ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლები
და მისი სახელობის ტაძრები საქართველოში

„ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღმრთისათაგანი... - წერდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი, - ორი ათას წელიწადზე მეტი იქნება, რაც დაიწყო ერთ-მეფობა იმ ქვეყანაში, სადაც ახლა ქართველნი ცხოვრობენ. უწინ იგინი იყვნენ წარმართნი, კერპთ-მსახურნი, მსგავსად გარემოსთ მყოფთა მათთა სახელმწიფოთა. მეოთხე საუკუნეში, ესე იგი ათას ხუთასი წლის წინ, ქართველთა მიიღეს ქრისტე იესოს მართლმადიდებელი სჯული. მასუკან მათ გადაემტერნენ, იწყეს მათი დევნა ყოველთა გარემოს ერთა და მეფეთა. ჯერ კერპთ-მსახურთა და მერე მაჰმადიანთა. ყოველი მხრიდან გლეჯდნენ მას, ვითარცა მგელი ცხვართა. განცვიფრდება კაცის გონება, როდესაც წარმოიდგენს, რამდენი შური, მტრობა და რამდენი განსაცდელი ეწვია ჩვენსა ქვეყანასა განგრძობასა შინა ამოდენათა საუკუნეთასა! უმეტესად განცვიფრდება და იკითხავს თავის გულში კაცი: რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ერი ამდენსა ჭირსა, მაშინ როდესაც გარემოს მისსა დაეცნენ და განქარდნენ უმძლავრესნი მეფობანი და ერნი... რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო, არ განქარდა და ჩვენი სახსენებელი დარჩა ქვეყანასა ზედა? მიზეზი ამისი არის რომ ჩვენი ერი იყო ყოველთვის ერთგული საღმრთოჲსა სჯულისა და ღმერთიც იფარვიდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა, რომელსა წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა. ეს მცირე ერთი მუჭა ერი გადარჩა, აღორძინდა, განათლდა; ხოლო ურიცხვნი მათნი მტერნი განქარდნენ“. ჭეშმარიტად, რომ არა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხება და ჩვენი წინაპრების ერთგულება მართლმადიდებელი ეკელსიისადმი, საქართველო აღარ იარსებებდა მსოფლიოს რუკაზე. დღეს საქართველოში ძნელად თუ ნახავთ კეთილმორწმუნე ქრისტიანულ ოჯახს, სადაც არ ინახავდნენ და თაყვანს არ სცემდნენ ივერიის ღმრთისმშობლის ხატს. ამის მსგავსად, ივერიის მიწაზე ალბათ არ მოიპოვება კუთხე, სადაც არ მიბრძანებულიყოს ივერიის ხატის ასლი, მეტწილად ათონის წმიდა მთაზე დაწერილი ვითარცა ლოცვა-კურთხევა საქართველოსთვის. ყოვლადუბიწო ქალწული თავისი ივერიის ხატის ასლთა ძალით სულიერად აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და მათში დამკვიდრებულ მართლმადიდებელთ, განურჩევლად ეროვნებისა, და თავისი დედობრივი საფარველის ქვეშ შემოჰკრებს მათ, ვითარცა ეკლესიის ერთ სამწყსოს.

