ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

ხსენების დღე - 26 (9.07) ივნისი (ძვ.სტ.)

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემის მიხედვით თვით ლუკა მოციქულმა დაწერა და სახარებასა და მოციქულთა საქმეებთან ერთად ანტიოქიის ახლადმოქცეულ მმართველს - თეოფილეს გამოუგზავნა. მისი სიკვდილის შემდეგ ხატი რომში გადააბრძანეს, ხოლო V საუკუნეში ბერძენი მეფის თეოდოსი უმცროსის მეუღლემ ევდოკიამ - კონსტანტინეპოლში, სადაც მის სახელზე ააგეს ტაძარი, რომელსაც ვლაქერნისა ეწოდა. აქ ის 539 წელი იმყოფებოდა. როცა ხატმებრძოლობა გამძვინვარდა, ხატი პანტოკრატორის სავანეში გადამალეს. ხოლო დევნის დამთავრების შემდეგ კვლავ ვლაქერნის ტაძარს დაუბრუნდა. დიდი მთავრის დიმიტრი ივანეს ძე დონელის და მიტროპოლიტ პიმენის დროს, 1363 წელს, ვლაქერნის ხატი, რომელზედაც ღვთისმშობელს ყრმა მარცხენა ხელით უპყრია, კონსტანტინეპოლიდან გაუჩინარდა. ეს იოანე პალეოლოგის მეფობისას, ცარგრადის დაცემამდე 70 წლით ადრე მოხდა. იგი ნოვგოროდის საზღვრებში გამოჩნდა. ამ გადმოცემას საფუძვლად შემდეგი ამბავი უდევს: იმ დროს, როცა ტიხვინში სასწაულთმოქმედი ხატი განდიდდა, ნოვგოროდელი ვაჭრები კონსტანტინეპოლში იმყოფებოდნენ და პატრიარქთან საუბრობდნენ. პატრიარქმა სასახვათაშორისოდ ჰკითხა მათ: „რუსეთში რაიმე ხომ არ გაგიგიათ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ, რომელიც ცარგრადიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა?“ ვაჭრებმა მას ტიხვინის ხატის შესახებ აცნობეს და პატრიარქმა, როცა მისი გამოჩინება ხატის გაუჩინარების დროს შეუთანხმა, გადაწყვიტა, რომ სწორედ ის ხატი უნდა ყოფილიყო. მისი სიტყვით, ხატი რამდენიმეგზის მიიმალა და შემდეგ ისევ თავის ადგილას გამოჩნდა და „ახლა ჩვენი ამპარტავნებისა და უსამართლობის გამო მან სამუდამოდ მიგვატოვა“. მან ვაჭრები ტაძარში შეიყვანა და ხატის ადგილი და ჩარჩო აჩვენა. რუსეთში დაბრუნებულმა ვაჭრებმა ამის შესახებ აცნობეს და მაშინ ტიხვინის ხატი კონსტანტინეპოლის მიბაძვით მარჯვენა მხარეს, პირველი სვეტის დასავლეთით მოათავსეს.

ძველ მატიანეში სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩინების ამბავი ასეა აღწერილი: 1383 წელს ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც მას ყრმა-ღმერთი მარცხენა ხელით უპყრია, ლადოგის ტბის წყალზე სხივცისკროვანი ნათლით გამობრწყინდა. უხილავმა ძალამ ის წყლის ზემოთ გადმოატარა და ქ. ტიხვინთან, მდინარე ტიხვინის ნაპირზე შეჩერდა. თავისი მოგზაურობის ჟამს ის ხუთ ადგილას გამოუჩნდა მორწმუნეებს. ყველგან, სადაც ღვთისმშობელმა მისვლა ინება, ეკლესია დაარსდა. იმ ადგილას, სადაც ხატი საბოლოოდ გაჩერდა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ხის ეკლესია აიგო. ეს ტაძარი ხანძარმა არაერთხელ აქცია ფერფლად, მაგრამ სასწაულთქმოქმედი ხატი უვნებელი გადარჩა. ბოლოს, 1510 წელს დიდი მთავრის ვასილი იოანის ძის გულმოდგინებით, ტიხვინის ხატისთვის ქვის ეკლესია ააგეს. ხოლო ხატის გამოჩინებიდან 177 წელის შემდეგ მეფე იოანე ვასილის ძემ მამათა მონასტერი დააარსა. ხატი უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა, უძლურნი განიკურნებოდნენ, ბრმებს თვალი ეხილებოდათ, შეპყრობილნი თავისუფლდებოდნენ (თვით ისინიც კი, ვინც შორეულ მხარეებში ზეციური მფარველის წმიდა ხატს მიმართავდნენ, უბედურებისა და განსაცდელისაგან ხსნას იღებდნენ).

1613 წელს, როცა შვედებმა დელაგარდის წინამძღოლობით ნოვგოროდი დაიპყრეს, ტიხვინის სავანემ ღვთისმშობლის მფარველობით ძლიერ თავდასხმას გაუძლო. განსაკუთრებით მიხეილ თეოდორეს ძის გამეფებისას, როდესაც მისმა აღსაყდრებამ შვედებს იმედი გაუცრუა. ამასთან, მათი რაზმები დამარცხდნენ მდინარე უსტაზე და თვით ტიხვინის სავანესთან. სავანიდან განდევნის გამო, შურისძიების მიზნით, წინამძღვარმა დელაგარდიმ თავისი ლეგიონები მონასტრისკენ მიმართა და მისი ძირფესვიანად განადგურება ბრძანა. შემოგარენის შეშინებული მოსახლეობა მონასტრისკენ გაეშურა და იქ ბერებთან და მეომრებთან ერთად შეაფარა თავი. ყველა ერთად გალავნის სიმტკიცეზე კი არა, ზეციური დედოფლის მეოხებაზე ამყარებდა იმედს.

 შვედების ჯარებმა სავანე ალყაში მოაქციეს და ქრისტეს მხედართა თავშესაფარზე მძვინვარე თავდასხმებს არ წყვეტდნენ. ზოგი ბერი მეომრების გვერდით გალავანზე იდგა და იბრძოდა, სხვები ხალხთან ერთად ტაძარში შეგროვილიყვნენ და უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედის ხატის წინაშე ლოცულობდნენ. ამ ალყის დროს ერთ ღვთისმოსავ ქალს მარიამს, რომელსაც სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მხედველობა დაუბრუნდა, ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აცნობე ყველას, ვინც სავანეშია, ხელში აიღონ ჩემი ხატი, გალავნის გასწვრივ შემოატარონ და თვით იხილონ წყალობა ღვთისა“. მაშინ ალყაშემორტყმულთა გულები სიხარულმა და სასოებამ აავსო. ღვთისმშობლის ხატით ხელში და პარაკლისის გალობით შემოიარეს მონასტრის გალავანი და მაშინ, როცა მართლმადიდებლები ერთადერთ შუამდგომელს შეწევნას სთხოვდნენ, შვედები მოულოდნელად ისეთმა შიშმა მოიცვა, რომ ყოველგვარი განდევნის გარეშე გაიქცნენ სავანის მისადგომებიდან.

მაგრამ მტრის სიძულვილი არ განელებულა. მალე ისინი უფრო დიდი ძალებით კვლავ გამოჩნდნენ და გარემოერტყნენ მონასტერს. მართლმადიდებლებს ერთი ძალა და ერთი იმედი ჰქონდათ: ყველა ღვთისმშობლის ხატს შეუვრდა და ევედრებოდა, რომ წყალობა მოეღო. მონასტერში ამ დროს სოლოვეცკის მონასტრის მორჩილი ღვთისმოსავი მარტინიანე იმყოფებოდა. ღამეულ ხილვაში მას დედა ღვთისა გამოეცხადა - ვარლაამ ხუტინსკისა და ზოსიმე სოლოვეცკისთან ერთად და უთხრა, რომ ეს სავანე დაღუპვის პირას მისი სიწმინდის შემბილწველი ცოდვების გამოა მისული. მარტინიანემ, რომელიც ღვთისმოსავი და წმინდა ადამიანი იყო, შეძრულმა გამოიღვიძა და თავისი ხილვა სავანეში ყველას აცნობა. შეუნანებელი ბოროტმოქმედები მონასტრიდან გააძევეს, ეკლესიის კარიბჭე განიწმინდა და ყველა ცრემლებით ევედრებოდა უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას, რომ თავისი ერი მტრის ხელში არ ჩაეგდო. ზეციურ შუამდგომლობაზე დამყარებული იმედით ალყაშემორტყმულები მტერს თავს დაესხნენ და ღვთისმშობლის შეწევნით გამარჯვება მოიპოვეს.

