უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 4 ოქტომბერი, 2009 წ.

„დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს სახელოვან მწერალს, ბატონ ოთარ ჭილაძეს.
მის სხეულს მთაწმინდის წმინდა მიწა ჩაიხუტებს, ხოლო სული
იმ ზეციურ მხედრიონს შეუვრთდება, რომელიც საქართველოს იცავს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანი სასწაულს ეძებს. მრავალი ამბობს: სასწაულს თუ ვიხილავ, ღმერთს ვიწამებ. ეს ურწმუნო კაცის სიტყვებია. სინამდვილეში, ყველაზე დიდი სასწაული თავად ადამიანია. როგორ შეიძლება ეს ვერ დაინახო? უბრალოდ, სასწაულის მაძიებელს არ სურს ღრმად ჩაწვდეს საკუთარ ბუნებას, დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ არის შეერთებული სული და ხორცი, როგორი რთული და ჰარმონიულია სხეულის შინაგანი თუ გარეგანი აგებულება! ყოველივე ეს ხომ იმაზე მეტყველებს, რომ კაცი ღვთის უმაღლესი ქმნილებაა?

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად განვიკითხავთ მოყვასს. ზოგჯერ ვფიქრობთ: „ის ადამიანი ცოდვილია, როგორ უნდა ველაპარაკო მას?“ წმინდა მამები ამბობენ: „შეიყვარე ადამიანი, ხოლო ცოდვა შეიძულე“. ცოდვა - ხორცმეტია და კაცს მისგან გათავისუფლება შეუძლოია. დაცემული ადამიანი ჰგავს ძვირფას თვალ-მარგალიტს, რომელიც ტალახში ჩავარდა და ამოისვარა, მაგრამ თუკი ამოვიღებთ და გავწმენდთ, კვლავ ისეთივე ძვირფასი გახდება, როგორიც ადრე იყო.

მინდა ერთი ამბავი მოგითხროთ ურწმუნო ადამიანის შესახებ. ორი ასტრონომი ღმერთის არსებობაზე კამათობდა. ერთმა თქვა: „მთელი სიცოცხლე პლანეტების შესწავლას შევწირე და ღმერთი ზეცაში არსად მინახავს“. მეორემ მიუგო: „ღმერთი არსებობს! პლანეტების, ბუნების და მიწის ჰარმონია - ყველაფერი ღვთის მყოფობაზე მეტყველებს და იმაზეც, რომ მან შექმნა ყოველივე. ამდენი წელია პლანეტებს, ზეციურ სამყაროს, კოსმოსს აკვირდები, მაგრამ ერთი რამ დაგვიწყებია - საკუთარ გულში ჩაგეხედა, სადაც შემოქმედს დაინახავდი!“ დიდება და მადლობა ღმერთს! მადლობა, რომ ჩვენს გულში ცხოვრობს უფალი! ჩვენი გული, ჩვენი სულიერი სამყარო არის ტაძარი სულისა წმინდისა.

მახსენდება კომუნისტური რეჟიმის დასაწყისი. რუსეთის პატრიარქს მოახსენეს, რომ ძალიან ბევრი ტაძარი ინგრეოდა, მან კი ასეთი სიტყვები ბრძანა: „მთავარია, ის სულიერი ტაძარი არ დაანგრიონ, რომელიც ადამიანის სულშია!“ მართლაც, იმ ეპოქის ურწმუნო ადამიანებმა ვერ შეძლეს ქრისტიანთა შინაგანი ტაძრის დანგრევა და დღეს ვხედავთ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ ქართველებს, როგორი სიყვარულით, როგორი რწმენითა და სასოებით დაიწყეს სულ ახალი და ახალი ტაძრების შენება!

