სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

საახალწლო ეპისტოლე

საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს:

და მივსცე მათი გული სხვაჲ, და სული ახალი მივსცე მათ შორის,
და აღმოვიღო გული მათი ქვისა, და მივსცე მათ გული ხორცისა
ხორცისაგან მათისა, რათა ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან,
და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ და ჰყოფდენ მათ და იყვნენ
ჩემდა ერთად, და მე ვიყო მათდა ღმერთად“ (იეზეკიელი II, 19-20).

ძენო და ასულნო ღმრთისანო, ღვთივკურთხეულნო ივერნო, მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა! (2 პეტრ. 1,2).

კიდევ ერთი წელიწადი მიეცა უსასრულობას. დრო და უსასრულობა თითქოს დაობენ ერთმანეთთან. თითოეული თავისას ითხოვს, ღმერთი კი მათ აერთიანებს, რადგან ორივე მის მიერაა შექმნილი და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება.

ყოველი წუთი გვაახლოებს იმ მიჯნას, როდესაც ჩვენ წუთისოფლიდან მარადიულობაში უნდა გადავინაცვლოთ, და ვიდრე დროისა და უსასრულობის ამ ზღვარს მივაღწევდეთ, უნდა მოვასწროთ განწმენდა, სულიწმიდის მადლით შემოსვა, ცხოვრებაში ჩვენი ადგილის პოვნა და იმ საქმის კეთილად აღსრულება, რომელიც ღმერთმა დაგვაკისრა...

ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი დროაო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მან უპასუხა: აწმყო, რადგან წარსულმა განვლო და უკვე ვეღარაფერს შეცვლი, მომავალი კი არ დამდგარა და არც იცი, რას შემოგთავაზებს ან რამდენად ხანგრძლივი იქნება იგი. გასაკეთებელი დღეს უნდა გაკეთდეს, ხვალ უკვე შეიძლება გვიან იყოს.

დღეს კაცობრიობის მთავარი საზრუნავი დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებაა. მშვიდობისათვის ლოცვით დაიწყო ქრისტიანული ერა: როდესაც იესო მაცხოვარი იშვა, ბეთლემის ცა აივსო ანგელოზთა გალობით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).

ეკლესიაში ყოველდღიურად აღევლინება ლოცვები მშვიდობისათვის: „მშვიდობა ყოველთა“, „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა... უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულა, ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნას.

ომისა და მშვიდობის პრობლემა ამჟამად ყველას აღელვებს, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ჯერ არასდროს არ ყოფილა ასე დაძაბული და რთული. ცხადია, გზა უნდა გადაეკეტოს ახალი მსოფლიო ომის გამჩაღებლებს. საქართველოს ეკლესია აქტიურ მონაწილეობას იღებს მშვიდობის დაცვის საქმეში და ხმას უერთებს ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის მოწინავე ნაწალის მოთხოვნას - აღიკვეთოს ომის საშიშროება და შეიქმნას პირობები მშვიდობიანი და სამართლიან მოლაპარაკებისათვის.

სწრაფვა მშვიდობისაკენ, ზრუნვა მშვიდობისათვის - ქრისტიანული სინდისის უმაღლესი მოთხოვნილებაა. „ეძიებდე მშვიდობასა და მისდევდე მას“, - ბრძანებს წმიდა წინასწარმეტყველი დავითი. დღეს გაჩუმება არ შეიძლება: საჭიროა დაუცხრომელი ლოცვა დ მოქმედება, სანამ ჯერ კიდევ არ ალაპარაკებულა ატომური იარაღი თავისი საშინელი ენით, ყოვლისმომსპობი სიკვდილით რომ ემუქრება კაცთა მოდგმას.

უეჭველია, მსოფლიო პროგრესული ძალების აქტიური ბრძოლის შედეგად ბირთვული კატასტროფის საფრთხე აცილებული იქნება და იზეიმებს მშვიდობა, როგორც ნიშანი სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.

ყოველი წარსული წელი ჩვენი მასწავლებელია. ბევრი გაკეთდა და ბევრიც გაფუჭდა ჩვენი მიზეზით, თუ ყოველივე ამას საღი თვალით შევხედავთ, უფრო კარგად გავიგებთ სიხარულისა და მწუხარების ფასს, უფრო მეტად ვიგრძნობთ ადამიანთა ტკივილსა და უძლურებას და სწორ გზაზგ დავდგებით.

