სახარების ისტორია ერისკაცთათვის

საუბარი ზეციურ პურზე

კაპერნაუმი, აპრილი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებს გაეცურათ. ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იქ აღარც იესოა და აღარც მისი მოწაფეები, თვითონაც ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გასწიეს. ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ? მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი? მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული. კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამოთ? მაინც რას მოიმოქმედებ? ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს. მაგრამ აკი გითხარით, რომ მიხილეთ და არ მიწამეთ. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ, რაც მომცა, არაფერი დავღუპო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს. ხოლო იუდეველები დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით; და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედ-მამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო? მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთის მიერ განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა. არა იმიტომ, რომ ვინმეს უხილავს ღმერთი, გარდა იმისა, ვინც ღმრთისაგან არის; მხოლოდ მან იხილა მამა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე. მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა? ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდუნებთ თქვენ? მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო? სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე. მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. და თქვა: ამიტომაც გითხარით, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მამის მიერ. ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია. იუდა ისკარიოტელზე, სიმონის ძეზე, ამბობდა ამას, რადგანაც მას, ერთ თორმეტთაგანს, უნდა გაეცა იგი (იოანე 6, 22-71).

 

პირში შემავალი კი არ ბილწავს ადამიანს, არამედ პირიდან გამომავალი

კაპერნაუმი, აპრილი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ე. ი. დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი. (რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ. არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა). მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს? ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ. მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა? ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ. მოუხმო იესომ ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს.

მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით ცდუნდნენ? ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი. ბოლოს იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, ქედმაღლობა, უგუნურება. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს. (მათე 15, 1-20 // მარკოზი 7, 1-23)

 

ქანანელი ქალის ქალიშვილის განკურნება

ტიროსისა და სიდონის საზღვრები, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა. და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, ტომით ასუროფინიკიელი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მთელი გზა მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს. ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე! ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს. მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან. დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს. მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან. (მათე 15, 21-28 // მარკოზი 7, 24-30)

 

ყრუ-მუნჯისა და ბევრი სხვა ავადმყოფის განკურნება

ათქალაქი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის. მთაზე ავიდა და იქ დაჯდა. და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და მანაც განკურნა ისინი; ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს. სხვათა შორის მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. იესომ ხალხს მოარიდა, თითებით დაუცო ყური, დაანერწყვა და მის ენას შეეხო; ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ! მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა. უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უკრძალავდა, მით უფრო მეტად აცხადებნდნენ; დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო (მათე 15, 29-31 // მარკოზი 7, 31-37//იოანე 7,1).

 

4000 კაცის დაპურება

ათქალაქი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული. მიუგეს მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: ვის შეუძლია აქ, ამ უდაბნოში, ამდენი ხალხის დაპურება? და ჰკითხა მათ: მაინც რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ მიუგეს: შვიდი და მცირედი თევზი. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური, თევზები, მადლობდა, აკურთხა, დატეხა და ჩამოსარიგებლად მისცა თავის მოწაფეებს; მათ კი ხალს. ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი ქალებისა და ბავშვების გარდა. და გაისტუმრა ისინი. თავისი მოწაფეებითურთ მაშინვე ჩაჯდა ნავში და მივიდა დალმანუთის მხარეს, მაგდალას საზღვარს.

(მათე 15, 32-38 // მარკოზი 8, 1-9)

 

პასუხი ფარისევლებს სასწაულის მოთხოვნაზე

დალმანუთის (მაგდალინის) შემოგარენი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით. ხოლო მან მძიმედ ამოიოხრა და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია. დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ. უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა. კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა (მათე 15,39 16, 1-4 // მარკოზი 8, 10-12).

 

ფარისევლების, სადუკეველებისა და ჰეროდიანთა საფუარი

გალილეის ტბა, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

გალილეის ტბაის გადაცურვისას მოწაფეებს დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში. უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა, სადუკეველთა და ჰეროდიანთა საფუარს. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული? თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ? როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი. ანდა შვიდი პური - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი. ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი? მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას

(მათე 16, 5-12 // მარკოზი 8, 13-21).

