ანდრია კრიტელი

დიდი კანონი

 

ორშაბათი

გალობა ა.

სძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე, მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი, და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ არს (2-გზის).

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვინა ვიწყო მე გლოვად საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი-ვჰყო ქრისტე, გოდებისა ამის; არამედ ვითარცა ტკბილმან, მომცენ ცრემლნი ლმობიერნი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოვედ სულო მდაბალო ხორცთა თანა, და დამბადებელსა აღუარენ და იჯმენ პირველისა მის უსიტყვებისაგან, და შეჰსწირენ შენ უფალსა ცრემლნი სინანულისანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

პირველ-შექმნილსა ადამს გარდასვლითა ვებაძვე და გავრძენ სიშიშვლე ჩემი ღვთისაგან და მაღლისა მის მეფობისა და წმიდისა ფუფუნებისა, დაცემათა ჩემთათვის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჰოი უბადრულო სულო, რასა ემსგავსე პირველსა ევას; რამეთუ მიხედე და იწყალ შენ მწარედ, და შეეხე ხესა, და ჰსჭამე ყოვლად-წარმდებად ჭამადი მაკვიდნებელი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გრძნობადისა ევას წილ საცნაური ევა, ხორცთა ჩემთა ვნებული აღძვრა მიჩვენებდა მე ტკბილთა, რომელთა გემო რა ვიხილე, დავაკლდი შენსა მას მეცნიერებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სამართლად განიხადა ედემით ადამ, რამეთუ არა დაიმარხა ერთი მცნება შენი, ხოლო მე რა ვჰყო, რომელი სამარადისოდ უდებ-ვჰყოფ სიტყვათა შენთა მაცხოვარ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლე ცრემლნი სინანულისანი.

 

გალობა ბ.

სძლისპირი: მოიხილე ცაო და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოიხილე ცაო და ვიტყოდე აწ, ქვეყანაო ისმინე, სინანულით ღმრთის-მგალობელისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მომხედენ მე, მოწყალითა თვალითა, ვითარცა სახიერმან და მიითვალე აღსარება ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეგცოდე შენ უფროს ყოველთა კაცთა, მხოლომან განგარისხე, არამედ ღვთაებრ მაცხოვნე ქმნილი შენი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გამოვსახენ უკეთურნი ვნებანი გამოს-ხილვითა ურჩებისათა, და წარვსწყმიდე გონებისა შვენიერება.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გარდამეცნეს ღელვანი ვნებათანი, მოწყალეო უფალო, არამედ ვითარ პეტრეს ხელი აღმიპყარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ბიწიან-ვყავ ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივ-მეცა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დავაშავე ბრწყინვალება სულისა გემოთა ვნებათათა, და მიწად გამოვაჩინე გონება.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განვბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველითგან მიქსოვა ღმერთმან და ვსძე მე შიშველი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მმოსიეს მე ხენეში კვართი, რომელი მიქსოვა გველმან ედემს განზრახვითა და კდემულ ვარ შენგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეძავისა მის ცრემლთა მეცა შევსწირავ, მაცხოვნე ვითარ იგი, მაცხოვარ, წყალობითა შენითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წარვსწყმიდე მე პირველქმნილი სიკეთე, შვენიერება ჩემი, და მდებარე ვარ შიშველი და კდემული.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ბეჭთა ჩემთა მცემდეს მწარედ ვნებათა წინამძღვარნი, და მათნი ძმაცვანი განაგრძვნეს ჩემზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებასა ერთსა სამ-პირებით, ვაქებ ყოველთა ღმერთსა, მამასა, ძესა, და სულსა წმიდასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლადსაგალობელო, ევედრე გულს-მოდგინედ რათა გვაცხოვნნეს.

 

გალობა გ.

