„უძღები შვილი“

უფროსი შვილი და ძმა

უფალი იესო ქრისტეს იგავური სათქმელი უფროსი შვილისა და ძმისკენაც არის მიმართული „უძღები შვილის“ იგავში. ამ უფროს ძმას, უმცროსისაგან განსხვავებით, იგავში არანაირი სახელი-განსაზღვრება არ აქვს.

თუმცა წმიდა მამები უფროს შვილს უძებნიან განსაზღვრებას - „მართალი“. ამ მართალ უფროს ძმას ისინი უპირისპირებენ უძღებ, ცოდვილ, რჯულის დამრღვევ უმცროს ძმას. ამ დაპირისპირების განმარტებისას წმიდა მამები ორ მომენტს გამოყოფენ იგავიდან: ა) „აჰა ესერა ესოდენი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ“, - ეუბნება უფროსი შვილი მამას, და ბ) „იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე“, - შენიშნავს წმიდა ლუკა მახარებელი უფროს ძმაზე.

სამემკვიდრეო წილის გაყოფის შემდეგ, ებრაული სამემკვიდრეო წესით, მამა იმ ქონების პატრონად რჩებოდა, რომელიც უფროს ძეს ეკუთვნოდა. უფროსი შვილი მორჩილებით განაგრძობდა ცხოვრებას მამისეულ სახლში. იგავშიც ასეა. მთელი ის ხანი, რაც უმცროსმა თავისი წილი სამკვიდრებელი წაიღო და წავიდა, უფროსი შვილი ზეციერი მამის სახლში მარადის იმყოფებოდა და ასევე მარადის აღასრულებდა ღვთიურ მცნებებს. „ველსა გარე ყოფნაც“ იგავში სწორედ მამისეული რჯულის აღსრულებას ნიშნავს. ამიტომ უწოდებენ წმიდა მამები უფროს შვილს „მართალს“, როგორც მამისეული რჯულის აღმსრულებელს, საპირისპიროდ ცოდვილი (რჯულის დამრღვევი) უმცროსი უძღები შვილისა.

„უძღები შვილის“ იგავში მრავლისმთქმელად იხატება უფროსი შვილის ზნეობა და სულიერება. ჯერ ერთი, იგი არის მრისხანე: „ხოლო ის გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა“ - ამბობს უფალი იგავში. უფროსი ძმა ასევე არის მოყვასის სიხარულის არგამზიარებელი, შურიანი, ღვარძლიანი, გულცივი ძმის მიმართ. აი, რას ეუბნება იგი მამას: „ხოლო ის გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და მოიხმო იგი. მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები და ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. სამაგიეროდ მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, რომელმაც მთელი შენი ავლა-დიდება მეძავებს გადააგო, ხელად კვებული ხბო დაუკალი“.

ამის მთქმელი შვილი, რაღა თქმა უნდა, მამის დამყვედრებელიცაა, მისი განმკითხველიცაა, ასეთი შვილი ამპარტავნულად, თავმომწონედ ემსახურება მშობელს, რადგან მოსწონს, რომ იგი ასეთი კარგი შვილია. ეს ფარისფლურად მორჩილი და რჯულის მოჩვენებითად აღმსრულებელი შვილი უმადურიცაა, ასევე ჯიბრიანი და კადნიერია მამის მიმართ.

მაშასადამე, უფროსი შვილი თურმე ფარისევლურად ემორჩილებოდა მამას. იგი იმ ფარისევლებსა და მწიგნობრებს გვაგონებს წმიდა სახარებიდან, რომლებიც კანონებს ზედმიწევნით აღასრულებენ, თავიც კი მოაქვთ ამით მათ ხელთ უპყრიათ რჯული, ღვთიური მადლიღა და ნიჭით მოსილთ შეუძლიათ ახლოს იყვნენ ღმერთთან, მაგრამ თავმოყვარეობის ავადმყოფური გრძნობით შეპყრობილებს სულიერი და ზნეობრივი სიფაქიზე დაუკარგავთ, გული გაუხეშებული აქვთ და, რაც ყველაზე სავალალოა - მათ არ უყვართ საზოგადოებისაგან გარიყული, გზას აცდენილი მოყვასი. გაამაყებულნი და იმით თვითდაჯერებულნი, რომ თავად უცოდველნი არიან, ისინი განსჯიან და განიკითხავენ გვერდით მყოფ ცოდვილს. ამიტომ წმიდა მამები ერთხმად აღნიშნავენ ამ მართალი უფროსი შვილის მოჩვენებით მართლმორწმუნეობას.

კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ „უძღები შვილის“ იგავის ტექსტუალური ფონი: უფალი იესო ქრისტე მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთადაა, ცოდვილნი მისკენ ისწრაფვიან და უფალიც არ იშურებს მათთვის არც სიტყვას და არც მოწყალებას. ამის გამო მწიგნობრები და ფარისფლები ბუზღუნებენ და საყვედურობენ უფალ იესოს, ცოდვილებს იღებსო (ლუკა 15, 2).

ასევე არ შედის სახლში განრისხებული და გაჯიუტებული შვილი და ძმა, ასევე მოსდის გული მამაზე, რომ ცოდვილი შვილი სიხარულით მიიღო და თან ნასუქი ხბოც დაუკლა. საზარელი ის არის, ბრძანებს მიტროპოლიტი ფილარეტი, რომ უფროსი ძმა მრისხანებს, რადგან სხვა უყვართ; მას ველური ჟინივით აიტანს შური და სიბრაზე, რადგან სხვის გამოა ლხინი გამართული, თავს დამცირებულად გრძნობს, რადგან სხვას აქცევენ ყურადღებას.

 

„მართალი“ და „ცოდვილი“

ასე რომ, უფროსი შვილი იგავში ორსახოვანი დაპირისპირებით წარმოდგება უძღებს შვილთან მიმართებით: ერთი მხრივ, იგი თავის ცოდვილ ძმას უპირისპირდება როგორც მართალი, მამის მორჩილი და მცნებათა აღმსრულებელი; მეორე მხრივ კი, როგორც მოჩვენებითად მართლმორწმუნე და ფარისევლურად მორჩილი, მრისხანე და შურიანი, გულცივი, განმკითხველი, ამპარტავანი, კადნიერი მამის მიმართ - იგი გულწრფელად მონანიე ცოდვილი ძმის საპირისპიროდ დგას.

როგორც ვხედავთ, იგავში მეტად საინტერესო და საგულისხმო იგავური ანტიპოდებია: რჯულის აღსრულებაში მართალი შვილი არსებითად ცოდვილია, ვინაიდან: „არ არის მეტი ცოდვა, ვიდრე ცოდვა იმის აღიარებისა, რომ უცოდვვლი ხარ“. ცოდვილია უძღები შვილიც, ოღონდ იგი, თავისი უფროსი ძმისაგან განსხვავებით, მოინანიებს ჩადენილ ცოდვას და განწმენდილი, განმართლებული წარდგება მამის წინაშე.

გამოდის, რომ იგავში ორივე ძმა, უფროსიც და უმცროსიც, ერთსა და იმავე დროს არიან მართალნიც და ცოდვილნიც. ოღონდ, უფროსი მართალია რჯულის აღსრულებით, თუმცა ეს მისი სიმართლე გარეგნულია, არანამდვილია, რჯულს იგი მოჩვენებითად, ზედაპირულად აღასრულებს, და სწორედ ამ მიზეზითაა იგი ცოდვილი. უმცროსი კი ცოდვილია თავისი ქმედებით, ცოდვათქმნადობით, მაგრამ იგი გულწრფელია თავისი სინანულით, მართალია თავისი მონანიებული ცოდვებით და ამიტომ განმართლდება ღვთის წინაშე.

ეპისკოპოსი მიხეილი ერთ დაპირისპირებაზეც აღნიშნავს, რომელიც ვლინდება ფარისევლურად მორჩილ მართალ უფროს შვილსა და სიყვარულით სავსე მამას შორის. უფროსი შვილი მარადის მამასთან არის და ყოველივე მამისეული მისი კუთვნილებაა, მაგრამ, სიყვარულის, მორჩილებისა და მადლიერების ნაცვლად, იგი უმადურობას ამჟღავნებს, თავის მუშაკობას აყვედრის მამას, გაჯიუტებული კადნიერად ეპყრობა მშობელს, საკუთარი თავით კმაყოფილი მამასაც განიკითხავს და ძმასაც. ამ ვითომდა მართალი შვილის მთელი ყურადღება ერთ ციკანზეა გადატანილი, რომელიც მამამ მისთვის თურმე არ გაიმეტა. ქედმაღალი შვილი თავისი სიყვარულისათვის მშობლისაგან გასამრჯელოს ითხოვს. უფრო უარესიც - ციკნის დაუკვლელობას იგი შვილისადმი სიძულვილად მიუთვლის თავის მამას და ამით ცილისწამებასაც ეწევა.