 

ბრმის განკურნება ბეთსაიდაში

ბეთსაიდა, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მივიდნენ ბეთსაიდას, მიჰგვარეს ბრმა და შეევედრნენ, ხელი შეეხო მისთვის. ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე? მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო. მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა. გაგზავნა შინ და უთხრა: წადი შენს სახლში და ნურავის ეტყვი დაბაში. (მარკოზი 8, 22-26)

 

პეტრეს აღიარებს იესოს ქრისტედ, ფილიპეს კესარიაში

ფილიპეს კესარიის შემოგარენი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზაში, როცა იესო განმარტოებით ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე? მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც. მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის ქრისტე

(მათე 16, 13-20 // მარკოზი 8, 27-30 //ლუკა 9, 18-21).

 

მოძღვრება ჯვრის ტარების შესახებ

(პირველი წინასწარმეტყველება ქრისტეს ვნებების და აღდგომის შესახებ)

ფილიპეს კესარიის შემოგარენი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

და დაუწყო მათ სწავლება, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა. აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და გადარწმუნება დაუწყო: შეიწყალე შენი თავი უფალო, ნუ იქნება ეს შენთვის! ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა თავისი და მამამისის დიდებით და წმიდა ანგელოზთა თანხლებით. საქმისამებრ მიაგებს თვითეულს. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას მომავალს ძალმოსილებით თავის, ღმერთის სასუფეველში.

(მათე 16, 21-28 // მარკოზი 8, 31-38. 9,1 // ლუკა 9, 22-27)

 

ფერისცვალება

(მეორე წინასწარმეტყველება ქრისტეს ვნებების და აღდგომის შესახებ)

თაბორის მთა, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მაღალ მთაზე განმარტოებით. (თუმცა მოციქული ლუკა ამბობს, 8 დღის შემდეგო, მათე და მარკოზი კი 6 დღეს ასახელებენ, მაგრამ აქ არ არის წინააღმდეგობა, რადგან ლუკა ანგარიშობს არა მხოლოდ 6 დღიან შუალედს, არამედ მთლიან დროის მონაკვეთს საუბრის დასაწყისიდან ფერისცვალების დამთავრებამდე. მოციქულებიდან კი წაიყვანა მხოლოდ ისინი, ვისაც ნანახის დატევა შეეძლო). იესომ ლოცვისას სახის ფერი იცვალა, გაბრწყინდა, როგორც მზე, ხოლო სამოსი მისი გახდა ნათელი, მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად. და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია, დიდებით მოვლენილნი, და მის განსვლაზე (გარდაცვალებაზე) ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმს. ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი. ხოლო როცა დააპირეს გასცლოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: მოძღვარო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას, რადგან არ იცოდა, რას ამბობდა. სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ნათელი ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას. და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ. ეს ხმა რომ გაისმა, მოწაფეებს შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ. მაგრამ მივიდა იესო, ხელი შეახო მათ და უთხრა: ადექით, ნუ გეშინიათ. და როცა ზე აიხედეს, ვერავინ დაინახეს, იესოს გარდა. ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ: ნურავის გაანდობთ ამ ხილვას, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით. მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? ხოლო იესომ პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის. მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ (მათე 17, 1-13 // მარკოზი 9, 2-13 // ლუკა 9, 28-36).

 

ეშმაკეული მთვარეულის განკურნება

ფილიპეს კესარიის შემოგარენი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება იესოს დიდძალი ხალხი, მოწაფეები და მათთან მოკამათე მწიგნობრები. მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ. ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ? ერთი კაცი ხალხიდან მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: უფალო! გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს. შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება. შეპყრობილია სიმუნჯის სულით. სადაც მოიხელთებს, ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს და ძნელად თუ ანებებს თავს ნაგვემ-ნაწამებს. კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკეთურო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ! მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი და მიწაზე დაანარცხა. დაეცა და გორავდა დუჟმორეული. იესომ კითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე. მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე. ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის. ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში! სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა. როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანებთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის. ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით (მათე 17, 14-21 // მარკოზი 9, 14-21 // ლუკა 9, 37- 43).

 

მესამე წინასწარმეტყველება ქრისტეს ვნებების და აღდგომის შესახებ

გალილეა, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს. ვინაიდან ასწავლიდა თავის მიწაფეებს და ეუბნებოდა მათ: ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით. დიდად დამწუხრდნენ მოწაფეები, მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს (მათე 17, 22-23 // მარკოზი 9, 30-32 // ლუკა 9, 43ბ-45).

