ქრისტიანული ოჯახი

(გაგრძელება)

ქორწინების სიწმიდე ძველი აღთქმის მიხედვით

ქორწინების სიწმიდის დაცვის მიზნით მოსეს სჯულით აკრძალული იყო ქორწინებს სისხლით ნათესავებს შორის (გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ლევირატის წესი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილი მამაკაცის ძმა ან ახლო ნათესავი უნდა დაქორწინებულიყო მის ქვრივზე, რათა უშვილოდ გარდაცვლილისთვის თესლი აღედგინა).

სჯული აგრეთვე მკაცრად აკონტროლებდა ცოლქმრულ ურთიერთობას და მოჭარბებული ვნებების მოთოკვასა და ზომიერებას მოითხოვდა.

სჯული სასტიკად სჯიდა სიძვასა და მრუშობას. ცოლქმრული ერთგულების დარღვევისათვის სიკვდილით ისჯებოდა არა მხოლოდ ქალი, როგორც ეს მოგვიანებით, რომაულ კანონმდებლობაშიც იყო მიღებული, არამედ კაციც: „ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს... როგორც მემრუშე ქალი“ (ლევ. 20,10).

ქორწინების სიწმიდის დაცვის მიზნით მოსეს სჯული განქორწინებასაც ეხებოდა. ებრაელებს თუმცა განქორწინების ნება ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული პირობებით: განქორწინების მოთხოვნის უფლება მხოლოდ ქმარს ჰქონდა, მაგრამ ეს უფლება ჩამოერთმეოდა, თუკი თავის მიერ შეცდენილ ქალზე იყო დაქორწინებული (მეორე სჯ. 22,2), ან თუ ქორწინების პირველ დღეს მეუღლეს ცილს დასწამებდა, თითქოსდა ქორწინებამდე ქალწული არ იყო. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ ცილისწამება გამჟღავნდებოდა, შეურაცხყოფისათვის სასჯელად ქმარი არა მარტო სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლებდა მასთან განქორიწნებას, არამედ ფიზიკური სასჯელი და ფულადი ჯარიმაც კი ეკისრებოდა (მეორე სჯ. 22,13-21).

განქორწინების გადაწყვეტილების მიღება ქმარს თვითნებურად არ შეეძლო, არამედ ცოლში უნდა აღმოეჩინა „რაღაც სასირცხო“ (მეორე სჯ. 24,1). ეს ღალატსაც გულისხმობდა, მაგრამ სჯული, კაცთმოყვარეობის გამო, ქმრისაგან მტკიცებულებებს არ ითხოვდა, ვინაიდან ამგვარი დამადასტურებელი საბუთი აუცილებლად გახდებოდა დამნაშავის სიკვდილით დასჯის საფუძველი.

რაც არ უნდა ყოფილიყო განქორწინების მიზეზი, პროცესი აუცილებლად წერილობით მიმდინარეობდა. აქტის შესადგენად ლევიტელებს მიმართავდნენ. ხელმოსაწერად მოწმეები იყვნენ საჭირო; ეს ფორმალობა დიდ დროსა და დავიდარაბას მოითხოვდა, რაც ხელს უწყობდა პირველი ვნებათაღელვის ჩაცხრობას. მოგვიანებით საქმეს უკვე ცივი გონებით განიხილავდნენ. თანაც, გარეშე პირები, განსაკუთრებით კი ლევიტელები, რომლებიც სჯულის უზადო დამცველნი იყვნენ, ყოველმხრივ ცდილობდნენ მეუღლეთა შერიგებას.

ქორწინების სიწმიდის დაცვის მიზნით მოსეს სჯულით აკრძალული იყო დარღვეული ქორწინების აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ ცოლი ხელახლა გათხოვდებოდა, მაშინაც კი თუ დაქვრივდებოდა ან მეორე ქმარს გაშორდებოდა. ამგვარი ცოლის პირველ ქმართან დაბრუნება, სჯულის მიხედვით, ღვთის წინაშე სისაძაგლედ და წმიდა მიწის შებილწვად (მეორე სჯ. 24,4) ითვლებოდა, ვინაიდან ასეთი ქალი, ქონების მსგავსად, ხელიდან ხელში გადავიდოდა და ქორწინება ზნეობრივ მნიშვნელობას დაკარგავდა. სწორედ ამიტომ თვითნებურ განქორწინებას მალაქია წინასწარმეტყველი სჯულის საწინააღმდეგო საქმედ მიიჩნევდა (მალ. 12, 14-16).

 

ქორწინება ახალ აღთქმაში

ქორწინების ზნეობრივ-რელიგიური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა იესო ქრისტეს განკაცების შემდეგ. უფალმა ქორწინება თავისი დასწრების ღირს ჰყო კანას გალილეაში და სწორედ იქ აღასრულა თავისი პირველი სასწაული. ამ ფაქტს ეკლესია განიხილავს, როგორც კანონიერი ქორწინების უფლისმიერ კურთხევას. კაცობრიობის განმაახლებელმა თავის ერთ-ერთ პირველ საქმედ ქორწინების კურთხევა ისურვა, რათა ქრისტიანული ოჯახის წევრები, ამავე დროს, ქრისტეს ეკლესიის წევრებიც ყოფილიყვნენ. მან აგრეთვე პირველსაწყისი ძალა დაუბრუნა სჯულს ქორწინების შესახებ. ახალმა სჯულმდებელმა გადაჭრით აკრძალა განქორწინება. ფარისეველთა კითხვაზე: „ყველა მიზეზით შეიძლება თუ არა ცოლთან განქორწინება?“ მან ქორწინების დაურღვევლობის პირველსაწყის სჯულზე მიუთითა, რომელიც ღმერთმა პირველი ადამიანების შექმნისას დაადგინა და დაამატა: ვინც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებს. მოსეს მცნების წარმოშობა იესომ ებრაელთა გულქვაობით ახსნა. წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, მას მხედველობაში ჰქონდა, რომ ებრაელებს არ შეეძლოთ მოკრძალებით, მოთმინებითა და თავგანწირვით გადაეტანათ ცოლის ნაკლი; ამიტომ მოსემ იმ განზრახვით, რომ - უფრო დიდი ბოროტება - მეორე - უფრო ნაკლებ ბოროტებით აერიდებინა, განქორწინების ნება დართოთ. ეს რომ არ დაეშვა, ისინი ცოლებს მოკლავდნენ. „თავიდან ასე არ იყო,- უთხრა ქრისტემ ფარისევლებს და განაგრძო, - ვინც გაშორდება თავის ცოლს მრუშობის გარეშე და სხვაზე დაქორწინდება, ის იმრუშებს...“ (მთ. 19,3-9; მარკ. 10,2-12). სხვაგან კი თქვა, რომ განქორწინებულ ცოლს, თუნდაც უდანაშაულოდ იყოს ქმრის მიერ მიტოვებული, მრუშობის საბაბი ეძლევა (მთ. 5,32).

წმიდა პავლე მოციქული არა მხოლოდ იმეორებს ქრისტეს სწავლებას ქორწინების დაურღვევლობის შესახებ (1 კორ. 7,10), არამედ ქადაგებს შერეული ქორწინების ურღვევობას, ანუ ისეთს, როცა ერთმა ქორწინებისას მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, მეორე კი - წარმართი დარჩა; მოციქული ამტკიცებს, რომ ურწმუნო ქმარს მორწმუნე ცოლი განწმედს და შეიძლება მისი მეშვეობით ცხონდეს კიდეც, ისევე როგორც ურწმუნო ცოლი მორწმუნე ქმრის მიერ. თუკი ქორწინება წმიდად ითვლება მაშინაც კი როცა ქრისტიანი და წარმართი უკავშირდებიან ერთმანეთს, მაშ უფრო წმიდ არ იქნება ქრისტიანული ქორწინება? სწორედ ეს სიწმიდე ქრისტიანული ქორწინებისა აქვს მხედველობაში მოციქულს, როდესაც ამბობს, რომ ქვრივს შეუძლია მეორედ იქორწინოს „დედაკაცი შეკრულ არს სჯულითა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი, ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი, იგი თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ“ (1 კორ. 7,39). გამოთქმა „უფლისა მიერ“ გვიჩვენებს, რომ ქრისტიანმა საქორწინო კავშირი უნდა დაამყაროს უფალზე ფიქრით, მისი სახელით, მის სადიდებლად; „ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე ერთ ხორც. საიდუმლო ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა“ (ეფ. 5,31-32). მოციქული ქრისტიანულ ქორწინებას აღამაღლებს ქრისტეს ეკლესიასთან კავშირის მნიშვნელობამდე. ქრისტეს კავშირი ეკლესიასთან, როგორც თავისა სხეულთან, არის საიდუმლო კავშირი, ვინაიდან გაონებამიუწვდომელია. ამ საიდუმლოზე მიუთითებს ქმარის ფიზიკური და ზნეობრივი კავშირი ცოლთან.

