ანდრია კრიტელი

დიდი კანონი

 

სამშაბათი

გალობა ა.

სძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მივემსგავსე კაენს, მკლველსა, ცნობითა, და მოვკალ სულისა სვინდისი და განვაცხოველენ ხორცნი, და აღვსძრენ მას-ზედა, გულისა ჩემისა იგი ვნებულნი გულისთქმანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აბელისსა, იესო, არა მივემსგავსე სიმართლესა, და ძღვენი საღმრთონი არა მოგართვენ შენ, არცა საქმე ღირსი, არცა მსხვერპლი განწმედილი, არცა ცხოვრება უბიწო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარცა კაენ სულო, ჩვენცა შევსწირენით ღმერთსა საქმენი ხენეში მსხუერპლთა თანა შეგინებულთა, და მოქალაქობითა - ბილწი და მოძაგებული, რომლითა დავისაჯენით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცხოვლად შემზილე თიხა, ხელოვანთ-მთავარმან მეკეცემან, ხორცად და ძვალად, სამშვინველად და სულად, არამედ ჰოი, მხსნელო, ღმერთო და მსაჯულო ჩემო, მონანული შემიწყნარე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აღგიარებ, მაცხოვარ, ცოდვათა, რომელნი ვქმნენ, და ხორცთა და სულისა ჩემისა წყლულთა ნაგვემთა, რომელნი შინაგან მწარედ დამხსნეს ჩემ-ზედა მკვლელებრთა გულისსიტყვათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაღათუ ვსცოდე, მხსნელო, არამედ უწყი, რამეთუ ტკბილ-ხარ, მოსწყლავ თანალმობით და კურნებ წყალობით, მტირალსა მიხედავ და უძღებსა შვილსა კვალად შეიტკბობ ვითარცა ღმერთი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

 

გალობა ბ.

სძლისპირი: მოიხილე ცაო, და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შემიკერნა ტყავისა სამოსელნი ცოდვამან ჩემმან და ღვთივქსოვილი სამოსელი განმძარცვა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მმოსიეს მე სამოსელი კდემისა, მსგავსად ლეღვის ფურცელთა, მხილებად თვითმფლობელთა ვნებათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სამოსელი შებღალული მმოსიეს და მწვირითა ვნებულად, გემოვნისა ქცევისათა ვიშთვები.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შთავრდომილ ვარ უფსკრულსა ვნებათასა და ნივთთა ხრწნილებასა, ამისთვის მეცინის მტერი ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნივთმოყვარე და მონაგებთმოყვარე ცხოვრება უნივთოსა აღვირჩიენ და გავზრქენ ცოდვითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განვაშვენე ხორცთა ხატება და მრავალფერთა გულისთქმათაგან შეგინებულ ვიქმენ, და დავისაჯე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გარეშისა ხოლო განშვენებისა მზრუნველმან, შინაგანი ღვთივქმნული შემკობა უგულებელს-ვჰყავ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

პირველისა მის ხატისა სიკეთე დავჰფალ ვნებითა შინა, მპოვე მხსნელო დრაჰქმისა მის მსგავსად.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარცა რა მეძავი ვჰხმობ: შეგცოდე, მხოლომან შეგცოდე შენ, და მიიხვენ ცრემლნი ჩემნი მირონად.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მილხინე მე, ვიტყვი მეზვერისაებრ, მაცხოვარ, მილხინე მე, რამეთუ არავის უცოდავს ჩემებრ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებასა, ერთსა სამ-პირებითა, ვაქებ ყოველთა ღმერთსა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლადსაგალობელო, ევედრე გულს-მოდგინედ რათა გვაცხოვნნეს.

გალობა გ.

სძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლო ძლიერ, მართალ და წმიდა-ხარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წყლად ცხოველად მოგიგებ დამხსნელსა მაგას სიკვდილისასა და ვჰხმობ სიღრმით გულისა ჩემისათ პირველ განსვლისა: ვჰსცოდე, მილხინე და მაცხოვნე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეგცოდე შენ, უფალო, შეგცოდე, მილხინე მე, რამეთუ არა ვინ არს ცოდვილი კაცი, რომელსა არა აღვემატე შეცოდებითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჟამსა მას ნოესსა, მაცხოვარ, ისიძვიდენ და მათ მივევჰსგავსე, და დავიმკვიდრე სასჯელი და დავინთქ სიღრმესა შინა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქამს მიემჰსგავსე, სულო, მამისა მბასრობელსა და არა დაჰფარე შენ სირცხვილი იგი მეგობრისა, ორთა მათ მსგავსად ზურგ-უკუნ-ქცევით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარცა ლოთ ევლტოდე, სულო ჩემო, ცოდვისა დაწვას, ივლტოდე სოდომით და გომორით, ივლტოდე შენ, ყოვლისა აღძრვისა ვნებულისაგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შემიწყალე, უფალო, შემიწყალე მე, რომელი ვღაღადებ შენდამი, ოდეს მოხვიდე ანგელოსთა შენთათანა, ყოველთა მიგებად საქმეთაებრ მათთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო მარტივო, დაუბადებელო, დაუსაბამოო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა, ეჰა უცხო, საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.

 

გალობა დ.

სძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად  ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ, და ჰხმობდა: უფალო მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იღვიძებდი, სულო ჩემო, იღვწიდ დიდისა მამათმთავრისაებრ, რათა მოიგო საქმე ცნობითურთ და ესრეთ გამოსჩნდე გონებად მხილველად ღვთისა, და ნისლსა საღმრთოთა ხედვათასა შეხვიდე და იქმნე დიდ ვაჭარ ვინმე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

საღმრთომან მამათმთავარმან შვილ-ისხნა რა ათორმეტნი მამათმთავარნი, საიდუმლო კიბე აღგიმართა შენ საქმითისა აღსვლისა, სულო ჩემო, და შვილნი - საფუძვლად და კიბე - აღსავალად ყოვლადსიბრძნით წინაგიყვნა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოძაგებულსა მას ესავს ემსგავსე, სულო და განსცენ მწისვნელსა შენსა სიკეთენი პირმშოებისანი, და მამულისა დიდებისაგან იჯმენ, და ორ-გზის დააკლდი საქმესა და ხედვასა, ამისთვის შეინანე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ედომ სახელ-ედუა ესავს გარდარეულისა ბილწებისათვის, სულო, რამეთუ გულისთქმითა შემწვარსა და მარადის გემოთა დამონებულსა ედომ ეწოდა, რომელ არს მხურუალება სულისა ცოდვათა ტრფიალისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გასმიეს, ჰოი სულო ჩემო, იობის განმართლება სკორეთა მათ ზედა, რად არა ჰბაძავ შენ მისსა სიმხნესა და მოიგებ სიმტკიცესა მათ შინა, რათა სცნე და ისწავნე და განიცადე შენ, არამედ უთმინო ქმნილ-ხარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

პირველ საყდართა მჯდომარე, შიშველი სკორეთა ზედა მჯდომარე იყო, შვილმრავალი და სახელმაღალი, მყის უშვილო და უცნაურ იქმნა, რამეთუ პალატად შეერაცხნეს მას სკორენი, ხოლო წუთხნი - მარგარიტად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამ-ხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად: შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას რაცა ენებოს.

 

გალობა ე.

სძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე, და მიძღოდე მე ტკბილო მცნებათა შინა შენთა, და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კიდობანი მოსესი გესმა, სულო, ვითარ მიმოაქვნდა მდინარისა ღელვათა, და ვითარ სასძლოთა შინა იშვებდა და განერა მწარესა ბრძანებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ამქმელნი თუ გასმიან, მსრველნი პირველ წულებრივთა ჩვილთანი, ჰოი სულო უბადრუკო, სიწმიდისა საქმითა, ვითარცა დიდი მოსე, სიბრძნითა განიპოხე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარცა დიდმან მოსე, სულო ჩემო, არა მოაკვდინე შენ მეგვიპტელი გონება, და ვითარ დაემკვიდრო ვნებათა უდაბნოსა სინანულისა მიერ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უდაბნო დაიმკვიდრა დიდმან მოსე, ემსგავსე, სულო ჩემო, ქცევასა მისსა, რათა მაყვლოვანსა შინა, ღვთისგამოცხადებისა ხილვასა მიემთხვიო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კვერთხი იგი მოსესი ჯვარის სახედ უწყოდე, სულო ჩემო, რომელმან გაჰკვეთა ზღუა და აღზღუდნა მწყურნები, რომლითა უძლო შენცა, ქმნად საკვირველთა ნიშთა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აარონს მოაქვნდა პირველ ცეცხლი წმიდა, უზაკველი ღვთისა, ხოლო უფნი და ფინეზ შენებრ შესწირნეს, სულო, ყოვლადუცხო ღმრთისაგან მწიკვლევანი ცხოვრება.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ, სამწმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა მარტივსა არსებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან თბე უხრწნელო ქალწულო და დედაო რომელმან შეჰქმნა საუკუნენი, და შეაყო ღმრთაება, ბუნებასა კაცთასა.

 

გალობა ვ.

სძლისპირი: ღაღად-ვჰყავ მე სიღრმითა გულისაითა მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი ჯოოჯხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ღელვათა ჩემთა ცოდვათა, მეუფეო, მეწამულისა ზღვისაებრ აღძრული, დამფარავს მეყვსეულად და დამნთქამს, ვითარ იგი ეგვიპტისა სამდგომთა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უგულისხმო წინააღრჩევა, სულო, მოიგე ისრაელთებრ, და მანანასა მის საღმრთოსა, აღირჩიე გემოთმოყვარე მაძღრივ-ხმევაჲ ვნებათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქანანელთა ჯურღმულნი, სულო ჩემო, უმეტეს შეიყუარენ შენ, ვიდრე წყარო კლდისა, რომლისაგან სიბრძნისა ტაკუკი მდიდრად ჰსდის ღვთისმეტყველებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ეშვთა ხორცნი, სიავნი და ჭამადნი მეგვიპტელებრნი ჰოი სულო, ზეცისათა მათგან აღირჩიენ, ვითარცა უგულისხმომან ერმან პირველ უდაბნოს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ოდეს, მოსე მსახურმან შენმან, კვერთხი ჰსცა კლდესა, ცხოველსმყოფელო წმიდა გვერდი შენი გამოსახა წინასწარ, რომლისაგან ვსვამთ, ქრისტე, უხრწნელებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განიმსტოვრე შენ, სულო, და განიხილე, ვითარცა ისუ ნავესმან ქვეყანა აღთქმისა, და მას შინა მოიგე სჯულიერებით საწადელი მკვიდრობა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე ღვთისმშობელო.

 

კონდაკი

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

 

გალობა ზ.

სძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუვე ვჰყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ, და არცა ვჰყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ: გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოღებასა კიდობნისასა შეჰხარეს რა იგი ზვარაკთა მათ, მხოლოდ შეხებისათვის ოდენ რისხულ იქმნა ოზან, არამედ სილაღისაგან მისისა ლტოლვილი, სულო, საღმრთოთა შეეხებოდე შიშით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აბესალომ გასმიეს სულო, თუ ვითარ ბრძოლ იქმნა ბუნებისა და უწყნი საქმენი მისნი ბილწნი, ვითარ საწოლი მამისა შეაგინა მან, ხოლო შენ მოიძულენ უშვერნი მისნი და უსჯულონი სლვანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მთავრებრივი პატივი შენი დაამონე, სულო, ხორცთა შენთა, რამეთუ სხვად აქიტოფელად ჰპოვე მტერი და ერჩდი ზრახვათა მისთა, არამედ დახსნა იგი თავადმან ქრისტემან, რათა წყალობით გაცხოვნოს შენ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