ფსალმუნნში წერია უფლის სიტყვები: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა!“ არიან ადამიანები, რომელთაც უფალი აღამაღლებს. ასეთნი კი გახლავთ: „გლახაკნი სულითა“, თავმდაბალნი, მორწმუნენი, მოსიყვარულენი, კეთილისმყოფელნი, მიმტევენელნი ცოდვათა, მოწყალების გამცემნი. ამგვართ აღამაღლებს უფალი; მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც დაამდაბლებს. ზოგჯერ უფალი ამდაბლებს კაცს, მიუხედავად იმისა, რომ სიკეთეს აკეთებს. მოწყალების საქმე სწორად უნდა აღასრულოთ. როდესაც სიკეთეს იქმ, მარჯვენა ხელმა არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა,

მადლი ფარულად უნდა აღსრულდეს. სწორედ ასე გასცემდნენ მოწყალებას დიდი წმინდა მამები. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და სხვანი. მათ უნდა მივბაძოთ!

დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს სახელოვან მწერალს, ბატონ ოთარ ჭილაძეს. მის სხეულს მთაწმინდის წმინდა მიწა ჩაიხუტებს, ხოლო სული იმ ზეციურ მხედრიონს შეუვრთდება, რომელიც საქართველოს იცავს!

ბატონი ოთარ ჭილაძე ღრმა ანალიტიკური აზროვნებით, რწმენითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. ყოველი მისი ნაწარმოები საოცრად სიღრმისეულია. უნდა ითქვას, რომ ბატონი ოთარი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მრავალ ენაზეა ნათარგმნი მისი ნაწარმოებები, მისი შრომები, მისი პროზა და პოეზია. ზოგჯერ სვამენ კითხვას: რა უფრო დიდია, ოთარ ჭილაძის პროზა თუ პოეზია? ორივე დიდია! მიტომაც გახლდათ იგი ნობელის პრემიაზე წარდგენილი!

დღეს ჩვენ ვლოცულობდით მისი უკვდავი სულისათვის.

ყველას უნდა ახსოვდეს გარდაცვალების ჟამი. თითქმის ყოველდღე ვხედავთ, როგორ მიასვენებენ მიცვალებულებს, მაგრამ ჩვენი თავი ვერ წარ მოგვიდგენია მათ ადგილზე. ასე იმიტომ ხდება, რომ ადამიანი უკვდავადაა შექმნილი; უკვდავია მისი სული და უკვდავი უნდა ყოფილიყო მისი სხეულიც. მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა ქვეყნად სიკვდილი. და ეს გარდაუვალი დღე ყველას გველის; ყოველი ჩვენგანი უნდა მოემზადოს ამ დღისთვის. ფილოსოფოსთა აზრით, ნამდვილი ბრძენი არის ის, ვინც გარდაცვალებისათვის ემზადება. ბატონი ოთარი ასეთ მოაზროვნე ადამიანებს ეკუთვნის.

ღმერთმა აცხოვნოს და დალოცოს ბატონი ოთარის უკვდავი სული და ღმერთმა დააწესოს იგი, სადაც მართალნი და წმინდანნი განისვენებენ, ამინ!

დღეს დალოცვა ითხოვა რამდენიმე გვარმა. ვლოცავთ: ჩიხლაძეებს, ბარქაიებს, დიაკონიძეებს, სალუქვაძეებს, ოდიშარიებს. ღმერთმა დაგლოცოთ! თქვენი გვარები ცნობილია საქართველოში. მრავალი დიდი ადამიანი გამოსულა თქვენგან. იწამეთ ღმერთი, გიყვარდეთ უფალი ჩვენი და ადამიანი, გქონდეთ იმედი, - იმედი ღვთისა და იმედი ადამიანისა! გამრავლდით, გაძლიერდით, სიმშვიდე სუფევდეს თქვენს გვარებსა და თქვენს სულებში!

დღეს ასევე ვლოცავთ 51-ე საჯარო სკოლას. ღმერთმა დაგლოცოთ. წინა კვირის ქადაგებაში მოგახსენეთ: ძალიან მაწუხებს, რომ ბავშვები დანებს ატარებენ და ხშირად, შეკამათის დროს, იყენებენ კიდეც. ჩვენს ბავშვებს მინდა მივცე ლოცვა-კურთხევა, არ ატარონ დანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩხუბის დროს ბავშვები ბილწსიტყვაობენ. გახსოვდეთ, ქრისტიანის ბილწსიტყვაობა დაუშვებელია!

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №29, 2009 წ.