 

სტატირის (ფულის მონეტის) მოპოვების სასწაული

(უკანასკნელად კაპერნაუმში) კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ხოლო როდესაც მიადგნენ კაპერნაუმს, მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას? (ეს იყო სატაძრო გადასახადი, რომელსაც, მოსეს კანონის მიხედვით, იხდიდა ყველა 20 წელს გადაცილებული ებრაელი; ხურდა ფული, დაახლოებით 50 თეთრამდე) მან მიუგო: დიახ. და როდესაც შევიდა სახლში, იესომ დაასწრო და ჰკითხა: როგორ გგონია, სიმონ? ვისგან კრებენ მიწიერი მეფენი ხარკს და ბეგარას: თავიანთ შვილთაგან თუ უცხოთაგან? პეტრემ მიუგო: უცხოთაგან. ხოლო იესომ უთხრა მას: ასე რომ, შვილები თავისუფალნი არიან. მაგრამ რათა არ ვაცდუნოთ ისინი, წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით. (სტატირი უდრიდა 2 დიდრაქმას) (მათე 17, 24-27)

 

უდიდესი თქვენს შორის...

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

შევიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მოწაფეებს: რაზე მსჯელობდით გზაში? ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. მაშინ იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში. და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს, ხოლო თქვენს შორის უმცირესი - უდიდესი იქნება. მიუგო იოანემ: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური. და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან. ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.

(მათე 18, 1-9 // მარკოზი 9, 33-50 // ლუკა 9, 46-50)

ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი. როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად? და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია. ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი (მათე 18, 10-14).

ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი. ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი (ებრაელებს სძულდათ მებაჟეები და წარმართები. თუ ამგვარი პირი საეკლესიო წესებს არ დაემორჩილება, განკანონდება, თუ დანაშაული საეროა, მაშინ სასამართლოს).

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის (მათე 18, 15-20).

მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ (ადამიანმა დღის განმავლობაში 70X7=490 პატიება რომ შეძლოს, თითქმის 2 წუთში ერთხელ უნდა მიუტევოს. მტერმა კი ამდენჯერვე უნდა შესცოდოს და ამდენჯერვე ითხოვოს პატიება). ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა, ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის. და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ. დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი. შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო. ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო. მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი. ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა. მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე. ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ? განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს (მათე 18, 21-35).

 

იესო ადგება გზას იერუსალიმისკენ სამარიის გავლით

გზაზე გალილეიდან იუდეასკენ, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად. გამოვიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის სანახებში, მდინარე იორდანეს გაღმა. წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ. მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები, უფალო. და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს. ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის. (მათე 19, 1 // მარკოზი 10, 1 // ლუკა 9,51-62)

 

70 მოწაფის გაგზავნა სამოციქულოდ

გზაზე გალილეიდან იუდეასკენ, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს: ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტვიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ. ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტვიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. და შენ, კაპერნაუმ, ნუ ზეცამდე ამაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე. ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს (მათე 11, 20-24 // ლუკა 10, 1-16).

 

იესო კარვობის დღესასწაულზე

იერუსალიმი, ოქტომბერი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა. მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი, ვინაიდან ფარულად არავინ აკეთებს რამეს, არამედ თავის გამოჩენას ცდილობს. თუ ყოველივე ამას აკეთებ, გამოუცხადე ქვეყანას შენი თავი, ვინაიდან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი (ესენი იყვნენ იოსების პირველი ცოლის შვილები). უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის. თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი. თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი. ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა (იოანე 7, 2-9). მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო? და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, ხალხს აცდუნებსო. თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე (იოანე 7, 10-13). მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი? მიუგი, იესომ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში. განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად? მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეული ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად? იესომ უთხრა მათ: ერთი საქმე ვქმენ და ყველას გიკვირთ. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა თუმცა მოსემ კი არა, მამებმა მოგცეს და შაბათ დღეს წინადაცვეთავთ კაცს. თუ კაცი წინდაცვეთას იღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ სულაც განვკურნე კაცი შაბათს? იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ. ხოლო ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა: ეს ხომ არ არის, ვისაც მოსაკლავად ეძებენ? აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სადაურია; ქრისტე კი, როდესაც მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის. მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. მე კი ვიცნობ, ვინაიდან მისგან ვარ და მან მომავლინა. ამიტომ ეძებდნენ შესაპყრობად, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა? ეს მითქმა-მთთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად. ხოლო იესომ თქვა: ცოტა ხანსაც დავყოფ თქვენთან და ჩემს მომავლინებელს მივუბრუნდები. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ იქ. ხოლო იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? იქნებ ბერძენთა შორის განთესილებში აპირებს წასვლას, რათა ასწავლოს ბერძნებს? ან რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ (იოანე 7, 14-36). ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო. ამის გაგონებაზე ბევრმა თქვა ხალხში: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი. მეორენი ამბობდნენ: ეს არის ქრისტე; სხვები კი კითხულობენ: განა ქრისტე გალილეიდან მოვა? წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი. და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში. ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი (იოანე 7, 37-44). მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი? მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი. ფარისევლებმა უთხრეს მათ: ნუთუ თქვენც გაცდუნათ? ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი? მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია. უთხრა მათ ნიკოდიმოსმა, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო: განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა? მიუგეს და უთხრეს: იქნებ შენც გალილეველი ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი. და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ (იოანე 7, 45-53).

