უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ილიაობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 2 აგვისტო, 2009 წ.

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო!

დღეს ლიტურგიაზე თქვენ მოისმინეთ სახარების წარდგომის სიტყვები: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ღვთის კურთხევა იყოს ჩვენს ერზე, ამინ!

დღეს არის ილიაობა; წმინდა ილია მართლის (ქავჭავაძის) ანგელოზის დღე; ანგელოზის დღე კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა ილია I-ისა; გარდა ამისა, დღეს დიდი დღესასწაულია, ქართველთა დღესასწაული, რადგან სწორედ ილიაობას მოხდა მოქცევა მირიან მეფისა, ამიტომ წმინდა ილია წინასწარმეტყველს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოში. სიტყვა „ილია“ ნიშნავს - „ძალს ღვთისა“.

შევთხოვთ უფალს, მოგვანიჭოს ძალა, უპირველეს ყოვლისა, ძალა სულიერი და შემდეგ ფიზიკური ძლიერებაც.

წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლისა და წმინდა ილია I-ის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! 

მადლობელი ვარ თქვენი ლოცვებისთვის!

თქვენ იცით, რომ უცხოეთში გახლდით სამკურნალოდ. ღვთის მადლით, ცოცხალი დავბრუნდი და ვმადლობ უფალს. ეს თქვენი ლოცვების შედეგია. ამ 32 წლის მანძილზე თქვენი სიყვარული გვათბობს და ეს სიყვარული რომ არა, ადამიანი ვერ გაუძლებდა იმ სიმძიმეს, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №24, 2009 წ.