მართლაცდა, უნდა დავეთანხმოთ მიტროპოლიტ ფილარეტს - როგორ შეიძლება ეწოდოს შვილი ამ ე.წ. მართალ უფროს შვილს? ნუთუ შეიძლება კარგმა შვილმა მამისაგან სიყვარულისათვის გასამრჯელო ითხოვოს?! განა ის მოჯამაგირედ უდგას მამას სახლში? გავიხსენოთ რომ მონანიე უძღები შვილი უაღრეს თავმდაბლობას იჩენს, შვილობის ღირსად აღარ მიიჩნევს თავს და მოჯამაგირეობაზეც კი თანახმაა, ოღონდ მამის გვერდით იყოს! არა! - შესძახებს მიტრორლიტი ფილარეტი, - უფროსი ძმა შვილი არ არის, იგი მონაა! მამისეულ სახლში მყოფმა უფროსმა ძემ სახლიდან გაუსვლელად დაკარგა შვილობა, აქვე, მშობლის გვერდით შეურაცხყო მამისეული სახლის ცხოვრების წესიც და ოჯახისადმი სიყვარულიც. ამით იგი უძღებ შვილზე უარესიაო, - დასძენს მიტროპოლიტი. წმიდა მამები ყურადღებას მიაქცევენ იმას, რომ უფროსი შვილი მამას არ მიმართავს „მამავ, მამაო, მამიკო“-თი, არც ძმას უწოდებს და მოიხსენიებს ძმად - „ძე ესე შენი“ - ეს შენი შვილიო, ეუბნება მამას თავის უმცროს ძმაზე. ამითაც მჟღავნდება გულცფობა და სიძულვილი, ზიზღიც, ოღონდ ამჯერად ძმის მიმართ და მიუხედავად ყოველივე ამისა, ყოვლადმოწყალე მამა, რომელიც თვითონ გამოვიდა და მოუწოდა შვილს, მოთმინებითა და სულგრძელობით მოუსმენს მას, თავის მართალ შვილს. წმიდა იოანე ოქროპირი საგულისხმოდ შენიშნავს, რომ მამამ არ შეურაცხყო „სიტყუაჲ მართლისაჲ“ (უფროსი შვილისა), დიდი მოწყალებისა და უკიდურესი, სახიერების მაგალითი უჩვენა მას და ტკბილად უწოდა „შვილო“. მამას ამით სურდა, შვილის გულფიცხობა შეერბილებინა, კაცთმოყვარული გრძნობა გაეღვიძებინა მასში. მან შეახსენა უმადურ შვილს, რომ მისმა უმცროსმა ძმამ თავისი კუთვნილი გაფლანგა, თვითონ კი მამის სახლში იყო მთელი ის ხანი: „შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს“ - ეუბნება მამა თავის გამწყრალ შვილს.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი თავის შეუდარებელ ქადაგებაში „უძღები შვილის“ იგავის გამო დიალოგს მართავს მართალ შვილთან და ეუბნება: შეიძლება უძღებ შვილს არ ჰგავხარ, არც მასსავით დაგლახაკებული ხარ სულიერად, არც შორეულ ქვეყნებში წასულხარ და ქონებაც არ დაგიბნევია, არც კაცი მოგიკლავს, არც სხვა რამ დიდი ცოდვა ჩაგიდენია, და ამიტომ თავი უცოდველი გგონია? შეიძლება ისიც გგონია, რომ არც ღვითისაგან ხარ განშორებული? მაგრამ მართლა ასეა? იქნებ არც მამის სახლში ხარ, აღარც ამ სახლის ეზოში და აღარც ეზოს გარეთ? - ასე ჩაეკითხება ქართველი წმიდა მამა მართალ შვილს და დასძენს: შენ არც თბილი ხარ და არც ცივი, არამედ გრილი, როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი აყვედრებდა ზოგიერთ ქრისტიანსო.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი საგანგებოდ გვაფრთხილებს, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს და ამის გამო უძღები შვილის წახდენა არ უნდა მივიჩნიოთ უმჯობესად, უფროს მართალ შვილთან შედარებით. მაგრამ, იმავდროულად, ჩვენი დიდებული სულიერი მამა გვევედრება, დავემსგავსოთ უძღებ შვილს, ოღონდ არა მისი დაცემითა და დაგლახაკებით, არამედ მისი მოქცევითა და სინანულით, მისი „შემუსრვილი გულითა და მდაბალი სულით“, უღირსებისა და ბრალეულყოფის მუდმივი შეგრძნებით, რათა ყოველთვის ცრემლით ვევედროთ ღმერთს ისევე, როგორც უძღები შვილი შეევედრა მამას: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა...“

