ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მსაჯულნი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საომრად?

1

და იყო შემდგომად აღსრულებისა მის ისოსისა და იკითხვიდეს ძენი ისრაჱლისანი უფლისა მიერ და იტყოდეს: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა ქანანელისა მის და ბრძოლა-სცეს მას?

2 თქვა უფალმა: იუდა გავიდეს. აჰა, ხელში ჩამიგდია მისთვის ეგ მიწა. 2 და ჰრქუა უფალმან იუდა აღვიდეს. აჰა ესერა, მივეც ქუეყანაჲ იგი ჴელთა მისთა.
3 უთხრა იუდამ თავის ძმას სიმონს: გამომყევი ჩემს წილხვდომილში, ერთად ვეომოთ ქანაანელებს. მერე მე გამოგყვები შენს წილხვდომილში. და გაჰყვა სიმონი. 3 და ჰრქუა იუდა სჳმეონს, ძმასა თჳსსა: აღმოვედ ჩემ თანა ნაწილსა მას ჩემსა და ვჰბრძოდით ქანანელსა მას და მოვიდე მეცა შენ თანა ნაწილსა შენსა, და წარვიდა მის თანა სჳმეონ.
4 გავიდა იუდა და უფალმა ხელში ჩაუგდო ქანაანელები და ფერიზელები. ამოხოცეს ისინი ბეზეკში - ათი ათასი კაცი. 4 და წარვიდა იუდაცა. და მოსცა უფალმან ქანანელი იგი და ფერეზელი ჴელთა მისთა და მოსრნა იგინი ბეზეკს შინა, ათი ათასი კაცი.
5 ბეზეკშივე შეეყარნენ ადონი-ბეზეკს. შეებნენ და დაამარცხეს ქანაანვლები და ფერიზელები. 5 და პოვეს ოდონიბეზეკ ბეზეკს შინა და ჰბრძოდეს მას და მოსრნეს ქანანელნი იგი და ფერეზელნი.
6 უკუიქცა ადონი-ბეზეკი, დაედევნენ, შეიპყრეს და ხელებზე და ფეხებზე ცერები დააჭრეს. 6 და ივლტოდა იდონიბეზეკ და დევნა-უყვეს შემდგომად მისსა, ეწინეს და შეიპყრეს იგი და მოჰკუეთნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი.
7 თქვა ადონი-ბეზეკმა: სამოცდაათი მეფე, ხელებზე და ფეხებზე ცერები რომ დავაჭერი, ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამვსრევს. რასაც ჩავდიოდი, იგივე მომაგო ღმერთმა. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა. 7 და თქუა ოდონიბეზეკ: სამეოცდაათორმეტნი მეფენი, რომელთანი ჴელნი მათნი და ფერჴნი მათნი მოკუეთილ იყუნეს, და კრებდეს ნაბიჭევსა ტაბლასა ჩემსა ქუეშე, რამეთუ ვითარცა-იგი უყავ მათ, ეგრეცა მომაგო მე ღმერთმან, და მოიყუანეს იგი იერუსალჱმდ, და მოკუდა მუნ.
8 შეუტიეს იუდიანებმა იერუსალიმს, აიღეს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი. 8 და ჰბრძოდეს ძენი იუდასნი იერუსალჱმსა. და დაიპყრეს იგი და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა და ქალაქი იგი მოწუეს ცეცხლითა.
9 მერე ჩავიდნენ იუდიანები მთის, სამხრეთისა და ბარის ქანაანელებთან საომრად. 9 და მისა შემდგომად შთავიდეს ძენი იუდასნი ბრძოლად ქანანელისა მის, რომელი დამკჳდრებულ იყო მთათა შინა და სამხრით და ველით.
10 გაილაშქრა იუდამ ხებრონში მცხოვრებ ქანაანელებზე (უწინ ჰებრონს კირიათ-არბა ერქვა); დაამარცხეს შეშაი, ახიმანი და თალმაი. 10 და წარვიდა იუდა ქანანელისა მის, რომელი დამკჳდრვბულ იყო ქებრონს შინა; და გამოჴდა ქებრონი წინაშე პირისპირ ბრძოლად მათა, ხოლო სახელი ქებრონისა იყო პირველ კარიათარბოკსეფერ; და მოსრეს ესესი და აქიმან, და თოლმი, ნაშობნი ენაკისნი.
11

იქიდან დაბირის მცხოვრებლებზე გაილაშქრა (უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა).