საკვირველმან ბრძენმან სოლომონ, ვრცელმან ფრიად სიბრძნისა მადლითა, წინაშე ღვთისა ოდესმე ქმნა ბოროტი და განჰსდგა, რომლისა შემდგომსა მას უშვერსა ცხოვრებასა ემსგავსა, სულო, დახსნილი ქცევა შენი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გემოთაგან დამონებული და ვნებათაგან მწარედ ტყვექმნილი, ჰოი მე, ტრფიალი სიბრძნისა, ტრფიალ იქმნა მეძავთა და უცხო ღვთისაგან; სულო, რომლისა შენ მიემსგავსე გონებითა მედგარსა ბილწებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

რობოამის მსგავსად მამულნი განზრახვანი შეურაცხ-ჰყვენ, ხოლო ბოროტისა მის მონისა იერობოამისებრ განდგომილ-იქმენ, ჰოი სულო. ევლტოდე მსგავსებასა მათსა და ჰხმობდი: ვსცოდე, შემინდევ ღმერთო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი. სამ-წმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდენ სულო და ერთღვთაებად ჰმონე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ და გაკურთხევთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა ჰშევ ქრისტე, ღმერთი სრული, ჭეშმარიტი და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყნისათა შესავალნი ცათანი.

 

გალობა ჱ.

სძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან ქერუბიმ სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ოზიას მიმსგავსებითა, ჰოი სულო, მრჩობლ გაქვს: შენ შორის კეთროვანებაცა მისი, ბილწთა საქმეთა წურთითა და უსჯულოთა ქმნითა: დაუტევენ ესენი და შეიტკბე სინანული.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გასმიეს ნინეველთა, შევრდომა ღვთისა, ძაძითა და ნაცრითა, სულო, რომელთა არა ჰბაძავ, არამედ გამოსჩნდები უძვირეს ყოველთავე, პირველთა და შემდგომთა სჯულისათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მწვირისა ჯურღმულსა შინა გასმიეს, სულო, სიონისათვის იერემია გოდებისა მთხზველად და ცრემლთა მეძიებლად: მიემსგავსე ტირილით ცხოვრებასა მისსა და სცხოვნდე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იონა თარშედ ივლტოდა, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველმან უწყოდა ნინეველთა მოქცევა და ღვთისა მოწყალება, და თქმულთა მათ თვისთა არა განცრუებად იღწვიდა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დანიელ მღვიმესა შინა გასმიეს, ვითარ დაუყვნა, სულო, პირნი მხეცთანი და უწყი, ვითარ ყრმათა აზარიელთ, ალი მძაფრისა მის ცეცხლისა დაშრიტეს სარწმუნოებით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ძველისა აღთქმისანი ყოველნივე სახედ მოგართვენ, სულო, რათა ემსგავსო მართალთა საქებელსა საქმესა და ევლტოდე ხენეშსა მას და ბილწსა ცოდვასა უკეთურსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო; უშობელო მამაო და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა, ამისთვისცა საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.

 

გალობა თ.

სძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა. ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქრისტე განიცდებოდა, ხოლო ეშმაკი განსცდიდა: ქვათა რქუა მას, რათა პურად შესცუალნეს; მთად აღიყუანა იგი ხილვად წამსა შინა ერთსა მეფობათა ქვეყანისათა; სძრწოდე სულო და მარადის მღვიძერე, შემწე-იყოფდ ღმერთსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გვრიტმან უდაბნოსამან, ხმამან ღაღადებისამან, ქრისტეს სანთელმან, ჰქადაგა სინანული, ხოლო იროდი უღმრთო იქმნა იროდიასთანა; იხილე უბადრუკო სულო და ნუ დაეცემი შენცა, არამედ შეიტკბე მოქცევაი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უდაბნო დაიმკვიდრა მადლისა წინამორბედმან და სამარია ჰურიასტანისა-თანა შემოკრბებოდეს მისდა, და ესრეთ აღუარებდეს ცოდვათა და ნათელსიღებდეს, არამედ შენ, სულო ჩემო, არა ოდეს მიემსგავსე მათ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელ, რამეთუ ქრისტე ორ-გზის აკურთხა იგი, ხორცითა რა ისერა და მისრულმან ქორწილსა მას ღვინოდ შესცვალა წყალი, და ესე პირველ ნიშნად აჩვენა, რათა შენცა შეგცვალოს სულო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აღმღებელი ცხედრისა განრღვეული შეამტკიცა, ხოლო ჭაბუკი მომკვდარი აღადგინა, ძე ქვრივისა დედისა და კვალად ასისთავისა; სამარიტელსა რა ეზრახა, სულიერი მსახურება წინასწარ დაგისახა, სულო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წიდოვანი განკურნა, შერაეხო ფესვსა მისსა; და კეთროვანნი განსწმიდნა და ღრეკილნი და ბრმანი განმართნა და განანათლნა; ხოლო ყრუნი და უტყვნი და დაღონებულნი სიტყვით განკურნა უფალმან, რათა შენცა გაცხოვნოს სულო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა თაყვანის-ვსცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა და ცხოველსა და ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ; შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა; ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე-მიაქცევს და ჰმართებს განსაგებელთა თვისთა.

ლოცვა ანდრიასი

ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და ხრწნილებისა, და აურაცხელთა ცოდვათაგან, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.

სამშაბათის კანონის განმარტება

სამშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ეყრდნობა საღმრთო ისტორიას - დავით წინასწარმეტყველამდე. აქ ორშაბათის პირველი გალობის - ადამისა და ევას თემა გრძელდება და აბელსა და კაენზე გადადის: „მივემსგავსე კაენს მკვლელსა“. და აბელისას „არა მივემსგავსე სიმართლესა და ძღვენი არა მოგართუენ შენ, არცა საქმე ღირსი, არცა მსხვერპლი განწმენდილი, არცა ცხოვრება უბიწო“. (სამშაბათი, გალობა 1).

მონანული კაცი საკუთარი სულის მსგავსებას: ნოეს ეპოქის გარყვნილ სულთან, ქამის უსირცხვილობასთან ხედავს და ცდილობს, რომ, ლოთის მსგავსად, „ყოვლისა აღძვრისა ვნებულისაგან“ ილტვოდეს (სამშაბათი, გალობა 3).

აქვე აბრაამის სახე ჩნდება, რომელმაც ღმერთი გონებით იხილა. მის ძეთაგან კი ერთი განდიდდა, თავადაც მამათმთავარი გახდა და შთამომავლობას თორმეტი მამათმთავარი მისცა: ეს იყო იაკობი. მეორემ - ესავმა კი გაყიდა „სიკეთენი პირმშოებისანი და მამულისა დიდებისაგან“ განეშორა (სამშაბათი, გალობა 4). ესავი გულისთქმას დამონებული ადამიანის სახეა, ხოლო შემდეგ ხსენებული იობი ის კაცია, ვინც ხორციელი სიმდიდრის სრული ამაოება და ღვთის სიყვარულის ფასი შეიცნო, სწორედ იობის სიმხნე მოუხვეჭს სულს სასუფეველს.

სულმა ხორციელი ზრახვები უნდა მოაკვდინოს, როგორც მოსემ მოკლა ეგვიპტელი და ამის შემდეგ სინანულით სძლია ვნებათა უდაბნოს. სწორედ მოსეს მიბაძვაა აუცილებლი იმისათვის, რომ „მაყულოვანსა შინა ღმრთისგამოცხადებისა ხილვასა“ ეღირსოს სული (სამშაბათი, გალობა 5). იმავე მოსეს მიერ კლდეზე კვერთხის ცემამ და სასმელი წყლის აღმოცენებამ „ცხოველმყოფელი წმიდა გუერდი შენი (ქრისტესი) გამოსახა წინასწარ“ (სამშაბათი, გალობა 6).

მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №8, 2006 წ.