 

ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა

იერუსალიმი, ოქტომბერი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია. დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს. და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი? ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, სინდისისგან მხილებულნი, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ (იოანე 8, 1-11).

 

მე ვარ ნათელი ქვეყნისა

იერუსალიმის ტაძრის საგანძურთან, იერუსალიმი, კარვობის შემდეგი დღე,

ოქტომბერი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც სათნოა მისთვის. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო? მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული? მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი? მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა (იოანე 8, 12-59).

 

70 მოწაფის დაბრუნება მოციქულობიდან

იუდეა, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუმალე ყოველივე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგასვენებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი საამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი. მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს

(მათე 11, 25-30//ლუკა 10, 17-24).

 

იგავი მოწყალე სამარიელზე

იუდეა, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და გამოსაცდელად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ?

ხოლო მან პასუხად თქვა: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალით და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები. ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი? მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია. ასევე ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი; მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო. როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს? მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი (ლუკა 10, 25-37).

 

იესო მართასთან და მარიამთან

იუდეა, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას (ლუკა 10, 38-42).

 

იესო ასწავლის ლოცვას

იუდეა, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს. და უთხრა მათ: როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე. და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან. და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური, ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე. გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება. ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ სულს წმინდას არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს? (ლუკა 11, 1-13)

 

იესო ამხელს ფარისეველებსა და მწიგნობრებს სადილზე ფარისეველთან

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა. ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა. მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც? მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ. მაგრამ ვაი თქვენდა, ფარისეველნო, რომელნიც იხდით მეათედს პიტნისას, ტეგანისას და ყოველი მწვანილისას, ღმრთის სამართალს და სიყვარულს კი უგულებელყოფთ. ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ. ვაი თქვენდა ფარისელნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ უჩინო საფლავებს, რომლებსაც ფეხით თელავენ კაცნი და არ კი იციან. მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ? მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან. რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი (იოანე ნათლისმცემლის მამა), რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას. ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა. ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა, რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის (ლუკა 11, 37-54).

 

არაფერია დაფარული

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე, რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ; არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ (ლუკა 12, 1-12).

ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს სამკვიდრებელი. ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად? და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი. და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა; საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი? და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი? ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის. (ლუკა 12, 13-21)

 

ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო; ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი. შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ? ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი (ლუკა 12, 22-32).

 

ზეციურ საუნჯეზე

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი (ლუკა 12, 33-34).

 

იგავი ფხიზელ მონებზე

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი - ანთებული. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირად ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. უთხრა მას პეტრემ: უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ ყველას? (ლუკა 12, 35-41)

 

იგავი ერთგულ მონაზე

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ? ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას, მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს. ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება. (ლუკა 12, 42-48)

 

გარდაუვალი განხეთქილების შესახებ

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

დედამიწაზე ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა, რომ უკვე ენთოს. ნათლისღებით მმართებს ნათლისღება, და როგორ ვეწამები, ვიდრე აღსრულდება. იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს; დიახ, განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან. (ლუკა 12, 49-53)

 

