სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

სააღდგომო ეპისტოლე

წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა,
მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა
და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა,
მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

ღმერთი ნათელ არს.
(1 იოვანე 1,5)

ქრისტეს მიერ საყვარელნო წმიდა სინოდის წევრნო - ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო და დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.

ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისაჲ და მშვიდობისაჲ იყავნ თქუენ თანა (2 კორ. 13, 11).

წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას შეჰღაღადებს ცა და ქვეყანა აღდგომილ მაცხოვარს. აღვსილი ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით გულითადად გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწყებაა ეკლესიის აღდგომისა, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგვნს.

წმ. ათანასე დიდის მოძღვრებით, „უფალმა ცხოვნების უმთავრეს მიზნად სცნო გამოეცხადებინა აღდგომა თავისი სხეულისა, რათა ამით ეჩვენებინა ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა და დაერწმუნებინა ყოველნი, რომ დახსნილ არს ხრწნილება და მომადლებულ არს უხრწნელობა“ (სწავლანი, წ.1, გვ.219).

ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისათვის, არამედ - განწმენდისა, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისათვის. ქრისტიანის მიზანია დაამყაროს კავშირი ღმერთთან წმიდათა შვიდთა საიდუმლოთა და განუწყვეტელი ლოცვის მეშვეობით. აქ ღვთის ნებას ადამიანის ნება უნდა შეერწყას. ამ კავშირშია არსი სიწმიდისა და სიყვარულისა.

წმიდა მამები გვასწავლიან, რომ თუ ადამიანის ნება ემორჩილება ღვთის ნებას, მაშინ მისი სიცოცხლე ღვთიურია. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამგვარ კავშირს ღმერთთან? ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიაში. ყველანი, ვინც არიან წევრნი ეკლესიისა, ატარებენ რჩეულთა ბეჭედს არა იმიტომ, რომ მხოლოდ მათ დაიმკვიდრონ საუკუნო ნეტარება, არამედ რათა შეცვალონ და გააერთიანონ მთელი კაცობრიობა, დაყოფილი ცოდვითა და ეგოიზმით.

ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ არა გარეგანი ნიშნებით, არამედ შინაგანი არსებით, როგორც გაერთიანებულია სამპიროვანი წმიდა სამება ერთარსებად, და ქრისტიანთა ეს გაერთიანება ერთ აზრსა და ერთსულოვნებაში უნდა ვლინდებოდეს.

ეკლესიის ცხოვრებაში, როგორც საიდუმლოში, არის ორი მხარე: გარეგნული მხარე, რომელიც მოიცავს ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას, დაფუძნებულს ქრისტიანულ რწმენასა და სიყვარულზე. და მეორე მხარე - მისტიური, რომელიც იწყება აქ, დედამიწაზე და ზეციური სასუფევლის მარადიულობაში გრძელდება.

ვინ შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტეს ეკლესიას? ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღიარებს სჯულის კანონებს, ვინც ეზიარება ტაძარში შესრულებულ წმიდათა საიდუმლოთა, რომელნიც სამღვდელოების მიერ წმიდა მოციქულთაგან მიღებული მადლით აღესრულებიან.

ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ის ვალდებულია იყოს წმიდა, რათა დაიმკვიდროს სასუფევვლი ღვთისა. „წმიდაა წმიღათა“, - ხმობს მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, აღამაღლებს რა წმიდა ტარიგს, განწესებულს წმ. ზიარებისათვის. ამ ორ სიტყვაში ღრმა აზრია: ქრისტეს წმიდა ხორცი განკუთვნილია მხოლოდ წმიდათათვის, ე.ი. მათთვის, ვინც სინანულისა და აღსარების საიდუმლოს წყალობით თავისი შინაგანი სამყაროს განწმენდით წმიდა გახდა.

თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, სული ეკლესიისა - სული წმიდა, წევრნი ეკლესიისა - ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმიდა სამება, ვართ ნათელღებულნი და ზიარნი ყოველთა საიდუმლოთა. ეკლესიის საშუალებით იღებს მორწმუნე მრევლი ღვთის მადლს და ნიჭთა სულისა წმიდისათა.

მაშასადამე რა არის ეკლესია? ეკლესია წარმოდგება ბერძნული ზმნისაგან „ეკკლეო“, რაც ნიშნავს ვუხმობ, მოვუწოდებ, ვეძახი შეკრებაზე, კრებაზე. ამრიგად, ეკლესია არის ადამიანები, რომელნიც ღმერთმა ამოირჩია და თავისთან მოუწოდა.

მთავარი არსი ეკლესიისა არის ის, რომ მორწმუნე, მისი წევრი, განუწყვეტელ კავშირშია მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და წმიდა სულთან. ეკლესიაში ხდება საიდუმლო შეხვედრა ადამიანისა ღმერთთან (იოვანე 17, 21-26).

