რომის, ანუ ლიდიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

წმინდა მოციქულები პეტრე და იოანე ღვთისმეტყველი, სანამ ღვთის სიტყვის სახარებლად სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრებოდნენ, იერუსალიმის მიმდებარე ადგილებში ქადაგებდნენ. როდესაც მათ ქალაქ ლიდიაში - შემდეგ დიოსპოლი რომ ეწოდა - ხალხის სიმრავლე მოაქციეს, აქ ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი ააგეს. იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ისინი ღვთისმშობელთან მივიდნენ და ევედრნენ, რომ ენახა და თავისი იქ ყოფნით ეკურთხებინა ტაძარი, რომელიც მისთვის იყო მიძღვნილი. ღვთისმშობელმა უპასუხა: „წადით და იხარებდით, იქაც თქვენთან ვიქნები“. ლიდიაში ჩასულმა მოციქულებმა მათ მიერ დაარსებული ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე დაინახეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, როგორც ჩანს, ადამიანის ხელით კი არა, ღვთის ხელით იყო ამოკვეთილი და წმინდა სახის და მისი პატიოსანი სამოსელის ზუსტ გამოსახულებას წარმოადგენდა. მათ თაყვანი სცეს ხელთუქმნელ ხატს და მადლობა შესწირეს უფალს. შემდეგ თვით ღვთისმშობელმა მოინახულა ლიდიის ტაძარი და თავის ხატს სასწაულთქმედების ძალა და მადლი მიანიჭა. მისი გამოჩინების დღესასწაულად უძველესი დროიდან 12 მარტია დადგენილი. IV საუკუნეში, როდესაც ივლიანე განდგომილმა ქრისტეს ეკლესიის დევნა წამოიწყო და ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის გასანადგურებლად ლიდიაში თავისი ნათესავი გაგზავნა, ახალი სასწაული მოხდა: როდესაც მთელი ძალებით და სხვადასხვა იარაღებით წმინდა გამოსახულების განადგურებას ცდილობდნენ, ის კი არ წარიხოცა, მთელი თავისი ფერებით და ხაზებით სვეტის სიღრმეში შევიდა, ისე რომ, ბოლოს იძულებულნი გახდნენ, ამ უშედეგო მცდელობაზე ხელი აეღოთ. ქვეყნიერების ყველა კუთხიდან მორწმუნეები ლიდიისკენ მოილტვოდნენ, რათა მრავალი სასწაულის აღმომაცენებელი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისთვის თაყვანი ეცათ.

VIII საუკუნეში ნეტარი პატრიარქი გერმანე (714-730) იერუსალიმში ცხოველსმყოფელი საფლავისა და სხვა სიწმინდეების მოსანახულებლად მიდიოდა. ლიდიაში მან მხურვალედ ილოცა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის წინაშე და ხატმწერს დაავალა, რომ მისი ზუსტი ასლი შეექმნა. პატრიარქმა ხატი კონსტანტინეპოლში ჩამოიტანა და როგორც ძვირფას საგანძურს, ისე უფრთხილდებოდა. მისი ზეობის დროს ლეონ ისავარიანმა წმიდა ხატების დევნა წამოიწყო და გერმანე, როგორც ხატთა თაყვანისცემელი, პატრიარქობიდან გადააყენა. ტაძრიდან და საკუთარი სახლიდან შეურაცხყოფითა და ყვრიმლისცემით გაძევებულმა პატრიარქმა მოასწრო, რომ თან თავისი განძი - ლიდიის ღვთისმშობლის ხატი წაეღო.

როცა დევნულებაში მყოფმა წმინდა გერმანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მისი უკანასკნელი სურვილი იყო, რომ წმინდა ხატი მდევნელთაგან დაეცვათ. ხატის შიგნით ადგილი ამოაკვეთინა და პაპ გრიგოლისთვის განკუთვნილი ეპისტოლე იქ მოათავსა. მრავალგზისი ამბორისყოფისა და მეტანის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და მწარე ცრემლით წარმოსთქვა: „წადი, დედოფალო! გაეცალე არა ჰეროდესა და ეგვიპტეს, არამედ მხეცისმოსახელე მტერს და რომისკენ - კეთილმორწმუნე ქრისტიანებისკენ ისწრაფე, რათა წინასაუკუნეთა ყრმასთან ერთად ხატმებრძოლთა კადნიერ ხელს განერიდო. ეს დიდი ვრცელი ზღვა უსაფრთხოდ გადასცურე!“ წმინდა პაპმა გრიგოლმა, რომელსაც ეს ამბავი სიზმარში ეუწყა, ხატთან მისაგებებლად კრებულთან ერთად მდინარე ტიბრის გაყოლებით გასცურა, პატიოსანმა ხატმა ზღვის წყლებით რომამდე მოაღწია; მდინარის შესართავიდან მათკენ მომავალი ხატი წმიდა პაპმა გრიგოლმა გაშლილი ხელებით მიირქვა და სასწაულთმოქმედი ღმერთი ადიდა. მან ეპისტოლედან პატრიარქ გერმანეს მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ შეიტყო და ცრემლი დაღვარა იმის გამო, რომ სარწმუნოების ეს ლამპარი დევნის მსხვერპლი გახდა. პაპმა ხატი მთელ რომს შემოატარა და წმიდა მოციქულ პეტრეს ტაძრის საკურთხეველში დააბრძანა. ზეციური დედოფალი თავისი ხატის საშუალებით განკურნებდა ყველა უძლურსა და სნეულს, ვინც სარწმუნოებით მიმართავდა მას.