მაგრამ შვედებს არ სურდათ, ბედს შერიგებოდნენ. დამარცხების სამაგიეროდ გაძლიერებული რაზმებით სავანეს კიდევ უფრო მჭიდროთ შემოერტყნენ და კარიბჭისა და გალავნის ქვეშ საიდუმლო თხრილების გაყვანა დაიწყეს. 13 სექტემბერს მარტინიანესა და კიდევ ერთი ღვთისმოსავი ადამიანის გრიგოლის წინაშე ღვთისმშობლის გამოცხადებით უფალმა მტრები საშინელი სასწაულით განაცვიფრა. მათ დაინახეს, რომ მოსკოვის მხრიდან სავანისკენ შეიარაღებული მეომრების მრავალრიცხოვანი ლეგიონების ჯვრებით მოემართებოდნენ და მეტად შეშინდნენ. მაგრამ მიწისქვეშა თხრილების იმედმა ისინი დააყოვნა. ალყაშემორტყმულები ზეციური შეწევნის იმედით გაძლიერდნენ და სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულეს. კვლავ დაესხნენ თავს მტერს, რომელიც ისე შეშინდა, რომ სასწრაფოდ გაიქცა. არეულ-დარეულობის გამო ერთმანეთს თელავდნენ. ტყვე შვედები მერე ამბობდნენ, რომ მათ დაინახეს აურაცხელი მხედრობა, რომელიც მონასტრიდან მათზე გამოდიოდა. ეს დიდებული გამარჯვება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მართლმადიდებლებს ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს, 1614 წლის 14 სექტემბერს მიანიჭა.

ტიხვინის სავანეზე გაბოროტებულმა შვედმა მხედართმთავარმა უწინდელზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარი გაგზავნა და დაავალა, რომ ის საძირკვლამდე დაერღვია. სასწაულთმოქმედი ხატი ნაწილ-ნაწილ დაექუცმაცებინა და მისი ეკლესია დაექცია. როცა ეს მონასტერში შეიტყვეს, შეშინდნენ და ხატის მოსკოვში გახიზვნაც კი სურდათ, მაგრამ ის ურყევად იდგა და ადგილიდან დაძვრა დიდი ძალისხმევითაც კი ვერ შეძლეს. მაშინ ერთი მუჭა დამცველთა გუნდი სავანეში ჩაიკეტა და მთელი იმედი ზეციური მეოხის ყოვლისშემძლე დახმარებაზე დაამყარა. მსწრაფლშემწემ არ დაუშვა, რომ მტერი მათ მიწვდენოდა. ის ახალი სასწაულით განაცვიფრა. შვედებს მოეჩვენათ, რომ ურიცხვი მხედრობა დაესხათ თავსა, საოცრად შეშინდნენ; რადგან იმედი არ ჰქონდათ, რომ ასეთ ძალას წინ აღუდგებოდნენ, გაქცევა არჩიეს.

მხედრობა წინამძღოლებთან ერთად და მთელი ხალხი ადიდებდა დედა ღვთისას - მისი უხილავი და ყოვლადძლიერი შეწევნის გამო. ამის შემდეგ წმიდა სავანეზე თავდასხმა მტერს აღარ გაუბედავს.

