უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საახალწლო ეპისტოლე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს

„შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა“ (ფს. XX,23)

ახალ წელთან შეხვედრისას ყოველთვის რაღაც უჩვეულოსა და განუმეორებელის განცდა გვეუფლება. ახალი წელი... ახალი იმედები... რას მოგვიტანს იგი: რწმენას, სასოებას, სიყვარულს, მშვიდობას თუ მწუხარებასა და განსაცდელს? რა არის ჩვენთვის აუცილებელი, საით მივდივართ და რას ვესწრაფვით?

თავისი ბუნებით ადამიანი მიილტვის ბედნიერებისაკენ. ესაა როგორც მთელი საზოგადოების, ისე თითოეული ინდივიდუუმის ცხოვრების განმსაზღვრელი ყველა დროსა და ეპოქაში. თუმც საკითხავია, შეუძლია კი პიროვნებას მოიპოვოს ჭეშმარიტი სიხარული, ანდა სწორედ ესმის მას ბედნიერების არსი?

იმედგაცრუებულს ეჩვენება, რომ ბედნიერება არ არსებობს, რომ ყოველივე ეს მოჩვენებითია; ღარიბს მატერიალურად უზრუნველყოფილი შეძლებული ცხოვრების მიღწევა მიაჩნია უმთავრეს მიზნად; ამიტომაც ყოვლის ღონით ცდილობს, დააგროვოს სიმდიდრე, არ ერიდება სულიერ ღირებულებათა დათრგუნვასა და უგულებელყოფას... მაგრამ, როცა ხანგრძლივი შრომის შემდეგ, და ხშირად ქონების არაკანონიერი მოხვეჭით, სურვილს აისრულებს, მიხვდება, რომ ბედნიერება ამაში არ ყოფილა. იქნებ იგი ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაშია? პასუხი აქაც უარყოფითია, რადგანაც ვნებებს აყოლილი კაცი სულ უფრო ცარიელდება და იფიტება შინაგანად. არც მხოლოდ ცოდნა და განათლებაა სიკეთის წყარო. „ცოდნათა განმრავლებითა განმრავლდებიან საწუხარნიცა“, - ბრძანა ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ ბრძენმა სოლომონმა. ვერც მარტო მაღალი თანამდებობა და მდგომარეობა შესძენს სიხარულს კაცს.

მაშ, სად ვეძიოთ იგი? არის კი ვინმე ბედნიერი ამ ქვეყნად?

ბედნიერნი არიან რწმენითა და სიყვარულით გამთბარნი, ისინი, ვინც მოყვასისათვის ცხოვრობენ და მათზე ზრუნვით დაილევიან, ვინც ჭეშმარიტებისათვის ათასგვარ შეურაცხყოფასა და განსაცდელს უდრტვინველად გადაიტანენ... ბედნიერნი ხართ, თუ აღასრულებთ ვალს ღვთისა და ქვეყნის წინაშე, თუ შეუდგებით უსასრულო გზას განწმედისას და იქნებით „სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათე V,48). აი, მაშინ მოიპოვებთ ნამდვილ სიხარულს, რომელსაც ქვეყნად ვერაფერი შეედრება და რომლის ხელყოფასაც ვერავინ შეძლებს.

ქრისტიანობა, - წერს წმიდა გრიგოლ ნოსელი, - არის ღვთისადმი ადამიანის მიმსგავსება მისი შესაძლებლობების მიხედვით. „რა არის ნიშანი ჭეშმარიტი სრულყოფილი ქრისტიანისა? - კითხულობს წმიდა ანასტასი სინელი და თვითონვე განმარტავს: ერთნი ამბობენ, მართლმორწმუნეობა და ქველი საქმენიო. მაცხოვარი კი მხოლოდ ამით არ განსაზღვრავს ნამდვილი ქრისტიანის სახეს. შეიძლება სარწმუნოება გქონდეს, კეთილ საქმეთაც იქმოდე და ბრძნად მეტყველებდე, მაგრამ მაინც არ იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, რადგანაც ქრისტიანი ნიშნავს სახლს ქრისტესას... სულში ქრისტეს დავანება სხვათათვის უხილავი, სულიერი ცხოვრების საიდუმლო აქტია“ (არქიმანდრიტი კვიპრიანე, წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია).