 

საეკლესიო ქორწინება მადლმოსილი კავშირია. ქორწინებისას ცოლ-ქმარს მადლი საიდუმლოდ მიეცემა. ვინაიდან მოციქულის სიტყვებით, იმისათვის, რომ ქორწინება ქრისტეს ეკლესიასთან საიდუმლო კავშირის ღირსეული მაგალითი გახდეს, საჭიროა „ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის“ (ეფ. 5,24-25). აქ მოციქული ცოლ-ქმარს შორის ისეთ ურთიერთობას ადგინებს, რომელიც მხოლოდ ყოვლისშემძლე მადლის ზემოქმედებით იქნება დაცული, რაც ქორწინების საიდუმლოს მეშვეობით მიენიჭებათ ახალშეუღლებულებს.

ქორწინების საიდუმლოს შესრულების წესს, უეჭველია, თავიდანვე არ მიუღია თანამედროვე სახე, არამედ თანდათანობით დაიხვეწა, ისევე როგორც სხვა საეკლესიო მსახურებები.

ბერძნულ-რომაულ იმპერიაში ქორწინებასთან დაკავშირებულმა საეკლესიო წესებმა დიდხანს ვერ ჰპოვა მხარდაჭერა სამოქალაქო კანონმდებლობაში, რომელიც წარმართობის ხანიდან იყო შემორჩენილი. უკვე იუსტინიანეს დროიდან ქორწინებასთან დაკავშირებული სამოქალაქო კანონმდებლობა საეკლესიოს დაუახლოვდა. იუსტინიანე მოითხოვდა, რომ ქორწინება სასულიერო პირების თანდასწრებით შესრულებულიყო. იმპერატორმა ლეონ ბრძენმა დაახლოებით 900 წელს გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევის გარეშე შესრულებული ქორწინებები ძალაში არ იყო. იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა (1081-1118) გამოსცა დადგენილება საეკლესიო ჯვრისწერის აუცილებლობის შესახებ. ამ დრომდე საეკლესიო ლოცვა-კურთხევით მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეები ქორწინდებოდნენ, ვინაიდან მონები, რომის იმპერიის კანონის მიხედვით, თავისუფალი მოქალაქეების საკუთრებას წარმოადგენდნენ. მონობაში მყოფ ადამიანებს მხოლოდ უკანონო ქორწინება შეეძლოთ.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მონობისადმი წარმართული შეხედულებები სწრაფად ვერ შეურიგდებოდა სწავლებას იმის შესახებ, რომ მონა და ბატონი ღვთის წინაშე თანასწორნი იყვნენ. ბატონები მონებს ნებას არ რთავდნენ, რომ ეკლესიაში ჯვარი დაეწერათ, ვინაიდან მათ ეშინოდათ, რომ მონები ეკლესიის წიაღში მათთან თანასწორი უფლებებით ისარგებლებდნენ და თავისუფლები გახდებოდნენ.

რუსეთში ქრისტიანობის პირველ პერიოდში საეკლესიო ქორწინება მხოლოდ დიდებულთა უპირატესობას წარმოადგენდა, დაბალი კლასის ოჯახები კი ჯვრისწერის გარეშე იქმნებოდა, რასაც მალე ბოლო მოეღო.

ქრისტიანული ქორწინება იმდენად წმიდაა, რომ საეკლესიო კანონების მიხედვით აკრძალულია სისხლით ნათესავების ან ნათლობით დაკავშირებული პირების ქორწინება მრავალი თაობის განმავლობაში.

