორის გამოსახული არის სამი მეფე - ეტყობა ეს მესამე წმ. მელქისედეკია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრისტეს ფეხქვეშ გამოსახული, სხვადასხვა მხარეს გადაზნექილი ორი ფიგურა. ერთს, გრძელწვერას და თმააბურძგნილს, ქრისტეს ჯვარი პირდაპირ ხახაში აქვს ჩარჭობილი, მეორე კი უწვერო და ფრთოსანი - ეტყობა დაცემული ანგელოზი, სატანა - ადამს ეჭიდება ფეხზე. ჯოჯოხეთის სკნელში ორი ფიგურის გამოსახვა - ჯოჯოხეთის ბატონის და სატანასი - საკმაოდ იშვიათია ქართულ ხელოვნებაში, (ლაკლაკიძის ხატი, სადგერის ჯვრის მოჭედილობა, ანჩისხატის კარედი, სოხასტერის სახარების ყდის მოჭედილობა და სხვა).

გვიანი შუასაუკუნეების ზოგიერთ ნიმუშში კომპოზიციის ზედა ნაწილში, ცის ფონზე გამოსახულნი არიან ანგელოზები ვნების იარაღებით, რითაც ხაზი ესმება ჯვარზე მსხვერპლის მხსნელ ძალას. ქართულ სახვით ხელოვნებაში ასევე იშვიათია და ძირითადად გვიანი ხანის ძეგლებში გვხვდება კომპოზიციის ზედა ნაწილში გამოსახული ანგელოზები ვნებათა იარაღებით ხელში (სადგერის ჭედური ჯვარი, XVI ს., რუისის ეპიტრაქილის ნაქარგობა, XVIII ს.).

აღდგომის კათოლიკური ხატი

„ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“ გამოსახულება ყველაზე ხშირად დაკავშირებული არის ხოლმე „ჯვარცმასთან“ - ისინი ან გვერდიგვერდ არიან ხოლმე გამოსახულნი (ატენი, ზემო-კრიხი, ვარძია, ზენობანი და მრავალი სხვა), ან საპირისპირო კედლებზე (როგორც მეფის მხატვარ თევდორეს ან აჭის მოხატულებებში). ასევე ხშირად არის იგი დაკავშირებული სცენასთან „მენელსაცხებლე დედანი ქრისტეს საფლავთან“, რომელიც თავის შინაარსით სწორედ ქრისტეს აღდგომას განასახიერებს (მაგ., ყინცვისის მოხატულობა, მარტვილის ენკოლპიუმი).

„ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“ საინტერესო ინტერპრეტაციას ვხვდებით ჭალის ეკლესიის XVI ს-ის მოხატულობაში, სადაც იგი გაერთიანებული არის „იაკობის კიბესთან“, თანაც ეს უკანასკნელიც უბრალოდ ამბად კი არაა გამოსახული, არამედ სახისმეტყველებითად არის გააზრებული, ვინაიდან კიბის თავში ღმრთისმშობელი არის გამოსახული და, შესაბამისად, აქ ჩადებულია განკაცების იდეა - საფუძველი ადამის მოდგმის ხსნისა.

შუა საუკუნეების ქართულ სახვით ხელოვნებაში შეიქმნა და ჩვენს დრომდე შემორჩა „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“ უამრავი ნიმუში, რომლებიც ძირითადი იკონოგრაფიული კანონის ფარგლებში მრავალფეროვანი თავისებური მხატვრული ფორმებით აღდგომის უმთავრეს შინაარსს ასახავს: ადამის მოდგმის ხსნას სიკვდილისა და ცოდვის წყვდიადიდაი განკაცებული უფლის მაცხოვნებელი მსხვერპლით.

საგულისხმოა, რომ აღდგომის დოგმის შესაფერის გამოსახულებათა შერჩევაში ნათლად აისახა აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიებს შორის არსებული განსხვავება ქრისტიანული რწმენის უმთავრესი იდეების გააზრებისას. მართლმადიდებელ სამყაროში აღდგომის დოგმას „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“ სახით გადმოსცემენ, რომელიც მხატვრული სახეების საშუალებით აღდგომის მისტიკურ არსს ხსნის. კათოლიკურ სამყაროში კი დამკვიდრდა სურათი თვალდაბნელებული, შეძრწუნებული გუშაგების ფიგურებით გარშემორტყმული საფლავიდან ამომავალი ქრისტესი, რომელიც ზეცისკენ აღიმართება ჯვრიანი დროშით ხელში. ეს წმინდა სახის სიუჟეტური გამოსახულებაა, რომელიც ისეთი სპირიტუალისტური ნაწარმოების შემთხვევაშიც კი, როგორიცაა ელ გრეკოს „აღდგომა“, მაინც მხოლოდ მოგვითხრობს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ამბავს და არა ამ მოვლენის მისტიკურ არსს.

ამგვარად, მართლმადიდებლური ხელოვნების წიაღში ქრისტიანობის უდიდესი დღესასწაულის განსახიერებას „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“ ხატი წარმოადგენს, რომლის უადრეს ნიმუშებს სწორედ ქართულ ხელოვნებაში ვხვდებით.

ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი
მარიამ დიდებულიძე
ჟურნალი „რწმენა და ცოდნა“ №1(5), 2001 წ.