მოზდოკის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი

ღმრთის იდუმალი განგებით, საქართველოში შემობრძანებული ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პირველი ასლი გახდა სრულიად კავკასიის მფარველი. XIII საუკუნეში კეთილმორწმუნე მეფე თამარმა მიუძღვნა ოსეთის სოფელ მარიამკაუს ახლადმოქცეულ ქრისტიანებს. ხატი სამგზის უვნებლად გადარჩა ხანძარში და დროთა განმავლობაში მართლმადიდებელ ოსთა სათაყვანებელ სიწმინდედ იქცა. როდესაც 1768 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორის განკარგულებით ოსებს მშობლიური სოფლის დატოვება და უცხო მხარეში გადასახლება მოუწიათ, მათ თან წაიღეს საკვირველთმოქმედი ხატიც. მდინარე თერგის ნაპირას ქალაქ მოზდოკთან მოხდა სასწაული: ღამის გასათევად მოწყობილი ხალხის თვალწინ ხატი გაბრწყინდა და მთელს ბანაკსა და ახლომდებარე ადგილებს ზეციური ნათელი მოჰფინა. ერთ-ერთ ოსს ძილში ჰქონდა ხილვა - ღმრთისმშობელს სურდა ხატი აქვე დაეტოვებინათ. მართლაც ასე მოხდა: მეორე დღეს დიდი ძალისხმევის მიუხედავად ხარები, რომელთაც უნდა ეტარებინათ ოთხთვალაზე მოთავსებული წმიდა ხატი, ადგილიდან არ დაიძრნენ. მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა სამლოცველო ააშენა ამ ხატისთვის. 1796-1797 წლებში მის ადგილას აიგო ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, რომელთანაც მალე დედათა მონასტერი დაარსდა. სავანე გაუქმდა ორიოდე წლის შემდეგ  მოზდოკის ეპარქიასთან ერთად. XIX საუკუნის მიწურულს მოზდოკის მცხოვრებლებმა დიდებული ტაძარი აღაშენეს ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პატივსაცემად.

გადმოცემით, როდესაც 1817-1864 წლების კავკასიის ომის დროს შამილი თავისი ჯარებით მოზდოკს მიუახლოვდა, მას ხილვაში გამოეცხადა თეთრით მოსილი ქალი და უბრძანა, ქალაქს არ მიჰკარებოდა.

საკვირველთმოქმედი ხატის დიდება მთელს კავკასიაში გავრცელდა. ხალხი ღმრთისმშობელს აღთქმა აძლევდა და შორეული ადგილებიდან ფეხით მოდიოდა მასთან. ყოველ წელს ხატი გადაჰქონდათ ვლადიკავკაზში, სადაც ერთი თვით რჩებოდა. მორწმუნეთა თხოვნით, იგი კავკასის სხვადასხვა სოფლებშიც მოგზაურობდა. მისგან მოედინებოდა საკვირველებანი და მადლმოსილი კურნებანი. მოზდოკის ივერიის ხატის დღესასწაული აღინიშნება ღმრთისმშობლის მიძინებისა და სულთმოფენობის განზოგების დღეს. მხოლოდ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი მხურვალე ლოცვას და მის მეოხებას შეუძლია მოუტანოს მშვიდობა კავკასიის ხალხებს და განკურნოს აქ აბობოქრებული ომების მიერ მიყენებული ჭრილობები.

 

ივერიის მთა კომანში, სადაც მოხდა
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გამოცხადება

ხანგრძლივი დროის მანძილზე ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ფხიზელ მცველად ედგა თავისი წილხვედრი ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს - აფხაზეთს. ივერიის ხატის გამოცხადებამდე აფხაზეთის მადლმოსილმა მიწამ მიიღო და თავის გულში ჩაიკრა უფლის წმიდა მოციქული, სვიმონ კანანელი, ქრისტეს სიყვარულისთვის წარმართთაგან ჯვარცმული, და მსოფლიოს დიდი მნათობი და მღვდელმთავარი, წმიდა იოანე ოქროპირი, რომელიც ბიჭვინთისაკენ მიმავალ გზაზე გამოეთხოვა წუთისოფელს და სამოციქულო ეკლესიას უსახსოვრა ღვთისმოსაობის შეუდარებელი მაგალითი: მას შემდეგ, რაც ყოველგვარი უბედურება გადაიტანა - სნეულებანი, მწუხარება, დევნა, მარტოობა, სიძულვილი, წმიდა იოანე ოქროპირმა წარმოთქვა: „დიდება ღმერთს ყველაფრისათვის“, ანდა, როგორც ჩვენს წინაპრებს უთარგმნიათ - „დიდება შენდა, უფალო, ყოველთა ზედა ყოვლისათვის“. წმიდა იოანე კომანში დაკრძალეს, წმიდა მღვდელმოწამე ვასილისკოს წამების ადგილის მახლობლად, ხოლო მოგვიანებით მისი პატიოსანი სხეული კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ასეთ წმიდა ადგილებს ზემოდან დაჰყურებს ივერიის ანუ ანაკოფიის მთა, რომელმაც თავისი სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ აქ გადმოცემის თანახმად გამოცხადდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი. ადგილობრივი მკვიდრნი უძველესი დროიდან თაყვანს სცემდნენ ამ მთას, რომლის მწვერვალზეც მეოცე საუკუნის დასაწყისში აიგო მცირე სამლოცველო საკვირველთმოქმედი ხატის პატივად. სამლოცველოს გვერდით არის წმიდა ჭა: უკვე რამდენი წელია იღებენ მისგან მლოცველნი წყალს მრავალ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებელად. თანამედროვე მეცნიერები სხვადასხვა ჰიპოთეზების საშუალებით ამაოდ ცდილობდნენ აეხსნათ, თუ როგორ შეიძლებოდა ეარსება სულ რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭას მწვერვალზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შავი ზღვის მთელს სანაპიროზე. მართლმადიდებელ ქრისტინთათვის ეს სასწაულია, ღმრთის დედის სიყვარულით ნაწყალობევი.