ხშირად გვინდა ვუწამლოთ სხვის დარდს და ვერ ვკურნავთ, ვცდილობთ გაჭირვებულის შველას, მაგრამ ვერ ვეხმარებით და სასოწარკვეთილება გვეუფლება. ამ დროს ჩაგვესმის ხმა იდუმალი: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ. 14,6); ეს ხმაა ღვთისა - ერთადერთი ჭეშმარიტი მკურნალისა და შემწისა. დაე, უფალმან განკურნოს სალმობანი ჩვენნი!

ქვეყნად სიკეთისა და სიწმიდის აქტიური გამოვლინება თავისი სულიერი ნათების გამო ყოველთვის ბოროტების გაღიზიანებას იწვევს: რაც არ უნდა უწყინარი და ჩუმი იყოს ღვთის ეს მადლი, სიძულვილი ბოროტების მხრიდან მაინც იზრდება.

რა საერთო აქვს სიკეთეს ბოროტებასთან, რატომ ებრძვის უკეთურება სათნოებას? იმიტომ, რომ ბოროტება ყველასათვის თვალსაჩინო, ხილული ხდება და ეშინია, არ ამხილონ, არ უარყონ იგი.

რა შეიძლება იყოს სინათლეზე უფრო სასიამოვნობ? მისკგნ ისწრაფვის ყოველი ცოცხალი, მისით არსებობს, მისით ხარობს. მაგრამ, როცა სინათლის სხივი სნეულ თვალს მოხვდება, აღიზიანებს და მწვავე ტკივილს იწვევს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც; მშვენივრად ბრძანებს ამის შესახებ უფალი იესო ქრისტე: ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი (იოანე 3,19-20).

ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოგვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გააფთრებულნი ყვიროდნენ: ჯუარს-აცუ ეგე (იოანე 19,15).

შეცნობა საკუთარი თავისა ყველაზე ძნელი და ყველაზე სასარგებლო საქმეა; სცადე, შეადარე შენი თავი ბნელ ოთახს. ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ იქ სისუფთავეა, მაგრამ საკმარისია, შემოიჭრას მზის სხივი, დაინახავთ რამდენი მტვერი ყოფილა ჰაერში. ადამიანიც ასეა. სანამ იგი შორსაა ღვთისაგან, საკუთარი თავი სუფთა და უნაკლო ჰგონია, მაგრამ, როცა თუნდაც მცირე მანძილით მიუახლოვდება უფალს, ღვთაბრივი მადლის ნათელი მიახვედრებს, რაოდენი სიმდაბლეა მის ფიქრებსა და გრძნობებში, რამდენს ცოდავს საქმითა და სიტყვით.

გონიერების პირველი ნიშანი საკუთარი შეცდომების, ცოდვების შეგნებაა.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: „უკეთუ გსურს შეიტყო კეთილწარმატებაჲ შენი, გამოსცადე, რაოდენ ცოდვილად განიცდი თავსა შენსა; და ვითარ მეტად ნათელ არს მზერაჲ შენი, უფრორე კეთილად ხედავ დიდებასა ღვთისასა და ცოდვილობასა თავისა შენისასა“.

ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი...

ასე იქცეოდა, მაგალითად, ციცერონი. იგი წერს: „ყოველდღიურად ჩემს თავს ვევლინები ბრალმდებელად და მოსამართლედ. როცა სანთელი ჩაიწვება, მივეცემი ხოლმე მთელი ჩემი დღის განსჯას, გამოწვლილვით განვიხილავ თითოეულ სიტყვასა და მოქმედებას, არაფერს არ ვმალავ, არაფერს არ ვპატიობ საკუთარ თავს“.

ამის მისაღწევად აუცილებელია რწმენა და ცოდნა, ასევე აუცილებელია მისწრაფება სულიერი სრულყოფისაკენ. ზერელე ცოდნა გვაშორებს რწმენას, ხოლო სიღრმისეული - მასთან გვაახლოებს. ცოდნა მსგავსია სინათლისა, რწმენა შეიძლება შევადაროთ სითბოს. როგორც სხეულის ფიზიკური განვითარებისათვის საჭირო სინათლე და სითბო, ასევე საჭიროა ცოდნა და რწმენა სულიერი ცხოვრებისათვის.

ადამიანის გონება მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, როდესაც იგი ღვთაებრივი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისაგან საზრდოობს უფლისაგან - სიკეთისა და ცხოვრების წყაროსაგან განდგომილ სულს მიაჩნია, რომ იგი იზრდება, ვითარდება, წინ მიისწრაფვის... სინამდვილეში კი მასში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ეგოიზმი, გულქვაობა ღვივდება...

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, „გარეშე ცხოვრებისა ბრძნულისა ვერ შესაძლებელ არს ყოფნა ბრძენად“.

თუ ადამიანი ღვთის და მისი სიმართლის გარეშე ცხოვრობს, მაშინ შრომა მისი ამაო არს, უკურთხებელია იგი უფლისაგან. აი, როგორ მიმართავს მას უფალი წმ. წინასწარმეტყველი მიქიას პირით: „შენ სჭამე და არა განსძღე, და დაბნელდეს შენ შორის და შეპყრობილ იქმნე და შენ ვერ განერე, და რაოდენიცა განერენ, მახვილსა მიეცნენ. შენ სთესო და ვერ მოიმკო, შენ სწნეხდე ზეთსა და შენ ვერ იცხო ზეთი, და ჰქმნა ღვინო და ვერ ჰსუა“ (მიქია 5,14-16).

ასე რომ, უნდა ვისწავლოთ გზების ძიება ჩვენი ცხოვრების სათავესთან, ჩვენი ყოფისათვის აზრის მომნიჭებელთან, სიყვარულისა და იმედის წყაროსთან - ღმერთთან დასაახლოვებლად.

ერთი მორწმუნე ხშირად დადიოდა ეკლესიაში. იჯდა ხოლმე დაცარიელებულ ტაძარში და საათობით შესცქეროდა მაცხოვრის ხატს. ჰკითხეს, რატომ ატარებდა ასე დღეებს. მან უპასუხა: „მე ვუცქერი უფალს, ის მიყურებს მე და გვიხარია, რომ ერთად ვართ“. ამ ადაშიანს ღმერთთან უსიტყვოდ საუბარი ჰქონდა ნასწავლი.

როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.

ზოგიერთი ადამიანის გული ისეა დაკნინებული, რომ არა თუ ღვთისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მასში ადგილი. ასეთ პიროვნებას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს.

ზოგის გული კი საოცრად დიდია: იქ დაუმკვიდრებია დიდსა და პატარას, კეთილსა და ბოროტს, წმიდანსა და ცოდვილს... ასე ხდება იმიტომ, რომ ამგვარი გული ტაძარია ღმრთისა, უფალია მასში და ეს ხალხი იქ დავანებული ღვთის გარშემო იკრიბება. ასეთ გულში კეთილი უფრო კეთილი ხდება, ბოროტი და ცოდვილი კი სულიერად იწმინდება და მაღლდება.

სულიერი სრულყოფისათვის ყველაზე საუკეთესო საშუალება ჯვრის მტვირთველობა - განსაცდელის გზაა.

ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭელს. მეჭურჭლემ იცის, რამდენ ხანს და რა ტემპერატურაზე სჭირდება მას გამოწვა: თუ ცეცხლზე ზედმეტ ხანს გააჩერებს, დასკდება, ხოლო თუ ცოტა ხანს - ნესტიანი დარჩება და გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. მსგავსად ამისა, იცის უფალმა, რა განსაცდელი განუმზადოს თითოეულ ჩვენგანს, რომ სულიერად გამოაწრთოს და ღირსყოს მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის.

წმ. იოანე ოქროპირი წერს: „როს კეთილდღეობასა მიემთხვიო, შესწირე მადლი უფალსა და იქნება მტკიცე დღეკეთილობა შენი; ოდეს გესტუმროს უბედურება ჰმადლობდე უფალსა და სიმწარე შენი მსწრაფლ განქარდება“.

მწუხარებისა და განსაცდელის გზას სიხარულსა და ბედნიერებასთან მივყავართ. თუ კაცს ამ გზით არ უვლია, ის ვერ გაიგებს აზრს ჭეშმარიტი ბედნიერებისას, რომლისკენაც მრავალი ბილიკი მიდის, ოღონდ ყველა თავისას ირჩევს. მთავარია, იმედი არ დაკარგო, მუქი ფერებით არ აღიქვა სამყარო. ქვეყნად ბევრია ჭმუნვა და ურვა, მაგრამ სიხარულიც ბევრია. არ შეიძლება არ გაგახაროს ჩვენი ხალხის მატერიალურმა და სულიერმა მიღწევებმა მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ტექნიკასა და სხვა დარგში; ყოველიგე ეს გულს სიამით ავსებს, რადგანაც იგი ჩვენი შრომისმოყვარე ხალხის ღვაწლის ნაყოფია, თითოეული ჩვენგანის გარჯის შედეგია.

ბრძენს უთქვამს: „არავინაა შენი მტერი, არც მოყვარეა ვინმე, ოღონდ იცოდე, ყოველი კაცი შენი დიდი მასწავლებელია“.