112 წლის შემდეგ, როდესაც ქრისტეს შობიდან 842 წელს კონსტანტინეპოლში მიქაელი გამეფდა და ხატთა თაყავანისცემა აღდგა, რომში ლიდიის სასწაულთმოქმედმა ხატმა ყველას თვალწინ ადგილზე რყევა დაიწყო. ამ საოცარმა ამბავმა შეაშინა და გააკვირვა რომაელები. ერთხელ წმიდა პეტრეს ტაძარში საყოველთაო ღვთისმსახურებაზე თვით პაპი სერგი იმყოფებოდა და უცებ ყველას თვალწინ სასწაულთმოქმედი ხატი მძლავრად შეირყა, ადგილს მოსწყდა და ჰაერში აიწია. ზეაპყრობილი ხელებით და ხმამაღალი შეძახილებით საკურთხევლისკენ გაიქცა ყველა, თითქოს სურდათ, ხატი ჩამოვარდნისგან დაეცვათ, მაგრამ ის ჰაერში ეკლესიის კარიბჭისკენ მიემართებოდა. პაპმა სერგიმ კრებულისა და ხალხის თანხლებით მისდია და ყველამ დაინახა, მდინარე ტიბრზე როგორ დაეშვა და ზღვისკენ წყნარად გასცურა. დიდი მწუხარებით შეპყრობილი ხალხი მდინარის გასწვრივ მიაცილებდა, პაპმა სერგიმ კი ცრემლით აღმოთქვა: „ვაი, ჩვენ, დედოფალო ჩვენო, საით მიდიხარ, პატრონო და ქალბატონო, გვეშინია, რომ ჩვენც არ დაგვატყდეს თავს ხატმებრძოლთა ერესი, რასაც შენ კონსტანტინეპოლიდან გამოერიდე, ამის გამო ხომ არ შორდები რომს? ჰოი, ყოვლადძლიერო, აქამდე რად არ დააცხვრე ერეტიკოსთა მძვინვარება, ქრისტეს ეკლესიას რომ აღაშფოთებს?“ რომაელები დიდხანს უმზერდნენ მიმავალ წმინდა ხატს და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, როცა მისი დანახვა შეუძლებელი გახდა.

მალე სასწაულთმოქმედი ხატი კონსტანტინეპოლში ჩავიდა და მეფის სასახლის პირდაპირ ნავსაყუდელში შეჩერდა. აქ ის ხალხმა აიღო და დედოფალ თეოდორას მიუტანა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხატთაგანი იყო, დევნის დროს რომ ჩაყარეს ზღვაში.

ამაზე უფრო ადრე იმპერატორმა მიქაელმა და პატრიარქმა მეთოდიმ რომში კონსტანტინეპოლის ადგილობრივი ეკლესიის და ხატთა თაყვანისცემის აღდგენის შესახებ ცნობა გაგზავნეს. ელჩებმა, რომლებიც იმ დროს რომში იმყოფებოდნენ, შეიტყვეს, რომ პატრიარქ გერმანეს მიერ ზღვაში ჩაშვებულმა ხატმა რომი სასწაულებრივად დატოვა, მათ კონსტანტინეპოლში დაბრუნების შემდეგ ამის შესახებ მიქაელსა და მის დედას - თეოდორას აცნობეს. მაშინ ცოტა ხნის წინ კონსტანტინეპოლის ნავთსაყუდელთან მობრძანებული ხატი გაიხსნეს და ძალაუნებურად იფიქრეს, რომიდან ხომ არ მოცურდა იგი ნავთსაყუდელში? როცა ელჩებს ხატი უჩვენეს, მათ მაშინვე იცნეს და დაამოწმეს, რომ ეს სწორედ ის ხატი იყო, მათ თვალწინ რომ დატოვა რომი. იმპერატორმა მთელი სასახლის კარის, პატრიარქის და ღვთისმსახურთა თანხლებით ხატი სასახლიდან გამოაბრძანა და ლიტანიით და ლოცვით, მთელი ხალხის თანდასწრებით ის ქალკოპრატიაში მიაცილეს. იქ სამადლობელი ლოცვებით მათთვის მიძღვნილი საუნჯე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანეს. ამ დროიდან ლიდიის ხატს რომისაც ეწოდა, რადგან ის ას წელზე მეტ ხანს რომში იმყოფებოდა, ეს სასწაული ასევე 26 ივნისს იდღესასწაულება.

თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება
და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“
თბილისი, 2001 წ.