 

ჯიხეთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი

მეოცე საუკუნის დამდეგს ყოვლადწმისა ღმრთისმშობელმა თავისი ივერიის ხატის ასლი მიჰმადლა გურიის მხარესაც. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღმრთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისათვის დააწერინა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი და უსახსოვრა დედათა სავანეს. ეს იყო ჟამი, როდესაც გურიაში მძიმე დღე უდგა ეკლესია-მონასტრებს - ხატებს ანადგურებდნენ, მონასტრებს არბევდნენ, სამღვდელო პირებს შეურაცხყოფდნენ. ასეთ დროს მიღებული დიდი სიწმინდე სულიერად აღადგენდა ერსა და ბერს და განამხნევებდა უფლისადმი ერთგულებაში. ჯიხეთის ივერიის ხატი შემკულია მამა იონას დაკვეთით შესრულებული წარწერით: „განგებითა ღმრთისათა, და წამისყოფითა დედისა ღმრთისათა, მე მონა მისი მღვდელმონაზონი იონამ, ამჟამად მყოფი ათონის მთაწმიდის ქართველთა წმიდა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღმრთისას ივერიის და შევსწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 1 აგვისტოსა“.

 

თეკლათის მთავარანგელოზთა სავანის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პატივისცემით საქართველოში მისი სახელობის ტაძრებიც შენდებოდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათგან უძველესია ფოთში აგებული ტაძარი, რომლის ივერიის ხატის დღესასწაულს ჩვენი ეკლესია საგანგებოდ აღნიშნავს 13/26 ოქტომბერს. საქართველოს ამ კუთხეში - სამეგრელოში, განისვენებს კიდევ ერთი წმიდა ხატი ივერიისა. იგი ამშვენებს თეკლათის მთავარანგელოზთა სავანეს, წმიდა ალექსი ბერის მოღვაწეობისა და დაკრძალვიდ ადგილს. ამ ხატის წინ ხომ არ ავედრებდა მამა ალექსი უფლის დედას უღმერთობის წყვდიადში ჩაძირულ სამშობლოს და სთხოვდა, დაეყენებინა იგი სინანულისა და ჭეშმარიტი რწმენის გზაზე?!

 