ასე რომ, ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლურ დოგმატთა დაცვა, სათნოებანი, უმწიკვლო ცხოვრება... ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამა თუ იმ პიროვნების ქრისტიანობას; ეს ყოველივე მხოლოდ ხელს უწყობს მის გაქრისტიანებას, ანუ სულიერი შერწყმას უფალთან.

„დაადგერით თქუენ ჩემ თანა, - ბრძანებს მაცხოვარი, - და მე თქუენ თანა. ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა... უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას“ (იოანე XV, 4,6).

ქრისტესთან ყოფნა გულისხმობს ეკლესიასთან სიახლოვეს, რადგანაც ეკლესია სხეულია მაცხოვრისა, სიცოცხლეა ჩვენთვის ჯვარცმული უფლისა. საწყისი მისი, აზრი, მიზანი და დანიშნულება ქრისტესადმი სიყვარულია და ამ სიყვარულთან მრევლის ზიარება.

ეკლესია ეხმარება პიროვნებას არა მარტო ცოდვათაგან განწმენასა და ღმერთთან მიახლებაში, არამედ ცხოვრების სწორი გზის არჩევაშიც, ეს კი ყოვლად აუცილებელია ჩვენს მეტად რთულ დროში, როცა მოვლენები კოსმიური სისწრაფით იცვლება, როცა მსოფლიო სავსეა წინააღმდეგობებით.

ერთის მხრივ სწრაფვა მშვიდობისა და სიკეთისაკენ, სიყვარული, ჭეშმარიტების ძიების სურვილი, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია, გამომთვლელი მანქანები... ხოლო მეორე მხრივ ეჭვი, უსამართლობა, გაუტანლობა, სხვადასხვა განსაცდელი, ომი... განსაზღვრავს ყოფას დღევანდელი ადამიანისას. რაღა არ გადაიტანა მან. ერთხანს ურწმუნოებამ მოიცვა  და განუდგა იგი უფალს. დიდხანს მაინც ვერ შეძლო შემოქმედის ხატად შექმნილმა კაცმა მის გარეშე და კვლავ დაიწყო ძიებისა და მობრუნების პროცესი; მადლობა ღმერთს, „ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა“ (რომ. XIII,12); ბრმანი ვიყავით და უფლის წყალობით აღგვიდგა თვალისჩინი, თუმცა სრულად მაინც არ განვკურნებულვართ. კვლავ მივისწრაფვით რაღაც გაურკვევლისკენ და გვეჩვენება, რომ ეს პროცესი ჩვენი ნების გარეშე ხდება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. განა ჩვენ არ ვაშენებთ, ვიგონებთ სიახლეებს, ვაგროვებთ სიმდიდრეს, ვემუქრებით ვიღაცას, სადღაც მივიჩქარით?.. ღვთის შეწევნით კი უნდა შევძლოთ სულიერი ძალის მოკრება, რათა ყოველივე ახლებურად დავინახოთ, დავინახოთ ისე, როგორც ეს სინამდვილეშია და ამის მიხედვით შევაფასოთ მოვლენები. ყველა მეცნიერული აღმოჩენა, მატერიალური და ეკონომიური სიკეთენი ადამიანი წინააღმდეგ მიიმართება, თუ სიყვარულის, რწმენის, თანაგრძნობის უნარს დავკარგავთ, თუ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი ბედნიერების შეცნობას და გაცივდება ჩვენი გულები.

დღეს საინტერესო პროცესი მიმდინარეობს პიროვნებაში, თანდათანობით იგი თავისუფლდება მიწიერი ყოფითი წვილმანებისგან და უფრო ფართო ხასიათის პრობლემებით იფარგლება. მისი სულიერი სამყარო იღებს ჯვრის სახეს, რაც გულისხმობს ჰორიზონტალური და ვერტიკალური აზროვნების უნარს.