11

და აღმოვიდეს დამკჳდრებულთა მათ ზედა დაბირისთა და სახელი დაბირისაჲ იყო პირველად ქალაქი მწიგნობართაჲ.

12 თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა. 12 და თქუა ქალებ: რომელმან მოსრას ქალაქი ესე მწიგნობართა და პირველად დაიპყრას იგი, მივსცე მას ასული ჩემი ცოლად.
13 ღოთენიელმა, ქალების უმცროსი ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა. 13 და დაიპყრა იგი გოთონიელ, ძემან კვნეზისმან, ძმისწულმან ქალებისმან უმრწემესმან და მისცა მას ქალებ ასქან, ასული თჳსი, ცოლად.
14 ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისაგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო, 14 და იყო, რაჟამს შევიდოდა იგი, აბირა იგი გოთონიელ, ცოლი თჳსი, რათა სთხოოს მამასა თჳსსა აგარაკი. და დრტჳნვიდა იგი და ჴმობდა კარაულსა მას ზედა, ვითარმედ: ქუეყანად სამხრით კერძო მიმეც მე. და ჰრქუა მას ქალებ: რასა მთხოვ მე?
15 მიუგო: მომეცი კურთხევა, რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევვბიც მომეცი. შეუსრულა სათხოვარი. მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები. 15 და ჰრქუა მას ასქან, ასულმან თჳსმან: მეც ნურაჲ კურთხეულად, რამეთუ ქუეყანად სამხრით კერძო მიმეც მე და მეც მე საჴმარი წყალთა. და მისცა მას ქალებ მსგავსად გულისა მისისა საჴსარი მაღალთა და საჴსარი მდაბალთაჲ
16 მოსეს სიმამრის, იოთორ კენიელის შთამომავლებიც თან ამოჰყვნენ იუდიანებს ფინიკთა ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც არადის სამხრეთით მდებარეობს. მოვიდნენ და ადგილობრივ ხალხში ჩასახლდნენ. 16 და ძენი იობაბისნი კენეელისანი, სიმამრისა მოსესნი, აღმოვიდეს ქალაქთა მათთაგან ზღჳისკიდისათა ძეთა იუდაჲსთა უდაბნოდ, რომელ არს სამხრით იუდაჲსა შთასავალსა მას არადისასა. და მოვიდეს და დაემკჳდრნეს იგინი ერისა მის თანა.
17 გავიდა იუდა თავის ძმასთან სიმონთან ერთად. დაამარცხეს ცეფათის ქანაანელები, ააოხრეს ქალაქი და უწოდეს ხორმა (ნაოხარი). 17 და წარვიდა იუდა სჳმეონის თანა, ძმისა თჳსისა, და მოსრა ქანანელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო სეფეთს, და შეჩუენებულ-ყვეს იგი და მიწყჳდეს იგი. და უწოდეს სახელი ქალაქისა მის მოსრვაჲ.
18 აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, ასკალონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი, აშდოდი და მისი შემოგარენი. 18 და დაიმკჳდრა იუდა აზეროჲ და საზღვარნი მისნი, და აკარონი და საზღვარნი მისნი, და აზოტე და გარვმო ნათესავი მისი.
19 უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ. 19 და იყო უფალი იუდას თანა. და დაიმკჳდრა მთაჲ იგი, რამეთუ ვერ შეუძლეს დამკჳდრებად მკჳდრთა მათ ბარისათა, რამეთუ, რექაბ შორის ბანუწვალა მათ და ეტლები რკინისა იყო მათი.
20 მისცეს ხებრონი ქალებს, როგორც მოსესაგან იყო დანაბარები. დაიმკვიდრა მან ყანაკის ძეთა სამი ქალაქი და ყანაკის სამივე ძე აჰყარა იქიდან. 20 და მისცეს ქალებს ქებრონი, ვითარცა ეტყოდა მოსე და დაიმკჳდრნეს მუნ სამნი იგი ქალაქნი ძეთა ენაკისთანი და აღჴოცნეს მიერ სამნი იგი ძენი ენაკისნი.
21

მაგრამ იებუსეველები - იერუსალიმის მკვიდრნი ვერ აჰყარეს ბენიამინიანებმა და იებუსეველები დღემდე ცხოვრობენ იერუსალიმში ბენიამინიანთა გვერდით.

21

და იებოსელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო იჱრუსალამს, არა დაიმკჳდრეს ძეთა ბენიამენისთა, და მკჳდრ იყო იებოსელი იგი ძეთა თანა ბენიამენისთა იჱრუსალიმს, ვიდრე აქა დღედმდე.

22 იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან. 22 და აღმოვიდვს ძენიცა იოსებისნი ბეთლემდ და უფალი იყო მათ თანა
23 შეჩერდა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (უწინ ამ ქალაქს ლუზი ერქვა). 23 და დაიბანაკა სახლმან ისრაჱლისამან გარემო ბეთელსა, ხოლო სახელი ქალაქისა მის იყო პირველად ლუზა.
24 დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ. 24 და იხილეს ებგურთა მათ კაცი გამომავალი ქალაქით. და შეიპყრვს იგი და ჰრქუეს მას: გჳჩუენე ჩუენ შესავალი ქალაქისა ამის და ვყოთ შენ თანა წყალობაჲ.
25 უჩვენა კაცმა ქალაქში შესასვლელი. მახვილით მოსრეს ქალაქი, ხოლო ის კაცი და მთელი მისი სახლობა გაუშვეს. 25 და უჩუენა მათ შესავალი ქალაქისა მის, და მოსრეს ქალაქი იგი პირითა მახჳლისათა, ხოლო კაცი იგი და ნათესავი მისი გამოიყუანეს და განუტევეს.
26 წავიდა ის კაცი ხეთელების ქვეყანაში. ააშენა იქ ქალაქი და უწოდა ლუზი. ეს სახელი ჰქვია მას დღემდე. 26 და წარვიდა კაცი იგი ქუეყანასა მას ქეთემისასა და აღაშენა მუნ ქალაქი. და უწოდა სახელი მისი ლუზა. ესე არს სახელი მისი დღენდელად დღედმდე.
27 მენაშემ ვერ აჰყარა ბეთ-შეანი თავისი სოფლებითურთ, ვერც თაყანაქი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც დორი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც იბლეყამი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც მეგიდო თავისი სოფლებითურთ. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ქანაანელები ამ მიწაზე. 27 და არა დაიმკჳდრა მანასე ბეთშანი, რომელ არს სკჳთელთა ქალაქი, არცა ასულები მისი და არცა გარემო სათესავი მისი, არცა თანიქი და ასულები მისი, არცა დამკჳდრებულნი დორისანი, არცა გარემო მკჳდრნი მისნი და ასულები მისი, და არცა დამკჳდრებელნი ბალაკისანი და გარემო მკჳდრნი მისნი, და ასულები მისი, და არცა დამკჳდრებულნი მაგედოსანი, არცა გარემო მყოფნი მისნი, არცა ასულები მისი, არცა დამკჳდრებულნი იებელამისანი, არცა გარემო მყოფნი მისნი, არცა ასულები მისი; და იწყო ქანანელმან დამკჳდრებად ქუეყანისა მის.
28 როცა მომძლავრდა ისრაელი, დახარკა ქანაანელები, აყრით კი ვერ აჰყარა. 28 და იყო, რაჟამს განძლიერდა ისრაჱლი და ყო ქანანელი იგი მოხარკე, ხოლო მოსრვით არა მოსრა იგი
29 ეფრემმა ვერ აჰყარა გაზერის ქანაანელები, ცხოვრობდნენ ქანაანელები გაზერში მათ გვერდით და ხარკს უხდიდნენ. 29 და ეფრემ არა აღჴოცა ქანანელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო გაზერს შინა. და დაემკჳდრა ქანანელი იგი შორის მისსა გაზერს შინა და იყო იგი მისი მოხარკე.
30