ივერიის ღმრთისმშობლის ხატები აჭარაში

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და მისი წმიდა ხატის მადლი და ძალა პირველად ივერიის უძველეს ქრისტიანულ კუთხეს აჭარას მოეფინა. აქედან შემობრძანდა საქართველოში უფლის პირველწოდებული მოციქული ანდრია და მოგვისვენა ღმრთის დედის ხელთუქმნელი ხატი. იმდროინდელი აჭარის გულში, სოფელ დიდ-აჭარაში შეჩერდა ქრისტეს მოწაფე, და „ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობლისა, აღმოცენდა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი“, გვაუწყებს მემატიანე. ღმრთის შეწევნით მოციქულმა „ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად“, რის შემდეგ განაწესა ღმრთისმსახურების რიგიც - „დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი და დაუდვა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“. ამ ადგილას წმიდა ანდრიამ ეკლესია აღაშენა ღმრთისმშობლის სახელზე, მერე ადგილობრივი მოსახლეობის მხურვალე თხოვნით ფიცარზე გამოსახა სახე ხატისა და მათთან დატოვა. ასე რომ, ზეციური დედოფლის საფარველი პირველი საუკუნიდანვე ჰფარავს აჭარასა და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, 1911 წელს ათონის მთაზე შექმნილი მისი ერთ-ერთი ასლი დღეს ბათუმის ღმრთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს ამკობს. წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში კი ასვენია ივერიის ხატის ახლადშექმნილი ასლი წარწერით: „ეს ხატი დაიწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოება „მემორიალის“ ქველმოქმედებით, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სულთა საცხოვნებლად. ქ. ბათუმი. 1998 წ.“. ხატის გვერდით წერია: „ეს ხატი ივერიის ღმრთისმშობლის კარიბჭისა დაიწერა მომავალი ივერიის ღმრთისმშობლის ტაძრისათვის, რომელიც ღმრთის ნებით აშენდება აჭარაში“. ღმერთმა ინებოს!

 

ბოდბის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის ღმრთისმშობლის ხატის საკვირველთმოქმედი ასლი განსაკუთრებული სამკაულია კახეთის მიწაზე, ბოდბის დედათა სავანეში დაკრძალული ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს საფლავისა. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. როდესაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ, სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.

მონასტრის მახლობლად დღესაც ცხოვრობს კეთილმორწმუნე ქალი რაისა, რომელიც თავად მოგვითხრობს ამ ამბებს; მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტრად მსახურობდა. რამოდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, წმიდა ნინო ფეხით ჩავიდაო საქართველოში და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდად იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღმრთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვენტარი და აქაურობას გავაცალოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.

ღმრთისმშობლის ამ ხატთან დაკავშირებით გულისტკივილით ყვებიან კიდევ ერთ ამბავს:

იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი უკეთური კაცი ცხოვრობდა. იგი „ჩეკისტი“ იყო და რელიგიურ სიწმინდეებს განსაკუთრებული სიძულვილით შეურაცხყოფდა. სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღმრთისმშობლის ხატზე - სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა და საგანგებოდვე დაისაჯა; ჯანმრთელი და საღსალამათი ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

 

მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის ღმრთისმშობლის ხატმა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერშიც ინება მისულიყო და მოწყალებათა დაუწყვეტელი წყარო აღმოედინა იქ მოღვაწე დედებისთვის. ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა: „განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის „სამთავროს“ ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1912 წ.“

 

მარტყოფის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის დედათა სავანე

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ახლად დაარსებული დედათა სავანე, რომელიც რამდენიმე წლის წინათ შეიქმნა მარტყოფში უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

 

თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი

დასასრულ, მოვიხსენიოთ საქართველოს დედაქალაქი - თბილისი. იგი, ისევე როგორც მართლმადიდებლობის ბურჯნი - კონსტანტინოპოლი და კიევი, დაარსებიდანვე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს მიეძღვნა. ამის დასტურია ისიც, რომ თბილისის სამი უძველესი ტაძარი - მეტეხი, ანჩისხატი და სიონი ღმრთისმშობლის სახელს ატარებს. ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია თბილისში გასული საუკუნის მიწურულს აიგო. ამ ტაძარმა სულ ოციოდე წელიწადი იარსება; ღმრთისმბრძოლმა ხელისუფლებამ იგი ჯერ დახურა, მერე სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდა, და ბოლოს მასში აბანო გახსნა. ტაძრის აღდგენა დაიწყო 1989 წელს და დღემდე გრძელდება, წირვა-ლოცვა კი მასში დიდი ხანია განახლდა და იგი დედაქალაქის მკვიდრთა ერთ-ერთი უსაყვარლეს ტაძრად იქცა.

 

სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ზუსტად იმ წელიწადს, როდესაც კეთილმორწმუნე ადამიანებმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ეკლესიის აღდგენას მიჰყვეს ხელი, ზეციურმა დედოფალმა თავისი ივერიის ხატის ასლის მოსვლით აკურთხა საქართველოს დედაქალაქი. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხევდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის. ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.