ამ სახარებისეული იგავის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ეს შეადგენს.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ „უძღები შვილის“ იგავის მკითხველს გაუჩნდება ხოლმე ამგვარი შეკითხვები: ბოლოს და ბოლოს მოტყდა თუ არა უფროსი შვილის სიჯიუტე მამის მიმართ? ან: შევიდა თუ არა იგი სახლში და მიიღო თუ არა მონაწილეობა საერთო მხიარულებაში? ან კიდევ: რა ბედი ეწია მონანიე შვილს? და სხვა მისთანები. ასეთი შეკითხვები იგავის გაგრძელების მსურველთ აწვალებთ ხოლმე.

ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ იგავში, მით უფრო, სახარების იგავში, როგორც წესი, მოცემულია მხოლოდ ის, რაც საჭიროა მისი სათქმელის გამოსახატავად და გადმოსაცემად. დაუშვებელია და სახიფათოც იგავის გარეთ საკუთარი ფანტაზიის ფრთაშესასხმელი გაგრძელებანი. ამიტომ ყოველთვის ხაზგასმულად უნდა ჩამოყალიბდეს სახარების ყოველი იგავის მიზანი, უმთავრესი სათქმელი.

„უძღები შვილის“ იგავის მიზანი და სათქმელი კი ეს გახლავთ: ღმერთს უყვარს ცოდვილი და სურს მისი გადარჩენა: „მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა“ - ამბობს უფალი მებაჟე ზაქეს სულიერი მოქცევის გამო (ლუკა 19, 2-10). „უძღები შვილის“ იგავში მამაღმერთი ზრუნავს როგორც ცოდვილი შვილის, ასევე მართალი შვილის გადასარჩენად. თუმცა ეს უკანასკნელი (მართალი უფროსი შვილი) ვერ და არც დაიმსახურებს ღვთის გულმოწყალებას, მანამ, სანამ იგი ცოდვილის მოქცევის გამო არ აღივსება გულწრფელი, გულმხურვალე სიხარულით.

უაღრესად საგულისხმოა ამ თვალსაზრისით უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეფასება: „ყოველ ჩვენგანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სულიერი თვალი, რათა სხვისი გასაჭირი და ტკივილი დავინახოთ და საკუთარივით განვიცადოთ. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად სხვისი მწუხარებისა და ჭირის გაზიარება კი შეგვიძლია, მაგრამ სიხარულისა და ბედნიერებისა - არა. თუ შურს დაძლევ და სხვისი სიხარულით გაიხარებ, უფალი შენც აუცილებლად დაგაჯილდოვებს სიხარულით, ისე, როგორც უძღები შვილი დააჯილდოვა საყვარელმა მამამ. როგორც ეს მამა უნახავდა თავის შეცდომილ ძეს სამოსელ პირველს, ბეჭედსა და ზვარაკს, და მის შინ დაბრუნებას ელოდებოდა, ასევე ელოდება უფალი ყოველი ადამიანის და, საერთოდ, მთელი კაცობრიობის დაბრუნებას მასთან“.

 

„უძღები შვილის“ იგავი და კაენ-აბელის ძველაღთქმისეული ამბავი

„უძღები შვილის“ იგავის წაკითხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მისი გააზრება კაენ-აბელის ამბავთან მიმართებით. ყველა კარგად იცნობს ადამისა და ევას ორი ძის, კაცთა მოდგმის პირველი ორი ძმის ამ ამბავს (დაბადება 4,1-16). მაგრამ იგი საგულისხმო საღვთისმეტყველო მნიშვნელობას იძენს, როდესაც პარალელურად შეისწავლება „უძღები შვილის“ ახალაღთქმისეულ იგავთან ერთად. ამ დროს ძველაღთქმისეული ამბის მხოლოდ რამდენიმე მომენტის გამოკვეთა ხდება საჭირო.