დროის გამოცნობის შესახებ

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

და უთხრა ხალხსაც: როდესაც ხედავთ დასავლეთიდან ამომავალ ღრუბელს, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება. ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო, და ასეც ხდება. თვალთმაქცნო, ცის ფერსა და მიწის ფერს არჩევთ და ამ დროის გარჩევა კი არ შეგიძლიათ? ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის სამართლიანი? (ლუკა 12, 44-57)

 

მომჩივანთან მორიგების შესახებ

კაპერნაუმი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

როცა შენს მომჩივანთან ერთად მიდიხარ მსაჯულთან, ეცადე, გზაშივე დაიხსნა თავი მისგან, რათა არ მიგიყვანოს მსაჯულთან, ხოლო მსაჯულმა არ მიგცეს მანდატურს და მანდატურმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ წვლილს (ლუკა 12, 58-59).

 

ბრმადდაბადებულის განკურნება

იერუსალიმი, დეკემბერი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშობლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას. სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა? ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი? მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი. კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს? მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა; მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო. ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი? მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ? მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის? ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა. მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი. იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე? მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო? უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ. (იოანე 9, 1-41)

 

იგავი კეთილ მწყემსზე

იერუსალიმი, დეკემბერი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველებს შორის. ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას? სხვები კი ამბობდნენ: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. სად შეუძლია ემშაკს თვალი აუხილოს ბრმებს? (იოანე 10, 1-21)

 

იესო თავს აცხადებს ღმერთის შვილად

იერუსალიმი, დეკემბერი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ. მე და მამა ერთი ვართ. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას? მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ? ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია), მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა? თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში. მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ (იოანეს 10, 22-39).

 

იესო გადის იორდანეს გაღმა

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

და კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც უწინ ნათელს სცემდა იოანე, და დარჩა იქ. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, როგორც სჩვეოდა, კვლავ ასწავლიდა მათ კურნავდა. ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო. და იქ ბევრმა ირწმუნა იგი (მათე 19, 1ბ, 2 //მარკოზი 10, 1ბ // იოანე 10, 40-42).

 

თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით

კაპერნაუმი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს. მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ? არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი? არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით (ლუკა 13, 1-5).

 

იგავი უნაყოფო ლეღვზე

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი (ლუკა 13, 6-9).

 

მოკრუნჩხულის განკურნება

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი. იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩხუღს რომ არ შეეძლო წელში გამართვა. იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან. როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს. მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს. მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ წაიყვანს დასარწყულებლად? ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს? ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი (ლუკა 13, 10-17).

 

იერუსალიმ, იერუსალიმ

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმისაკენ აეღო გეზი. ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი. მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ. მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში. და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი. იმ დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: ადექი და გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას. და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს. თუმცა მე მმართებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც, ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! (ლუკა 13, 22-35)

 

ბევრია წვეული, ცოტაა რჩეული

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას. და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი. მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნება შაბათს? ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა. და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს? ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას. როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ: ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს: შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა. ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში. რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება. ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო. არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას. ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში. ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა. როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო. მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო. მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო. მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები. დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი. მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი. მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი. რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს (ლუკა 14, 1-24).

 

იგავები კოშკის მაშენებელზე, ომის მომლოდინე მეფეზე

ორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ: თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას? რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო. ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს? თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს. ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს! (ლუკა 14, 25-35)

 

იგავი დაკარგულ ცხვარზე

ორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მის გვერდით იყო ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას. ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო. და უთხრა მათ ეს იგავი: ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას? და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე; შინ მოსული დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე. გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული (ლუკა 15, 1-7).

 

იგავი დაკარგულ დრაქმაზე

ორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს, რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის? ხოლო როცა იპოვის, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული დრაქმა ვიპოვე. გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო (ლუკა 15, 8-10).

 

იგავი დაკარგულ შვილზე

ორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა; უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება. ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად. ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რკოთი ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა. გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე. და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე. ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო. შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას. ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ სამოსელი პირველი (ანუ უკეთესი) და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება. ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა. მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია? მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო. ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო. მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, ნასუქი ხბო დაუკალი. ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარუღთთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა (ლუკა 15, 11-32).

