სახარების ისტორია ერისკაცთათვის

იესოს მონათვლა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელისგან

იუდეა, ბეთაბარა, მდინარე იორდანე, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

30 წლის ასაკში იესო მოინათლა იოანე ნათლისმცემლისგან მდინარე იორდანეში.

როცა იგი იოანესთან მივიდა, მან ჰკითხა: „მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?“ (მათე 3, 14). იესომ კი უპასუხა: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე“. (მათე 3, 15) მაშინ იოანემ წყალში მონათლა იგი. ნათელღებული იესო მდინარე იორდანედან ამოვიდა, ცა გაიხსნა და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გადმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. გაისმა ხმა ციდან, მეტყველი: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე შევიტკბე“. (სათნო-ვიყავ). (მათე 3, 17) // „შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ შეგიტკბე“. (მარკოზი 1, 11) // (ლუკა 3, 22). მეორე დღეს იოანე ნათლისმცემელმა დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემ უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად. მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი. მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა.

(მათე 3, 13-17 // მარკოზი 1, 9-11 //ლუკა 3, 21-22// იოანე 1, 29-34)

 

იესოს გამოცდა უდაბნოში ეშმაკისგან

იუდეის უდაბნო, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ამის შემდეგ იესო ეშმაკისგან გამოიცადა. იესო 40 დღე-ღამე უდაბნოში მარხულობდა. ამ ხნის განმავლობაში არაფერი უჭამია, მხოლოდ წყალს სვამდა, ბოლოს მოშივდა. ამ დროს მას ეშმაკი მიუახლოვდა და უთხრა: „თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“. (მათე 4, 3) ხოლო მან მიუგო პასუხად: „არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან“ (მათე 4, 4). (კაცმა რომ თქვას, რა პრობლემა იყო ქვების პურებად გადაქცევა, მაგრამ აქ ეშმაკმა სამმაგი მახე დააგო: 1. ეშმაკის ნებისმიერი დაჯერება უკვე ცოდვაა; 2. ადამიანისთვის, რომელსაც 40 დღე არაფერი უჭამია, აკრძალულია მაშინვე პურის მირთმევა, რადგან კუჭს დაიზიანებს და შეიძლება, მოკვდეს. თანაც 3. რად უნდოდა ქვების პურებად გადაქცევა, როდესაც ადამიანს ერთი ზომიერი პურიც ეყოფა? უფალი დაუბრკოლებლად კვებავდა ებრაელებს მოსეს დროს ციური მანანით, რომელსაც ყველანაირი გემო ქონდა იმის მიხედვით, თუ ვის რა სჭირდებოდა).

მაშინ იგი ეშმაკმა იერუსალიმში წაიყვანა, ტაძრის სახურავზე დააყენა და უთხრა მას: „თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენ გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი“. (მათე 4, 6)

იესომ უპასუხა: ესეც დაწერილია: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“. (მათე 4, 7) (ანუ არავინ დაარღვიოს ბუნების კანონები. თუ გადმოხტებით სიმაღლიდან, ფიზიკის კანონების თანახმად, კისერს ან რამე სხვას მოიტეხავთ. ადამიანი თავისუფალია და თავის საქმებს თვითონ უნდა მიხედოს. ღმერთი ერევა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს, რასაც სასწაულები ეწოდება და ამაზეც მადლობელნი უნდა ვიყოთ).

ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა წუთისოფლის ყველა სამეფო, მათი დიდება და სუფევა. უთხრა მას: „ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე“ (მათე 4, 9). მაშინ იესომ უპასუხა: „გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე“. (მათე 4, 10) // ლუკა 4, 4-12)

მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა ანგელოზები მიუახლოვდნენ და ემსახურნენ მას (უნდა აღნიშნოს, რომ ყველა აქ მოყვანილი ამბავი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღვიქვათ. ეშმაკმა, უბრალოდ, წარმოუსახა იესოს ყველაფერი, თორემ ქვეყნიერების მთლიან დიდებას მაშინ კი არა, დღესაც ვერანაირი სიმაღლიდან ვერ იხილავთ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ). (მათე 4, 1-11//მარკოზი 1, 12-13//ლუკა 4, 1-13)

 

იესოს შეხვედრა იოანე ნათლისმცემელთან და
მომავალ მოწაფეებთან -­ ანდრიასთან და პეტრესთან

მდინარე იორდანეს მახლობლად, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მეორე დღეს იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად ბეთაბრას, კვლავ მდინარე იორდანის პირას იდგა. დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა. ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა. ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ? უფალმა კი მიუგო მათ: მოდით და ნახეთ. ისინიც მივიდნენ, ნახეს, სადაც ცხოვრობდა, და იმ დღეს მასთან დარჩნენ (აქვე უნდა აღნიშნოს, რომ იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება თავისი საკუთარი სახლი არ გააჩნდა, მუდმივად ვიღაცის ბინაში იმყოფებოდა). იქნებოდა ასე ათი საათი (რომაული ჟამთაღრიცხვის მიხედვით). (იოანე 1)

ღამის აღრიცხვა დღის აღრიცხვა
I დარაჯობა - 18-21 საათი III საათი - 06-09 საათი
II დარაჯობა - 21-24 საათი VI საათი - 09-12 საათი
III დარაჯობა - 24-03 საათი IX საათი - 12-15 საათი
IV დარაჯობა - 03-06 საათი XII საათი - 15-18 საათი

(მაშასადამე, ჩვენი დროის აღრიცხვით, მათი შეხვედრა მოხდა შუადღეზე, პირველ საათზე). (იოანე 1, 35-42)

დარაჯობა - ძველქართულად ნიშნავს სახმილავს.