სძლისპირი: შეურყეველსა ზედა კლდესა ბრძანებათა შენთასა დაამტკიცე, ქრისტე, გული ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცეცხლი უფლისა მიერ, სულო, უფალმან აწვიმა პირველ, და დასწვნა ქალაქნი სოდომურნი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მთად აღისწრაფე შენ, ჰოი სულო, ვითარ იგი პირველ ლოთ, და სეგორს შეესწარ დაქცევასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ევლტოდე შენ, ევლტოდე, ჰოი სულო, სოდომურსა დაწვასა, ევლტოდე რისხვასა ღვთივაღძრულსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მე მხოლომან ვჰსცოდე შენდამი, მე ვჰსცოდე უფროს კაცთა, ქრისტე მაცხოვარ, ნუ დამაგდებ მე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჰოი მწყემსო სახიერო ქრისტე, მომიძიე ცხოვარი, და ცთომილსა ნუ უგულებელს-მყოფ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შენ ხარ დამბადებელი ჩემი, შენ ხარ ტკბილი იესო, და შენ მიერ განვმართლდები მხსნელო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აღგიარებ შენ, მაცხოვარ, შეგცოდე, შენ შეგცოდე, არამედ მილხინე და მაცხოვნე სახიერ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ერთო ღმერთო სამგვამოვანო, მაცხოვნე მე ცოდვილი და ხრწნილებისაგან განმარინე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, შენ ღვთისმშობელო, გიხაროდენ, საყდარო უფლისაო და დედაო ღვთისაო.

 

გალობა დ.

სძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად-ხარ ქალწულისაგან, და სახილველ კაცთა მიერ და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქმნულსა შენსა ნუ უდებ-მყოფ, დაბადებულსა ნუ შეურაცხ-მყოფ, მსაჯულო, დაღათუ მხოლომან ვსცოდე, ვითარცა კაცმან, უფროს ყოველთასა, ჰოი კაცთმოყვარეო, არამედ გაქუს, ვითარცა უფალსა ყოველთასა, ხელმწიფება მოტევებად.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ახლოს-არს სულო სიკვდილი, ახლოს-არს, არა ზრუნავ, არც მზა-იქმნები, ჟამი შემოკლებულ-არს, აღიმსთვე შენ, ახლოს და კართა ზედა ჰსდგას მსაჯული: სიზმრებ და ყვავილებრ წარვლენ ჟამნი შენნი: რასა ამაოდ ვშფოთებ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განიფრთხვენ შენ, სულო ჩემო, მოიხსენენ საქმენი, რომელნი გიქმნიან, და მათი შენანება მოართვ ღმერთსა, და ცვარნი ცრემლთანი დამოადინენ, კადნიერად მიუთხრენ საქმენი მოგონებითურთ ქრსტესა და განმართლდი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არ მიცოდავს, გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხუასა არცა ერთსა ვის სადა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ამისგან მხილებულ-ვიქმენ, ამისგან დავისაჯე მე საწყალობელი თვით სვინიდისისა თვისისაგან, რომლისა არა რა უმკვეთლეს არს, მაცხოვარო და მსაჯულო ჩემო, გამომიხსენ და მაცხოვნე მონა შენი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კიბე, რომელი იხილა მამათმთავართა შორის დიდმან, სულო ჩემო, სახე იყო საქმისა აღსავალთა, და მეცნიერებისა მის ხარისხთა: გნებავს თუ საქმით და ხედვით და მეცნიერებით ცხოვრება, განახლდი შენ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სიცხე დღისა დაიმთმინა რუდუნებით დიდმა მამათმთავარმან, და ყინელი ღამისა მოითმინა, დღითი-დღე ჭირთა შემატებითა, მწყსითა, ცვითა და მრწემობითა, რათა ორნი მეუღლენი მიიყვანეს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ორ-მეუღლედ გეულისხმა ყვენ, საქმე და მხედველი ცნობად: ლია, ვითარცა შვილ-მრავალი - საქმედ და რაქილ, ვითარცა ჭირ-მრავალი - ცნობად: რამეთუ თვინიერ შრომისა, არცა საქმე, არცა ხედვა და ცნობა, წარემართების სულო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუყოფელად არსებითა, შეურევნელად პირებითა, ღვთისგმეტყველებ, სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორ-კერძოვე ბუნებით ქალწულად. შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს.