ჰორიზონტალური მზერა მოიცავს ზრუნვას საკუთარ თავზე, ოჯახსა და ზოგადად მატერიალურზე. მთავარი დადებითი მხარე ამ აზროვნებისა იმაში მდგომარეობს, რომ მასში შედის ზრუნვა მოყვასისთვის.

მაგრამ ადამიანმა ადრევე იგრძნო, რომ მარტო ეს არ არის საკმარისი, რომ სულიერი სიცარიელის დასაძლევად აუცილებელია სწრაფვა ღვთისაკენ ანუ ვერტიკალური აზროვნება.

ვერტიკალური ჭვრეტა ცისა და მიწის ერთობაა, სრულყოფილების კიბეზე ამაღლებაა, ადამიანის სულისა და ზრახვის ღვთისკენ მიმართვა და მასთან სრული შერწყმაა.

როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხედვა აუცილებელია ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღწევად. მათი საშუალებით მორწმუნე უნდა ქმნიდეს თავისი ცხოვრების ჯვარს, რომელიც მანათობელ ვარსკვლავად წარუძღვება წინ, როგორც უფლის შემდეგი უმთავრესი მცნებების აღსრულებისა: „შეიყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა... შეიყუარე მოყუასი შენი ვითარცა თავი თჳსი“ (მარკოზი XII,30-31).

ბედნიერება მჭიდროდ არის დაკავშირებული ცოლ-ქმრულ ყოფასთან.

ოჯახი ღვთის დადგენილი კურთხეული საიდუმლოა, მცირე სახელმწიფოა თავისი კანონებით, უფლებებით, კულტურით, განათლებითა და მსოფლმხედველობით. მეტად მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მეუღლეთა შორის, მშობლებსა და ბავშვებს შორის.

ქმარი თავია ოჯახისა, შეურყეველი ავტორიტეტი, იმედი და საყრდენი როგორც ცოლის, ისე შვილებისათვის. „ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს... ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს“ (ეფესელთა V,25,28), - წერს პავლე მოციქული.

ქალი უპირველეს ყოვლისა დედაა, ევაა - ცხოვრებაა, სიცოცხლის მიმნიჭებელია ახალი ადამიანისათვის. რაოდენ დიდი სითბოს, სინათლისა და მყუდროების შეტანა შეუძლია სახლში ქმრის დამჯერ, ერთგულ და სათნო მეუღლეს. „დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს... უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალ-სასყიდლისათა ეგევითარი იგი“ (იგავნი 31,10), - გვასწავლის მეფე სოლომონი.

დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები...

რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მაინც ოჯახზე ზრუნვა და ფიქრია. შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შესცვლის.

სამწუხაროდ, ხშირად გვხვდებიან სარგებლის მაძიებელი, მერყევი ხასიათის, პატივმოყვარე, გართობას აყოლილი დედები, გვხვდებიან ისეთნიც, რომელნიც გაურბიან თავის მოვალეობას, უზრუნველი ყოფის შენარჩუნების მიზნით საშინელ დანაშაულსაც არ ერიდებიან და მეუღლის ნებართვით ან მისი ნების საწინააღმდეგოდ უდროოდ უსპობენ სიცოცხლეს ნაყოფს. იმას კი ივიწყებენ, რომ ეს არის ნამდვილი მკვლელობა, მკვლელობა საკუთარი ვაჟის ან გოგონასი; რა მნიშვნელობა აქვს, რა ხნის იქნება იგი, ახლადჩასახული თუ 20-30 წლის ასაკისა?

