საშობაო ეპისტოლე

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ, ღვთივკურთხგულ შვილს:

ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, დანო და ძმანო, ღვთისმშობლის საფარველით დაცული ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო, უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულენო. მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტეს შობისა, მაგრამ ამ დიდებულ ზეიმს საქართველო სევდიანი ხვდება.

ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არც არის. ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით.

საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს: დაუპირისპირდნენ თაობები, ოჯახის წევრები...

შექმნილმა მდგომარეობამ იმდენად იმოქმედა ხალხის ფსიქიკაზე, რომ მასა ეგზალტირებული და არაწმიდა ძალის მიერ ადვილად სამართავი გახდა.

ადამიანები გაბოროტდნენ, გახშირდა ცილისწამება, მკვლელოაა, კიდევ უფრო დაეცა ზნეობა, დადგა ჟამი განუკითხაობისა.

მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს.

განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?

ჩვენს წინ რომ უცხო მტერი ყოფილიყო, პირველნი შევეგებებოდით მას, მაგრამ ჩვენს საწმყსოში, ჩვენს შვილებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება არ გვქონდა.

განა ზნეობრივია, დედამ განასხვავოს შვილები ერთმანეთისგან, თუ ყველა ღონე უნდა იხმაროს ძმათა შორის შუღლის დასაცხრობად?

ეკლესიამაც, ვიდრე იყო ამის შესაძლებლობა, არაერთხელ სცადა დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება და მათ შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოში გამართულმა ადრინდელმა შეხვედრებმა ნაყოფი არ გამოიღო, ეკლესია მზად იყო და გამოთქვა სურვილი, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, 21 დეკემბერს კვლავ მოლაპარაკებისთვის ეხმო ორივე მხარის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ეს წინადადება არ იქნა მიღებული... და ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი საშუალება მოქმედებისა - ლოცვა; რაც დიდი სასოებით აღევლინებოდა ჩვენს ტაძრებში.

ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, იცის ყველა ჭეშმარიტმა მორწმუნემ; რწმენით აღვლენილი სავედრებელი ყოვლისშემძლეა. თვით უფალი ბრძანებს: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ... ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! - იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ“ (მათე 21,21).

ამ განსაცდელის ჟამს ჩვენმა ხალხმა სწორედ ლოცვა დაივიწყა, აუმღვრეველი გულით ლოცვა. დაივიწყა, რომ ღვთის ხელშია ყოველი, რომ „არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თუისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისათა“ (ფსალმუნი 32,16) და რომ მხოლოდ „უფალი არს ძალ ერისა თვისისა“. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ“ - ბრძანებს მაცხოვარი.

ახლახანს მომხდარი მოვლენები მიგვანიშნებენ, რომ იწყება ჩვენი განწმენდა მწუხარებისა და ტანჯვის გზით. მაგრამ ეს პროცესი ხალხში ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. საჭიროა მეტი სულიერება, მეტი გულისხმისყოფა.

ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ... ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნო რჩება, თითქოს ეს ყველადერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთისოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე; გვავიწყდება, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე.

მძიმეა ჩვენი ცხოვრება. უღმრთოების მრავალწლიანმა უღელმა უკიდურესად გამოფიტა ერის სასიცოცხლო ძალები. ხალხის ზნეობრივი დაუძლურების მიზეზი ღვთის მადლისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან დაცილებაა, ანუ მოშორება იმ საყრდენისა, რომლის დახმარებითაც სწორად უნდა გვეცხოვრა. სამოცდაათწლიანმა ბატონობამ თავისი დაღი დაასვა ჩვენს სულს; მაგრამ მართალნი არ ვიქნებით, თუ პასუხისმგებლობას მოვიხსნით და ქრისტიანობისაგან ჩვენს განდგომას მხოლოდ ძალმომრეობით ავხსნით.

რატომ იყო, რომ წარსულში, არანაკლები შეჭირვების ჟამს, სარწმუნოების შეცვლა იშვიათობას წარმოადგენდა, ახლა კი მოწამებრივი ღვაწლის მტვირთველნი ერთეულებიღა დარჩნენ.

რა არის მიზეზი ამისა? - ისევ და ისევ ეკლესიისაგან განდგომა. ეს სენი საერთო საკაცობრიოა. მეოცე საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება „უმწიფარი“ კაცობრიობის ისტორიულ ეტაპად იქნა განხილული, მაგრამ მოჩვენებითი „სრულწლოვანება“ საბედისწერო აღმოჩნდა. საკუთარ თავს მინდობილი კაციბრიობა მოსწყდა ღმერთს და ბოროტის ბადეში გაეხვია. უტყუარი ნიშანი ამისა თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი დაცემა და გადაგვარებაა.

დღეს ბგვრს ჰგონია, რომ იგი მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ სცდება. პიროვნებისათვის დამახასიათებელ რელიგიურ გრძნობას ისინი ხშირად რწმენად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, რელიგიური გრძნობა არის მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ღვთის შემეცნებისა. ნამდვილი რწმენა კი შედეგია ამა თუ იმ პიროვნებაში ღვთის განცხადებისა და მისი სრულყოფა სარწმუნოებრივი ცხოვრებით ხდება.

ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე ცალკეულ ადამიანს თუ ერს თვით ღმერთმა დაუდგინა მეგზურად და მასწავლებლად ეკლესია, - „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“, უძლურება ბოროტისა, რამეთუ იგია შეურყვნელი დამცველი ღვთის სიბრძნისა. უფალი ბრძანებს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 15,9).