არც ეს უდიდესი მოვლენა „დატოვა“ სასწაულთმოქმედმა ხატმა სასწაულის გარეშე. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმიდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო...

200 წლის შობის მარხვის მიწურულს კი თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა სარწმუნოებაში თავისი მორწმუნენი. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღმრთიმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღმრთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

 

ჭეშმარიტია ქართველი მღვდელმთავრის სიტყვები, რომ „მართლმადიდებელ სარწმუნოებას უმოქმედებია და უნუგეშებია ქართველი ერი, როგორც განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, ისე შვებისა და შეღავათის დროს. ყოველი ნაბიჯი ჩვენი ხალხისა ძველად აღიბეჭდებოდა ღრმა, გულითადი და შეურყეველი სიყვარულით სამშობლო ეკლესიისა და სარწმუნოებისადმი. ყველაფერზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი ქართველი ხალხისათვის იყო სარწმუნოება. სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა-შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტრებთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა განეწირა თავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისა და მთლად ქრისტიანობის გულისათვის. წმიდა სარწმუნოებისათვის თავი დასდვეს და ეწამნენ ყოველი წოდების წარმომადგენელნი: მეფენი და თავადნი, აზნაურნი, სამღვდელონი, მოვაჭრენი და გლეხნი, სარწმუნოების სიყვარულისა და ერთგულების გამო გადაულახავთ ქართველებს მრავალი განუვალი უფსკრულები, გასულან დიდრონსა და საშიშ მდინარეებს, ასულან მაღალ და მიუვალ მწვერვალებზე, დაუპყრიათ და დაურღვევიათ უძველესი სიმაგრენი, დაუთმენიათ მრავალი შიმშილი, წყურვილი, სიცივე და ასე თავიანთი სამშობლო ეკლესიისა და საყვარელი მამულისთვის აუცილებიათ განსაცდელი... ჭეშმარიტად ძველ ქართველს საბუთი ჰქონდა ეთქვა და ამბობდა კიდევაც: „ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი“ (I იოანე 5, 4)“ (ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე).

ვმადლობდეთ უფალსა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების შემეცნების ღირსი გაგვხადა და თავისი საფარველი მოგვმადლა. და „ვევედროთ მაცხოვარსა ჩვენსა, არ მოაკლოს ერსა ჩვენსა და ქვეყანასა მისი მფარველობა და ყოვლად წმიდა დედა მისი მარადის უყურებდეს ამ ქვეყანასა ვითარცა წილ ხდომილსა თვისის საკუთარი მფარველობისასა. ამინ!“

„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.

 

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე მონასტერი მახათას მთაზე

2001 წლის 10 სექტემბერს, ამერიკაში ტერაქტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში, თბილისში ქართველ მართლმადიდებელ მანდილოსანს ჰქონდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის გამოცხადება. გამოცხადებაში ღმრთისმშობელმა ბრძანა, რომ ამერიკაში მოხდებოდა დიდი კატასტროფა და რომ ეს მოვლენა იქნებოდა დასაწყისი საკაცობრიო მნიშვნელობის განსაცდელებისა. ღვთისმშობელმა აგრეთვე ბრძანა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გადასარჩენად, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, თუ თვით ქართველი ერი არ გამოიჩენს ერთგულებასა და სასოებას თავისი მფარველისადმი. მან მოუწოდა ქართველ ერს ეკლესიური ცხოვრებისაკენ, ლოცვისაკენ - განსაკუთრებით თვით ღმრთისმშობლის მიმართ - და თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმიდა ხატის სახელობის ტაძრისა და მონასტრის მშენებლობისაკენ.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით 2002 წლის აღდგომია დღესასწაულზე, მახათას მთაზე ამოქმედდა მამათა მონასტერი და შეიქმნა ივერიის ღვთისმშობლის ხატსი ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი.

2002 წლის აღდგომა მახათას მთაზე.
ამ დღიდან ამოქმედდა ივერიის მამათა მონასტერი
 

ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის ნიში
მახათას მთაზე
 

მონასტრის ძმობა
 

ივერიის მამათა მონასტრის ბერთა
დროებითი საცხოვრებელი მახათას მთაზე