უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 13 ივლისი, 2009 წ.

„სვეტიცხოველი სისხლითა და ცრემლით მორწყული ტაძარია. მირიანიდან დაწყებული ყველა ქართველი
მეფე საქართველოისა აქ მოსულა, მუხლი მოუყრია ღვთის წინაშე და უფლისთვის ჩვენი ქვეყანა მეუვედრებია,
ჩვენს წინაპრებს აქ მრავალი ლოცვა აღუვლენიათ და ბევრი ცრემლიც უღვრიათ...
ამიტომ დღეს, როდესაც კვლავ უჭირს ჩვენს ერსა და ქვეყანას, - კვლავ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ლოცვა - და ერთითა
გულითა, ერთითა ბაგითა, ერთითა გონებითა, ერთსულოვნებით შევთხოვოთ უფალს მშვიდობა და კეთილდღეობა“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის ბედნიერი დღე - ჩვენი დიდებული სვეტიცხოვლის დღესასწაული, სვეტიცხოვლობა და ხსენება ათთორმეტთა მოციქულთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

უფალი ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. უფალმა აღამაღლა და გამოირჩია 12 მოციქული და მათ შორის იყო იუდა ისკარიოტელიც. მათ მისცა უფალმა მადლი და ძალა, რათა უძლურნი განკურნონ და ეშმაკნი განასხან. და ეს დიდებული მადლი ჰქონდა მინიჭებული ყველა მოციქულს და მათ შორის იუდა ისკარიოტელსაც. ამ მადლმაც ვერ შეაჩერა მისი ავი განზრახვა, შევიდა მასში ეშმაკი და იუდა გახდა მაცხოვრის გამცემელი.

საოცარია მოციქულთა ცხოვრება. თითქმის ყველა მათგანი მოწამეობრივად აღესრულა. ღვთის სასწაულია ასევე ის, რომ ის სისუსტე, რომელსაც თითოეული მათგანი თავდაპირველად იჩენდა, - გადავიდა რაღაც საოცარ სიმტკიცეში, სარწმუნოებასა და სიყვარულში. გავიხსენოთ პეტრე მოციქული, - როდესაც მას ჯვარცმა მიუსაჯეს, მან მტარვალებს მტკიცედ უთხრა: „მე რა ღირსი ვარ, ჯვარს ვეცვა, როგორც ქრისტე, გამაკარით ჯვარზე თავდაყირა“. დღეს, როდესაც ჩვენ ამ დიდებული სვეტიცხოვლის ტაძარში 12 მოციქულის ხსენებას ვდღესასწაულობთ, - კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა პირველი ტაძარი მოციქულთა სახელზე. საოცარი ის არის, რომ ამავე დროს, IV საუკუნეში, კონსტანტინოპოლში ასევე 12 მოციქულის სახელობის ტაძარი აშენდა. ეს უდავოდ იმას ნიშნავს, რომ იმხანად მჭიდრო კავშირი იყო არა მარტო ჩვენს ეკლესიებს შორის, არამედ - სახელმწიფოებს შორისაც.

სვეტიცხოველი სისხლითა და ცრემლით მორწყული ტაძარია. მირიანიდან დაწყებული ყველა ქართველი მეფე საქართველოისა აქ მოსულა, მუხლი მოუყრია ღვთის წინაშე და უფლისთვის ჩვენი ქვეყანა შეუვედრებია, ჩვენს წინაპრებს აქ მრავალი ლოცვა აღუვლენიათ და ბევრი ცრემლიც უღვრიათ. ამიტომ დღეს, როდესაც კვლავ უჭიარს ჩვენს ერსა და ქვეყანას, - კვლავ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ლოცვა - და ერთითა გულითა, ერთითა ბაგითა, ერთითა გონებითა, ერთსულოვნებით შევთხოვოთ უფალს მშვიდობა და კეთილდღეობა!

მინდა აღვნიშნო, რომ მთელ მსოფლიოში არცერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ აღესრულება ახალგაზრდების ასეთი აქტიური მოღვაწეობა. და ეს ღვთის უდიდესი მადლია მაგალითად, გუშინ დაბრუნდა ჯგუფი, რომელმაც მოიარა წმინდა ნინოს გზა. მინდა დავლოცო ეს ჩვენი შვილები. ისინი ლოცულობდნენ საქართველოსთვის, მისი გადარჩენისათვის. ვთხოვ მეუფე ნიკოლოზს, წაიკითხოს ამ ბავშვების სია და ჩვენ მათ სიგელებს გადავცემთ. ახალგაზრდების ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მღვდელი ალექსანდრე ქასრაშვილი. მართალია, იგი თავადაც ახალგაზრდა მოძღვარია, მაგრამ, როგორც შეუძლია, ცდილობს, მოიპოვოს მადლი უფლისა. ამიტომ გადავწყვიტე სიგელის გარდა, იგი ოქროს ჯვრით დავაჯილდოვო და დეკანოზის ხარისხში აღვიყვანო.

ახალგაზრდებს კი სიგელებით ვაჯილდოვებთ და ამასთან, მინდა გადავცე ჯგუფს საჩუქრად 1000 ლარი.

კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მათ და სრულიად საქართველოს! მიხარია, რომ საქართველოში აღესრულება ისეთი მსვლელობები, რაც არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ეკლესიაში არ აღესრულება - მათ არ აქვთ ასეთი მადლი!

ძალიან სასიამოვნოა, რომ ასევე შედგება ერთთვიანი სტუდენტური ექსპედიცია ახალქალაქსა და კუმურდოს ეპარქიაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 90 სტუდენტი. მათაც ვლოცავ, ღმერთმა სიხარული და მადლი მოგცეთ და ამ ჯგუფსაც გადაეცემა ასევე 1000 ლარი.

დღეს შედგა საჯარო ნათლობა და მტკვრისა და არაგვის შესართავთან მოინათლა 60-მდე ახალგაზრდა. ეს წირვის დაწყებამდე მოხდა და ამრიგად მათ უკვე შეძლეს წირვაზე დასწრება და ზიარება. ვულოცავ მათ ამ ორი დიდი საიდუმლოს მიღებას!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №23, 2009 წ.