უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 11 ოქტომბერი, 2009 წ.

„მოგმართავთ ყველას: სტუდენტებს, სკოლის მოწაფეებს, ზრდასრულ ადამიანებს -
ნუ ატარებთ დანას ჯიბით, რათა ეშმაკმა არ გაცდუნოთ და თავის ბრმა იარაღად არ გაქციოთ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი ფასეულობა თავად ადამიანია. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ და, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიამ უნდა იზრუნოს მასზე. კაცი ერთხელ იბადება დედამიწაზე და ცხოვრების მანძილზე მას უამრავი პრობლემა ხვდება, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შევუმსუბუქოთ მას ის ჯვარი, რომელიც ღმერთმა არგუნა. ხშირად კი პირიქით გამოგვდის, ჩვენი მოქმედებით ერთმანეთს ჯვარს უფრო მეტად ვუმძიმებთ.

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ძლიერ გახშირდა მკვლელობები. ხშირად ადამიანი სასიკვდილოდ იმეტებს სხვა ადამიანს. ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენში, ჩვენ ხომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ!

უწინ მე ვთხოვე მოწაფეებს, სტუდენტებს, ახლა უკვე ყველას მოგმართავთ, ნუ ატარებთ დანებს, ეს ძალიან სახიფათოა. ქართველი ადამიანი იმდენად ემოციურია, რომ სიფიცხე ყველაფერს ავიწყებს, გონებას უბნელებს და შესაძლოა ამ ემოციებმა იგი მკვლელობამდე მიიყვანოს. ეს ყველაფერი წუთიერია, შემდეგ კი ადამიანი სინანულში ვარდება, მაგრამ უკვე გვიანაა...

მოგმართავთ ყველას: სტუდენტებს, სკოლის მოწაფეებს, ზრდასრულ ადამიანებს - ნუ ატარებთ დანას ჯიბით, რათა ეშმაკმა არ გაცდუნოთ და თავის ბრმა იარაღად არ გაქციოთ!

დღეს მინდა რამდენიმე სიტყვით გესაუბროთ ადამიანისა და ბუნებას შორის კავშირზე. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ბუნებას, მიწას, ცხოველებს, - ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა. ადამიანზე არის ნათქვამი: „მიწა ხარ და მიწად მიიქცევიო“. ამიტომ მიწა, მასზე შრომა უნდა გვიყვარდეს, იგი ხომ სიუხვესთან ერთად, ჯანმრთელობასაც გვაძლევს. მიწა, ხე, ყვავილი, მცენარე, ქვაც კი - ყველაფერი ადამიანის სულისა და ხორცის მკურნალია.

მინდა მოგიყვანოთ ერთი მაგალითი. ალბათ, გსმენიათ იაპონიის ბაღებზე. დღესაც არსებობს X-XI საუკუნის ბაღები, იმპერატორის ბაღები. იაპონელები მათ შესამკობად იყენებენ როგორც მცენარეებს, ასევე ქვებს. მაგალითად, ბაღში დევს 5 ქვა და ხედავ მხოლოდ 4-ს; ანდა 1 დიდი ქვა არის, - დაჯდება ადამიანი, მიეცემა ღრმა აზროვნებას და ხედავს, როგორ იცვლის ქვა ფერს. ამგვარი ფილოსოფიური მიდგომა, ეს ღრმა აზროვნება, აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ იგი უკეთესად ხედავდეს თავის სულს, იმეცნებდეს საკუთარ მდგომარეობას.

საოცარია ღვთის ყველა ქმნილება! ამის მრავალი მაგალითები არსებობს ცხოველებში. როდესაც მე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი, ტყეში ორი მონაზონი ცხოვრობდა. ისინი განდგომილად მოღვაწეობდნენ, წმინდა ადამიანები იყვნენ. ერთხელ დაინახეს, თუ როგორ მიბაჯბაჯდა მათთან კოჭლობით დათვი, რომელსაც წინა თათში რაღაც შერჭობოდა. მხეცი ადამიანთან მივიდა, რომ დახმარებოდნენ. რა თქმა უნდა, თავიდან მონაზვნებს შეეშინდათ და ოთახში შეცვივდნენ. დათვი მივიდა და დაჭრილ თათს უჩვენებდათ, მიშველეთო. დედებს დათვი შეებრალათ და კარი ოდნავ შეაღეს. მოიტანეს ხელსაწყო და თათიდან რკინის ნაჭერი ამოუღეს. ცხოველმა შვება იგრძნო, იქვე დაწვა, თათის ლოკვა დაიწყო, დამშვიდდა და წავიდა. იმავე საღამოს დათვი ისევ გამოჩნდა, მობაჯბაჯებდა და წინა თათებით გულში ჩაკრული რაღაც მოჰქონდა. მან დედებს მადლობის ნიშნად სიმინდის ტაროები მოუტანა. ასე გამოთქვა ცხოველმა მადლობა. ამგვარი მაგალითები ძალიან ბევრია.

უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ადამიანებმა ბუნებას, მცენარეებს, ყვავილებს. ერთხელ აფხაზეთში ყოფნისას ჩემთან მოვიდა ერთი მოხუცებული რუსი ქალბატონი და მითხრა: „ბოტკინის წამალი ვიცი. უკვე მოხუცებული ვარ და არ მინდა ეს ცოდნა საიქიოში წავიღო და გადავწყვიტე, რომ თქვენ გაგიმხილოთ“. და მასწავლა. უნდა დაწვათ ცაცხვის ხე და ნახშირისაგან 10 შეკვრა ფხვნილი უნდა დაამზადოთ, იმ რაოდენობით, აფთიაქში რომ შეკვრებით გასცემენ ხოლმე. ეს ფხვნილი სამჯერ დღეში უნდა დალიოს ადამიანმა და ბოტკინისაგან განიკურნება. ამგვარი რეცეპტები მრავლად არის ხალხში. მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ შეაგროვოთ ხალხური მედიცინის რეცეპტები. ამ საქმისთვის უნდა შეირჩეს 3 ადამიანი, რომელთაც ესმით ფიტო-თერაპია და ისინი უხელმძღვანელებენ ამ საქმეს.

ვიცი, რომ ხალხური მედიცინის ძალიან ბევრი რეცეპტია მთაში, - მთიულეთში, ფშავ-ხევსურეთში, ყაზბეგში, აჭარაში. გთხოვთ, ჩაიწერეთ და მოგვაწოდეთ. ვფიქრობ, ეს ძალიან საქიროა ჩვენი ხალხისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ღმერთმა მოგცეთ სიყვარული მიწისა, მამულისა, სიყვარული სამშობლოსი! ჩვენს წინაპრებს უფრო ძლიერად უყვარდათ ჩვენი სამშობლო. დედები ქვეყანას გმირებს უზრდიდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ დაეცვათ და გადაერჩინათ სამშობლო!

ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგცეთ!

მინდა დღეს დავლოცო 4 გვარი.

ანდღულაძეების გვარი - ცნობილი და დიდებული გვარია. სხვა რომ არავინ ყოფილიყო გამოჩენილი ამ გვარიდან, მარტო ნოდარ ანდღულაძეც საკმარისი იქნებოდა გვარის სასახელოდ! ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ, ღმერთმა მოგცეთ მტკიცე რწმენა, ჭეშმარიტი სარწმუნოება! ღმერთმა მოგცეთ სიხარული და სიყვარული! ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა! ანდღულაძეების გვარს გადავცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს.

დღეს ვლოცავთ ასევე ჟღენტების გვარს. ეს ასევე ცნობილი გვარია, დიდებული ადამიანები გამოვიდნენ მათგან. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამრავლოს ეს გვარი და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, მათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს გადავცემთ.

დღეს ვლოცავთ გურასპაშვილების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე! თქვენ გადმოგეცემთ წმინდა ნიკოლოზის ხატს.

დღეს ასევე ვლოცავთ მუმლაძეების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ მშვიდობა, რწმენა და სიყვარულის! გვარს გადავცემთ წმინდა გიორგის ხატს.

დღეს ვლოცავთ 55-ე საჯარო სკოლას. ეს სკოლა დამთავრებული აქვს ჩვენს ორ მღვდელმთავარს: მეუფე გერასიმესა და მეუფე ნიკოლოზს. აი, ასეთი სასახელო სკოლაა.

ვლოცავთ 193-ე საჯარო სკოლას. ღირსეული მამულიშვილები აღზრდილიყვნენ ამ სკოლებში!

მინდა შეგახსენოთ, რომ ოთხშაბათს არის ჩვენი დიდი საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული - სვეტიცხოვლობა! ამ დღესთან დაკავშირებით ჩამობრძანდება ამერიკის შეერთებული შტატების მეთაური, უნეტარესი იონა, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა და მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა, რომელიც ჩვენთან ერთად ლოცვას აღავლენს სვეტიცხოველში.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №30, 2009 წ.