ადამიანის სული ამოუწურავი სათავეა ენერგიისა, უხვი და მდიდარი წყაროა მამოძრავებელი ძალისა, ოღონდ ეს ძალა აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და წარიმართოს სწორი გზით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პიროვნებები ერთმანეთისაგან სულიერად განსხვავდებიან. ზოგი მეამბოხე, მშფოთვარე ხასიათისაა, ზოგი - გულფიცხი და ავადმყოფურად მგრძნობიარე, ერთი სიტყვაც კი წონასწორობიდან რომ გამოიყვანს... მაგრამ არიან სათნო, წყნარი ადამიანები, შინაგანი სიმშვიდით სავსენი, რომელნიც ამ მადლს გარშემო მყოფთაც უზიარებენ.

არც თუ იშვიათად გვხვდებიან ღვთისგან განსაკუთრებულად დაჯილდოვებული პიროვნებები, მათი სულიერობა და ცოდნა იმდენად დიდია, რომ უნარი შესწევთ, ადვილად აითვისონ ყველა ის სიკეთე, რაც სხვადასხვა ხალხის ინტელექტის მიერ შექმნილა. შეუძლიათ ჩასწვდნენ მოვლენების სიღრმისეულ არსს, დაინახონ არა მარტო ის, რაც ახლა ხდება, არამედ განჭვრიტონ მომავალიც. ისინი დიადი საქმეებისათვის არიან მოწოდებულნი, გმირობისათვის დაბადებულნი, ოღონდ აუცილებელია, გული ჰქონდეთ კეთილი.

აღმოსავლეთში, სადაც ადამიანის სულიერ აღზრდას ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, არსებობს ასეთი ცნება: „გულის კულტურა“. იგი წარმოადგენს მთელი სულიერი ეთიკის საფუძველს.

ჩვენი მიზანი - სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბება - მხოლოდ გონების კულტურითა და ცოდნით ვერ მიიღწევა. უნდა შევიგნოთ, რომ არ შეიძლება მარტო გონებაზე დაყრდნობა, რომ ნამდვილი შემოქმედება გულისა და აზრთა ჰარმონიაა.

ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი. გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის სწორთან ურთიერთობა, სურვილი კლავს, დაამციროს იგი; აღიზიანებს დაბალი მდგომარეობის ნიჭიერ ადამიანებთან კონტაქტი, ეშინია მას არ გაუტოლდნენ, ან მასზე მეტად არ დაწინაურდნენ.

ნეტარი ავგუსტინე წერს: „შური შვილია ქედმაღლობისა, თუ მოკლავ დედას, მისი ნაშიერიც დაიღუპება“.

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, გაზიარებული მწუხარება სუსტდება, ხოლო გაზიარებული სიხარული ძლიერდება.

თუ შენს გულში ადგილი აღარა აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნგბას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინე რწმენა და სიყვარული, სიმშვიდე, მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი თავი ბედნიერად, რადგანაც შეგძლებია არა მარტო თავის შეცნობა, არამედ დაძლევაც მისი.

მიდიან წლები, საუკუნეები... თითოეულ ახალ წელს ადამიანი ელის რაღაც ნათელს, სასიხარულოს, განუმეორებელს... ყოველი ახალი წელი, ახალი იმედით გვავსებს.

სიყვარულით გილოცავთ, შვილნო ჩემნო, დამდეგ  1984 წელს; დაე, იყოს იგი კურთხეული, მშვიდობიანი, სიკეთისა და ბედნიერების მომტანი; დაე, ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ხალხი და მისი ნათელი მომავალი. აკურთხოს ღმერთმა თითოეული თქვენგანი და აგისრულოთ ყოველი თქვენი კეთილი სურვილი და ნატვრა. 

საახალწლო ეპისტოლე მინდა დავასრულო სიტყვებით პოეტ ვახტანგ ორბელიანისა, რომელიც განისვენებს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში:

კაცი ის არის, ვინც საქმით ქველით,
გონებით, სწავლით მიახლოვდება მაღალ ღვთაებას;
ვინც ცდილობს მისწვდეს და ჭკუით მიხვდეს
საღმრთო განგების იდუმალ ნებას;
ვინც უდგას შორსა სიცრუეს, შურსა,
ვის არ ეხება პირმოთნეობა;
აქვს სული წრფელი, სიტყვა ნათელი,
გულს დაიმარხა ჭეშმარიტება;
ვის არა რცხვენის, ვის არ ეშინის,
იგი მაღალთა მაღლა ასმინოს,
და იმ ღვთაებას, ჭეშმარიტებას,
არ დაიზოგოს, თავი შესწიროს“.

(„კაცი ის არის“)

ღმერთი გწყალობდეთ, მზე დაგნათოდეთ, სიყვარული გათბობდეთ, იხარეთ მარად!

1984 წელი, თბილისი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.