უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება დიდ სამშაბათს, 7-გზის ზეთისცხებაზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 14 აპრილი, 2009 წ.

„ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იგი უძლურია და რომ მიწიერი ცხოვრების გზა - ეს მისი გამოცდაა...“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ზეთისცხების საიდუმლო მაცხოვრისა და მისი მოციქულების მიერ ადამიანების სულისა და ხორცის საკურნებელად არის დადგენილი. თუმცა ყველაზე დიდი საიდუმლო ამ ქვეყანად არის ადამიანი. ადამიანი შედგება სულისა და ხორცისგან. ძველი რომაელები ამბობდნენ: „Mens sana in corpore sano“ - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ხშირ შემთხვევაში, ეს მართლაც ასეა, მაგრამ მუდამ ასე არ არის. არის შემთხვევა, როცა სხეული ჯანსაღია, სული კი დაავადებული აქვს, რაც ცოდვების შედეგს წარმოადგენს.

დღეს ჩვენ მოვედით ამ წმინდა ტაძარში, რათა განიკურნოს ჩვენი სული და ხორცი, რომ ჩვენ შევიმეცნოთ საკუთარი თავი. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: „Nosce te ipsum“ - შეიცან თავი შენი. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იგი უძლურია, მან უნდა იცოდეს, რომ მიწიერი ცხოვრების გზა - ეს არის გამოცდა კაცისა; ამქვეყნიური ცხოვრება არ არის სამოთხე.

დიდი მეცნიერი და ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, რომ დამიანს გააჩნია ორი გონება - მცირე და დიდი; მცირე გონება - ეს არის ჩვენი აზროვნება, ხოლო დიდი გონება - ეს არის სული. სწორედ ამიტომ ამბობს სოლომონ ბრძენი: „ღმერთო, მომეცი მე გული გონიერი!“ როცა ადამიანს გააჩნია გული გონიერი, იგი სხვებზე უფრო მეტს ხედავს. დღეს ჩვენ მოვედით ამ წმინდა ტაძარში, რათა შევთხოვოთ უფალს გული გონიერი, სული და ხორცი - ჯანსაღი, სადიდებელად ღვთისა და სცხოვნებელად ჩვენი სულისა. თავმდაბლად უნდა მივეახლოთ ამ საიდუმლოს და აუცილებლად 7-გზის უნდა ვიცხოთ წმინდა ზეთი და უფალი მოგვანიჭებს ჯანსაღ სულსა და ხორცს.

დალოცვილები იყავით!

ღმერთმა ისმინოს თქვგნი ლოცვები!

ღმერთმა მოგცეთ, უპირველეს ყოვლისა, მადლი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14, 2009 წ.