 

იგავი ორგულ მოურავზე

ორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყთ ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო. მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა. მაშინ მოურავმა გაიფიქრა გულსა თვისსა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება. თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ. მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა? მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი. ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი. შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო; ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი. ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში. მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა. თუ ამ ცრუ და უსამართლთლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ? ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ? არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. (ლუკა 16, 1-13) (ამ იგავის განმარტებისას უნდა გავითვალიწინოთ იესოს დროინდელი მდიდრებისა და მათი მოურავების მდგომარეობა. მდიდრებს ქონდათ ფართო სავაჭრო ქსელი, რომლებსაც მოურავები მართავდნენ. ისინი აქირავებდნენ მდიდრების ქონებას და, მათ შორის, მიწებსაც. მიწებიდან გადასახადი შემოდიოდა სოფლის მეურნეობის ნობათის სახით, რომელსაც მოურავები ფულში ცვლიდნენ და ასე უგზავნიდნენ მდიდრებს. რა თქმა უნდა, მოურავებს განუსაზღვრელი ძალაუფლება და სხვადასხვა მაქინაციების შესრულების საშუალება ქონდათ. მდიდრებს ოღონდ თავიანთი წილი მიეღოთ და მოურავი რიგორ გაატყავებდა მსესხებელს, სულაც არ აწუხებდათ.

ფაქტიურად, მოურავმა ერთი მოქმედებით 3 დაბრკოლება გადაჭრა:

1. დაუმტკიცა მდიდარს, რომ მის შემოსავალს სწორად ართმევდა მსესხებლებს;

2. მევალეები მოიმადლიერა, რადგან ყოველწლიური გადასახადი ზოგს 20%-ით, ზოგს კი 50%-ით შეუმცირა.

3. მდიდარი დარწმუნდა, რომ თავისას უნაკლოდ და დაუბრკოლებლად იღებდა, მოურავი შეაქო და აღარ გაათავისუფლა სამსახურიდან.

ერთ-ერთი განმარტებით, ამ ქვეყნის ძეებად იწოდებოდნენ ცოდვილები საერთოდ, ნათელის ძეებად კი - ფარისეველები და სადუკეველები.

იესომ აქ თქვა, რომ ცოდვილები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ უფლის ძიებაში, ვიდრე ისრაელის სასულიერო და საერო ზეპური საზოგადოება.)

 

იგავი მდიდარსა და ლაზარეზე

ორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე. რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი ეხარებათ და ყველანი ძალით შედიან მასში. უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას. (ძოწეული - წითელი ან მეწამული ფერის ძვირფასი ნაჭერი, ბისონი - ეგვიპტური თხელი, გრილი ქსოვილი, თეთრი ფერის, ღირდა ძალიან ძვირი). იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული. ნატრობდა, მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ. და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან (ლუკა 16, 14-31).

 

ვაი მას, ვისგანაც მოდის საცდური

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდეს საცდური, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვა. ჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან, ვიდრე აცთუნოს თუნდაც ერთი ამ მცირეთაგანი. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას - ვნანობო, მიუტევე. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებთ. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო? თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო. ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია. ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა (ლუკა 17, 1-10).

 

10 კეთროვანის განკურნება

სამარიისა და გალილეის საზღვარი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მოხდა ისე, რომ იერუსალიმს მიმავალი მიდიოდა სამარიასა და გალილეას შორის. ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ! ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. და წავიდნენ თუ არა, განიწმინდნენ. ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს. იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი. მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი? არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო თესლის გარდა. უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა. (ლუკა 17, 11-19)

 

პასუხი ფარისეველებს ღვთის სასუფევლის შესახებ

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია. და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ. გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი კიდიდან მეორემდე, ასე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს. მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ მოდგმის მიერ. და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას. ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ; მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას. ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა. იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები - სახლში, ნუ ჩამოვა ძირს მათ წასაღებად; ხოლო ვინც მინდვრად იქნება, ასევე ნუ მიბრუნდება უკან. გაიხსენეთ ლოთის ცოლი. რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას. გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. ორნი იქნებიან წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. და უთხრეს: სად, უფალო? ხოლო იესომ მიუგო მათ: სადაც იქნება ლეში, იქვე შეიყრებიან სვავებიც (ლუკა 17, 20-37).