გახსოვდეთ, ცოდვა გამოუსყიდი არ რჩება ამ სოფლად. უშუალოდ რჯულის დამრღვევთ ან მათ ნაშიერთ მოეკითხებათ იგი უცილოდ. დაინდეთ შთამომავალნი, მოჩვენებითი კეთილდღეობისათვის ნუ შეიწირავთ მათ ბედნიერებას და ნურც საკუთარ თავს განუმზადებთ მარადიულ სატანჯველს, რადგანაც ღვთისა და ერის წინაშე ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულს ძნელად თუ ვინმე გამოისყიდის.

არ შეიძლება გულისტკივილით არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბოლო დროს სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუმლოს აღსრულებისათვის. ისინი მხოლოდ სიამოვნებას მიელტვიან და ავიწყდებათ, რომ ოჯახი არის მოწოდება, რომლის წმინდა ვალდებულებებიც მათ ღირსეულად უნდა აღასრულონ, რადგანაც ვალდებულებების გარეშე სიყვარული ცხოველურ ყოფას უახლოვდება; ავიწყდებათ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ წუთისოფლისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული სიცოცხლისათვის მოწოდებულნი, რომ ქორწინება ოდენ მიწიერი ურთიერთობაა, მოსამზადებელი საფეხურია იმქვეყნიური ცხოვრებისათვის.

ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი უნდა იყოს ზნეობრივი, რაც გულისხმობს ურთიერთშორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით სავსე სულიერ დამოკიდებულებას, მოვალეობის გრძნობას საკუთარი თავის, მეუღლი, შვილების, ერისა და ღვთის წინაშე.

ამიტომაც ახალგაზრდებს მეტი დაკვირვება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სიყვარული, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ სხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს ყურადღება: გასათვალისწინებელია ინდივიდთა შესატყვისობა ხასიათით, კულტურით, განათლებით, ასაკით... რათა არ დაირღვეს წონასწორობა მათ შორის მსხვერპლის გაცემასა და მის მიღებაში. მეორე პირობა კი არის მათი უნარი, მთლიანად ეკუთვნოდნენ ერთმანეთს, ხელი შეუწყონ ურთიერთს ნაკლოვანებათა დაძლევასა და განწმენდაში, რათა ერთმანეთის საშუალებით და ამავე დროს ერთად მოიპოვონ სასუფეველი ღვთისა.

აი, ამ შემთხვევაში იქნება ქორწინება ზნეობრივი და ღვთივკურთხეული.

შვილნო ჩემნო, „მტკიცედ დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისაჲ... აღიღეთ ფარი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად“ (ეფესელთა VI, 14,16).

უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.

როგორი დიდი ოჯახიც არ უნდა ჰქონდეს კაცს, ნათესავებისა და მეგობრების რა ფართო წრეშიც არ უნდა ტრიალებდეს ადამიანი, ადრე თუ გვიან მარტოობა მაინც ეწვევა. მორწმუნეთათვის ეს არ ნიშნავს ყველასაგან გარიყვას, რადგანაც გრძნობენ უფლის სიახლოვეს, ყოვლისშემძლე ზეგარდმო ძალას და მის შეწევნას; მაგრამ ღვთისაგან განდგომილთათვის მარტოობა მეტად ძნელია. თავდაპირველად მათ ეჩვენებათ, რომ სიმშვიდე და მყუდროება მოიპოვეს და კმაყოფილნიც არიან ამით. შემდეგ იწყება ფიქრი საკუთარ თავზე, ცხოვრების მიზანსა და დანიშნულებაზე. მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ ყველასაგან მიტოვებულნი და დავიწყებულნი არიან, კარგავენ სიცოცხლის აზრს, ნიადაგგამოცლილთ მოწყენილობა, ტანჯვა და შიში იპყრობთ, არაწმიდა ძალა ეუფლებათ. შეძრწუნებულნი ცდილობენ, გაექცნენ საკუთარ თავს, მაგრამ აღარც ის იციან, სად ჰპოვონ თავშესაფარი.