მაგრამ ჯერ გავიხსენოთ ეს ამბავი: კაენი უფროსი ძმაა, აბელი - უმცროსი. კაენი მიწის მუშაკია, აბელი კი მეცხვარე. უფალს ორივე ძმამ მიართვა ძღვენი, ანუ შესაწირი, მაგრამ უფალმა მხოლოდ აბელის შესაწირი მიიღო, კაენისას კი არ მოხედა. ამის გამო კაენი გამწარდა. უფალმა იგი გააფრთხილა, რომ ცოდვა იყო ჩასაფრებული მის კართან, შენ იბატონე მასზეო, ასე ურჩია, მაგრამ კაენმა არ ისმინა უფლის ხმა, ველად გაიყვანა აბელი და მოკლა. უფალმა კიდევ ერთხელ მისცა კაენს შესაძლებლობა, თავი დაეღწია ცოდვისაგან, როცა ჰკითხა: სად არის შენი ძმა? სიმართლისა და სინანულის ნაცვლად, კაენმა კადნიერად, უტიფრად უპასუხა უფალს: არ ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არ ვარო. კაენმა ამის გამო ღვთის დიდი რისხვა დაიტეხა თავს - თვითონაც დაიწყევლა და მისი მოდგმაც დაისაჯა:

„ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქმნები ამ ქვეყანაზე“ (დაბადება 4, 11-12).

ამ ამბავშიც ორივე ძმის ზნეობრივი ქმედებანი უნდა შეფასდეს:

აბელი არის ღვთისმოყვარე და მართლმორწმუნე, რადგან მან უფალს ძღვენი შესწირა „პირმშოთაგან“( ანუ ნათავარი და რჩეული პირუტყვი გაიღო. კაენი კი მსხვერპლად გაიღებს მიწის ნაყოფს, რომლის რჩეულობაზე თვით ამბავში არაფერია შენიშნული. წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „რწმენით შესწირა აბელმა უკეთესი მსხვერპლი ღმერთს, ვიდრე კაენმა; მისითვე მიიღო მოწმობა, რომ მართალია, როგორც იმოწმა ღმერთმა მისი მსხვერპლისათვის“ (ებრაელთა მიმართ 11,4).

მაშასადამე, წმიდა პავლე მოციქული აბელის ახალაღთქმისეულ შეფასებას გვაწვდის, რომლის მიხედვითაც, აბელი მართალია ღვთისა და კაენის წინაშე.

კაენი ამ ამბავში ავლენს უმადურობას, რადგან იგი მხოლოდ შესწირავს ძღვენს, მექანიკურად აღასრულებს თავის ვალს და ვერ გაიმეტებს უფლისათვის რჩეულ საუკეთესო მიწის ნაყოფს. კაენი ასევე ავლენს შურს, იგია მწუხარე „სხვისა კეთილსა ზედა“, და ეს „სხვა“ - მისი ერთადერთი ძმაა, რომლის ძღვენიც უფალმა შეიწირა, მიიღო. ამას სიხარულით კი არ შეხვდა კაენი, არამედ, როგორც ბიბლია გვიამბობს: „გამწარდა და თავი ჩაღუნა“. კაენი ასევე ცოდვისაკენ მიდრეკილია, უკეთურია. ამაზე თვით უფალი უთითებს მას და ეუბნება: „ცოდვას შენკენ აქვს ლტოლვა, ჩაგსაფრებიაო“. კაენმა ვერ იბატონა ცოდვაზე, პირიქით, ცოდვამ სძლია იგი და აქცია ძმის მკვლელად. ესეც კაენის ზნეობის ერთერთი შემაძრწუნებელი მახასიათებელია.

კაენი ასევე ურჩია, რადგან ყურად არ იღებს უფლის სიტყვას, და ცოდვის მონად იქცევა. იგი მზაკვარიცაა, რადგან მზაკვრულად გაიხმობს მასზე მინდობილ აბელს ველად და იქ მოუსწრაფებს სიცოცხლეს. კაენი სიცრუესაც მიმართავს, როცა უფლის შეკითხვაზე (სად არის შენი ძმა?) ტყუილს ეტყვის მას, არ ვიციო. ცოდვილი კაენი კადნიერი და თავკერძაცაა, როცა უდიერად შეეპასუხება უფალს და ეუბნება: საიდან უნდა ვიცოდე, სად არის ჩვმი ძმა, მისი დარაჯი ხომ არ ვარო. დაბოლოს, კაენს თავისი ცოდვის წილ გაუჩნდა შიში ხორციელი სიკვდილისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დაკარგა ღვთისადმი მოშიშება და იგი სიკვდლისადმი ამაო შიშმა შეიპყრო. (იხ. დაბადება 4,14). მოკლედ, კაენი თავისი ნებით განშორდა უფალს, უარყო და დაკარგა ღმერთი, ანუ რწმენა ღვთისადმი. იგი ღვთის შვილი იყო და ცოდვის მონად იქცა.

 

„მართალი“ და „ცოდვილი“ ძმები

როგორც ვხედავთ, ბიბლიის ამ ძველაღთქმისეულ ამბავში ურთიერთდაპირისპირებული ორი ძმა წარდგება ჩვენ წინაშე - მართალი აბელი და ცოდვილი კაენი. როგორც ზემოთ დავრწმუნდით „უძღები შვილის“ იგავშიც წარმოჩნდება ე.წ მართალი უფროსი ძმისა და გულწრფელად მონანიე უძღები, ცოდვილი შვილის დაპირისპირება: უფროსი ძე მართალი იმიტომაა, რომ იგი მამასთან არის, მის მცნებებს აღასრულებს, თუმცა მისი ეს მორჩილება ცრუა, მოჩვენებითია, ფარისევლურია; ეს უფროსი ძმაც კაენივით მრისხანებს, შურს ძმისა, გულცივია, არ იზიარებს ძმის სიხარულს, განიკითხავს მამასაც და ძმასაც, ამპარტავნობს, ჯიუტი და კადნიერია მამის მიმართ ამის საპირისპიროდ, უმცროსი, ცოდვილი ძმა (უძღები შვილი) გულწრფელია თავის სინანულში, მორჩილად, თავმდაბლურად ინანიებს თავის ცოდვას და დიდი სიყვარულით უბრუნდება მამისეულ სამკვიდრებელს.

როგორც კი კაენ-აბელის ამბავი და „უძღები შვილის“ იგავი ერთ სიბრტყეზე განთავსდება, ჩვენ დავინახავთ, რომ ორ წყვილად დაპირისპირებული ბიბლიური „მართალი“ და „ცოდვილი“ სხვადასხვაგვარად შეფასდება, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ზნეობრფი ქმედება ან კრიტერიუმი მიიჩნევა ამოსავლად. „მართალია“ აბელი, მაგრამ, წმიდა მამათა განმარტებით „მართალია“ უძღები შვილის უფროსი ძმაც. ამიტომ ხდება აუცილებელი მათი პარალელური შეფასება, ანუ იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება მართალი იყოს აბელი და ასევე იყოს მართალი უძღები შვილის უფროსი ძმაც; ან კიდევ: როგორ ან რა მიზეზით ენიჭება ერთი და იგივე საღვთისმეტყველო კვალიფიკაცია - „ცოდვილი“ - კაენსაც და უძღებ შვილსაც.

აბელის სიმართლე მის მართლმორწმუნეობას გამოხატავს. ეს ბიბლიური განსაზღვრება ასევე მოიცავს აბელის უმანკო, უდანაშაულო, ანუ მართალი სისხლის დაღვრას. მართალი შვილი კი წმიდა სახარების იგავში რჯულისა და მცნებების ზედმიწევნით აღმსრულებელია, ანუ მართალია რჯულისა და მცნებათა აღსრულებაში. თუმცა, როგორც ითქვა, მისი სიმართლე აქ მთავრდება, რადგანაც მისმიერი რჯულის აღსრულება ფარისევლურია, მოჩვენებითი და, ამდენად, ზედმიწევნით ზედაპირულიც. ეს მართალი შვილი მხოლოდ გონებით, ცივად ასრულებს წესს, გული კი გრილი აქვს.

მეორე მხრივ, ცოდვილია კაენი და ცოდვილია უძღები შვილიც. მაგრამ ეს ორი ცოდვილი თავ-თავისი არჩევანით შორდება ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რომ უძღები შვილი არის არა მხოლოდ გულწრფელად მონანიე, არამედ სინანულის საქმით აღმსრულებელიც. მონანული კვლავაც ცოდვილად რჩება, თუ ის საქმით არ გააცხადებს თავის სინანულს, ესე იგი, სიტყვას საქმეს არ მოაყოლებს. უფროსი ძმა იგავში იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც „თქჳან და არა ყვიან“ (მათე 23,3), უძღები შვილი კი, წმიდა ილია მართლისა არ იყოს, ის კაცია, რომლის „თქმა და ქმნა ერთია“ წმიდა იაკობ მოციქული ბრძანებს: „ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკობი 2, 26).

უძღები შვილის საბოლოო არჩევანი სინანულის გზაა - ოღონდ საქმით აღსრულებული და რწმენით განმტკიცებული სინანულისა. კაენი კი მოუნანიებლობითა და თავისი სულიერი გახრწნილებით ღვთის წყალობას საკუთარი ნებით კარგავს, უფლისაგან მარტო თვითონ კი არ დაიგმობა, არამედ მისი მოდგმაც დაისჯება.

 

ცოდვილი კაენი და „მართალი“ უფროსი შვილი

ასე წყვილდება ბიბლიურ ძმათა ძველი და ახალაღთქმისეული სახეები: ერთია წყვილი მართალი აბელისა და ე.წ მართალი უფროსი ძმისა, მეორე წყვილს კი ქმნის ცოდვილი კაენი და ცოდვილი უძღები შვილი. ამ ორი წყვილიდან უაღრესად საგულისხმო ბიბლიურ პარალელიზმს წარმოადგენს ძველი აღთქმის ცოდვილი კაენი და ახალი აღთქმის ე.წ მართალი უფროსი ძმა (შვილი).

ორივე ეს უფროსი ძმა ურჩია ზეციერი მამის მიმართ, ერთსაც და მეორესაც მხოლოდ ხორციელი მზერა შერჩენია და ბილწი ვნებების მორევისათვის ვერ დაუღწევია თავი. მათი სული წარწყმედილია, და წარწყმედილია იმის გამო, რომ არც ერთი არ აკეთებს მართებულ არჩევანს - არ დაადგება გულწრფელი სინანულის გზას და სიყვარულით არ დაემორჩილება ღმერთს, მის ნებას. ორივე უფროსი ძმა დაშორებულია ღმერთისაგან, სიყვარულის წილ შურსა და სიძულვილს დაუსადგურებია მათს გულებში.

უფროსი მართალი შვილის მსგავსად, კაენიც უარყოფს ზნეობრივ შეგონებას ჭეშმარიტ სიყვარულზე, მოყვასის სიხარულის თანაზიარობას რომ გულისხმობს. კაენიც ძლიერ შეწუხდა „სხჳსა კეთილსა ზედა“, შურით აივსო და დამცირებულად იგრძნო თავი, როცა ღმერთმა მოიწონა და მიიღო არა მისი, არამედ ძმის ძღვენი. ყოვალადმოწყალე ზეციერი მამა მასაც ზრუნვითა და სიყვარულით მოეპყრო: შურით გამწარებული კაენი გააფრთხილა, რომ ცოდვა ჩასაფრებოდა მას და თვითონაც ილტვოდა ცოდვისაკენ. მაგრამ კაენის გულისყური დახშული აღმოჩნდა და მან ძმა მოკლა. ჭეშმარიტად სამართლიანი იყო უფლის სასჯელი, რომელიც კაენმა და მასთან ერთად მთელმა კაცობრიობამაც მოიმკო.

 

მართალი აბელი და მონანიე ცოდვილი უძღები შვილი

რაც შეეხება მართალ აბელსა და გულწრფელად მონანიე უძღებ შვილს, ამ წყვილიდან მართალი აბელის დაღვრილი სისხლი ითხოვს საგანგებო საღვთისმეტყველო განმარტებას. აბელის მართალი სისხლის დაღვრას ღრმა მისტიკური მნიშვნელობა აქვს. ამ ძველაღთქმისეულ, უმანკო, უდანაშაულო, მართალ სისხლს, მის დაღვრას, თავისი საღვთისმეტყველო პარალელი მოეპოვება ახალაღთქმისეულ „შუამდგომელი“ იესოს საპკურებელ სისხლთან. ამაზე წმიდა პავლე მოციქული მიგვითითებს თავის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ (თავები 9,10,11,12).

ამ მხრივ საინტერესოა თვით ძველი ებრაული სახელი აბელ, ჰაბელ. მას უკავშირებენ ასირიულ ჰაბალს, რომელიც ნიშნავს „ძეს, ვაჟიშვილს“. გავიხსენოთ, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და ძე კაცისა.

