წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი

სიტყვა დიდ პარასკევს

აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან
აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი
(იოანე 1, 29)

ეჰა, ძმანო ჩემნო, ტარიგი ღვთისა, რომელმან აიხვნა ცოდვანი ჩვენნი, ცოდვები თითოეული ჩვენთაგანისა. ესერა ძე ღმრთისა მხოლოდშობილი განბრძარული ადამიანური შურითა და გაბოროტებით! როგორიღაა კაცობრიობა! ჰოი, როგორი ბნელი და საძაგელია სურათი ადამიანური გაბოროტებისა! შეუვრდეთ მას აღსარებითა გულისათა და ავტირდეთ წინაშე შემოქმედისა ჩვენისა უფლისა, საუკუნეთა დასასრულს ჩვენთვის ვნებულისა და მომკვდარისა. შიშით და სიყვარულით ამბორსვუყოთ გულითა და ბაგითა წყლულთა ამათ, შიშითა: რამეთუ მოაქამომდე ყარს წინაშე მისსა ცოდვანნი ჩვენნი და ღაღადებს ჩვენსავ სასჯელზე, – სიყვარულითა, რამეთუ წყლულნი ესე და სიკვდილი თავს-იდვა ჩვენდამი გამოუთქმელი სიყვარულით და ბუნებრივად მოგვიწოდებს ჩვენც სიყვარულისკენ! აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი. რაოდენ სანუგეშოა ეს სიტყვები მორწმუნე სულისთვის! მათში იმედია ზეციური მამის უსასრულო მოწყალებაზე, რომელმაც ჩვენ უსჯულონი სიმართლის მსხვერპლით შემოგვირიგა, ანუ დაუსრულებელი მსხვერპლით ძისა თვისისა, ჯვარზე რომ იქნა მიტანილი ჩვენთა ცოდვათათავის. რაოდენჯერ ვცოდავდით ერთ დღესა და საათში, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი უბადრუკი ცხოვრების ცოდვებზე. როგორ გვტანჯავდა ჩვენი ცოდვები? მაგრამ მოვინანიეთ რწმენითა და გულითადი იმედით, მივხედეთ მაცხოვარს, ამოვიოხრეთ, ავტირდით ცოდვებზე: და აი, ისინიც განიბანენ, განიწმინდნენ, მოგვეტევნენ; ვპოვეთ სიმშვიდე, თავისუფლება, სიხარული. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიგი ღვთისა ყოველდღე, ყოველ წუთს აიხვამს ჩვენს ცოდვებს. აქარწყლებს, განწმედს, ივიწყებს გვიხსნის ცოდვათა გამო მარადიული განკითხვისაგან. ვის არ გამოუცდია ეს საკუთარ თავზე? აი, რისთვისაა რომ ამ სისხლიან, სულის შემძვრელ სანახაობას სასოებით ვუმზერთ, და თუმცა გულაჩუყებით, მაგრამ გულაჩუყებით აღვსილი სევდით, სიხარულითა და ერთგვარი ზეიმურობითაც: რამეთუ გვწამს, რომ ამ მკვდარში ჰგიეს ყოველი ცოცხალის სიცოცხლე, ღმერთთან შერიგება, ცოდვათა მიტევება და იმედი საუკუნო სიცოცხლისა. მთელს ქვეყანაზე ახლა ქრისტიანები კეთილმოკრძალებით სცემენ თაყვანს ქრისტეს წყლულებს და გულაჩუყებით ეამბორებიან და ყოველი მორწმუნის გულში იგრძნობა უფლის მაცხოვნებელ ვნებათა და სიკვდილის ძალა: რამეთუ იგი მარადჟამს აიხვამს ყველა მონანული ცოდვილის ცოდვებს, შეუნდობს, განწმენდს, განაახლებს, აცხოვნებს. ჰოი, მაცხოვარო ჩვენო! რამდენჯერ გვიხსენ სულიერი სიკვდილისაგან. ამ წუთში, ამ ღვთისმოსავი კრებულის წინაშე აღვიარებ, ჰოი, მაცხოვარო ჩემო, ჩემზე, ყველაზე უფრო უცოდვილეს ადამიანზე, გარდამოვლენილ შენთა წყალობათა, რომელთა მეშვეობითაც მიხსენ აურაცხელ სულიერ სიკვდილთაგან, მიხსნიდი უწინ და მიხსნი ამჟამადაც ყოველგვარი მწუხარებისაგან, ყოველგვარი ცოდვით დაცემებისაგან. შენი წყალობაა, რომ აქამდე არა ვარ წარწყმედის მთხრებლში, და ვიტყვი დავით წინასწარმეტყველთან ერთად: სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე, და მომეწიფნეს მე მახენი სიკვდილისანი. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ღვთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ (ფსალმუნი 17, 5-7): ის ყოველთვის მოწყალებით ისმენდა ჩემი გულის მოთქმას, მომივლენდა საკვირველ ხსნას, მომიტევებდა ცოდვებს, დახსიდა წუხილსა ჩემსა და საშინელი გაჭირვებიდან სამშვიდობოს გავყავდი. აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელი აიხვამს ცოდვათა ჩემთა! აჰა, ტარიგი ღმრთისა აღმხმელი ცოდვათა ჩვენთა! მოვედით ცრემლითა სინანულისათა და სიყვარულით ამბორს-ვუყოთ ყოვლისა სოფლისა ცოდვათა ამხმელი ტარიგის წყლულთა. შენ კი სახიერებაო აღუწერელო, უფალო ცისა და ქვეყანისაო – კვალადცა გარდამოგვივლინე კურთხევაჲ შენი ჩვენზედა, აღძარ ჩვენ შორის სიყვარული წრფელი და არა კაცთმოთნე; ცოდვებში მომაკვდავ ამ სოფელს აცადე და შენი შემარყეველი ნიშებით უმძიმესი ცოდვიანი ძილისაგან გამოაფხიზლე. ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა