ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს
რამალის მოტირალი ხატი

რამალის ოლქი პალესტინაში მდებარეობს, იერუსალიმის ჩრდილოეთით, 10 მილის მანძილზე. რამალის ფერისცვალების ტაძარი, რომელშიც იმყოფება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, დაახლოებით 150 წლის წინ აიგო.

ყოვლადწმიდა მარიამის ეს ხატი 1992 წელს დაწერა ადგილობრივმა ხატმწერმა გაბრიელ გეილმანტიანმა. ხატი ფერისცვალების დედათა მონასტრის ტაძარში იყო დაბრძანებული, ჩასმული იყო შუშიან კიოტში.

1998 წლის 17 ივნისის დილას მამა ნიკოლა აკალი სანთლების დასანთებად ტაძარში შევიდა. მოულოდნელად ხატის ჩარჩოდან შუშა ჩამოვარდა და ძირს დაეცა. შეშინებულმა მღვდელმა ამის შესახებ არქიმანდრიტ მელეტიოს ბასალს აცნობა, რომელიც ფერისცვალების დედათა მონასტერს 1997 წლიდან წინამძღვრობს. თავიდან მამა ნიკოლამ და მამა მელეტიოსმა იფიქრეს, რომ შუშა ფანჯრიდან შემოხეთქილმა ქარმა ჩამოაგდო, მაგრამ ზუსტად ხატის გვერდზე ჩვეულებრივ ენთო კანდელი, ასე რომ ეს ქარის ბრალი არ უნდა ყოფილიყო.

მღვდლები ძლიერ შეშინდნენ და ტაძარი დატოვეს. ხუთი-ექვსი საათის შემდეგ ტაძარში ადგილობრივი მრევლის მოძღვარი - მამა ჯერიეს მარზუკა დაბრუნდა. მამა ჯერიესმა იატაკზე დაგდებული შუშის წმენდა დაიწყო, მაგრამ უცებ ხელი გაეჭრა და სისხლი დასდინდა. მის ყვირილზე მამა მელეტიოსმა მოირბინა და დაინახა მოძღვრის დასისხლიანებული ხელი. იგი სასწრაფოდ გაიქცა მონასტერში ბამბისა და სპირტის მოსატანად, მაგრამ როცა მოვიდა, მამა ჯერიესის ჭრილობა შეხორცებული დახვდა და აღარც სისხლის კვალი ჩანდა სადმე. მამებმა ყურადღებით დაათვალიერეს ხატი და მირონის ნაკადულები შენიშნეს. ხატი ტიროდა. მირონდენა გრძელდებოდა, ჩამოდენილ მირონს ხალხის განსაკურნებლად აგროვებდნენ. როდესაც ხატს შეხედა, მამა მელეტიოსი გაოცდა, ყრმა იესოს სახე თითქმის არ უჩანდა, გარკვევით აღარ განირჩეოდა თვალები, ცხვირი და პირი. მისი სახე მთლიანად ნათელს მოეცვა.

ხატმა მრავალი სასწაული მოახდინა. ერთ-ერთი მამა მელეტიოსს ყველაზე მეტად დაამახსოვრდა. 1998 წლის სექტემბერში იერუსალიმის საავადმყოფოში ჩამოიყვანეს ბერძენი ქალი კანის კიბოთი. ექიმებმა დაასკვნეს, რომ მდგომარეობა უიმედო იყო და ქალის ახლობლებს საბერძნეთში დაბრუნება ურჩიეს. მაგრამ ქალმა უფლის საფლავის მოლოცვა გადაწყვიტა. სწორედ იქ შეიტყო რამალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ ორი ქალისაგან, რომლებიც ამ ხატთან მოსალოცად მოდიოდნენ. ბერძენი ქალიც მათ გამოჰყვა. მან მამა მელეტიოსის კურთხევით ხატიდან ჩამოდენილი მირონი მთელ ტანზე იცხო. მეორე დღეს იგი ტაძარში ორ ებრაელ ექიმთან ერთად დაბრუნდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უიმედოდ დაავადებული ავადმყოფი სრულიად განიკურნა სიმსივნისაგან.

ცნობილია მაჰმადიანი ქალის განკურნების შემთხვევაც. ქალს ცალი თვალის ფერადი გარსი გადიდებული ჰქონდა და ვერ ხედავდა. მას შემდეგ, რაც ქალმა განაცხადა, რომ სწამს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და იცხო ხატიდან გადმოსული მირონი, მეყვსეულად განიკურნა სნეულებისაგან და თვალისჩინი დაუბრუნდა.