ძველაღთქმისეული რჯულით, ცოდვის გამოსასყიდად დაწესებული იყო სისხლიანი მსხვერპლის გაღება. ეს სისხლიანი მსხვერპლი ქრისტემ ახალაღთქმისეული სინანულის მსხვერპლით შეანაცვლა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენივე სულიერი გადარჩენისათვის გაიღო თავისი სისხლი ჩვენმა უფალმა იესომ. აი, რა გვეუბნება წმიდა პავლე მოციქული: „(ღვთის) ნებით განწმენდილი ვართ ჩვენ, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით... მან ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვათათვის... ერთადერთი მსხვერპლით სამარადისოდ სრულქმნა განწმენდილნი“ (ებრაელთა მიმართ 10, 10,12,14).

სისხლიანი მსხვერპლი ჩვენგან აღარ სჭირდება ღმერთს, რადგან: „იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, ძღვენი საჭირო აღარ არის მათთვის“ (ებრაელთა მიმართ 10,18; იხ. 20,4-10). ეს მსხვერპლი ქრისტემ თავად გაიღო და, აბელის მსგავსად, დაიღვარა უმანკო სისხლი. ამ ერთგზის გაღებული ერთადერთი მსხვერპლით საუკუნოდ სრულ-იქმნენ ცოდვისაგან განწმენდილები. ეს არის ახალი აღთქმა, ცოდვისაგან დახსნისა და სულის გადარჩენის ქრისტიანული, ახალაღთქმისეული სინანულის გზა. იგი ძველაღთქმისეულს უპირისპირდება. ახალი აღთქმა ღმერთსა და ჩვენ შორის თვით ჩვენმა „შუა-მდგომელმა“ - უფალმა იესო ქრისტემ დაგვიდო (იხ. ებრაელთა მიმართ 9,14-15 და 10,16-23).

მართალი აბელისა და უძღები შვილის ბიბლიურ წყვილში გულწრფელად მონანიე უძღები შვილი სწორედ ამ სინანულის გზის არჩევანით უკავშირდება მართალ აბელს, რომელიც იესო ქრისტეს ცოდვათა გამოსასყიდი სისხლის გამომხატველი ხატ-სიმბოლოა.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II „უძღები შვილის“ იგავის უფრო ზოგად საღვთისმეტყველო მნიშვნელობას განგვიმარტავს და ამბობს: „მართალია, ეს იგავი ყოველ ადამიანზეა თქმული, მაგრამ მას უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს, იგი წარმოადგენს აგრეთვე წინასწარმეტყველებას საერთოდ კაცობრიობის დამოკიდებულებაზე ღმერთთან. ამ იგავით უფალი წინასწარმეტყველებს, რომ ერთი ნაწილი კაცობრიობისა ღმერთს განუდგება და მასთან კავშირს გაწყვეტს, მაგრამ როცა გაღატაკდება და ყოველივეს დაკარგავს, ისევ მამაზეციერს დაუბრუნდება, და ისიც სიყვარულით ჩაიკრავს გულში, ოღონდ ამისთვის ჯერ სინანული ანუ განცდაჲ თვისთა ცოდვათაა საჭირო“.

დაბოლოს, „უძღები შვილის“ იგავის განმარტება გვინდა დავასრულოთ მიტროპოლიტ ფილარეტის სიტყვებით, რომელიც მიმართულია მშობლების, მოძღვართა და მწყემსმთავრებისადმი. ვფიქრობთ, ეს სიტყვები ყველამ უნდა იღოს ყურად. „უძღები შვილის“ იგავის ბოლო მუხლთან დაკავშირებით მიტროპოლიტი აღნიშნავს:

„კეთილი მამა ურიგდება შვილის ურჩობას. საკვირველი ბრძოლა იმართება სიყვარულსა და ამპარტავნულ თავმოყვარეობას შორის. მშობლებო! აი, ასე უნდა ექცეოდეთ ცუდ შვილებს. მოძღვრებო და მწყემსმთავრებო! აი, ასეთი მოთმინებით უნდა შეასრულოთ თქვენდამი დაკისრებული საქმე! რაც უნდა დიდ ცოდვას ხედავდეთ მათში, სიკეთისაკენ უნდა მოუწოდოთ... თქვენი საქმე თესვაა, მომავალი თქვენს ხელთაა!.. თუკი მამის სინაზე ყოველთვის არ აცხრობს შვილის ბოროტებას, იყავით მომთმენნი, თუნდაც დამცირდეთ ბოროტ შვილთა წინაშე“.

მასალა შეკრიბა და შეადგინა დოდო (მარიამ) ღლონტმა
„იგავნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი“
ტომი 2, თბილისი, 2004 წ.