წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება ჱ-ს სეკტემბერს ჩყჲდ-ს წელსა, გენათს მონასტერსა შინა

მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!

მოგილოცავნ აწინდელს დღესასწაულსა, დღეობასა ძველისა ამის დიდებულისა ტაძრისასა. მიხარის მე, ოდეს გხედავ თქვენ დღევანდელსა დღესასწაულსა ესრეთ შეკრებულთა სხვათა და სხვათა სოფლებითგან, ერთგულთა მლოცველთა და მსასოებელთა წმიდისა ამის ადგილისა და მრავალთა ძველთა და წარჩინებულთა სიწმინდეთა, რომელნი უხსოვარისა დროისაგან განისვენებენ მას შინა. მიხარის და ამასთანავე ყოველთვის მსურს და მოსურნე ვარ ძალისამებრ ჩემისა და საღმრთოისა მოვალეობისა, წინა-დაგიგო თქვენ რომელიმე სულიერი საზრდო, ესე იგი, მოგცე თქვენ რომელიმე მოძღვრება. გარნა რა საგანი აღმოვარჩიო დღეს ჩვენისა უბნობისათვის? რა საგანზე მოგცე დღეს თქვენ მოძღვრება? ვგონებ, რომელ, ვინაითგან თქვენ ყოველნი აქ მდგომნი შეკრებულ-ხართ სხვათა და სხვათა მხარეთაგან, ზოგიერთნი თქვენგანნი არის მოსულნი შორითგან, მაშასადამე საგანიცა აწინდელისა ჩვენისა უბნობისა უნდა იყოს სასარგებლო და საჭირო არა ერთისა ანუ ორისა პირისათვის, არამედ საზოგადოდ ყოველთა ჩვენსა სამწყსოსა შინა მცხოვრებთათვის. იგი უნდა შეეხებოდეს არა ერთსა ანუ ორსა პირსა, არამედ ყოველთა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთა. და ესრეთ ვიწყებ მე თქმად იმ ცუდს ჩვეულებაზე, რომელი გავრცელებულ-არს თითქმის ყოველთა სოფელთა შინა და რომელსა თქვენ დაბიურად უწოდებთ მკითხაობასა, ანუ მარჩიელობასა. მართალია, მრავალთა სოფლის ეკლესიათა შინა მითქვამს მე ამ ჩვეულებაზე, თუ ვითარი მავნებელი არის იგი და წინააღმდეგი საღმრთო რჯულისა; გარნა ჩვეულება იგი ესეოდენ არს საძაგელ და ბოროტ, რომელ ათასჯერ რომ განვიმეორო სიტყვა მას ზედა, ისიც არ იქმნება ნამეტანი, რა არს მკითხაობა ანუ მარჩიელობა? მკითხაობა ანუ მარჩიელობა ის არის, როდესაც რომელსამე სოფელსა შინა გამოჩნდება კაცი, ანუ დედაკაცი, ცბიერი, ცრუ და, შეხედავს რა, ვითარი უმეცარი და გამოუცდელი არის დაბალი ხალხი და ადვილად იჯერებს იგი ყოველსა ცრუსა და უცნაურსა ანბავსა, გამოაცხადებს, ვითომც, მას შეუძლია შეტყობა ყოვლისა საიდუმლოისა, მან იცის მიზეზი ყოვლისა ვნებისა და უბედურებისა. მას შეუძლია მოსპობა ყოვლისა ვნებისა და ზარალისა. თუ ვინმე გახდა ავად სოფელში, მკითხავი მოუგონებს და ეტყვის მას რაღაცა უცნაურსა და გაუგონებელსა მიზეზსა, ვითომც მას უწყრება ხატი რომელიმე, ანუ სალოცველი საყდარი, და მოიგონებს სხვათა ესრეთთა გაუგონებელთა მიზეზთა, რომელნიცა არიან ერთი მხოლოდ სიცრუე. ხშირად მომხდარა-ჩვენ თვით ვართ ამისი მოწმე და მნახველი- რომელ მკითხავსა, ნაცვლად მორჩენისა, მოუკლავს ავადმყოფი და დაუთესია უკმაყოფილება და მძულვარება მეუღლეთა შორის, მეზობელთა შორის, გარნა მოკლე სიტყვით არ აღიწერება ყოველი ვნება, რომელსა მკითხავი მოახდენს სოფელსა შინა. ამისთვის გეტყვი თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, მსმენელნო ჩემნო. ნუ ატყუებთ თავსა თქვენსა, ნუ ჩააგდებთ თავსა თქვენსა ხელთა შინა მკითხავთასა. თუ ვინმე დაიჩემოს მორჩენა რომლისამე ავადმყოფისა, მაშასადამე, პირდაპირ მისცეს რომელიმე წამალი, გარნა ოდეს, ნაცვლად წამლის მიცემისა და დარიგებისა, ვინმე მოტყუებით იწყებს მოგონებასა სხვათა და სხვათა უცნაურთა მიზეზთა, იწყებს მარჩიელობასა წყალზე, ანუ ლობიოზე, ანუ სხვათა რომელთამე უგუნურთა მოქმედებათა, იცოდე, რომ იგი ცბიერია, მას უნდა შენი მოტყუება. მოერიდე ესრეთსა კაცსა, თუ შენი თავის სიკეთე გსურს.

ახლა ის ვიფიქრით, რა მიზეზი არის, რომელ ესრეთნი მცბიერნი და ცრუნი მკითხავნი ასე ადვილად ატყუებენ დაბალსა ერსა? მიზეზი აქ მეტი არაფერი არის, მხოლოდ ერთი უმეცრება და უსწავლელობა. როგორ არ მოტყუვდება ის კაცი, რომელმან არაფერი არ იცის, ქრისტიანე არის და „მამაო ჩვენო“ არ იცის ზეპირად. ზოგჯერ პირჯვარს ვერ დაიწერს კანონიერათ. უმეცარი და დაბნელებული ხალხი ყოველთვის გახდება საშოვარი მცბიერებისა მკითხავისა. მკითხავს რა ენაღვლება, იგი ეძიებს მხოლოდ თავის სარგებლობასა; სიცრუეს ეტყვის და საჩუქარს მიიღებს, ძღვენს გამოგართმევს. რა წამალი გაეწყობა ამას? რით მოისპობა ეს უწესოება? ერთითა მხოლოდ სწავლითა და განათლებითა. ვიდრემდის დაბალი ერი თვითონ არ მიხვდება, რომ მკითხავი მას ატყუებს, არ მოიშლის მკითხავის გაგონებას; და ამას მიხვდება მხოლოდ სწავლითა. მაშასადამე, ყოველი კაცი იმას უნდა ცდილობდეს, რომ რაიმე ასწავლოს თვისთა შვილთა. ამინ.