ეკლესიის ყოველი წევრი ქრისტესია - ქრისტიანია. ადამიანი, რომელიც თავის თავს თვლის მორწმუნედ და არ არის ეკლესიის წევრი, არ არის ნაწილი ერთისა ვაზისა, არ არის შეზრდილი ქრისტეს, არ იმყოფება მასში, არ ასრულებს მის მცნებებს, არ აღმართულა ცოცხალ ქვად ეკლესიის შენობაში - ასეთი ადამიანი მარტო იმყოფება აღელვებულ ზღვაში, რომელიც აუცილებლად შთანთქავს მას.

რა ახასიათებს ქრისტეს ეკლესიას? ეკლესია ერთიანია, წმიდაა, კათოლიკე და სამოციქულოა. იგი დაარსდა სულთმოფენობის დღეს. ქრისტეს ეკლესიის პირველნი წევრნი მუდამ იმყოფებოდნენ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა... აქებდეს ღმერთსა... ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა (საქმე მოც. 2,42-47). ეკლესიაში არ არის გაყოფა, მისი წევრნი არ არიან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი დამოუკიდებელი ჯგუფები, მათ აქვთ ერთი გული, ერთსულ არიან, მათ ხელმძღვანელობს ერთი და იგივე სული წმიდა, ისინი შეადგენენ ერთ მთლიანობას - ქრისტეს სხეულს. მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის ლოცვით შეიძლება გახდეს ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა.

ეკლესია სულია ერისა.

ეკლესიაში ყველაფერი ერთიანი უნდა იყოს: ერთი თავი - უფალი იესო ქრისტე, ერთი სული ღვთისა, რომელი ყოველთა აღავსებს, ერთი მოძღვრება რწმენისა და ცხოვრებისა, ერთნი მაცხოვნებელნი საიდუმლონი, რაც ყველასათვის აუცილებელია.

ეკლესია ერთია, მაგრამ დაყოფილია ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებად რომელნიც არიან წევრნი ერთი წმიდა, მსოფლიო სამოციქულო ეკლესიისა. მასში შედიან: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და სხვ. ეკლესიები. წმ. კვიპრიანე ამის შესახებ შესანიშნავად ამბობს: „მზე გამოჰყოფს უამრავ სხივს, მაგრამ ნათელი ერთია; ხეს გააჩნია ტოტები, მაგრამ იგი ერთია; ნაკადულნი ერთი სათავისგან გამოედინებიან... განაცალკევე მზის სხივი მზისაგან - ერთიანობა არ დაუშვებს სინათლის ცალკე არსებობას; ჩამოაჭერი ხეს ტოტი - ჩამონაჭერი დაკარგავს სიცოცხლეს; გათიშე ნაკადული სათავისაგან - ნაკადული დაშრება. მსგავსად ამისა, უფლის ნათლით გაცისკროვნებული ეკლესია მსოფლიოს ჰფენს თავის სხივებსა და ამავე დროს ის მაინც ერთია, არ ირღვევა მთლიანობა მისი სხეულისა, მთელს ქვეყანაზე გადაშლილი აქვს თავისი ნაყოფიერი ტოტები“.

ეკლესიის ერთიანობასთან ორგანულადაა დაკავშირებული ეკლესიის სიწმიდე. როგორც ცნობილია, ცოდვა არის მიზეზი დაყოფისა. ცოდვის დათრგუნვა, უპირველესად ყოვლისა, თავად ადამიანს ამთლიანებს, მას ღმერთსა და მოყვასთან აკავშირებს.

სიწმიდე ეკლესიისა თვითმყოფადი და ურყევია.

თუკი ეკლესია ღვთის სხეულია, განა შეიძლება ქრისტეს სხეული არ იყოს წმიდა? ეკლესიის სიწმიდე ქრისტეს სხეულის სიწმიდიდან გამომდინარეობს, ამიტომ ეკლესია უძლეველია: ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (მათე 16,18).

ეკლესიის ყოველი წევრი, მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა, თუ მისი ცხოვრება ღვთისათვის სათნოა, სული წმიდის მადლით იმოსება. ეკლესიაში სული წმიდის მადლის ზემოქმედებით ხდება ადამიანის განწმენდა ცოდვებისაგან და მისი სულიერი განათლება. მადლი ღვთისა გარდაქმნის ადამიანს, რის შედეგად ცოდვილი პოვებს განმართლებას და ხდება წმინდა.

წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.) შემდეგნაირად აღწერს ეკლესიის მთლიანობას: „ეკლესიამ, თუმცა იგი განფენილია ქვეყნის კიდიდან კიდემდე, მიიღო მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან რწმენა... ამ ქადაგებასა და რწმენას ეკლესია მტკიცედ ინახავს, როგორც ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახი, და სწამს, როგორც მქონეს ერთისა სულისა და ერთისა გულისა; თანახმად ამისა, ქადაგებს და ასწავლის... თუმცა ენები მსოფლიოში სხვადასხვაა, მათი გადმოცემის ძალა ერთი და იგივეა. არც ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანულ ქვეყნებში, არც ივერიის ეკლესიებს, არც კელტებს, არც აღმოსავლეთში, არც ეგვიპტეში, არც ლიბიაში... განსხვავვბულად არა სწამთ; როგორც მზე, ქმნილება ღვთისა, ქვეყანაზე ერთი და იგივეა, ასევე ქადაგება ჭეშმარიტებისა ყველგან ანათებს და განანათლებს ყოველთა კაცთა, რომელთაც სურთ შეცნობა ჭეშმარიტებისა“ (წმ. ირინეოს ლიონელი. ერეტიკოსთა წინააღმდეგ, 1,10,1-2).

ჩვენთვის მით უფრო ძვირფასია ეკლესიის ამ დიდი მასწავლებლის სიტყვები, რამდენადაც იგი მაგალითისათვის ასახელებს ივერიის ეკლესიებს, როგორც შემნარჩუნებელთ მოციქულთა რწმენისა და ჭეშმარიტებისა ჯერ კიდევ II საუკუნეში. აქედან ჩანს, რომ კაპადუკიიდან წმ. ნინოს მოსვლამდე ივერიის ეკლესია უკვე ჰყვაოდა და მოციქულთა რწმენის დამცველი იყო.

ქრისტეს ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა სამღვდელოების ერთიანობა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: „მსოფლიო ეკლესია ერთია, განუშორებელი და განუყოფელია. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა მღვდელთმთავარი ერთ მთლიანობაში“. სხვაგან იგივე წმიდა მამა წერს: „ეს მთლიანობა მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენ, ეკლესიის თავში მდგომმა ეპისკოპოსებმა, რათა ვაჩვენოთ, რომ თვით ეპისკოპოსები ერთნი და განუყოფელნი არიან...“

წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ცხოვრობდა IV ს-ში და საქართველოში აღასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება, შესანიშნავად წერს ქრისტიანთათვის ეკლესიის აუცილებლობაზე: „შეუძლებელია ზღვის გადაცურვა გემის გარეშე. ქრისტეს წმიდა ეკლესია დედამიწაზე იგივეა, რაც გემი ზღვაში. ამ სულიერი გემის ბატონ-პატრონი თვით ყოვლისშემძლე მამა ღმერთია, საჭეთმპყრობელი - მხოლოდშობილი ძე მისი, წამყვანი ქარი - სული წმიდა, მმართველნი გემისა არიან მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, მოძღვარნი და მასწავლებელნი ეკლესიისანი, მგზავრნი - მართლმორწმუნე ქრისტიანენი, ძირი და საფუძველია. მართალი რწმენა წმიდისა სამებისა, კედლები, წინა ნაწილი და გემის საჭე წარმოდგენილია როგორც სარწმუნოების დოგმები, ღვთის მცნებები, გადმოცემანი ეკლესიათა, კანონნი მოციქულთა და მსოფლიო კრებათა“.

ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას: რა გააკეთა წარსულში ეკლესიამ ჩვენი ხალხისათვის, ასრულებს თუ არა დღეს იგი თავის მაცხოვნებელ მისიას, როგორია ეკლესიის როლი მომავალში? თუ ჩვენ რეალურად არ განვიხილავთ ეკლესიის მნიშვნელობას წარსულში, ჩვენ ვერ შევძლებთ ნათლად დავინახოთ მისი აწმყო და მომავალი.

რა მოგვცა ეკლესიამ წარსულში? ბევრი რამ, რითაც ამაყობს ჩვენი ერი ხელოვნების, ლიტერატურის, არქიტექტურისა და სხვა სფეროში, ქრისტიანული სულიერებისა და ცივილიზაციის საფუძველზე შეიქმნა. ჩვენი ეკლესია დაარსდა მაშინ, როდესაც რომის იმპერიაში ვარსკვლავებრ ამობრწყინდა ათეულათასობით მოწამე, როდესაც ეგვიპტისა და იორდანეს უდაბნოებში მოღვაწეობდნენ ღირსი მამები, რომელთა მარხვისა და ლოცვის ღვაწლი ყოველთვის განაცვიფრებს ყველა ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანს. ჩვენი ეკლესია აღმოცენდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოსათვის ცნობილი გახლა ღრმა ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა: წმ. იუსტინე ფილოსოფოსისა, კლიმენტი ალექსანდრიელისა, წმიდათა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა, იოანე ოქროპირისა და სხვ. შრომები.