 

გალობა ე.

სძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა, კაცთმოყვარე, გამანათლე მოქენე, და მიძღოდე მე ტკბილო, მცნებათა შინა შენთა, და მასწავე სახიერ ქმნა ნებისა შენისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცხოვრება ჩემი ბნელსა შინა წარვვლე, რამეთუ არმურ წყვდიად, და უკუნ-მომცველ მექმნა ღამე ცოდვათა ჩემთა, არამედ ძედ ნათლისად გამომაჩინე, მხსნელო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მსგავს ვიქმენ რუბენისსა, მე დახსნილი, და ყოვლადუსამართლო, და უსჯულო განზრახვა-ვყავ ღვთისათვის მაღლისა, და ვმძლავრე საწოლსა ჩემსა, ვითარცა მან მამისასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აღგიარებ შენ, ქრისტე, ღმრთისა კრავო, შეგცოდე, შეგცოდე შენ, და ვითარცა იოსებ ძმათა, მეცა განვყიდე ნაყოფი სიწმიდისა და უბიწოებისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეკრული განისყიდა, ღირსი სული, ძმათა თვისითა მიერ და, მონა იქმნა მართალი, სახედ ქრისტეს - მხსნელისა, ხოლო შენ სულო ჩემო, მიესყიდე ცოდვასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მიემსგავსე, ჰოი სულო უბადრუკო, იოსებ ბრძნისასა მას საღმრთოსა გონებასა, და ნუ უძღებ-იქმნები უსიტყურითა კრთომათა მიყოლითა მარადის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაიმკვიდრა იოსებ მღვიმე სახედ საცხოვრებელთა შენთა ვნებათა, მეუფეო, ხოლო მე უბადრუკმან, რა შევწირო ოდესცა, შენდა ევე-ვითარი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ სამწმიდითა ქებითა: მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე, უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.

 

გალობა ვ.

სძლისპირი: ღაღად-ვჰყავ მე სიღრმით გულისათა მოწყალისა მიმართ ღვთისა და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცრემლთა თვალთა ჩემთასა, მხსნელო ჩემო, და სიღრმით-გამო სულთქმათა მოსწრაფედ შევსწირავ, და ვხმობ ესრეთ გულითა: შეგცოდე, ღმერთო, მილხინე მე წყალობით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განუდეგ შენ, სულო, უფალსა შენსა, დათან და აბირონისაებრ, გარნა ხმობდი: მიხსენ ჯოჯოხეთით ქვესკნელით, ნუ უკუე ღრმამან დანახეთქმან დაგფაროს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ველურ-ქმნილსა დიაკეულსა, სულო, მიემსგავსა პირველ ეფრემ, ხოლო შენ ქურციკებრ იხსენ საფრხით ცხოვრება, ფრთოვან-ქმნილმან საქმით საქმით და ხედვით და გონებით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოსეს ხელმან გარწმუნენ, სულო, ვითარ ძალ-უძს ღმერთსა კეთროვნისა ცხოვრებისა კუალად განწმედად და შემკობად, და ნუ უდებ-ხარ დაღათუ განკეთროვნდე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა და ერთობა-ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე ღვთისმშობელო.

 

კონდაკი

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

 

გალობა ზ.

სძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ, გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად მაღალო, მამათა ჩვენთა ღმერთო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვსცოდე და უსჯულო ვიქმენ მე და შეურაცხ-ვყვენ მცნებანი შენნი, და ცოდვათა შინა ჩემთა ვიშევ და წყლულთა ზედა შევდძინენ წყლულნი, არამედ შენ შემიწყალე ვითარცა მოწყალემან, მამათა ჩვენთა ღმერთმან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაფარულთა გონებისათა აღგიარებ შენ მსაჯულსა ჩემსა, იხილე სიმდაბლე ჩემი, იხილე ჭირი ჩემი და მოჰხედენ ჰსჯასა ჩემსა, და მილხინე ვითარ კაცთმოყვარემან, მამათა ჩვენთა ღმერთმან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წარსწყმიდნა რა ოდესმე საულ კარაულნი მამისანი, სულო, გარეწარ საქმედ მეფობა ჰპოვა ძებნასა შინა. ხოლო შენ ჰრიდე, ნუ სადა აღირჩივნე სუფევასა ქრისტესსა უსიტყურნი კრთომანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაღათუ სცოდა სულო ჩემო, დავით ღვთისა მამამან ოდესმე და განგმირა ისრითა მრუშებისათა, და კვალად ბოროტის მკლველობისათა, გარნა უძვირესთა ჰყოფ საქმეთა წურთითა გონებისათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეაერთა ოდესმე დავით უსჯულოება უსჯულოებასა და კაცისკვლა მრუშებასა, ხოლო სინანულიცა მრჩობლი აჩვენა მეყვსეულად, არამედ შენ უძვირეს-მცოდველი, სულო, მას ბაძევდ მოქცევითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განაქიქა ოდესმე დავით, ვითარცა ძეგლსა ზედა წარწერით გალობასა შინა თვისსა, და მხილებულ-ჰყო ცოდვა, სთქვა და ესრეთ მიწყალე მე, მხოლოსა შეგცოდე ყოველთა ღმერთსა, შენ განმწმიდე უფალო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ სულო, და ერთღვთაებად ჰმონე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხებთ შენ ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა შევ ქრისტე ღმერთი, სრული ჭეშმარიტი, და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა შესავალნი ცათანი.

 

გალობა ჱ.

სძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ, და ძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული, ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეცოდებული შემიწყალე მხსნელო და წადიერ-ჰყავ გული ჩემი მოქცევად, მონანული მაცხოვნე და მომხედენ, რომელი ვჰხმობ: შეგცოდე, შემიწყალე და წარწყმედული მპოვე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ეტლთა მფლობელი ილია ეტლითა სათნოებათათა აღხდა რეცა ზეცად და მიწიერი კაცი ზესთა-ექმნა ჰაერსა, აღსლვასა მას მისსა იხსენებდი შენ, სულო ჩემო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ელისე, ოდესმე შემწყნარებელმან ილიას ხალენისამან, მიიღო მრჩობლი მადლი უფლისა მიერ, ხოლო შენ, სულო ჩემო, არა ზიარ იქმენ მადლისა მის უწესოდ სლვითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იორდანისა იგი დინება პირველ, ილიას ხალენითა ელისეს მიერ, განიკვეთა და დასდგა, ხოლო შენ, სულო ჩემო, მადლისა მის ვერ ზიარ იქმენ უწესოდ სლვითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სომანიტელმა ოდესმე, ჰოი სულო, მოწმედ შეიწყნარა წინასწარმეტყველი, ხოლო შენ არცა უცხო, არცა მგზავრი ისტუმრე, რომლისათვის სასძლოთ გარე განვარდები მტირალი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გეეზისა ემსგავსე უბადრუკო, საძაგელსა და ბილწსა ნებასა, სულო, რომლისა ანგარება აწღათუ სიბერესა, განაგდე შენ შიშითა ცეცხლისათა და იჯმენ მისგან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმერთო მამაო და თანა-ღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო, გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა, მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენა, ამისთვისცა, საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.

 

გალობა თ.

სძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა ჰსცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გონება მწარედ წყლულ-არს, ხორცნი დახსნილ და განკაფულ, სნეულ-არს სული, მოუძლურებულ სიტყვა, წარწირულ-არს ცხოვრება, და სიკვდილი კართა ზედა, ვინაცა, უბადრუკო სულო, რამე ჰყო ოდეს მოვიდეს მსაჯული დიდი განსჯად შენდა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მიგითხარ შენ მოსესი სოფლის შესაქმე, ჰოი სულო, რომლისა მიერ ყოველივე სჯულისა წერილი გვაუწყე შენ, მართალთა თანა ცრუნი; ხოლო შენ, შემდგომთა ბაძავ, უდებო, არა პირველთა მათ, ღვთისა მიერ უგუნურ-ქმნითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სჯული მოუძლურდა და ურგებ-იქმნა სახარება, ხოლო წერილნი ყოველნივე ცუდმაშვრალ, წინასწარმეტველნი უქმ და ურგებ სწავლისა სიტყვა, რამეთუ წყლულნი შენნი, სულო, გამრავლდეს არა-ყოფითა კურნებად შემძლებელისათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ახლისა წიგნისათა მოგართვამ კვალად სახეთა, მომყვანებლთა შენთა ლმობიერად, მართალთა ბაძევდ სულო და ცოდვილთა თანაწარხვედ, და მოწყალე-ჰყავ ქრისტე ღმერთი მარხვით და ვედრებითა, განკრძალვითა და სიწმიდითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქრისტე განკაცნა, სულო, და სინანულად უწოდდა ავაზაკთა და მეძავთა, ინანდი აწ, განხმულ-არიან კარნი სასუფეველისანი და, შევლენ მას შინა ყოველნივე მეზვერენი და ცოდვილნი, და მემრუშენი მონანულნი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქრისტე განკაცნა, სულო და ხორცითა გვეზრახა ჩვენ და ყოველნივე ბუნებისა საქმენი სრულებით აღასრულნა, თვინიერ ხოლო ცოდვისა, და ხატი და სახე გიჩვენა დაბდაბლებისა თვისისა, რათა განგაახლოს წყალობით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქრისტემ აცხოვნნა მოგუნი, მწყემსთა უწოდა და ჩვილთა ბანაკი წმიდა მოწამედ შეიწყნარა, მართალსა ქურივსა-თანა მოხუცებული ადიდა, რომელთა არა ბაძავ, სულო, არცა საქმით, არცა ქცევით და ვაი შენდა რაჟამს დაგსჯიდენ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იმარხა მაცხოვარმან ორმეოცი დღე და მერმე შეემშია მას, რათა აჩვენოს კაცთა ბუნებისა ქონება, და შენცა ნუვე დახსნები, სულო, მოგიხდეს თუ მაცდური, რამეთუ მარხვა და ლოცვა გქონან საჭურველად მისზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთაა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველს-მყოფელსა ყოველთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ-მიერ მოაქვს ძალი, და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისთა.

 

ლოცვა ანდრიასი

ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და ხრწნილებისა, და აურაცხელთა ცოდვათაგან, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.

ორშაბათის კანონის განმარტება

ეს საგალობელი ჩვენს წინაშე განაცხადებს ცოდვის სიმძიმეს და სულს ერთდროულად ავსებს სინანულითა და იმედით. წმ. ანდრია კრიტელის კანონში ბიბლიური სახეები და მოვლენები წარმოდგენილია, როგორც ადამიანის პირადი ცოდვისა და ღვთისგან განდგომის ტრაგედია.

კანონი ცოდვის სიღრმის შეცნობით გამოწვეული გოდებით იწყება:

„ვინა ვიწყო მე გლოვად საქმეთა ცხორებისა ჩემისათა ანუ რომელი დასაბამი ვყო, ქრისტე, გოდებისა ამის?“ (ორშაბათი, გალობა 1)

მართლაც ძნელია, შეუდგე სინანულის ღვაწლს, აქ უმთავრეს სირთულეს ცოდვათა სიმრავლე და სიმძიმე წარმოადგენს. პირველი საქმე აღსარებაა, როცა სული „ხორცთა თანა“ წარსდგება ღვთის წინაშე და დაარღვევს დუმილს - „იჯმენ პირველისა მის უსიტყვებისაგან“ (ორშაბათი, გალობა 1). აქ „უსიტყვებაში“ ისიც იგულისხმება, რომ ცოდვილ ადამიანს ღვთის წინაშე თავის გასამართლებელი სიტყვები არ აქვს, ხოლო მას შემდეგ, რაც სინანულს მოიპოვებს, გარკვეულწილად, სიტყვას მიუგებს შემოქმედს და მის წინაშე აღიარებს ცოდვებს.