ზაბულონმა ვერ აჰყარა კიტრონელები და ნაქლოლელები, ცხოვრობდნენ ისინი მათ გვერდით და მისი მოხარკენი შეიქნენ.

30 და ზაბულონ არა აღჴოცნა დამკჳდრებულნი კედარისანი და დამკჳდრებულნი იგი ამონისანი: და დაემკჳდრა ქანანელი იგი შორის მისსა. და იყო იგი მისსა მოხარკე.
31 აშერმა ვერ აჰყარა ყაქოელები, რომლებიც ხარკს უხდიდნენ, ვერც დორელები და სიდონელები, ვერც ახლაბელები, აქზიბელები, ქელბელები, აფიკელები და რექობელები. 31

და ასერ არა აღჴოცნა დამკჳდრებელნი იგი აკქორისანი. და იყო იგი მისა მოხარკე და დამკჳდრებულნი დორისანი და მკჳდრნი იგი სიდონისანი, და დამკჳდრებულნი იგი დალაფისანი და აქაზიფისანი და ელბოჲსანი და აფეკისანი და რთობისანი.

32 ცხოვრობდა აშერი იქაურ ქანაანელებს შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი. 32 და დავმკჳდრა ასერ შორის ქანანელისა მის, რომელი მკჳდრ იყო ქუეყანასა მას, რამეთუ ვერ ეძლო წარწყმედად მისა.
33 ნაფთალიმ ვერ აჰყარა ბეთ-შემეში და ბეთ-ანათი; ცხოვრობდა იქაურ ქანაანელებს შორის. ბეთ-შემეშელებიც და ბეთ-ანათელებიც მისი მოხარკენი შეიქნენ. 33 და ლეფთალიმ არა აღჴოცნა მკჳდრნი იგი ბეთსამისანი, არცა მკჳდრნი იგი ბენეთისანი, დაემკჳდრა ლეფთალიმს შორის ქანანელისა მის, რომელი-იგი მკჳდრ იყო ქუეყანასა მას. ხოლო მკჳდრნი იგი ბეთსამისანი და ბეთანათისანი იყვნეს მისა მოხარკე.
34 ამორეველებმა მთებში შეიმწყვდიეს დანელები და ბარად არ ჩამოუშვეს. 34 და აჭირებდა ამორეველი იგი ძეთა დანისთა მთასა მას შინა, რამეთუ არა უტევებდა მათ შთასლვად ღელესა მას.
35 დარჩნენ და ცხოვრობდნენ ამორეველები ქარ-ქერესში, სადაც დათვები და მელებია, აიალონში და შაყალბიმში, მაგრამ იოსების სახლის ხელი მძიმედ დააწვა ამორეველებს და მოხარკედ გაუხდნენ ისინი. 35 და იწყო ამორეველმან მან დამკჳდრებად მთასა მას მურტოვანსა, სადა-იგი დათუნი და მელნი იყვნეს, მურტოვანსა მას და სალაბინს და დამძიმდა ჴელი სახლისა იოსებისი ამორეველისა მის ზედა და იყო იგი მათა მოხარკე
36 ამორეველების საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა. 36 და საზღვარნი ამორეველთანი ზემო კერძო აღსავალსა მას აკრიბინისასა კლდითგან უზეშთაეს იყო.