ასეთი სასწაულებრივი გამარჯვების შემდეგ მონასტერში მეფის ელჩები ჩამოვიდნენ, რათა შვედებთან მშვიდობა დაემყარებინათ. მათ ხატის ასლი გადაიღეს და მდინარე სიასის გასწვრივ 55 ათასი ვერსის გავლის შემდეგ ლადოგთან ახლოს, სოფელ სტოლბოვოში მივიდნენ. აქვე იმყოფებოდნენ შვედებიც.

1617 წლის 17 თებერვალს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის, როგორც რუსეთის მხრიდან მთავარი თავდების წინაშე დაიდო სტოლბოვოს ზავი, აქედან ელჩები ამავე ხატით გაემგზავრნენ ნოვგოროდისკენ, ის შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ კვლავ რუსეთის ხელში გადავიდა. სამადლობელი ცრემლით შეხვდნენ ზეციურ დედოფალს, რომელმაც მტრისგან მარტო სავანე კი არა, მთელ თავის სიწმინდეებთან ერთად ნოვგოროდიც გაათავისუფლა და აქ მართლმადიდებელი მეფის ხელისუფლება განამტკიცა.

ტიხვინის ხატის მეშვეობით ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნის მოსახსენებლად ეკლესიამ 26 ივნისი დაადგინა, რომელიც მთელ რუსეთში იდღესასწაულება. უძველესი დროიდან 26 დეკემბერს ტიხვინის მონასტრიდან „ხატებითა და სადღესასწაულო სიწმინდეებით მოსკოვისაკენ“ მიემართებოდნენ. ეს ტრადიცია 1678 წლამდე გრძელდებოდა, ამჟამად წელიწადში 24-ჯერ სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად მთელ მიმდებარე მხარეებში ლიტანია აღესრულება.

ტაძარს, სადაც ხატია დაბრძანებული, არასოდეს მოკლებია თაყვანისმცემლები. თუ ეკლესია დაკეტილია, მლოცველები გარეთ დგანან და ფართე ფანჯრიდან, საიდანაც ღვთისმშობლის სახე მოჩანს, მისდამი მხურვალე ლოცვას აღავლენენ.

თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება
და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“
თბილისი, 2001 წ.

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ტიხვინის“ ხატის მიმართ

ტროპარი, ხმა 4

დღეს ვითარცა მზეჲ ყოვლადბრწყინვალეჲ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანთლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღვთაებრივსა ნიჭსა მადლით ღვთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა სიხარულით ვადიდებთ, მას ევედრე ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისათაო, რაჲთა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარენი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოსვლისა და იჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო.

ლოცვა

გმადლობთ შენ, ყოვლადსახიერო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო, დედაო ქრისტჱსა ღვთისა ჩუენისაო, ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელსა გარდამოუვლენ კრებულსა ქრისტეანეთასა, რომელთა მდაბალთა უხუებით მიჰმადლებ ხმასა ანგელოსთა გალობისასა, რამეთუ აწცა განგუაკჳრვა ჩუენ წყალობამან შენმან უღირსთა ამათ მონათა შენთა ზედა - სასწაულებრივთა თჳთგამოჩინებითა წმიდისა ხატისა შენისათა, რომელმან განანათლა ქუეყანაჲ ყოველი. ამისთვისცა სიხარულითა და შიშით თაყუანის-ვცემთ მას ცოდვილნი ესე და გიგალობთ შენ: ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო და ღვთისმშობელო, აცხოვნე და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჩუენი და ყოველი ქუეყანაჲ, მღვდელმთავარნი და ყოველნი ერნი, ქალაქნი და ქუეყანანი ქრისტეანეთანი დაიცვენ, განათავისუფლე წმიდა ეკლესიაჲ ჩუენი ყოველისაგან წვალებისა და ყოველთა აქა მდგომარეთა სარწმუნოებით მვედრებელთა და თაყუანის-მცემელთა წმიდისა ხატისა შენისათა ყოველივე კეთილად მოჰმადლე, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ, შენგან შობილისა ძისა და ღვთისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.