უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე

ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის
სახელობის საკათედრო ტაძარი, 21 სექტემბერი, 2008 წ.

„ვადიდებთ და თაყვანსა ვსცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომელმაც ინება მირქმა საქართველოსი!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულს, საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ სრულიად საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იყო. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ზეიმით აღვნიშნავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. დღეს ვადიდებთ და თაყვანსა ვსცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომელმაც ინება მირქმა საქართველოსი, როგორც მისი წილხვედრისა და არის მფარველი მისი. ზოგიერთები ასე მსჯელობენ: თუკი საქართველო წილხვედრი ქვეყანაა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რატომ გვაქვს ამდენი განსაცდელი? წმინდა მამები ამბობენ და ეს ბიბლიაშიც წერია, რომ ღმერთს ვინც უყვარს, მას განსაცდელს უგზავნის. წმინდა მამები ტიროდნენ, როდესაც განსაცდელი არ ჰქონდათ.

ჩვენ ვადიდებთ და ვმადლობთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მუდამ მისი მფარველობის ქვეშ ვართ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ საქართველო მრავალგზის იხსნა ხილული და უხილავი მტრისაგან და ამის მაგალითები მრავლადაა აღწერილი „ქართლის ცხოვრებაში“; მინდა ვთქვა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა იფარავს ყოველ ჩვენგანს, ყოველ ადამიანს.

მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა, ის წლები, როცა მსახურებისთვის აქ, ბათუმში მომავლინეს. მაშინ ეს დიდებული ტაძარი არ მოქმედებდა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მესამე მღვდლად ვმსახურობდი. ჯერ კიდევ იმხანად ვგრძნობდი წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებულ მფარველობას.

აქ ჩემამდე მღვდელმთავრად საქართველოს მომავალი პატრიარქი ეფრემ II ბრძანდებოდა, იმხანად იგი მიტროპოლიტი გახლდათ. მან გვიამბო, რომ ერთხელ თურმე ძალიან გაუჭირდა, რაღაც დიდი განსაცდელი გამოუგზავნა უფალმა; იგი მისულა წმინდა ნიკოლოზის ხატთან (ეს ხატი დაბრძანებულია ტაძარში, მარჯვენა მხარეს) და უთხოვია: „შენ ხარ მთავარეპისკოპოსი და მე ვარ მიტროპოლიტი, შემისრულე ჩემი ლოცვა-ვედრება“. ამ ლოცვის შემდეგ, 2-3 დღეში, ყველაფერი გამოსწორდა. ეს ხატიც და ტაძარიც სასწაულმოქმედია. აქედან ყველანი იქ მივალთ და თაყვანს ვსცემთ წმინდა ნიკოლოზის ამ ხატს.

მინდა გითხრათ, რომ საქართველო დღესაც განსაცდელშია, მაგრამ იმედი მაქვს უფლისა და მწამს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით უფალი აუცილებლად გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას ამ განსაცდელიდან, უფალი აუცილებლად გაამთლიანებს საქართველოს და უფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, დაგვიბრუნებს აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, სხვა წართმეულ ტერიტორიებს და გამთლიანდება და გაძლიერდება სრულიად საქართველო. ოღონდ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მტკიცე რწმენა.

აქ 1960 წელს ჩამოვედი. ამ დროს მართლმადიდებლური რწმენა ძალიან შესუსტებული იყო და იმდენად რთული დრო იდგა, რომ ჩვენ მთიან აჭარაში ვერ შევდიოდით და ეს მაშინ, როცა აჭარა სრულიად საქართველოს განმანათლებელია. ღვთის მადლით, პირველად აქ შემოვიდა და აქედან გავრცელდა მართლმადიდებელი სარწმუნოება. დღეს მე ვხედავ ამ სავსე ტაძარს და ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის; მაგრამ ვწუხვარ იმის გამო, რომ ძველი მრევლიდან აღარავინ ჩანს, თუმცა მრავლადაა ახალი მრევლი.

მინდა დავლოცო და მადლობა ვუთხრა მიტროპოლიტ დიმიტრის, რომელიც ასე ზრუნავს ამ ეპარქიისთვის. ასევე მინდა დავლოცო ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.

30 წლის ვიყავი, როცა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით შემოქმედელ ეპისკოპოსად მაკურთხეს. ხალხმა არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს ტიტული; მათ ეგონათ, რომ მე რაღაც შემოქმედებას ვეწეოდი და ამიტომ მიწოდეს ასე. იმხანად შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი, ეპარქიის ტაძრები და მონასტრები - ყველა გაუქმებული იყო. ვიყავი შემოქმედის ეპისკოპოსი და არ მქონდა იმის საშუალება, რომ შემოქმედის მონასტერში შევსულიყავი. 

დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია აქ, დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროის, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №33, 2008 წ.