უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8 ივნისი, 2008 წ.

„უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთის ქმნა უნდა ვიჩქაროთ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველაზე დიდი სასწაული ამქვეყნად არის თვითონ ადამიანი. აუხსნელია მისი სულიერი და ფიზიკური ბუნება. ეს საიდუმლო დღემდე მიუღწეველია მეცნიერებისათვის. ადრეც არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, ერთხელ გამოჩენილ ფიზიოლოგ პავლოვს ჰკითხა ბოლშევიკური ხელისუფლების თანამდებობის პირმა: „ნუთუ, თქვენ, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მორწმუნე ხართ?“ პავლოვი მღვდლის შვილი იყო და ოჯახიდანაც იყო მორწმუნე: მან უპასუხა: „როცა ჩვენ, მეცნიერები, ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანიც გახდე, - იმდენად ამტკიცებს ეს ღვთის ძალას და მის არსებობასო“.

ასევე მინდა გავიხსენო დიდი მეცნიერის, ოფთალმოლოგ ფიოდოროვის ერთი სენტენცია: „თუ საიქიო არ არსებობს, მაშინ რაღა აზრი აქვს ამქვეყნად რამეს?“

ადამიანმა უნდა იფიქროს სააქაოზეც და საიქიოზეც. ძველად ჩვენს წინაპრებს ასეთი დალოცვა ჰქონდათ: „იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!“ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ემზადება მომავალი საუკუნო ცხოვრებისათვის. წმინდა მოციქული იაკობი ამბობს: „სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია“. ამიტომ ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს, ისეთი საქმე აკეთოს ამქვეყნად, რომელიც მას სასუფეველში მიიყვანს.

წმინდა მოციქული პავლე ამბობს: „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი.“ ყოველ ადამიანს თავისი ჯვარი, თავისი სიმძიმე აქვს. ბედნიერია, ვინც ხედავს სხვის გაჭირვებას და შეეწევა მას ჯვრის ტვირთვაში.

არის ადამიანი, რომელიც შემოფარგლულია მარტო თავისი პირადი ინტერესებით და იმდენად ჩაკეტილია ეგოიზმში, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მის გულში ოჯახის წევრებიც კი ვერ ეტევიან. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ასევე ღვთისაგან სულიერი თვალით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ბევრ კეთილ საქმეს და ეწევიან დიდ ქველმოქმედებას. დიდება ღმერთს, რომ ბევრია ჩვენ შორის ასეთი ადამიანი; და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ იგი გვანიჭებს სულიერ ხედვას, რათა დავინახოთ სხვისი გაჭირვება და ვაკეთოთ სიკეთე. ამასთან, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთის ქმნა უნდა ვიჩქაროთ.

დღეს ჩვენთან წირვას ესწრებიან ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ივანოვოდან. მათ გადაწყვიტეს, შემოეწირათ სამების ტაძრისთვის ხატი. და ჩამოაბრძანეს ღირსი მამების სერგი რადონეჟელისა და სერაფიმე საროველის ძვირფასი ხატი, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა დაბრძანებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წმინდანები მეოხნი იქნებიან წინაშე ღვთისა საქართველოსთვის, ისინი შესთხოვენ უფალს ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობას. არაფერი ხდება შემთხვევით და არც ეს მოვლენაა შემთხვევითი.

ახლა აქ ასევე იმყოფება წმინდა ნიკოლოზის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, ბატონი მიხეილ ჩეპელი. ეს პიროვნება ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი ქველმოქმედებით; ამასთან, იგი გახლავთ დიდად მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი და მას სურს, საქართველოსაც შეეწიოს. ეს ფონდი ცნობილია მრავალ ქვეყანაში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იგი სულ მალე ცნობილი გახდება საქართველოშიც. გულითადად მივესალმებით ბატონ მიხეილ ჩეპელს და შევთხოვთ უფალს, უბოძოს მას მრავალჟამიერი სიცოცხლე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბატონი ჩეპელი მრავალ კეთილ საქმეს გააკეთებს საქართველოსთვის.

დღეს ჩვენ ვლოცავთ მაისურაძეების გვარს. ეს დიდი და გამოჩენილი ქართული გვარია თავისი წარსულით, სახელოვანი ისტორიით. საგვარეულოს დაარსებული აქვს კავშირი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი თენგიზ მაისურაძე. ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს, რომ ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამრავლოს მაისურაძეების გვარი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, - ბედნიერია ის ადამიანი და ის გვარი, რომელიც ეწევა ქველმოქმედებას, აკეთებს კეთილ საქმეებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21, 2008 წ.