უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სავედრებელ პარაკლისზე

მიუნხენი, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული ეკლესია, 19 ივლისი, 2009 წ.

„ყველას გელოდებით საქართველოში!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ მართლაც დიდია უფალი და ადამიანის გონება ვერ მისწვდება მის უზენაეს განგებას, მის საკვირველებას.

ჩვენ უფალმა ისეთი ქვეყანა გვიბოძა, რომელიც სანატრელია ყველასათვის. და ამ ღვთის საჩუქარს, ჩვენ სამშობლო - საქართველოს, უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როცა კვლავ დაუბრუნდებით თქვენ ქვეყანას. იქ არის ჩვენი მამა-პაპების ძვლები, მათი წმინდა საფლავები.

„როგორც უფალი, სამშობლო - ერთია ქვეყანაზედა!“ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სხვაზე არანაკლებად გიყვართ საქართველო. ჩვენი ქვეყანა დღეს განსაცდელშია, გაჭირვების ჟამი უდგას, რადგან დარღვეულია მისი ტერიტორიული მთლიანობა. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი. მიმაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მიწები ჩვენთვის დაკარგულია! ჩვენ უწდა მიგვაჩნდეს, რომ დროებით ვერ ვაკონტროლებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მაგრამ გვწამს, რომ ღმერთი გაიღებს მოწყალებას და ეს ტერიტორიები კვლავ დაუბრუნდება საქართველოს!

ვფიქრობ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს წიაღში დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა თვითონ აფხაზებისა და ოსებისათვის, მათი ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო არ დაეცემა, არამედ გადარჩება და გაბრწყინდება

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და ყველას გელოდებით საქართველოში!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №24, 2009 წ.