საათი - ძველქართულად ნიშნავს ჟამს.

 

ფილიპესა და ნათანაილის მოწოდება

მდინარე იორდანედან გალილეის გზაზე, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მეორე დღეს იესომ მოისურვა გალილეას წასვლა. გზად გალილეიდან კანასკენ იპოვა ფილიპე და უთხრა: „გამომყევი“ (იოანე 1, 43). ფილიპე ბეთსაიდელი იყო, პეტრეს და ანდრიას თანამოქალაქე. ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა მას: „ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი“. და უთხრა მას ნათანაელმა: „განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე“. (იოანე 1, 46) (ნათანაელმა იცოდა, რომ მესია დაიბადებოდა ბეთლემში, ამიტომაც გადაამოწმა, ნაზარეთი კი წარმართთა მიწაზე იყო).

იესომ რომ მისკენ მომავალი ნათანაელი დაინახა, თქვა მასზე: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა“ (იოანე 1, 47). ნათანელმა ჰკითხა იესოს, თუ საიდან იცნობდა მას? იესომ მიუგო: „სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე“.

ნათანაელმა მიუგო: „რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე“. მიუგო იესომ: „გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ“. და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე“. (იოანე 1, 43-51)

 

ქორწილი გალილეას კანაში

გალილეას კანა, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში, იესოს დედაც და ძმებიც იქ იყვნენ (ეს იყო სიმონ კანანელის ქორწილი, რომელიც მერე იესოს მოწაფე გახდა და აფხაზეთში მოკლეს ჯვარზე). იესო და მოწაფეებიც მიიწვიეს. როცა ღვინო შემოაკლდათ, ღვთისმშობელმა უთხრა მას: „ღვინო არა აქვთ“. იესომ უპასუხა მას: „მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაკაცო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი“. (იოანე 2, 4) (გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ დროს შვილის დედისადმი მიმართვა „დედაკაცო“ საზოგადოებაში უფრო საპატიოდ ითვლებოდა ვიდრე მხოლოდ „დედა“).

ღვთისმშობელმა უთხრა მსახურებს: „რასაც გეტყვით, აღასრულეთ“. იესომ კი უთხრა მსახურებს: „აავსეთ კასრები წყლით“. (იოანე 2, 7) იქ იყო 6 ქვის ჭურჭელი. თითოში კი 2-3 საწყაული ჩადიოდა (წყალს სუფრის წინ ხელის დასაბანად და ამგვარ მიზნებისათვის იყენებდნენ). როცა ჭურჭელი წყლით გაავსეს, იესომ უთხრა მათ: „ახლა კი ამოიღეთ და მიართვით პურისა უფალსა“. და მიართვეს. (იოანე 2, 8) წყალი კი საუკეთესო ღვინოდ გადაქცეულიყო. სუფრის გამრიგემ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს და უთხრა: „ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს“. (იოანე 2, 10) (სუფრის გამრიგე არ იყო თამადა, არამედ მესტუმრეთუხუცესი, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა სუფრის მომარაგება და სტუმრების მომსახურება).

ასე დაიწყო იესომ სასწაულების აღსრულება გალილეას კანაში და გამოავლინა თავისი დიდება და წყალობა. და ირწმუნოს მისმა მოწაფეებმა. (იოანე 2, 1-11) (ჯერ სახეზეა მხოლოდ ანდრია, ნათანაელი, პეტრე, ფილიპე). (გვინდა აღვნიშნოთ, რომ იესოს არ უარყვია ქორწილი და დაესწრო მას მოწაფეებთან ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მექორწილენი აუცილებლად უნდა დათვრნენ. ღვინო სასიამონოდაა დამზადებული და არა დასათრობად.)

 

იესო კაპერნაუმში ჩადის

კაეპრნაუმი, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით

ამის შემდგომ იესო ძმების, მოწაფეებისა და დედის თანხლებით ჩავიდა კაპერნაუმს და იქ რამდენიმე დღე დარჩა. (იესო კაპერნაუმში იმიტომ ჩავიდა, რომ დედა მიეცილებინა). ხოლო სასწაულები იქ არ მოახდინა, რადგან ამ ქალაქში მისი არავის სწამდა. ამიტომაც იტყვის მოგვიანებით უფალი: „ვაი შენ კაპერნაუმ“ მათე (11, 23) (იოანე 2, 12)