 

იგავი უსამართლო მოსამართლეზე

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა: იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო. დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? (ლუკა 18, 1-8) (მუდმივად ლოცვის შესახებ: შეუძლებელია მუდმივად ლოცვა სიტყვით, მაგრამ შესაძლებელია მუდმივად ლოცვა საქმით. მუდმივი ლოცვა ნიშნავს ფიქრებისა და მოქმედებების მუდმივ თანხმობას უფლის ნებასთან. შეუჩერებელი სწრაფვა ღმერთისკენ, სრულყოფისკენ სიტყვით და საქმით არის მუდმივი ლოცვა. როგორც ამბობენ, მორწმუნის ცხოვრება არის ერთი მთლიანი, მუდმივი, თანმიმდევრული ლოცვა).

 

იგავი ფარისეველსა და მებაჟე

ორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ: ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება (ლუკა 18, 9-14).

 

ლაზარეს აღდგინება

ბეთანია, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ. უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე. როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო. ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში. მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ? იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში. ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას. ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება. მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა. და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან. ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ. როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე. ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა. და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად. ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო. ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია. რადგანაც იესო ჯერ იდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა. როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო. მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით, ვითარცა მრისხანე და თქვა: სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. მაშინ აცრემლდა იესო. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო? ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა. (იოანე 11, 1 - 46)

 

უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს

იერუსალიმი, ეფრაიმი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი. ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად (იოანე 11, 47-54).

 

სწავლება შეუღლების შესახებ

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მაშინ გამოსაცდელად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი? ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: რა გამცნოთ მოსემ? არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე ნუ განაშორებს კაცი. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. სახლში მისმა მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს იგივე. და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს. და ვინც განაშვებს (იგულისხმება სიძვის მიზეზით განაშვები) შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს. უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს. (აქ საჭურისებად, რომლებმაც თავად დაისაჭურისეს თავი, იგულისხმებიან ბერები, რომლებმაც უბიწოების აღთქმა დადეს და არა პირდაპირი გაგებით დასაჭურისება) (მათე 19, 3-12//მარკოზის 10, 2-12)

 

ბავშვების დალოცვა

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ. ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი (მათე 19, 13-15//მარკოზის 10, 13-16//ლუკა 18, 15-17).

 

პასუხი მდიდარ ახალგაზრდასა და პეტრეს საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

გზას რომ დაადგა, მოირბინა ერთმა ახალგაზრდამ, მთავართაგანმა, მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი. უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ? იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი შეკრთა და დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. მოწაფეებს გაუკვირდათ ეს ნათქვამი (რადგან სიმდიდრე ღვთის წყალობად ითვლებოდა), იესომ კი გაუმეორა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში (აქ ლაპარაკია იერუსალიმის ერთ-ერთ კარიბჭეზე, რომელიც იმდენად პატარა იყო, რომ აქლემი დაჩოქილი ძლივს შედიოდა). ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებმა თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება. შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია. მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს ახლავე, ამჟამად (აქ ლაპარაკია ქრისტიანულ თემებზე, რომლებიც მალევე შეიქმნა პირველ ქრისტიანთა შორის და ჭეშმარიტად, ეს იყო სამოთხე და ბედნიერება დედამიწაზე) და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი. (მათე 19, 16-30//მარკოზის 10, 17-31//ლუკა 18, 18-30)

 

იგავი ვენახის პატრონსა და მუშებზე

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები. დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი. მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, (III საათი = 06 - 09 საათი ჩვენი დროით) და დაინანა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე (VI საათი = 09-12 საათი, ჩვენი დროით) და მეცხრე საათს (IX საათი =12-15 საათი, ჩვენი დროით) და ასევე მოიქცა. ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, (XII საათი= 15-18 საათი, ჩვენი დროით) დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად? მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე. მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი. მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე. ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი? მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? (ჩემს ქონებას) ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი? ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი (მათე 20, 1-16).