სინამდვილეში სიცარიელე მათ გარშემო კი არ იქმნება, როგორც ჰგონიათ, არამედ სულში ისადგურებს; იქ, სადაც უფალი უნდა დავანებულიყო. ღვთისგან მიტოვებული! - რა მძიმე და აუტანელია ეს მდგომარეობა. თუ პიროვნება იგრძნობს მაინც თავის უბედურებას, მთლად განწირული არა ყოფილა, ხოლო თუ იგი ამგვარ ყოფას ნორმალურად ჩათვლის, უმძიმესი იქნება მისი ცხოვრება აქაც და იქაც.

ადამიანმა ღვთის მადლი რომ მიიღოს, ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: „მშვიდობა თქვენთანა!“ ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარეობს ამ მშვიდობის გარეშე მოციქულთა გული სამუდამოდ დახშული იქნებოდა მარადიული ცხოვრების სიტყვათათვის. სულიერი სიმშვიდე უდიდესი წყალობაა ღვთისა. მასზეა დამოკიდებული გარეშე ყოფა: მშვიდობა ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა თუ მთელ სამყაროში.

კარგახანია კაცობრიობა ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დადგა. საერთაშორისო პოლიტიკის თანამდევი გახდა ამ საშინელი იარაღით დაშინება, ეჭვი და უნდობლობა. მაგრამ ამას წინათ საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურთა შეხვედრამ ჟენევაში საგრძნობლად განმუხტა საერთაშორისო დაძაბულობის ატმოსფერო, გაგვიღვივა იმედი, რომ გონივრული მოლაპარაკებებისა და ურთიერთგაგების გზით შესაძლებელი იქნება საყოველთაო მშვიდობის მიღწევა. „ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ იქმნების. რამეთუ რაჲცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს“ (გალატ. 6,7), - გვასწავლის წმიდა წერილი. მაშ, მოვიქცეთ თესვად სიკეთისა, რწმენისა, სიყვარულისა, ურთიერთთანადგომისა, სიწმინდისა, რათა მარად ისმოდეს „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“, ხოლო ქვეყანასა ზედა სუფევდეს „მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას ხასიათს; ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის... დონე მისი გენიის მაჩვენებელია. მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი საუნჯე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.

ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისეთივე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო... გაზაფხულზე აყვავებული პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.

ქართული ენის უჩვეულობას იმთავითვე გრძნობდნენ მწერლები. ამიტომაც მრავალი ლექსი და საგალობელი უძღვნეს შესამკობად. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებით მოცული „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“; ნუ დავივიწყებთ, რომ ენას - ღვთიბოძებულს ამ საგანძურს სასოებით დაცვა და გაფრთხილება უნდა, როგორც ერთ-ერთ საწინდარს ჩვენი ბედნიერებისას.

ღვთივკურთხეულნო ივერნო, ძენო და ასულნო უფლისანო, დადგა ჟამი დალოცვისა; დაგბედებოდეთ ჭეშმარიტი რწმენის სიმტკიცე, ენის სიწმინდე, სულის სინათლე, მრავალშვილიანობა, უხვი და ბარაქა. მშვიდობა სუფევდეს თქვენს გულში, ოჯახსა და სამშობლოში... ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ დედობრივი კალთა, დაგიცვათ და დაგიფაროთ.

ახალწლის ღამეს მაცხოვარი უხილავად შემოვა თქვენთან, რათა გაკურთხოთ და გაგათბოთ ღვთაებრივი სიყვარულით. მაშ განემზადეთ ჭეშმარიტი სიხარულისა და მადლის მისაღებად. უფალი ბრძანებს:

„ნუ იამაყებს ბრძენი სიბრძნითა თვისითა, ნუ იამაყებს ძლიერი ძლიერებითა თვისითა და ნუ იამაყებს მდიდარი სიმდიდრითა თვისითა, არამედ ამით იამაყე მოქადულო, რომ გულისხმა-მყოფ და მიცნობ მე, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა, მსჯავრისა და სიმართლისა ქვეყანასა ზედა“ (იერემია IX,23-24).

მივყვეთ ამ ხმას და ვიქნებით ბედნიერნი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, 1986 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.