სამწუხაროდ, არაეკლესიური სულისკვეთების სენი ჯერ კიდევ ძალიან ღრმად ყოფილა ჩვენში ფესვგამდგარი.

უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გააცნობიეროს ინტელიგენციამ, რადგან იგია ერის მოაზროვნე და წარმმართველი ძალა. ინტელიგენცია ჭეშმარიტების შეცნობაში უნდა დაეხმაროს ხალსს, მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს - ეკლესიას? ეკლესიის გარეშე იგი მხოლოდ კაცობრივი გონების ნაყოფს გამოიღებს და ამით გაუცნობიერებლად ზიანს მოუტანს ხალხს. მათ მსგავსთა მიმართ ბრძანებს უფალი: „ამაოდ მმსახურებენ მე. რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა“ (მათე 15,9).

ინტელიგენცია უნდა იქცეს მრევლის იმ რჩეულ ნაწილად, რომელიც, ვითარცა ანთებული სანთელი, წყვდიადში მყოფ ერს ღვთისაკენ მიმავალ გზას გაუნათებს.

ხალხი სულიერად დასაპურებელია და პურის მიმწოდებელი ხელი არ გვყოფნის. „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ“. შევსთხოვთ უფალს, რათა „გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა“ (მათე 9,37-38).

მთავარი მიზეზი ეკლესიისგან ხალხის მოწყვეტისა მაინც ამპარტავნება იყო. დღესაც ეს ცოდვა გვღუპავს. ამპარტავნების გამო ვისჯებით. უფალი გვწვრთნის, რათა დამდაბლებულნი ღვთისსათნო გზაზე დავდგეთ და მოვიპოვოთ მადლი წინაშე მისსა.

სიმდაბლის საოცარი მაგალითი თვით იესო ქრისტემ მოგვცა. უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას.

„იმ დროის გავლენიანი საზოგადოება ფუფუნებითა და სიმდიდრით იყო გალაღებული. ქრისტეს შობისთვის კი მრავალრიცხოვან სასახლეებსა და შენობათა შორის ერთი ებრალო ღარიბული სახლიც კი არ მოიძებნა, იგი დაიბადა ბეთლემის გამოქვაბულში, იქ, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ.

ამ დიდი საიდუმლოს აღსრულებისათვის ეს გამოქვაბული და ბაგა უფრო სასურველი და წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიოს ყველა სასახლე და სამეფო პალატი.

საოცარია, პირველმხილველნიც განხორციელებული მაცხოვრისა იყვნენ უბრალო მწყემსები და არა განმგებელნი ქვეყნისა ანდა სხვა მაღალი თანამდებობის პირნი; მწყემსები, რომელთა ყველაზე დიდი სიმდიდრე მათი სუფთა, წრფელი გული იყო.

იესო ქრისტეს განმაცვიფრებელ თავმდაბლობაშია სწორედ მისი ღვთაებრივი სიდიადე.

მშვენივრად სწერს წმინდა იოანე დამასკელი: „კურთხევითა ღვთისა და მამისა მხოლოდშობილმა ძემ - სიტყვამ ღვთისა და თავად ღმერთმა... ერთარსმა მამისა და სულისა წმიდისა, მარადიულმან და დაუსაბამომან მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა; მიუწვდომელი სიდიადი თვისი მიუწვდომლად დაამდაბლა და მიეახლა თავის მონებს გამოუთქმელი და გასაოცარი მოწყალებით. სრული ღმერთი იქმნა სრულ კაცად, რათა ეწამლა ჩვენი ურჩობის ცოდვისათვის და ქცეულიყო მაგალითად მორჩილებისა, მორჩილებისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია გადარჩენა“.

ქრისტეს შობა არის ადამიანის ხელახალი დაბადება არა ყოვლისშემძლეობით, არამედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით (სერგი ბულგაკოვი).

შობა ქრისტესი არის საიდუმლო ღვთის განხორციელებისა. ძე ღვთისა მოგვევლინა ძედ კაცისა, რათა დაცემულნი ცამდე ავემაღლებინეთ. ყოვლის შემოქმედმა თავი დაუმორჩილა სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას, გამოგვისყიდა კანონით გასამართლებულნი, მოგვიხსნა ბეჭედი განდევნილისა და გვქმნა შვილად ღვთისა.

მან არასწორი განვითარება კაცობრიობისა შეცვალა ახლით. სამყაროს მიზიდულობის ცენტრი, ცოდვის შედეგად ღმერთს მოწყვეტილი, თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა და მოდგმა ყოველი და ჟამი ყოველი მოიცვა, რათა მსოფლიოსათვის მოეტანა ნამდვილი თავისუფლება და ჭეშმარიტი სიყვარული და ეჩვენებინა გზა განღმრთობისა.

დღეს უფალი თვითეულ ჩვენგანს მიმართავს წმინდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით: „განიბანეთ, განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განსპეტაკდება, ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ!“ (ესაია 1,16-20).

ძმანო და დანო ჩემნო, შევსთხოვოთ ახლადშობილ უფალს, იესო ქრისტეს, მოამზადოს ჩვენი გულები სულიერი ფერისცვალებისათვის, მოგვცეს მადლი სიმდაბლისა და მორჩილებისა, ცოდვათა მიტევებისა, მადლი სიყვარულისა და მშვიდობისა, სული ერთობისა, რათა ვიყოთ ღვთის ნების აღმსრულებელნი, ძედ მისად ვიწოდოთ და ურცხვენელად ვთქვათ „მამაო ჩვენო... იყავნ ნება შენი...“

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ჭრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს.

გიხაროდეთ, უფალი ჩვენთან არს.

ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992 წელი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.