 

მე-4 წინასწარმეტყველება ვნებებსა და აღდგომაზე

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

როცა ადიოდა იერუსალიმს, იესო წინ მიუძღოდა მათ, ხოლო მისი მიმდევრები გაკვირვებულნი და შეშინებულნი იყვნენ. იესომ ცალკე გაიხმო გზაში თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის; ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს; და საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მისცემენ მას წარმართთ. შეურაცხყოფენ, სცემენ, აფურთხებენ და მოკლავენ; მესამე დღეს კი აღდგება იგი. მაგრამ მოწაფეები ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი. (მათე 20, 17-19//მარკოზი 10, 32-34//ლუკა 18, 31-34)

 

ზებედეს შვილების - იოანეს, იაკობისა და მათი დედის - სალომეას თხოვნა

იორდანეს გაღმა, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და ევედრებოდა: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ. მან უთხრა: რა გსურს? მაინც რის შესრულებას მთხოვთ? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს. იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ? (შეგიძლიათ დალიოთ ის ფიალა, რომელსაც მე დავლევ? ძველ დროში ეს ნიშნავდა, რომ სიკვდილმისჯილებს უგზავნიდნენ შხამიან ფიალას). მათ თქვეს: შეგვიძლია. ხოლო იესომ უთხრა მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ - მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს, ჩემი მამის მიერ. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული (მათე 20, 20-28//მარკოზი 10, 35-45).

 

2 იერიქონელი ბრმის განკურნება

იერიქონი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

როცა იესო იერიქონთან მივიდა, მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი და სხვა ბრმაც იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა. ხალხის ხმა რომ შემოესმათ, იკითხეს: რა ამბავია? უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო. მაშინ შეღაღადეს: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე ჩვენ: წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, გაჩუმდითო, მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა ღაღადებდნენ: უფალო, დავითის ძეო, შეგვიწყალე ჩვენ! იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; დაუძახეს ბრმებს და უთხრეს: ნუ გეშინიათ, ადექით, გეძახით. მათაც დააგდეს თავისი მოსასხამი, ადგნენ და იესოსთან მივიდნენ. როცა მიუახლოვდნენ, ჰკითხა იესომ: რას მოითხოვთ ჩემგან? ხოლო მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო! იესოს შეებრალა ისინი, შეეხო მათ თვალებს და უთხრა: გაახილეთ თვალი, თქვენმა რწმენამ გადაგარჩინათ. მაშინვე აეხილათ თვალი, თან გაჰყვნენ მას და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი (მათე 20, 29-34//მარკოზი 10, 46-52//ლუკა 18, 35-43).

 

ზაქეს მოქცევა

იერიქონი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

შევიდა იესო იერიქონში და გაიარა ქალაქი. და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი, სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო; წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო. როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო. ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო. ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ. უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა. რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა (ლუკა 19, 1-10).

 

იგავი 10 ვერცხლის მონეტაზე (მინაზე)

იერიქონი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ხოლო ისინი უსმენდნენ, და ერთი იგავიც მოაყოლა ამას, ვინაიდან იერუსალიმთან ახლოს იყო, და ეგონათ, ახლავე მოაწევს ღმრთის სასუფეველიო; ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო. დაუძახა თავის ათ მონას, ათი მინა (10 ვერცხლის მონეტა) მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო. მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა, ის მონები მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი. მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო. უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ. მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მინამ ხუთი მინა მოიგო. და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ. მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მინა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი, რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს. უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს. მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ? და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მინა და მიეცით ათი მინის მქონეს. მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მინა აქვს. გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. (აქ უგულისხმება ნიჭებისა და სულიერ ძალთა განვითარება და შეძენა. დაკარგვაში კი - ნიჭთა და სულიერ ძალთა გაჩერება. ვინც ზნეობრივად და სულიერად არ ვითარდება, მას ეკარგება ის ნიჭიც, რომელიც ჰქონდა.) ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას (ლუკა 19, 11-28).

 

უფალი ბეთანიში პასექამდე 6 დღით ადრე

ბეთანია, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე? ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ. პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით (იოანე 11, 55-57; 12, 1).

 

საღამო ბეთანიაში, სიმონ კეთროვანის სახლში

ბეთანია, შაბათი, 1 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ალებასტრის ჭურჭელით, თავზე დაასხა და ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა? ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად, სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. მათ შორის იყო იუდა სიმონის-ძე ისკარიოტელი. მაგრამ ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო: ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხად გამამზადა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. იუდეველთაგან ძალიან ბევრმა გაიგო, აქ არისო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. ხოლო მღვდელმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც. ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს (მათე 26, 6-13//მარკოზი 14, 3-9//იოანე 12, 2-11).