უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 16 აგვისტო, 2009 წ.

„ნიჭი ვლინდება სიყვარულში; თუ ადამიანს უყვარს, ეს ნიჭი... ეფინება ხალხს მის გარშემო!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

როცა ჩვენ ქართველი ერისა და ქართველი კაცის შესახებ ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული მისი დადებითი და მანკიერი თვისებები, უნდა ვიცნობდეთ, მას რომ შევძლოთ გამოსწორება და გავამრავლოთ კეთილი თვისებები. უარვყოთ ცუდი მხარე და ვიღვაწოთ იმისთვის, რომ სათნო თვისებები შევიძინოთ.

საუბარი ქართველების უარყოფითი მხარეების განხილვით დავიწყოთ. ძალიან ამაყები ვართ, ამპარტავანნი. აბა, რა გითხრათ, რომ გვქონდეს რამე საამაყო, ალბათ, კიდევ შეიძლებოდა, ეს გრძნობა გაგვჩენოდა, მაგრამ საამაყო რომ არაფერი გვაქვს? ეს საშინელი მანკიერი თვისებაა და ძალიან მძიმე ცოდვაა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ ცოდვისგან მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას ძალუძს განკურნება. შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი ხალხი განიკურნოს!

ჩვენი მხარე, ჩვენი სამშობლო - საქართველო, ძალიან ნაყოფიერია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ქართველი კაცი გადაეჩვია შრომას. შრომა - ეს სასჯელი კი არ არის, არამედ - ლოცვა-კურთხევაა ღვთისა. ამიტომ უნდა ვიშრომოთ და საკუთარი შრომით ვჭამოთ პური.

ზოგიერთი მიჩვეულია უსაქმურობასა და დროსტარებას. ხშირად სახლში არაფერი აქვს, მაგრამ მაინც არ უნდა შრომა და ეჩვევა სიღარიბეს. მახსენდება დედაჩემის დარიგება, ადრეც მითქვამს თქვენთვის, - დედა ხშირად გვიმეორებდა ბავშვებს: სიღარიბემ შეჩვევა იცის და იცოდეთ, არ შეეჩვიოთო. სიღარიბეს რომ თავი დააღწიოს ადამიანმა, უნდა იშრომოს.

მინდა კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი, საკითხი წამოვჭრა. ქართველებმა დროის ფასი არ ვიცით; უკიდურესად არასწორი დამოკიდებულება გვაქვს დროსთან. არასწორად ვანაწილებთ მას, არ ვგეგმავთ დღეს, გვიან ვიძინებთ და, შესაბამისად, გვიანაც ვდგებით. მახსენდება ერთი ჩემი პროფესორის დარიგება ძილის შესახებ. ეს პიროვნება ადრე მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ და შემდეგ იგი ჩვენთან მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გადმოვიდა, სადაც იმჟამად მე ვსწავლობდი. და ეს პროფესორი გვარიგებდა სტუდენტებს. გახსოვდეთ, შუაღამემდე 1 საათი ძილი - შუაღამის შემდეგ 2 საათის ძილის ტოლფასიაო; ძილი შუაღამემდე უფრო ჯანმრთელია და კარგად ასვენებს ორგანიზმს. ამიტომ ჩვენ ადრე უნდა დავიძინოთ და ადრე გავიღვიძოთ. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მე გერმანიაში გახლდით. გერმანელები მუშაობას დილის 6 საათზე იწყებენ. სწორედ ამ დროისთვის იხსნება ყველა დაწესებულება. ჩემს ექიმს ვკითხე, რომელ საათზე იღვიძებთ, მუშაობას რომ 6-ზე იწყებთ-მეთქი? ხომ უნდა ისაუზმოს, მოწესრიგდეს, გზაც ხომ უნდა გამოიაროს ადამიანმა სამსახურამდე? მან მიპასუხა, რომ 5-ის ნახევარზე დგება. შესაბამისად გერმანელები ადრე ამთავრებენ მუშაობას, შინ მიდიან და ოჯახს აქცევენ ყურადღებას. ისინი იძინებენ არაუგვიანეს ათის ნახევარისა.

ღვთის მადლით, ჩვენც უნდა ვისწავლოთ დროის გამოყენების კულტურა. ზოგიერთი ადამიანი შუაღამეს იწყებს სწორედ თავის „დღეს“. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ღრეობა და დროსტარება მთელი ღამე; შემდეგ კი მას მკვდარივით სძინავს მთელი დღის განმავლობაში. ასეთი ცხოვრება დიდი შეცდომაა და დროის ამაოდ გაფლანგვა. ვაპირებ, რომ დავწერო კიდეც ამის შესახებ ან ეპისტოლეში ან ცალკე წერილად, - თუ რამდენად ძვირფასია ადამიანისთვის ადრე დაძინება და დილით ადრე ადგომა.

კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო: ხშირად ჩვენ კარგად ვიწყებთ საქმის კეთებას, მაგრამ ვერ ვამთავრებთ. ესეც ჩვენი უარყოფითი მხარეა. დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა დამთავრდეს. ალბათ, ბავშვობიდანვე უნდა შევაჩვიოთ ჩვენი შვილები, რომ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიიყვანონ.

რადგან ბავშვები ვახსენეთ, მინდა სკოლის თემას შევეხო. მიმაჩნია, რომ სკოლაში არ არის სწორად დაგეგმილი გაკვეთილები. როგორ შეიძლება, რომ პირველკლასელმა იმდენივე დრო დაჰყოს სკოლაში, როგორც მაგალითად მე-10 ან მე-11 კლასელმა? ეს საკითხი მოსაგვარებელია და იმედია, მალე მოგვარდება.

სულ უარყოფით თვისებებზე ვსაუბრობ და ახლა მინდა დადებითი თვისებებიც აღვნიშნო; ღვთის მადლით ჩვენ დაჯილდოებული ვართ სათნოებებითაც, უპირველეს ყოვლისა - ღვთის უდიდესი ნიჭით - სიყვარულით. ეს არის ქართველი ადამიანის გამორჩეული თვისება და ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის! სიყვარული უნდა გვქონდეს გულში, სულსა და გონებაში. ეს სიყვარული გადაარჩენს საქართველოს! თქვენ იცით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“. თავისი თვისება მოგვანიჭა უფალმა და იგი ჩვენ ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ.

ქართველი ადამიანი ასევე შემწყნარებელია; მას არ შეუძლია გულში ღვარძლის ტარება, რაც უპირველეს ყოვლისა, მასვე ავნებს. ქართველი ადამიანი ბავშვივითაა. თუ ვიღაც აწყენინებს და მერე გაუღიმებს, ყველაფერი ავიწყდება და ისევ ისეთი მეგობარია მისი, როგორც ადრე იყო.

ასე რომ, როგორც ყველა სხვა ერს, ჩვენც გვაქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები.

დაბოლოს, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე - ადამიანის ნიჭზე. ხშირად ამბობენ, - „ნიჭიერი ადამიანიაო“. მაინც, როგორ აღმოვაჩინოთ ნიჭი? ზოგჯერ ბავშვობაში ადამიანი გამოავლენს ხოლმე რამე ნიჭს და მერე, თუკი ყურადღებას არ აქცევს მას, - ეს ნიჭი თანდათან იკარგება.

ასე არ უნდა მოხდეს. ეს ჩემი შეხედულებაა და ასე ვფიქრობ, თქვენ შეიძლება სხვაგვარად მიგაჩნდეთ; ჩემი აზრით, ყოველი ადამიანი, თუ ის ფსიქიურად და ხორციელად ჯანსაღია - ნიჭიერია, გენიალურიც. მაგრამ ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ადგილი, უნდა გამოავლინოს თავისი ნიჭი. როგორც წესი, ადამიანს რამდენიმე ნიჭი აქვს ბოძებული ღვთისგან და მან იგი ყველაფერში უნდა გამოავლინოს, თავისთვის არ უნდა შეინახოს. ჩემი აზრით, ნიჭი ვლინდება სიყვარულში. თუ ადამიანს უყვარს, ეს ნიჭი მარტო თავისთვის კი არ აქვს, - იგი ხალხსაც ეფინება მის გარშემო.

უნდა შევთხოვოთ უფალს, გამოავლინოს ჩვენში ნიჭი. ადამიანს, მცირე ასაკიდან მოყოლებული, ბაღში იქნება ის თუ სკოლის დაწყებით კლასებში უნდა აკვირდებოდნენ მშობლები და მასწავლებლები, რათა გამოავლინონ მისი ნიჭი. ბავშვის ნიჭი კი მჟღავნდება იმაში, რაც მას უყვარს. ზოგჯერ ადამიანს უყვარს ტექნიკა, თანამედროვე მიღწევები, - ეს მისი ნიჭია. შეიძლება ადამიანს უყვარდეს ბუნება, ცხოველები, ანდა განსაკუთრებით იტაცებდეს ზოგიერთი საგანი - მათემატიკა, ლიტერატურა ან სხვა. რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს, იმ საქმეში ვლინდება მისი ნიჭი.

მახსენდება ჩემი სწავლის პერიოდი სკოლაში. მე-2 თუ 3-ე კლასში ვიყავი და საშუალო მოსწავლედ ვითვლებოდი. ფრიადებიც მყავდა, მაგრამ კარგი და საშუალო შეფასებაც - ასე ვთქვათ, ცოცხალ-მკვდარი ვიყავი, - არც იქით და არც აქეთ, ანუ საშუალოდ ვსწავლობდი, განსაკუთრებული მონდომების გარეშე. თურმე ძალიან ბევრი რამ ყოფილა დამოკიდებული მასწავლებელზე. ერთხელ ჩვენი მასწავლებელი ავად გახდა და 5 თვის თუ მეტი ხნის მანძილზე მას სხვა მასწავლებელი ცვლიდა. მოხდა სასწაული. ამ მასწავლებლის ხელში მე ფრიადოსანი გავხდი. მან ჩემი გულის გასაღები მოძებნა. ძალიან მიყვარდა ის მასწავლებელიც, სკოლაც და შესაბამისად - სწავლაც. მაგრამ გავიდა დრო და კვლავ დაბრუნდა ჩვენი ძველი მასწავლებელი და მე ისევ საშუალო მოსწავლე გავხდი. პირადი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასნავლებელს. მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ ისე დავამთავრე საშუალო სკოლა, მასწავლებელს ჩემთვის თავზე ხელი არ გადაუსვია, არ მომფერებია, - სკოლიდან მხოლოდ სიმკაცრე მახსოვს.

სკოლიდან მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც დღესაც მძრავს და მაშინებს. სულ პატარა ვიყავი, მე-3 კლასის მოსწავლე, ცქვიტი და ზედმეტად მოძრავი ბავშვი. ერთხელაც კიბეზე მივრბოდი და შემთხვევით მასწავლებელს დავეჯახე. მე ის არ დამინახავს, - კიბეს ვუყურებდი და ვერ შევნიშნე, რომ ვიღაც კიბეზე ჩამოდიოდა. იმ მასწავლებელმა ამის შესახებ ჩვენს მასწავლებელს უთხრა და მე დავისაჯე. მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დამტოვა. თვითონ რვეულებს ასწორებდა და მე კი კლასის ბოლოში ვიჯექი. ბოლოს, ეტყობა გადაწყვიტა, რომ საკმარისად არ დავისაჯე, მომიახლოვდა და უნდოდა ჩემთვის წიგნების წართმევა. წიგნებს ჩავებღაუჭე, ვერაფრით მოახერხა ხელიდან გამოეგლიჯა. მერე სხვა მასწავლებელი გამოგზავნა და მანაც იგივე სცადა, მაგრამ მე წიგნები არ მივეცი. წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულებაა ბავშვის მიმართ! ამის შემდეგ ჩემს მშობლებს წერილი მიწერეს, სადაც ეწერა: ამხანაგო ესა და ეს (გვარი და სახელი ჩემი მშობლების), გთხოვთ, მობრძანდეთ სკოლაში, რათა გადავწყვიტოთ თქვენი შვილის ბედი. მე-3 კლასში ვარ და ის მასწავლებელი წყვეტს ჩემს ბედს! ეტყობა კარგად გადაწყვიტა - და აი, პატრიარქი გავხდი! და ახლა ვინ მისცემს მშობლებს ამ წერილს? უკიდურესად შეშინებული და დათრგუნული ვიყავი. ბავშვის გონებაში მისი ასაკის შესაფერისი ბრძოლა და მსჯელობა იყო. იცით რას ვფიქრობდი? ვფიქრობდი, შეიძლება სკოლიდან გამაგდონ (ეს აზრი ძალიან მაშინებდა), შეიძლება დამსაჯონ, მაგრამ შეიძლება გამამართლონ და სკოლაში დამტოვონ. შინ რომ მოვედი, ჩვენს სახლში სტუმრები დამხვდნენ და დიდი სუფრა და ლხენა იყო. მე სუფრის კიდესთან ჩამოვჯექი და ისეთ განცდაში ვიყავი, დანა პირს არ მიხსნიდა. დღესაც რომ მახსენდება და იმ განცდაზე ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ ასეთმა დარდმა შეიძლება ბავშვი იმსხვერპლოს. შიშისაგან მოკვდეს ან სხვა რამე დაემართოს. აი, როგორი სიფრთხილეა საჭირო მასწავლებლების მხრიდან! ანდა როგორ შეიძლება, მასწავლებელმა ბავშვს უთხრას: „შენ დებილო, შენ უნიჭო!“ ამას თუ იტყვის მასწავლებელი, იგი იმ დღესვე უნდა გათავისუფლდეს სკოლიდან.

ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა ვთქვა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებს, მასწავლებლებს. სწორედ მათ უნდა გამოავლინონ ბავშვის ნიჭი, უნდა დაეხმარონ ბავშვს, რომ იპოვოს საკუთარი თავი, ასწავლოს მას საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება. და თუკი გამოვლინდა ბავშვის ნიჭი, ის იქნება გენიალური ადამიანი!

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გიბოძოთ ნიჭი დავით აღმაშენებლისა, ნიჭი თამარისა, რუსთაველისა და სხვა დიდ ადამიანთა!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ნიჭი მოგმადლოთ, შრომის სიყვარული მოგცეთ და ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2009 წ.