ცოდვით დაცემის ისტორია ჩვენი, ადამიანების სულიერი ისტორიაა:

„პირველშექმნილსა ადამს გარდასვლითა ვებაძვე და ვაგრძენ, სიშიშვლე ჩემი ღვთისაგან და მაღლისა მის მეფობისა და წმიდისა ფუფუნებისა დაცემათა ჩემთათვის“ (ორშაბათი, გალობა 1), ანუ ყოველი კაცი ადამს ჰგავს, იგი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უმეგობრდება ცოდვას და ეცემა. ის ოდესმე მაინც „მიხედავს“ ეშმაკს, ანუ დაემორჩილება მის ნებას და როგორც ოდესღაც პირველქმნილი დედაკაცი, ცოდვით დაეცემა „ჭამადი მაკვდინებელით.“ თავად ევა კი, რომელმაც ცნობადის ხის ნაყოფი იხილა, ღვთისშემეცნებისაგან განშორებული ადამიანის ვნებული ხორცის სახეა (ორშაბათი, გალობა 1).

ზოგადად, ორშაბათის კანონის პირველსა და მეორე გალობაში ადამისა და ევას ცოდვით დაცემა და ყოველი კაცის ცხოვრებაში ამ მოვლენების ანარეკლი აისახება.

მეორე გალობა უმეტესად სინანულითა და მიტევების დაუცხრომელი წყურვილითა დატვირთული, ამიტომ აქ ნახსენებია საღვთო ისტორიიდან ცნობილი, უდიდესი დაცემები, რომელიც სინანულითა და ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით აღიხოცა. ამიტომ ხშირად იხსენიება ლოთი, როგორც ცოდვისაგან განრიდებისა და საოცარი გადარჩენის სიმბოლო.

მეოთხე გალობა აღსარებაა. აქ ცოდვათა მრავალგვარობა აშკარავდება, ისინი „გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებით და ჯერჩინებით“ აღესრულება (ორშაბათი, გალობა 4).

აქ თანდათანობით შემოდის ძველი აღთქმის სახეები და ცხადდება თითოეული მათგანის სულიერი მნიშვნელობა. აქვე იხსენიება მამათმთავარი იაკობი, რომლის მიერ ხილული კიბე სულიერ და ცნობიერ სიმაღლეს მოასწავებს. ამ კიბეზე ასვლა მხოლოდ განწმენდილ და განახლებულ სულს შეუძლია.

იაკობ მამათმთავარის ორი ცოლი - ლეა და რაქელი ორ სათნოებას გვასწავლის:

ლეა, როგორც მრავალშვილიანი, შრომის სახეა.

რაქელი, როგორც ჭირმრავალი, სახეა შემეცნებისა, გონიერებისა (ორშაბათი, გალობა 4).

ბიბლიური ისტორია გრძელდება და იხსენებიან უკვე იაკობის ვაჟები: რეუბენი ცოდვილი სულის ერთ-ერთ დამღუპველ ვნებას ავლენს, ესაა: სხვისი კუთვნილის მითვისების სურვილი. რეუბენმა მანდრაგირის ნაყოფი მიართვა დედას - ლეას, რათა მას რაქელის კუთვნილი მიეთვისებინა.

„მეცა გავყიდე ნაყოფი სიწმიდისა და უბიწოებისა!“ - მწარედ მოთქვამს ცოდვილი კაცი და საკუთარ თავს იოსების გამყიდველ ძმებს ადარებს (ორშაბათი, გალობა 5). იოსების ტანჯვა მღვიმეში მაცხოვრის გამომხსენელი და მაცხოვნებელი ვნების წინასახეა. სული კი ჰგავს იოსების ძმებს, იოსები რომ გაყიდეს.

მოამზადა თინათინ გოგიჩაიშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №8, 2006 წ.