ჩვენმა ხალხმა შეითვისა და შეისისხლხორცა მთელი ეს სულიერი ნექტარი; ეს სხივები გარდატყდა ჩვენი ცნობიერების პრიზმაში და ჩვენმა ხალხმა სრულიად ახალი შედევრები შექმნა სულიერი საგანძურისა. რა იქნებოდა საქართველო წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, დავითისა და კონსტანტინეს, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I, ეფრემ ფილოსოფოსის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის და მრავალთა სხვათა ღვაწლის გარეშე: ვის ეცოდინებოდა დღეს საქართველოს შესახებ, რომ არ გვყოლოდა ბექა ოპიზარი, ბერი დამიანე; წარმოუდგენელია საქართველო მსოფლიოში ცნობილი ტიხრულ-მინანქრული ხატების, სვეტიცხოვლის, ჯვარის, ბოლნისის სიონის გარეშე. ასეთი მაგალითების მოტანა ათასობით შეიძლება. მთელი ეს საუნჯე ჩვენმა ხალხმა ქრისტიანობისა და საქართველოს ეკლესიის მაცხოვნებელ სხივთა გავლენით შექმნა.

დღეს, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის საუკუნეში, ეკლესია ასრულებს უდიდეს მასიას, აღსავსეა ღვთაებრივი ენერგიით და აქედან გამომდინარე მადლმოსილი ნიჭით, აქტიურ მონაწილეობას იღებს ერის ცხოვრებაში, მშვიდობის დაცვის დიად საქმეში, ურთიერთგაგებისა და სამართლიანობის დამყარებაში.

ეკლესიის ვალია ერის გაერთიანება.

საქართველოს ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენი ერის სულიერი კეთილდღეობისათვის.

ჩვენ დიდად გვახარებს ის პოზიტიური ძვრები, რაც მიმდინარეობს უკანასკნელ წლებში საქართველოს რესპუბლიკაში. ეს წინსვლა ყველაფერში ჩანს: მართლწესრიგში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ქალაქსა თუ სოფელში. ჩვენ გვაღელვებს არა მარტო შინაგანი პრობლემები, არამედ ყველას, ვინც არ არის გულგრილი თავისი სამშობლოსადმი, აფიქრებს იმ თანამემამულეთა - ძმათა და დათა ბედი, ქრისტიანია ის თუ მუსულმანი, რომელნიც აღმოჩნდნენ ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.

განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ მუსულმანებო და ქრისტიანებო, ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები; გახსოვდეთ, სიძულვილისა და სულიერი გაყოფის დაძლევა შეიძლება მხოლოდ სიყვარულით, რომლითაც ასე უხვად დაგვაჯილდოვა უზენაესმა. ჩვენ მარად გვახსოვხართ და დღემუდამ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენი ერის შეერთებისათვის.

ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ამასთან ერთად, საჭიროა გავიაზროთ მოყვასის გასაჭირი და შემწეობა აღმოვუჩინოთ მას.

ჩვენ ღრმა აღშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ თანდათან მატულობს მასიურად მომსპობი იარაღის რაოდენობა და მასთან ერთად მისი გამანადგურებელი ძალა. ჩვენი ეკლესია დარწმუნებულია რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელთა მსოფლიო კონფერენცია, რომელიც ა.წ. 10-14 მაისს მოსკოვში შედგება, იქნება მეტად დროული და ამავე დროს აქტუალური. ჩვენი ეკლესია მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ამ საერთაშორისო ფორუმზე.

დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა და მათთვის, ვინც იღწვის მშვიდობის დამკვიდრებისათვის, ვინც შრომობს პროგრესისა და სამართლიანობისათვის.

ქრისტეს აღდგომის ცხოველმყოფელი სხივი აღწევს ადამიანთა გულებში და ავსებს ქვეყანას სიყვარულითა და სიხარულით. აღსავსე ამ გამოუთქმელი სიყვარულით, გულითადად ვულოცავ მთელ ღვთივკურთხეულსა და ღვთივდაცულ ჩვენს სამწყსოს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. დაე, აღდგომილმა მაცხოვარმა ღირს გვყოს შესვლად აღდგომის სიხარულსა და მიღებად გულთა შინა ჩვენთა მცნებათა სახარებისათა. უფალი მოვალს შენდა, ნუ იქმნები ყრუ და მუნჯ, განუხვენ მას კარნი გულისა შენისანი და შემოვალს იგი და დაადგრება შენ თანა.

აღვავლენ ლოცვებს, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ღირსი ღმერთთან ამ საიდუმლო შეხვედრისა. ვუსურვებ ყველას საუკუნო სიხარულს, ღმერთმა აკურთხოს მთელი ქვეყანა და მოანიჭოს კაცობრიობას კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება.

აღსრულდა! ბრძანებს უფალი: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ. რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე (გამოცხ. 21,6-7).

ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ   ა ღ დ გ ა   ქ რ ი ს ტ ე !

აღდგომა ქრისტესი.
თბილისი, 1982 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.