არა მხოლოდ ჯვრისწერა, არამედ წინდობაც კი, რომელიც ძველად ჯვრისწერამდე ზოგჯერ რამდენიმე წლით ადრე სრულდებოდა, იმდენად წმიდად ითვლებოდა ეკლესიაში, რომ თუ სასიძო ცოცხალი იყო, დაწინდულზე დაქორწინება სხვას აღარ შეეძლო (მეექვსე კრების 98-ე კანონი).

უწინ ჯვრისწერამდე ცოლ-ქმარი ჯერ ლიტურგიას ესწრებოდა, ეზიარებოდა და მხოლოდ შემდეგ სრულდებოდა ჯვრისწერის საიდუმლო.

კართაგენის კრების მე-13 კანონის მიხედვით, ახალდაქორწინებულნი, ამ წმიდა საიდუმლოს მიმართ მოწიწების ნიშნად, ერთად ცხოვრების პირველ ღამეს ქალწულობას ინარჩუნებდნენ.

ცოლქმრული ერთგულების დარღვევისთვის დაწესებული მკაცრი საეკლესიო სასჯელი (7-15 წელი წმიდა ზიარებისგან დაყენება) ასევე ნათლად მოწმობს, თუ რაოდენ ამაღლებულად მიიჩნევს ეკლესია ქორწინების სიწმიდეს. ამასვე მოწმობს მეორედ ქორწინებულისადმი მისი დამოკიდებულება. ეკლესია არასდროს კრძალავდა მეორე ქორწინებას, პირიქით, მცდარად მიიჩნევდა ზოგიერთი ერეტიკოსის (მონტანისტებისა და ნოვატიანების) შეხედულებას, რომ მეორედ ქორწინების გამო ადამიანი ეკლესიიდან ყოფილიყო განკვეთილი. თუმცა, პავლე მოციქულის სწავლების მიხედვით, ეკლესიაში აკრძალული იყო მეორედ ქორწინებაში მყოფი სასულიერო პირის ხარისხში აყვანა. ამის გარდა, მეორეცოლიანებს ერთი წელი ეკრძალებოდათ ზიარება, მესამე ცოლის მოყვანის შემთხვევაში კი - სამი წელი ვერ ეზიარებოდნენ, სასჯელად იმისა, რომ არ ეყოთ მოთმინება და ვერ შეძლეს, ღვთის ნებას მინდობოდნენ. მეორედ ჯვრისწერისას წარმოითქმება ლოცვა, სადაც უფალს შესთხოვენ, შეუნდოთ ხორციელი უძლურება, რამაც ხელახალი ქორწინებისკენ უბიძგათ. ბასილი დიდის მიხედვით, მესამედ ქორწინება მხოლოდ მრუშობაზე უმჯობესია. რაც შეეხება პოლიგამიის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებას, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ქორწინების სიწმიდის დასაცავად ეკლესია ქორწინების წინააღმდეგ მებრძოლთ ანათემას გადასაცემდა (მოც. 5,51, განგრ. 19,14). სახარებისეული და მოციქულთა სწავლებით, თუმცა ქალწულობა ქორწინებაზე აღმატებულია, მაგრამ იგი ყველას არ მოეთხოვება, არამედ მხოლოდ იმ ადამიანის ნებასურვილზეა დამოკიდებული, ვინც ამას შეძლებს. პავლე მოციქულის სიტყვით, „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ“ (ებრ. 13,4).

სამწუხაროდ, მოციქულთა შემდეგ გამოჩენილმა ცრუმოძღვრებმა დაამახინჯეს სახარებისეული შეხედულება ქორწინების შესახებ. ისინი ქორწინებას ცოდვად მიიჩნევდნენ და ცდილობდნენ, თავიანთი ცრუ მოსაზრება ყველგან გაევრცელებინათ, რასაც უცილობლად მოჰყვებოდა კაცთა მოდგმის გადაშენება; ისინი ქორწინებას ცხონების ხელისშემშლელ პირობად მიიჩნევდნენ. ქორწინებას ებრძოდნენ სხვადასხვა სექტები: ესეელთა, სატურნების, ბასილიდის, მარკიონის, შემდეგ ენკრატიტები, მანიქეველები, ევსტათიები და სხვ. სამწუხაროდ, დღეს მართლმადიდებელთა შორისაც შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეცდომით მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ბერ-მონაზვნური ცხოვრება არის ცხონების ერთადერთი აუცილებელი პირობა, ერში ყოფნა კი ცდუნებებთან ბრძოლაში უცილობელი დამარცხების მიზეზი გახდება. ასეთებს შეგვიძლია ერთ-ერთი ცნობილი პატერიკი შევახსენოთ: ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებული გულმოდგინებით ლოცულობდა. ამ დროს ზეციდან ხმა მოესმა: „შენ ჯერ კიდევ ვერ მიემსგავსე ორ დედაკაცს, რომელნიც მახლობელ ქალაქში ცხოვრობენ“. მაკარის გაუკვირდა ეს სიტყვები და მათი ცხოვრების გაგება მოინდომა, წავიდა ქალაქში, მოძებნა ის სახლი, რომელშიც ორი დედაკაცი ცხოვრობდა. წმიდა მაკარიმ მათ ასე მიმართა: „მხოლოდ თქვენი გულისთვის მივიღე ჩემს თავზე დიდი შრომა, შორეული უდაბნოდან მოვედი, რათა შევიტყო თქვენი საქმენი. დაუფარავად აღიარეთ ყოველივე ჩემს წინაშე“. დედაკაცებმა ქალწულებრივი მორცხვობით მიუგეს: „კაცო ღვთისაო! განა შეიძლება რაიმე ღვთივსათნო საქმე მოეთხოვოს იმას, ვინც მუდამ ჟამს ოჯახის მზრუნველობაში არის გართული და უნდა აღასრულოს მეუღლის მოვალეობა?“ მაგრამ წმიდა მაკარი დაჟინებით თხოვდა მათ, მოეთხროთ მისთვის თავიანთი ცხოვრების შესახებ. მაშინ ქალებმა თავმდაბლად უპასუხეს: „ჩვენ ორნი - რძლები ვართ, ღვიძლ ძმათა მეუღლენი. თხუთმეტი წელია, ერთად ვცხოვრობთ და ამდენ ხანს არცერთი საწყენი სიტყვა არ გაგვიგონია ერთმანეთისაგან. შვილები არა გვყავს და თუ უფალმა მოგვანიჭა ისინი, პირველი ჩვენი საზრუნავი იქნება ღვთის ვედრება, რომ ღმერთი შეგვეწიოს, აღვზარდოთ ისინი მოშურნენი და კეთილმოქმედნი. მოსამსახურეებს ვეპყრობით თავაზიანად, ბევრჯერ მოვინდომეთ მონაზვნად შედგომა, მაგრამ მეუღლეებისგან ნებართვა ვერ გამოვითხოვეთ, ვინაიდან ჩვენდამი მათ სიყვარულს ვთხოვთ. ამიტომ გადავწყვიტეთ მათთან დარჩენა მათდა სანუგეშოდ, ხოლო ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც რომ მიემსგავსოს წმიდა მეუდაბნოე დედების ცხოვრებას, გულში გადავწყვიტეთ, ვერიდოთ ჭორებს და ცუდუბრალო საუბრებს, უფრო ხშირად ვიმყოფებოდეთ შინ და ვუვლიდეთ ოჯახს“.

წმიდა მაკარიმ წარმოთქვა: „ჭეშმარიტად ღმერთი მას კი არ უცქერს, ქალწულია ვინმე თუ შეუღლებული, ბერია თუ ერი, არამედ ეძიებს მხოლოდ გულით კეთილი საქმის მიმდევარს და შეიწყნარებს, მოხედავს მას და მოუვლენს სული წმიდას, რომელიც ამოქმედებს და მართავს ცხოვრებას თითოეული კაცისა, რომელსაც კი უნდა ცხოვნება“.

ეს მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, რომ ცხონება ყოველი ქრისტიანისათვის არის შესაძლებელი, ბერი იქნება ის თუ ერისკაცი, შეუღლებული თუ ქალწული, ვინაიდან „რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნიეს მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ“ (იგავ. 18,22). „ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება. ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს. კარგი ცოლი კარგი ხვედრია - წილად ერგებათ უფლის მოშიშებს“ (ზირაქ. 26,1-3).

მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 31-35, 2002 წ.